ანტიკური ხანიდან დაწყებული, ომის დროს, მებრძოლი მხარეებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ადგილობრივ პირობებში საჭირო რესურსების მოძიება წარმოადგენს. როგორც სუნ ძის „ომის ხელოვნებაშია“ აღნიშნული: „თუ ჯარს მარაგი და აღჭურვილობა თან არა აქვს, ის უკვე განწირულია; თუ მას სურსათ-სანოვაგე არ მიაქვს, უკვე განწირულია და თუ არსენალი არ გააჩნია, ასევე განწირულია".(1) ლაზიკის ომი ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური და შუა საუკუნოვანი ისტორიული წყაროები არც ისე მდიდარია არმიათა მოქმედებების, მათი რეალური პრობლემებისა და მდგომარეობის აღწერის ცნობებით, პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის თხზულებები მაინც გვაძლევს საშუალებას ამ საკითხებზე ზოგადად ვიმსჯელოთ. სხვა ავტორთა ცნობებითა და თანამედროვე ლიტერატურის მეშვეობით კი, შევავსოთ დანაკლისი. მოცემულ სტატიაში, პირველ რიგში, ზოგადად განვიხილავ ირანული, ბიზანტიური და მათი მოკავშირე მომთაბარე ალანებისა და ჰუნების არმიების ლოგისტიკას, შემდეგ კი საკვებ რესურსებზე, სურსათის მოპოვების შესაძლებლობებს შევეხები (სტატია გამოქვეყნდა „საისტორიო კრებულის" VII ტომში - ნიკა ხოფერია, „სამხედრო მომარაგებისა და ადგილობრივი რესურსების მოპოვების პრობლემა ლაზიკის ომში", საისტორიო კრებული 7, თბ. 2019, გვ. 9-24).
ირანული ჯარის ლოჯისტიკა
ირანული „სპა“, არმია, თითქმის მუდმივად იყო ომებში ჩართული დასავლეთით ბიზანტიის იმპერიასთან, აღმოსავლეთით კი ჰეფტალიტებთან და შუა აზიის სტეპის ხალხებთან. როგორც ირანელი სამხედრო ისტორიკოსი კავეჰ ფაროკი აღნიშნავს, სპას უხდებოდა არა მხოლოდ დიდ დისტანციებზე გადაადგილება, არამედ განსხვავებული ლანდშაფტისა და კლიმატის პირობებში მოქმედება. ეს ფაქტორები აუცილებელს ხდიდა მაღალეფექტიანი ლოგისტიკის სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა სურსათის, ფურაჟისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას კამპანიების დროს.(2) შორეულ ტერიტორიებზე ლაშქრობა განსაკუთრებულად რთული იყო არმიებისთვის. გრძელი საკომუნიკაციო ხაზების შექმნა საყრდენი ბაზებიდან და მათი დაცვა მტრის დივერსიებისგან მეტად მნიშვნელოვანი იყო. ასევე, სურსათისა და იარაღის მარაგის მომზადება მოსალოდნელი ომებისთვის, ჯარის მობილიზება, მართვა და ა.შ.
ბიზანტიელები სათანადოდ აფასებდნენ ირანელთა სამხედრო ღირსებებს. ბიზანტიურ სამხედრო ტრაქტატში, „სტრატეგიკონში“ აღნიშნულია, რომ: „[ირანელები] უმეტეს შემთხვევაში, თავიანთ მიზნებს დაგეგმვითა და მეთაურობით აღწევენ; ურჩევნიათ მოწესრიგებულად იმოქმედონ, ვიდრე სიმამაცით აღტყინებულებმა... ისინი ადვილად უმკლავდებიან სიცხეს, წყურვილსა და საკვების ნაკლებობას. საშიშნი არიან ალყის შემორტყმისას და კიდევ უფრო საშიშნი, როდესაც თავად არიან ალყაში; განსაკუთრებულად დახელოვნებულები არიან საკუთარი სისუსტეების დამალვასა და მხნეობის შენარჩუნებაში არახელსაყრელი პირობების დროს, რასაც თავისივე უპირატესობად აქცევენ ხოლმე".(3)
ირანელი მძიმედ აღჭურვილი მხედარი (კატაფრაქტი) by fwl |
ირანელებმა განავითარეს არსენალებისა (Ganz) და საწყობების (Ambaragh) სისტემა, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტებზე იყო განლაგებული, რათა სპას შეძლებოდა მომარაგების მიღება თავდაცვისა და მტრის ტერიტორიაზე შეჭრის დროს. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი იყო ანბარი ერაყში, რომელიც სურსათისა და იარაღის მთავარ საწყობს წარმოადგენდა სამხრეთ-დასავლეთში რომაელებისა და არაბების წინააღმდეგ ომებისთვის. იგივე დასახელების ქალაქი იყო ბალხი, ცენტრალურ აზიაში, რომელიც იგივე ფუნქციას ატარებდა, თურქებისა და მათი ჰეფტალიტი ვასალების წინააღმდეგ VI საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის დასაწყისში. სიტყვა ანბარი ნიშნავს საწყობ ადგილს ან უბრალოდ საწყობს, ახალ ირანულ ენაში.(4) სამხედრო კამპანიების დროს სურსათი, რძე, პური და ხორცი სამართლიანად ნაწილდებოდა ჯარისკაცებს შორის. უშუალოდ სამხედრო მოქმედებების დღეებში, მეომრებს მეტი საკვები ეძლეოდათ. უნდა აღინიშნოს ირანელთა ინოვაცია – ცილინდრული თიხის ღუმელი, – რომელიც დაახლ. 2000 წლის წინ გაჩნდა. ის გამოიყენებოდა „ნაგარას“ (ძვ. სპ. შიშველი) პურის გამოსაცხობად. ეს პური შემდგომში ცნობილი გახდა „ნაან"-ს სახელით, რაც ირანულად პურს ნიშნავს. Naan-e-sangak (გამომცხვარი მდინარის გახურებულ ქვიშაზე), თავისი რბილი, შებრაწულ-ხრაშუნა გემოთი, თაობების განმავლობაში იყო სტანდარტული პური ირანული არმიისთვის. თითოეული ჯარისკაცი ჩანთით ატარებდა ფქვილს და ხრეშით სავსე პატარა ტომსიკას, რომლის ცალკე გაცხელებაც შეიძლებოდა და სხვა ჯარისკაცების ხრეშთან ერთადაც, რომელზეც გამოაცხობდნენ თავიანთ პურს.(5)
ირანული პურის Sangak-ს ცხობის პროცესი |
სასანურ ირანში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა შეიარაღებული ძალებისთვის აუცილებელი მარაგის მიწოდებას, ასევე იმასაც, რომ ჯარს არ ჰქონოდა ზედმეტი ტვირთი და არ დასჭირვებოდა ქარავნები, რომლებიც ზიდავდნენ დაბალი სამხედრო ღირებულების ტვირთს. ყველა შენაერთს სამი ტიპის ტრანსპორტი ჰყავდა. ეს იყო ეტლები, სხვადასხვაგვარი სატვირთო ფორნები და სპილოები ან აქლემები (ან ორივე). სამუშაო ძალად ამ თვალსაზრისით სამხედრო ტყვეების გამოყენებაც შეიძლებოდა.(6) ლაზიკის ომში ირანელთაგან სპილოების გამოყენების შესახებ ცნობებს როგორც პროკოპი კესარიელი, ისე აგათია სქოლასტიკოსი გვაწვდის. „[მერმეროეს] ჯარი, მცირე ნაწილის გარდა, სულ ცხენოსნებისგან შედგებოდა და თან ჰყავდათ რვა სპილოც...“(7) აგათია სქოლასტიკოსის გადმოცემით, სპილოებს იყენებდა მეორე ირანელი მხედართმთავარი ნახორაგანიც.(8) სავარაუდოდ, ბრძოლაში მონაწილეობის გარდა, ირანელთა სპილოები სატვირთო ფუნქციასაც შეასრულებდნენ.
