ვატერლოოს ბრძოლა, 18 ივნისი, 1815 წ.


18 ივნისი, 1815 წელი, ბელ-ალიანსეს მიმდებარე ატალახებული, ოფლითა და სისხლით გაჯერებული მიწა, გვარდიის უკანასკნელი კარე არმიის უკანდახევას საკუთარი მკერდით ფარავს, განწირული, მაგრამ სიმამაცითა და სიმტკიცით აღსავსე სახეები, ტყვიებით დაცხრილული მუნდირები. გამარჯვებული ბრძოლების სახელწოდებებით შემკული ოქროსირმული საიმპერიო დროშები, ახლა დასვრილი, გაქელილი, გაშავებული ოქროს არწივები. . .ბრიტანელი მხედარი დანებების ბრძანებით მიმართავს გვარდიელთა მეთაურს, გენერალ კამბრონს, დაგვნებდით და გადარჩებით. . . მეომრებმა ერთმანეთს გადახედეს, თვალებში ნაპერწკალი გაუკრთათ. კამბრონი კი წამოიმართა და მცირე ხნით ჩამოვარდნილ სიჩუმეში გაისმა მისი ფოლადისებური სიტყვები: “მერდე! შეტევაზე!”. . . ვატერლოოს ბრძოლა ნაპოლეონის, ამ დიადი სამხედრო და პოლიტიკური გენიის უკანასკნელი, ღრმა ამოსუნთქვა და საფრანგეთის იმპერიის დასასრული იყო. ამავე დროს დასრულდა ნაპოლეონის ომების ეპოქა. იმპერატორი დამარცხდა, დამარცხდა მისი იდეები, დაეცა დიდების არწივი, მაგრამ სამუდამოდ დარჩება დიდი იმპერატორის სახელი. მიუხედავად იმისა, რომ “ასი დღე” ნაპოლეონისთვის წარუმატებლად წარიმართა, მის საოცარ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ამ ბრძოლაში მოიპოვა დიდება ინგლისელთა იმ დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სამხედრო მოღვაწემ, სერ არტურ უელსლიმ, ჰერცოგმა ველინგტონმა. იგი პირველად დაუპირისპირდა ნაპოლეონს და გაამართლა ის იმედები რასაც მასზე ამყარებდნენ. გამოსარჩევია ნაპოლეონის ომების კოლორიტული ფიგურის, პრუსიელი ფელდმარშლის, გებჰარდ ლიბერეხტ ფონ ბლიუხერის სიმამაცე და გამარჯვების წყურვილი. სწორედ მისი დახმარებით შესძლო ველინგტონმა იმპერიის უძლეველი არწივის დამარცხება და დიდების მოპოვება. ვატერლოოს ბრძოლა თავდაცვითი ბრძოლის მშვენიერი ნიმუშია, ასევე კარგად ჩანს რამხელა მნიშვნელობა ენიჭება სისწრაფესა და დროულ ინფორმირებას, ინიციატივის უნარს სამხედრო მეთაურებში, ბრძოლის ველს, ამინდსა და საბრძოლო პოზიციებს.
მოწინააღმდეგე მხარეები
საფრანგეთი
კუნძულ ელბაზე გადასახლებიდან 1815 წლის 1 მარტს დაბრუნებული ნაპოლეონი, კვლავ ქვეყნის სათავეში მოექცა და მეფე ლუი XVIII ბურბონი განდევნა. მან მოკლე დროში 125 ათასამდე სალაშქროდ მომზადებული მეომარი შეკრიბა და როცა ნახა, რომ ვენის კონგრესთან  მოლაპარაკებისგან არაფერი გამოვიდა, ბელგიაში განლაგებული კოალიციის  ძალების (პრუსია, ბრიტანეთი) წინააღმდეგ დაიძრა. ნაპოლეონის არმია ჩვეულებრივ შედგებოდა ქვეითი, საკავალერიო და საარტილერიო ნაწილებისგან მას თან ახლდა საიმპერატორო გვარდიაც, რომელიც ასევე ყველა ტიპის შენაერთებისგან შედგებოდა. ვატერლოოსთან ფრანგებს ყველაზე მძლავრი, 12 ფუნტიანი ქვემეხები ჰქონდათ, ასევე სხვა კალიბრის ზარბაზნებიც, თუმცა ტალახის გამო ეფექტურად ვერ იყენებდნენ.  ქვეითი ჯარი გამაგრებული იყო მძლავრი კავალერიით  - კირასირებით, ულანებით, კარაბინერებით, ჰუსარებითა და ცხენოსანი ეგერებით. კირასირებს ემოსათ ბეგთარი და მუზარადი, ხოლო შეიარაღებულები იყვნენ სწორი ხმლითა და დამბაჩებით. კირასირები მასიურ შეტევას ახორციელებდნენ მტერზე და საბოლოო დარტყმას აყენებდნენ.  აღსანიშნავია, რომ ნაპოლეონის არმია მთლიანად ფრანგებისგან გახლდათ დაკომპლექტებული. იმპერატორმა ვერ შეძლო მთელი არმია დაეძრა ბელგიისკენ და ნაწილები ვანდეაში, ვარში, ალპებში, იურას მთები და რაინის საზღვარზე დატოვა.


