შავი ზღვაში ჩრდილოეთ სანაპიროდან შეჭრილი ყირიმის ნახევარკუნძული ისტორიის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი და საკვანძო პუნქტი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცივილიზაციას ეკავა და მასზე თავის კვალს ტოვებდა. აქ ცხოვრობდნენ კიმერიელები, სკვითები, ტავრები, ბერძნები, გოთები, ბიზანტიელები, იტალიელები, თურქები და რუსები, ცხოვრობდნენ სხვა ხალხებიც და ეს ინტერნაციონალური საზოგადოება მუდმივად იცვლიდა მბრძანებელს, ნახევარკუნძულის მმართველს, რომელიც ამავდროულად შავი ზღვის სივრცეების გამაკონტროლებელიც ხდებოდა. ბევრი მძლავრი ევროპული თუ აზიური სახელმწიფო მიილტვოდა ყირიმის დასაპყრობად და ასეთ დიდ მნიშვნელობას ინარჩუნებს ის დღესაც, განსაკუთრებით რა თქმა უნდა შავი ზღვისპირეთის ქვეყნებისთვის და ისეთი იმპერიალისტური იდეოლოგიის სახელმწიფოსთვის როგორიც რუსეთის ფედერაციაა.
ყირიმში პრეისტორიული დროიდან შეიმჩნევა ადამიანის არსებობის კვალი. არის აღმოჩენილი შუა პალეოლითის პერიოდის ნასახლარები. კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორების უილიამ რაიანისა და უოლტერ პიტმენის ჰიპოთეზის მიხედვით, ყირიმი ნახევარკუნძულად მხოლოდ ძვ.წ. VI ათასწლეულში იქცა, როდესაც შავი ზღვის დატბორვა მოხდა, მანამდე კი ის ხმელეთის მასიურ ნაწილს წარმოადგენდა აზოვის ზღვით დაფარულ მიწასთან ერთად. შესაძლოა ეს მოვლენა იქცა წარღვნის მითის საფუძვლად. ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში ყირიმის ჩრდილოეთით მიმდინარეობდა ინდოევროპულ ენოვან ხალხთა მიგრაციები. ძვ.წ. III ათასწლეულში აქ გაჩნდა ე.წ. კემი ობას კულტურა.
სკვითი მეომრები (ძვ.წ. VII-III სს.), ანგუს მაკბრაიდის ნახატი
ანტიკური წყაროების მიხედვით, ყირიმის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ კიმერიელები (ძვ.წ. XII ს.), რომელთა სახელი ადგილობრივ ტოპონიმებს შორისაც შემორჩა. კიმერიელები მომთაბარეები იყვნენ. ჰეროდოტე მათ სკვითებამდელი ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის მოსახლეობად თვლის. ისინი დასახელებულები არიან ჰომეროსთან და კალინოსთან, ჰეკატე მილეტელთან და სხვა ანტიკურ ავტორებთან, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლური, ასურული წყაროები (ძვ.წ. VIII ს.). შავი ზღვის ჩრდილოეთიდან და ყირიმიდან ძვ.წ. VII-VIII ათასწლეულებში ისინი სკვითურმა ტომებმა გამოდევნეს. ძვ.წ. VIII საუკუნიდან კიმერიელებმა და სკვითებმა სამხრეთისკენ დიდი ლაშქრობები მოაწყვეს და გაანადგურეს კოლხეთის სამეფო, ერთ-ერთი უძველესი ქართველურ ტომთა გაერთიანება და ძალიან დაასუსტეს ურარტუს ძლიერი სახელმწიფო. სკვითებს შეერივნენ ყირიმზე მოსახლე ტავრებიც. ისინი მოხსენებულები არიან რომაულ და ბერძნულ წყაროებში. უფრო გვიან ტავრები შეერივნენ სკვითებს და „ტავროსკვითებად" იწოდებოდნენ. ტავრების სახელს უკავშირდება ყირიმის მეორე სახელწოდება - ტავრიდა.
