სარიყამიშის ბრძოლა I მსოფლიო ომის პროცესში კავკასიის ფრონტზე რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის მიმდინარე ხანგრძლივი სამხედრო მოქმედებების მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამ ბრძოლამ განაპირობა რუსთა უპირატესობა ოსმალეთთან ომში 1917 წლამდე.(1) სამხედრო თვალსაზრისით კი სარიყამიშის ბრძოლა იყო ოსმალური ჯარის კატასტროფული მარცხი, უზარმაზარი დანაკარგებით და გზის გათავისუფლება რუსეთის არმიისთვის ანატოლიის ზეგანისკენ.
მხარეთა სამხედრო გეგმა და მიზნები
ოსმალეთის იმპერიის ომის მინისტრი ისმაილ ენვერ ფაშა, რომელიც ოსმალეთის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. ის დარწმუნებული იყო, რომ გერმანია სწრაფ გამარჯვებას მოიპოვებდა „ანტანტასთან" ომში, ამიტომ მისი ხელმძღვანელობით ოსმალეთის მინისტრთა კაბინეტის წამყვანმა წევრებმა გერმანიასთან 1914 წლის 2 აგვისტოს საიდუმლო ალიანსი გააფორმეს რუსეთის წინააღმდეგ და დაიწყეს არმიის მობილიზება. პრო-გერმანულ ოსმალებს ეშინოდათ რუსეთის მიზნისა, დაუფლებოდა სტამბოლს და იმედოვნებდნენ რომ დაიბრუნებდნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და ეგვიპტეს. პან-თურქული მოძრაობის ლიდერებს სურდათ რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ მყოფი თურქების იმპერიისთვის შემოერთება.(2)
ოსმალეთის იმპერიას კავკასიის ფრონტზე სამოქმედოდ III არმია ჰყავდა. მათ თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა ართვინის, არტაანის, ყარსისა და ბათუმის დაკავება. წარმატების შემთხვევაში ოსმალებს თბილისისკენ გზა ხსნილი ექნებოდათ და შემდეგ შეეცდებოდნენ კავკასიელი მუსლიმების რუსების წინააღმდეგ აჯანყებასაც. გერმანელები კი იმედოვნებდნენ, რომ მოხერხდებოდა რუსეთისთვის გზის გადაჭრა კასპიის ზღვის ნავთობსაწარმოებისკენ.
ევროპა I მსოფლიო ომის ზღვარზე
რუსეთის იმპერიას თავისი მიზნები ჰქონდა ოსმალეთთან დაპირისპირებისთვის და არახელსაყრელად თვლიდა ინგლისელებისა და ფრანგების მცდელობებს ანტანტის მხარეს თურქების გადმოსაბირებლად, რადგან XIX საუკუნეში რუსეთმა დაკარგა პოზიციები ახლო და შუა აღმოსავლეთში და ამ ომის საშუალებით სურდა აღედგინა თავისი მდგომარეობა.(3) ინგლისსა და საფრანგეთს ფაქტობრივად არაფერი გამოუვიდათ, თან მათ თავიანთი ინტერესები ნაწილობრივ დათმეს აღმოსავლეთში, რადგან რუსეთის დახმარება ევროპის ფრონტზე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.(4) საბოლოოდ როგორც აღვნიშნეთ ოსმალეთი ანტანტის წინააღმდეგ ჩაება ომში. მიუხედავად იმისა, რომ თურქები ანტანტის მხარეს ვერ გადაიბირეს, ინგლისი და საფრანგეთი ცდილობდნენ რაც შეიძლებოდა გაეწელათ ოსმალეთის ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რათა რუსეთის არმიას მისცემოდა შესაძლებლობა თავისუფლად ემოქმედა ევროპაში გერმანელების წინააღმდეგ, გერმანელებს კი სურდათ რუსეთ-ოსმალეთის ჯარების დაპირისპირება მალე დაწყებულიყო. ზოგადად, ოსმალეთის მსოფლიო ომში ჩართვის შემდეგ იმპერიაში გერმანული გავლენა ძალიან გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი, სურსათ-სანოვაგით მომარაგება, ფინანსები და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო პრობლემების გადაჭრა ოსმალთა ხელში რჩებოდა, გერმანელი მოხელეები მუდმივად მოქმედებდნენ ისე, როგორც სურდათ.(5)
გერმანელი ჯარისკაცები მატარებლით ფრონტისკენ მიემართებიან (1914 წ.)