ირანული არმიის ლოგისტიკის ორგანიზება რამდენიმე მოხელეს ევალებოდა. მთელი ჯარის შეიარაღებაზე ზრუნვა eiran ambaraghbad-ს; სამხედრო ინვენტარისა და ცხოველების (სავარანის ცხენები, საპალნე ცხოველები, სპილოები) მზადყოფნაზე, ჯარის კეთილდღეობასა და მათზე მეთვალყურეობა კი akhorabad-ს; khoramar-ს ებარა ჯარის ცხოველების, ინვენტარის, ფასებისა და ჯამაგირების აღრიცხვა და აღწერის დოკუმენტები. დიდი ყურადღება ექცეოდა მედიცინას, როგორც ჯარისკაცების, ისე ცხოველებისთვის. ექიმები ხშირად იყვნენ სამხედრო ბანაკებში და დაყვებოდნენ ჯარს კამპანიებში. სპეციალური სამსახური stor-bizishk პასუხისმგებელი იყო სავარანის ცხენების ჯანმრთელობაზე. ზოგადად, სასანიანთა სახელმწიფოში ვეტერინარია განსაკუთრებულად იყო განვითარებული და ამისთვის სპეციალური სკოლებიც არსებობდა.(9)
ბიზანტიური ჯარის ლოჯისტიკა
ადრეულ ბიზანტიურ პერიოდში, სახელმწიფო განკარგავდა საწარმოთა ქსელს, რომლებიც ამარაგებდნენ ჯარისკაცებს ტანსაცმლითა და იარაღით. როგორც შეგვიძლია განვსაზღვროთ, ეს საწარმოები ამზადებდნენ აუცილებელ აღჭურვილობას, მაგრამ მხოლოდ ნაწილს იმ სამოსისა, რაც ჯარისკაცს უნდა ცმოდა. ჯარისკაცების შესამოსელის ნაწილს, ბეგარის სახით გადასახადის გადამხდელთაგან იღებდნენ და ამარაგებდნენ ჯარისკაცებს, ან თვითონ ჯარისკაცები ყიდულობდნენ ღია ბაზარზე. სახელმწიფო ასევე ბეგარის სახით იღებდა საკვებს, ცხენებს, ფურაჟს, გადასახადის გადამხდელთაგან, სანამ ანასტასიუს I-ს დროს ნატურალური გადასახადი ფულადმა არ ჩაანაცვლა. საველე არმიები სურსათის პირდაპირი წყაროებით მარაგდებოდნენ, სულ მცირე, იმპერატორ მავრიკიოსის (582-602 წწ.) მმართველობის პერიოდამდე, რომელიც ჩამოაგდეს მას შემდეგ, რაც ეკონომიის გაკეთება სცადა და თავისი ჯარისკაცებს უბრძანა დუნაის გადაღმა მიწებზე გამოეზამთრათ. VI საუკუნისთვის, სასაზღვრო ძალების მომარაგება, ძირითადად, ოქროთი ხდებოდა. თავდაპირველად, განსაკუთრებით კონსტანტინე I-მდე, იმპერიას არ ჰქონდა სტაბილური მონეტარული სისტემა, რათა მომარაგება შესაბამისი ღირებულების ფულით ჩაენაცვლებინა. მას შემდეგ კი, რაც ანასტასიუსმა მონეტარული სისტემა მოაწესრიგა, ჯარს საშუალება მიეცა თვითონ მოემარაგებინა და აღეჭურვა თავისი თავი, რასაც მეტი უპირატესობა ჰქონდა, ვინაიდან მეომრებს შეეძლოთ ეყიდათ რაც სჭირდებოდათ და დარჩენილი ფული თავის ნებაზე დაეხარჯათ. უმეტეს შემთხვევაში ისინი შესაბამისად იჭურვებოდნენ, რადგან თვითონვე იზარალებდნენ თუ შეიძენდნენ ცუდ ცხენს, სამოსსა და საკვებს. ასევე საფრთხეში ჩაიგდებდნენ თავს, თუ ცუდად მოუვლიდნენ საკუთარ შეიარაღებას. შემოწმების შემდეგ, შეიძლება მოეთხოვათ მათთვის შეიარაღების ნაკლის გამოსწორება. იმპერატორმა ანასტასიუსმა შეუწყვიტა ჯარს სახელმწიფო საწარმოებიდან იარაღ-საჭურვლითა და სამოსით მომარაგება, სანაცვლოდ კი ჯარისკაცებმა მიიღეს ფული, რათა თვითონვე შეეძინათ რაც ომისთვის სჭირდებოდათ. ანასტასიუსის გაცემული ჯამაგირი საკმარისად უხვი იყო, რათა მეომრებს სხვადასხვა რეგიონებში არსებული განსხვავებული ფასებით პრობლემა არ შექმნოდათ.(10)
ბიზანტიური სამხედრო ტრაქტატებიდან კარგად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა არმიის მომარაგება. „მხედართმთავარი კარგად უნდა იცნობდეს ქვეყანას [რომელშიც ლაშქრობს], რამდენად ჯანსაღი და უსაფრთხოა ან არაჯანსაღი და არასტუმართმოყვარე მისი ჯარებისთვის და ხელმისაწვდომია თუ არა აქ წყალი, ხე-ტყე, სურსათი. ვინაიდან, თუ ეს რესურსები არის შორ მანძილზე, მაშინ მათი ხელში ჩაგდება რთული და სახიფათოა, განსაკუთრებით მტრის ახლომახლო ყოფნაში,"(11) აღნიშნულია მავრიკიოსის „სტრატეგიკონში". ასევე, „არმია ან რესურსების თავმოყრის ადგილზე უნდა შეიკრიბოს ან ეს რესურსები უნდა გადაიტანონ მასთან".(12) ტრაქტატში თითქმის მთელი თავი აქვს დათმობილი ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოეწყოს და გადაადგილდეს არმიის აღალი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაშქრობისთვის დროის განსაზღვრასაც, ვინაიდან ყოველ სეზონზე მოქმედებას მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება სჭირდებოდა. `სტრატეგიკონის~ მიხედვით, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო მაშინაა, როცა მარცვლეული მომწიფებულია და მოსავალია ასაღები, რადგან ასეთ დროს ჯარს სურსათი არ მოაკლდება, ლაშქრობა კი უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მტერს.(13) თუმცა, „სტრატეგიკონის" ეს შეგონება ნაკლებად შეესაბამებოდა სამხედრო კამპანიებს ისეთ ადგილებში, სადაც მარცვლეული კულტურები კარგად არ იყო განვითარებული ან მეტად მწირი იყო და საკვების ძირითად წყაროს არ წარმოადგენდა.
ბიზანტიური ოქროს სოლიდი იმპერატორ ანასტასიუს I დიკორის გამოსახულებით (V ს.) |
ბიზანტიური სამხედრო ტრაქტატებიდან კარგად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა არმიის მომარაგება. „მხედართმთავარი კარგად უნდა იცნობდეს ქვეყანას [რომელშიც ლაშქრობს], რამდენად ჯანსაღი და უსაფრთხოა ან არაჯანსაღი და არასტუმართმოყვარე მისი ჯარებისთვის და ხელმისაწვდომია თუ არა აქ წყალი, ხე-ტყე, სურსათი. ვინაიდან, თუ ეს რესურსები არის შორ მანძილზე, მაშინ მათი ხელში ჩაგდება რთული და სახიფათოა, განსაკუთრებით მტრის ახლომახლო ყოფნაში,"(11) აღნიშნულია მავრიკიოსის „სტრატეგიკონში". ასევე, „არმია ან რესურსების თავმოყრის ადგილზე უნდა შეიკრიბოს ან ეს რესურსები უნდა გადაიტანონ მასთან".(12) ტრაქტატში თითქმის მთელი თავი აქვს დათმობილი ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოეწყოს და გადაადგილდეს არმიის აღალი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაშქრობისთვის დროის განსაზღვრასაც, ვინაიდან ყოველ სეზონზე მოქმედებას მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება სჭირდებოდა. `სტრატეგიკონის~ მიხედვით, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო მაშინაა, როცა მარცვლეული მომწიფებულია და მოსავალია ასაღები, რადგან ასეთ დროს ჯარს სურსათი არ მოაკლდება, ლაშქრობა კი უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მტერს.(13) თუმცა, „სტრატეგიკონის" ეს შეგონება ნაკლებად შეესაბამებოდა სამხედრო კამპანიებს ისეთ ადგილებში, სადაც მარცვლეული კულტურები კარგად არ იყო განვითარებული ან მეტად მწირი იყო და საკვების ძირითად წყაროს არ წარმოადგენდა.