ანტიკური ქალაქის ნაშთები ხერსონესში
ძვ.წ. VI საუკუნიდან ყირიმის სანაპიროებზე გამოჩნდნენ ბერძენი კოლონისტები მილეტისა და პონტოს ჰერაკლეის ქალაქ-სახელმწიფოებიდან. მათ აქ რამდენიმე ქალაქი დაარსეს, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქალაქები იყო პანტიკაპეონი, თეოდოსია, ხერსონესი. ძვ.წ. V საუკუნიდან ხერსონესი დამოუკიდებელი დემოკრატიული, მონათმფლობელური სახელმწიფო და დასავლეთ ყირიმის მიწებს მოიცავდა. გაჩნდა მეორე სახელმწიფოც - ბოსფორი, რომელშიც ავტოკრატიული მართვის სისტემა იყო. მის დედაქალაქს წარმოადგენდა პანტიკაპეონი. ანტიკური ხანის ავტორები სტრაბონი და კლავდიუს პტოლემაიოსი ქერჩის სრუტეს Bosporus Cimmerius უწოდებდნენ, ბოსფორის დედაქალაქს კი Cimmerium-ს. ბერძნებმა ყირიმში ზეთისხილისა და ღვინის კულტურა შემოიტანეს. აშენებდნენ ტაძრებს, სტადიონებს, თეატრებს. ყირიმში გაჩნდა ასობით ბერძნული პოლისი. ძვ.წ. III საუკუნის ბოლოსთვის სარმატებისგან შევიწროებულმა სკვითებმა დედაქალაქი მდინარე სალგირის სანაპიროზე გადაიტანეს. ერთი საუკუნის შემდეგ ბოსფორის სამეფო თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია პონტოს მეფემ მითრიდატე VI ევპატორმა. მან შეავიწროვა აქ მცხოვრები სკვითებიც, რომელთა მეფე პალაკოსმა საშველად რომს უხმო.
მითრიდატე VI ევპატორი (ძვ.წ. I ს.), ლუვრის მუზეუმი
რომაელმა სარდალმა ლუკულუსმა და შემდეგ პომპეუსმა ძვ.წ. I საუკუნეში მთელი მცირე აზია დაიკავეს და პონტოს სამეფოს ბოლო მოუღეს. რომის იმპერიის აღმოსავლურ პოლიტიკაში ყირიმის საკითხი სწორედ ამ დროიდან გახდა აქტუალური. იმპერატორმა ფლავიუს ვესპასიანემ I საუკუნეში აქ ციხესიმაგრე ხარაქსი ააგო, თუმცა III საუკუნეში ის დაცარიელდა. რომაული ხანიდან იწყება ყირიმში ქრისტიანობის გავრცელებაც. ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ყირიმში გახლდათ კლემენს რომაელი, რომელიც ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით რომით მეოთხე ეპისკოპოსი (პაპი) ყოფილა. იგი იტალიაში იდევნებოდა, ამიტომ I საუკუნეში გადაასახლეს ყირიმის ნახევარკუნძულზე.
III საუკუნიდან შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე სხვა ჩრდილოური ტომები ჩამოსახლდნენ. მათ შორის გოთებიც. გოთებმა შეინარჩუნეს ბოსფორის სამეფოს მოდელი და იქცნენ მის მმართველ ნაწილად. მათ მიიღეს არიანული ქრისტიანობა. ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის ხალხები, მათ შორის შესაძლოა გოთებიც, III საუკუნეში საზღვაო გზებით ლაშქრობდნენ IV საუკუნეში ბოსფორის სამეფო 370 წლისთვის ყირიმში ჰუნები შეიჭრნენ და გოთების დიდი ნაწილი აიძულეს დასავლეთისკენ წასულიყვნენ. დარჩენილი გოთები ყირიმის მთებში გამაგრდნენ და აქ თითქმის XVII საუკუნემდე ცხოვრობდნენ. საინტერესოა, რომ VIII საუკუნეში ყირიმელი გოთი სასულიერო მოღვაწე იოანე ეწვია მცხეთას, სადაც იგი ეპისკოპოსად ეკურთხა.
