ბრძოლა ჭარმანიანის ველზე: იბერიულ-სომხური კოალიცია სასანიანთა წინააღმდეგ (483 წ.)

482 წელს, იბერიის (იბერიის) მეფემ, ვახტანგ გორგასალმა სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო მათგან სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. მეფემ სწორად შეარჩია დრო. სპარსეთს მძიმე ვითარებაში იყო ჩავარდნილი აღმოსავლეთში, აჯანყება დაწყებული იყო ალბანეთში და სომხეთშიც უკვე არსებობდა შესაძლებლობა სპარსეთის წინააღმდეგ გამოსასვლელად.
ყველაფერი ამის მიზეზი იყო სპარსეთის შაჰის, პეროზის სასტიკი მარცხი ჰეფთალიტებთან ბრძოლაში. პეროზი იძულებული გახდა დიდი ფულადი კონტრიბუცია ეკისრა და ასევე თავისი ვაჟი, კავადი დაეტოვებინა ტყვედ მტერთან. შესაბამისად, სპარსეთს დიდი სამხედრო და ეკონომიკური ზიანი მიადგა. ამის გამოყენება სათავისოდ შეეძლო ბიზანტიასაც, მაგრამ იმპერიაში შინაომები მიმდინარეობდა იმპერატორ ზენონსა და უზურპატორ მარკიანეს შორის, რასაც შემდგომში კიდევ ერთი მხედართმთავრის, ლეონტიუსის ამბოხებაც მოჰყვა. ბიზანტიას არ ეცალა აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისათვის და აჯანყების დროს ვერც იბერიის მეფემ მიიღო ბიზანტიელთაგან რაიმე სახის მხარდაჭერა. აჯანყებისთვის ვახტანგი შეძლებისდაგვარად მოემზადა. პირველ რიგში, მან მოაკვლევინა ირანის ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი იბერიის სამეფოს სამხრეთში, ქვემო იბერიის, გოგარენეს პიტიახში ვარსქენი, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნიდა ვახტანგს სპარსელების წინააღმდეგ ომისას. ამის შემდეგ მეფე მოელაპარაკა ჩრდილოკავკასიელ ჰუნებს და პირობა მიიღო მათგან, რომ ისინი მას მრავალრიცხოვანი ჯარით დაეხმარებოდნენ. სწორედ ჰუნების გადმოყვანის შესაძლებლობამ გადააწყვეტინა სომხებს ვახტანგთან ერთად აჯანყება, რადგან იბერიის სამხედრო შესაძლებლობები არ იყო საკმარისი სპარსეთისაგან გასათავისუფლებად - იბერია სუსტია და მხედრობაც მცირერიცხოვანი ჰყავს - ეს სომეხთა მთავარსარდლის ვაჰან მამიკონიანის სიტყვებია, რომელიც V საუკუნის სომეხმა ავტორმა ლაზარ ფარპეცმა შემოგვინახა. ეს ცნობა სინამდვილეს შეესაბამება, რადგან სპარსეთის წინააღმდეგ დაბალი სამხედრო პოტენციალის იბერიის ლაშქარი მეტად მცირერიცხოვანი იქნებოდა. ამას ემატებოდა არასტაბილური შინაგანი მდგომარეობა და ზოგიერთი დიდებულის ურჩობა როგორც იბერიაში, ისე სომხეთში. ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შემდგომ მოვლენებში.
სპარსელებმა აჯანყებული იბერიელებისა და სომხების წინააღმდეგ დამსჯელი ექსპედიცია გამოგზავნეს შაპურ მიჰრანის მეთაურობით. ვახტანგმა ვერ გაბედა მათთან შებრძოლება თავისი მცირერიცხოვანი ძალებით, ჰუნებისაგან კი სულ 300 მხედარი მიიღო, ამიტომ თავი შეაფარა სომხეთის მთებს იბერიის საზღვრის მახლობლად და დახმარება სთხოვა სომხებს, რომელთაც განუცხადა, რომ მოკავშირე ჰუნების ლაშქარიც მალე მოვიდოდა. ამ ცნობამ სომხები დააიმედა და ვაჰან მამიკონიანი, რომელმაც მანამდე პერსარმენიის მარზაპანი ადჰურ გუშნასპი დაამარცხა და ახალ მარზაპნად საჰაკ ბაგრატუნი დანიშნა, ჯარით დაიძრა მეფესთან შესაერთებლად. ამ დროისათვის ვაჰანი არ იყო დარწმუნებული ზოგიერთი დიდებულის ერთგულებაში და სამართლიანადაც. ლაზარ ფარპეცის გადმოცემით, ისინი ჯერ კიდევ აჯანყების დასაწყისშივე დაკავშირებულები იყვნენ სპარსელებთან და ურჩევდნენ მალევე გამოეგზავნათ ლაშქარი და დაემარცხებინათ ვახტანგი და ვაჰანი, რომელთაც ბიზანტიისა და ჰუნების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ვერ მიიღეს დახმარება. 
ვახტანგმა შეტევითი ომი გადაწყვიტა, რათა არ დაეშვა სპარსელთაგან იბერიის აოხრება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იბერიის მეფე, რომელსაც ჯარი უკვე შეკრებილი ჰყავდა, ფიქრობდა ამ ჯარის შენახვის პრობლემებზე. რაც უფრო გაგრძელდებოდა სამხედრო კამპანია და სპარსელები მეტად დაარბევდნენ იბერიას და შეუზღუდავდნენ საკომუნიკაციო, სურსათის მიწოდების გზებს, უფრო რთული გახდებოდა მეფისთვის ჯარის შენარჩუნება. დაიწყებოდა დეზერტირობა, ამბოხებები და თავს იჩენდა სხვა პრობლემებიც. ამის გამო, მეფემ სომხების მოსვლისთანავე დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ ეიძულებინა ისინი რათა მტერთან გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ.

