რომის იმპერიის დასაყრდენი კარგად აღჭურვილი და დისციპლინირებული ლეგიონები იყო. რომაელებმა შექმნეს რეგულარული არმიის სისტემა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მოახერხა უზარმაზარი იმპერიის გაკონტროლება და მისი სიძლიერისა და სიმდიდრის უზრუნველყოფა. ლეგიონთა დიდი ნაწილი განაწილებული იყო საზღვრისპირა სიმაგრეებში და ბანაკებში, რათა საჭიროებისას არ დაეშვა მოწინააღმდეგის შეჭრა იპერიის ტერიტორიაზე. რეგულარული ჯარისთვის ჯამაგირის გადახდა და სურსათის მიწოდება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა და დიდ სახსრებს მოითხოვდა, თუმცა რომაელები ამას საუკუნეების განმავლობაში ართმევდნენ თავს და თავიანთ ჯარს კარგად ამარაგებდნენ. რომის იმპერიის დასუსტებასა და ბარბაროსთა გამუდმებული შემოსევების პერიოდში ეს სისტემა მოიშალა და ამან ხელი შეუწყო იმპერიის სამხედრო ძლიერების დაქვეითებას და აღმოჩნდა, რომ IV-V საუკუნეებში დასავლეთ რომის იმპერიას ფაქტობრივად რეგულარული სამხედრო შენაერთები აღარ დარჩა და მოქირავნე ან მიწის საფასურად იმპერატორის სამსახურში შესული ბარბაროსების იმედზე დარჩა, რამაც საბოლოოდ იმპერიას ბოლო მოუღო და მისი დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
დიონ კასიუსი რომაელ ლეგიონერთა რაციონის შესახებ წერდა: `მათ მოითხოვეს პური, ღვინო და ზეთი" [Dio, LXII, 5]. ლეგიონერთა თითო კარავს (8 კაცის შემადგენლობით) გამოყოფილი ჰქონდათ ხორბლის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ისინი ფქვავდნენ ქვის საფქვავით და შემდეგ თვითონვე იმზადებდნენ მრგვალ პურს, რომელსაც 8 ნაჭრად ყოფდნენ. პურს ზეითუნის ზეთს უსვამდნენ. ხორბლის რაოდენობა დაახლოებით 880 გრამი იყო. პურის (Panis Militaris) გარდა ჰქონდათ ე.წ. ორჯერ გამომცხვარი პური (Buccelatum), რაც ფაქტობრივად ორცხობილა იყო. შეეძლოთ მოემზადებინათ ფაფაც (Puls). ჯარისკაცები ჭამდნენ ხორცსაც, მაგრამ ის არ იყო მათი მუდმივი რაციონის ნაწილი, რომელშიც მხოლოდ პური, ღვინო და ზეთი შედიოდა. სულ დამატებით ისინი 620 გრამამდე საჭმელს იღებდნენ, მათ შორის ბოსტნეულს, ხილს, თხილეულს, ცოტა ყველსა და 160 გრამამდე გამოყვანილ ხორცს (Laridum) ან თევზს. ზეითუნის ზეთისა და მარილის გარდა, ლეგიონერებს აძლევდნენ ცოტა ძმარსაც (Acetum). დღესასწაულების დროს ლეგიონერებს ღორის, ცხვრისა და საქონლის შემწვარი ხორცითა და კარგი ღვინით უმასპინძლდებოდნენ. ყავა, პომიდორი და ბანანი რომაული სამყაროში არ არსებობდა, ისევე როგორც შაქარი, ამიტომ მათ ერთადერთი ტკბილეული თაფლი იყო.
რომაული სამხედრო პური (Panis Militaris)
ლეგიონერებისთვის დღიურად მიწოდებული ხორბლის რაოდენობა, როგორც აღვნიშნეთ სტანდარტულად 880 გრამს შეადგენდა, მაგრამ ზოგჯერ ეს დამოკიდებული იყო საერთო მარაგების მდგომარეობაზე და მთავარსარდლის გულუხვობაზე. მისი საფასური კი ჯარისკაცს ხელფასიდან ექვითებოდა. იმპერიის დროს ხორბლის საფასურის ჯარისკაცის ხელფასიდან აღება არ ხდებოდა. რომის მოსახლეობის დიდი ნაწილიც კი უფასო პურით მარაგდებოდა, პურის მცხობლებს, კონდიტერებს და სხვა მოვაჭრეებს კი ამისთვის უნდა ეხადათ.
ლეგიონის გამწევ საქონელსა და ცხენებსაც დიდი რაოდენობით თივა, ქერი, ჩალა და წყალი სჭირდებოდათ. ცხენისთვის საშუალოდ 2,5 კგ ქერი და 7 კგ თივა იყო საჭირო, სახედრისთვის1,5-2 კგ ქერი და 5-6 კგ თივა, ხარს კი 7 კგ ქერი და 11 კგ თივა.