1914 წლის 10 აგვისტოს გერმანელებმა ორი საბრძოლო კრეისერი შეიყვანეს დარდანელში. ამან სათანადოდ გააძლიერა ოსმალური ფლოტი შავ ზღვაში, თუმცა კი ის ფაქტობრივად გერმანელთა დაქვემდებარებაში გადავიდა, ისევე როგორც ოსმალური არმია, რომლის საომრად მომზადებაში თურქებს გერმანელები ეხმარებოდნენ. 29 ოქტომბერს ოსმალურმა ფლოტმა, რომელშიც გერმანული ხომალდებიც შედიოდნენ, შეუტია რუსულ პორტებს შავ ზღვაში.(6) რუსეთმა 2 ნოემბერს ომი გამოუცხადა ოსმალეთს. მას მალე მიყვნენ ინგლისი და საფრანგეთიც.(7) 12 ნოემბერს ოსმალეთმა „საღვთო ომი" გამოუცხადა ანტანტას. „სულთანმა გამოაცხადა ჯიჰადი, საღვთო ომი, რათა წაექეზებინა ჩრდილოეთ აფრიკის მუსლიმები საფრანგეთის, ეგვიპტელები, სუდანელები, ინდოელები ინგლისელების, ცენტრალური აზიის ხალხები კი რუსების წინააღმდეგ, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ოსმალეთის სულთან-ხალიფას ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებთან - გერმანიასა და ავსტრო-უნგრეთთან კავშირიც იყო".(8)
მეჰმედ V. ოსმალეთის სულთანი 1909-1918 წლებში
თურქეთის წინააღმდეგ ომი ძირითადად სამი მიმართულებით განვითარდა - კავკასიის, მესოპოტამიისა და სირია-პალესტინის ფრონტებზე.(9) რუსები ამ შემთხვევაში კავკასიის ფრონტზე მოქმედებდნენ, სირია-პალესტინასა და მესოპოტამიაში კი ინგლის-საფრანგეთის ძალები იბრძოდნენ. 1914 წლის ბოლო თვეების განმავლობაში, ოსმალური ძალები სულსწრაფი ენვერ ფაშას მეთაურობით აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ რუსეთის წინააღმდეგ.(10) ოსმალები თავაპირველად ყარსის მიმართულებით დაიძრნენ და შეიჭრნენ ბათუმის ოლქში, მაგრამ მათი წინსვლა მალე შეაჩერა რუსეთის „კავკასიის არმიამ". დეკემბერში თურქებმა შევსება მიიღეს და საქმეში ჩაერთო ოსმალეთის მთელი III არმია. ეს იყო სარიყამიშის ოპერაციის დასაწყისი, რომლის მეშვეობითაც თურქები აპირებდნენ `კავკასიის არმიის" გარემოცვასა და განადგურებას.
ბათუმი (1911 წ.)
1914 წლის 15 ნოემბერიდან რუსული არმიები თურქეთის საზღვარზე გადავიდნენ. სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე `კავკასიის არმია" ორ შენაერთად იყო დაყოფილი - ყარსის მიმართულებაზე იდგა 6 დივიზია (სარიყამიშისა და ოლთისის რაზმები); ერევნის მიმართულებაზე (ერევანი-ალაშკერტი) კავალერიის 2 ძლიერი დივიზია. არმიათა ფლანგებს იცავდნენ კაზაკები და ადგილობრივი მოსახლეობისგან მობილიზებული რაზმები. მარჯვენა ფლანგს შავი ზღვის სანაპირო და ბათუმი წარმოადგენდა, მარცხენას - ირანის აზერბაიჯანი და ქურთებით დასახლებული რაიონები, სადაც ოსმალებმა ქურთთა არარეგულარული ცხენოსანი ნაწილების ჩამოყალიბება დაიწყეს.
მოწინააღმდეგე მხარეთა სამხედრო ძალები
ოსმალეთის არმია
ორმა ომმა, რომელიც ოსმალეთმა აწარმოა - ტრიპოლიტანიის (აფრიკაში) 1910 წელს და ბალკანეთის 1912 წელს - გამოიწვია თურქეთის სამხედრო ძალების მოშლა. არმია ახალი ომისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. 1912 წელს ჩატარდა სამხედრო მეთაურობის გადახალისება. ისმაილ ენვერ ფაშას მეთვალყურეობით, ძველი მეთაურების ნაცვლად დაინიშნენ ახალი სარდლები. გერმანულმა მისიამ, რომელიც 1913 წელს მიიწვია ოსმალეთის მთავრობამ, ნაწილობრივ მოაწესრიგა ეს საქმე. მაღალ სამხედრო მეთაურობას გააჩნდა ერთგვარი სამხედრო განათლება, მაგრამ მაინც არ იყო მზად თანამედროვე ომის წარმოებისა და მთაგორიან რელიეფზე მოქმედებისთვის.