მეთაურები
იბერიის ლაშქრის სარდალი იყო ვახტანგ გორგასალი (დაახლ. 447-522 წწ.), იბერიის მეფე. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო სასანური სპარსეთის ვასალი და მოკავშირე. იბრძოდა სპარსელთა მხარდამხარ კავკასიაში მიმდინარე ომებში. V საუკუნის 80-იანი წლებიდან მან შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია, გადავიდა ბიზანტიის იმპერიის მხარეს და დაუპირისპირდა სპარსეთის შაჰს პეროზს. აჯანყების მარცხის შემდეგ იბერიაში დაბრუნება მოახერხა და VI საუკუნეში, ირან-ბიზანტიას შორის დაწყებული ომამდე მეფობდა. იბერიის სამეფო ამ ომმა შეიწირა და ის სპარსეთმა დაიპყრო.
გვიანანტიკური სასანური გემა-საბეჭდავი, რომელსაც შალვა ამირანაშვილი ვახტანგ გორგასლის გამოსახულებლად თვლიდა (ბრიტანეთის მუზეუმის ექსპონანტი #119712). წინა და უკანა მხარე.

სომეხთა ლაშქარს სარდლობდა ვაჰან მამიკონიანი (დაახლ. 445-510 წწ.), სომეხი დიდებული მამიკონიანთა საგვარეულოდან. მან მოაწყო აჯანყება პერსარმენიაში, სპარსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სომხეთის ტერიტორიაზე, მარზაპანი ადჰურ გუშნასპი ჩამოაგდო და მის ნაცვლად საჰაკ ბაგრატუნი დასვა მარზაპნად. როდესაც ვახტანგ გორგასალმა კვლავ სთხოვა ძალების გაერთიანება და მისცა დაპირება, რომ ჰუნები დაეხმარებოდნენ ბრძოლაში, გამოეხმაურა მის მოწოდებას და შეუერთდა იბერიის ჯარს. აჯანყების მარცხის შემდეგ, ვაჰანი იძულებული გახდა თავი შეეფარებინა ბიზანტიის მოსაზღვრე მხარეში. 484 წელს, პეროზი ჰეფთალიტებთან ბრძოლაში დაიღუპა და მისმა მემკვიდრემ ბალაშმა, რომელსაც სომეხთა მხარდაჭერა სჭირდებოდა, ვაჰანი მარზაპნად დანიშნა. ამ თანამდებობას ის სიკვდილამდე ინარჩუნებდა.
კავად I-ს დინარი (V ს.)
ანასტასიუს I-ს ოქროს სოლიდი (V-VI ს.)

სპარსელთა ჯარის სარდალი იყო შაპურ მიჰრანი სპარსელი დიდებული მიჰრანიანების გვარიდან, რომელიც სასანიანთა შვიდი დიდი საგვარეულოდან ერთ-ერთი გახლდათ. ამას გარდა მიჰრანი პეროზ შაჰის ძუძუმტე იყო. მიჰრანიანებს მაღალი თანამდებობები ეკავათ პეროზის მეფობისას და შაპურ-მიჰრანიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო შაჰის კარზე. 482 წლისათვის შაპურ მიჰრანი გამოგზავნეს სომხეთში, რათა დროებით დაეკავებინა მარზაპანის თანამდებობა. ამ დროის განმავლობაში მან დაამარცხა ვახტანგისა და ვაჰანის გაერთიანებული ლაშქარი. 484 წელს მან კვლავ დაამარცხა ვაჰან მამიკონიანი და აიძულა გაქცეულიყო ბიზანტიის საზღვრებისკენ. მიჰრანს მოუხდა ქტესიფონში დაბრუნება, რადგან პეროზ შაჰი დაიღუპა ჰეფთალიტებთან ბრძოლაში. მიჰრანს კი უნდა დაეცვა სამეფო და დახმარებოდა ახალ შაჰს ბალაშს ძალაუფლების განმტკიცებაში.

