რაინდთა ტურნირები (X-XVI სს.)



 XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, ევროპაში, რაინთა ტურნირების ეპოქა დაიწყო, რომელმაც განვითარების მწვერვალს XV-XVI საუკუნეებში მიაღწია. საზეიმოდ აღჭურვილი ევროპელი რაინდები, ერთმანეთს სამხედრო ოსტატობაში ეჯიბრებოდნენ და საჯაროდ ახდენდნენ თავიანთი უნარების დემონსტრირებას საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას. ტურნირებს ძირითადად მეფეები და მსხვილი ფეოდალები აწყობდნენ განსაკუთრებული შემთხვევების აღსანიშნავად: სამეფო ქორწილებისას, მემკვიდრის დაბადებისას, სამშვიდობო ზავის დადებისას და ა.შ.       

   რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებას მრავალი დეტალი თუ წესი გააჩნდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა. იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა ტურნირები და თუ რამ გამოიწვია მათი დაცემა, ქვემოთ ვისაუბრებთ.    
   
 რაინდთა ტურნირების წარმოშობის შესახებ    


   XVI საუკუნის ისტორიკოსი კლოდ ფოშე მიიჩნევს, რომ ცნება „ტურნირი“ გაჩნდა მაშინ, როდესაც რაინდები სვეტებზე დამაგრებულ სპეციალურ სამიზნეებს შუბს სტყორცნიდნენ. სხვები ვარაუდობდნენ რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა რაინდთა ჯგუფების შეკრებას ბრძოლის წინ, რა დროსაც ისინი ერთმანეთს ოსტატობას უზიარებდნენ. XII საუკუნის მემატიანე უილიამ ფიცსტეფენი ირწმუნება, რომ ასეთ შეჯიბრებებზე რაინდები ითვისებდნენ ისეთ მანევრებსა და ილეთებს, რომლებიც ბრძოლაში გამოადგებოდათ.           
  დღეს საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ სად და რა მიზნით ჩატარდა პირველი ტურნირი. ეჭვგარეშეა რომ ეს ყველაფერი საბრძოლო თამაშებს უკავშირდება, რომელთა მიზანიც რეალური ბრძოლისთვის მომზადება გახლდათ. შეიძლება ტურნირი ძველი რომაული სამხედრო თამაშიდან (ე.წ. Lusus Troiae) მოდიოდეს ან ძველ გერმანელთა საბრძოლო შეჯიბრისაგან. ტაციტუსი, სვეტონიუსი და ვერგილიუსი აღნიშნავენ, რომ გერმანელთა წესის მიხედვით, ორი შენაერთი საჩვენებელ, მოსამზადებელ ორთაბრძოლას მართავდა. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, კავალერიას ბრძოლაში იშვიათად იყენებდნენ. აქტიურად ამ საბრძოლო შენაერთის გამოყენება VIII საუკუნიდან დაიწყეს ფრანკებმა. შუა საუკუნეების ტურნირი, ისეთი როგორიც ჩვენ ვიცით, X საუკუნეზე ადრე არ გამოჩენილა. 1066 წლის მატიანეში, რომელიც ტურში წმინდა მარტინის სააბატოშია აღმოჩენილი, ნახსენებია ვინმე გოდფრუა დე პრეილი. ის მოკლეს ტურნირზე,  რომლის წესებიც თავად შეადგინა.                     

სარკინოზი მხედარი იაკუტ მაღალი უტევს ორ ფრანკ მხედარს (მხატვარი კრისტა ჰუკი)

   ოსბერტ არდენელი, რომელიც ჰენრი I-ის მმართველობის შესახებ წერს, ახსენებს ფერად შუბებს, რომლებიც კონტინენტიდან შემოიტანა სპეციალურად ტურნირისათვის.        ოტო ფრაიზინგელი აღნიშნავს, რომ 1146 წელს ფრანგი რაინდები გერმანელ რაინდებს მოუხერხებელი მანევრირებისა და ჯირითის გამო დასცინოდნენ. უილიამ ნიურბურგელი 1197 წლის დოკუმენტში ირწმუნება, რომ პირველად ინგლისში დაიწყო ტურნირების ჩატარება უილიამ დამპყრობლის შვილიშვილის მეფე სტეფან ბლუელის (1135-1154) მმართველობის დროს.          
 XII საუკუნეში ტურნირების პოპულარულობა ძალზე გაიზარდა. ევროპის ქვეყნების გარდა, ტურნირი აღმოსავლეთშიც გავრცელდა, არის ცნობა, რომ 1159 წელს, ანტიოქიაში ჩატარდა ტურნირი, რომელშიც თვით ბიზანტიის იმპერატორი, მანუელ I კომნენოსი იღებდა მონაწილეობას.        
  როგორც ავღნიშნეთ, რთულია იმის დადგენა, თუ როდის და სად გაჩნდა ტურნირის ისეთი ფორმა, როგორიც ჩვენ ვიცით, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ XII საუკუნეში უკვე მთელი ევროპა იყო ჩართული ამ თვალისმომჭრელ და დაუვიწყარ სანახაობაში.          

ტურნირები XII-XIII საუკუნეებში 

 XII საუკუნეში ტურნირი სიცოცხლისთვის საშიში შეჯიბრი გახლდათ, არენა, რომელზეც მეომრები გამოდიოდნენ საასპარეზოდ, არ იყო სათანადოდ დაცული და შემოღობილი, ამიტომ ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები, რომელსაც უბრალო მაყურებლებიც ეწირებოდნენ. სატურნირო არენისგან მოშორებით იყო მოსასვენებელი მოედნები. საასპარეზო მდელო ორ ქალაქს ან სოფელს შორის ეწყობოდა.         
მინიატურა მანუელ I კომნენოსისა და მარია ანტიოქიელის გამოსახულებით (XII ს. დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში)
  
