როუზმერი სატკლიფის „ვერცხლის ტოტი" მეორე წიგნია „მეცხრე ლეგიონის არწივის" შესახებ წიგნების სერიიდან. მოქმედება III საუკუნის ბრიტანეთში ხდება, მარკუს ფლავიუს აკვილას ადრიანეს კედელს მიღმა მოგზაურობასა და დაკარგული IX ლეგიონის არწივის კალედონიელებისათვის მოპარვისა და კალევა ატრებატუმში წამოღებიდან 150 წელზე მეტი ხნის შემდეგ.
ამბავი ახლაც მეტად საინტერესო იყო და პერიოდიც შესანიშნავად შერჩეული - დიოკლეტიანეს იმპერატორობის ხანა, როდესაც მან იმპერია ორ ნაწილად გაყო და ერთი ნაწილი თავის თანამებრძოლსა და მეგობარს მაქსიმიანეს ჩააბარა (ორივემ ავგუსტუსის წოდება მიიღო). მათ აირჩიეს ორი მემკვიდრე კეისრების წოდებით - კონსტანციუს ხლორუსი და გალერიუსი, მაგრამ ტეტრარქია 286 წელს პენტარქიად ექცათ - გამოჩნდა მეხუთე პრეტენდენტი - კარაუზიუსი და მან ბრიტანეთი და გალიის ნაწილი თავის სამფლობელოდ აქცია. კარაუზიუსი იყო წარმოშობით გალი, მენაპიელი. ის დაწინაურდა რომის სამსახურში და დიდი გავლენა მოიპოვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომაული ფლოტის მმართველობა ჩაიბარა. კარაუზიუსმა ისარგებლა შემთხვევით და 286 წელს, ბრიტანეთი ააჯანყა რომის წინააღმდეგ. კარაუზიუსი იმპერატორად გამოცხადდა და ტეტრარქმა იმპერატორებმა მის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.
ანტეფიქსი XX ლეგიონის (Legio XX Valeria Victrix) სახელწოდებითა და სიმბოლიკით (აღმოჩენილია უელსში, დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში, ლონდონში)
ის იყო კარგი მმართველი და სარდალი. ალბათ პირველი, რომელმაც ბრიტანეთის სტრატეგიული უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენა და ძლიერი ფლოტის საშუალებით მთლიანად ჩაკეტა მისი მისადგომები. კონსტანციუს ხლორუსი და მაქსიმიანე იძულებულები გახდნენ, ეცნოთ კარაუზიუსი და მასთან მშვიდობა დაემყარებინათ. კარაუზიუსს მიემხრნენ ბრიტანეთში რომაული ლეგიონებიც, მათ შორის XX ლეგიონი (Valeria Victrix). 293 წელს კონსტანციუს ხლორუსმა მოახერხა კარაუზიუსისთვის გალიის პროვინციების წართმევა და ბრიტანეთი სრულ იზოლაციაში მოექცა.
კალევა ატრებატუმის რეკონსტრუქცია (თანამედროვე სილჩესტერი)
ადრიანეს კედლის ნაშთები
ამ პერიოდის მოვლენებზეა როუზმერი სატკლიფის „ვერცხლის ტოტი". კარაუზიუსი ბრიტანეთის იმპერატორია, ის ფიქრობს რომ თავისი მმართველობისას ისე გაამაგროს ბრიტანეთი, არც ჩრდილოეთიდან და არც სამხრეთიდან საფრთხე არ შეექმნას, თანაც დაიცვას აღმოსავლეთ სანაპირო (იმ დროში „საქსების სანაპიროდ" წოდებული) საქსების თავდასხმისაგან, რომლებიც III საუკუნიდან უკვე აქტიურად იწყებენ ბრიტანეთზე თავდასხმებს. კარაუზიუსს ჰყავს ცბიერი და მოხერხებული ხაზინდარი, ალექტუსი, რომელიც ძალაუფლებისაკენ ისწრაფვის, თუმცა სანამ სათანადო ძალები არ გააჩნია, ვერ გამოდის კარაუზიუსის წინააღმდეგ.
აი ამ დაძაბულ და არეულ-დარეულ დროში, გალიიდან ბრიტანეთში ჩადის რომაული ხომალდი, რომელზეც იმყოფება სამხედრო ექიმის თანაშემწე, იუსტინე, სუსტი აღნაგობის, შეუხედავი და მორცხვი ბიჭი. ის მარკუს ფლავიუს აკვილას, „IX ლეგიონის არწივის" მთავარი გმირის შთამომავალია, ბრიტანეთში კი ის გაიცნობს თავის ნათესავს, აკვილას კიდევ ერთ შთამომავალს, ფლავიუსს (სრული სახელით მარცელუს ფლავიუს აკვილას). ისინი დამეგობრდებიან და ერთგულად ემსახურებიან იმპერატორ კარაუზიუსს, რომელიც მეტად ქარიზმატული და მიმზიდველი პიროვნებაა, მიუხედავად გარეგნული შეუხედავობისა, ჩაფსკვნილი, მსხვილი აღნაგობისა და სიდაბლისა. კარაუზიუსს პატივს სცემენ და უყვართ როგორც მის მეომრებს, ასევე ადგილობრივ რომაელ მოქალაქეებს. მშვიდობა აქვს დამყარებული ჩრდილოელ ტომებთანაც.