ბიზანტიის იმპერია იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის დასასრულს (565 წ.). გადიდებისთვის დააწკაპუნეთ რუკაზე. ნიკა ხოფერიას რუკა |
ბიზანტიის არმიის გამართული ლოგისტიკისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს მოწესრიგებული საგზაო სისტემა წარმოადგენდა, რომელიც საშუალებას აძლევდა ჯარს და მის აღალს, გადაადგილებულიყო სწრაფად და კომფორტულად როგორც მოკლე, ისე შორეულ მანძილზე.(14) რომის არმიის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ძირითადი დაპყრობების პერიოდში (ძვ.წ. I ს. – ახ.წ. I ს.), იყო მაგისტრალური გზების შექმნა, რომელიც პროვინციებს ერთმანეთს უკავშირებდა და უზრუნველყოფდა ხალხის სწრაფ გადაადგილებასა და რესურსების მიმოცვლას. გზების სწორედ ეს სისტემა ხდიდა რომაულ ჯარს ასეთ ეფექტიანს გარე საფრთხის მოგერიებასა და რესურსების გამოყენებაში. გზებს წარმატებით იყენებდნენ არასამხედრო კომუნიკაციების, საქონლის გადაზიდვის, ხალხის, სიახლეებისა და იდეების მისვლა-მოსვლისთვისაც. თუმცა, გვიანი იმპერიის პერიოდისთვის, IV ს. ბოლოდან V საუკუნის ჩათვლით, გზების მომსახურება-მოვლას, რაც ადგილობრივ მმართველობებს ევალებოდათ, უკვე აღარ უთმობდნენ სათანადო ყურადღებას. ნაწილობრივ, ეს შედეგი იყო საქალაქო მმართველობების მიერ განკარგული რესურსების ახალი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილების. შესაძლოა, ეს მიგვითითებდეს იმპერიაში არსებული საინჟინრო ხელოვნების დაკნინებასა და მივიწყებაზეც არმიაში. ამას შედეგად მოჰყვა ბორბლებიანი ტრანსპორტის გამოყენების შეზღუდვა გვიანრომაულ ეპოქაში. ამ დროიდან ერთმანეთისგან გამიჯნული იყო „ნელი ფოსტა" (ხარებისა და მძიმე ურიკების გამოყენებით) და „სწრაფი ფოსტა" (ცხენებით, პონებით, მსუბუქი ურიკებით, სასაპალნე ცხოველებით). ბიზანტიის დროს მთლიანად შენარჩუნდა კურიერული კავშირის სისტემა, მაგრამ საზღვარი კავშირის ამ ორ სახეს შორის, გაქრა.(15)
მომთაბარეთა არმიების (ჰუნები, ალანები) ლოგისტიკა
მომთაბარეებს სახალხო არმიები ჰყავდათ, რაც გამომდინარეობდა მომთაბარული სამხედრო ორგანიზაციის ბუნებიდან. ის არ იყო დამოკიდებული მიწის საკუთრების ფორმებზე და შესაბამისად, თავისუფალი იყო სოციალური ბარიერებისგან, რაც მომთაბარულ სამხედრო ორგანიზაციას განსაკუთრებულად მოქნილ და მობილურ ხასიათს ანიჭებდა. მომთაბარულ საზოგადოებებში ყველა სრულასაკოვანი მამაკაცი სამხედრო ვალდებული იყო, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ საზოგადოებრივი მდგომარეობისა, რითაც მომთაბარული არმიები ნამდვილად საერთო-სახალხო სამხედრო გაერთიანებებს წარმოადგენდა. მეომრობის უფლება მომთაბარული საზოგადოების სრულფასოვან წევრობას ნიშნავდა, რის მიხედვითაც, მომთაბარული საზოგადოება იმდენი სრულფასოვანი წევრისგან შედგებოდა, რამდენი მეომარიც ითვლებოდა მის შემადგენლობაში.(16) ლაზიკის ომში, ალანთა რიცხოვნობა რამდენიმე ასეულიდან, რამდენიმე ათასამდეც აღწევდა ხოლმე და ეს დამოკიდებული იყო შესაბამის მოლაპარაკებებზე დამქირავებელ, მოკავშირე მხარესა და მომთაბარეთა შორის. ჰუნების ჯარის რიცხოვნობაც, ისევე, როგორც ალანებისა, მერყეობდა ასეულებიდან რამდენიმე ათას მეომრამდე და კონკრეტულ შემთხვევებზე იყო დამოკიდებული.
V საუკუნის ჰუნი მეომარი, მისი უნაგირისა და აღჭურვილობის დეტალებით (მხატვარი სტივ ნუნი) |
მომთაბარეთა არმიების ლოგისტიკის შესწავლისას, აღსანიშნავია რამდენიმე დეტალი, რაც მათ განასხვავებს ჩვეულებრივი არმიებისგან. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომთაბარეების ძირითადი საქმიანობა იყო მეცხენეობა და მოსაქონლეობა. ისინი არ ამუშავებდნენ მიწებს და არ იღებდნენ მოსავალს. იკვებებოდნენ ხორცეულითა და რძის პროდუქტებით. ლაშქრობის დროს, გადაადგილდებოდნენ ცხენებით და ფაქტობრივად არ ჰქონდათ აღალი, რის გამოც, ბევრად სწრაფად მოძრაობდნენ, ვიდრე ბიზანტიური და ირანული ჯარები. თუმცა, მომთაბარეებს შეზღუდული მოქმედების არეალი ჰქონდათ, ვინაიდან, მთლიანად ცხენოსნები იყვნენ და სჭირდებოდათ კარგი საძოვრები თავიანთი ცხენებისთვის. „სტრატეგიკონში“ ავტორი ასეთ რჩევას აძლევს მკითხველს: „სკვითების ან ჰუნების წინააღმდეგ შეტევა თებერვალში ან მარტში დაიწყე, როდესაც მათი ცხენები დაბეჩავებულები არიან ზამთრის განმავლობაში“.(17) ზამთარში მომთაბარეებს სწორედ საძოვრების პრობლემა ჰქონდათ, რაც მათ ცხენებს აუძლურებდა. ლაზიკაში ლაშქრობისას, ჰუნებსა და ალანებს შეეძლოთ ადგილობრივი საძოვრებით ესარგებლათ, თუმცა, ეს გარკვეულწილად ზღუდავდა მათი მოქმედების არეალს. დევიდ ბრაუნდის მიხედვით, ტენიანობის მაღალი დონე კოლხეთის დაბლობზე ხელს უწყობდა მცენარეული საფარის მოჭარბებულ ზრდას. შესაბამისად, ბარაქიანი საძოვრები სამყოფი იყო მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვისაც და ცხენებისთვისაც. ზამთრის საძოვრებით მდიდარი იყო კოლხეთის დაბლობი და განსაკუთრებით მისი სამხრეთ-დასავლეთი მხარე.(18) ეს ფაქტები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ლაზიკის ომში ჰუნებისა და ალანების ჯარის შესაძლებლობებსა და მათ რიცხოვნობაზე ვმსჯელობთ.