III საუკუნის რომაული სარკოფაგი (ე.წ. „ლუდოვისკის სარკოფაგი"), რომელზეც რომაელებისა და გოთების ბრძოლაა გამოსახული
V საუკუნისთვის ხერსონესი აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) ხელში რჩებოდა და გოთები ერთგვარ ბუფერის როლს ასრულებდნენ მათსა და ყირიმში გაბატონებულ მომთაბარეებს შორის. ბიზანტიელებს მხოლოდ ერთი ანტიკური ქალაქი - ტავრიდის ხერსონესი შემორჩათ, რომელიც მათ ფორპოსტს წარმოადგენდა ნახევარკუნძულზე. იმპერატორ იუსტინიანეს დროს ბიზანტიელებმა აქ რამდენიმე ციხესიმაგრე ააგეს და აღადგინეს ბოსფორის სამეფოც. VI საუკუნის მეორე ნახევარში შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე გამოჩნდნენ მომთაბარე ავარები, რომლებიც ხშირად ესხმოდნენ თავს ყირიმს. ამავე დროიდან ამ ტერიტორიაზე ჩნდებიან თურქები, ხოლო I საუკუნის შემდეგ, ბულგარებიც. VIII საუკუნეში მომთაბარე ხაზართა სახაკანომ და ბიზანტიის იმპერიამ ყირიმი გაიყვეს. ხაზართა პერიოდიდან ყირიმში შემორჩა ორი ეთნიკური ჯგუფი _ კრიმჩაკები და ყარაიმები, რომელთა შორის იუდაიზმი გავრცელდა. IX საუკუნეში ყირიმში ქრისტიანული მისიით იმყოფებოდა „კირილიცად" წოდებული ანბანის შემქმნელი კონსტანტინე (კირილე). X საუკუნეში კი იწყება დაპირისპირება რუსებსა და ხაზარებს შორის. 965 წლიდან ხაზართა სახაკანო ფაქტობრივად განადგურდა და შავი ზღვის ჩრდილოეთით ახლა პაჭანიკების თურქულ-ოღუზური ტომები გაბატონდნენ.
კიევის დიდი მთავრის ვლადიმირის მონათვლა ხერსონესში (ვიქტორ ვასნეცოვი, 1890)
988 წელს კიევის რუსეთის დიდი მთავარი ვლადიმირი ხერსონესში მოინათლა ქრისტიანულად, რის შემდეგაც რუსებმა გააგრძელეს ექსპანსია და ყირიმისა და ტამანის ნახევარკუნძულებზე დაპყრობილ მიწაზე დაარსეს ტმუტარაკანის სამთავრო, რომელშიც სლავების გარდა ალანები, ხაზარები, კასოგები და სხვა ხალხები ცხოვრობდნენ. ტმუტარაკანის მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა კორჩევი, ძველი პანტიკაპეონი.
რუსთა გავლენას ყირიმზე ბოლო მოუღეს ყივჩაყებმა (პოლოვცებმა), რომლებიც აქ XII საუკუნიდან გამოჩნდნენ. თანამედროვე ყირიმელ თათართა ენა, რომელსაც ყირიმში ბევრი ტოპონიმი უკავშირდება, ყივჩაყური ენის მემკვიდრედ ითვლება.
1204 წლისთვის დასუსტებულმა ბიზანტიის იმპერიამ დაკარგა ყირიმზე ძალაუფლება და იქ ახალი ქრისტიანული სამთავრო თეოდორო, იგივე გოთია გაჩნდა. მის მოსახლეობას ძირითადად ყირიმელი გოთები, ბერძნები და ალანები შეადგენდნენ, დინასტიის ზუსტი წარმოშობის განსაზღვრა კი რთულია. ნაწილი თვლის რომ ისინი პალეოლოგოსების ან კომნენოსების დინასტიის რომელიმე შტოს ეკუთვნოდნენ ან ბიზანტიურ არისტოკრატულ საგვარეულოს - გაბრასებს. სამთავროს დედაქალაქი გახდა თეოდორო (მანგული).