 გოდფრუა დე პრეილის სიტყვებით, რაინდებს უნდა დაეცვათ გარკვეული წესები. საბრძოლო არენის სიდიდე პრობლემას უქმნიდათ ასპარეზობის მარშლებს, თვალი ედევნებინათ ყველა დეტალისთვის, რაც ბრძოლის ველზე ხდებოდა. რაინდი, ასეთი ასპარეზობის დროს შეიძლებოდა დაჭრილიყო ან უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილით დაემთავრებინა გამოსვლა. ამ პერიოდში, ჯერ კიდევ რეალურ იარაღს იყენებდნენ ბრძოლისას, ყოველ შემთხვევაში არ არის ცნობები იმის შესახებ, რომ XII საუკუნეში ტურნირის მონაწილენი ბლაგვ, უსაფრთხო იარაღს ხმარობდნენ. 
 ყველაზე დეტალურად, XII საუკუნის ტურნირების შესახებ შეგვიძლია ამოვიკითხოთ პემბროკის პირველი გრაფის, უილიამ მარშალის ბიოგრაფიაში, რომელიც მისმა სკვაირმა დაწერა XIII საუკუნეში. მასში ნათლად არის ნაჩვენები, რომ რაინდს, რომელიც კარგად იბრძოდა, კარგი ფულის გამომუშავება შეეძლო ტურნირზე.         
 რაინდთა შეკრებიდან ორი კვირის თავზე, იქმნებოდა ორი საბრძოლო ჯგუფი, რომელიც ნაციონალური თუ ტერიტორიული ნიშნის მიხედვით დგებოდა. ხშირად ნორმანები, ინგლისელებს უერთდებოდნენ ფრანგთა წინააღმდეგ. რაინდები, რომლებიც მარტოდ იყვნენ ტურნირზე მოსულნი, რომელიმე ჯგუფს უერთდებოდნენ ან საკუთარს აყალიბებდნენ. ტურნირის წინა ღამით, რაინდებს ძილისთვის დიდი დრო არ ჰქონდათ; ისინი ამზადებდნენ აღჭურვილობას, ცხენის აღკაზმულობას, ლესავდნენ ხმლებს და წესრიგში მოჰყავდათ აბჯარი.          
ინგლისის მეფე ჰენრი II და საფრანგეთის მეფე ფილიპე II ავგუსტი იღებენ ჯვრებს, რაც ჯვაროსნულ ომში მათ ჩართვაზე მიუთითებს (XIV ს. მინიატურა. ბრიტანეთის მუზეუმი)

 ტურნირი საზეიმო აღლუმით იხსნებოდა. წესების თანახმად, ბრძოლის დროს რამდენიმე რაინდს შეეძლო ერთისათვის შეეტია, ასევე ცხენოსანს შეეძლო დაერტყა რაინდისთვის, რომელიც ცხენიდან ჩამოვარდა და იძულებული იყო ქვეითად გაეგრძელებინა ბრძოლა. ეს ყველაფერი, ტურნირის წესების თანახმად, არ არღვევდა რაინდის კოდექსს. როდესაც სერ უილიამ მარშალი ჰენრი II-ის ვაჟის მეურვე გახდა, ახალგაზრდა მეფესთან ერთად მრავალ ტურნირს ესტუმრა საფრანგეთში, სადაც მრავალი გამარჯვება მოიპოვა დიდ ნადავლთან ერთად. მის ბიოგრაფიაში ჩვენ ვკითხულობთ, თუ როგორ იბრძოდა უილიამი მოწინააღმდეგეებთან შემოღობილ არენებზე, სასახლის ეზოებში, სოფლის ქუჩებში და ა.შ. უილიამ მარშალი XII საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მოასპარეზედ შეგვიძლია მივიჩნიოთ.     
   მსხვილი ფეოდალებისთვის, ტურნირში მონაწილეობა ღირსების საქმე გახლდათ, სხვა რაინდთათვის კი მდიდარი ნადავლისა და სახელის მოხვეჭის კარგი საშუალება იყო. დამარცხებული რაინდი ტყვედ ვარდებოდა, იგი იძულებული იყო გადაეხადა გამოსასყიდი, როგორც საკუთარი თავის, ასევე მისი სკვაირის. გამარჯვებულ რაინდს ვიზავისა და მისი სკვაირის აღჭურვილობა და ცხენები რჩებოდა. ტყვეებს გამოსასყიდის მოსატანად ათავისუფლებდნენ ფიცის სანაცვლოდ, სკვაირებს კი მძევლის სახით იტოვებდნენ.      
ბარელიეფური გამოსახულება უილიამ მარშალის საფლავზე (ტემპლის ტაძარი, ლონდონი)

  გამოსასყიდი ტურნირში ტყვედ ჩავარდნილი რაინდის სანაცვლოდ, გაცილებით ნაკლები გახლდათ, ვიდრე - რეალურ ბრძოლაში.           
   ბრძოლა შებინდებამდე გრძელდებოდა, ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული გუნდის მონაწილენი იკრიბებოდნენ საბჭოზე სადაც წყდებოდა თუ ვინ იმსახურებდა მთავარ ჯილდოს.     
  XII საუკუნეში რაზმის რაოდენობა 200-მდე აღწევდა, საუკუნის მიწურულს კი ეს რიცხვი შემცირდა. ტურნირში ისევ გამოიყენებოდა ხელშუბები და არბალეტი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ქვეითებიც.        
    მალე ტურნირები გერმანიაში გავრცელდა, გერმანიიდან კი იტალიაში. ინგლისში XII საუკუნის ბოლოს ტურნირები ისეთი პოპულარული გახდა, რომ ე.წ. თვითნებური ტურნირებიც იმართებოდა, სადაც არა მხოლოდ რაინდები იღებდნენ მონაწილეობას. მეფე ჰენრი II-მ ერთი პერიოდი აკრძალა მსგავსი ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რადგან მრავალი ახალგაზრდა რაინდი საზღვრებს გარეთ გადიოდა ტურნირში მონაწილეობის  მისაღებად. ჯოსელინ დე ბრეიკლონდი წერს, რომ ტურნირები რიჩარდ I ლომგულის (1189-1199) მეფობისას განახლდა. მან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ამ კუთხით. ტურნირი, რომელიც ჩატარდებოდა მეფის თანხმობის გარეშე, კანონგარეშედ ცხადდებოდა და დანაშაული იყო სამეფო კარის წინაშე. რიჩარდმა მხოლოდ ხუთი ადგილი გამოყო ტურნირების ჩასატარებლად. მას სჭირდებოდა ფული, რათა ეწარმოებინა ომები სალადინის წინააღმდეგ, ამიტომ ტურნირში მონაწილეობის მიღება ფასიანი გახდა: გრაფი 20 ვერცხლის მარკას იხდიდა, ბარონი - 10-ს, მამულიანი რაინდი - 4 მარკას, ხოლო უმიწაწყლო რაინდი მხოლოდ 2 ვერცხლის მარკას.  


