აინ-ჯალუთის ბრძოლა სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, საკვანძო მომენტია, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და კულტურული. აქ მონღოლები პირველ დიდ წინააღმდეგობას გადააწყდნენ ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი ხალხებისგან და მარცხი განიცადეს. ეს აქამდე შეუჩერებელი ჩინგიზიდების პირველი სერიოზული მარცხი აღმოჩნდა, რამაც ჰულაგუ ყაენს ხელი ააღებინა ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობაზე და ილხანთა იმპერიის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრები გაავლო. მონღოლთა ჯარში იბრძოდნენ კილიკიელი სომხები და ქართველებიც კი, რომლებიც ვალდებულები იყვნენ მონღოლთა ჯარში ემსახურათ, როგორც ვასალებს.
მოწინააღმდეგე მხარეები
ეგვიპტის მამლუქთა სასულთნო
“ევროპულ საისტორიო ლიტერატურაში არსებობს ვერსია, რომ სალადინის ერთ-ერთმა მემკვიდრემ 1230 წელს ჩერქეზეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში იყიდა 12 ათასამდე ახალგაზრდა კაცი – ჩერქეზი, მეგრელი და აფხაზი და ამ მონებისგან ეგვიპტეში მამლუქთა არმია შეადგინა. მაგრამ ჩვენი დროის არაბი ავტორები მუჰამედ ჰამზა-ულეიში და რაშიდ ალ-ბარავი, საერთოდ, მამლუქთა, როგორც საომარი ძალის, ისტორიის დასაწყისს უფრო შორეულ ეპოქას მიაკუთვნებენ. ისინი წერენ: “სალადინი ტრადიციას მიჰყვებოდა და მამლუქების გამოყენებას განაგრძობდა. მის მომდევნო მმართველებს არ დაურღვევიათ ეს ტრადიცია და მამლუქებიც მუდამ მთელი ჯარის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ. უკანასკნელი დებულება სიზუსტესაა მოკლებული. XIII-XIV სს. ეგვიპტეში წმინდა მამლუქური ნაწილის ხვედრითი წონა არმიაში მაინცდამაინც ძალიან დიდი არ ყოფილა.”(1) არაბული სიტყვა „მამლუქი” თეთრ მონას ნიშნავს, რომელსაც ხანგრძლივი სამხედრო წვრთნა-მომზადება აქვს გავლილი და ჩამოყალიბებულია პროფესიონალ მებრძოლად. ადრეულ საუკუნეებში მამლუქის ტიპის მეომრები „ღულამებად” (გულამი, გულიამი) იწოდებოდნენ.
მამლუქი ამირა ყიდულობს თურქმან მონას „ხავაჯასგან" (მონებით მოვაჭრისგან)
მათ წარმართ, ცენტრალურ აზიაში კრებდნენ. მე-12 საუკუნისთვის მუსლიმური არმიების უდიდესი ნაწილი თურქმანული იყო, თვითონ სალადინიც კი, აიუბიდთა დინასტიის დამაარსებელი და ეგვიპტის სულთანი, წარმოშობით ქურთი გახლდათ. სალადინის მემკვიდრეები ეგვიპტეს 1250 წლამდე მართავდნენ, სანამ მამლუქთა ჯგუფი მათ ძალაუფლებას დაამხობდა. მათ მოკლეს სულთანი თურან-შაჰი (توران شاه), მმართველობა ფორმალურად დედოფალ შადჯარ ად-დურს (شجر الدر, ?-1257) გადააბარეს, ხოლო ძალაუფლება თურქმანმა იზ ალ-დინ აიბეკმა (عز الدين أيبك, ?-1257) ჩაიგდო ხელთ. ეგვიპტის გვარდია მათ დაუპირისპირდა და აიუბიდი ნასირ-უსუფი (الناصر يوسف, 1228-1260) გამოაცხადა სულთნად. ომის შედეგად დედოფალი შადჯარ ად-დური ტახტიდან ჩამოაგდეს და მმართველობა კვლავ აიუბიდებს გადაეცათ. ეს მხოლოდ დროებით გრძელდებოდა, რადგან მამლუქები მალე დაეუფლნენ ეგვიპტეში ძალაუფლებას, სულთანი მოიცილეს და ქვეყნის მართვას მამლუქთა „დივანი” ანუ საბჭო შეუდგა. ქვეყნის მმართველი კვლავ აიბეკი გახდა, რომელმაც ცოლად შადჯარ ად-დური შეირთო. აქედან 1382 წლამდე პერიოდს ბაჰრელი მამლუქების მმართველობა ეწოდება. 1257 წელს აიბეკი ცოლმა მოკლა, რადგან მან სხვა დედოფლის ხელი ითხოვა. მამლუქებმა ტახტზე აიყვანეს მოკლული სულთნის არასრულწლოვანი ძე ალ-მანსურ ალი (المنصور على 1241-?). ის მალე გვარდიის უფროსმა საიფ ად-დინ კუტუზმა (سيف الدين قطز, ? - 1260) ჩამოაგდო.