ბრძოლის ველი
სომხები ვახტანგს სთავაზობდნენ ჰუნების მოსვლამდე დაეცადათ, მაგრამ იბერიის მეფემ ამ დროისთვის ჩანს, იცოდა რომ ჰუნები მოსვლას არ აპირებდნენ და მხოლოდ ატყუებდა მოკავშირეებს - ჰუნები ეს-ეს არის მოვლენო. ამაზე მეტყველებს ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. სომხების ჩამოსატყუებლად იბერიის მეფემ ხერხს მიმართა, რომელსაც ლაზარ ფარპეცი ალექსანდრე მაკედონელის ეშმაკობას ადარებს: ერთ-ერთ ველზე დაანახა სომხებს მრავალი კოცონი და ხის კუნძები ადამიანის მაგვარად შეიარაღებული და უთხრა, რომ ჰუნები ითხოვდნენ სომხების ჩასვლას ველზე, მათ იქ ყოფნასა და თანადგომაში დასარწმუნებლად, რის შემდეგაც ბრძოლაში ჩაებმოდნენ სპარსელთა წინააღმდეგ. თუ ასე არ მოიქცეოდნენ, ჰუნებიც არ იბრძოლებდნენ და მიჰრანი იბერიასაც ააოხრებდა. ვაჰან მამიკონიანი დაჰყვა მოკავშირის თხოვნას და სომეხთა და იბერიელთა ჯარი ჭარმანიანის ველზე ჩავიდა. ეს ადგილი როგორც ჩანს ქვემო იბერიაში, გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის პირას უნდა იყოს, თუმცა რადგან ზოგადად ბუნება, განსაკუთრებით კი მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს, რთული გასარკვევი იქნება ზუსტი ადგილმდებარეობა. აქ უკვე დაბანაკებულიყვნენ სპარსელები და მოწინააღმდეგეს ელოდნენ. მოკავშირეებს ფაქტობრივად, გაშლილ ადგილას მოუხდათ მტერთან დაპირისპირება, რაც ცხენოსნებს მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევდა. 

ჯარები
იბერიის ლაშქარი გვიანანტიკურ ხანაში შედგებოდა მძიმე და მსუბუქი ცხენოსნებისა და ქვეითი ჯარისაგან. მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისაგან შემდგარი მძიმე ცხენოსნები მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ. ისინი მთლიანად დაცულები იყვნენ ბრინჯაოს ან რკინის ქერცლოვანი აბჯრითა და მუზარადით. ასევე აბჯრით იყო დაცული ცხენიც. მხედრის შეიარაღებაში შედიოდა გრძელი შუბი და მახვილი ან გურზი. ასეთი ტიპის კავალერიას ბიზანტიელები კატაფრაქტებს უწოდებდნენ. კატაფრაქტებს იყენებდნენ როგორც სპარსელები, ბიზანტიელები, სომხები და იბერიელები, ასევე ჩრდილოელი მომთაბარე ალან-სარმატებიც. კატაფრაქტები უტევდნენ მჭიდრო რიგებად, რითიც იყენებდნენ თავიანთ უპირატესობას და ფარავდნენ ნაკლს - ნაკლებ მანევრულობას და შეზღუდულ მოძრაობის უნარს. 
სპარსელი კატაფრაქტი და ქვეითი მეომრები, V-VI სს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