III თურქული არმიის მობილიზაცია რთულ პირობებში მიმდინარეობდა. არმიას ბევრი პრობლემა ჰქონდა: აკლდა არტილერია და მოუწესრიგებელი ჰქონდა სურსათ-სანოვაგით მომარაგების გზები.
ისმაილ ენვერ ფაშა
III თურქული არმია შედგებოდა IX, X და XI საარმიო კორპუსებისგან, II საკავალერიო დივიზიისგან, ქურთთა კავალერიის ოთხნახევარი დივიზიისგან და მესოპოტამიიდან გადმოსროლილი ორი ქვეითი დივიზიისაგან.
თითოეული საარმიო კორპუსი სამი ქვეითი დივიზიისგან შედგებოდა. თითოეული დივიზია კი სამი ქვეითი და საარტილერიო პოლკისგან და მესანგრეთა ასეულისგან. პოლKკში შედიოდა ქვეითთა სამი ბატალიონი და ერთი მეტყვიამფრქვევთა ასეული, საარტილერიო პოლკი - 2-3 საველე ან სამთო დივიზიაზე 2-3 საარტილერიო ბატარეა, თითოეულ ბატარეაში შედიოდა 4 ზარბაზანი. ქურთთა ცხენოსანი რაზმები ცუდად იყვნენ მომზადებულები და არ იყვნენ დისციპლინირებულები. არტილერიაში შედიოდა შნაიდერისა და კრუპის თანამედროვე სისტემის ქვემეხები. ქვეითები აღჭურვილები იყვნენ მაუზერის შაშხანებით. რადგან ოსმალეთის არმიის მცირე ნაწილი იყო სათანადო სამხედრო განათლების მქონე და არმიაში თითქმის არ ჰქონდათ სატელეფონო აპარატები და ტელეგრაფი, შენაერთებს შორის კავშირი ხშირად ცხენოსან შიკრიკებზე იყო დამოკიდებული. გერმანელი ოფიცრების აზრით, რომლებიც კარგად იცნობდნენ ოსმალეთის არმიას, თურქებს შეეძლოთ შეტევა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ ენერგიული, სწრაფი და გამანადგურებელი იერიშის მიტანას. ფორსირებულ მარშებში ისინი არ იყვნენ გაწვრთნილები, რაც დამატებით პრობლემებს ქმნიდა სწრაფი გადასვლების დროს. არმიას არ ჰქონდა სათანადოდ მომზადებული სალაშქრო აღჭურვილობაც.(11)
1. მუსტაფა ქემალი 2. ენვერ ფაშა 3. თურქი მედროშე
თურქები სარგებლობდნენ რუკით, რომლის მასშტაბი იყო 1/200000 და შეიცავდა უამრავ შეცდომას. ამ რუკაზე, როგორც IX კორპუსის მეთაური აღნიშნავს თავის მემუარებში, როდესაც რუკაზე აღნიშნული იყო, რომ მთებს იქით კარგი სავალი გზა იწყებოდა, სინამდვილეში იქ საცალფეხო ბილიკები ხვდებოდათ. ამას გარდა ეს რუკებიც მცირე რაოდენობით ჰქონდათ და მისი გამოყენების შემთხვევაშიც სჭირდებოდათ გამყოლების გაძღოლა წინ. ამავე დროს სამხედრო ოპერაციების მთელი რაიონის რუკა მასშტაბით 1/84000-ზე, ჰქონდათ რუსებს, თურქებს კი ეს გათვალისწინებული არ ჰქონდათ.(12)
ოსმალეთის არმიას სარიყამიშის სამხედრო ოპერაციის პერიოდში უკვე ომის მინისტრი ისმაილ ენვერ ფაშა სარდლობდა, რომელმაც შეცვალა ჰასან იზეთ ფაშა, რომელიც პესიმისტურად იყო განწყობილი შეტევითი გეგმის მიმართ. შტაბის უფროსად დაინიშნა გერმანელი გენერალი ბრონზარტ ფონ შელენდორფი. მისი თანაშემწე იყო მაიორი ფელდმანი.(13) მეთაურებს შორის იყო ჰაზიფ ჰაკი ფაშაც.