მონეტები კარაუზიუსისა და ალექტუსის გამოსახულებით
იუსტინე და ფლავიუსი შემთხვევით შეიტყობენ რომ ალექტუსი საქსებთანაა დაკავშირებული და იმპერატორის დაღუპვა სურს. აქედან იწყება მეგობრების სახიფათო თავგადასავალი, მსახური ბრიტანეთის იმპერიის კიდეზე, ადრიანეს კედელზე, უკან დაბრუნება და ბრძოლა კარაუზიუსის მკვლელ, უზურპატორ ალექტუსის წინააღმდეგ. ქალაქ კალევა ატრებატუმში, ბიძის ვილაში, მარკუს ფლავიუს აკვილას ჩამარხული ლეგიონის არწივს კვლავ გამოუჩნდება საქმე და ის ბრძოლის ველისაკენ გაემართება. ლეგიონ ვეღარასდროს აღდგება და ვერ დაიბრუნებს ღირსებას, მაგრამ არწივს კიდევ შეუძლია გაუწიოს სამსახური იმპერიას.
სატკლიფს კვლავ მრავალი საინტერესო მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ჰყავს - დალრიადელი შუბოსანი მონადირე ევიკატუსი; ცენტურიონი ანტონიუსი; კარაუზიუსის მასხარა კულენი წერილის ჩასადები ვერცხლის ტოტით; სუნამოებისა და შხამების ოსტატი ეგვიპტელი სერაპიონი; ალექტუსის მოწინააღმდეგეთა ფარული ჯგუფის მეთაური პაულინუსი; კალევა ატრებატუმში მცხოვრები, ფლავიუსის დეიდა, ნამდვილი რომაელი მატრონა ჰონორია.
პიქტების შეტევა ადრიანეს კედელზე (360 წ.) პოლ ვეინის ნახატი.
სახელწოდება პიქტი, რაც მოხატულ, ტატუირებულ ადამიანს ნიშნავს, პირველად 297 წელს გამოიყენა რომაელმა ავტორმა ევმენიუსმა. ასე უწოდებდნენ ადრიანეს კედელს მიღმა მცხოვრებ ტომებს
რომაელი ლეგიონერების მარში (III ს.), რობი მაკსვინის ნახატი
ალექტუსის წინააღმდეგ ფარულად მოქმედი რაზმი გალიაში ახალ-ახლ ცნობებს გზავნის კეისარ კონსტანციუსისათვის, რომელიც გამალებით ემზადება ბრიტანეთში სალაშქროდ. მალე მისი ჯარის ნაწილი ასკლეპიოდოტუსის სარდლობით გადავა კუნძულზე და ალექტუსთან საბრძოლველად ემზადება. ალექტუსის მოქირავნე საქსებიც ერთად იკრიბებიან. მეცხრე ლეგიონის არწივი უნდა შეუერთდეს კონსტანციუსის ლაშქარს რათა იმპერატორ კარაუზიუსის მკვლელზე შური იძიოს, შემდეგ კი დაიცვას ქალაქი კალევა და ლონდინიუმი ბარბაროსი საქსებისაგან.
„ვერცხლის ტოტი", ისევე როგორც „მეცხრე ლეგიონის არწივი", შესანიშნავად იკითხება და სათავგადასავლო და ისტორიული რომანის ჟანრის კარგ სინთეზს გვთავაზობს. ჩემი აზრით, უფრო მეტი ისტორიული დეტალი კიდევ უფრო დახვეწილს გახდიდა სიუჟეტს. რამდენიმე თავი ზედმეტად გაწელილი და მოსაწყენია, მასშტაბური ბრძოლა, რომელიც სიუჟეტის კულმინაციაა, საკმაოდ მოკლედ და უინტერესოდაა აღწერილი და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთი მოვლენების აღწერისას, აუცილებელია მეტი დეტალი, ისტორიული ატმოსფეროს შესაქმნელად და ყველაფრის უკეთ წარმოსადგენად.
მიუხედავად ამისა, ისტორიული ჟანრის ლიტერატურის მოყვარულებს, გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, ოღონდ მანამდე აუცილებლად გაეცანით „მეცხრე ლეგიონის არწივს". მე კი, სერიის მესამე წიგნის წაკითხვასაც ვგეგმავ და იმედი მაქვს ისეთივე საინტერესო ან კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
ნიკა ხოფერია