რიჩარდ I ლომგულისა და სალადინის გამოსახულება ფილებზე (XIII ს. დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში)            

მთავარი მარშალი, რომელიც ტურნირის მეთვალყურის მოვალეობას ასრულებდა, ნიშნავდა ორ მოხელეს ფულის შესაგროვებლად. ყოველ ტურნირს ესწრებოდა ორი რაინდი და ორი მაღალჩინოსანი, რომლებიც აკვირდებოდნენ თუ როგორი სისწორით სრულდებოდა მეფის ბრძანება.              
 რიჩარდ I-ის რეფორმის მიუხედავად, მაინც გრძელდებოდა არალეგალური ტურნირების ჩატარება. ჰენრი III-მ (1216-1272) გამოსცა დეკრეტი, რომელიც იუწყებოდა, რომ არაკანონიერი ტურნირის ჩატარების ინიციატორებს ჩამოერთმეოდათ მამული, მათ შვილებს კი - მემკვიდრეობა.              
 საფრანგეთის მეფე ფილიპ II (1180-1223) უკრძალავდა თავის შვილებს სატურნირო ბრძოლებში მონაწილეობის მიღებას, რადგან დასახიჩრებისა და სიკვდილის საშიშროება დიდი იყო. თავად მეფეები ხშირად მართავდნენ ტურნირებს და თვითონაც გამოცდიდნენ ხოლმე ბედს საბრძოლო ასპარეზში. ტურნირის ჩატარება კარგი საშუალება იყო, განაწყენებული ხალხისა და მით უმეტეს ფეოდალების გულის მოსაგებად, ასევე ჯარის მოსაგროვებლად.   

ეკლესია და ტურნირები        
 ეკლესია ტურნირების გამართვის წინააღდეგ გამოდიოდა, 1131, 1139 და 1179 წლებში გამოიცა ბრძანებები მსგავს ღონისძიებათა აკრძალვაზე. თუმცა რომის პაპმა ცელესტინ III-მ, რიჩარდ I-ს უფლება დართო შეზღუდული რაოდენობის თამაშების ჩატარებისა. რაინდს, რომელიც ტურნირზე მოკვდებოდა, პარაკლისს არ უხდიდნენ და არაეკლესიურად კრძალავდნენ. პაპმა გრეგორი IX-მაც გამოსცა 1228 წელს ბულა, რომელიც კრძალავდა ტურნირის ჩატარებას, თუმცა ვერც ამან ვერ შეუშალა ხელი ამ თვალისმომჭრელი და სისხლმისმღვრელი ასპარეზობების გამართვას. პაპებს არ მოსწონდათ ბარონთა მონაწილეობა ტურნირებში. დაჭრა ან სიკვდილი ხშირი იყო სატურნირე ბრძოლების დროს, რაც პაპს ხელს უშლიდა მსგავს ღონისძიებებზე სანქციების დაწესებაში, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო ეკლესია ამის წინააღმდეგი. უბრალო რაინდებთან ერთდ ხშირად იღუპებოდნენ ბარონები, გრაფები და სხვა მაღალი წოდების წარმომადგენლები. 1186 წელს თვით ჰენრი II-ის ვაჟი, ჯეფრი უსულოდ დაეცა საბრძოლო არენაზე. გვაქვს ცნობები ტურნირებზე, რომელშიც იღუპებოდა რამდენიმე ათეული რაინდი, თუმცა ტურნირის ასეთი საფრთხე არ ანელებდა მის პოპულარობას.        
პაპი გრეგორი IX (გამოსახულება ვატიკანის პაპთა სასახლის ფრესკაზე, 1511 წ.)
     
 როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გუნდების ფორმირება ტერიტორიული ან ნაციონალური გზით ხდებოდა. ეს ყველაფერი რაინდებში იწვევდა დაღუპული მოძმეების გამო შურისძიების წყურვილს. ხშირად ასპარეზობისას სიკვდილიანობა შემთხვევითი არ გახლდათ და ის წინასწარ იყო განზრახული რომელიმე რაინდის მიერ.   
 1274 წელს,    როდესაც ინგლისის მეფე ედვარდ I (1272 – 1307) წმინდა მიწიდან ბრუნდებოდა, შალონის გრაფმა იგი ტურნირზე საასპარეზოდ მიიწვია. ბრძოლის დროს გრაფი კისერში სწვდა მეფეს და მის ცხენიდან გადმოგდებას შეეცადა, თუმცა გამძვინვარებულმა მეფემ შემოტრიალება მოახერხა და ერთი დარტყმით ჩამოაგდო გრაფი ცხენიდან. საჩვენებელი ბრძოლა რეალურ ბრძოლაში გადაიზარდა, რომელშიც ქვეითებიც და მაყურებლებიც ჩაერთნენ. როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა, შალონის გრაფმა ედვარდი გამოაცხადა ტურნირის გამარჯვებულად. ამის ფაქტის შემდეგ მიიღეს კანონი იმის შესახებ, რომ იკრძალებოდა მოწინააღმდეგისათვის ხელით შეხება, მით უმეტეს კი მისი მოქაჩვა.         
ედუარდ I-ს სამეფო ტახტი ვესტსმინსტერის სააბატოში

 უმრავლესობა ვერ ხედავდა დიდ პრობლემას ტურნირების არსებობაში. მრავალი რაინდი ტურნირის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ წირვას ესწრებოდა. XIII საუკუნეში გავრცელებული იყო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ლოცულობდა ერთ-ერთი რაინდი ღვთისმშობლის წინაშე ტურნირის დაწყების წინ და ამის გამო ბრძოლის დასაწყისზე დააგვიანდა. როდესაც ტურნირზე მივიდა, მას ყველა ტაშით ეგებებოდა, რაინდი მიხვდა, რომ ბრძოლაში მონაწილეობა მის მაგივრად ღვთისმშობელმა მიიგო. ასეთი ლეგენდები და თქმულებები შუა საუკუნეებში მრავლად გვხვდება. მსგავსი ისტორიების შეთხზვა ალბათ ეკლესიის საპასუხოდ იყო გამიზნული, რომელიც ფიქრობდა, რომ ტურნირთა ჩატარება არაქრისტიანული საქმე გახლდათ.    
            