1. კავალერიის ოფიცერი 2. თურქი ცხენოსანი 3. არარეგულარული ჯარის ქურთი ოფიცერი
1914 წლის დეკემბერში, ოსმალეთის არმია კავკასიის ფრონტზე 150 ათასს აღწევდა, მათი ნაწილი ერზერუმის და სხვა პუნქტების გასამაგრებლად იყო დატოვილი. ფაქტობრივად სამხედრო ოპერაციების მონაწილე საარმიო ნაწილები 118 660 ჯარისკაცს შეადგენდნენ.(14)
რუსეთის არმია
რუსული საარმიო კორპუსები შედგებოდა ჩვეულებრივ ორი ქვეითი დივიზიისგან. დივიზიაში ორი ბრიგადა შედიოდა, თითოეულში ორი ქვეითი პოლკით. პოლკში - ოთხი ბატალიონი, რომელთაგან ყველას 8 ტყვიმფრქვევი ჰქონდა. ქვეით დივიზიებზე მიმაგრებული იყო საარტილერიო ბრიგადა 6-8 ბატარეით (თითოეულში 8 ქვემეხი). რუსულ ნაწილებს თან ახლდა კაზაკთა ასეულებიც. არც ჯარს და არც მის აღალს არ გააჩნდა სამთო აღჭურვილობა, გარდა სამთო ბატარეებისა. მთაგორიან ზონაში მოქმედებისთვის ჯარისკაცები ნაკლებად იყვნენ გაწვრთნილები. რუსეთის არმიის სისუსტეებს ითვალისწინებდნენ ოსმალეთის III არმიის გერმანელი ინსტრუქტორებიც. მათ იცოდნენ, რომ ოსმალეთის ჯარი არ იყო სათანდოდ მზად, მაგრამ არც რუსთა არმია გამოირჩეოდა მობილურობითა და მანევრირების უნარით. კომუნიკაციის პრობლემა გააჩნდათ რუსულ ნაწილებსაც. ამ პრობლემას ართულებდა მთაგორიანი რელიეფი, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ებრძოდნენ. რადიოკავშირი იყო მხოლოდ ცენტრალურ შტაბებს შორის იყო. საინჟინრო საქმეს არმიაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა. მხოლოდ ფრონტის წინა ხაზზე თხრიდნენ სანგრებს და თანაც ნაკლებად ღრმას. სხვა ტიპის გამაგრებებს კი ნაკლებად აკეთებდნენ, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა.
რუსეთის არმიის კაზაკები (1915)
საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ორივე არმია ცუდად იყო მომზადებული ზამთრის სამთო ოპერაციებისთვის და თითქმის არ ჰყავდათ მეთხილამურეთა რაზმები, რომელთაც ასეთი ომის პირობებში წარმატების მოტანა შეეძლოთ.(15)
კავკასიის არმიის საერთო რიცხოვნობა დაახლოებით 100 ათას ქვეითს, 15 ათას მხედარს და 256 ქვემეხს შეადგენდა, ამას გარდა სულ ცოტა 150 ათასამდე ადგილობრივი რეზერვისტი გაიწვიეს 1 სექტემბრისთვის. არმიის ძირითადი რეზერვი თბილისის მიდამოებში იყო განლაგებული.(16)
რუსეთის არმიის ნომინალური სარდალი კავკასიის მეფისნაცვალი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი იყო, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და არ გააჩნდა სამხედრო გამოცდილება, ამიტომ ფაქტობრივ სარდალს გენერალი ალექსანდრ მიშლაევსკი წარმოადენდა. მიშლაევსკი უმაღლეს სამხედრო აკადემიაში სამხედრო ისტორიის ყოფილი პროფესორი იყო და არც მას გააჩნდა სათანადო გამოცდილება კავკასიის ფრონტის ხელმძღვანელობისთვის. საბედნიეროდ, აქ იყო გენერალი ნიკოლაი იუდენიჩიც, რომელიც გამოცდილიც იყო და საერთოდ ენერგიული კაცი გახლდათ.(17)
სამხედრო მოქმედებები სარიყამიშის ბრძოლამდე
19 ნოემბერს სარიყამიშის რაზმმა, რომელშიც 1 კავკასიური და 2 თურქმანული კორპუსი შედიოდა (გენერალი გეორგ ბერხმანის მეთაურობით) (18), დამატებითი ნაწილებით (სულ 53 ბატალიონი 138 ზარბაზანი და კაზაკთა 40 ასეული) დაიკავა ყარა-დერბენდის სამთო გადასასვლელი და კეპრი-კეის პოზიციები, რომელიც თურქეთის საზღვრიდან ერზერუმამდე შუა გზაზე მდებარეობდა. ოლთისის რაზმმა (გენერალ ნიკოლაი ისტომინის სარდლობით) (19), რომელშიც ქვეითთა ბრიგადა შედიოდა არტილერიითა და კაზაკთა 6 ასეულით, იდამდე მიაღწია. ერევნის მიმართულებაზე დაძრულმა რუსულმა ჯარებმა კი აიღეს ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი და კარაკილისი, რითაც საიმედოდ უზრუნველყო სარიყამიშის რაზმის მარცხენა ფლანგისა და ზურგის დაცვა, ასევე სასაზღვრო რაიონების დაცვა ქურთთა ცხენოსანი რაზმებისგან. აზერბაიჯანიდან გამოსულმა რუსულმა შენაერთებმა დაიკავეს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი ოსმალეთ-ირანის საზღვარზე.
