თოტმეს III (ძვ.წ. 1479-1425 წწ.) XVIII დინასტიის მეექვსე ფარაონი, ახალი სამეფოსა და ძველი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე იყო. იგი თოტმეს II-სა და მისი „მეორე რანგის" ცოლის ისიდას ვაჟიშვილია. რადგან თოტმეს II-ს დედოფალ ხატშეპსუტთან ვაჟი არ ჰყავდა, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მცირეწლოვანი თოტმესი ავიდა, რომლის რეგენტადაც ხატშეპსუტი დაინიშნა. თოტმეს III დედოფლის ქალიშვილზე, ნეფრურაზე დააქორწინეს, რათა განემტკიცებინა თავისი პოზიციები სამეფო ტახტზე. ფორმალურ მმართველად თოტმესი ითვლებოდა, რეალურ ძალაუფლებას კი ხატშეპსუტი ფლობდა, რომელმაც რეგენტობის მეშვიდე წელს თავი ფარაონად გამოაცხადა და თოტმეს III-თან ერთად 16 წელი მართავდა ეგვიპტეს. ხატშეპსუტის გარდაცვალების შემდეგ თოტმესი ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი ხდება და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრწყინვალე სამხედრო კარიერა.
თოტმეს III-ს მმართველობიდან იცვლება ეგვიპტის სამეფოს პოლიტიკა და სამხედრო სისტემა. თოტმეს III-მდე ეგვიპტის არმია ძირითადად თავდაცვითი სახის იყო, ხოლო იგი ახალი სტრატეგიული ხედვით გამოჩნდა და ეგვიპტის თავდაცვითი სამხედრო სისტემა შემტევ ძალად გარდაქმნა.(1) თოტმესმა ანტიკურ ხანაში პირველი სამხედრო ფლოტი შექმნა, რომელსაც მემფისის მახლობლად აშენებდა. ასევე მან გაატარა სამხედრო რეფორმა, გამოიყვანა პროფესიონალური არმია, რომელიც თანამედროვედ აღჭურვა და შეაიარაღა. თოტმეს III-მ 19 წლის განმავლობაში 17 კამპანია მოაწყო აღმოსავლეთის მიმართულებით სირია-პალესტინაში, ასევე რამდენიმე ლაშქრობა მოაწყო ნუბიაში. მან თავისი ექსპანსიური პოლიტიკის წყალობით ეგვიპტის სამეფო უზარმაზარ და უმდიდრეს იმპერიად აქცია.
თოტმეს III (ლუქსორის მუზეუმი, ძვ.წ. XV ს.)
წინამდებარე სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ თოტმეს III-ის პირველ კამპანიაზე და მეგიდოს ბრძოლაზე. მეგიდოს ბრძოლა ისტორიაში პირველი ბრძოლაა, რომელიც სახელით ვიცით და ისტორიული წყაროები საშუალებას გვაძლევს რეკონსტრუქცია და ანალიზი გავაკეთოთ მოწინააღმდეგე მხარეების გამოყენებული სტრატეგიისა და ტაქტიკისა.(2) მეგიდოს ბრძოლა შეგვიძლია სამხედრო ისტორიის შესწავლის სასტარტო წერტილად მივიჩნიოთ. თოტმეს III-ის პირველი კამპანია პირველი ნაბიჯი იყო ეგვიპტის უზარმაზარი იმპერიის შექმნაში.