უააზიელი მომთაბარე მეომრები, V-VI სს. (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
დაბალი სოციალური ფენისაგან შემდგარი ქვეითი ჯარი ძირითადად შეიარაღებული იყო ხელშუბებით, მშვილდ-ისრებით, შურდულებით, შუბებითა და ფარებით. ქვეითი ჯარი რიცხოვნობით ცხენოსანს ჭარბობდა, რადგან ადრეფეოდალურ საზოგადოებაში ჯარი ხალხის ფართო მასებისგან გამოდიოდა. ქვეითთა საბრძოლო ღირებულება ბევრად დაბალი იყო და ისინი მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ ბრძოლაში. მსუბუქ კავალერიას შეადგენდნენ მოკავშირე მომთაბარე მხედრები, ასევე იბერიის საშუალო ფენიდან გამოსული მეომრები, რომლებსაც არ გააჩნდათ ისეთი ეკონომიკური შესაძლებლობები, როგორიც დიდებულთა ფენას ჰქონდა. მათ შორის გამოიყენებოდა როგორც ხელჩართული ბრძოლის იარაღი, ასევე მშვილდ-ისარიც.
სომეხთაგან მძიმე კავალერიას ქმნიდა ასევე წარჩინებული ფენა და დიდებულები (ნახარარები). მათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი კონტინგენტის გამოყვანა შეეძლოთ, რადგან პერსარმენია, სომხეთის ის ნაწილი, რომელსაც სპარსეთი აკონტროლებდა, დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ზოგადად, იბერიისა და სომხეთის ჯარების შეიარაღება და ტაქტიკა დიდად განსხვავებული არ უნდა ყოფილიყო და მისდევდა ახლო აღმოსავლეთში სასანური სპარსეთის გავლენით გავრცელებულ, გამოცდილ პრაქტიკას.  
V საუკუნის ჰუნი მეომარი, უნაგირისა და აღჭურვილობის დეტალებით (მხატვარი კრისტა ჰუკი)
ჰეფთალიტები (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
სპარსეთი გვიანანტიკურ ხანაში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო და წარმოადგენდა ბიზანტიის მთავარი მოწინააღმდეგეს ახლო აღმოსავლეთისათვის ბრძოლაში. სპარსელებს ჰყავდათ მძიმე კავალერია, რომელიც მათი მთავარი სამხედრო უპირატესობა იყო, ასევე მრავალრიცხოვანი მსუბუქი ცხენოსანი ჯარი, რომელთა რიგებში მომთაბარე ტომების ნარჩევი მეომრებიც შედიოდნენ. ქვეით ჯარს ევალებოდა კატაფრაქტების შეტევით მიღებული შედეგი, სხვა მხრივ კი, მეორეხარისხოვანი ფუნქცია ეკისრებოდა. მათ რიგებში იყვნენ მეშურდულეები და მშვილდოსნებიც. საერთოდ, სპარსელები საოცრად გაწაფულები იყვნენ მშვილდოსნობაზე, რაზეც გვიანანტიკური ხანის სხვადასხვა ავტორები წერენ. მოწინააღმდეგე მხარეების ჯარების რიცხოვნობის შესახებ საუბარი რთულია, რადგან წყაროები ამის შესახებ არაფერს წერენ, თუმცა, რადგან ზოგადად გვიანანტიკურ ხანაში ნაკლებად გვხვდება მრავალრიცხოვანი არმიები და იშვიათად აჭარბებს ათეულ ათასს, შესაბამისად, შეგვიძლია განვსაზღვროთ ორივე არმიების მიახლოებითი რაოდენობა 10-15 ათასი მეომრით. 

ბრძოლა
ვახტანგმა და ვაჰან მამიკონიანმა ლაშქარი შემდეგნაირად განალაგეს: მარჯვენა ფლანგზე სომეხი სარდლები ბარშილ ვაჰევუნი და სატონ გაბელიანი დადგნენ, ცენტრში თვითონ ვაჰან მამიკონიანი, მარცხენა ფლანგზე ვახტანგ გორგასალი. მარცხენა ფლანგი ზოგადად უფრო პასიურ ფლანგად ითვლებოდა და ძირითადი შეტევა მარჯვენა ფლანგსა და ცენტრს ევალებოდა. შაპურ მიჰრანის ლაშქარი ზურგით მდინარისაკენ განლაგდა, სავარაუდოდ, ტრადიციული წყობით წინ მძიმე კავალერია, მათ უკან ქვეითები, ზურგში კი საცხენოსნო რეზერვი. ასეთივე წყობა უნდა ჰქონოდათ იბერიელ-სომეხთა ლაშქრის სადროშოებსაც. 

მარჯვენა ფრთამ და ცენტრმა, რომელიც მრავალრიცხოვანი სომხური ცხენოსანი და ქვეითი ჯარისაგან შედგებოდა, სპარსელებზე ძლიერი იერიში მიიტანა. ჩაერთო თუ არა მარცხენა ფლანგიც შეტაკებაში და რა წარმატებას მიაღწია, ჩვენთვის უცნობია, თუმცა მას შემდეგ, რაც ვაჰან მამიკონიანმა ცენტრიდან ძლიერი დარტყმით უკან დაახევინა სპარსელებს მდინარე მტკვრის გადაღმა, თუმცა ეს იყო და ეს. წარმატების განვითარება იბერიელებმა და სომხებმა ვეღარ შეძლეს, რადგან შუა ბრძოლისას, სომეხ დიდებულთა ნაწილმა, რომლებიც წინასწარ მომზადებულები იყვნენ ამისათვის, სპარსელების მხარეზე დაიწყეს გადასვლა. „უეცრად გაიქცა და განშორდა [ბრძოლის ველს] მთელი ჯარი სომხებისა და იბერიელებისა, რომელთაგან მრავალი მოღალატე დაუცხრომლად უყვიროდა ერთმანეთს: „სომხები გაიქცნენ, თავს უშველეთო". ბრძოლა იბერიელთა და სომეხთა სრული მარცხით დასრულდა. 