1. სელჯუკი ცხენოსან-მოისარი 2. მამლუქი მეომარი 3. მამლუქი ამირი.
1259 წელს კუტუზი ეგვიპტის სულთანი გახდა. „ამბობენ, რომ მას მაჰმუდ იბნ მამდუდს ეძახდნენ, მისი დედა ხვარაზმის შაჰ ჯალალ ედ-დინის და, ხოლო მამა ჯალალ ედ-დინის ბიძა იყო მამის მხრიდან. კუტუზი ტყვედ თათრება ჩაიგდეს, რომელთაც ის დამასკოში გაყიდეს და საიდანაც იგი კაიროში მოხვდა.”(2) კუტუზი სულთან აიბეკის უფროსი ამირა – მუ’იზი იყო. 1254 წელს მან მონაწილეობა მიიღო კაიროს ციტადელში სულთნის მოწინააღმდეგისა და ბაჰრიტების ლიდერ ამირა ფარის ად-დინ აქტაის მკვლელობაში. მრავალი მამლუქი, მათ შორის მომავალი სულთანი ბაიბარსი(الملك الظاهر ركن الدين بيبرس البندقداري, 1223/1225 - 1277) კაიროდან გაიქცა. გაქცეულებმა ორჯერ სცადეს ეგვიპტეზე თავდასხმა, მაგრამ კუტუზმა მოახერხა მათი მოგერიება, ტყვედ ჩავარდნილებს კი სასტიკად გაუსწორდა. აიბეკის სიკვდილის შემდეგ მისი არასრულწლოვანი ძე ალ მანსურ ალი აიყვანეს ტახტზე, მის მაგივრად ქვეყანას კუტუზი მართავდა, მალე მან თავიდან მოიცილა ეგვიპტის ათაბეგი ალ ჰალაბი და თვითონ გახდა “ათაბეგ ალ ასაკირი” ანუ მთავარსარდალი. კუტუზმა მოიცადა, სანამ მისი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეები, სალიხისა და მუიზზის გვარიდან, დატოვებდნენ კაიროს, ჩამოაგდო ალ მანსურ ალი და ტახტზე ალ-მალიქ ალ-მუზაფარის (ყველას დამმარცხებელი მეფე) ტიტულით ავიდა (12 ნოემბერი, 1259 წ). მან აიბეკის შვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორება ახსნა იმით, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელი ალ მანსური ვერ შეძლებდა მონღოლთა შემოჭრის საწინააღმდეგო ჯიჰადის გაძღოლას. შესაძლოა, კუტუზისთვის იდეოლოგიურად გამოსადეგი იყო გამოეცხადებინა თავისი ხვარაზმული წარმოშობის შესახებ და მტრის წინააღმდეგ გამოსულიყო, როგორც შურისმაძიებელი მონღოლების მიერ ხვარაზმელთა დინასტიის დაქცევისთვის. ჰულაგუს მიერ ჰალაბის აღების შემდეგ, 1260 წლის 25 იანვარს სირიის მმართველი აიუბიდი ალ-ნასირ იუსუფი შეუთანხმდა კუტუზს მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის.
აკრას ციხესიმაგრე (ისრაელი)
მის სამსახურში მყოფი ბაიბარსი ჯარის ნაწილებით დაიძრა და პალესტინაში, ღაზასთან დაბანაკდა. აქედან იგი მოელაპარაკა თავის მტერ კუტუზს ეგვიპტეში დაბრუნების შემთხვევაში ხელშეუხებლობის შესახებ. ამ პერიოდში ჰულაგუმ კუტუზს დანებება მოსთხოვა, რაზეც მამლუქმა მონღოლი ელჩების დასჯით უპასუხა. ეგვიპტელები მოელაპარაკნენ იერუსალიმის სამეფოს (აკრაში) და მის ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობის უფლება მიიღეს. 1260 წლის 15 ივლისს მამლუქები კუტუზისა და ბაიბარსის ხელმძღვანელობით კაიროდან გავიდნენ და აკრასთან დაბანაკდნენ, ხოლო 3 სექტემბრისთვის პალესტინაში, აინ-ჯალუთთან შეხვდნენ ჰულაგუს სარდალ კიტბუღას.