პირველი კამპანიის მიზეზები და მიზნები
ხატშეპსუტის გარდაცვალების შემდეგ თოტმეს III იწყებს გაცილებით აგრესიულ პოლიტიკას სირია-პალესტინის მიმართულებით, ვიდრე მისი წინამორბედი ფარაონები აწარმოებდნენ. კარნაკის ტაძრის კედლის ანალებში ასეთ ტექსტს ვხვდებით: „22-ე წელს, მეორე სეზონის მეოთხე თვეს, ოცდამეხუთე დღეს, [მისი უდიდებულესობა გახლდათ] თარუში, პირველ გამარჯვების მომპოვებელ ექსპედიციაში, რათა [გაეფართოვებინა] ეგვიპტის საზღვრები ძალის გამოყენებით..." „ამ მოვლენების დროს [აზიელებმა დაიწყეს] ძარცვა-გლეჯა. თითოეულმა ადამიანმა [დაიწყო ბრძოლა მეზობლების] წინააღმდეგ... ისეც ხდებოდა, რომ სხვა ტომებმა, ქალაქ შარუხენში მყოფმა, ირჯას ქვეყნიდან ჭაობების უკიდურეს საზღვრამდე, დაიწყეს აჯანყება მისი უდიდბულესობის წინააღმდეგ."(3)
კარნაკის ტაძარი
როგორც ვხედავთ კარნაკის წარწერის მიხედვით, ოფიციალურად, ექსპედიციას თავდაცვითი მიზანი ჰქონდა. ავდიევის აზრით, ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო იმით, რომ ეგვიპტემ ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი გაიარა, რამაც ჯარის მოდუნება გამოიწვია. ხოლო საფრთხე, რომელიც თოტმეს III-მ ქვეყანას დაუხატა, აუცილებლად გამოიწვევდა ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას. რეალური მიზეზი კი აზიაში არსებული სიმდიდრის მოხვეჭა, ტყვეების ხელში ჩაგდება უნდა ყოფილიყო. ეგვიპტისთვის აუცილებელი იყო წინა აზიის დაპყრობა, რათა გზა გახსნილიყო მცირე აზიისა და მესოპოტამიისკენ, რომელშიც უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს ხედავდნენ.(4)
გზა მეგიდომდე და თათბირი იხემში
თარუში ჩასვლის შემდეგ, თოტმეს III, ჯართან ერთად, გიზას მიმართულებით დაიძრა, შემდეგ კი ჩრდილოეთით კარმილას მთებისკენ. ანალებში მოხსენიებულია ადგილი იხემი, რომელიც დაახლოებით 30 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ მეგიდოსგან. სწორედ აქ დაბანაკდა თოტმეს III და მეხუთე დღეს სამხედრო საბჭო მოიწვია, სადაც სამხედრო მაღალჩინოსნებს აუხსნა, რომ ქადეშის მეფე მეგიდოშია სხვა ქვეყნების მმართველებთან ერთად, რომლებიც ადრე ეგვიპტეს ემორჩილებოდა. კარნაკის ანალების მიხედვით, მოთათბირეები მეგიდომდე მისასვლელ გზაზე ბჭობენ, ბოლო სიტყვას კი ფარაონი იტყვის, რომლის გეგმის მიხედვით, ჯარს მეგიდომდე არუნას გავლით წაიყვანდა. არუნას გზა საკმაოდ სახიფათო იყო მისი სივიწროვის გამო, რადგან ფარაონის არმია კილომეტრებზე გაიწელებოდა და სანამ ხეობიდან გამოსული ავანგარდი, ველზე გაშლილ მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვან ჯარს შეებრძოლებოდა, თოტმეს III-ის არიეგარდი ჯერ კიდევ არუნასთან იქნებოდა, რომელიც ვერ დაეხმარებოდა ავანგარდს. ანალებში კარგად ჩანს, რომ თოტმესს მხედართმთავრები შემოვლით, ნაკლებად სახიფათო გზას ურჩევენ ტაანახის ან ჯეფტის გავლით. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თოტმესს ეკუთვნის, რომელიც ასე ასრულებს თათბირს: „[ვფიცავ] როგორც რას ვუყვარვარ მე, როგორც მამაჩემი ამონი, ავსებს ჩემს სუნთქვას სიცოცხლითა და ახალგაზრდობით, ჩემი უდიდებულესობა არუნის გზით წავა. დაე ყოველი თქვენთაგანის ვისაც სურს, წავიდეს იმ გზით, რომელიც თქვენ ახსენეთ. დაე ვისაც სურს, ყოველი თქვენთაგანისგან, გამომყვეს მე, ჩემს უდიდებულესობას. დაე არ თქვას მტერმა, რომელიც რას სძულს: „მისი უდიდებულესობა სხვა გზით წავიდა, რადგან შეეშინდა მას ჩვენი" - ასე იფიქრებენ ისინი."(5)
თელ-მეგიდო. უძველეს ქალაქ მეგიდოს ნაშთები
თოტმესის გადაწყვეტილება ძალიან სარისკო ჩანს, თუმცა იგი დამყარებულია მოულოდნელობაზე, რომელიც მოწინააღმდეგე ძალების დემორალიზაციას გამოიწვევდა, რომელიც შესაბამისად ფარაონის ჯარის საბრძოლო სულისკვეთებაზე დადებითად იმოქმედებდა. სანამ უშუალოდ ბრძოლაზე გადავალთ, აუცილებელია მიმოვიხილოთ მოწინააღმდეგე მხარეების ჯარების შეიარაღება და სტრუქტურა.
