ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში იყო ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ლაშქრობა საფრანგეთის ახალ ისტორიაში. ფრანგ ვაჭრებს ბურბონების მეფობის დროიდან, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ლევანტის ქვეყნებთან (სირია, ეგვიპტე, პალესტინა), რაც ხელსაყრელი იყო საფრანგეთის ვაჭრობისა და მრეწველობისათვის. ლევანტი ”ბრწყინვალე პორტას” ანუ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ სულთნის გავლენა ძალიან იყო შესუსტებული ეგვიპტეში, სადაც ქვეყნის ფაქტიური გამგებლები მამლუქი ბეგები იყვნენ.
ეგვიპტის ლაშქრობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შარლ მორის ტალეირანის იდეა იყო, რომელიც ნაპოლეონმაც სათანადოდ შეაფასა და მთავრობას ლაშქრობის მოწყობა შესთავაზა. საფრანგეთის მთავრობამ, დირექტორიამ, მოიწონა გეგმა და ნაპოლეონს მისი განხორციელება დაავალა. ნაპოლეონმა მიიღო "ინგლისის” არმიის" სარდლობა (არმიას "ინგლისის" იმიტომ ეწოდა რომ ფრანგები დეზინფორმაციას ავრცელებდნენ თითქოს ეს ჯარი ინგლისში სალაშქროდ ემზადებოდა). ნაპოლეონს სურდა დაეპყრო ეგვიპტე და ახლო აღმოსავლეთი და მოეწყო აქ პლაცდარმი ინდოეთში ლაშქრობის დასაწყებად რითაც აპირებდა საფრანგეთის მოწინააღმდეგის, ინგლისის ეკონომიკის განადგურებას.
შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი(1754-1838)
ბრიტანელები ინდოეთის რესურსებს მოხერხებულად იყენებდნენ, მათ აქ დაარსეს აღმოსავლეთ ინდოეთის სავაჭრო კომპანია, რომელის საშუალებით ინგლისი ნელ-ნელა მთელ ინდოეთს ეუფლებოდა. ინგლისელი მოხელეები ინდოეთიდან ეზიდებოდნენ ოქროს, სანელებლებს და რაც მთავარია ჩაის, და ვაჭრობიდან მიღებულ მოგებას იყენებდა საფრანგეთის საწინააღმდეგოდ კოალიციების დასაფინანსებლად.
პოლ ბარასი(1755-1829)
ეგვიპტის ლაშქრობა ისეთი გასაიდუმლოებული იყო რომ მის შესახებ საფრანგეთის მმართველი დირექტორიის (სიესი, ბარასი, როჟე-დიუკო, გოიე და მულენი), ჟოზეფ ფუშეს (პოლიციის მინისტრი), ტალეირანისა და ნაპოლეონის გარდა, არავინ არაფერი იცოდა. ნაპოლეონმა იცოდა რომ თუ ამ ლაშქრობის შესახებ ინგლისის ადმირალი ჰორაციო ნელსონი შეიტყობდა, ის ეცდებოდა ფრანგთა საექსპედიციო არმიის ფლოტის ჩაძირვას, რის შედეგადაც ფრანგები დაკარგავდნენ თავიანთი ჯარის საუკეთესო ნაწილს და ფლოტის 13 სახაზო გემსა და რამდენიმე ფრეგატს, ამით ნაპოლეონის განზრახვას საბოლოოდ მოეღებოდა ბოლო.
ჰორაციო ნელსონი(1758-1805)
ეგვიპტის ლაშქრობის მონაწილე ჯარისკაცებმა და სამხედრო მეთაურებმა (ამათ გარდა ნაპოლეონმა ეგვიპტეში 167 მეცნიერი წაიყვანა ამ უძველესი ქვეყნის გამოსაკვლევად,მათ შორის იყვნენ: მონჟი, ბერთოლე, ფიურე და ა.შ). ფრანგებმა მოამზადეს 32000-იანი არმია და ფლოტის სახაზო ხომალდებში ჩასხეს.ფლოტს ხელმძღვანელობდა ადმირალი ფრანსუა-პოლ ბრუე.