 ტურნირის წესები        

  XII საუკუნის ბოლოს ინგლისში უკვე არსებობდა წესები ტურნირთათვის, რომელთა დაცვაც ასპარეზობის ყოველ მონაწილეს თანაბრად ევალდებოდა. ეს წესები ინგლისის მეფეების ბრძანებით შეიქმნა ბარონთა მოთხოვნით. წესის დამრღვევი რაინდი თუ სკვაირი კარგავდა საჭურველსა და ცხენს, შესაძლებელი გახლდათ, რომ დამნაშავე ციხეში ჩაესვათ სამი წლის ვადით. მაყურებელთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის თვიდან ასაცილებლად, შეიქმნა კანონი, რომელიც უკრძალავდა დამსწრეებს იარაღითა და აბჯრით მისვლას ტურნირზე. თითოეულ რაინდს არ უნდა ხლებოდა სამ სკვაირზე (პაჟი, საჭურველმტვირთველი) მეტი, რომლებიც მოემსახურებოდნენ საკუთარ ბატონს. თუმცა არის ცნობები, რომ ულრიხ ფონ ლიხტენშტეინს ოთხი სკვაირი ემსახურებოდა. არცერთ მონაწილე არ დაიშვებოდა საბრძოლო არენაზე გალესილი ხმლითა თუ ხანჯლით. XIII საუკუნეში შემოდის შუბის ახალი სახეობა, რომელსაც „მშვიდობის შუბს“ უწოდებენ. შუბის ბუნიკი ბლაგვი გახლდათ: მის თავზე სხვადასხვა ფორმა რკინის ბუნიკს ამაგრებდნენ.          
რაინდი და მისი სკვაირი

   ბრძოლა მთავრდებოდა, როდესაც რომელიმე რაინდი დაიჭრებოდა ან დაიღუპებოდა. ასევე ტურნირის დამთავრება შეიძლებოდა თუ ორივე მხარე ამაზე შეთანხმდებოდა.
ტურნირებში  ბლაგვი იარაღის შემოტანამ, დიდი ნაბიჯი გადადგა უსაფრთხო თამაშების ჩატარებისკენ. ჯავშანი გამოიყენებოდა ისეთი, როგორსაც რეალურ ბრძოლაში იყენებდნენ. ვხვდებით აბჯრების უფრო შემსუბუქებულ ვარიანტებსაც, რომელიც ძირითდად სკვაირების შეტაკებისას გამოიყენებოდა.      
  უფრო დაწვრილებით ცნობებს აბჯრის შესახებ ვხვდებით 1274 წელს ჩატარებული ტურნირის საყიდლების სიიდან, რომელიც უინძორის პარკში ჩატარდა. ტურნირში 38 მონაწილე იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორისაც იყვნენ კორნუელის, პემბროკის, გლოკასტერის, ლინკოლნის, რიჩმონდისა და ვარენეს გრაფები, ასევე რამდენიმე უცხოელი რაინდი. ყველა მათგანი აღიჭურვა აბჯრით და იარაღით, რომელთა ფასიც 7-დან 25 შილინგამდე მერყეობდა. მხოლოდ ლინკოლნის გრაფის აღჭურვილობა შეადგენდა 33 შილინგსა და 4 პენსს.  აბჯრები და მუზარადები ტყავისაგან მზადდებოდა, ტურნირისათვის განკუთვნილი ხმლის შეძენა 7 შილინგიდან შეიძლებოდა. აღნიშნულ ტურნირზე მთლიანობაში 80 ფუნტი სტერლინგი, 11 შილინგი და 8 პენსი დაიხარჯა. შუბები მოცემულ სიაში ნახსენები არ არის. ტურნირებში მსაჯთა გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ XIII საუკუნის ბოლოს საბრძოლო არენის ზომები მნიშვნელოვნად შემცირდა. 

მაგდებურგის კათედრალი (XIII ს.)

  საქალაქო ტურნირებში, მაგალითად ისეთში, როგორიც 1281 წელს ჩატარდა მაგდებურში, აქტიურად მონაწილეობდნენ წარჩინებულებიც. პირველი ცდა ტურნირთა მოსაწესრიგებლად XIII საუკუნეში იყო. ეს აისახა კანონზე, რომელიც კრძალავდა არასასურველ პირთა ტურნირზე დასწრებას. ეს კანონი ძალიან მკაცრად ეხებოდა მას, ვისაც არ შეეძლო თავისი რაინდული წარმომავლობის დამტკიცება.      
  ულრიხ ფონ ლიხტენშტეინი, რომელიც ტურნირებს აღწერდა, მოგვითხრობს გერმანიაში ჩატარებული ასპარეზობის შესახებ, რომელშიც ყველა მონაწილე მაღალი წარმომავლობის რაინდი გახლდათ.     
  უფრო დაწვრილებითი ცნობები ტურნირთა შესახებ შეგვიძლია ამოვიკითხოთ გერმანელი მწერლის, ვოლფრამ ფონ ეშენბახის რომან „პარციფალში“. გერმანიაში ხუთი სახეობის ასპარეზობა არსებობდა: პირველ სახეობას „Diu volge” ეწოდებოდა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ცნობები მსგავსი ასპარეზობის შესახებ და დანამდვილებით ვერ ვიტყვით თუ რას მოიცავდა იგი. მეორე სახის შეჯიბრი შემდეგნაირი გახლდათ: ერთი რაინდი რამდენიმე მეტოქეს ერკინება, მისი დანიშნულება იყო ერთ-ერთი მხედრის ცხენიდან ჩამოგდება, ხოლო დანარჩენთა დარტყმებისგან თავის არიდება და სამშვიდობოზე გასვლა. მესამე სახის ასპარეზობა ჩვენთვის ცნობილია, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით მას „mêléeეწოდებოდა. 
ვოლფრამ ფონ ეშენბახი (Codex Manesse, XIV ს.)

რაც შეეხება მეოთხე სახეობას, ეს მხედართა შეტაკება გახლდათ, რომლის დროსაც ერთ-ერთ რაზმს გვერდი უნდა აეარა მოწინააღმდეგისათვის და დაუცველ ადგილას უნდა დასხმოდა თავს. მეხუთე სახეობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სანახაობრივი და პოპულარული გახლდათ: ორი რაინდის შერკინება, რომლის შესახებაც დაწვრილებით ქვევით ვისაუბრებთ.     

რაინდთა ორთაბრძოლა                   

   რაინდთა ორთაბრძოლის უპირატესობა, ჯგუფურ შეტაკებასთან შედარებით, ის გახლდათ, რომ, აქ მეომარს მაქსიმალურად უნდა ეჩვენებინა თავისი სიმამაცე და სამხედრო ხელოვნება. XII საუკუნეში ორთაბრძოლები მანამდე ტარდებოდა, სანამ გუნდები გამოვიდოდნენ საასპარეზოდ. XIII საუკუნის მეორე ნახევრამდე, ორთაბრძოლა არ გადმოსულა წინა პლანზე.         
    ორთაბრძოლების პოპულარულობის ზრდის მიზეზი შუა საუკუნეების რაინდული ლიტერატურაც უნდა იყოს, რომლის მიხედვითაც რაინდული ორთაბრძოლები სიკეთისა და ბოროტების სამართლიანი დუელი გახლდათ. გერმანული რაინდული რომანები გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას, თუ როგორ მიმდინარეობდა რაინდთა ორთაბრძოლები.                
რაინდთა ტურნირი (Codex Manesse, XIV ს.)