გენერალი გეორგ ბერხმანი
თურქებმა სწრაფად გადააჯგუფეს რეზერვი, სარიყამიშის რაზმის შესაჩერებლად დაიძრნენ და 26 ნოემბრისთვის აიძულეს რუსებს უკან დაახევინეს. 29 ნოემბერს თურქები თვითონ გადავიდნენ რუსეთის საზღვარზე და აჯანყებულ აჭარლებთან ერთად, რომლებმაც ზურგიდან და ფლანგიდან დაარტყეს რუსთა ჯარს და შეიჭრნენ ბათუმის ოლქში. რუსთა მთავარსარდლობა იძულებული გახდა აქ გაძლიერებული რაზმი გაეგზავნა და ზღვიდან ნაღმოსნების დახმარებით გამოედევნა თურქები სამხრეთ აჭარიდან. დეკემბერში კავკასიის არმიის ფრონტი გადაჭიმული იყო შავი ზღვიდან ვანის ტბამდე, დაახლოებით 350 კილომეტრზე, ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე. ამას გარდა, რუსეთის ჯარის 2/3 წინ იყო წაწეული და სარიყამიშსა და კეპრი-კეის შორის იმყოფებოდა. ოსმალეთის არმიას შესაძლებლობა გაუჩნდა მარჯვენა ფლანგიდან შემოევლო რუსეთის არმიისთვის და ზურგში დაერტყა, ამავე დროს გადაეჭრა მათთვის სარიყამიშ-ყარსის სარკინიგზო ხაზი. სარიყამიშის რაზმის წინააღმდეგ ფრონტალურ იერიშზე უნდა გადასულიყო თურქეთის არმიის XI კორპუსი, II საკავალერიო დივიზია და ქურთთა საკავალერიო კორპუსი. ამავე დროს IX და X თურქულმა კორპუსებმა 22 დეკემბერს დაიწყეს შემოვლითი მანევრის შესრულება ოლთისისა და ბარდუსის გავლით, რათა სარიყამიშის რაზმის ზურგში გასულიყვნენ. თურქთა გეგმა სისწრაფეს, ენერგიულობასა და მანევრის ფარულად შესრულებას საჭიროებდა. XI კორპუსს დემონსტრაციული მოქმედებით უნდა შეეცდინა რუსები, სანამ IX და X კორპუსები სუსტად ორგანიზებული ზურგში გასვლას ეცდებოდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ სურსათით მომარაგებას ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობაც უზრუნველყოფდა. ეს გეგმა გერმანელმა ოფიცრებმაც მოიწონეს.
რუსთა სანგრები სარიყამიშთან
სწრაფი იერიშით თურქებმა გენერალ ნ.მ. ისტომინის ოლთისის რაზმი უკუაგდეს, თუმცა 23 დეკემბერს სარიყამიშის რაზმმა ადვილად მოიგერია თურქთა XI კორპუსის ფრონტალური შეტევა. 24 დეკემბერს ფრონტის ხაზზე ჩამოვიდა კავკასიის არმიის მეთაური გენერალი ალექსანდრ მიშლაევსკი და მისი შტაბის უფროსი ნიკოლაი იუდენიჩი. გენერალმა მიშლაევსკიმ სარიყამიშის დაცვის გეგმა შეიმუშავა, მაგრამ ყველაზე საპასუხიმსგებლო მომენტში არასწორად შეაფასა მდგომარეობა, უკან დახევის ბრძანება გასცა. მიშლაევსკი ელოდა თურქთა შეტევას ახალციხის, ბორჯომისა და თბილისის მიმართულებით. მას წარმატების იმედი აღარ ჰქონდა და ახალი არმიის ფორმირების მიზეზით თბილისში დაბრუნდა.(20) გენერალმა იუდენიჩმა თავის თავზე აიღო II თურქმანული კორპუსის სარდლობა, სარიყამიშის რაზმის დანარჩენი შენაერთების მეთაური კი უწინდებურად I კავკასიური კორპუსის მეთაური გეორგ ბერხმანი იყო.