ადგილობრივი რესურსები და მომარაგების პრობლემები
ლაზიკის ომში
კავკასიონი, ანტიკავკასიონი, სურამის (ლიხის) ქედი და შავი ზღვა ქმნის ბუნებრივად შემოზღუდულ ტერიტორიას, რომლის შუაშიც კოლხეთის ბარ-დაბლობი და მთისწინეთი ექცევა. ეს ტერიტორია კოლხეთის (ლაზიკის) მთავარი აგრარულ-სამეურნეო რეგიონი იყო. პროკოპის ცნობით, რესურსებით ყველაზე მდიდარი მხარე ლაზიკაში იყო არქეოპოლისიდან ერთი დღის სავალზე მდებარე მოხირისი, მდინარე რიონის შუაწელზე.(19) თუმცა, მთლიანობაში, პროკოპის ცნობების მიხედვით, ჩანს, რომ ჯარისთვის ლაზიკაში საკვების მოპოვება, საკმაოდ რთული(20) იყო, თანაც ადგილობრივ პირობებთან და საჭმელ-სასმელთან შეგუება, უცხოელებისათვის ადვილი არ გახლდათ(21) „[ლაზები] მუდამ აწარმოებდნენ პონტოში მცხოვრებ რომაელებთან საზღვაო ვაჭრობას. თვით მათ არც მარილი ჰქონდათ, არც ხორბალი, არც სხვა რამ სიკეთე; ისინი მხოლოდ აწვდიდნენ ტყავსაფარებს, ტყავებს(22) და მონებს და თავისთვის საჭირო საგნებს იძენდნენ(23) – გადმოგვცემს პროკოპი კესარიელი. რესურსების სიმცირის პრობლემას აღნიშნავს ის იბერია-ლაზიკის საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრეების – სკანდასა და სარაპანისის მიმდებარე ტერიტორიების აღწერის დროსაც: „არ მოდის არც ხორბალი, არც ღვინო, არც სხვა რამ სიკეთე. სხვა ადგილიდან რისამე შემოზიდვა, ვიწრობების წყალობით შეიძლება მხოლოდ ისე, თუ კაცები თვითონ მოიტანენ.(24) მაინც, რადგან იქ რამდენადმე ქვრიმა მოდიოდა, ლაზები ახერხებდნენ, ჩვეულებისამებრ, თავის გამოკვებას. მეფემ გამოიყვანა იქიდან ეს მცველები და რომაელ ჯარისკაცებს უბრძანა სიმაგრეების სადარაჯოზე დამდგარიყვნენ. თავდაპირველად მათ ლაზები აწოდებდნენ ძლივს-ძლივობით საჭირო სურსათს, მაგრამ შემდეგ მათ უარი განაცხადეს ამ სამსახურზე და რომაელებმა ეს სიმაგრეები დატოვეს".(25) ამას პროკოპი სხვაგანაც აღნიშნავს: „ამ ციხეებს ლაზები ძველად დიდი გაჭირვებით იცავდნენ, რადგან იქ საზრდო სრულიად არაფერი მოდის და ადამიანებს ზურგით უხდებოდათ იქ სურსათის მიტანა... [იუსტინიანემ] გარეკა აქედან ლაზები და რომაელ ჯარისკაცთა რაზმი ჩააყენა, მაგრამ ესენი ცოტა ხნის შემდეგ იძულებული იყვნენ, სურსათის ნაკლებობის გამო, ეს ციხეები დაეტოვებინათ, რადგან ვერ აიტანეს ქვრიმით საზრდოობა დიდი ხნის განმავლობაში: კოლხები ხომ ამით იკვებებოდნენ, რომაელებისთვის კი ეს უჩვეულო იყო; ლაზებმა კი შორი გზიდან ყველა ამ სურსათის მოტანას უკვე ვეღარ გაუძლეს".(26) ამ ცნობაში მოცემული დეტალი, გარკვეულ, ფეტვისმაგვარ მარცვლეულთან დაკავშირებით, ისტორიკოსთა დისკუსიის მიზეზიც გახდა. როგორც სიმონ ყაუხჩიშვილი აღნიშნავს, ეს მარცვლეული, რომელსაც ბერძნულ-ლათინური ლექსიკონები Panicum Italicum-ად ანუ ფეტვად განმარტავენ, დიუბუა დე მონპერე კი ღომად, ქვრიმა უნდა იყოს.(27)
ქვრიმა არის ღომისა და ფეტვის მაგვარი მცენარე, რომელსაც საკვებად იყენებდნენ ძველ საქართველოში. სხვა ვერსიით, პროკოპის დასახელებული ფეტვი, შეიძლება იყოს ურიში, რომელიც ასევე ქვრიმის მსგავსია [ბიბლიოვიკი].(28) ინგლისურ თარგმანში, გამოყენებულია Millet, რაც ზოგადად, ფეტვს ნიშნავს.(29) დევიდ ბრაუნდის მიხედვით კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელი წვიმიანობა და მაღალტენიანი გარემო, რომელშიც კარგად იზრდებოდა ხეები, ხელშემწყობ პირობებს ქმნიდა იმისთვისაც, რომ აქ წამყვანი მარცვლეული კულტურა ფეტვი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფეტვი მთელ ანტიკურ სამყაროსა და იტალიაშიც კი გავრცელებული საკვები პროდუქტი იყო, ჩვენი ლიტერატურული წყაროების შემოქმედ ბერძნებს და რომაელებს ის ერთობ ათვალწუნებული ჰქონდათ. რომაულ არმიაში ფეტვის ულუფა სასჯელის ზომა იყო. VI საუკუნეში, როდესაც ბიზანტიის არმია კოლხეთში ბრძოლებს აწარმოებდა, ფეტვის წამყვანი მდგომარეობა მას უდიდეს პრობლემას უქმნიდა.(30) როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მავრიკიოსის `სტრატეგიკონის" ინსტრუქცია, რომ ლაშქრობის დაწყება იმ დროს სჯობს, როცა მარცვლეული მომწიფებულია, რათა ჯარს სურსათი არ მოაკლდეს,(31) ლაზიკაში ნაკლებად იყო გამოსადეგი, ვინაიდან, ბიზანტიელებს, ადგილობრივი რესურსების სიმწირის გამო, ჯარის მომარაგება მაინც საზღვაო ან სახმელეთო გზებით, იმპერიის ტერიტორიიდან უხდებოდათ. ლაზიკის ტერიტორიის რესურსებით სიღარიბე ჩანს იმ მონაკვეთშიც, როდესაც ბიზანტიის ჯარში მომსახურე ვინმე იოანე ლიბიელმა დაიწყო პროდუქტების ყიდვა ლაზიკაში და სატვირთო ხომალდებით გადაზიდვა, აქ მოქმედი ჯარები დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ – „პირველ საჭიროების საგანთა ნაკლებობა შეექმნათ ჯარებს, ისე რომ ბალახიც კი საყიდელი იყო".(32) ასევე, იოანე ციბეს მიერ ეკონომიკის მონოპოლიზებამ უკიდურესად მძიმე შედეგები მოუტანა ლაზებს – „ვაჭრებს ხომ უკვე ნება აღარ ჰქონდათ კოლხიდაში შეეტანათ მარილი და სხვა საქონელი, რაც ლაზებისთვის აუცილებლად საჭირო, არც აქედან შეეძლოთ რამე ეყიდინებინათ".(33)
Panicum Italicum - ქვრიმა |
Vicia Faba - ცერცვი |