მამლუქთა არმია თავის დროის ერთგვარ ფენომენს წარმოადგენდა. მუსულმანური ცივილიზაციაში დასავლურისგან განსხვავებით მონების მიმართ აბსოლუტურად სხვანაირი დამოკიდებულება გახლდათ. აღმოსავლეთში მონებს არა მარტო უკეთ ექცეოდნენ, არამედ მონის სტატუსი სულაც არ იყო დამამცირებელი. არაბული სიტყვა “აბდ” – მონა ახლოსაა ქრისტიანულ „უფლის მონასთან” და ხშირად გვხდება საკუთარ სახელებთან: აბდულა, აბდ ალ-აზიზი, აბდ ალ-ჰამიდი და ა.შ. მამლუქობა კარგი საშუალება იყო კარიერის გასაკეთებლად. მამლუქის ცხოვრების დონე ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი საშუალო ფენის წარმომადგენლისა ახლო აღმოსავლეთში. მონებით მოვაჭრე (ხავაჯა) ახალგაზრდა მამლუქების პირველი მასწავლებელი იყო. იგი აფასებდა მათ პოტენციალს და მიჰყავდა კაიროს ბაზარზე, საიდანაც მათ სულთნები და ამირები ყიდულობდნენ. მამლუქთა სამხედრო წვრთნა დატვირთული და დამღლელი იყო, ხოლო სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა – სახიფათო, თუმცა ყველაზე დიდ ხიფათს მამლუქებისთვის შავი ჭირი წარმოადგენდა. მაგალითად 1459-60 წლებში სულთანს „თეთრ მონათა” მესამედი დაეხოცა ამ ეპიდემიით. მამლუქთა არმიაში თავდაპირველად ყველაზე ხშირად შუააზიელი მეომრები მსახურობდნენ, შემდეგ კავკასიელები, რომელთაც ბაჰრის დინასტია ბურჯის დინასტიით შეცვალეს 1382 წელს.
მამლუქი მხედრები (XIII ს. ბოლო - XIV ს. I ნახ.)
ეგვიპტის არმიას მონებით აფრიკაც ამარაგებდა. გასაკუთრებულ მნიშვნელობას მამლუქები ცხენიდან ისრის სროლას ანიჭებდნენ, რაც ძალიან გამოადგათ მონღოლებთან ბრძოლაში. მთავარი იარაღი მხედრისთვის სწორედ მშვილდ-ისარი და შუბი იყო, ხოლო ხმალი დამხმარე ფუნქციას ასრულებდა. მამლუქები პირველ აბჯარს სახელმწიფო ხაზინიდან იღებდნენ, ხოლო შემდეგ ან თვითონ ზრუნავდნენ მის შეძენაზე ან მეთაურისგან იღებდნენ. ნადავლის სახით ხელში ჩაგდებულ აბჯარს მამლუქები არ ატარებდნენ და მას თავიანთ მოკავშირეებს ჩუქნიდნენ თავზე მეომრები ჩალმას ატარებდნენ და მხოლოდ მძიმედ შეიარაღებულ მამლუქებს ეხურათ მუზარადები. ეგვიპტეში ცხენები სირიიდან და აფრიკიდან შემოყავდათ, მაგრამ საუკეთესო ბედაურებს ისინი არაბეთსა და ინდოეთში ყიდულობდნენ. საძოვრების სიმცირის გამო სულთანი ვერ იყოლიებდა დიდ ცხენოსან ჯარს, ამიტომ მან არჩევანი ხარისხზე გააკეთა და არა რაოდენობაზე. ომის დროს მხოლოდ ელიტური რაზმის მამლუქებს ჰყავდათ სათადარიგო ცხენები, ხოლო დანარჩენებს თითო ბედაური ჰყავდათ, ბარგის სატარებლად კი ერთი ან რამდენიმე აქლემი. მამლუქები ომში სხვადასხვა ტაქტიკას იყენებდნენ. პოპულარული იყო მტრის მახეში შეტყუებისა და მოჩვენებითი უკანდახევის ხერხები. კარგად გაწვრთნილი მამლუქი მხედრები შესანიშნავად იბრძოდნენ როგორც ცხენზე ამხედრებულები, ასევე ქვეითად. მათ საჭიროებისას ქვეითებთან ერთად დროებითი სიმაგრის აგებაც შეეძლოთ. მამლუქები სირიისა და სამხრეთ მესოპოტამიის ველებზე ბალახს წვავდნენ, რათა მოლაშქრე მონღოლებს ცხენისთვის საკვები არ ჰქონოდათ. ბრძოლის ველზე და დაბანაკებისას ეგვიპტელი მთავარსარდალი ისე განალაგებდა ჯარს, რომ ქარი და მზე ზურგიდან მოქცეოდა, ხოლო მტერს ამ ორ ფაქტორს შეეშალა ხელი. აინ-ჯალუთთან მამლუქებს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუწიათ ბრძოლა, ვისაც კი აქამდე შეხვედრიან. სწორედ აქ უნდა გამოცდილიყო მათი რეალური ძალა და შესაძლებლობები.