ნაპოლეონმა ეგვიპტის ლაშქრობის წინ ტალეირანს სთხოვა დახმარება. ტალეირენი გაქნილი და მექრთამე ადამიანი კი იყო მაგრამ ამავდროულად იგი ფლობდა დიპლომატიის ხელოვნებას და იყო საოცრად ნიჭიერი. ნაპოლეონის ეგვიპტეში შეჭრისთანავე, ტალეირანი სტამბულში უნდა ჩასულიყო და სულთანი დაერწმუნებინა იმაში, რომ ნაპოლეონი ეგვიპტეში თურქეთისათვის ზიანის მისაყენებლად კი არ ჩავიდა, არამედ მხოლოდ იმისთვის რომ ინგლისისათვის დარტყმა მიეყენებინა.
ფრანსუა-პოლ ბრუე(1753-1798)
ამას გარდა ნაპოლეონი გაანადგურებდა მამლუქებს რომლებიც თურქებს აღარ ემორჩილებოდნენ და დამოუკიდებლობა სურდათ. ბონაპარტს თურქეთისათვის თვალის ახვევა დროებით ჭირდებოდა, მანამდე სანამ ეგვიპტეს დაიპყრობდა და იქ ფეხს მოიკიდებდა. შემდეგ ფრანგები აპირებდნენ ლევანტის ქვეყნების სრულ დამორჩილებას.
ლაშქრობის დაწყებამდე ნაპოლეონმა მოახერხა ინგლისის ფლოტისგან თავის არიდება. მან ხმა დააგდო რომ აპირებდა გიბრალტარის სრუტის გავლით ინგლისში შეჭრას. ნელსონის ფლოტის ნაწილი გიბრალტარისაკენ გაეშურა რათა არ დაეშვა ფრანგების შეტევა. მეორე ნაწილით კი ნელსონი ტულონის მახლობლად იდგა.
ოსმალეთის სულთანი სელიმ III(1761-1808) რომელიც ამ დროისთვის ფორმალურად მართავდა ეგვიპტეს
1798 წლის მაისში მისი გემებს ქარიშხალმა გადაუარა და ძალიან დააზიანა, რის გამოც ნელსონი იძულებული იყო გიბრალტარში დაბრუნებულიყო. სწორედ ამ დროს ნაპოლეონი ჯართან ერთად მშვიდად გაეშურა ეგვიპტისაკენ. მის ფლოტში შედიოდა 13 სახაზო გემი და რამდენიმე ფრეგატი.
ნაპოლეონის ეპოქის სამხედრო გემები ხის მასალით იგებოდა. არსებობდა რამდენიმე სახის გემი: ფრეგატი, სახაზო გემი და ბრიგი. ბრიგი ორანძიანი გემი იყო. ფრეგატი სამანძიანი. სახაზო გემი ყველაზე დიდი იყო.
ნაპოლეონის ეპოქის სამხედრო გემები ხის მასალით იგებოდა. არსებობდა რამდენიმე სახის გემი: ფრეგატი, სახაზო გემი და ბრიგი. ბრიგი ორანძიანი გემი იყო. ფრეგატი სამანძიანი. სახაზო გემი ყველაზე დიდი იყო.