ქვრიმა არის ღომისა და ფეტვის მაგვარი მცენარე, რომელსაც საკვებად იყენებდნენ ძველ საქართველოში. სხვა ვერსიით, პროკოპის დასახელებული ფეტვი, შეიძლება იყოს ურიში, რომელიც ასევე ქვრიმის მსგავსია [ბიბლიოვიკი].(28) ინგლისურ თარგმანში, გამოყენებულია Millet, რაც ზოგადად, ფეტვს ნიშნავს.(29) დევიდ ბრაუნდის მიხედვით კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელი წვიმიანობა და მაღალტენიანი გარემო, რომელშიც კარგად იზრდებოდა ხეები, ხელშემწყობ პირობებს ქმნიდა იმისთვისაც, რომ აქ წამყვანი მარცვლეული კულტურა ფეტვი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფეტვი მთელ ანტიკურ სამყაროსა და იტალიაშიც კი გავრცელებული საკვები პროდუქტი იყო, ჩვენი ლიტერატურული წყაროების შემოქმედ ბერძნებს და რომაელებს ის ერთობ ათვალწუნებული ჰქონდათ. რომაულ არმიაში ფეტვის ულუფა სასჯელის ზომა იყო. VI საუკუნეში, როდესაც ბიზანტიის არმია კოლხეთში ბრძოლებს აწარმოებდა, ფეტვის წამყვანი მდგომარეობა მას უდიდეს პრობლემას უქმნიდა.(30) როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მავრიკიოსის `სტრატეგიკონის" ინსტრუქცია, რომ ლაშქრობის დაწყება იმ დროს სჯობს, როცა მარცვლეული მომწიფებულია, რათა ჯარს სურსათი არ მოაკლდეს,(31) ლაზიკაში ნაკლებად იყო გამოსადეგი, ვინაიდან, ბიზანტიელებს, ადგილობრივი რესურსების სიმწირის გამო, ჯარის მომარაგება მაინც საზღვაო ან სახმელეთო გზებით, იმპერიის ტერიტორიიდან უხდებოდათ. ლაზიკის ტერიტორიის რესურსებით სიღარიბე ჩანს იმ მონაკვეთშიც, როდესაც ბიზანტიის ჯარში მომსახურე ვინმე იოანე ლიბიელმა დაიწყო პროდუქტების ყიდვა ლაზიკაში და სატვირთო ხომალდებით გადაზიდვა, აქ მოქმედი ჯარები დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ – „პირველ საჭიროების საგანთა ნაკლებობა შეექმნათ ჯარებს, ისე რომ ბალახიც კი საყიდელი იყო".(32) ასევე, იოანე ციბეს მიერ ეკონომიკის მონოპოლიზებამ უკიდურესად მძიმე შედეგები მოუტანა ლაზებს – „ვაჭრებს ხომ უკვე ნება აღარ ჰქონდათ კოლხიდაში შეეტანათ მარილი და სხვა საქონელი, რაც ლაზებისთვის აუცილებლად საჭირო, არც აქედან შეეძლოთ რამე ეყიდინებინათ".(33)
ლაზიკაში ბიზანტიური გარნიზონის ჩადგომა ადგილობრივებისთვის სურსათით მომარაგების და ჯარისგან ჩვეული ძალმომრეობის პრობლემასთან იყო დაკავშირებული – „გარდა ამისა ბარბაროსები (ლაზები) იმითაც იყვნენ უკმაყოფილონი, რომ მათ რომაელთა ჯარი ჩაუყენეს, რასაც წინათ ადგილი არ ჰქონდა“.(34)
აგათია სქოლასტიკოსი ერთ მონაკვეთში გადმოგვცემს, როგორ იქცეოდნენ ბიზანტიელები, როდესაც ლაშქრობის დროს, ლაზთა სახლებს ძარცვავდნენ „ქვრიმას, ასლისა და სხვა რაღაც საჭმელების~ საშოვნელად.(35) თუმცა, ეს ფაქტი არ არის გასაკვირი მოშიმშილე ჯარისგან, რომელსაც სათანადო მომარაგება არ გააჩნია, ვერ იღებს საკმარის სურსათს და იძულებული ხდება თვითონ მოიპოვოს სანოვაგე.(36) ირანელებისთვის, რომელთაც ასევე სურსათის დიდი გაჭირვება ჰქონდათ, დიდი საჩუქარი იყო ბიზანტიელებთან შეტაკების შემდეგ, მათი სურსათ-სანოვაგის ხელში ჩაგდება, რასაც აგათია სქოლასტიკოსი „შემოსავლიან გამარჯვებას" უწოდებს.(37) ასეთი შემთხვევა იყო 549 წლის გაზაფხულზეც, როდესაც გუბაზ II და დაგისთემ გაანადგურეს ირანელები და მათ ბანაკში „სხვა სურსათიც და აუარებელი ფქვილიც იპოვეს... და ყველაფერი დასწვეს, რაც კი ბარბაროსებს იბერიიდან წამოეღოთ, რათა პეტრაში შემოეტანათ“.(38) იმის გამო, რომ ადგილობრივ პირობებში სურსათის მოპოვება ძალიან რთული იყო, ირანელები ცდილობდნენ პეტრას ციხეში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით საკვები მოემარაგებინათ, რათა წლების განმავლობაში გამოეყენებინათ. როდესაც ბიზანტიელებმა პეტრა აიღეს „უამრავი აღმოჩნდა იქ პური, დამარილებული ხორცი და სხვა სურსათიც: ალყაშემორტყმულთ ის ხუთი წლის განმავლობაში ეყოფოდათ. ხოლო ღვინო ირანელებს იქ არ მოუმარაგებიათ. მხოლოდ მჟავე ღვინო და ცერცვი,(39) საკმაო რაოდენობით".(40) ეს მეტად ინფორმაციული აღწერა, ამდიდრებს ჩვენს ცოდნას სასანური ირანული არმიის ლოგისტიკის შესახებ. ასევე, საშუალებას გვაძლევს შევავსოთ იმ ძირითად პროდუქტთა სია, რომელიც ლაზიკის ომში გამოიყენებოდა მეომრების გამოსაკვებად.
აგათია სქოლასტიკოსი ერთ მონაკვეთში გადმოგვცემს, როგორ იქცეოდნენ ბიზანტიელები, როდესაც ლაშქრობის დროს, ლაზთა სახლებს ძარცვავდნენ „ქვრიმას, ასლისა და სხვა რაღაც საჭმელების~ საშოვნელად.(35) თუმცა, ეს ფაქტი არ არის გასაკვირი მოშიმშილე ჯარისგან, რომელსაც სათანადო მომარაგება არ გააჩნია, ვერ იღებს საკმარის სურსათს და იძულებული ხდება თვითონ მოიპოვოს სანოვაგე.(36) ირანელებისთვის, რომელთაც ასევე სურსათის დიდი გაჭირვება ჰქონდათ, დიდი საჩუქარი იყო ბიზანტიელებთან შეტაკების შემდეგ, მათი სურსათ-სანოვაგის ხელში ჩაგდება, რასაც აგათია სქოლასტიკოსი „შემოსავლიან გამარჯვებას" უწოდებს.(37) ასეთი შემთხვევა იყო 549 წლის გაზაფხულზეც, როდესაც გუბაზ II და დაგისთემ გაანადგურეს ირანელები და მათ ბანაკში „სხვა სურსათიც და აუარებელი ფქვილიც იპოვეს... და ყველაფერი დასწვეს, რაც კი ბარბაროსებს იბერიიდან წამოეღოთ, რათა პეტრაში შემოეტანათ“.(38) იმის გამო, რომ ადგილობრივ პირობებში სურსათის მოპოვება ძალიან რთული იყო, ირანელები ცდილობდნენ პეტრას ციხეში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით საკვები მოემარაგებინათ, რათა წლების განმავლობაში გამოეყენებინათ. როდესაც ბიზანტიელებმა პეტრა აიღეს „უამრავი აღმოჩნდა იქ პური, დამარილებული ხორცი და სხვა სურსათიც: ალყაშემორტყმულთ ის ხუთი წლის განმავლობაში ეყოფოდათ. ხოლო ღვინო ირანელებს იქ არ მოუმარაგებიათ. მხოლოდ მჟავე ღვინო და ცერცვი,(39) საკმაო რაოდენობით".(40) ეს მეტად ინფორმაციული აღწერა, ამდიდრებს ჩვენს ცოდნას სასანური ირანული არმიის ლოგისტიკის შესახებ. ასევე, საშუალებას გვაძლევს შევავსოთ იმ ძირითად პროდუქტთა სია, რომელიც ლაზიკის ომში გამოიყენებოდა მეომრების გამოსაკვებად.
