ანტიკური წყაროები კეისრის ლეგიონერების შესახებ


























გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ. 100-44 წწ.) ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელმაც გააფართოვა რომის იმპერიის საზღვრები - დაიპყრო კელტებით დასახლებული დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი, მოიპოვა გამარჯვება სამოქალაქო ომში პომპეუსისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ, საფუძველი ჩაუყარა რომის სახელმწიფო წყობის რესპუბლიკიდან იმპერიად ქცევას. კეისარმა ყოველივე ამას არა მხოლოდ უდიდესი ნიჭიერებითა და ენერგიულობით, არამედ რომაული არმიის სიძლიერით, სიმამაცითა და სამხედრო საქმის შესანიშნავი ცოდნით მიაღწია. კეისარს ჰქონდა უნარი მოეპოვებინა ჯარისკაცთა ერთგულება როგორც თავისი ქცევითა და სიტყვით, ასევე ომში მიღებული ნადავლის სათანადოდ განაწილებითა და ჯარისკაცების მიმართ სამართლიანობით. კეისარი ლეგიონერებს დიდი გამარჯვებებისკენ გაუძღვა გალიაში, იქცა მათ ბელადად, მამად და ჯარისკაცებმაც იქამდე უერთგულეს, სანამ მათი მხედართმთავარი რომის ერთპიროვნული მმართველი არ გახდა. მისი მეომრების სიმამაცისა და თავდადების შესახებ ცნობები ანტიკურ წყაროებში გვხვდება - ამის შესახებ წერდა პლუტარქე, რომელმაც კეისრის შესანიშნავი ბიოგრაფია შეადგინა და თავად კეისარი საკუთარ ჩანაწერებში გალიის ომის შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენ ამოვარჩიეთ ცალკეული შემთხვევები, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა. მათ შორის არიან ბევრისთვის ცნობილი გმირები, ლუციუს ვორენუსი და ტიტუს პულო, რომელთა ისტორია ოსტატურად გამოიყენა ამერიკელმა სცენარისტმა ბრუნო ჰელერმა, რომელმაც დაწერა სცენარი HBO-ს გახმაურებული სერიალ „რომისათვის" (Rome). [სასათაურე სურათზე, ლუციუს ვორენუსი და ტიტუს პულო, სერიალი Rome).
Gaius Iulius Caesar, Commentarii de Bello GallicoLiber V, 44.
ამ ლეგიონში (XI) ორი ძალიან მამაცი ცენტურიონი იყო, რომელთაც ცოტაღა დარჩენოდათ დაწინაურებამდე: ტიტუს პულო და ლუციუს ვორენუსი. მათ შორის მუდმივად იყო დავა იმის შესახებ, პირველი რომელი დაიმსახურებდა დაწინაურებას, და წლების განმავლობაში ისინი იბრძოდნენ ამისთვის მთელი მონდომებით. როდესაც სიმაგრის მალობლად სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა, პულომ თქვა: რას ელოდები ვორენუს? ამაზე უკეთეს შემთხვევას ელი საკუთარი სიმამაცის გამოსაჩენად? დღევანდელი დღე გადაჭრის ჩვენ დავას. ამ სიტყვებით მან დატოვა სიმაგრე და თავს დაატყდა მტრის ყველაზე მრავალრიცხოვან რაზმს. ვორენუსიც უკან მიჰყვა, რათა ხალხის წინაშე თავი არ შეერცხვინა და არ ჩამორჩენოდა პულოს. როდესაც მიუახლოვდა მტერს, პულომ სტყორცნა პილუმი და განგმირა ერთი გალი, რომელიც პირველი გამოიჭრა წინ. მტრებმა ფარებით დაიცვეს თავიანთი სასიკვდილოდ დაჭრილი მეგობრის ცხედარი და ყველამ ერთად დაუშინეს პულოს ხელშუბები, რითაც არ მისცეს საშუალება მათთან მიახლოებისა. პულოს ფარი გატყდა. მტრის ერთი ხელშუბი მის ქამარს მოხვდა და გადააგდებინა ქარქაში, რომლიდანაც პულო მახვილის ამოღებას აპირებდა, ამ დროს კი მტერი გარს შემოეხვია. ამ დროს მოირბინა მისმა მეტოქემ ვორენუსმა და დახმარება აღმოუჩინა ამ მძიმე მომენტში. მტერს ეგონა პულო მოხვედრილმა ხელშუბმა მოკლა, თავი ანებეს მას და ვორენუსს მიესივნენ. ვორენუსი ხმლით იბრძოდა. მან მოკლა ერთი და დანარჩენები აიძულა უკან დაეხიათ; მაგრამ ამ დროს თხრილში ჩავარდა და წაიქცა. მტერი მაშინვე თავს დაადგა და ახლა პულო დაეხმარა მას. მათ, ისე რომ თავად არ დაჭრილან, რამდენიმე მოწინააღმდეგე მოკლეს და ბანაკში სახელმოხვეჭილები დაბრუნდნენ. ასე გაეხუმრათ ბედისწერა მათ მეტოქეობაზე: ორივემ იხსნა მეტოქე განსაცდელისგან და ძნელი გადასაწყვეტი იყო რომელი უნდა მიჩნეულიყო მეორეზე უფრო მამაცად (თარგმანი ნ.ხოფერია).