ბრიგი
ფრეგატი
სახაზო გემი
მასაც სამი ანძა და კიდევ ცხვირის დამატებითი აფრები ჰქონდა. სამხედრო გემები შეიარაღებულნი იყვნენ საზღვაო ქვემეხებით. ბრიგს და ფრეგატს შედარებით უფრო ნაკლები ზარბაზანი ჰქონდათ ვიდრე სახაზო გემებს. სახაზო გემები ქვემეხთა რიცხვი ზოგჯერ 120-მდე აღწევდა. ნაპოლეონის ფლოტის ადმირალი ბრუეს საფლაგმანო გემის ქვემეხთა რაოდენობა 120 იყო. თითოეულ გემზე ეკიპაჟის გარკვეული რაოდენობა იყო. სახაზო გემების ეკიპაჟი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ფრეგატისა და ბრიგის ეკიპაჟებს. ნაპოლეონის ბრძანებით ეგვიპტის ლაშქრობის თითოეულ გემზე განალაგეს ხუთასი ვეტერანი “იტალიის” არმიის რიგებიდან. ნაპოლეონმა გაითვალისწინა რომ ინგლისის სწრაფი ფლოტი მოახერხებდა გამოკიდებოდა ფრანგთა ფლოტს და საზღვაო ბრძოლა გაემართა მისთვის.
რევოლუციური საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები
ამიტომ ნაპოლეონმა გაითვალისწინა ეს და ჯარისკაცები საბრძოლო გემებზე განალაგა. ბონაპარტი გეგმავდა რომ როცა ინგლისელთა გემები მის გემებს მიუახლოვდებოდნენ, ფრანგებს აბორდაჟზე უნდა აეყვანათ ისინი და ხელჩართულ ბრძოლაში გაენადგურებინათ. ნაპოლეონის ბრძოლაში გამობრძმედილ მეომრებს არ გაუჭირდებოდათ ინგლისელი მეზღვაურების დამარცხება. ამიტომ ფრანგებს არ ეშინოდათ ნელსონის ფლოტის.
ფერდინანდ ფონ გომპეშ ცუ ბოლხეიმი(1744-1805)
მალტის რაინდთა ორდენის მაგისტრი, რომელმაც ფრანგთა ფლოტს განუცხადა, რომ პორტში ერთდროულად მხოლოდ ორ უცხოურ გემს შეუშვებდა. ნაპოლეონმა კუნძული ძალით დაკავა.
ნაპოლეონი გზადაგზა იკავებდა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულებს. ფრანგებმა დაიპყრეს კუნძული მალტა და იქ სამხედრო გარნიზონი დატოვეს. ნაპოლეონს მალტა სჭირდებოდა რათა გაემყარებინა საფრანგეთის პოზიცია ხმელთაშუა ზღვაში.ეს კუნძული ახლო იყო იტალიასთან და აფრიკასთანაც.ამას გარდა ნაპოლეონმა კუნძულზე დიდძალი სიმდიდრე ჩაიგდო ხელში.ფრანგები შეჩერდნენ კუნძულ კრეტაზეც სადაც ახლაც შემორჩენილია სახლი სადაც ნაპოლეონმა ღამე გაათია.
გენერალი ჟაკ-ფრანსუა მენუ(1750-1810) იყო პირველი ფრანგი, რომელიც ეგვიპტის სანაპიროზე გადავიდა და უკანასკნელი ფრანგი ვინც ეგვიპტე დატოვა
1798 წლის ივლისში ნაპოლეონმა ჯარი ალექსანდრიაში, პტოლემაიოსების ეგვიპტის ძველ დედაქალაქთან გადასხა. ფრანგებმა შეიტყვეს რომ ინგლისის ფლოტს დაუსწრია მათი ფლოტისათვის: 48 საათით ადრე მისულ ეგვიპტეში, ინგლისელებს უნახავთ რომ ეგვიპტეში არცერთი ფრანგი არ იყო ამიტომ ნელსონმა ივარაუდა რომ ნაპოლეონი სტამბულის მიმართულებით წავიდა. ინგლისელები სტამბულისაკენ დაიძრნენ, ნაპოლეონმა კი ჯარი მშვიდად გადასხა ეგვიპტეში და აიღო ალექსანდრია. ნაპოლეონი თავის მოხსენებაში ეგვიპტის ლაშქრობაზე წერს: "19 მესიდორს არმია ალექსანდრიიდან გავიდა. 20-ში უკვე დამანჰურთან ვიყავით. უდაბნოზე გადასვლის დროს უჩვეულო პაპანაქებამ და უწყლობამ გაგვაწამა. ნილოსის სანაპიროზე-რაჰმანიესთან, სადაც 22 მესიდორს გავედით, ბრძოლა გადავიხადეთ."
