სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის მეთაური დიდგორის ომში - ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი

 1121 წელს, დიდგორის ბრძოლაში საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი დაამარცხა, რომლის მთავარ ძალას და მეთაურს წარმოადგენდა სწორედ ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი, მარდინისა, ჰარანის, ნისიბინის, რა'ს ალ-'აიანისა და მაიაფარიკინის ამირა. ილ-ღაზი ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელია. იგი მონაწილეობდა როგორც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლებში, ასევე ლევანტში ჩამოყალიბებული ევროპულ-ქრისტიანული სამთავროების წინააღმდეგ ომებში.
მან დიდი როლი ითამაშა დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს რღვევის პროცესში და დიარ-ბაქრში ართუკიანთა დამოუკიდებელი საამიროების ჩამოყალიბებაში (1).  ილ-ღაზის ბიოგრაფია და ზოგადად ართუკიანი ამირების მოღვაწეობა საკმაოდ საფუძვლიანად აქვს შესწავლილი ახლო აღმოსავლეთის ცნობილ მკვლევარს კეროლ ჰილენბრანდს (2),  ასევე ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ამ პიროვნების შესახებ კარგი გამოკვლევა აქვს ქართველ აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსს გოჩა ჯაფარიძეს, ისლამის ენციკლოპედიაში კი ილ-ღაზიზე  გვხვდება შედარებით უფრო ზოგადი ხასიათის სტატია, რომლის ავტორია კ. სუსჰეიმი. მათ ნაშრომებში შეგვიძლია მაქსიმალურად დეტალურად გავეცნოთ ილ-ღაზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ამიტომ ჩვენ ზემოთ ხსენებულ მკვლევართა ნაშრომებზე დაყრდნობით მხოლოდ ზოგადად აღვნიშნავთ, რომ ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი იყო ართუკიანთა საგვარეულოს ფუძემდებელი ართუკ იბნ ექსები (3), იერუსალიმისა და პალესტინის გამგებელი (1091-92 წ.). ფატიმიანთა მიერ იერუსალიმის დაკავებამდე (1098) ილ-ღაზი თავის ძმა სუქმანთან ერთად მართავდა იერუსალიმს.
სულთანი ბარქიარუკი (მინიატურა, 1307 წ.)

1098-1102 წლებში სუქმანმა დაიპყრო მარდინი და ჰისნ ქაიფა. ილ-ღაზი კი ერაყში მოღვაწეობდა და მალიქ-შაჰის მემკვიდრეებს, მუჰამადსა და ბარქიარუკს შორის მიმდინარე ომში იყო ჩართული. საბოლოოდ სულთანმა მუჰამადმა ბაღდადის შიჰნას წოდება ჩამოართვა მას და სამუდამოდ გააძევა ერაყიდან. სუქმანისა და  მისი ვაჟის იბრაჰიმის გარდაცვალების შემდეგ, ილ-ღაზი გამაგრდა დიარ-ბაქრში და გახდა ართუკიანთა საგვარეულოს მეთაური. იგი ნაკლებ მონაწილეობას იღებდა მოსულის გამგებლების კამპანიებში ჯვაროსნების წინააღმდეგ (4).  დაუკავშირდა დამასკოს გამგებელ თოღ-თეგინს (5), რომელიც მალე მისი სიმამრი და ერთგული მოკავშირე გახდა. 1115 წელს სულთნის მიერ ილ-ღაზის დასასჯელად გამოგზავნილი ბურსუკ იბნ ბურსუკის ლაშქარი, ანტიოქიის მთავარმა და იმ დროისთვის ართუკიანთა მოკავშირე როჯერ სალერნოელმა გაანადგურა, რითაც საშუალება მისცა ილ-ღაზს, კიდევ უფრო გაძლიერებულიყო.

