„საქმენი რომაელთა" - ამბები XIII საუკუნის ევროპიდან


Gesta Romanorum „საქმენი რომაელთა", XIII-XIV საუკუნეებში, ევროპული მონასტრების კედლებს მიღმა შექმნილი „საერო" საკითხავი ამბების კრებულია. ის შუა საუკუნეების ადამიანთა ცოდნას, მიდრეკილებებს, ინტერესებს, აზროვნებას, თვალსაწიერს კარგად ასახავს.
Gesta Romanorum-ში თავმოყრილი ცალკეული ამბების ავტორები არ ვიცით, მაგრამ არც იმაზე არსებობს ერთიანი აზრი, ვინ მოუყარა მათ თავი პირველად და საკითხავ წიგნად აქცია. ერთი ვერსიით პეტრე ბერხორიუსმა (XIV ს.), სხვა ვერსიით ჰელინანდ ფრუამონელმა (XIII ს.), ტექსტი ლათინურია და არც ის ჩანს სადაა შექმნილი - გერმანიაში, საფრანგეთში თუ ინგლისში.
„საქმენი რომაელთა" კარგად გადმოსცემს შუა საუკუნეებში არსებული საზოგადოების წარმოდგენებს, სურვილებს, შესაძლებლობებს, ინტერესებს. ამბები ძირითადად ეხება მათ ვინც „ლოცულობენ" (ეკლესია) და ვინც „იბრძვიან"(არისტოკრატია). შიგადაშიგ გამოერევიან პერსონაჟები მათგან ვინც „მუშაობენ", მაგრამ რასაკვირველია აქცენტი პირველ ორზე კეთდება. არიან პერსონაჟები მოქალაქეთა, ხელოსანთა და ვაჭართა წრიდანაც.





































  მღვდელი („ის ვინც ლოცულობს"), რაინდი („ის ვინც იბრძვის"), გლეხი („ის ვინც მუშაობს"). XIII ს. მინიატურა

ხშირად არის გამოყენებული ანტიკური ხანის ისტორიული პირების სახელები - პომპეუსი, ალექსანდრე, გორდიანე, დიოკლეტიანე და ა.შ. თუმცა არც ერთი ამბავი, რომლებშიც ისინი მოიხსენიებიან, არც ერთ ანტიკურ წყაროს არ ეყრდნობა და უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ისიც ჩანს როგორი წარმოდგენა არსებობდა რომის იმპერიაში არსებულ სახელმწიფო წყობაზე შუა საუკუნეების საზოგადოებაში. ვითომ „საერო" საკითხავში, მაინც ძირითადად რელიგიური მოტივებია წამყვანი, რაც შუა საუკუნეებისათვის სავსებით ბუნებრივია. ავტორს დიდად არ ანაღვლებს ქრისტიანობამდელ ეპოქაზე რომ წერს და წარმართ მეფეებსა და იმპერატორებს ქრისტიანებისაგან ფაქტობრივად არ განასხვავებს. ამბების დიდი ნაწილი ეხება მეფეებს რომელთაც თავიანთი ქალიშვილების გათხოვება ან ვაჟის დაქორწინება სურთ ანუ შუა საუკუნეების არისტოკრატიის ერთ-ერთ მთავარ ინტერესსა და საჭიროებას. კოშკში გამოკეტილი მზეთუნახავების თემა არც ამ პერიოდის ზღაპრებისთვისაა შორეული. ქალიშვილებს გულმოდგინედ იცავენ, მაგრამ რაც უფრო მტკიცეა დაცვა, მით უფრო მეტია სურვილი მისგან დაღწევისა. „საქმენი რომაელთაში" ხშირადაა მოთხრობილი მოღალატე ცოლებზე, რომლებიც სარგებლობენ ქმრების არყოფნით, მაგრამ ყოველი ასეთი ამბავი ცუდად სრულდება. ზოგჯერ იგივე სტილის სიუჟეტში კაცია მთავარი პერსონაჟი. 

       ლოკოკინა და ბაყაყი (XV ს. მინიატურა)


საინტერესოა ფრინველებისა და ცხოველების როლიც ასეთ თხზულებებში. განსაკუთრებით ხშირად გხვდება გველი, ლომი, მაიმუნი და ბაყაყი. გამოკვეთილია ბაყაყისა და გველის დაპირისპირების თემა. ისინი ყოველთვის ერთმანეთის მტრები არიან. გველი ხშირად არის გამოყვანილი დადებით პერსონაჟად, ბაყაყი კი უარყოფითად. გველი ეხმარება ადამიანებს, თუმცა ვერ იტანს მზაკვრობასა და ღალატს. სასულიერო პირები უმთავრესად კეთილშობილ და პატიოსან ადამიანებად არიან გამოყვანილები, განსხვავებით ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონისაგან", რომელიც საზოგადოების ყველა ფენას თანაბრად დასცინის. თუმცა, „დეკამერონში" აშკარად ჩანს „Gesta Romanorum"-ს გავლენა, ასევე, ზოგიერთი სიუჟეტი აღებული აქვს ჯეფრი ჩოსერსაც, შექსპირსაც.

   ამბავი „დეკამერონიდან" (ჯონ უილიამ უოთერჰაუსის ნახატი, 1916 წ.) 

„საქმენი რომაელთა" შეიძლება შევადაროთ აღმოსავლური სამყაროს „1001 ღამეს", რომლის ზუსტი წარმომავლობა და დაწერის თარიღიც გაურკვეველია, თუმცა აშკარად შუა საუკუნეებს უკავშირდება. 
„Gesta Romanorum" სხვადასხვა ენებზეა ნათარგმნი. არ იქნებოდა ურიგო ქართულ ენაზეც ყოფილიყო ნათარგმნი, არა მხოლოდ როგორც უბრალოდ საკითხავი წიგნი, არამედ შუა საუკუნეების ისტორიის შესწავლისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი.


ნიკა ხოფერია