მურად-ბეი, ისევე როგორც იბრაჰიმ-ბეი(შინჯიკაშვილი) წარმოშობით ქართველი იყო
ნაპოლეონის ამ სიტყვებიდან ჩანს რომ ფრანგთა ჯარი ეგვიპტეში ძალზედ ეწამებოდა სიცხეში და უწყლობაში. ნაპოლეონის ჯარი რაჰმანიესთან მამლუქებს შეებრძოლა და უკუაქცია ისინი. მამლუქებმა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. მურად-ბეი პატარა ფლოტილიისა და ზარბაზნების იმედით ფრანგებს სოფელ შებრიზთან მოელოდა. ნაპოლეონი კარეებად დაწყობილი ჯარით მიუახლოვდა მამლუქებს. მას მხოლოდ 200 მხედარი ჰყავდა. მამლუქები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულები დამბაჩებით, კარაბინებით და აღმოსავლური ხმლებით. მამლუქთა ფლოტს დაუპირისპირდა ფრანგთა ფლოტილია პერეს სარდლობით. ფრანგებმა მამაცურად იბრძოლეს და მტრის ფლოტი ხელთ იგდეს.
ბრძოლა იმბაბასთან(ცნობილი როგორც ბრძოლა პირამიდებთან. ლუი-ფრანსუა ბარონ ლეჟუნის ტილო)
მამლუქებმა კავალერიით შეუტიეს "კარეებად" დაწყობილ ფრანგებს, რომლებაც მამლუქებს მიახლოების საშუალება არ მისცეს. მრავალი მამლუქი დაიჭრა და დაიხოცა, დანარჩენებმა კი უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში მამლუქებმა სამასამდე კაცი დაკარგეს. ფრანგებმა სწრაფად მიაღწიეს სოფელ ინბაბას სადაც მამლუქი ბეგები იყვნენ გამაგრებული თავიანთი ჯარით. გიზის პირამიდებიდან დაახლოებით 15 კმ-ში, იმბაბასთან მოხდა დიდი ბრძოლა ნაპოლეონსა და მურად-ბეის შორის. ფრანგები ისევ კარეებად იყვნენ განლაგებული როგორც შებრიზთან ბრძოლაში. მამლუქებმა შეუტიეს მაგრამ ფრანგთა ტყვიებით მრავალი მათგანი მოიცელა და დაიჭრა. ისინი შეიჭრნენ იმ ინტერვალში რომელიც ორ ფრანგულ ქვეგანაყოფს ერთმანეთისგან ყოფდა. ფრანგებმა გრიგალისებური ცეცხლით მოიგერიეს ისინი. ფრანგებმა გენერალი ბუეს მეთაურობით მამლუქთა სანგრებს შეუტიეს.