მცირე რომაული სიმაგრე იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარზე, გერმანიაში (ბრაიან დელფის ნახატი)
აფსაროსის (გონიო, აჭარა) რომაული სიმაგრის ნაშთები (ავტორის ფოტო)
იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) დროს, როდესაც იმპერიას სავარაუდოდ ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალები ჰყავდა, 30 ლეგიონი, 483 დამხმარე შენაერთი, 12 ათასიანი გვარდია რომში, ფლოტი, ანუ მთლიანობაში დაახლოებით 480 ათასი სამხედრო მოსამსახურე, მათ გამოსაკვებად საჭირო იქნებოდა 154 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და 108 ათას ტონაზე მეტი სხვა საკვები. მარტო სახედრებისა (დაახლ. 60 ათასი) და ცხენებისთვის (110 ათასი) კი 245 ათას ტონამდე ქერი და 400 ათასი ტონა თივა. აქედან ჩანს თუ რამდენი რამ ესაჭირებოდა დიდი სამხედრო ძალის შენახვას. მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერია დიდი და მდიდარი იყო, ჯარის მომარაგების საკითხი მაინც რთულად მოსაგვარებელი რჩებოდა და დიდ სახსრებს მოითხოვდა.
რომაელი ჯარისკაცები, ჩვეულებრივ, თითებით ჭამდნენ და დანას იყენებდნენ პურისა და ხორცის დასაჭრელად. ჩანგალი რომაულ სამყაროში არ არსებობდა და მას არც არისტოკრატული ფენის წარმომადგენლები იყენებდნენ. რომაელები საჭმელს ღვინო ატანდნენ, თუმცა მას წყალში აზავებდნენ. იშვიათად ყოფილა შემთხვევა ლეგიონერი ბანაკში მთვრალი ენახათ.
ლეგიონერის საუზმე ზოგჯერ მხოლოდ 1 ჭიქა წყალი იყო. ლანჩი (Prandium) შუადღის მსუბუქი წახემსება ან უბრალოდ პურის ნაჭერი იყო დამღლელი დღიური მარშის შემდეგ. დღის მთავარ კერძს ლეგიონერები საღამოს მიირთმევდნენ.
იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის ოქროს სოლიდი თავად იმპერატორისა და მისი ოჯახის გამოსახულებით (დაახლ. 201 წ.)
I საუკუნის ბოლოთვის, ლეგიონები, რომლებიც მუდმივ საზამთრო ბანაკებში იზამთრებდნენ, ადგილობრივი ვაჭრებისგან მარაგდებოდნენ, რომელთაც სანოვაგე იმპერიის შორეული მხარეებიდან მოჰქონდათ. ეს სანოვაგე კი ამ ადგილებისთვის საკმაოდ ეგზოტიკური იყო და ლეგიონერებიცა და მოკავშირე ჯარის (Auxilia) ნაწილებიც კარგად იკვებებოდნენ. ბრიტანეთში, კარლაისლში, კამბრიის მხარეში, სადაც ძველი რომაული დასახლება ლუგუვალიუმი მდებარეობდა, რომაული საცხენოსნო შენაერთის Ala
Augusta-ს ფორტში აღმოჩენილია ამფორა „ტკბილი ხილისათვის" ეგვიპტიდან. მეორე ამფორას აწერია „ძველი ტინგისის (ტანჟერის) თინუსი, უმაღლესი ხარისხი". ჰერაკლეს სვეტებთან (გიბრალტარი) დაჭერილი თინუსი წაიღეს ტინგისში, რომელიც რომაული პროვინციის მავრიტანია ტინგიტანას ცენტრი იყო, იქ დაჭრეს და საკუთარი წვენითვე მოათავსეს ამფორაში. შემდეგ გააგზავნეს ბრიტანეთში, სადაც ის განსაკუთრებულ დელიკატესად ჩაითვლებოდა და შესაძლოა მხოლოდ Ala Augusta-ს ოფიცრებს შეხვედროდათ. ასეთივე ამფორებს ზედ აწერდნენ რამდენი ხნის იყო და როდის ჩააწყვეს ან გაგზავნეს, ტევადობას და ზოგჯერ მწარმოებლებსაც კი. მაგალითად პროკულუსისა და ურბიკუსის საწარმო დამღა აღმოჩენილია როგორც იტალიაში, პომპეიში, ასევე კოლჩესტერში, ბრიტანეთში. სამხედრო დასახლებებში მცხოვრები ლეგიონერები ნადირობდნენ კიდეც და საკვებ რაციონს უფრო მრავალფეროვანს ხდიდნენ. რომაულ სიმაგრეში, რომელიც დღევანდელი ჩესტერის (ინგლისში) ადგილზე მდებარეობდა,
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ აქ ლეგიონერების კვება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და ისინი მიირთმევდნენ კურდღლის, გარეული ღორის, ირმის, რქოსანი საქონლის, ცხვრის, თხის, ქათმის, იხვის, ბატის, ხოხობის, გედის ხორცსა და ხამანწკებსაც კი. ზოგიერთი ამ ადგილზე შორი გზის გავლით მოხვდა, ისევე როგორც ტინგისიდან ჩამოტანილი თინუსი. ბრიტანეთში ღვინო ძირითადად გალიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან შედიოდა, ჭურჭელი იტალიიდან და გალიიდან, ჩირი, ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი ესპანეთიდან. ვინდონისაში (თანამედროვე შვეიცარია), სადაც სხვადასხვა დროს XIII, XXI და XI ლეგიონები იდგა, ხამანწკები პორტუგალიის რომაული კოლონიიდან და ლა-მანშის სრუტის სანაპიროებიდან იგზავნებოდა, ღვინო სამხრეთ იტალიიდან და სიცილიიდან, ზეითუნის ზეთი ესპანეთიდან. ამ რესურსების თავისი დროის კვალობაზე სწრაფად გადაგზავნას რომაელები მოწესრიგებული გზების, პორტების, ხიდების, საწყობებისა და ხომალდების საშუალებით ახერხებდნენ. საკომუნიკაციო სისტემის განვითარება დადებითად მოქმედებდა როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო საქმეებზე და ხელს უწყობდა ინფორმაციის სწრაფ გაცვლა-გამოცვლას, რესურსების გადაგზავნას, ლეგიონების გაგზავნას ერთიდან მეორე პროვინციაში.