   მონაწილენი მოწინააღმდეგეს, როგორც წესი, ფარზე, აბჯარზე ან მუზარადზე უმიზნებდნენ „მშვიდობის შუბს“. ულრიხ ფონ ლიხტენშტეინი აღწერს ბევრ ორთაბრძოლას, რომლის დროსაც რაინდები ერთმანეთს კისრის დამცავ აბჯარს უმსხვრევდნენ. ერთ-ერთ ბრძოლაში ულრიხმა შუბით გაარღვია მოწინააღმდეგის ფარი, ჯაჭვის პერანგი, და დაუამსხვრია კისრის დამცავი აბჯარი. რაინდი ცხენიდან გადმოვარდა და ძირს მომაკვდავი დაეცა. ულრიხი ასევე გვატყობინებს, რომ ყოველ მის სკვაირს სამ-სამი შუბი ჰქონდათ მისთვის, სხვადასხვა ფერის. ასევე ის და სხვა რაინდები, შუბის ბოლოში ზანზალაკებს ამაგრებდნენ, რომელიც დამატებით სილამაზეს სძენდა შუბსაც და თვითონ რაინდის მორთულობასაც.            
   ორთაბრძოლის თანახმად, რაინდებს შუბები უნდა შეელეწათ ერთმანეთის ფარზე, აბჯარზე ან მუზარადზე. ბრძოლა იქამდე გრძელდებოდა, სანამ რომელიმე რაინდი სამ შუბს არ დალეწავდა. იმის შესახებ, რომ ამხედრებული რაინდები მახვილით იბრძოდნენ, ცნობები არ მოგვეპოვება. თუ რომელიმე რაინდი მუზარადს მოიხდიდა იმას ნიშნავდა, რომ მას ბრძოლის გაგრძელება სურდა. ასეთ შემთხვევაში რაინდები ჩამოქვეითდებოდნენ და ერთმანეთს ხმლებით ებრძოდნენ. თუ მეომარი შუბის მოხვედრით ცხენიდან გადმოვარდებოდა და დიდ დაზიანებას არ მიიღებდა, მოწინააღმდეგეც ქვეითდებოდა თუ მას სურვილი ჰქონდა ორთაბრძოლის გაგრძელებისა.            
რაინდთა ორთაბრძოლა: ფრიდრიხ ფონ ლეინინგენი კლავს მოწინააღმდეგეს (Codex Manesse, XIV ს.)

  ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ცხენი ზიანდებოდა მოწინააღმდეგის შუბით. ასეთ შემთხვევაში წესების დამრღვევი დამარცხებულად ცხადდებოდა და ტურნირს ეთიშებოდა. ულრიხ ფონ ლიხტენშტეინი აღწერს ერთ-ერთ რაინდს, რომელმაც ათჯერ ააცდინა შუბი, მეთერთმეტე ცდაზე კი მოწინააღმდეგის ცხენი თავში დაჭრა. ცხენებს, როგორც წესი გალოპით აჭენებდნენ, რათა მაქსიმალური სიმძლავრით კვეთებოდნენ მტერს. ულრიხი ერთ-ერთ რაინდს აღწერს, რომელიც საკმაოდ ნელა აჭენებდა ცხენს, მან ვერცერთი შუბის შელეწვა ვერ შეძლო მოწინააღმდეგეზე.           
 XIII საუკუნეში უკვე გვხვდება ცნობები იმის შესახებ თუ როგორ ტარდებოდა ტურნირები. 1285 წელს შავენსში ჩატარდა ტურნირი, რომლის მოსაწვევებიც სტუმრებს სამი კვირით ადრე დაურიგეს. ჟაკ დე ბრიტე აღნიშნავს, რომ ტურნირის წინ დიდი ზეიმი გაიმართა, შემდეგ კი ორი დღის განმავლობაში ორთაბრძოლები ტარდებოდა. ჩვენ არ ვიცით ორთაბრძოლებში მონაწილეთა რაოდენობა, თუმცა ხემში ჩატარებულ ტურნირში ორი დღის განმავლობაში 180 ორთაბრძოლა გაიმართა. შავენსში ჰეროლდები ხმამაღლა აცხადებდნენ რაინდთა წარმომავლობასა და მათ სამხედრო დევიზებს. ორთაბრძოლებიდან მომდევნო დღეს იმართებოდა ჯგუფური ბრძოლები ე.წ. „mêlée“.         
მშვენიერი ქალბატონები        

  რაინდთა ცხოვრებაში ქალი დიდ როლს თამაშობდა. მათ ტურნირებზეც იქონიეს გავლენა - მრავალი რაინდი თავის ქალბატონს უძღვნიდა გამარჯვებას. ტურნირის მონაწილენი მაქსიმალურად იხარჯებოდნენ არენაზე და ცდილობდნენ საუკეთესო კუთხით წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები ქალბატონთა დასანახად. მრავალი რაინდი თავისი სატრფოს ნაბოძებ საჩუქარს ატარებდა თილისმის სახით, რომელიც ასპარეზობისას მისი განუყრელი ატრიბუტი იყო. საჩუქარი შეიძლება ყოფილიყო მანდილი, სამკაული და ა.შ.     
მშვენიერი ქალბატონები უყურებენ რაინდთა ორთაბრძოლას: ვალტერ ფონ კლინგენი ამარცხებს მოწინააღმდეგეს (Codex Manesse, XIV ს.)

  თითოეულ ტურნირზე აირჩევდნენ ქალბატონს, რომელსაც უფლება ჰქონდა ნებისმიერი ორთაბრძოლის შეჩერება მანდილის ძირს დაგდებით. ასევე ეს ქალბატონი აჯილდოებდა ტურნირის საუკეთესო მოასპარეზეებს.          

რაინდთა მომზადება და ვარჯიში 

 ოსტატობის ასამაღლებლად რაინდები სვეტზე დამაგრებულ სამიზნეს იყენებდნენ, რომელსაც შუბით ეჯახებოდნენ. სვეტს ბოლოში გააჩნდა მოძრავი ბერკეტი, ბერკეტის ერთ მხარეს ფარი იყო დამაგრებული, ხოლო მეორეზე ტვირთი (ძირითადად, ქვიშით სავსე ტომარა). მებრძოლი ფარს შუბით ეკვეთებოდა, ბერკეტი ტრიალს იწყებდა, თუ რაინდის სიჩქარე არ იყო სათანადოდ მაღალი, ზურგში ტომარა ხვდებოდა, რომლის მოხვედრაც საკმაოდ უსიამოვნო გახლდათ. ხშირად ფარის მაგივრად დაფაზე დახატულ სარკინოზს ამაგრებდნენ, რომელსაც ხელში ხის ხმალი ეჭირა.    
        