მამლუქთა იერიში(ვოიცეხ კოსაკის ტილოს ფრაგმენტი)
მეორე ფრანგულმა შენაერთმა გენერალ ვიოლეს მეთაურობით სანგრებსა და მათზე მოიერიშე ბუეს რაზმს შორის ტერიტორია დაიკავა რითაც სამი მნიშვნელოვანი ამოცანა გადაჭრა: 1. ხელი შეუშალა მამლუქთა რაზმებს სანგრების დამცველთათვის მიშველებაში. 2. გარეთ შემოსასვლელი გზა გადაუკეტა მამლუქებს, რომლებიც სიმაგრეს იცავდნენ. 3. თუ საჭირო იქნებოდა მარცხნიდან თვითონ მიიტანდა იერიშს მტრის სანგრებზე. გენერალ ბუეს შემტევი ქვეგანაყოფის რამდენიმე კოლონა,რომელთაც გენერალი ბაშპონი სარდლობდა, მტრის სანგრებს უშიშრად დააცხრა თავს და დაამარცხა მამლუქების მესანგრეები. მამლუქთა კავალერია ისევ შეტევაზე გადავიდა მაგრამ ნაპოლეონის ქვეითებმა ძლიერი ცეცხლით უკან დაახევინეს მათ. უამრავი მალუქი დაეცა ბრძოლის ველზე. ფრანგებმა ხელთ იგდეს 50 ზარბაზანი და 400 საომარი მასალით დატვირთული აქლემი. ორიათასზე მეტი მამლუქი დაიღუპა. მათ შორის მათი რამდენიმე ბეგი. თვითონ მურად-ბეი დაიჭრა და დარჩენილი ჯარით უკან დაიხია. იმავე ღამეს კაიროს ევაკუაცია მოხდა. ხალხმა თავიანთ საძულველ მამლუქთა სახლებს ცეცხლი მოუკიდეს.
ნაპოლეონი კაიროში(გუსტავ ბურგანის ტილო)
ბრძოლაში მამლუქებმა დიდი სიმამაცე გამოიჩინეს. ისინი თავიანთ ქონებას იცავდნენ.მამლუქები ოქრო-ვერცხლში იყვნენ ჩაფლულნი.ყოველ მოკლულ მამლუქს აღმოაჩნდა დიდძალი სიმდიდრე.
მამლუქების ერთ-ერთი მეთაური იყო ქართველი მამლუქი იბრეიმ-ბეი (შინჯიკაშვილი) რომელიც შეიხ ალ ბალადის ტიტულს ატარებდა.
საერთოდ მამლუქთა მაღალი ფენის გარკვეულ ნაწილს ქართველები შეადგენდნენ. თურქები იტაცებდნენ ქართველ, ალბანელ, სომეხ და თურქ ბიჭებს და შემდეგ ეგვიპტეში მათ მეომრებად ზრდიდნენ, რომელსაც მამლუქი ეწოდებოდა (სიტყვა “მამლუქი” ნიშნავს თეთრ მონას). ნაპოლეონი მამლუქებთან გამარჯვების შემდეგ კაიროში შევიდა.ფრანგებმა უძველესი ქვეყნის დაპყრობა მოახერხეს.ნაპოლეონის მიერწამოყვანილი მეცნიერები ეგვიპტის სიძველეებს იკვლევდნენ.
როზეტას ქვა
მათ ლაშქრობის დასასრულისთვის აღმოაჩინეს როზეტას ქვა, რომლის საშუალებითაც 1822 წელს ჟან ფრანსუა შამპოლიონმა ეგვიპტური დამწერლობა.
ბრძოლა აბუკირის ყურეში(ნილოსის ბრძოლა)
სანამ ნაპოლეონი ეგვიპტეში იბრძოდა, ჰორაციო ნელსონი, ინგლისის ფლოტით მობრუნდა თურქეთიდან სადაც ნაპოლეონის ეგვიპტეში დაგვიანების გამო მოხვდა.ნელსონი თავს დაესხა ფრანგთა ფლოტს ელ აბუკირის ყურეში და სასტიკი ბრძოლა გაუმართა. ფრანგთა ადმირალმა შეცდომები დაუშვა, ბრძოლისთვის უხეიროდ მოემზადა და ნელსონის სვლები ვერ გაითვალისწინა. ნელსონმა კი მოხერეხებული მანევრით დაამარცხა იგი. თუმცა ინგლისელთა გემებიც საკმაოდ დაზიანდნენ. ნაპოლეონს ფლოტი აღარ ჰყავდა მაგრამ ჯარის წინაშე გამოსვლისას მან ჯარისკაცებს ისე აუწყა ეს ამბავი თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარიყოს, იგი ამბობდა რომ ფრანგებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და ბრძოლა უნდა გაეგრძელებინათ. ნაპოლეონი ეგვიპტის ახალ განვითარებულ ქვეყანაზე ოცნებობდა და ამის განხორციელება სურდა.