თოტმეს III-ის არმია
ახალი სამეფოს პერიოდის ეგვიპტის არმია, უკვე მკვეთრად განსხვავდება წინა პერიოდისგან, როგორც შეიარაღებით და საბრძოლო ერთეულების ტიპით, ასევე სისტემითა და მოწესრიგებით. ეგვიპტის არმია ძირითადად ეგვიპტელებისგან ივსებოდა, რომელიც წამყვან სახაზო ნაწილს წარმოადგენდნენ. ასევე იყვნენ დაქირავებული მეომრეები ნუბიიდან და ლიბიიდან. შუა სამეფოს პერიოდში ეგვიპტის არმია, მხოლოდ ქვეითი მეომრებისგან შედგებოდა, რამაც ჰიკსოსებს საშუალება მისცა ადვილად დაეპყროთ ეგვიპტე, ვინაიდან მათი ლაშქარი კავალერიასა და საბრძოლო ეტლებსაც მოიცავდა. ასევე მათ უკეთესი, ბრინჯაოსგან დამზადებული იარაღი და რთული, კომპოზიტური, მშვილდები ჰქონდათ. ჰიკსოსების განდევნის შემდეგ, ეგვიპტის არმიაში ძირეული ცვლილებები მოხდა, რაც არა მხოლოდ საჭურველის გაუმჯობესებაში გამოიატა, არამედ ჯარს შეემატა საბრძოლო ეტლები, რამაც ეგვიპტის არმია უფრო მობილური და მანევრირებადი გახადა.(6)
ახალი სამეფოს პერიოდის ეგვიპტური საბრძოლო ეტლები (ბრაიან დელფის ნახატი)
თოტმეს III-ს არმია მეგიდოსთან ბრძოლაში 15 000-დან 20 000-მდე უნდა ყოფილიყო, რომლის შემადგენლობაში მსუბუქ და მძიმე ქვეითებთან ერთად, მშვილდოსნების, მეშურდულეებისა და საბრძოლო ეტლების დანაყოფები იმყოფებოდა. არმია 5 000 მეომრიან პოლკებად იყოფოდა, ხოლო საბრძოლო ეტლები 10 ეტლიან დანაყოფებად, 4-5 დანაყოფი კი ესკადრონი იყო. თოტმესს დაახლოებით 500(7) საბრძოლო ეტლი უნდა ჰყოლოდა. ეგვიპტური საბრძოლო ეტლი ორ ცხენზე იყო ჩაბმული და სიმსუბუქით გამოირჩეოდა, იგი არ აღემატებოდა 30 კილოგრამს, მისი ეკიპაჟი ორი ადამიანისგან, გამძღოლისა და მშვილდოსნისაგან შედგებოდა. ეგვიპტელი მშვილდოსნები იმდენად იყვნენ დახელოვნებულნი, რომ სრული სისწრაფით გადაადგილების დროსაც კი მისი გატყორცნილი ისარი მიზანში ხვდებოდა. საბრძოლო ეტლის მარგი ქმედების კოეფიციენტი გამძღოლისა და მშვილდოსნის ურთიერთშეთანხმებაზე იყო დამოკიდებული. სანამ მშვილდოსანი მოწინააღმდეგით იყო დაკავებული, ეტლის გამძღოლი, მართვასთან ერთად, თანამგზავრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.(8)
ქანაანელი მეომარი (ჯონი შუმატეს ნახატი)
რაც შეეხება ქვეით დანაყოფებს, ძირითადად შუბითა და დიდი ფარით შეიარაღებული მეომრები იყვნენ. მძიმე ქვეითებს შუბთან ერთად, ბრინჯაოსგან დამზადებული სპეციფიკური მოყვანილობის მქონე მახვილით, ხოპეშით იყვნენ შეიარაღებული. ასევე ეგვიპტის ჯარში გვხვდებიან ცულოსნები. თოტმეს III-ს პერიოდში ეგვიპტური არმია საკმაოდ ხარისხიანი იარაღითა და ჯავშანით არის აღჭურვილი.
ქანაანელთა არმია
თოტმეს III-ს პერიოდში ქანაანის ყოველ ქალაქ-სახელმწიფოს, საკუთარი სამხედრო სისტემა და ორგანიზება გააჩნდა, თუმცა მეომართა აღჭურვილობა და საბრძოლო ერთეულები, ძირითადად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ეგვიპტელთა და ქანაანელთა ჯარების რაოდენობა თანაბარი უნდა ყოფილიყო. ქანაანელთა საბრძოლო ეტლები, რომლებსაც მითანურ ეტლებსაც ეძახიან, ეგვიპტელთა ეტლებზე მძიმე, თუმცა ხეთურ საბრძოლო ეტლებზე მსუბუქი იყო. ეტლის სიმძიმე აფერხებდა მანევრირებასა და სისწრაფეს, თუმცა უფრო მეტად დაცული იყო და მიწაზე მოჭიდებაც უფრო მაღალი ჰქონდა. რაც შეეხება ქვეით ჯარს, ძირითადად შუბოსნებისგან, მძიმე ქვეითებისგან და მშვილდოსნებისგან შედგებოდა. მათი ფარები ხეთურის მსგავსი იყო, რომელსაც ოვალური რვაკუთხედის ფორმა ჰქონდა ცენტრში კი, ვიწროვდებოდა. ეს მეომარს საშუალებას აძლევდა იარაღი უფრო კომფორტულად გამოეყენებინა.(9)
მეგიდოს ბრძოლა (ძვ.წ. 1457 წ.)