 კირასირთა VI რაზმის მხედრები (ლუი ავგუსტ ლუისტანოს ნახატი, 1887) 

 საფრანგეთის ჯარის მარცხენა ფლანგის კორპუსების მეთაურად მარშალი მიშელ ნეი იყო დანიშნული, მასში შედიოდა გენერალ ჟან-ბატისტ დრუეს, გრაფ დ’ერლონისა (15000 ქვეითი და 1500 ცხენოსანი) და ონორე რეილის კორპუსები (13000 ქვეითი, 1300 ცხენოსანი). მარჯვენა ფლანგის ჯარებს მარშალი ემანუელ გრუში მეთაურობდა, მაგრამ მათ ვატერლოოს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მის განკარგულებაში იყო მესამე და მეოთხე კორპუსები (დაახლოებით 33000 ჯარისკაცი) გრუშეს თან ახლდა გენერალი დომინიკ ვანდამიც. არმიის რეზერვს ნაპოლეონი ედგა სათავეში და მასში შედიოდა ჟორჟ მუტონი, გრაფი ლობაუს მეექვსე კორპუსი (10300 ჯარისკაცი) და 4 კავალერიული კორპუსი ფრანსუა კელერმანისა და ჟან-ბატისტ მიიოს მეთაურობით, ასევე საიმპერატორო გვარდია. სულ ვატერლოოსთან ნაპოლეონის არმიის რიცხოვნობა 72000-ს აღწევდა - 50 000 ქვეითი, 15 ათასი კავალერია და 250 ზარბაზანი (7000 ადამიანი).


1812 წელს, რუსეთიდან უკანდახევისას, მარშალი მიშელ ნეი „დიდი არმიის" ზურგს იცავდა და დიდი სიმამაცე და სამხედრო უნარები გამოავლინა (ადოლფ ივონის ნახატი, XIX ს.) 

ფრანგთა ჯარს იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი მეთაურობდა. იგი ამ დროისთვის 46 წლის იყო და დიდი სამხედრო გამოცდილება გააჩნდა. არკოლეს, აუსტერლიცის, იენას, ფრიდლანდის გმირი კვლავ სათაყვანებლად ითვლებოდა საფრანგეთის არმიაში. იმპერატორის გამოჩენას მეომრები მუდამ შეძახილით “Vive le Empereur!”(გაუმარჯოს იმპერატორს) ხვდებოდნენ. ჰერცოგმა ველინგტონმა მასზე თქვა: “ნაპოლეონი ბრძოლის ველზე ორმოცი ათას მეომარს უდრისო”. 1815 წელს იგი დაბრუნდა საფრანგეთში, ძალაუფლება სისხლის ერთი წვეთის დაუღვრელად დაიბრუნა და უსწრაფეს დროში მოუყარა თავი არმიას, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობა დასუსტებული იყო, შეცდომებსაც უშვებდა. მიუხედავად ამისა, იგი მოწინააღმდეგეს შიშის ზარს სცემდა.

1814 წელს, სანამ ნაპოლეონი ელბაზე გადასახლებაში წავიდოდა, იგი თავის საიმპერიო გვარდიას დაემშვიდობა, თვითმხილველების თქმით ეს დიდებული და ამაღლევებელი სანახაობა იყო (ანტუან ალფონს მონფორტის ნახატი, XIX ს.)

ფრანგთა ჯარის მეორე უმნიშვნელოვანესი მეთაური მარშალი მიშელ ნეი იყო. იმპერატორისგან “მამაცთა შორის უმამაცესად” წოდებული, ელჰინგენის ჰერცოგი და მოსკოვის პრინცი ჯარისკაცთა კერპი. ნეი გამოირჩეოდა გაბედული მოქმედებით, თუმცა არ იყო ძლიერი სტრატეგოსი და ტაქტიკოსი. ვატერლოოს ბრძოლაში ნათლად გამოჩნდა მისი სისუსტეები.
იმპერატორი აპირებდა ინგლისელთა და პრუსიელთა არმიის რიგ-რიგობით დამარცხებას, რადგან მისთვის ასე უფრო ხელსაყრელი იქნებოდა. მან 16 ივნისს შეუტია ბლიუხერს და ლინისთან ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა, თუმცა ბოლომდე ვერ გაანადგურა (ბლიუხერმა შემდეგ დარჩენილი ნაწილებით გადამწყვეტი როლი ითამაშა ბრძოლაში). მარშალ ნეიმ კი არასწორად იმოქმედა კატრ-ბრასთან ინგლისელებთან შეტაკებაში და ვერ მოახერხა წარმატებას მიეღწია (თუმცა კი ბრძოლა ფრანგების სტრატეგიული გამარჯვებით დასრულდა).
გენერალი დომინიკ  ჟოზეფ რენე ვანდამი ნაპოლეონის არმიის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო მეთაური იყო. 1813 წელს ის ბრძოლაში დაიჭრა, მოკავშირეთა ჯარს ხელში ჩაუვარდა, თუმცა მამაცი გენერალი ამას არ შეუშინებია და რუსეთის ალექსანდრე I-ს მამის მკვლელიც კი უწოდა. 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლისას ის მარშალ ემანუელ გრუშის ახლდა და ურჩევდა ბრძოლის ველისკენ დაეძრა ჯარი, თუმცა გრუშიმ არ დაუჯერა და პრუსიელების დევნა განაგრძო, რაც წარუმატებლად დასრულდა (დიდი ალბათობით ალექსანდრე I მამამისის პავლე I-ს მკვლელებთან შეთანხმებით მოქმედებდა)