Plutarch, Caesar, XVI:
როდესაც იულიუს კეისრის მეომარი აცილიუსი მასალიასთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში მტრის ხომალდზე აიჭრა, მარჯვენა ხელი ხმლით მოკვეთეს, მაგრამ მან ფარი მარცხენა ხელში დაიჭირა, დასცხო იგი მტერს სახეში, ყველანი უკუაქცია და ხომალდს დაეპატრონა. კასიუს სცევამ კი, დირაქიუმთან ბრძოლაში ისრით თვალამოთხრილმა, მხარსა და თეძოში ოროლებით დაკოდილმა და ას ოცდაათი ისრით ფარდაცხრილულმა, მტერს მოუხმო: მოდით, დაგნებდებითო. და, როცა ორი მათგანი ამოვარდა, ერთ-ერთს მხარი ჩამოასხიპა ხმლით, ხოლო მეორეს სახეში დაჰკრა და გააქცია. ამასობაში მისიანები წამოეშველნენ და დაიხსნეს იგი. ერთხელ ბრიტანეთში მტერი თავს დაესხა ჭაობიან, წყლით დაფარულ ადგილას მომწყვდეულ მოწინავე ცენტურიონებს. ერთი ჯარისკაცი კეისრის თვალწინ, სწორედ იმ დროს, როცა კეისარი ბრძოლის ველს დასცქეროდა, მტრის რიგების შუაგულში შეიჭრა. აქ მრავალი და საოცარი გმირობა გამოიჩინა და ცენტურიონები გაჭირვებისგან დაიხსნა. როცა ბარბაროსები გაიქცნენ ეს მეომარი თავისიანებს მიჰყვა უკან, მერმე მორევში გადაეშვა, რომელიც ხან ცურვით, ხან ფეხით ძლივძლივობით გადალახა, მაგრამ ფარი დაკარგა. ასეთი მამაცობით განცვიფრებული კეისარი და მისი ამალა სიხარულითა და ყიჟინით შეხვდნენ მეომარს, მაგრამ იგი, თავჩაქინდრული და აცრემლებული ფეხქვეშ ჩაუვარდა კეისარსა და ფარის დაკარგვის გამო პატიება სთხოვა. ერთხელ ლიბიაში სციპიონელებმა (საუბარია მეტელუს სციპიონზე, პომპეუსის სიმამრზე) ხელთ იგდეს ხომალდი, რომელზეც კვესტორად დანიშნული გრანიუს პეტრონი მიცურავდა. მეკობრეებმა ყველა მგზავრი ტყვედ გამოაცხადეს, ხოლო კვესტორს ხელშეუხებლობას დაჰპირდნენ; მაგრამ ამან განაცხადა: კეისრის მეომრები პატიების მიღებას არ არიან ჩვეულნი, ისინი ამ წყალობას თვითონ აძლევენ სხვებსო. თქვა თუ არა ეს, გრანიუსმა მახვილი დაიცა და სიცოცხლე მოისპო. (პლუტარქეს „რჩეული ბიოგრაფიების" ქართული თარგმანი ეკუთვნის ა. ურუშაძეს).


მოამზადა
ნიკა ხოფერიამ