შედეგები
482 წლის აჯანყებისას თავი იჩინა სომხურ-იბერიული კავშირის სისუსტემ, საჭირო მომენტში ერთიანობის არქონამ და პირველ რიგში, იბერიაში და სომხეთში სპარსული ორიენტაციის ძლიერ დიდებულებთან გამკლავების პრობლემამ, რამაც საბოლოოდ სასტიკი მარცხი მოუტანა მხარეებს. 484 წელს პეროზ შაჰმა კვლავ გამოგზავნა დამსჯელი ლაშქარი, რომელიც ჯერ სომხეთში, შემდეგ კი იბერიაში შემოვიდა. შაჰის ბრძანებით, ვახტანგი ან უნდა შეეპყროთ, ან მოეკლათ, ანდა განედევნათ ქვეყნიდან. ვახტანგი ეგრისს შეეფარა, სადაც მისი მოკავშირეების, ბიზანტიელთა პოზიციები ძლიერი იყო. ამავე წელს დაიღუპა პეროზი ჰეფთალიტებთან ბრძოლაში, რის შემდეგაც სომხეთის აჯანყებაც წარმატებით გაგრძელდა და ვახტანგი კვლავ დაუბრუნდა იბერიას, სადაც ბიზანტია-სპარსეთის მომავალ სამხედრო დაპირისპირებამდე მეფობდა. 




ბიბლიოგრაფია
  1. ალასანია, გიული. ქართველები და ისლამამდელი თურქები. თბილისი, 2008.
  2. გამყრელიძე, გელა. ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში. თბილისი, 2010.
  3. გოილაძე, ვახტანგ. მეფე ვახტანგ გორგასალი. თბილისი, 2008.
  4. გეორგიკა, II, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტი ქართული თარგმანითურთ და განმარტებები ს. ყაუხჩიშვილისა. თბილისი, 1965. 
  5. კაკაბაძე, სარგის. ვახტანგ გორგასალი და მისი ხანა. თბილისი, 1994.
  6. ლომოური, ნ. საქართველოს და ბიზანტიის იმპერიის ურთიერთობა. ნაწილი I(IV-IX სს.). თბილისი, 2011.
  7. ლორთქიფანიძე, მარიამ. ქართლი V საუკუნის II ნახევარში. თბილისი,1979.
  8. მიწიშვილი, ნინო. „დიდი მეფე” ვახტანგ გორგასალი, ქართლი და ირანი V ს. მეორე ნახევარში. ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 10. თბილისი, 2003. 
  9. მუსხელიშვილი, დავით. საქართველო, IV-VIII საუკუნეებში. თბილისი, 2004.
  10. ჯანაშია, ლ. ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ. თბილისი, 1962.
  11. ჯუანშერი. ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა. ქართლის ცხოვრება. სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა. თბილისი, 1955. 
  12. Braund, David. A History of Colchis and Transcaucasian Iberia, 550 BC-AD 562. Oxford, 1994.
  13. The Cambridge Medieval History, vol. IV, The Byzantine Empire part I. Chapter XIV, Cyril Toumanoff, Armenia and Georgia. Cambridge, 1966.
  14. Daryaee, Touraj. Sasanian Persia: the rise and fall of an empire. London, 2009.
  15. Toumanoff, Cyrille. Studies in Christian Caucasian history. Washington, 1963
  16. Егише. О Вардане и войне армянской. перевод с древнеармянского акад. И.А. Орбели, подготовка к изданию, предисловие и примечания К.Н. Юзбашяна. — Восточная литература, 1971.
  17. Хазанов, А. Катафрактарии и их роль в истории военного искусства. Вестник древней истории. №1, 1968   

ნიკა ხოფერია
გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორიაში (წიგნი I. თბილისი, 2012) მოცემული ქვეთავის - „ვახტანგ გორგასალი როგორც მეფე და მთავარსარდალი ლაზარ ფარპეცის მიხედვით" შემოკლებული, პოპულარ ენაზე გადმოცემული ვერსია.