მონღოლთა იმპერია
“მონღოლები თურქებს ენათესავებოდნენ თავიანთი წეს-ჩვეულებებითა და ენით. მეთორმეტე საუკუნეში ისინი დღევანდელი მონღოლეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სტეპებში ცხოვრობდნენ ტომებად. მათი მეზობლები, თათრები, კერაიტები, ნაიმანები და მერკიტები იყვნენ ტომები, რომელთა ცხოვრება და ტრადიციები ახლოს იდგა მონღოლურთან. უნდა არსებულიყო გარკვეული ბალანსი სტეპის ხალხთა ჯგუფებს შორის. მე-13 საუკუნიდან მონღოლები უკვე სამშობლოს გარეთაც გახდნენ ცნობილნი, რაც თემუჩინის, შემდგომში ჩინგიზ ყაენად ცნობილი ადამიანის წარმატებული კარიერის შედეგი იყო.” (3) 1205 წელს თემუჩინმა დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა ყველაზე მძლავრი მეტოქე – ჯამუჰა (1154/1161-1205) და სტეპში ძალაუფლებას დაეუფლა. 1206 წელს კი მონღოლთა კრება “ყურულთაიზე” იგი დიდ ყაენად აირჩიეს ჩინგიზ-ყაენის ტიტულით.
მონღოლი ნოინი (XIII ს.)
ტომების გაერთიანების შემდეგ ჩინგიზ-ყაენმა (1206-1227) მონღოლური ურდოები აღმოსავლეთით, ცინის იმპერიისკენ დაძრა, შემდეგ გაანადგურა ხვარაზმის იმპერია კასპიის ზღვის აღმოსავლეთით და დაიკავა შუა აზია. ჩინგიზ ყაენის სარდლებმა ჯებემ (დაახლ. 1181-1231) და სუბუდაიმ (1176-1248) განახორციელეს რეიდი დასავლეთით. გზად დაამარცხეს საქართველოს მეფე ლაშა-გიორგი ხუნანის ველზე ბრძოლაში, გადაიარეს კავკასიონი და 1223 წელს რუსებს კალკასთან ბრძოლაში დაუპირისპირდნენ. ნოვგოროდის მატიანეს მიხედვით: “არ ვიცით საიდან მოვიდნენ და სად წავიდნენ ბოროტი თათრები; ღმერთმა იცოდა როდის უნდა გამოეგზავნა ისინი ჩვენი ცოდვებისთვის”. (4) მონღოლებმა აქაც გაიმარჯვეს. ჩინგიზ-ყაენი 1227 წელს გარდაიცვალა და დიდი იმპერია თავის მემკვიდრეებს დაუტოვა. მათ კვლავ განაგრძეს საზღვრების გაფართოება. 1251 წელს დიდმა ყაენმა მუნქემ (1209-1259) ბაღდადის ხალიფასა და “ასასინთა სექტასთან”(5) (მულიდები, ისმაილიტები) უთანხმოების შედეგად გადაწყვიტა ახლო აღმოსავლეთში გაელაშქრა. მან თავისი ძმა, ჰულაგუ (1217-1265), არმიის წინამძღოლად დანიშნა და არაბული ქალაქების - ბაღდადის, დამასკოსა და კაიროს აღება დაავალა. პირველი დარტყმა მან ასასინებს მიაყენა. 1253-1256 წლებში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები მონღოლთა გამარჯვებით დასრულდა. 1256 წლის 15 დეკემბერს ასასინთა დედაქალაქმა ალამუტმა კაპიტულაცია გამოაცხადა. 1258 წლის 29 იანვარს ჰულაგუმ შეუტია ბაღდადს ნოინებთან – ბაიჯუსა (XIII ს. შუახანები) და კიტ-ბუღასთან (?-1260) ერთად და მისი აღება საკმაოდ მალევე, 10 თებერვალს მოახერხა.
მძიმედ აღჭურვილი მონღოლი მხედარი (XIII-XIV ს.)