სტამბული(XVIII ს. მეორე ნახევარი)
ტალეირანი სტამბულში არ ჩავიდა. თურქეთი სწრაფად ამოქმედდა.მას ინგლისელებმა უბიძგეს ომის დასაწყებად.თურქებმა ორი 50000-იანი არმია შეკრიბეს და ფრანგების წინააღმდეგ დაძრეს.ოსმალებს ინგლისის ფლოტი ყველანაირად ეხმარებოდა.ნაპოლეონს სამ ფრონტზე ომი უწევდა: ერთ მხარეს მამლუქების ახალი შემოტევა იყო მოსალოდნელი, მეორე მხარეს პირველი თურქული არმიისა რომელიც ღაზისა და სინას ნახევარკუნძულის გავლით მოემართებოდა,მესამე მხარეს კი მეორე თურქული არმიის,რომელიც ეგვიპტის ჩრდილოეთში აპირებდა მოქმედებას. ნაპოლეონმა გარნიზონი დატოვა რამდენიმე ქალაქში და მნიშვნელოვან პუნქტში.
ანდოშ ჟიუნო(1771-1813)
ნაპოლეონს თავისი გენერალი დეზე, გაგზავნილი ჰყავდა ზემო ეგვიპტის დასაპყრობად 10000 ჯარისკაცით. ნაპოლეონს ხელთ ჰყავდა მხოლოდ 13000 კაცი. მიუხედავად ამისა იგი სირიისაკენ დაიძრა.ნაპოლეონთან იყვნენ რჩეული ფრანგი გენერლები: კლებერი, ლანი, მიურატი და ჟიუნო. ფრანგებმა აიღეს ღაზა და იაფა. იაფასთან ფრანგებმა დანებებული თურქული გარნიზონი ამოწყვიტეს, რადგან ნაპოლეონს მცირე რაოდენობის სურსათი ჰქონდა და 2000 ტყვე მის ისედაც გაღარიბებულ მარაგს სულ გაანადგურებდა. საჭმელი და სასმელი ფრანგებს ძლივს ჰყოფნიდათ, ამიტომ მიმართა სარდალმა ასეთ სისასტიკეს. ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა ძლიერი გალავნით დაცულ ქალაქ აკრას(იგივე აკკო, სენ ჟან დ'აკრი). ამ ქალაქს იცავდა თურქთა გარნიზონი რომელიც უხვად იყო მომარაგებული ტყვია-წამლით და იარაღით (ინგლისის ფლოტი მუდმივად ამარაგებდა თურქებს).
სიდნეი სმიტი(1764-1840)
ინგლისის ფლოტს აკრასთან, მეთაურობდა სიდნეი სმიტი. ფრანგებს საალყო არტილერია არ ჰქონდათ (ნაპოლეონმა ეგვიპტიდან ზღვით გამოაგზავნინა საალყო არტილერია პატარა გემებით მაგრამ ისინი ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელში. ამიტომ აკრის სქელი გალავნის აღება საშინლად გაჭირდა. თუმცა მიუხედავად ინგლისელთა დახმარებისა, თურქებიც ძალიან ცუდ დღეში იყვნენ.ფრანგებს გააფთრებული იერიშები მიჰქონდათ აკრაზე. ბრძოლის დროს დაიღუპა ნაპოლეონის ერთ-ერთი უსაყვარლესი გენერალი,კაფარელი. თურქებმა აკრის გარნიზონის დასახმარებლად 30000-იანი არმია დაძრეს. ნაპოლეონმა ჯარის ნაწილი საალყოდ დატოვა და თურქების წინააღმდეგ გენერალი კლებერი გააგზავნა. ბრძოლა ნაზარეთთან მოხდა. კლებერს 3000-იანი არმია ჰყავდა და თურქების შეტევებს მაინც მამაცურად იგერიებდა. ნაპოლეონი ხვდებოდა რომ ესოდენ მცირე ჯარით კლებერი ვერ გაიმარჯვებდა და იძულებული გახდა მიხმარებოდა მას.
