უძველესი დროიდან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე კავალერია, ცხენოსანი ჯარი ერთ-ერთ ძირითად სამხედრო ძალად რჩებოდა და თავისი საბრძოლო ამოცანები გააჩნდა. მრავალი შეტაკების ბედი, სწორედ მხედრების სწრაფმა და დროულმა მოქმედებამ გადაწყვიტა. კავალერია ათასწლეულების მანძილზე ყველაზე მობილურ და სწრაფ შენაერთად ითვლებოდა. მოგეხსენებათ მედალს მეორე მხარეც აქვს, შესაბამისად კავალერიას, მრავალ დადებით თვისებასთან ერთად, მინუსებიც გააჩნდა. ქვემოთ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ სად მოთვინიერდა პირველი ცხენი, კავალერიის, როგორც საბრძოლო ერთეულის ჩამოყალიბებასა და მისი განვითარების ეტაპებზე უძველესსა და ანტიკურ პერიოდებში.
იყო დრო, როდესაც ცხენი, როგორც სხვა დანარჩენი ცხოველები, მხოლოდ ველურ გარემოში ცხოვრობდნენ და ადამიანთან ურთიერთობა მათთვის უცხო იყო. მრავალი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ სად მოხდა პირველად ადამიანისა და ცხენის დაახლოვება, დედამიწის რომელ წერტილში მოთავსდა ადამიანი ცხოველის ზურგზე და მისი დამორჩილება შეძლო. ამ საკითხთან დაკავშირებით სამი მოსაზრება არსებობს: მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ცხენის მოთვინიერება შორეულ აღმოსავლეთის სტეპებში მოხდა, არის ასევე მოსაზრებები კავკასიის ჩრდილოეთ ტერიტორებზე და რა თქმა უნდა უძველეს ცივილიზაციაზე - ასურეთის იმპერიაზე. ზუსტი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ პირველი, დაახლოებით ძვ.წ. X საუკუნის ცნობები კავალერიის შესახებ სწორედ ასურეთის სამეფოზე გვხვდება.
უძველეს ცივილიზაციებში კავალერიის, როგორც სამხედრო შენაერთის გამოჩენამდე, ცხენს უკვე იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებისათვის, როგორც სამიწათმოქმედო და სამეურნეო ცხოვრებაში, ასევე სამხედრო საქმეშიც. თავიდან ცხენის სამხედრო დანიშნულება საბრძოლო ეტლში ჩაბმა გახლდათ, საბრძოლო ეტლები ბრძოლის ველზე უსწრაფეს შენაერთს წარმოადგენდა და დიდი ზიანის მიყენება შეეძლო მოწინააღმდეგისათვის. თუმცა ეტლს მხოლოდ ფართო, გაშლილ ველზე შეეძლო მოძრაობა, ხოლო ვიწრო ხეობებსა და რთულ რელიეფულ პირობებში მისი მოქმედება არაეფექტური იყო. ასეთი დაბრკოლებების ხარჯზე წარმოიშვა კავალერიის შექმნის იდეა. კარგად გახედნილ, ჯანმრთელ ცხენს ბევრად რთულ რელიეფურ პირობებში შეეძლო სწრაფი გადაადგილება და გაქცეულ მტერზე უკან დასადევნებლად იდეალურ საბრძოლო შენაერთს წარმოადგენდა.
ასურელი ცხენოსნები
დროთა განმავლობაში კავალერია დაიხვეწა, გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებისამებრ, შეიქმნა კავალერიის სხვადასხვა სახეობები: მძიმე და მსუბუქი. აღმოსავლეთში მხედარმა ცხოველის ზურგიდან მშვილდის სროლა ისწავლა და ამრიგად კავალერია მოწინააღმდეგისათვის, შორი დისტანციიდანაც საფრთხეს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში კავალერიის გამოყენება თითქმის მთელ მსოფლიოში დაიწყეს. ცხენი გავრცელდა, როგორც დასავლეთით ასევე აღმოსავლეთით, შორეულ ჩინეთამდე. ყველა ხალხს კავალერიის საკუთარი აღჭურვა-შეიარაღება გააჩნდა, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩებოდა, შენაერთი შეიძლებოდა ყოფილიყო: მსუბუქი, მძიმე ან შორ დისტანციაზე მებრძოლი.