სულთან მუჰამად I-ს (1105-1118) მონეტა  

1118 წელს ართუკიანმა დაამყარა კარგი ურთიერთობა ახალ სულთანთან მაჰმუდთან. იმავე წელს ხელთ იგდო მაიაფარიკინი, ჰარანი, ნისიბინი და რა'ს ალ-აიანი (6).  მოკავშირეებად ჰყავდა ძმისშვილები დაუდი და ბალაქ იბნ ბაჰრამი. 1118 წლიდან დაუპირისპირდა ჯვაროსნებს ალეპოსთვის. 1119 წელს ილ-ღაზიმ სასტიკად დაამარცხა ანტიოქიის მთავარი როჯერი ბალატთან (Ager Sanguinis -„სისხლიანი ველი") ბრძოლაში (7), მაგრამ ვერ გამოიყენა თითქმის დაუცველი ანტიოქიის დაკავების შანსი. 1120 წელს კი ანტიოქიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ილ-ღაზი კვლავ რჩებოდა ერთ-ერთ უძლიერეს მუსლიმ ამირად ახლო აღმოსავლეთში. 1121 წელს საქართველოზე ლაშქრობის წინ ილ-ღაზი განაგებდა ჰალაბის ოლქს ჩრდილოეთ სირიაში და დიარ-ბაქრის დიდ ნაწილს. მის უზენაესობას აღიარებდნენ სხვა ართუკიანები, არზანისა და ბიდლისის მფლობელი ტუღან-არსლანი და ზოგიერთი პატარა ქალაქის გამგებლებიც (8).

ბალატის ბრძოლა (1337 წლის მინიატურა)

1121 წელს ილ-ღაზიმ თავის ვაჟს ჯვაროსნებთან დაზავება უბრძანა და თვითონ საქართველოზე სალაშქროდ დუბაის იბნ სადაკასთან, ტუღან-არსლანთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად გაემართა. დავით IV-მ სწორად შერჩეული სტრატეგიითა და ტაქტიკით დაამარცხა სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი დიდგორის ბრძოლაში. ილ-ღაზიმ, რომელიც სავარაუდოდ ბრძოლაში დაიჭრა, უკან დაიხია და მალე, 1122 წლის ნოემბერში გარდაიცვალა (9).  მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზოგიერთი აღმოსავლური წერილობითი წყარო, ასევე თანამედროვე მკვლევარებიც, ილ-ღაზის ჩვეულებრივ ლოთად მიიჩნევდნენ, მისი წარმატებები პოლიტიკურ და სამხედრო ასპარეზზე აშკარა იყო.
ჰუგო დე პეინი და გოდფრუა დე სენტ ომერის შეხვედრა იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორესთან (XIII ს. მინიატურა). იერუსალიმის მეფე ბალდუინ II ილ-ღაზის მთავარი მოწინააღმდეგე იყო სირია-პალესტინაში. 

ისტორიულ ქრონიკებში აღწერილი იმ მრავალრიცხოვანი სამხედრო კამპანიების მიხედვით, რაც ჩაატარა ილ-ღაზიმ ჯვაროსნებისა თუ თანამორწმუნეების წინააღმდეგ, იგი იკვეთება როგორც გონიერი, ფრთხილი და ამავე დროს გაბედული მხედართმთავარი. თუმცა ამ კამპანიებიდან ისიც კარგად ჩანს, რომ ილ-ღაზი უშვებდა სტრატეგიული ხასიათის შეცდომებსაც, რის გამოც მან მაგალითად ვერ ისარგებლა თავისი ყველაზე ცნობილი გამარჯვების შედეგებით `სისხლიან ველზე" და ვერ დაიპყრო ანტიოქია (10).  