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე კაფა ყირიმში, ისტორიულ თეოდოსიაში |
საინტერესოა, რომ დასავლეთ საქართველოში რესურსების სიმცირისა და საზღვაო გზით პროდუქტების, თანაც, ძირითადად მარილის, ხორბლისა და ღვინის შემოტანის შესახებ, ცნობები არათუ ანტიკურ წყაროებში,(41) გვიანი შუა საუკუნეების მოგზაურთა თხზულებებშიც გვხვდება. მაგალითად, იოსაფატ ბარბარო (XV ს.) აღნიშნავდა: „სამეგრელო უმეტესწილად კლდოვანი და უნაყოფოა. გარდა ღომისა, სხვა ჭირნახული არ მოჰყავთ; მარილი ჩამოაქვთ კაფიდან (ყირიმი),(42) ამზადებენ კანაფისა და ჭინჭრის ტილოს, მაგრამ დაბალი ხარისხისას“.(43) ამბროჯიო კონტარინი (XV ს.): „სამეგრელოში პური ცოტა მოჰყავთ, ღვინოც მოსდით, მაგრამ დაბალი ხარისხისა. მათი საჭმელი ღომია. ამ ხალხის ცხოვრება კიდევ უფრო უბედური იქნებოდა რომ ტრაპიზონიდან არ მოჰქონდეთ ღვინო და დამარილებული თევზი და კაფიდან მარილი".(44) არქანჯელო ლამბერტი (XVII ს.): „მართალია მათი ქვეყანა ზღვისპირას არის და ნაპირზე ხშირად მოდიან უცხო გემები იმ ქვეყნიდან, სადაც ბლომად მოდის პური, მაგალითად, ტრაპიზონიდან, ტარტარიდან, კაფიდან და კონსტანტინოპოლიდან, მაგრამ პური სამეგრელოში არავის შემოაქვს, რადგან მეგრელები, ჩვეულებრივ, პურით კი არა, ღომით იკვებებიან და უცხოელები დარწმუნებულები არიან პური რომც მოიტანონ აქ, ვერ გაყიდიან. ამიტომაც ყოველი მეგრელი დიდი გულმოდგინებით ეტანება მიწათმოქმედებას და ცდილობს მოიყვანოს იმდენი მოსავალი, რომ ეყოს შემდეგ წლებშიც, უკეთუ მოუსავლობა იქმნა. სათესად კი მთელი ქვეყანა კარგია, თუმცა მეტისმეტი სინოტივის გამო, რომელიც ალპობს თესლს, მიწა იმდენ მოსავალს არ იძლევა, რამდენსაც ასეთი მიწა სხვაგან მოიტანდა".(45) ჟან შარდენი (XVII ს.): „[დასავლეთ საქართველოში] ჩვეულებრივ საკვებ მარცვლეულს წარმოადგენს ღომი. მისი მარცვალი ისევე წმინდაა, როგორც ქინძის კაკალი და რამდენადმე წააგავს ფეტვს. გარდა ღომისა, სამეგრელოში მოყავთ დიდი რაოდენობით ფეტვი, უფრო ნაკლებად ბრინჯი, ხორბალი და ქერი ძალზე მცირე რაოდენობით“.(46) ამ ცნობებიდან კარგად ჩანს, რომ ადრეული შუა საუკუნეებიდან გვიან შუა საუკუნეებამდე, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ტიპი თითქმის არ შეცვლილა. ასევე, ვაჭრობის საგნებს კვლავ წარმოადგენდა ის საგნები, რასაც პროკოპი კესარიელი ასახელებს VI საუკუნეში. გვიანი შუა საუკუნეების ზემოხსენებული ცნობები, უფრო ფართოდ წარმოგვიდგენს და ამავე დროს, გვიდასტურებს გვიანანტიკური ხანის ავტორთაგან ლაზიკის აღწერის დეტალებს.
ლაზიკის ომის არეალი (541-562 წწ.), ნიკა ხოფერიას რუკა |
როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, შიმშილობა ლაზებისთვის უცხო არ იყო, ამიტომ აქ მოლაშქრე თუ გამოზამთრებისთვის დაბანაკებულ არმიებიც ხშირად აწყდებოდნენ ამ პრობლემას. განსაკუთრებით ირანელები, რომელთაც მტრულ ტერიტორიაზე უხდებოდათ ბრძოლა, ბიზანტიელები და ლაზები კი მოკავშირეები იყვნენ და შესაბამისად, მომარაგების პრობლემა შედარებით ნაკლებად ჰქონდათ. როგორც პროკოპი წერს, შიმშილობა ირანელებს დიდ ზარალს აყენებდა: „როდესაც ჯარში ჭირი გაჩნდა, მეტი წილი ჯარისა მოისრა; ბევრი მათგანი კი დაიღუპა სურსათის ნაკლებობის გამო".(47) სხვა ეპიზოდში ვხედავთ, რომ შიმშილობა ომიანობის ჟამს ლაზებსაც აწუხებთ: „გუბაზი მთის წვერზე ავიდა და იქ დაიზამთრა... დანარჩენმა ლაზებმა, გუბაზ მეფის პატივისცემით, ზამთარი აგრეთვე მწვერვალებზე გაატარეს; მტრებისაგან იქ შეწუხება არაფერი განუცდიათ, რადგან თავდამსხმელთათვის ეს მთები – საზოგადოდ და კერძოდ ზამთარშიაც – მოუხერხებელი და სრულიად მიუვალია, ხოლო შიმშილმა, სიცივემ და სხვა უბედურებამ კი სიკვდილის პირამდე მიიყვანა ისინი".(48)
რადგან სურსათის ადგილობრივ პირობებში მომარაგება საკმაოდ რთული იყო, ირანელები ცდილობდნენ დიდი რაოდენობით შემოეტანათ ისეთი საკვები, რომელიც ხანგრძლივად გაძლებდა და მოემარაგებინათ თავიანთი ლაშქარი. ეს მათ საშუალებას აძლევდა ხანგრძლივი ალყებისთვისაც გაეძლოთ: „რადგან აქ მყოფი (პეტრაში) ირანელები მამაცად იგერიებდნენ მტერს კედლებიდან, დიდი დრო დასჭირდა გარემოცვას, ვინაიდან ირანელებს კარგა ბლომად მოემარაგებინათ თავიანთთვის სურსათი".(49) პროკოპის გადმოცემით, მერმეროემ იმდენი ტომარა სურსათი მიიტანა პეტრასთან, რომ დაცლილ ტომრებში შემდეგ ქვიშა ჩაყარეს და ჩამონგრეულ ადგილებზე დაალაგეს – სახელდახელოდ აღადგინეს კედელი, რის შემდეგაც „სამი ათასი მებრძოლიც გამოარჩია მან და იქ დასტოვა, რომელთაც სურსათი დაუტოვა".(50) მას შემდეგ, რაც მთელი სურსათი პეტრას გარნიზონს დაუტოვა, მერმეროე იძულებული გახდა ლაზიკა დაეტოვებინა, რადგან აქ სურსათის მოპოვება არ შეეძლო: „არაფერი საჭირო სახსარი აღარ ხვდებოდა, ყველაფერი კი, რაც ჯარმა იბერიიდან მოიტანა, პეტრაში დასტოვა".(51) ლაზიკაში სურსათის მოპოვების პრობლემები ჩანს შემდგომ მონაკვეთშიც: „მერმეროე რომ მთებში მივიდა... ის ეშურებოდა იქიდან პეტრასთვის სურსათი მიეწოდებინა. მისი აზრით, იქაურს, სამიათას კაცისაგან შემდგარ მცველ რაზმს არ ეყოფოდა სურსათი, რომელიც მას ჰქონდა მარაგად. მაგრამ, რადგან ის, რაც მათ გზა-გზა იპოვეს, ძლივს კმაროდა ამ ჯარის გამოსაკვებად, რომელიც სულ ცოტა ოცდაათი ათასი კაცისაგან შედგებოდა, და იქიდან ვერაფერს გაგზავნიდნენ პეტრაში, რომ სათქმელად ღირებოდა, მან (მერმეროემ) მიზანშეწონილად დაინახა მეტი წილი ჯარისაგან გაეყვანა კოლხიდიდან და მცირეოდენნი დაეტოვებინა იქ, რომლებიც იმ სურსათიდან რომელსაც იშოვიდნენ, მეტ ნაწილს პეტრას სიმაგრეში მიაწოდებდნენ, დანარჩენს კი თვითონ მოიხმარდნენ. მან გამოარჩია და დატოვა იქ ხუთი ათასი კაცი, რომელთა სათავეშიც დააყენა ფავრიზი და სამი სხვა სარდალი. მისი აზრით, საჭირო არ იყო იქ მეტის დატოვება, რადგან მტერი არსად არ ჩანდა. თვითონ კი დანარჩენი ჯარით მივიდა პერსარმენიაში და დაისვენა დვინის მახლობელ სოფლებში".