საინტერესოა, რომ ბაღდადისა და ალამუტის აღებაში ქართველთა ჯარიც მონაწილეობდა, მათ შორის მეფე დავით VII ულუ (1215–1270). ჰულაგუმ გადალახა ევფრატი 1260 წლის 18 იანვარს და ალყა შემოარტყა ჰალებს. მას ეხმარებოდნენ მოკავშირეები – ბოჰემუნდ ანტიოქიელი (Bohémond VI d'Antioche, 1237-1275) და ხეტუმ I(Հեթում Ա, 1213-1270) კილიკიელ სომეხთა მეფე. ქალაქი მალე დაეცა, მაგრამ ციტადელი 1260 წლის 25 თებრვლამდე უძალიანდებოდა მტერს. სირიაში დაპყრობილი ტერიტორიის ნაწილი ჰულაგუმ ჰოჰემუნდსა და კილიკიელ სომხებს გაუნაწილა. დამასკოს მმართველმა აიუბიდმა ალ-ნასირ იუსუფმა სამხრეთისკენ დაიხია. მონღოლები დამასკოში უბრძოლველად შევიდნენ. ჰულაგუ მალე იძულებული გახდა მუნქე ყაენის სიკვდილისგან გამოწვეული მიზეზების გამო ახლო აღმოსავლეთიდან მონღოლეთისკენ წასულიყო, ხოლო კიტ-ბუღამ სამხრეთისკენ დაძრა დარჩენილი ჯარი, დაახლოებით 20 ათასი მეომარი, რომელსაც ქართველთა და კილიკიელ სომეხთა ნაწილები შეურთდნენ. ისინი მამლუქთა ჯარს პალესტინაში, აინ-ჯალუთთან შეხვდნენ.
დავით VII ულუს მეფობისას მოჭრილი მონეტა, რომელზეც სპარსული წარწერა იუწყება, რომ მონეტა მოჭრილია ქართველთა მეფის დავითის მიერ მონქე ყაენის მმართველობის დროს.
კიტ-ბუღა ჰულაგუ ყაენის ნოინი (სარდალი) იყო, წარმოშობით ნაიმანების ტომიდან. კირაკოს განძელის მიხედვით იგი სარწმუნოებით ქრისტიანი გახლდათ და დიდი გავლენა გააჩნდა თავის წრეში. ჰქონდა ყაენის მაგიდის-სუფრის ხელმძღვანელის საპატიო წოდება. კიტ-ბუღამ მონაწილეობა მიიღო ჰულაგუს ახლოაღმოსავლურ ლაშქრობაში. მან შეუტია ასასინთა ციხეებს და ყაენთან ერთად მოახერხა მათი აღება, თუმცა ვერა და ვერ დაიკავა ჰირდეკუხი – მულიდთა მძლავრი სიმაგრე. მიუხედავად ამისა, მისთვის ეს კამპანია წარმატებული გამოდგა. 1258 წელს მონაწილეობდა ბაღდადის ალყასა და აღებაში, საიდანაც ჰულაგუმ სირიაში ილაშქრა. დიდი ყაენის, მუნქეს სიკვდილის გამო ჰულაგუ იძულებული გახდა სპარსეთში დაბრუნებულიყო, ხოლო კიტბუღა 10-20 ათასიანი არმიით დატოვა სირიაში. მალე მას დაპირისპირება მოუვიდა სიდონის ჯვაროსან მმართველ ჟულიენ გრენიესთან, თუმცა სიდონის აღება ვერ შეძლო და მხოლოდ ქალაქის შემოგარენი მოაოხრა. ქართველებისა და სომხებისაგან დახმარების მიღების შემდეგ ილაშქრა პალესტინაში და შეებრძოლა მამლუქებს აინ-ჯალუთთან.