გენერალი ნიკოლაი იუდენიჩი
25 დეკემბერს ოსმალეთის არმიამ, რომელიც შემოვლით მანევრს ასრულებდა, დაიკავა ბარდუსი და მობრუნდა სარიყამიშისკენ. ცუდმა ამინდმა და ძლიერმა ყინვამ შეანელა მათი შეტევის სისწრაფე(21) და დიდი დანაკარგები მიაყენა თურქებს. 25-26 დეკემბრისთვის მაღალმთიან ზონაში მათი 30-ე და 31-ე ქვეითი დივიზიები ძლიერ ქარბუქში მოყვნენ და შემადგენლობის დიდი ნაწილი, თითქმის 10 000 ჯარისკაცი დაკარგეს. სულ ორივე დივიზიიდან 3200 ჯარისკაცი გადარჩა. XI თურქული კორპუსი აგრძელებდა რუსთა ძალებზე ზეწოლას, მაგრამ ნაკლებად ენერგიულად, ამიტომ რუსებს საშუალება მიეცათ სარიყამიშისკენ გადაესროლათ მნიშვნელოვანი ძალები. ამ დროისთვის სარიყამიშის რაიონში რუსთა ძალები გაერთიანებულები იყვნენ I ყუბანური ბრიგადის მეთაურის მიხაილ პრჟევალსკის მეთაურობით. 29 დეკემბერს სარეზერვო ძალებთან ერთად რუსულმა არმიამ მოწინააღმდეგეს უკან დაახევინა და კონტრიერიშზე გადავიდა. ენვერ ფაშა და მისი შტაბი იძულებული გახდა მიეტოვებინათ IX და X კორპუსების ნარჩენები, რომლებიც პასიური თავდაცვით იხევდნენ უკან და კეპრი-კეისკენ გაიქცნენ.(22) 2 იანვარს რუსებმა დაიბრუნეს ბარდუსი, 4 იანვარს კი ალყა შემოარტყეს და ტყვედ აიყვანეს თურქეთის მთელი IX კორპუსი. X კორპუსის ნარჩენებმა უკან დაიხიეს. 17-19 იანვარს ფრონტზე მდგომარეობა აღდგა.
შედეგები
თურქთა შეტევითმა გეგმამ კრახი განიცადა. III თურქულმა არმიამ შეტაკებებში 70 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, 30 ათასი გაიყინა. ენვერ ფაშა და მისი შტაბი ერზერუმის გასვლით სტამბოლში წავიდნენ. III არმიის კატასტროფასა და თითქმის მთლიანად განადგურებაზე ინფორმაციას ოსმალეთის მთავრობა დიდხანს მალავდა. 1916 წლისთვის, როდესაც კავკასიის ფრონტზე მუსტაფა ქემალი (ათათურქი) ჩავიდა, აქ დისლოცირებული თურქული შენაერთები დაღლილი, მორალურად განადგურებული, დაავადმყოფებული, უიარაღოდ დარჩენილი ჯარის ნარჩენები იყო (23).
რუსების დანაკარგი 20-დან 30 ათასამდე დაღუპულითა და 6-დან 12 ათასამდე გაყინული ჯარისკაცით განისაზღვრება.(24) III არმიის დამარცხებით, რუსეთის არმიას გზა გაეხსნა ანატოლიის ზეგანისკენ. სარიყამიშთან მიღებული გამოცდილება გამოადგათ რუსებს ომის შემდეგ ეტაპზე. ისინი `სარაზმო" სისტემიდან გადავიდნენ საარმიო სისტემაზე და უფრო მსხვილი საბრძოლო ერთეულებით დაიწყეს მოქმედება. ასევე გაითავისეს ისიც, რომ აუცილებელი იყო ძლიერი სარეზერვო ძალები. კავკასიის არმიის მეთაურებმა მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ენვერ ფაშას III არმიის დამარცხება და ომის ოსმალეთის ტერიტორიაზე გადატანა მოახერხეს. III არმიის ნარჩენებმა მხოლოდ ზოგიერთ ტერიტორიაზე შეძლეს ლოკალური მნიშვნელობის, მთაგორიან ადგილებში გამაგრება (მათ შორის ბათუმის ოლქის სამხრეთ, მთიან ზონაში).