მსუბუქი კავალერია:
მსუბუქი კავალერიის შენაერთისთვის ძირითადად, პატარა, სწრაფი და შედარებით მსუბუქი ჯიშის ცხენები გამოიყნებოდა, ასევე მხედარიც მსუბუქად იყო აღჭურვილი, ზედმეტი, მძიმე თავდაცვითი საშუალებების გარეშე. მათი მრავალი დანიშნულება გააჩნდათ: კომუნიკაციების გადაჭრა, დაზვერვითი სამუშაოები, ამბებისა და წერილების სწრაფად გადატანა დანიშნულების ადგილამდე. ბრძოლის ველზე მათ ძირითად დანიშნულებას წყობადარღვეულ, დაფანტულ რაზმებთან გამკლავება წარმოადგენდა. გაქცეულ მტერზე უკან დასადევნებლად კი მსუბუქი მხედრობა საუკეთესო საშუალება გახლდათ. ასევე მშვენივრად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, როდესაც მოწინააღმდეგეს მოულოდნელად ზურგიდან ესხმოდნენ თავს.
ასურული საბრძოლო ეტლი
გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ნებისმიერ არმიაში მსუბუქი კავალერია ჭარბობდა რაოდენობის მხრივ მძიმეს, რადგან მათი შენახვა და აღჭურვა უფრო იაფი და მარტივი იყო ვიდრე რთულისა.
როდესაც მსუბუქ კავალერიაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ შევეხოთ შორ დისტანიციაზე მებრძოლ მხედრებს, რომელებიც მშვილდებითა და სატყორცნი შუბებით იყვნენ შეიარაღებულნი. მსგავს დანაყოფებს თითქმის ყველა მომთაბარე, აღმოსავლური ტომი იყენებდა. თუმცა პირველი მოხსენება ცხენოსან-მოისრეებზე ისევ და ისევ ასურეთის იმპერიაში გვხვდება.
მძიმე კავალერია:
მძიმე კავალერიის მეომრები მსუბუქი ცხენოსანი ჯარისგან თვითონ ცხენის წონითა და მეომრის (ზოგჯერ ცხენისაც) აღჭურვილობის სიმძიმით განსხვავდებოდა. მძიმე დანაყოფში გამოყენებული ცხენი ზოგ შემთხვევაში ოთხჯერ აღემატებოდა წონით მსუბუქი ცხენოსანი ჯარისთვის გამოსადეგ ცხენებს. ასევე დანიშნულებითაც განსხვავდებოდა: თუ მსუბუქი მხედრობა სისწრაფეზე იყო გათვლილი და დამოკიდებული, მძიმე კავალერია ძალას ეყრდნობოდა. მათ მთავარ დანიშნულებას მოწინააღმდეგის მჭიდრო წყობის გარღვევა წარმოადგენდა, რათა მოკავშირე ქვეითებს გაადვილებოდათ პოზიციების დაკავება, ასევე შესანიშნავად მოქმედებდნენ მსუბუქ მხედრებთან შეტაკებისას.
მძიმე კავალერიის შენახვა საკმაოდ რთული იყო, რადგან მხედარიც და ცხენიც მთლიანად აღჭურვილნი იყვნენ აბჯარით, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. აქედან გამომდინარე მძიმე კავალერიის რაოდენობა უმეტესად მცირე იყო, მსუბუქ მხედრობასთან შედარებით, თუმცა უდიდეს როლს თამაშობდა ბრძოლის ველზე, როდესაც მჭიდრო მწყობრით მტერს პირველ დარტყმას აყენებდნენ.
მსუბუქი კავალერიის ტიპები
მსუბუქი კავალერია ძველ მსოფლიოში და შემდგომაც, უფრო მეტად აღმოსავლეთში იყო განვითარებული, განსაკუთრებით მომთაბარე ტომებში. მომთაბარე ხალხი და ცხენი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია, ისინი ადრეული ასაკიდან სწავლობდნენ ჯირითს და სიცოცხლის ბოლომდე ცხენით სარგებლობდნენ, ამიტომაც არაა გასაკვირი მათი სიძლიერე ბრძოლის ველზე. ასევე დიდ ძალას წარმოადგენდნენ ნუმიდიელი მხედრები, რომლებმაც წარუშლელი ვკალი დატოვეს ანტიკური ხანის სამხედრო ისტორიაში. ქვემოთ ვისაუბრებთ სკვით და ნუმიდიელ მხედრებზე, მათ სამხედრო საქმესა და აღჭურვილობაზე.
სკვითი მხედრები:
სკვითები შესანიშნავი მეომრები იყვნენ, ჰეროდოტე მათ ასე აღგვიწერს: „ჩვენთვის ცნობილ ხალხთაგან, მხოლოდ სკვითებს შეუძლიათ ერთი რამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, საქმე იმაშია, რომ მტერს გაქცევის საშუალებას არ აძლევენ, ხოლო მათ ვერავინ წამოეწევა თუ თვითონ არ მისცეს ამის ნება“. ჰეროდოტეზე დაყრდნობით ადვილად შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რაოდენ გაწაფულები იყვნენ ცხენის ჯირითში სკვითი მომთაბარეები.