ყივჩაყი მეომრები ხშირად ატარებდნენ მსგავსი ტიპის მუზარადებს
1223 წელს ყირიმში გამოჩნდნენ მონღოლები ჩინგიზ ყაენის გამოცდილი სარდლის ჯებეს მეთაურობით, რომელმაც მანამდე კავკასია გამოიარა სუბუდაისთან ერთად და დაამარცხა საქართველოს მეფე გიორგი IV. ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილი ოქროს ურდოს შემადგენლობაში შევიდა და მისი ცენტრი ქალაქი ქირიმი (ახლანდელი ქალაქი ძველი ყირიმი) გახდა (ნახევარკუნძულის სახელწოდებაც მას უკავშირდება). გენუელ ვაჭრებთან ურთიერთობისა და ქალაქ კაფასთან სიახლოვის წყალობით ქირიმი მალე გადაიქცა მსხვილ სავაწრო და მწარმოებელ ქალაქად. ამავე დროს განვითარდა მეზობელი ქალაქი ყარასუბაზარი. XIII საუკუნეში დაიწყო ყირიმის ისლამიზაცია.
XIV საუკუნეში ყირიმის რამდენიმე სანაპირო ქალაქი დაიკავეს გენუელებმა. კაფა, ძველი თეოდოსია მათ ცენტრად იქცა და აქ გენუელებმა ციხესიმაგრე ააგეს. დასავლეთ ევროპაში გენუის ყირიმულ სამფლობელოებს, რომლებიც მათთვის ხაზარებთან ასოცირდებოდა, გაზარია უწოდეს. ხაზარული ენა ფართოდ იყო გავრცელებული ნახევარკუნძულზე. ამავე პერიოდში, 1303 წელს ყირიმში იტალიელებმა შეადგინეს ე.წ. Codex Cumanicus - ხაზარული ენის ლექსიკონი, რომლის ერთადერთი ეგზემპლარი ახლა ვენეციაში, წმინდა მარკოზის ტაძარში ინახება.
გვერდი Codex Cumanicus-იდან
შავი ზღვის იტალიურ ფაქტორიებთან XIV საუკუნეში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობის პერიოდში, სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს სამეფოსაც. 1367 წელს ყირიმი დაიპყრო მამაიმ, ოქროს ურდოს ბეგლარბეგმა. 1397 წელს კი ყირიმში შეიჭრა ლიტვის დიდი მთავარი ვიტოლდი, რომელმაც ქალაქ კაფამდე მიაღწია. 1399 წლისთვის, როდესაც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში ოქროს ურდოს სარდალ ედიგეისა და ვიტოლდს შორის სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა, ხერსონესი მიტოვებულ ნანგრევებად იქცა.
1441 წელს, ოქროს ურდოს დაცემის შემდეგ, ყირიმში მცხოვრები მონღოლების გათურქება დაიწყო. ამ დროისთვის ყირიმი იყოფოდა ყირიმის სახანოდ, თეოდოროს სამთავრო და სამხრეთ სანაპიროზე გენუელთა კოლონიებად. 1475 წელს ოსმალებმა, რომელთაც 1453 წელს ბიზანტიის იმპერიას ბოლო მოუღეს, ექსპედიცია მოაწყვეს ყირიმში და დაიპყრეს გენუელთა ყველა ციხესიმაგრე, დაეცა თეოდოროც. თურქებმა ქალაქის დიდი ნაწილი გადაწვეს, მოსახლეობა ამოჟლიტეს და შექმნეს ოსმალური კადილიკი (ოლქი), სადაც თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს. 1478 წლიდან ყირიმის სახანო ოსმალეთის იმპერიის ვასალი გახდა, ყირიმელი თათრები კი ნელ-ნელა მიეჩვივნენ მებაღეობას, თამბაქოს მოყვანას, მევენახეობას. ყირიმის სტეპებზე განვითარდა მეცხენეობა და მეცხვარეობა. ყირიმელი თათრები XV საუკუნიდან მუდმივად ესხმოდნენ თავს რუსეთსა და პოლონეთს (1569 წლიდან რეჩპოსპოლიტა პოლსკას), თავდასხმების მთავარ მიზანს კი ხალხის დატყვევება და თურქულ ბაზრებზე მონებად გაყიდვა წარმოადგენდა. ყირიმს მართავდნენ გირაის დინასტიის წარმომადგენლები 1427-დან 1783 წლამდე, სანამ სახანო რუსებმა არ გააუქმეს. აღსანიშნავია, რომ 1609 წელს ქართლის სამეფოში შემოჭრილ ოსმალურ ჯარში იყო 2 ათასი ყირიმელი თათარიც. ისინი ტაშისკართან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ ქართლის ლაშქართან, რომელსაც დიდი მოურავი გიორგი სააკაძე მეთაურობდა.