მონღოლმა ცხენოსანმა მოისრებმა სასტიკად დაამარცხეს რუსები 1223 წელს მდინარე კალკასთან ბრძოლაში
„მონღოლური ჯარი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ძალა იყო. ჩინგიზ ყაენის მეთაურობით მან დაიპყრო მაშინდელი მსოფლიოს დიდი ნაწილი. მონღოლებმა იბრძოლეს რუსეთის გაყინულ სტეპებზე, პალესტინის ცხელ უდაბნოში, იავის ჯუნგლებში და ჩინეთის დიდ მდინარეებზე. მათ გამოავლინეს უნიკალური უნარი, აეთვისებინათ ყველანაირი ბუნებრივი პირობების შესაბამისი სამხედრო ტაქტიკა, სტრატეგია, საალყო და საზღვაო ტექნიკის გამოყენება.”(6) მონღოლთა მთავარ ძალას ცხენოსან-მშვილდოსანი ჯარი წარმოადგენდა. „მონღოლები ისრებს განზრახ ისე ამზადებდნენ, რომ მტერს მათი გამოყენება ვერ მოეხერხებინა – ისრის კბილანა სხვა მშვილდებს არ ერგებოდა. სუსტი ევროპული მშვილდები ძალითა და მანძილის დაფარვის უნარით მონღოლურთან ახლოსაც ვერ მივიდოდა და მიზანს მხოლოდ რამდენიმე ისარი თუ აღწევდა. მონღოლებმა რუსული ისრები აკრიფეს და დამტვრევის ნაცვლად უკან ესროლეს მტერს” (7) მონღოლებს ბრძოლის დროს ტყავის ჯავშნები ემოსათ. ეს აბჯარი წინ სქელი იყო, ხოლო ზურგზე თხელი, ბრძოლიდან რომ არ გაქცეულიყვნენ. მშვილდ-ისრის გარდა იყენებდნენ შუბებს, ჩუგლუგებს, საბრძოლო ცულებს და ხმლებს. ნოვგოროდის მატიანეს მიხედვით ისინი ყოველთვის შეუპოვრად იბრძოდნენ და მათი მიზანი მსოფლიოზე გაბატონება იყო. ჩინგიზ ყაენის შემდგომი მონღოლ მმართველთა ჯარში უფრო მასიურად იყენებდნენ აბჯარ-საჭურველს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტაქტიკა კვლავ მონღოლური იყო, აქამდე დაუმარცხებელი და უძლეველი.
ბრძოლა
„შემდეგ, როდესაც კუტუზ თურქმა, რომელიც მართავდა ეგვიპტეს, შეიტყო მეფეთ-მეფის [ჰულაგუ] წასვლის შესახებ...და რომ კიტ-ბუღა მარტო იყო ათი ათასი კაცით პალესტინაში, მან შეაგროვა ჯარები ეგვიპტეში და თათრებს ბეშანის ველებზე ბრძოლაში შეხვდა”(8) წერდა გრიგორი იოან ბარ-ებრეუსი (იგივე აბუ-ლ-ფარაჯ იბნ გარუნ-ابو الفرج بن هارون الملطي). ბაიბარსისა და კუტუზის არმიაში შედიოდნენ ეგვიპტელები, თურქმანები, ბედუინები, ქურთები და სირიელები. მათ რიცხოვნობად გვიანდელი სპარსელი ისტორიკოსი ვასაფი 12 000 მეომარს ასახელებს, თუმცა ეს არაა ზუსტი ცნობა. აიუბიდების ეგვიპტის დროს ეგვიპტის მხედრობა 10-12 ათას მეომარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მამლუქთა სულთნების დროს ბევრი რამ გარკვეულწილად შეიცვალა, ეს რაოდენობა დაახლოებით მაინც შენარჩუნდა, ხოლო რადგან ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეგვიპტელებს მეტი არმია ჰყავდათ მონღოლებზე, ივარაუდება - 10-12 ათასიანი მონღოლთა ჯარის წინააღმდეგ კუტუზსა და ბაიბარსს 10 ათასამდე ეგვიპტელი და ამას დამატებული დანარჩენი ნაწილები ჰყავდათ, რაც უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოდის.
მონღოლი და თურქმანი მხედრის შეტაკება (XIII ს.)
თავდაპირველად ბაიბარსი მონღოლთა ავანგარდის ნაწილს შეებრძოლა ღაზას მახლობლად და ასის მდინარისკენ დაახევინა უკან. ავანგარდის მეთაურმა ბაიდარმა კიტ-ბუღას დესპანი გაუგზავნა და მამლუქთა შესახებ ცნობები მიაწოდა. მალე აკრის ბანაკიდან წამოსული კუტუზიც ღაზას მოადგა. იერუსალიმის სამეფომ გადაწყვიტა ამ ომში ნეიტრალური ყოფილიყო. ისინი თვლიდნენ, რომ მამლუქები მონღოლთაგან დასაცავად გამოადგებოდათ, ხოლო თუ კუტუზი დამარცხდებოდა, ნეიტრალურ იერუსალიმის სამეფოს მონღოლები ეგვიპტის მოკავშირედ არ მიიღებდნენ და მათგან საფრთხეც ნაკლები იქნებოდა. კუტუზმა ამირებს მიმართა და საბრძოლველად მოუწია, რათა დაეცვათ თავიანთი ძალაუფლება და რელიგია მონღოლებისგან. მისი გამოსვლა ეფეკტური გამოდგა და ბრძოლის ჟინი აუმაღლა ეგვიპტელთა ლაშქარს. კიტ-ბუღამ დაასწრო მამლუქებს და აინ-ჯალუთთან უფრო ადრე მივიდა, რამაც საშუალება მისცა ბანაკი დაეცა და დაესვენა. აინ-ჯალუთი ნაკადული იყო, გილბოას მთის მახლობლად და მთელი წელი უწყვეტად მოედინებოდა. მისი სახელწოდება „გოლიათის წყაროს” ნიშნავს. გილბოასგან ჩრდილოეთით მოედინება ნაჰრ-ჯალუთი, რომელიც მონღოლებმა და მამლუქებმა ცხენების დასარწყულებლად გამოიყენეს.