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თოტმეს III-მ პირდაპირ არუნას გავლით გადაწყვიტა მეგიდოსთან, ესდრაელონის ველზე(10) დაბანაკებულ მტერთან შებრძოლება, რაც დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. თოტმესის საბედნიეროდ, მეგიდოსკენ მიმავალი ვიწრო გზა, დაბლობზე გასვლისას გაფართოვდა და მან შეძლო ქალაქ მეგიდოსთან მდებარე ესდრაელონის ველთან მიახლოებისას ჯარი უფრო გაეშალა. აღმოჩნდა, რომ ქანაანელებს ძალები დანაწევრებული ჰყავდათ, რადგან მათ ზუსტად არ იცოდნენ, რომელი მხრიდან შეუტევდათ თოტმესი. ამიტომ ქანაანელებმა ვერ გაბედეს არასრული ძალებით თოტმესთან შებრძოლება, რამაც ფარაონს საშუალება მისცა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გამოეყვანა მთლიანი ჯარი ხეობიდან და მეგიდოს სამხრეთით დაბანაკდა.
ფარაონი და ეგვიპტის ჯარის ნუბიელი მეომრები (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
მომდევნო დღეს მან ჯარი ქალაქის დასავლეთით გადაიყვანა, ხოლო მარცხენა ფლანგი ჩრდილო-დასავლეთით. ეს საკმაოდ წინდახედული სხვლა იყო, რადგან მარცხის შემთხვევაში, ადვილად დაიხევდა დასავლეთით ჯეფტის გავლით, ხოლო თუ წარმატებას მიაღწევდა ბრძოლაში, მარცხენა ფლანგი არ მისცემდა საშუალებას მოწინააღმდეგეს ჩრდილოეთით გაქცეულიყვნენ.
მომდევნო დილით თოტმეს III-მ ჯარი საბრძოლველად მოაწყო. არმიის ცენტრს თვითონ მეთაურობდა, მარჯვენა, ანუ სამხრეთის ფლანგი მაღლობზე, მდინარე კინის დინების სამხრეთით განალაგა, ხოლო მარცხენა ფრთა, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ ქალაქ მეგიდოსგან ჩრდილო-დასავლეთით. რათა ქანაანელებს ქალაქი დაეცვათ, ისინი მეგიდოსა და თოტმესის ჯარს შორის განლაგდნენ, ქალაქიდან კი დამხმარე რაზმები გამოიყვანეს. თოტმესმა სწრაფადვე შეუტია ჯარს, რომელსაც პირადად უძღვებოდა და როგორც ანალებში ვკითხულობთ: "...შემდეგ, მისმა უდიდებულესობამ, ჯარის სათავეში მყოფმა, აჯობა მათ, და როცა ისინი [ქანაანელები] ხედავდნენ, რომ მისი უდიდებულესობა მათ ამარცხებდა, შეშინებულები გაიქცნენ მეგიდოში, მიატოვეს რა ცხენები და ოქროსა და ვერცხლის ეტლები..."(11) როგოც ვხედავთ, თოტმესის სწორხაზოვან, ძლიერ შეტევას ვერ გაუძლეს ქანაანელებმა და უკანმოუხედავად გაიქცნენ ქალაქში, რომელში შეღწევაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რადგანაც კარიბჭე ჩარაზული აღმოჩნდა და ტანსაცმლისაგან დაწნული ბაწრებით მოუწიათ კედელზე აცოცება, ხოლო „რომ არა მისი უდიდებულესობის არმიის გადართვა, მოწინააღმდეგის ნივთების დატაცებაზე, ისინი [აიღებდნენ] მეგიდოს იმ მომენტში, როდესაც ქადეშის საწყალი მეფე და ამ ქალაქის [მეგიდოს] საწყალი მეფე კედელზე მიცოცავდნენ ქალაქში შესაღწევად.(12)
მეგიდოს ბრძოლა (ბრაიან დელფის ნახატი)