რუსეთი ყირიმით ჯერ კიდევ პეტრე I-ს (1682-1725) დროს დაინტერესდა. ნახევარკუნძულისთვის ბრძოლა ხანგრძლივი გამოდგა. რუსებმა წარმატებით დაასრულეს 1768-1774 წლების ომი ოსმალეთთან და აიძულეს თურქები დაეთმოთ ყირიმი. 1774 წელს, ქუჩუკ-კაინარჯის ზავით გამოცხადდა ყირიმის სახანოსა და ყუბანის თათართა დამოუკიდებლობა. ოსმალეთის სულთანს მხოლოდ მათ რელიგიურ საქმეებში დარჩა ჩარევის უფლება. რუსეთი იტოვებდა ფორპოსტებს შავი და აზოვის ზღვების ნაპირებზე - ქერჩს, ენიკალეს, აზოვსა და კინბურნს. ზავის პირობებში გათვალისწინებული იყო იმერეთის სამეფოს გათავისუფლება ოსმალეთისთვის ხარკის გადახდისგან. ზოგადად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ, ოსმალეთის გავლენა დასავლეთ საქართველოზე მნიშვნელოვნად შემცირდა, რუსეთისა კი გაიზარდა.
1783 წლის 8 აპრილს ეკატერინე II-მ გამოსცა მანიფესტი ყირიმის ნახევარკუნძულისა და ყუბანის მხარის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. ყირიმის ტერიტორიაზე გამოჩენილი რუსი სარდლის ალექსანდრე სუვოროვის ჯარი შევიდა. ძველი ხერსონესის მახლობლად აიგო ახალი ქალაქი სევასტოპოლი. ყირიმის სახანო მართალია დაიშალა, მაგრამ თათართა 300 წარჩინებული გვარი რუს თავადაზნაურობას შეუერთდა და ახლად შექმნილი ტავრიის ოლქის მმართველობაში ჩაერთო. თავდაპირველად ყირიმის რუსულ სამფლობელოდ გადაქცევაში ხელმძღვანელობდა თავადი გრეგორი პოტიომკინი, ქართლ-კახეთის სამეფოსთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის ერთ-ერთი ხელმომწერის, პავლე პოტიომკინის ნათესავი.
ყირიმის ხანის სასახლე ბახჩისარაიში (კარლო ბოსოლი, 1857)
პოტიომკინმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყირიმის რუსულ პროვინციად ჩამოყალიბებაში და ამისთვის ტიტული `ტავრიელი" მიიღო. 1783 წელს ყირიმის მოსახლეობა სულ 60 ათას ადამიანს აღწევდა. მეურნეობის ყველაზე გავრცელებული სახეობა კი მესაქონლეობა გახლდათ. ამავე დროისთვის დაიწყო რუსული და ბერძნული მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა ყირიმში. აქ სახლდებოდნენ სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი ჯარისკაცები, ჩამოდიოდნენ გერმანელები და ბულგარელებიც. 1787 წელს თვითონ ეკატერინე II-მ იმოგზაურა ყირიმში და პირადად გაეცნო ახალი პროვინციის საქმეებს. მალე ნახევარკუნძული ნოვორასიის გუბერნიაში შეიყვანეს, თუმცა 1802 წლიდან კვლავ განაცალკევეს და დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად აქციეს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ყირიმში განვითარდა მევენახეობა და გემთმშენებლობა, დაიგო გზები. 1823 წელს ნოვორასიის გუბერნატორად დაინიშნა თავადი მიხეილ ვორონცოვი, რომელიც საქართველოში კარგად არის ცნობილი, რადგან 1844-1854 წლებში კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვალი იყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთის იმპერიაში მოქცეული საქართველოს კულტურულ და ადმინისტრაციულ მოწყობაში. დროს აშენდა იალტა, ვორონცოვის სასახლე და დაიწყო ყირიმის სამხრეთ სანაპიროს კურორტად გადაქცევა.