მუსტაფა ქემალი, უმცროსი თურქი ოფიცერი და ბედუინი ჯარისკაცები
რუსების დანაკარგი 20-დან 30 ათასამდე დაღუპულითა და 6-დან 12 ათასამდე გაყინული ჯარისკაცით განისაზღვრება.(24) III არმიის დამარცხებით, რუსეთის არმიას გზა გაეხსნა ანატოლიის ზეგანისკენ. სარიყამიშთან მიღებული გამოცდილება გამოადგათ რუსებს ომის შემდეგ ეტაპზე. ისინი `სარაზმო" სისტემიდან გადავიდნენ საარმიო სისტემაზე და უფრო მსხვილი საბრძოლო ერთეულებით დაიწყეს მოქმედება. ასევე გაითავისეს ისიც, რომ აუცილებელი იყო ძლიერი სარეზერვო ძალები. კავკასიის არმიის მეთაურებმა მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ენვერ ფაშას III არმიის დამარცხება და ომის ოსმალეთის ტერიტორიაზე გადატანა მოახერხეს. III არმიის ნარჩენებმა მხოლოდ ზოგიერთ ტერიტორიაზე შეძლეს ლოკალური მნიშვნელობის, მთაგორიან ადგილებში გამაგრება (მათ შორის ბათუმის ოლქის სამხრეთ, მთიან ზონაში).
სარიყამიშის ბრძოლაში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ქართველმა კაპიტანმა ტარას ვაშაკიძემ, რომელიც დარუბანდის 154-ე კაზაკთა ათასეულის (მეთაური პოლკოვნიკი თავადი ნიჟარაძე) მე-14-ე ასეულის მეთაური იყო. 22 დეკემბრის საბრძოლო მოქმედებებისას, მან მოახერხა თურქთა III არმიის IX კორპუსის მთელი ხელმძღვანელობის (მათ შორის ისხან ფაშას) დატყვევება, რის შემდეგაც ამ ოპერაციის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა.
რუსულ საისტორიო ლიტერატურაში ამ მოვლენას „რუსულ სასწაულს" უწოდებენ, სინამდვილეში კი უფრო „ქართული სასწაულია". ამის შემდეგ, ტარას ვაშაკიძეს თურქები „შაითან (ეშმაკი) კაპიტანს" უწოდებდნენ. ამ გმირობის გარდა „შაითან კაპიტნის" სახელს უკავშირდება მტრის ერთი პოლკოვნიკის, ორი პოდპოლკოვნიკის, სამი კაპიტნის, ოთხი უმცროსი ოფიცრისა და 182 ჯარისკაცის დატყვევებაც. გამოჩენილი სიმამაცისა და სამხედრო ნიჭის გამოვლენისთვის, ტარას ვაშაკიძე დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით, შემდგომ კი საფრანგეთის სამხედრო მედლითა (Medaille Militaire) და წმინდა სტანისლავის II და III, ასევე წმინდა ანას III ხარისხის ორდენით, ხმლითა და ბაფთით.(25)
ტარას ვაშაკიძე „შაითან კაპიტანი"
რუსულ საისტორიო ლიტერატურაში ამ მოვლენას „რუსულ სასწაულს" უწოდებენ, სინამდვილეში კი უფრო „ქართული სასწაულია". ამის შემდეგ, ტარას ვაშაკიძეს თურქები „შაითან (ეშმაკი) კაპიტანს" უწოდებდნენ. ამ გმირობის გარდა „შაითან კაპიტნის" სახელს უკავშირდება მტრის ერთი პოლკოვნიკის, ორი პოდპოლკოვნიკის, სამი კაპიტნის, ოთხი უმცროსი ოფიცრისა და 182 ჯარისკაცის დატყვევებაც. გამოჩენილი სიმამაცისა და სამხედრო ნიჭის გამოვლენისთვის, ტარას ვაშაკიძე დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით, შემდგომ კი საფრანგეთის სამხედრო მედლითა (Medaille Militaire) და წმინდა სტანისლავის II და III, ასევე წმინდა ანას III ხარისხის ორდენით, ხმლითა და ბაფთით.(25)
1.რუსეთში მიმდინარე რევოლუციამ და ცვლილებებმა საშუალება მისცა თურქებს 1918 წელს კვლავ შემოსულიყვნენ კავკასიაში, თუმცა I მსოფლიო ომში დამარცხებისა და კაპიტულაციის გამოცხადების შემდგომ კვლავ მოუწია ტერიტორიების დატოვება.
2.Sydney
Nettleton Fisher; William Ochsenwald, The
Middle East: a history (New York, 1990), 372.
3.Н.Г.