სქოლიოები
1. გოჩა ჯაფარიძე, „ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი", ძიებანი 1 (თბილისი, 2012), 136.
2. ილ-ღაზის რომ ერთი ან ნახევარი საუკუნით გვიან ეცხოვრა, მასზეც ისევე ბევრი დოკუმენტური მასალა შემოგვრჩებოდა, როგორც ნურ ად-დინისა და სალაჰ ად-დინის შესახებ გვაქვს, რადგან ეს ართუკიანი ამირა თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. C. Hillenbrand, "The Career of Najm Al-Din Il-Ghazi" - Der Islam, Bd. 58, 1981, 250.
3. ჯაფარიძე, „ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი", 136. 
4. 1117 წლამდე ილ-ღაზი ჯვაროსნების მიმართ, ძირითადად ლოიალურ და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ მეგობრულ დამოკიდებულებასაც ინარჩუნებდა. ისინი საკმაოდ ხშირად მოკავშირეებიც იყვნენ სელჩუკი სულთნისა და მოსულის ათაბაგების წინააღმდეგ. მაგალითად 1110 წელს, ილ-ღაზი შევიდა პირველი ჯიჰადის კოალიციაში ჯვაროსნების წინააღმდეგ, მაგრამ ხლათის ემირთან კონფლიქტის გამო დატოვა იგი და 1115 წლისთვის, უკვე ჯვაროსნებთან გაერთიანდა იმავე ჯიჰადის წინააღმდეგ, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. Ḥamza Ibn-Asad Ibn-al-Qalānisī; Hamilton A R Gibb, The Damascus chronicle of the crusades: extracted and transl. from the chronicle of Ibn al-Qalānisī (London, 1932), 105. Пьер Виймар, крестовые походы (Санкт - Петербург, 2003), 201-203.
5. ზაჰირ ად-დინ თოღ-თეგინი - დამასკოს ათაბაგი 1104-1128 წლებში. ითვლება დამასკოს ბურიდების დინასტიის დამაარსებლად. იგი ჯვაროსნების დაუძინებელ მტრად ითვლებოდა და ხშირად აწყობდა ლაშქრობებს იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ. ხშირად ეხმარებოდა თავის სიძეს ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის ანტიოქიასთან და სხვა მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებაში. 1110 წელს აიღო ბაალბეკი, 1113 წელს მავდუდთან ერთად იბრძოდა იერუსალიმის წინააღმდეგ. მავდუდის სიკვდილის შემდეგ იგი კვლავ აგრძელებდა დაპირისპირებას ჯვაროსნებთან. 1115 წელს შეუშინდა სულთნის გამოგზავნილ დამსჯელ ჯარს ბურსუკის მეთაურობით და იერუსალიმთან დააპირა შეკავშირება, თუმცა შემდეგ ბაღდადს ეწვია და სულთანს შეურიგდა. 1119 წელს ილ-ღაზის მიერ ბალატთან როჯერ ანტიოქიელის დამარცხების შემდეგ, თოღ-თეგინმა სცადა გამარჯვების შედეგების გამოყენება, მაგრამ იმავე წელს ჰაბის ბრძოლაში დამარცხდა იერუსალიმისა და ტრიპოლის საგრაფოს ძალებთან. 1122 წელს ფატიმიანებისგან შეისყიდა ქალაქი ტირი, მაგრამ 1124 წელს ეს ქალაქი ჯვაროსნებმა წაართვეს. 1125 წელს ბურსუკთან ერთად შეებრძოლა ბალდუინ II-ს, მაგრამ სასტიკად დამარცხდა აზაზის ბრძოლაში. 1126 წელს წარუმატებლად დალაშქრა ანტიოქია. 1128 წელს თოღ-თეგინი გარდაიცვალა. ძველ ფრანგულ სიმღერებში, რომლებიც ჯვაროსნებს ეხება, თოღ-თეგინი Dodequin-ს სახელით იყო ცნობილი. 
6. Hillenbrand, "The Career of Najm Al-Din Il-Ghazi", 266.
7. ბრძოლაში დაეცა როჯერ ანტიოქიელიც და მისი რაინდების უმეტესობა, ნაწილი ტყვედ ჩავარდა. ფრანკებმა კი ბრძოლის ადგილს Ager Sanguinis  - სისხლიანი ველი უწოდეს. Runciman, A History of the Crusades, volume II, 150.
8. ჯაფარიძე, `ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი", 140.
9. იქვე, 154.
10. სოსო მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ (თბილისი, 2006), 68.

ნიკა ხოფერია