ფეიერვერკი ყირიმში ეკატერინე II-ს საპატივსაცემოდ (იან ბოგუმილ პლერში, 1787)
1853 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომი დაიწყო. ოსმალეთს მხარი ინგლისმა, საფრანგეთმა და პიემონტის სამეფომ დაუჭირეს და შავ ზღვაში ევროპული ხომალდები გამოჩნდნენ, რომელთა სამიზნე სწორედ ყირიმი გახლდათ. 1854 წელს ფრანგულ-ინგლისურმა ფლოტმა ყირიმის სანაპიროს რუსულ სიმაგრეებს შეუტია, მალე კი ყირიმში ოსმალური, ინგლისური და ფრანგული დესანტი გადავიდა. ალმის ბრძოლაში რუსები სასტიკად დამარცხდნენ, შემდეგ კი მოკავშირეებმა ალყა შემოარტყეს სევასტოპოლს. 1855 წელს რუსებმა წარუმატებელი შეტევა განახორციელეს ევპატორიაზე. ფრანგულ-ინგლისურმა ფლოტმა დაიკავა ქერჩი და 1855 წლის 11 სექტემბერს სევასტოპოლიც დაეცა. 1856 წელს, პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით რუსეთმა დათმო პოზიციები ვალახიაში, მოლდოვაში, სერბეთში, სამხრეთ ბესარაბიაში, დაუბრუნა თურქეთს ყარსი, სამაგიეროდ კი უკან მიიღო ყირიმში მოკავშირეების მიერ დაკავებული ტერიტორიები.
სევასტოპოლის ალყა (დეტალი ფრანც რუბოს პანორამიდან, 1904)
1874 წელს ყირიმის ქალაქი სიმფეროპოლში გაიყვანეს რკინიგზა და რუსეთის რკინიგზის ხაზს დაუკავშირეს. ყირიმის საკურორტე სტატუსი კი მას შემდეგ დამკვირდრდა, რაც იალტის მახლობლად ლივადიაში რომანოვთა სამეფო სასახლე აშენდა. XIX საუკუნის ბოლოს ყირიმში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა და აღმოჩნდა რომ იქ სულ 546 700 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 35,6% ყირიმელი თათარი იყო, 33^,1% რუსი, 11,8% უკრაინელი, 5,8% გერმანელი, დანარჩენი ეროვნებები _ ებრაელები, ბერძნები, სომხები, ბულგარელები, პოლონელები და თურქები უფრო მცირერიცხოვან ჯგუფებად მოსახლეობდნენ ნახევარკუნძულზე.
1917 წელს, რუსეთის რევოლუციის დროს, ყირიმელმა თათრებმა, რომლებიც ყირიმის 800 ათასიანი მოსახლეობის 25%-ზე მეტს შეადგენდნენ, ჩამოაყალიბეს ნაციონალური პარტია - „მილი ფირკა". პარტიის მიზანი იყო ხელში ჩაეგდო ძალაუფლება ნახევარკუნძულზე, თუმცა ბოლშევიკურმა სამხედრო-რევოლუციურმა კომიტეტმა ჯერ სევასტოპოლზე დაამყარა კონტროლი, შემდეგ თეოდოსიაზე, ქერჩზე, იალტასა და სიმფეროპოლზე. 1918 წელს შეიქმნა ტავრიდის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის საბჭოთა ფედერალური სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. ამავე პერიოდში დაარსებული უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარები პოლკოვნიკ პეტრე ბოლბოჩანის სარდლობით შეიჭრნენ ყირიმში და დაიკავეს ევპატორია და სიმფეროპოლი. ბრესტის ზავის დადების შემდეგ, გერმანელებმა, რომელთაც რუსეთის შიში აღარ ჰქონდათ, ყირიმში შეიყვანეს ძალები. კიევსა და ბერლინს შორის შეთანხმების საფუძველზე, უკრაინულმა ჯარებმა დატოვეს ყირიმი და უარყვეს თავიანთი პრეტეზიები ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდებაზე.