ბრძოლა ეგვიპტელთა სრული გამარჯვებით დამთავრდა, თანაც მათ საკმაოდ მდიდრული ალაფის ხელში ჩაგდება მოახერხეს, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოპოვებისთვის ქალაქის აღება იყო აუცილებელი. ფარაონმა შემდეგნაირად მიმართა ჯარს: `თქვენ შესანიშნავად იპყრობთ, ჩემო გამარჯვებულო მეომრებო! შეხედეთ, მივიღეთ რას [ნებით ყველა ქვეყანა ამ ქალაქში] დღეს. რადგან ყველა ქალაქის, ყველა მთავარი აქ იმყოფება, ათასი ქალაქის აღებას ნიშნავს მეგიდოს აღება, დაიპყარით!"(13) თუმცა შტურმის საშუალებით თოტმესს არ აუღია მეგიდო, რადგან ქალაქი რთულად მისადგომი გახლდათ დასავლეთის, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან.(14) თოტმესმა ქალაქს თხრილი და წნულები შემოავლო და ასე ამყოფებდა ალყაში. საბოლოოდ, როგორც ანალებიდან ვიგებთ, ყველა ქალაქის მმართველი დაჩოქილი ეახლა ფარაონს და სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ უამრავი ძღვენი მიართვა მას და ასე დაიდო საზავო ხელშეკრულება პირველი კამპანიისა, რომელშიც თოტმეს III-მ უდიდეს ეკონომიკური თუ სტრატეგიული სარგებელი ნახა ეგვიპტის სამეფოს შემდგომი განვითარებისთვის.
თოტმეს III ხოცავს ქანაანელ ტყვეებს მეგიდოს ბრძოლის შემდეგ. რელიეფი კარნაკის ტაძრიდან (ძვ.წ. XV ს.)
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ თოტმეს III-მ საკუთარი რისკიანი გადაწყვეტილებით, რომელსაც მისი სამხედრო ალღო კარნახობდა 100%-ით გაამართლა. თოტმეს III-ს პერიოდის წყაროები, პირველია რომლებიც მეტნაკლებად დეტალურად გვაწვდის ახალი სამეფოს პერიოდის საომარი სპეციფიკების შესახებ ინფორმაციას და მისი გაანალიზების შემთხვევაში, თვალნათლივ ჩანს, თუ როგორი დახვეწილი და სრულფასოვანია სამხედრო კამპანიების დაგეგმარება და ჩანაფიქრის განხორციელება.
სქოლიოები:
- Richard. A. Gabriel, Thutmose III: The Military Biography of Egypt's Greatest Warrior King, (Washington D.C. 2009), 55
- იქვე, 81
- J. H. Breasted, Ancient Records of Egypt, Vol. 2, (Chicago, 1906), 179
- В. И. Авдиев, Военная История Древнего Египта, Том 2, (Москва, 1959), 72
- Хрестоматия по Истории Древного Востока (Ред. В.В. Струве) (Москва, 1963), 85
- ნიკა ხოფერია, ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია, (თბილისი, 2011), 58-61
- Richard. A. Gabriel, Thutmose III: The Military Biography of Egypt's Greatest Warrior King, 84
- Альманах, Новый Солдат: Колесницы Бронзового Века, Вып. 114 (Артемовек, 2002) 8
- Richard. A. Gabriel, Thutmose III: The Military Biography of Egypt's Greatest Warrior King, 73-76
- ბიბლიაში ესდრაელონი და მეგიდო ასოცირდება არმაგედონთან (სიტყვა მოდის „მეგიდოდან"). აქ უნდა მომხდარიყო უკანასკნელი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის.
- J. H. Breasted, Ancient Records of Egypt, Vol. 2, 184
- იქვე
- იქვე, 185
- Richard. A. Gabriel, Thutmose III: The Military Biography of Egypt's Greatest Warrior King, 113
ბიბლიოგრაფია
- ხვედელიძე მანანა. ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია. თბილისი, 2013
- ხოფერია ნიკა. ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია. თბილისი, 2011.
- Breasted, J. H. Ancient Records of Egypt, Vol. 2. Chicago, 1906.
- Gabriel, Richard A. Thutmose III: The Military Biography of Egypt's Greatest Warrior King. Washington D.C. 2009.
- Новый Солдат: Колесницы Бронзового Века, Вып. 114. Артемовек, 2002.
- Авдиев, В. И. Военная История Древнего Египта, Том 2. Москва, 1959.
- Хрестоматия по Истории Древного Востока. Ред. В.В. Струве. Москва, 1963.
ლევან ტავლალაშვილი