მონღოლთა არმიის მარში (XIII ს.)
ორივე მხარე ესდრაელონის ველზე განლაგდა, აინ-ჯალუთის მახლობლად 1260 წლის 3 სექტემბერს. კიტ-ბუღას მოწინააღმდეგესთან შედარებით მცირე ძალები ჰყავდა, მაგრამ მონღოლთა ტრადიციულ, შეტევით ტაქტიკას მაინც არ უღალატა. მან გადაწყვიტა მტერზე იერიში მიეტანა მსუბუქი ცხენოსანი ჯარით, მათ მიყვებოდა მძიმე კავალერია, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა მამლუქთა მარცხენა ფლანგის გარღვევა. კუტუზმა და ბაიბარსმა კი გადაწყვიტეს მონღოლები მათივე ტაქტიკით გაენადგურებინათ. მათ წინ მცირერიცხოვანი შენაერთი დააყენეს, რომელსაც საჭირო დროს უკან უნდა დაეხია და უკან დადევნებული მონღოლები მახეში მოექცია, იქ სადაც მთელი ეგვიპტური ჯარი იდგა კუტუზის მეთაურობით (ასეთი ტაქტიკა გამოიყენეს ჯებემ და სუბუდაიმ საქართველოს მეფე გიორგი IV ლაშასთან ბრძოლისას ხუნანის ველზე და დიდ გამარჯვებას მიაღწიეს).
ბრძოლა მონღოლთა იერიშით დაიწყო. კიტ-ბუღამ ბაიბარსის მიერ გამიზნულად წინ დაყენებულ ეგვიპტურ კორპუსს შეუტია. მძლავრი მონღოლური ურდო სომეხ და ქართველ მოკავშირეებთან ერთად გავეშებით ეკვეთა მტერს. რკინის დისციპლინისა და პროფესიონალიზმის მქონე კიტ-ბუღას ცხენოსნებმა მალე შეავიწროვეს ეგვიპტელები და აიძულეს უკან დაეხიათ. გააფთრებული მონღოლებიც უკან მიყვნენ და უნებურად ბაიბარსისა და კუტუზის მრავალრიცხოვან არმიას გადააწყდნენ, რომელიც იმ ბრძოლის ველის მოსაზღვრე გორაკების უკან იდგა. კიტ-ბუღამ მარცხენა ფლანგზე მიმართა შეტევა და გააქცია კიდეც მამლუქები. მიუხედავად იმისა, რომ კიტ-ბუღა ხედავდა მტრის უპირატესობას, უკან არ იხევდა და ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა კუტუზის ათასეულებს. როცა ამ უკანასკნელმა დაინახა, რომ მისმა მხედრებმა გაქცევა დაიწყეს, მუზარადი მოიხადა და მოისროლა, რათა ეცნოთ მთავარსარდალი და თვითონ წაიყვანა იერიშზე მეომრები. ფსიქოლოგიური უპირატესობაც უკვე მამლუქთა მხარეს იყო. კიტ-ბუღა ბოლო შეტაკებისას დაატყვევეს, მისი ჯარის დიდი ნაწილი დაიღუპა, დანარჩენები კი ეგვიპტელებმა ტყვედ აიყვანეს.
მოდფა (კონრად კაიზერის Bellifortis-დან)
ბაიბარსისა და კუტუზის დანაკარგებიც არ იყო მსუბუქი, რადგან მონღოლურ ჯართან ბრძოლა ძალიან რთული გამოდგა, მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა. აინ ჯალუთის ბრძოლა საინტერესოა იმითაც, რომ მუსლიმებმა აქ გამოიყენეს ხელთოფები, ე.წ. „მოდფები”. მისი ხმა აფრთხობდა მონღოლთა ცხენებს და მათ რიგებში არეულობას იწვევდა.