Корсун, Первая мировая война на
Кавказском фронте (Москва, 1946), 3.
4. იქვე, 4.
5.Fisher;
Ochsenwald, The Middle East: a history,
372.
6.პირველი ასეთი შემთხვევა მოხდა ოდესის პორტში, სადაც თურქებმა ზარბაზნით აღჭურვილი მცირე საბრძოლო ხომალდი „Донец" ჩაძირეს. შემდეგ გერმანულმა კრეისერებმა სევასტოპოლი, ფეოდოსია და ნოვორასიისკი დაბომბეს. Корсун, Первая мировая война на Кавказском фронте, 4.
7.Fisher;
Ochsenwald, The Middle East: a history, 372.
8. იქვე, 372.
9.ოსმალეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება ძირითადად მიმდინარეობდა ე.წ. თურქულ სომხეთში, რომლის ცენტრი იყო ერზერუმი. ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია, ამიტომ რუსეთი ყველანაირად ცდილობდა მის დაკავებას.
10.Sydney
Nettleton Fisher; William Ochsenwald, The
Middle East: a history, 373.
11.Н.Г.
Корсун, `III. Силы
сторон", Сарыкамышская операция (Москва,
1937), [el-versia Militera.lib.ru].
12.იქვე.
13.Н.Г.
Корсун, Первая мировая война на
Кавказском фронте, 32.
14.Edward J. Erickson, Ordered to Die: A History of the Ottoman
Army in the First World War (Westport, 2001), 56-57.
15.Н.Г.
Корсун, `III. Силы
сторон".
16.William Edward David Allen; Paul
Muratoff, Caucasian battlefields: a
history of the wars on the Turco-Caucasian border 1828-1921 (Cambridge,
2010), 241-243.
17.იქვე, 242.
18.Н.Г.
Корсун, Первая мировая война на
Кавказском фронте 33.
19, იქვე.
20,Н.Г.
Корсун, Первая мировая война на
Кавказском фронте, 35-36. 1915 წლის იანვარში ის თანამდებობიდან გადააყენეს და მის ადგილზე გენერალი იუდენიჩი დანიშნეს.
21,ამ ადგილებში ტემპერატურა ზამთრის პერიოდში შეიძლებოდა -50°-მდე ასულიყო, თოვლი კი 3-4 მეტრამდე, სარიყამიშის ოპერაციის პერიოდში კი ტემპერატურა -40°-მდე დაეცა, თოვლი კი 50 სმ-მდე. Edward J. Erickson, Ordered to Die: A History of the Ottoman
Army in the First World War, 52-59.
22,Н.Г.
Корсун, Первая мировая война на
Кавказском фронте, 36.
23,ლორდი კინროსი, ათათურქი (თბილისი, 2011), 75.
24,Н.Г.
Корсун, Первая мировая война на
Кавказском фронте, 37.
25, გიორგი ჟუჟუნაშვილი, `შაითან კაპიტანი", ისტორიანი, № 5 (თბილისი, 2011), 19-24.
ბიბლიოგრაფია
ლორდი კინროსი. ათათურქი. თბილისი, 2011.
ჟუჟუნაშვილი გიორგი. „შაითან კაპიტანი". ისტორიანი, № 5. თბილისი, 2011.
Allen, William E. D.; Paul Muratoff. Caucasian battlefields: a history of the wars on the Turco-Caucasian border 1828-1921. Cambridge, 2010.
Erickson, Edward J. Ordered to Die: A History of the Ottoman Army in the First World War. Westport, 2001.
Fisher, S. Nettleton, William Ochsenwald. The Middle East: a history. New York, 1990.
Корсун, Н.Г. Первая мировая война на Кавказском фронте. Москва, 1946.
Корсун, Н.Г. Сарыкамышская операция. Москва, 1937. [el-versia Militera.lib.ru].
ჟუჟუნაშვილი გიორგი. „შაითან კაპიტანი". ისტორიანი, № 5. თბილისი, 2011.
Allen, William E. D.; Paul Muratoff. Caucasian battlefields: a history of the wars on the Turco-Caucasian border 1828-1921. Cambridge, 2010.
Erickson, Edward J. Ordered to Die: A History of the Ottoman Army in the First World War. Westport, 2001.
Fisher, S. Nettleton, William Ochsenwald. The Middle East: a history. New York, 1990.
Корсун, Н.Г. Первая мировая война на Кавказском фронте. Москва, 1946.
Корсун, Н.Г. Сарыкамышская операция. Москва, 1937. [el-versia Militera.lib.ru].
ნიკა ხოფერია