ბრძოლა ნაზარეთთან(ანტუან-ჟან გროს ტილო)
ბონაპარტის შეტევა მოულოდნელი აღმოჩნდა თურქებისათვის და ამან არეულობა გამოიწვია მათ რიგებში. ნაპოლეონმა სწრაფი შეტევით გაფანტა ისინი. კლებერმაც ჯარი თავდაცვიდან შეტევაზე გადაიყვანა და ბონაპარტთან ერთად დაამარცხა თურქების ჯარი. ფრანგებს ამ ბრძოლაში მხოლოდ 6000 ჯარისკაცი ჰყავდათ 30000-ის წინააღმდეგ. ნაპოლეონმა აკრის აღება ვერ მოახერხა და 1799 წლის 20 მაისს უკან დაიხია.სირიის ლაშქრობისას ფრანგებს შეეყარათ შავი ჭირის ეპიდემია, თუმცა დიდი მსხვერპლი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა ჯარისკაცები შეშინებულები იყვნენ ასეთი საშინელი დაავადებისაგან. ნაპოლეონმა მათ გასამხნევებლად იაფაში ყოფნისას ერთი დაავადებული ხელში აიყვანა და საავადმყოფოში გადაიყვანა. როდესაც ნაპოლეონი ეგვიპტეში დაბრუნდა მან ნახა რომ იქ აჯანყება იყო დაწყებული.
ნაპოლეონმა მოინახულა შავი ჭირით დაავადებულები ქალაქ იაფაში(ანტუან-ჟან გროს ტილო)
კაიროს აჯანყება ფრანგებმა სასტიკად ჩაახშეს. მუსულმანები მალე დამშვიდდნენ და ნაპოლეონმა ახლა ნილოსის დელტასთან, აბუკირთან ინგლისელთა ფლოტის მიერ გადმოსხმულ ოსმალურ არმიას მიხედა. მან სასტიკად გაანადგურა თურქები. ნაპოლეონის გენერალმა მიურატმა ამ ბრძოლის დროს დაამარცხა მამლუქთა ჯარი რომელიც თურქების დასახმარებლად მოვიდა.(მიურატი კავალერიის საუკეთესო მეთაური იყო, რომელიც იმპერიის პერიოდში მარშალი გახდა).
აჯანყების ჩახშობა კაიროში(ანა-ლუის ჟიროდე-ტრიოსონის ტილო)
ეგვიპტის ლაშქრობისას მიურატის გარდა, თავი გამოიჩინეს დეზემ, კლებერმა და ლანმა. ნაპოლეონი ცდილობდა ეგვიპტელების გადმობირებას.მუსულმანები ნაპოლეონს სულთან-ქებირს უწოდებდნენ (ცეცხლოვან სულთანს, ცეცხლის მბრძანებელს) იმის გამო რომ ნაპოლეონის ჯარი მარჯვედ ხმარობდა ცეცხლსასროლ იარაღს და ზარბაზნებს. ნაპოლეონმა შეიტყო,რომ საფრანგეთი ჩაბმულიყო ანტიფრანგულ კოალიციასთან ომში და ებრძოდა რუსეთს, ავსტრიას, ნეაპოლს და ინგლისს. ფრანგებს ამ ომში არ გაუმართლათ. თან მათი რამდენიმე საუკეთესო გენერალი და არმიის ნაწილი ეგვიპტეში იყო.