XIV-XV საუკუნის რაინდისა და საბრძოლო ცხენის აღჭურვილობა (აშშ, მეტროპოლიტენ მუზეუმი)

 რაინდთა მომზადებას ემსახურებოდა ერთ-ერთი ვარჯიში „რგოლის ჩამოცმა“. სპეციალურ სვეტზე დამაგრებული გახლდათ რგოლი, რაინდი გალოპით აჭენებდა ცხენს. სვეტზე ზამბარისებული მექანიზმი იყო დამაგრებული. სწორად დარტყმის შემთხვევაში, რგოლი შუბს ჩამოეცმეოდა. სავარჯიშო შუბი უფრო მოკლე გახლდათ ვიდრე ის, რომელსაც ასპარეზობისას იყენებდნენ. ჩვენამდე შემორჩენილია XVII საუკუნის საასპარეზო შუბი, რომლის სიგრძე 3,17 მეტრია, ხოლო წონა 3,15 კილოგრამი.      

ტურნირები XIV საუკუნეში   

  ჰენრი III-სგან განსხვავებით, მებრძოლი ხასიათის მქონე ედვარდ III ტურნირების ჩატარებას ხელს არ უშლიდა და აქტიურად მონაწილეობდა მათ ორგანიზებაში. XIV საუკუნეში ტურნირები გაცილებით უსაფრთხო გახლდათ და წესების დაცვასაც მკაცრად მოითხოვდა. 1344 წელს ედვარდ III-მ ბრძანება გამოსცა ლინკოლნში ყოველწლიური ტურნირის ჩატარების შესახებ. იქნებოდა ეს  მშვიდობიანობის დრო თუ ომიანობისას. დერბის გრაფი სიცოცხლის ბოლომდე დაინიშნა ტურნირთა თავჯდომარეთ, შემდეგ ეს პოსტი არჩევითი გახდა. 
  ტურნირს ხშირად ახლდა ჩოჩქოლი, რომელიც გამოწვეული იყო მაყურებელთაგან. ამის საწინააღმდეგოდ ნელ-ნელა იხვეწებოდა ტურნირის ფორმალობები, ნორმები და ქცევის წესები.     
   მეომრები არენაზე 3-3-ჯერ გამოდიოდნენ, თითოეულ მეომარს ხმლით, ხანჯლითა და ნაჯახით, მხოლოდ სამი დარტყმის განხორციელება შეეძლო. საუკუნის ბოლოს დარტყმათა რაოდენობა გაიზარდა. XIV საუკუნეში ტურნირის დროს დაშავება და ჭრილობები ისევ ჩვეულებრივ მოვლენად რჩებოდა. იყო ასევე სიკვდილის შემთხვევებიც.            
ჰენრი VIII-ს იტალიური (მილანი ან ბრეშა) აბჯარი, დამზადებული XVI ს. შუა წლებში (აშშ, მეტროპოლიტენის მუზეუმი)

  ტურნირთა ჩატარებისას ხშირად წარმოდგენები იმართებოდა, განასახიერებდნენ სხვადასხვა ბრძოლის სცენებს ისტორიიდან. 1385 წელს პარიზში ჩატარებულ ტურნირში მებრძოლთა ერთი მხარე რიჩარდ ლომგულის ჯვაროსნებივით იყვნენ გამოწყობილნი, ხოლო მეორე - სალადინის სარკინოზებივით. ასევე გაჩნდა „უცნობი რაინდის“ ცნება, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახლდათ და ამ ყველაფერს ხელი იმდროინდელმა ლიტერატურამ შეუწყო. მეფე ჰენრი VIII ხშირად ჩნდებოდა ტურნირებზე ყოველგარი ემბლემისა და ჰერალდიკური გერბის გარეშე.    
  ტურნირი სულ უფრო ნაკლებად გავდა რეალური ბრძოლისთვის მომამზადებელ ღონისძიებას. მასში მონაწილეობა დღითიდღე რთულდებოდა, ახალგაზრდა რაინდებს არ ეძლეოდათ საშუალება დაემტკიცებინათ თავიანთი სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა, რადგან სატურნირო აღჭურვილობა და ცხენები საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ასევე შეიზღუდა ტურნირში მონაწილეთა რაოდენობაც. 
დასავლეთევროპელი რაინდი XIV ს. 

  XIV საუკუნეში შეიცვალა მონაწილეთა აღკაზმულობაც. გვხვდება მუზარადები, რომლებზეც ფერადი პარიკები იყო დამაგრებული. ასევე შემოდის ბეგთარი, მკერდის დასაცავად განკუთვნილი ლითონის მთლიანი ფირფიტისგან დამზადებული აბჯარი. გვხდება ლითონის სამკლაური, რომელიც მარცხენა ხელს იცავდა. ხშირი იყო, როდესაც რაინდი ფარს მხარზე იმაგრებდა და ისე იბრძოდა.  

ორთაბრძოლა სამართლის დასადგენად   
            
 ძველ გერმანულ ტომებში ხშირად იმართებოდა ორთაბრძოლები დამნაშავის გასარკვევად. შუა საუკუნეების ევროპის მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაშიც შემორჩა მსგავსი კანონი. კანონი ეფუძნებოდა იმას, რომ ღმერთი განსჯიდა ყველაფერს და უდანაშაულო აუცილებლად მიაღწევდა გამარჯვებას მისი შეწევნით. ამ ხერხს ხშირად მეფეებიც მიმართავდნენ. ორთაბრძოლა ყველანაირი აბჯრის გარეშე ტარდებოდა. ორთაბრძოლაში გამოიყენებოდა მართკუთხა ფორმის ფარი და ხის ხელკეტი, რომელიც ბოლოში მოხრილი გახლდათ. ორთაბრძოლა იმართბოდა ოვალურ ან წრიულ შემოღობილ არენაზე.          






ორთაბრძოლა სამართლის დასადგენად (საქსენშპიგელის კოდექსი, XIV ს.) 

მონაწილეებს ტყავის სამოსი ეცვათ, რომელსაც ქონს უსმევდნენ, რათა მოწინააღმდეგეზე ხელით ჩაჭიდება აერიდებინათ. გერმანიაში ასეთი ორთბრძოლის მონაწილეთა კარავში ინახებოდა საკაცე, კუბო და ოთხი სანთლი. ეს ყველაფერი ფატალური შედეგისთვის იყო გათვლილი, რადგან სიკვდილიანობა ასეთ ორთაბრძოლაში ხშირი გახლდათ.  გვხვდება ორთაბრძოლები, რომლებშიც გამოიყენებოდა გალესილი იარაღი, ეს დამოკიდებული იყო წინასწარ შეთანხმებაზე.             
 ასეთი ორთაბრძოლები იმართებოდა XIX საუკუნემდე. უკანასკნელი ბრძოლა სამართის დასადგენად ინგლისში შედგა 1817 წელს, რომლის შემდეგაც კანონიდან ამოიღეს სიმართლის დამადგენელი ეს ხერხი.   