(52) როგორც ვხედავთ, მრავალრიცხოვან არმიას, ფაქტობრივად, არ შეეძლო მოქმედება ლაზიკაში, ვინაიდან, ადგილობრივ პირობებში ვერ მოიპოვებდა საკვებს, წაღებით კი, ხანგრძლივი კამპანიისთვის სამყოფ სურსათს ვერ წაიღებდნენ. ბიზანტიელებს ამ მხრივ დიდი უპირატესობა ჰქონდათ. შავ ზღვას და ლაზიკის სამხრეთ საზღვრებს ისინი აკონტროლებდნენ: „ხოსრო იმ აზრს დაადგა, რომ ის ვერ შესძლებდა კოლხიდაში ფეხის მოკიდებას რომაელების წინააღმდეგ, რომელთაც აქ ეპყრათ ზღვის სანაპირო ადგილები და აქედან შეეძლოთ დაუბრკოლებლივ მიეწოდებინათ ჯარისათვის ყველაფერი, რასაც ის საჭიროებდა, თვითონ კი იძულებული იყო შორი და უდაბური გზით ეზიდა ბანაკად გაშლილი ჯარებისათვის მცირეოდენი სურსათიც კი – ისიც დიდის გაჭირვებით – მებარგული კაცებისა და საკიდარი ცხოველების საშუალებით. ყველაფერი ეს რომ გაითვალისწინა, გადაწყვიტა ომი გადაედო, რათა ზავი მეტწილად იმ ზოგიერთი ადგილებით არ შემოფარგლულიყო და ამრიგად ის უსრული და ასე ვთქვათ, დაკოჭლებული კი არ გამოსულიყო, არამედ ყველა ადგილებზე გავრცელებულიყო".(53) როგორც ჩანს, ხოსრო ანუშირვანი კარგად ხედავდა იმ სირთულეებს, რაც ხმელეთით დიდ მანძილზე ტვირთის გადატანას უკავშირდებოდა. ამ თვალსაზრისით, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტი გაცილებით უკეთესი იყო, სიიაფისა და სისწრაფის გამო. ჯარისთვის სახმელეთო გზით მარაგის მიწოდება კი ძალიან ნელი პროცესი იყო და ძვირიც ჯდებოდა. საჭირო იყო გამოეკვებათ საპალნე ცხოველები და მათი გამძღოლები, შეეკეთებინათ ურიკები და ა.შ.(54)
ბრძოლა მდინარე ცხენისწყალთან (550 წ.), გადიდებისთვის დააწკაპუნეთ. ნიკა ხოფერიას სქემა. |
ლაზიკის ომის თანადროული ისტორიული თხზულებების შესწავლა და მათი შედარება ამ სამხედრო დაპირისპირების არეალის შესახებ არსებულ გვიანდელ წყაროებთან, ნათლად გვიჩვენებს იმ სირთულეებს, რომელსაც ომის მონაწილე მხარეები აწყდებოდნენ, განსაკუთრებით ლოგისტიკის თვალსაზრისით. როგორც აღვნიშნე, ამავე პრობლემაზე ყურადღებას ამახვილებენ ისტორიკოსები დევიდ ბრაუნდი და პიტერ ჰიზერი.(55) ეს უკანასკნელი, მომარაგების სიძნელეებს ამ ომის უმნიშვნელოვანეს დეტალად და გარკვეულწილად, ირანელთა მარცხის მიზეზადაც მიიჩნევს. სავსებით სამართლიანადაც, რადგან სურსათისა და აღჭურვილობის უწყვეტი მიწოდება, ხანგრძლივ ომში წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. ბიზანტიის იმპერიის ცენტრალურ რეგიონებთან ლაზიკის სიახლოვისა და საზღვაო კომუნიკაციების არსებობის მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ არც იუსტინიანეს არმიებს აკლდა ლოგისტიკური პრობლემები ამ ომში; განსაკუთრებით კი, ყურადღების გამახვილება გვმართებს ომის არეალზე არსებულ რესურსებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობაზე. ვფიქრობ, ლაზიკის ომის ყველა ზემოთხსენებული პრობლემის შესწავლა, ზოგადად, იუსტინიანეს ომებისა და გვიანანტიკური ისტორიის კონტექსტში, შესაძლებლობას გვაძლევს, უკეთ დავინახოთ და გავიაზროთ ამ ეპოქის თავისებურებები, თანაც, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რომელთა გარეშე, გვიანანტიკური სამხედრო ისტორიის კვლევა, შეუძლებელი იქნებოდა.
შენიშვნები:
(1) სუნ ძი, ომის ხელოვნება (თბილისი, 2007), 198. ყოველ გადაწყვეტილებაზე, ძირითადი სტრატეგიული გეგმიდან დაწყებული და უმნიშვნელო ტაქტიკური გადაადგილებით დამთავრებული, მოქმედებს და ხშირად განაპირობებს კიდეც მომარაგების პრობლემები. მამუკა წურწუმია, შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700): ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება (თბილისი, 2016), 199.
(2) Kaveh Farrokh, The Armies of Ancient Persia: the Sassanians (Barnsley, 2017), 183.
(3) George T. Dennis; Maurice's Strategikon: Handbook of Byzantine Military Strategy (Philadelphia, 2010), 113.
(4) Farrokh, The Armies of Ancient Persia: the Sassanians, 184.
(5) იქვე, 183.
(6) იქვე.
(7) Prokopios, Wars of Justinian, translated by H.B Dewing, revised and modernized, with an introduction and notes by Anthony Kaldellis (Indianapolis, 2014), 490.
(8) გეორგიკა, III, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა (თბილისი,1936), 99.
(9) Farrokh, The Armies of Ancient Persia: the Sassanians, 183-86.
(10) Warren Treadgold, Byzantium and its army, 284-1081 (Stanford, 1998), 179-80.
(11) Dennis; Maurice's Strategikon, 89.
(12) იქვე, 85.
(13) იქვე, 82.
(14) John Haldon, Byzantium at War, 600-1453 (Oxford, 2014), 55-56.
(15) Джон Хэлдон, История Византийских Войн (Москва, 2007), 84-87.
(16) სოსო მარგიშვილი, შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში (თბილისი, 2012), 67.
(17) Dennis, Maurice's Strategikon, 65.
(18)დევიდ ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში (თბილისი, 2014), 81-86.
(19) გელა გამყრელიძე, ისტორიულ-ტოპოარქეოლოგიური ძიებანი (თბილისი,1993), 35.
(20) დევიდ ბრაუნდი მიიჩნევს, რომ პროკოპის შეფასება მეტისმეტად უარყოფითია, აშკარა გადახრით, რომ ლაზებს არ შესწევთ უნარი მის დროს ლაზიკაში მოქმედი დიდი ბიზანტიური არმიების მოთხოვნილებათა შესაბამისი რაოდენობისა და სახეობის რესურსების უზრუნველსაყოფად. ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში, 99. მაგრამ შემდგომ აბზაცში ამ ცნობაში პროკოპის მოცემულ ყველა დებულებას, ფაქტობრივად, ეთანხმება. ჩვენი აზრით, პროკოპი, რომელიც ბიზანტიური გადმოსახედიდან აფასებს სიტუაციას, მეტნაკლებად, ობიექტურობას ინარჩუნებს და ვითარებას შეიძლება ოდნავ გაზვიადებულად (რაც ზოგადად, ანტიკური და შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიისათვისაა დამახასიათებელი), მაგრამ, ძირითადად სწორად გადმოსცემს.