ასეთი ამფორებით გადაჰქონდათ რომაელებს ღვინო
სტენფორდის უნივერსიტეტის უნიკალური პროექტის რომის იმპერიის რუკის მიხედვით ჩანს, რომ იმ დროში ტინგისიდან ბრიტანეთში დაარსებულ რომაულ ქალაქ ებორაკუმამდე (იორკშირში) მისაღწევად, დაახლოებით 30-36 დღე იყო საჭირო. დაახლოებით ამდენივე, ან შესაძლოა ცოტა ნაკლებიც კი დასჭირვებოდა ლუგუვალიუმამდე მიღწევას, რომელიც ებურაკუმიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, მაგრამ იქამდე ე.წ. ირლანდიის ზღვითს გავლით (ინგლისსა და ირლანდიის კუნძულს შორის მდებარე) მიდგომაა შესაძლებელი. ამავე დროს ლუგუვალიუმი ფაქტობრივად სანაპიროზე მდებარეობდა (ებორაკუმი უფრო ქვეყნის სიღრმეშია) და ხანგრძლივი სახმელეთო მგზავრობა იქამდე მისასვლელად საჭირო არ იქნებოდა.
ოქროს სოლიდი აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორ მარკიანეს გამოსახულებით (V ს.)
გვიანდელი რომაული ჯარის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია სურსათით უზრუნველყოფის სქემა, როდესაც გადასახადების სისტემა პირდაპირ მიმართული იყო სამხედრო ძალების მოსამარაგებლად. მას Annona ეწოდებოდა, თუმცა იგივე სახელწოდებით მოიხსენიებდნენ რომისა და კონსტანტინოპოლის მოსახლეობის სურსათით მომარაგების სისტემასაც, ამიტომ სამხედრო Annona-ს ზოგჯერ Annona Militaris უწოდებდნენ. გვიანი იმპერიის ხანაში რომს ძალიან უჭირდა ჯარისკაცებისთვის თუნდაც ამგვარი ჯამაგირის გაცემა. სამხედრო მომარაგებისა და ადმინისტრირების სისტემები აღარ იყო სანდო და მოწესრიგებული. იმპერატორებს უჭირდათ ჯარისთვის ფულის გამონახვა და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, მაგალითად გადასახლებულ ეპისკოპოსს 1000 სოლიდის გადახდის შემდეგ იმპერატორმა მარკიანემ ნება დართო დაბრუნებულიყო, რადგან ძალიან სჭირდებოდა ეს თანხა ჯარისკაცებისთვის გადასახდელად.
პრინციპატის პერიოდის (ძვ.წ. 27-ახ.წ. 284) რომაელი ლეგიონერები მარშზე (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
იმპერატორი იულიანე კი, რომელიც თავისი ანტიქრისტიანული შეხედულებებით იყო ცნობილი, ეკლესიის ქონების კონფისკაციას მიმართავდა თავისი სამხედრო ძალების ხარჯების დასაფარად.Notitia Dignitatum-ში, V საუკუნის რომაულ დოკუმენტში, რომელშიც იმპერიის სამხედრო და ადმინისტრაციული მოწყობაა ჩამოყალიბებული, დასახელებულია 35 საწარმო, სადაც ამზადებდნენ ყველანაირ აღჭურვილობას – კატაპულტიდან დაწყებული დროტიკით დასრულებული, ასევე ჩექმებს, ტუნიკებს და ა.შ. სახელმწიფო ფერმებში ცხენოსანი ჯარისთვის ცხენები ჰყავდათ. იმპერია უზრუნველყოფდა სამედიცინო დახმარებასა და სურსათ-სანოვაგის მიწოდებასაც.
ნიკა ხოფერია
„ისტორიანი"#4 (52), თბილისი, 2015.
„ისტორიანი"#4 (52), თბილისი, 2015.