ტურნირები XV საუკუნეში    

  XV საუკუნე ტურნირების გაფურჩქვნის ხანად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ღონისძიება ულამაზეს სანახაობად იქცა. მეფეებსა და პრინცებს აღარ აშინებდათ ტურნირზე დაღუპვის საშიშროება. პირიქით, ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ და სხვადასხვა ბრძოლებს განასახიერებდნენ, რომლებიც ორგანიზატორთა უსაზღვრო ფანტაზიით იყო დადგმული. XV საუკუნეში ყველაზე ხშირად, ტურნირები ბურგუნდიაში ტარდებოდა. მონარქი ამ ყველაფერს რაინდებთან და მხედართმთავრებთან დასაახლოებლად აკეთებდა. 
ქალაქი მილანი (მედიოლანუმი) XV საუკუნეში (ნურემბერგის ქრონიკა, 1493)

 იტალიაში ტურნირები თითქმის ყველა ქალაქში ტარდებოდა, მათი ორგანიზატორები კი ძირითადად მედიჩები იყვნენ. ტურნირები ტარდებოდა მილანში, ფლორენციაში, ვენეციაში და რომშიც კი.    გერმანიაში საუკუნის პირველ ნახევარში ტურნირებმა პოპულარულობა დაკარგა, თუმცა 1479 წელს ჩატარებულ ვიურნზბერგის ტურნირმა, გერმანელ ხალხში კვლავ გააღვივა ინტერესი მის მიმართ. სხვადასხვა ქალაქებში უკვე არსებობდა ტურნირების ორგანიზების გაერთიანებები და საბჭოები.      
 XV საუკუნეში გაიზარდა ქვეითად ასპარეზობების პოპულარულობა. ხშირად რაინდები ამხედრებულად ბრძოლის შემდეგ ქვეითდ ერკინებოდნენ ერთმანეთს. ამ სახის ასპარეზობა შესაძლოა სამართლის დამადგენელი ბრძოლიდან მოდიოდეს.  

რენე ანჟუელის ტრაქტატი     

 1440 წელს რენე ანჟუელმა გამოსცა ტრაქტატი, სადაც აღწერილია ტურნირის ჩატარების ფორმალობები და დეტალები, რომლებიც საფრანგეთში, გერმანიაში, ფლანდრიაში და ბრაბანტში ეწყობოდა.    
 ლორდი, რომელიც მოისურვებდა ტურნირის ჩატარებას მთავარ ჰეროლდს იწვევდა, რომელსაც სიმბოლურად ხის ხმალს გადასცემდა. ტურნირის დღეს ქალაქში პირველი ცხენზე ამხედრებული ლორდი შედიოდა, მის უკან კი ტურნირში მონაწილე რაინდები და მათი სკვაირები. მათ უკან მოჰყვებოდნენ მესაყვირენი, მენსტერელები, ჰეროლდები, მსაჯები, მთავარი ჰეროლდი და სხვა მონაწილენი.            
რენე ანჟუელი თავის სენიორს საფრანგეთის მეფეს უხდის საფეოდო გადასახადს (XV ს. მინიატურა)

 მსაჯებს ჰქონდათ ტილოები, რომლებზეც აწერდნენ ტურნირის მთვარი მონაწილეების სახელებსა და მათ გერბებს გამოსახავდნენ. შენდებოდა დროებითი ეკლესია, რომელშიც გამოფენილი იყო ყველა მონაწილის გერბი. ყველა რაინდი აღჭურვილობის გარეშე იკრიბებოდა არენაზე, სადაც ისინი დებდნენ ფიცს, რომ არ დაარღვევდნენ კანონებს.       

ტურნირის წესები XV საუკუნეში    

  ინგლისში 1466 წელს მეფე ედვარდ IV-ის ბრძანებით შედგა ტურნირის წესები, რომლებიც მკაცრად კონტროლდებოდა და ეხებოდა ყველა სახეობას, რომელიც იმ დროს ინგლისში იმართებოდა. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა დროს ენიჭებოდა რაინდს ჯილდო:      
1. თუ რაინდი მოწინააღმდეგეს გადმოაგდებდა ცხენის ზურგიდან ან ცხენიანად წააქცევდა მიწაზე.             
2. თუ რაინდი მოწინააღმდეგის შუბის რკინის დაბოლოებას ორჯერ მოარტყამდა თავის შუბს.         
3. თუ რაინდი სამჯერ მოარტყამდა მოწინააღმდეგეს მუზარადზე თვალებს შორის.     
4. თუ რაინდი დალეწავდა რამდენიმე შუბს წესების დარღვევის გარეშე.            
5. თუ რაინდი გაძლებდა არენაზე მუზარადის დაკარგვის გარეშე სხვებზე დიდხანს. არ დაარღვევდა და დაიცავდა რაინდთა კოდექსს, ასევე მიაყენებდა მტერს მრავალ დარტყმას - სასურველი იყო შუბით.           
   რაინდი დაკარგავდა ჯილდოს, თუ იგი დააშავებდა მოწინააღმდეგის ცხენს ან თვითონ მოწინააღმდეგეს დაარტყამდა ზურგში.            







ორ საბრძოლო რაზმად მოწყობილი რაინდები ელოდებიან ტურნირის დაწყების ნიშანს (მეფე რენეს ანუ რენე ანჟულის ტურნირთა წიგნი, XV ს)

XV საუკუნეში პირველად ჩნდება გამყოფი ბარიერი ორთაბრძოლების დროს. მისი გამოყენების მიზეზი ის გახლდათ, რომ რაინდები არ დაჯახებოდნენ ერთმანეთს და ამით არ დაეზიანებინათ როგორც ცხენები ასევე საკუთარი თავი. პირველ ცნობებს ბარიერის შესახებ 1429 წელს არასში ჩატარებული ტურნირიდან ვღებულობთ, სადაც უბრალო ბაწარი ყოფდა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისგან.      
 ბარიერი თავიდან იტალიაში ჩნდება, შემდეგ ინგლისშიც ვრცელდება, ხოლო გერმანიაში საუკუნის მიწურულს შეიტანეს ტურნირის ეს დეტალი. ბარიერის გამოჩენასთან ერთად პარალელურად უბარიერო ორთაბრძოლებიც მიმდინარეობდა. საუკუნის ბოლოსკენ ბარიერის დიზაინიც შეიცვალა: უბრალოდ გაჭიმული ბაწრის მაგივრად, ხის ღობე კეთდებოდა, რომლის სიმაღლეც 1,8 მეტრს აღწევდა.     