სკვითები იერიშზე
სკვითები აკინაკებით - მოკლე ხმლებით, საშუალო ზომის შუბებითა და მშვილდებით იყვნენ შეიარაღებულნი. ისრებისთვის იყენებდნენ ბრინჯაოს ბუნიკებს. მშვილდის მოყვანილობა მოსახერხებელი იყო, როგორც ქვეითად ბრძოლისას, ასევე უნაგირიდანაც. მშვილდსა და ისრებს სპეციალურ კაპარჭში დებდნენ, რომელსაც განცალკევებული სათავსო ჰქონდა ისრებისათვის.
სკვით დიდებულებს ბრინჯაოს მუზარადი იცავდა, ასევე ქერცლოვანი აბჯარი: ტყავის ქსოვილზე რკინის ან ბრინჯაოს ფირფიტებს ამაგრებდნენ. მეომარს იცავდა ოვალური ან მართკუთხედი ხის ფარი, რომელზეც ტყავს აკრავდნენ და ზემოდან რომელიმე მხეცის გამოსახულებას ტვიფრავდნენ.
ასევე მეომრის აღჭურვილობაში შედიოდა ქამარი, რომელსაც ბრინჯაოს ან რკინის ფირფიტებით რთავდნენ, რომლებზეც ასევე ცხოველთა გამოსახულება იყო დატანილი. ქამრის მარცხენა მხარეს კაპარჭი იყო დამაგრებული, მარჯვნიდან - ქარქაში და ხმალი ან ცული.
სკვითი დიდებულები
ცხენს სკვითთა ცხოვრებაში უდიდესი როლი ენიჭებოდა. ამას ადასტურებს სკვითურ ყორღანებში აღმოჩენილი ნაშთები - სკვითი მეომრები ცხენთან ერთად არიან დაკრძალულნი. ასევე ვხვდებით ყორღანებს, რომლებშიც ცხენი მეომართან ერთად არ არის დაკრძალული, მაგრამ ცხედართან ერთად გვხვდება ცხენის აღჭურვილობა ან ცხენთან დაკავშირებული სიმბოლოები.
ნუმიდიელი მხედრები:
თუ აღმოსავლეთში სკვითები და სხვა მომთაბარე ტომები დომინირებდნენ, როგორც მსუბუქი კავალერია, დასავლეთში ნუმიდიელები ითვლებოდნენ ცხენოსნობის ოსტატებად.
ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრები ეს ხალხი შესანიშნავ მხედრებად ითვლებოდნენ. მათ ჯერ კართაგენი იყენებდა ომებში, შემდეგ კი რომის იმპერია. ნუმიდიელი მხედრები გამორჩეულნი იყვნენ თავიანთი სისწრაფითა და მანევრირებით. მათ ცხენებს არც ლაგამ-უნაგირი გააჩნდათ, ეს კიდევ უფრო ამსუბუქებდა კავალერიას და მაქსიმალურად მობილურსა და ეფექტურს ხდიდა.
ნუმიდიელი მხედარი
ნუმიდიურ კავალერიას უჭირდა მჭიდრო მწყობრში განლაგებულ მძიმე კავალერიასთან ბრძოლა, თუმცა მათ სხვა დანიშნულება გააჩნდათ. ნუმიდიელებს შესანიშნავად შეეძლოთ ჩასაფრების მოწყობა და მტერზე მოულოდნელი თავდასხმის განხორციელება, მოწინააღმდეგეთა ბანაკების თუ დასახლებების დარბევა, მტრის შეტყუება. მუდამ აწუხებდნენ მტერს, სწრაფად შეეძლოთ ბრძოლის ველიდან გაქცევა და მოულოდნელი გამოჩენა. გაქცეულ, დამარცხებულ მტერს არ აძლევდნენ მოსვენების საშუალებას.
ნუმიდიელი მხედრები ძირითადად მოკლე, სატყორცნი ხელ-შუბებით იყვნენ შეიარაღებულნი, ასევე მათ ქონდათ მოკლე ხმლები, რომლის გამოყენებაც იშვიათად უწევდათ, როცა ისინი ხელჩართულ ბრძოლაში ერთვებოდნენ. ასევე მათ იცავდათ წრიული, ხის ან ტოტებისაგან დაწნული ფარი, რომლებზეც ტყავს აკრავდნენ.
ნუმიდიელი მეომრები
ნუმიდიურმა კავალერიამ ლომის წვლილი შეიტანა კართაგენელთა, კერძოდ ჰანიბალის გამარჯვებებში რომის არმიაზე. ნუმიდიელთა დახმარების წყალობით კართაგენელებმა მრავალ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის ტრებიას, ტრაზიმენისა და კანეს ბრძოლებში, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ საბოლოო გამარჯვება რომაელებს დარჩათ, რაშიც ნუმიდიელებსაც აქვთ შეტანილი წვლილი, რადგან რომაელებს მიემხრო ნუმიდიის ორი სამეფოდან ერთ-ერთის ტახტის მემკვიდრე მასინისა და ძვ.წ. 202 წელს მონაწილეობაც მიიღო ზამასთან გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში.