შედეგები
„კიტ-ბუღა კუტუზთან მიიყვანეს. მან მშვიდად და ამაყად ეჭირა თავი გამარჯვებულის წინაშე და უთხრა, რომ ის ჯარი, რომელიც მას ჰყავდა, არაფერი იყო მონღოლთა დიდი ყაენისთვის და რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ეგვიპტე განადგურდებოდა და მონღოლები რევანშს აიღებდნენ ამ დამარცხებისთვის” (9) იგი სიკვდილით დაისაჯა. მალე ბაიბარსმა კუტუზი მოაკვლევინა მამლუქთა სულთანი გახდა და ჰულაგუს არმიის დასახვედრად მოემზადა. იგი შეუკავშირდა ოქროს ურდოს ყაენ ბერქას, რომლის საშუალებითაც მართლაც მოახერხა ჰულაგუს რევანშისგან თავიდან არიდება. აინ-ჯალუთი მონღოლთა პირველი დიდი დამარცხება იყო, რომელმაც დააკარგვინა მათ შანსი, აბსოლიტური დომინირება მოეპოვებინათ ახლო აღმოსავლეთში, დაეკავებინათ ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა.
1260 წლის სამხედრო კამპანია
ამას გარდა მათ საზღვრებთან მუდამ იქნებოდა ძლიერი მტერი ბაჰრელ მამლუქთა სახელმწიფოს სახით. ორი განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების ხალხის დაპირისპირება მამლუქთა გამარჯვებით დასრულდა. ბაიბარსმა და კუტუზმა შური იძიეს ჰულაგუს მიერ მუსლიმთა სიწმინდეების შელახვისა და ბაღდადის განადგურებისთვის, შეაჩერეს რა, მისი აქამდე უძლეველი ურდო. ჰულაგუს სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრე ყაენი კიდევ ერთხელ დამარცხდა მამლუქებთან ბრძოლაში – ჰომსთან, 1264 წელს, რის შემდეგაც მონღოლებმა ხელი აიღეს ევფრატს გადაღმა არსებულ მიწებზე და ირანსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყში დაფუძნდნენ როგორც ილხანთა ურდო.
სქოლიოები
1. ჯანელიძე დავით, სილაგაძე, ბენიამინ. ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში. თბილისი, 1967. 9
2. Буниятов
З. М. Государство хорезмшахов-Ануштегинидов. М.: Наука, 1986. 195.
3. Kennedy, Hugh, Mongols, Huns & Vikings. London:
Cassell, 2002. 111
4. უიზერფორდი, ჯეკ. ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2012. 182
5. სექტის მამოძრავებელი ძალა ნარკოტიკი იყო და ამის გამო ხალხმა მათ “ჰაშაშინები”, ანუ ჰაშაშის მომხმარებლები უწოდა. დროთა განმავლობაში ეს სახელი ასასინებად გარდაიქმნა, ხოლო “ასასინი” ევროპულ ენაში მკვლელის მნიშვნელობით დამკვიდრდა. უიზერფორდი, ჯეკ, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, 225.
6. Turnbull, Stephen R; Wayne
Reynolds, Mongol Warrior 1200-1350 .
Oxford: Osprey, 2003. 4.
7. უიზერფორდი, ჯეკ, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, 181.
8. Amitai, Reuven, Mongols and Mamluks: the Mamluk-Īlkhānid War, 1260-1281. Cambridge; New York, NY: Cambridge University Press, 1995. 26
9. Davis, K. Paul, 100 Decisive Battles: From Ancient Times to the Present. New York: Oxford University Press, 2001. 141
ბიბლიოგრაფია
1. ჯანელიძე დავით, სილაგაძე ბენიამინ. ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967.
2. უიზერფორდი ჯეკ. ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2012.
3. Буниятов З. М. Государство хорезмшахов-Ануштегинидов. М.: Наука, 1986.
4. Kennedy, Hugh, Mongols, Huns & Vikings. London: Cassell, 2002.
5. Amitai, Reuven. Mongols and Mamluks: the Mamluk-Īlkhānid War, 1260-1281. Cambridge; New York, NY: Cambridge University Press, 1995.
6. Turnbull, Stephen R; Wayne Reynolds. Mongol Warrior 1200-1350. Oxford: Osprey, 2003
7. Davis, K. Paul. 100 Decisive Battles: From Ancient Times to the Present. New York: Oxford University Press, 2001.
8. Amitai, Reuven & David Morgan. The Mongol empire and its legacy. Leiden; Boston: Brill, 1999.
9. May, Timothy Michael. The Mongol art of war: Chinggis Khan and the Mongol military system. Yardley, Penn: Westholme, 2007.
10. Ayalon, David. Gunpowder and firearms in the Mamluk kingdom; a challenge to a mediaeval society. London, Vallentine, Mitchell, 1956.
11. Robert Irwin. The Middle East in the Middle Ages: the early Mamluk sultanate, 1250 - 1382. Carbondale: Southern Illinois University Press, 1986.
12. Kennedy, Hugh. The historiography of Islamic Egypt, c. 950-1800. Leiden; Boston: Brill, 2001.
ნიკა ხოფერია