ტურნირები XVI საუკუნეში და მისი გაქრობის მიზეზები   

  XVI საუკუნეში ტურნირთა ჩატარების ცენტრად საღვთო რომის იმპერია იქცა. ძირითად ცნობებსაც ამ პერიოდის ტურნირებზე სწორედ გერმანიიდან ვიღებთ.     
 ამ პერიოდში გერმანიაში შემოდის სხვადასხვა სახის ასპარეზობები, რომელსაც თვითონ იმპერატორებიც იფიქრებდნენ. ასპარეზობათა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა უმთავრესი მაინც მოწინააღმდეგის ცხენიდან ჩამოგდება და შუბების დალეწვა გახლდათ.    
  XVI საუკუნის ტურნირთა ორგანიზატორების ფანტაზიას საზღვარი აღარ გააჩნდა, იმართებოდა ბრძოლები ტყეში, ხდებოდა სხვადასხვა სცენების გათამაშება, ასევე პოპულარული იყო ბუტაფორიული ციხე-სიმაგრის თუ ხომალდის შტურმით აღება და სხვა. ციხე-სიმაგრის აღება განსაკუთრებით პოპულარული იყო. მრავალი შეტაკება რეალურ ბრძოლაშიც გადაზრდილა. იყო ალყები, რომლებიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა. შტურმის დროს ქვემეხებსაც იყენებდნენ, რომელიც, როგორც შემტევ, ასევე დამცველ მხარეებს ჰქონდათ. 
XVI საუკუნის რაინდთა სატურნირე აღჭურვილობა (ნურემბერგის ტურნირთა წიგნი, XVI ს.)
   
 XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან ტურნირთა პოპულარულობამ იკლო. ტურნირზე ყოველთვის არსებობდა დაშავების ან სიკვდილის საშიშროება, როგორი უსაფრთხოების ზომებიც არ უნდა ყოფილიყო მიღებული.      
 ინგლისის მეფე ჰენრი VIII კინაღამ მოკლეს 1524 წლის მარტში გამართულ ტურნირზე. საფოლკის ჰერცოგმა მეფეს მუზარადზე შუბი შეალეწა. შუბის ნამსხვრევებმა მუზარადში შეაღწიეს, თუმცა მეფე სიკვდილს გადაურჩა. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა საფრანგეთის მეფე ანრი II. 1559 წელს მისი მოწინააღმდეგე გაბრიელ დე ლორჟი, მონტგომერის გრაფი გახლდათ, რომელმაც დამატებითი შუბი მოითხოვა ორთაბრძოლისას. მან მუზარადზე შეალეწა შუბი მეფეს. იმის გამო, რომ შეტაკების შემდეგ მონტგომერიმ შუბს ხელი არ გაუშვა და ძირს არ დააგდო, დალეწილმა შუბმა დიდი ზიანი მიაყენა მეფეს და იგი მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ ტურნირთა პოპულარულობამ იკლო და ნელ-ნელა საბოლოოდ გაქრა.   
 XIX საუკუნეში იყო მცდელობები ტურნირთა აღდგენისა და რამდენიმე დიდი ფესტივალიც ჩატარდა, თუმცა ვეღარ დაიბრუნა ის პოპულარულობა, რომელიც შუა საუკუნეებში გააჩნდა და მალევე გაქრა.           
ეგლინტონის ტურნირი 1839 წელს      

შუა საუკუნეები წარმოუდგენელია რაინდული ორთაბრძოლებისა და ტურნირების გარეშე. ეს ყველაფერი რაინდთა ცხოვრების წესად იყო ქცეული. თვალისმომჭრელ სანახაობას აოცებდა და აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი. ტურნირები ყმაწვილებს რაინდული სულისკვეთებით ზრდიდა, უდიდეს სიხარულს ანიჭებდა მშვენიერ ქალბატონებს, როდესაც მათი რჩეული არენაზე სასწაულებს ახდენდა. შუა საუკუნეებში, ევროპის მაცხოვრებლებს ჰქონდათ ბედნიერება თვალი ედევნებინათ ისეთ რაინდთა ასპარეზობებისთვის, როგორებიც იყვნენ: უილიამ მარშალი, ულრიხ ფონ ლიხტენშტეინი, ზავიშა შავი, ედვარდ III-ის ვაჟი, რომელსაც „შავი პრინცის“ სახელით მოიხსენიებდნენ და სხვა მრავალნი, რომელთა სატურნირო მიღწევებიც მთელ ევროპაში იყო განთქმული.             

სახელგანთქმული რაინდები           

 უილიამ მარშალი - პემბროკის პირველი გრაფი, რომელიც XII-XIII საუკუნეებში ინგლისის მეფეებს ემსახურებოდა. სახელი გაითქვა მრავალ ტურნირში მონაწილეობით. 1177 წელს უილიამმა რაინდ როჯერ დე ჰაგთან ერთად, სულ რაღაც 10 თვეში 103 რაინდის დამარცხება და მათი ტყვედ ჩაგდება შეძლო. ამ ყველაფერმა მას სიმდიდრე და სახელი მოუხვეჭა.     
ულრიხ ფონ ლიხტენშტაინი (Codex Manesse, XIV ს.)

   ულრიხ ფონ ლიხტენშტეინი - XIII საუკუნის ავსტრიელი პოეტი, შტირიის საჰერცოგოდან. მან იმოგზაურა ვენეციიდან ვენამდე, რომლის დროსაც ყოველ შემხვედრ რაინდს ბრძოლაში იწვევდა. მან ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა, მთლიანობაში კი 307 შუბი დალეწა. ულრიხ ფონ ლიხტენშტეინის დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ XIII საუკუნის ტურნირების შესახებ დიდ ინფორმაციას ვფლობთ.          
ზავიშა შავი (ფრაგმენტი იან მატეიკოს „გრიუნვალდის ბრძოლის" პანორამიდან, 1878)
   
   ზავიშა შავი - პოლონელი რაინდი და დიპლომატი XV საუკუნის დასაწყისში. მან დიდება პერპინიანის ტურნირზე მოიხვეჭა, სადაც ერთ-ერთი უძლიერესი რაინდი ხუან არაგონელი შუბის ერთი დარტყმით ცხენიდან ჩამოაგდო. იგი 1428 წელს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცა. ზავიშა შავი პოლონელი მწერლის, ჰენრიკ სენკევიჩის ცნობილი რომანის „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი გმირიც არის.


ლევან ტავლალაშვილი