მძიმე კავალერიის ტიპები
კატაფრაქტები:
როდესაც მძიმე კავალერიაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ შევეხოთ კატაფრაქტებს, რომლებიც ძველი დროის (და არა მარტო) უძლიერეს საკავალერიო შენაერთად ითვლება. წყაროებს თუ დავეყრდნობით კატაფრაქტები გვხვდებოდა ირანში, სომხეთში, სარმატებში, არის ვარაუდი, რომ ალბანებსაც და იბერებსაც ჰყავდათ მსგავსი შენაერთები. III-IV საუკუნეებში კი რომის იმპერიაშიც გავრცელდა.
პართიელი და სომეხი კატაფრაქტარის შეტაკება (II ს.)
ტერმინი ბერძნულიდან მომდინარეობს (κατάφρακτος) და „სრულიად დაცულს“ ნიშნავს. მართლაც კატაფრაქტები სრულიად დაცულნი იყვნენ, მეომარიცა და ცხენიც. მათ ბრინჯაოს ან რკინის ქერცლოვანი აბჯარი მოსავდათ, ასევე გამოიყენებოდა ჯაჭვის პერანგიც. ამიანე მარცელინუსი ირანულ კატაფრაქტებზე წერს: „ყოველ მხედარს მთელი ტანი დაფარული აქვს მცირე ფირფიტებით. სახე დაცულია ნიღბით… მთელ სხეულზე არც ერთ ისარს არ შეუძლია შეაღწიოს აბჯარში, თუ არ მოხვდა თვალის წინ დატოვებულ მცირე საჭვრეტს, ასევე მცირე ჭუჭრუტანას ნესტოებთან, რომლითაც მეომარი გაჭირვებით სუნთქავს. შუბებით შეიარაღებულ მეომართა ნაწილი იდგა უძრავად, ისე რომ, კაცს ეგონებოდა, თითქოს ისინი რკინის ჯაჭვებით იყვნენ დაბმულნი. მათ გვერდით იყვნენ განლაგებულნი მშვილდოსნები".
შედარებით მსუბუქად აღჭურვილ კატაფრაქტარებს მშვილდ-ისრის გამოყენებაც შეეძლოთ
ამიანე მარცელინუსის თხრობიდან გარკვეული წარმოდგენა გვექმნება, თუ რა სახის თავდაცვითი საშუალებები გააჩნდა კატაფრაქტ მეომარს. რაც შეეხება შეიარაღებას, კატაფრაქტები გრძელ კონტოსის ტიპის შუბებს, სამხედრო, ბუნიკიან კვერთხებსა და მახვილებს ატარებდნენ. შედარებით მსუბუქ კატაფრაქტები იყენებდნენ მშვილდსაც.
კატაფრაქტები არ იყვნენ ინდივიდუალურად მებრძოლი მეომრები, მათ ძალას ერთობლივი, მჭიდრო მწყობრით დარტყმის მიყენება წარმოადგენდა. ამით ისინი ფარავდნენ თავიანთ ნაკლს - ნაკლებ მანევრულობას და შეზღუდული მოძრაობის უნარს.
კატაფრაქტებთან საბრძოლველად, მათი განცალკევება და დაშლა იყო საჭირო, რაც მშვენივრად მოახერხეს რომაელებმა. ახ.წ. 69 წელს მეზიაზე თავდასხმის დროს როქსოლანი კატაფრაქტების დაპირისპირება რომაელებთან. მსუბუქად შეიარაღებული რომაელი ჯარისკაცები განცალკევებულ როქსოლან მხედრებს ხელშუბებითა და გრძელი შუბებით უტევდნენ და ხმლებით ჩეხავდნენ მათ.
ბიზანტიური კატაფრაქტი
კატაფრაქტები ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების კავალერიის განვითარების მწვერვალს წარმოადგენს, რომლებმაც შეძლეს და მრავალი გამარჯვება მოუტანეს აღმოსავლეთის ხალხებსა და შემდგომ ბიზანტიას. კატაფრაქტი ბრძოლის ველზე დომინირებდა, სანამ მას, შუა საუკუნეებში, ღირსეული კონკურენტი - დასავლური ტიპის მძიმე რაინდი გამოუჩნდა, რომელსაც საუკეთესო აღჭურვილობასთან ერთად ინდივიდუალური ოსტატობაც გააჩნდა.
ლევან ტავლალაშვილი