ვარშავის საჰერცოგო (პოლ. Księstwo Warszawskie) - 1807 წელს დადებული ტილზიტის ზავის შემდეგ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლონეთის იმ ნაწილზე, რომელიც პრუსიას ქონდა დაპყრობილი. ვარშავის საჰერცოგო ნაპოლეონ I ბონაპარტმა ჩამოაყალიბა და ამიტომ ეს პოლონური სახელმწიფო საფრანგეთის ვასალი იყო საქსონიის მეფის ეგიდით. საჰერცოგო 1813 წლამდე აგრძელებდა არსებობას, სანამ მეექვსე ანტიფრანგული კოალიციის ჯარებმა არ დაიკავეს. ვენის კონგრესმა პოლონეთი კვლავ დაშალა და მისი უდიდესი ნაწილი რუსეთმა ჩაიგდო ხელთ, თუმცა პოლონელებს ავტონომიური უფლებები მიეცათ.
გეოგრაფია
ვარშავის საჰერცოგოს ფართობი 103 ათასი კმ² იყო, მოსახლეობის რაოდენობა 2,6 მილიონი (1807 წ). ავსტრიაზე გამარჯვების შემდეგ ვარშავის საჰერცოგომ შეიერთა პოლონეთის ის ნაწილი, რომელიც ავსტრიის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. ვარშავის საჰერცოგოს დედაქალაქი ქალაქი ვარშავა იყო.
პოლიტიკა
ვარშავის საჰერცოგოს კონსტიტუცია 1807 წლის 22 ივლისს ქალაქ დრეზდენში იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა შეადგინა. საჰერცოგოს მმართველად დაინიშნა ფრიდრიხ ავგუსტ I, რომელიც ასევე საქსონიის მეფეც იყო. ნაპოლეონის შედგენილი კონსტიტუციით საჰერცოგოს ჰქონდა სახელმწიფო საბჭო, პარლამენტი (ორი პალატით), მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო. საჰერცოგო ექვს დეპარტამენტად იყოფოდა.
ომი ავსტრიასთან
1809 წელს ვარშავის საჰერცოგომ ავსტრიასთან ომში გაიმარჯვა. რათქმაუნდა საჰერცოგოს არ ჰქონდა საკმარისი ძალები რათა იმპერია დაემარცხებინა, მაგრამ იმავე წელს ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრიელთა არმია და აიღო ვენა, ამან ხელი შეუწყო პოლონელ სარდლებს დაებრუნებინათ ავსტრიის მფლობელობაში მყოფი ძველი პოლონური მიწები. ამით ვარშავის საჰერცოგოს 4 ახალი დეპარტამენტი შეემატა.
ომი რუსეთთან
1812 წლის 28 ივნისს ვარშავის საჰერცოგომ გამოაცხადა პოლონეთის სამეფოს აღდგენის შესახებ, რომელიც ნაპოლეონის უერთგულეს მოკავშირედ იქცა. პოლონელებმა საფრანგეთის დასახმარებლად 100000 მეომარი გამოიყვანეს. ეს მეომრები ნაპოლეონს ელბაზე გადასახლებამდე ერთგულად ემსახურნენ. 1815 წელს ვენის კონგრესმა პოლონეთი კვლავ დაშალა და ანტიფრანგული კოალიციის ქვეყნებს გაუნაწილა. რუსეთის მფლობელობაში პოლონეთის ნაწილმა ავტონომია შეინარჩუნა.
ავტორი: http://samxedro-istoria.blogspot.com/ ადმინისტრატორი, ნიკა ხოფერია.
ეს სტატია დევს ქართულ ვიკიპედიაზე და დაწერილია ჩემს მიერ ( ნიკა ხოფერია ).