ყირიმული 25 რუბლიანი (1918 წ.)
1918-19 წლებში ყირიმს ორი რეგიონალური მმართველობა ჰყავდა, სულეიმან სულკევიჩისა და სოლომონ კრიმის მეთაურობით, თუმცა მას შემდეგ რაც გერმანიამ ყირიმზე კონტროლი დაკარგა, რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ მოახერხა დროებით მისი ხელში ჩაგდება, სანამ არ შეიქმნა სამხრეთ რუსეთის მმართველობა გენერალ ანტონ დენიკინის მეთაურობით, რომელიც „თეთრების" მეთაური იყო ბოლშევიკი `წითლების" წინააღმდეგ. საინტერესოა რომ ინგლისელები ყირიმში გამაგრებულ „თეთრებს" დახმარებას ბათუმიდან უწევდნენ.
1920 წელს ბოლშევიკებმა შეტევა წამოიწყეს ყირიმის მიმართულებით. თავდაპირველად „თეთრები" გენერალ იაკობ სლაშოვის მეთაურობით წარმატებით ახერხებდნენ შეტევების მოგერიებას. გადამდგარი ანტონ დენიკინის ნაცვლად მეთაურად არჩეული გენერალი პეტრე ვრანგელი ფლოტის დახმარებით ებრძოდა ყირიმში შემოჭრილ ბოლშევიკებს. თუმცა ნელ-ნელა ინიციატივა ბოლშევიკების ხელში გადავიდა. 1920 წლის ბოლოსთვის „წითელმა არმიამ" საბოლოოდ გატეხა „თეთრების" წინააღმდეგობა და ყირიმი დაიკავა. ბოლშევიკთა მოსვლა მასობრივი ტერორით აღინიშნა, რასაც სხვადასხვა მონაცემებით 20-დან 120 ათასამდე ადამიანი შეეწირა. სამოქალაქო ომის დასასრულისთვის ყირიმის მოსახლეობა რამდენიმე ათეული ათასით შემცირდა. 1921-22 წლებში კი შიმშილს კიდევ 75 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. 1923 წლისთვის დაღუპულთა ერთიანი რიცხვი 100 ათასს აჭარბებდა და მათგან 75 ათასი ყირიმელი თათარი იყო. შიმშილობის დაძლევა მხოლოდ 20-იანი წლების მეორე ნახევარში გახდა შესაძლებელი.
II მსოფლიო ომმა ყირიმს კვლავ დიდი უბედურება დაატეხა. 1941 წელს ნახევარკუნძულზე მოსახლე 60 ათასზე მეტი გერმანელი გაასახლეს. ნაცისტური გერმანიის ძალებმა ძლიერი იერიში მიიტანეს საბჭოთა კავშირზე და მათი სამხედრო ნაწილები შეიჭრნენ ყირიმშიც. გერმანელები საბჭოეთმა კონტრშეტევის განხორციელება სცადა და წამოიწყო ქერჩის სადესანტო ოპერაცია (1941 წ. 26 დეკემბერი - 1942 წ. 20 მაისი), მაგრამ თავდაპირველი წარმატების შემდეგ სასტიკი მარცხი განიცადა. საბოლოოდ საბჭოთა კავშირმა ყირიმის დაბრუნება გერმანიისგან 1944 წელს შეძლო და იმავე წელსვე დაიწყო ნახევარკუნძულიდან ყირიმელი თათრების, სომხების, ბერძნებისა და ბულგარელების გასახლება. მათ ბრალი დასდეს ნაცისტურ გერმანიასთან აქტიურ თანამშრომლობაში.