(21) აგათია სქოლასტიკოსის შეფასება ზედაპირული და ზედმეტად მხატვრულია, რითაც ლაზიკის ომს ერთგვარ შესავალს უკეთებს: „მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით...“ გეორგიკა, III, 50.
(22) კოლხური პირუტყვის ტანმორჩილობას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ VI საუკუნეში კოლხეთი ტყავის მიმწოდებელ ქვეყნად ყოფილიყო დამოწმებული. აღმოსავლეთში და უშუალოდ კოლხეთშიც, რომაული სამხედრო ძალები უეჭველად იყენებდნენ კოლხურ ტყავს ფეხსაცმლის, სამხედრო აღჭურვილობისა და კარვებისთვის. ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში, 82.
(23)Prokopios, Wars of Justinian, 104. „პროკოპი კესარიელი”, გეორგიკა, II, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა (თბილისი, 1965), 73. იგივეს აღნიშნავს სხვაგანაც: „ლაზიკეში არსად არ არის მარილი, არც ხორბლეული მოდის, არც ღვინო, არც სხვა რამ სიკეთე. ყველაფერი შემოაქვთ მათთან ნავებით რომაელთა სანაპიროებიდან. და ამაში ისინი ფულს კი არ აძლევენ მომწოდებლებს, არამედ ტყავებს, მონებს და თუ სხვა რამე სიჭარბით აღმოაჩნდებათ". გეორგიკა, II, 96.
(24) აღსანიშნავია სტრაბონის ცნობა, რომ მდინარე ფასისი, სანაოსნოდ გამოსადეგი იყო სარაპანისამდე. „ამ სიმაგრეს შეუძლია დაიტიოს მთელი ქალაქის მოსახლეობა~. გამყრელიძე, ისტორიულ-ტოპოარქეოლოგიური ძიებანი, 28. პროკოპი კესარიელის ზემოთ მოყვანილი ცნობებიდან (სადაც სკანდა-სარაპანისის შესახებ წერს) კი ჩანს, რომ I საუკუნის შემდეგ, სარაპანისის ციხე-ქალაქის მნიშვნელობა, მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა. ციხე თითქმის მდინარეებს – ყვირილა-ძირულას შორისაა მოქცეული, მაგრამ, როგორც ჩანს, პროკოპი კესარიელის დროს, VI საუკუნეში, სატრანსპორტოდ და რესურსების გადასატანად ფასისის (რიონ-ყვირილას) ამ მონაკვეთს შედარებით ნაკლებად იყენებდნენ, სახმელეთო გზებით კი, აქამდე სურსათ-სანოვაგის ზიდვა (ვინაიდან პროკოპის მიხედვით ეს მხარე რესურსებით საკმაოდ ღარიბი ჩანს) უფრო რთული, შრომატევადი იყო.
(25) Prokopios, Wars of Justinian, 27-28. გეორგიკა, II, 51-52.
(26) Prokopios, Wars of Justinian, 490-92; გეორგიკა, II, 186.
(27) გეორგიკა, II, 52.
(28) ბიბლიოვიკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/ქვრიმა
(29) Prokopios, Wars of Justinian, 490-92.
(30) ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში, 79-80.
(31) Dennis, Maurice's Strategikon, 82.
(32) გეორგიკა, III, 179. ცეცხლსასროლი იარაღის შემოღებამდე, არმიის მომარაგებაში ძირითადი ადგილი ეკავა და 90% შეადგენდა საკვები, ფურაჟი და შეშა. წურწუმია, შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი, 200. საძოვრების მოძიების გარდა, საქონლისთვის და ცხენებისთვის, ჯარს ყოველთვის სჭირდებოდა ქერი და შვრია, რაც კიდევ უფრო რთულს და ძვირადღირებულს ხდიდა არმიის მუდმივ მომარაგებას.
(33) გეორგიკა, II, 74-75.
(34) გეორგიკა, II, 75. ბიზანტიის და ირანის არმიების იქ ყოფნამ დაღი დააჩნია ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ამ ჯარების საგანგებო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ქვეყნის ძალებს აღემატებოდა, აღნიშნავს დევიდ ბრაუნდი. იხ. ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში, 388.
(35) გეორგიკა, III, 35.
(36) „სტრატეგიკონის“ მიხედვით, თუ ვინმე ზიანს მიაყენებს მოსახლეობას და უარს იტყვის კომპენსაციის გადახდაზე, ორმაგად მოუხდება ზიანის ანაზღაურება. Dennis, Maurice's Strategikon, 18.
(37) გეორგიკა, III, 59.
(38) Prokopios, Wars of Justinian, 143; გეორგიკა, II, 117.
(39) სიმონ ყაუხჩიშვილის თარგმანში, გვხვდება ლობიო. გეორგიკა, II, 178. ჰენრი დევინგის თარგმანის ენტონი კალდელისისეული რედაქტირებით გამოცემულ ინგლისურ თარგმანში Beans, რაც, ზოგადად, პარკოსანი მცენარეების (მათ შორის ლობიოს) მნიშვნელობით გამოიყენება. Prokopios, Wars of Justinian, 489. ლობიოს პოპულარული ჯიშები, ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შემოვიდა ევროპაში. ანტიკურ სამყაროში კი აქ გამოიყენებოდა Vicia Faba, რომელსაც ქართულად ცერცვი ეწოდება. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, პროკოპის მოცემულ ტექსტში, სწორედ ცერცვი იგულისხმება.
(40) Prokopios, Wars of Justinian, 489; გეორგიკა, II, 178.
(41) ისევე, როგორც ხორბლის, ადგილობრივი ღვინის მარაგის შევსებაც იმპორტული პროდუქციით წარმოებდა. იმპორტული ღვინო ეგეოსის სამყაროს მთავარი საწარმო ცენტრებიდან და ყირიმიდანაც შემოდიოდა. ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში, 82.
(42) მარილი ოლბიასა და ხერსონესიდან, მარილით მდიდარი ჩრდილო შავიზღვისპირეთიდან შემოჰქონდათ. სტრაბონი აღნიშნავს, რომ სწორედ მარილის შესაძენად ჩამოდიოდნენ შიდა მთიანი მხარის მცხოვრებნი დიოსკურიაში სავაჭროდ. კოლხეთი რომ მარილით შედარებით ღარიბი ქვეყანა იყო, იქიდანაც ჩანს, რომ აქ თევზის დამარილების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. თევზი რომ იყო და თევზჭერას მისდევდნენ, ამას საწაფების, ანკესებისა და თევზის ძვლების აღმოჩენები ამტკიცებს, მაგრამ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთისაგან განსხვავებით, კოლხეთში დაჭერილი თევზის მასობრივი დამარილება არ წარმოებდა. ამისთვის საჭირო მარილი აქ ასე ადვილად არ მოიპოვებოდა. ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში, 85.
(43) საქართველო უცხოელთა თვალით: XV-XVII საუკუნეები, გამოსაცემად მოამზადა ალექსანდრე მიქაბერიძემ (თბილისი, 2018), 15.
(44) იქვე, 130.
(45) იქვე, 146.
(46) იქვე, 131-33.
(47) გეორგიკა, II, 224.
(48) Prokopios, Wars of Justinian, 498; გეორგიკა, II, 205.
(49) Prokopios, Wars of Justinian, 137-140; გეორგიკა, II, 99.
(50) Prokopios, Wars of Justinian, 140-143; გეორგიკა, II, 112.
(51) Prokopios, Wars of Justinian, 140-143; გეორგიკა, II, 112.
(52) Prokopios, Wars of Justinian, 140-143; გეორგიკა, II, 114-115.
(53) გეორგიკა, III, 180.
(54) ჯონ ჰალდონი ბიზანტიის ისტორიის ფონზე, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტს ადარებს და დიდ უპირატესობას ანიჭებს საზღვაო ტრანსპორტს. Хэлдон, История Византийских Войн, 85-87.
(55) ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში, 388-456. Peter Heather, Rome Resurgent: War and Empire in the Age of Justinian (New York, 2018), 229.