ჟან-ბაპტისტ კლებერი(1753-1800)
კოალიციამ საფრანგეთს წაართვა ნაპოლეონის მიერ ადრე დაპყრობილი იტალია. ფრანგები დამარცხდნენ ნოვის ბრძოლაში სადაც დაიღუპა მათი გენერალი ჟუბერი. ნაპოლეონმა საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტა. მან სარდლობა გენერალ კლებერს დაუტოვა (კლებერმა არ იცოდა რომ ნაპოლეონი წავიდა და ძალაუნებურად მეთაურობა ჩაიბარა) და თვითონ მცირე რაზმითა და დანარჩენი გენერლებით ჩუმად ეგვიპტე დატოვა. იგი საფრანგეთში დაბრუნდა ორი პატარა სათევზაო გემით. ნაპოლეონის ლაშქრობა მსოფლიოს უძველეს ქვეყანაში დასრულდა.
გენერალი კლებერი ეგვიპტეს ჭკვიანურად მართავდა..მამაცმა გენერალმა 1800 წლის 20 მარტს ჰელიოპოლისთან დაამარცხა თურქების ჯარი იუსუფ ფაშას მეთაურობით, რომელიც ეგვიპტეში შეიჭრა. კლებერმა მრავალი ეგვიპტელი გადმოიბირა მაგრამ საბოლოოდ მუსულმანი ფანატიკოსის ხანჯლით დაიღუპა. კლებერი გენერალმა მენუმ შეცვალა რომელიც გამუსულმანდა და აბდულა-მენუ დაერქვა. მენუ მამაცი, მაგრამ მმართველობის ნიჭს მოკლებული იყო. მალე მას თურქებმა და ინგლისელებმა შეუტიეს. შევიწროებულმა მენუმ კაპიტულაცია გამოაცხადა მტრისათვის მისთვის მისაღებ და საპატიო პირობების გამოტყუების შემდეგ.
ჰელიოპოლისის ბრძოლის აღსანიშნავი რელიეფი ქალაქ სტრასბურგში(ფილიპ გრასის ნამუშევარი)
საბოლოოდ ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობა მარცხით დასრულდა მაგრამ მეცნიერებისათვის ეს ნაყოფიერი წლები იყო,რადგან მათ გამოიკვლიეს ეგვიპტის სიძველეები.ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობა გახდა საფუძველი მომავალი დიდი მეცნიერების,ეგვიპტოლოგიის ჩამოყალიბებისათვის. ეგვიპტის ლაშქრობა იყო ერთი სამყაროს(დასავლეთის)დაპირისპირება მეორე სამყაროსთან (აღმოსავლეთთან). ნაპოლეონის ლაშქრობებს შორის ეგვიპტის ლაშქრობა ყველაზე ეგზოტიკური და არაჩვეულებრივია. თუმცა ამ ომმა ბონაპარტი დაარწმუნა რომ თავისი ოცნების,(დაეპყრო აღმოსავლეთი და შეეტანა იქ დასავლური კულტურა)აღსრულება შეუძლებელი იყო.
დიმიტრი ცისკარიშვილი. ნაპოლეონი. თბილისი, 1994.
ევგენი ტარლე. ნაპოლეონი. თბილისი, 1996.
დ.ჯანელიძე, ბ.სილაგაძე. ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში. თბილისი, 1967
Gregory Fremont-Barnes, ed. Encyclopedia of the French Revolutionary and Napoleonic wars. Santa Barbara, 2006.
Juan
Cole. Napoleon's Egypt: Invading the Middle East. New York, 2007.
J. Christopher Herold. Bonaparte in Egypt. London, 1962
Paul Strathern. Napoleon in Egypt: The Greatest Glory. London, 2007
J. Christopher Herold. Bonaparte in Egypt. London, 1962
Paul Strathern. Napoleon in Egypt: The Greatest Glory. London, 2007
ნიკა ხოფერია
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ისტორიანის" დეკემბრის ნომერში