1954 წელს ნახევარკუნძულზე მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, რაც ომის შემდგომმა მდგომარეობამ და მუშახელის ნაკლებობამ გამოიწვია (ყირიმელ თათართა დეპორტაციის გამო), საბჭოთა მთავრობამ უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შეუერთა. 1991 წლის 20 იანვრის რეფერენდუმით, ყირიმელთა 92,26%-მისცა ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნას, თუმცა იმავე წლის 24 აგვისტოს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ყირიმის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო დეკლარაცია რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტზე. მის მიხედვით ყირიმი რჩებოდა ავტონომიურ რესპუბლიკად, მაგრამ შედიოდა უკრაინის შემადგენლობაში. 1991 წლის 1 დეკემბრის რეფერენდუმში, რომელშიც უკრაინელთა უმეტესობამ დამოუკიდებელ უკრაინაში ისურვა ცხოვრება, ყირიმელებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათმა 54%-მა საბჭოთა კავშირში დარჩენას უკრაინა ამჯობინა. 1992 წელს უკრაინასა და ყირიმს შორის ვითარება დროებით დაიძაბა, რადგან ყირიმის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ყირიმის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ, რამაც უკრაინის მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია და ისინი მოსალოდნელ ომსაც კი განიხილავდნენ ყირიმის რესპუბლიკასთან.
ყირიმელი თათრების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი ყირიმის ოლქებში 2001 წელს
იმავე წელს ყირიმმა მიიღო კონსტიტუცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა უკრაინის კანონმდებლობას. რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინის მთავრობამ ყირიმის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დეკლარაციაც გააუქმა და ყირიმის კონსტიტუციაც. 1992 წლის ბოლოს ვითარება ისე დაიძაბა რომ უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი მოსალოდნელ ომსაც კი არ გამორიცხავდა. ამავე დროს რუსეთის პარლამენტმა გადახედა 1954 წლის დადგენილებას ყირიმის უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის გადაცემის შესახებ და მისი გაუქმება გადაწყვიტა.
1998 წელს ყირიმმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც უკრაინის პარლამენტმაც დაამტკიცა, თუმცა ნახევაკუნძულზე პრორუსული ძალები კვლავ მძლავრობდნენ, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მოსახლეობის 60%-ს რუსები შეადგენდნენ.
2014 წელს უკრაინაში დაიწყო საპროტესტო აქციები, რაც გამოიწვია პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის უარმა ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ქვეყანაში ფაქტობრივად რევოლუცია დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე არეულობით, იანუკოვიჩის გაქცევისა და ახალი მთავრობის მოწყობის პერიოდში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისარგებლა მიმდინარე მოვლენებით და ყირიმში გააძლიერა პრორუსული პროპაგანდა.
მასშტაბური საპროტესტო აქცია კიევში, 2014
2014 წლის 6 მარტს ყირიმის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გადასვლის შესახებ და დანიშნა რეფერენდუმი ამის დასამტკიცებლად. რადგან ყირიმის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენს რუსები, შესაბამისად რეფერენდუმის შედეგებით გამოჩნდა რომ მოსახლეობა რუსეთისკენ იხრებოდა. 11 მარტს ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უმაღლესმა საბჭოებმა მიიღეს დეკლარაცია ყირიმის რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ავტონომიის შესახებ. ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 96% რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უჭერდა, არ აღიარა არც ერთმა დიდმა სახელმწიფომ რუსეთის გარდა. 18 მარტს რუსეთსა და ყირიმის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ყირიმის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. რუსებმა შტურმით დაიკავეს ის პუნქტები, სადაც ჯერ კიდევ უკრაინის სამხედრო ძალები იდგნენ. მათ უმრავლესობას წინააღმდეგობა არ გაუწევია. 24 მარტს ყირიმის ოფიციალური ვალუტა რუბლი გახდა, თუმცა დროებით გრივნასაც შეუნარჩუნდა ყირიმის ვალუტის სტატუსი.
ყირიმის მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცა და პერიოდი რომელსაც პირობითად ყირიმის კრიზისი უწოდეს, ჯერაც არ დასრულებულა და ნელ-ნელა გადაიზარდა უკრაინის სამოქალაქო ომში, რომლის მთავარი ხელშემწყობი სწორედ რუსეთის სახელმწიფოა.
ნიკა ხოფერია