ამ ორმა ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა ვატერლოოს ბრძოლის მიმდინარეობასა და შედეგზე. იმპერატორის ამოცანა ვატერლოოს კამპანიაში გახლდათ გაენადგურებინა ველინგტონისა და ბლიუხერის არმიები მოკავშირეთა მოსვლამდე. ამით პოლიტიკური განხეთქილების შეტანა სურდა და იმედოვნებდა, რომ კოალიციაში განხეთქილებას გამოიწვევდა.
დიდი ბრიტანეთი და პრუსია
 ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის წინააღმდეგ მეშვიდე ანტიფრანგული კოალიციის წევრების, დიდი ბრიტანეთისა და პრუსიის ძალები იდგნენ. ბრიტანეთი საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი მტერი იყო. ბრიტანეთის ხელისუფლები მუდამ ცდილობდნენ შეეკრათ კოალიციები საფრანგეთის წინააღმდეგ, რადგან წინააღმდეგნი იყვნენ რევოლუციის, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სხვა მონარქიებს და მაგალითს უჩვენებდა სხვა ხალხებს, ასევე სწორედ ამ რევოლუციის მონაპოვარზე ფრანგთა გაძლიერებისა, ასევე ინგლისს იმ დროისთვის არ გააჩნდა ძლიერი სამხედრო ძალა, რათა საფრანგეთს დაპირისპირებოდა. და ამას ახერხებდნენ კიდეც, თუმცა ნაპოლეონი წარმატებით იგერიებდა მათ დარტყმებს და იპყრობდა ევროპას. პრუსია ნაპოლეონის მტერი 1806 წლიდან გახდა, მაგრამ იმავე წელს სასტიკად დამარცხდა.
პრუსიელი ოფიცერი კარლ ფონ კლაუზევიცი ახალი ისტორიის ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო თეორეტიკოსი იყო. მისი ნაშრომებს აქტუალობა არც თანამედროვე ეპოქაში დაუკარგავს (კარლ ვილჰელმ ვაჰი, XIX ს.)

პრუსიის განადგურების შემდეგ იმპერატორმა ბრიტანეთის წინააღმდეგ “კონტინენტური ბლოკადა” გამოაცხადა, ინგლისის ეკონომიკის გასანადგურებლად. ამან გარკვეული შედეგები მართლაც გამოიღო და ბრიტანელთა ეკონომიკა დაასუსტა. პრუსიელებმა რიგი სამხედრო-პოლიტიკური რეფორმების შემდეგ ქვეყანა აღადგინეს, ისარგებლეს რა 1812 წელს ნაპოლეონის მარცხით რუსეთში და აქტიურად იბრძოლეს ანტიფრანგული კოალიციის მხარდამხარ. ბრიტანელები  ესპანეთის აჯანყებულებს ეხმარებოდნენ და პრობლემებს უქმნიდნენ ნაპოლეონს. 1814 წელს პარიზი დაეცა და იმპერატორი გადადგა. 1815 წელს, როდესაც ის კვლავ დაბრუნდა, ინგლისმა და პრუსიამ სწრაფად მოახდინეს მობილიზაცია და ფრანგებს ველინგტონის ჰერცოგისა და ბლიუხერის მეთაურობით შექმნილი ჯარები დაუპირისპირეს.


ნაპოლეონის ეპოქის ბრიტანელი სახაზო ქვეითები 

ინგლისური არმია კარგად ორგანიზებული შენაერთებისგან შედგებოდა. თითოეულს ბრიტანულ შენაერთს იმ რეგიონის სახელი ეწოდებოდა სადაც იყო შეკრებილი და შესაბამისი რიცხვიც ჰქონდა. ინგლისელებთან ერთად ირლანდიელები, შოტლანდიელები და უელსელებიც მსახურობდნენ. ბრიტანული ჯარი ძირითადად წითელ მუნდირში იყო გამოწყობილი (აქედან გაჩნდა მათი მეტსახელი “წითელმუნდირიანები”). ინგლისელებს ჰყავდათ კარგი საშუალო და მსუბუქი საკავალერიო შენაერთები, მაგრამ მძიმე კავალერიას არ იყენებდნენ. საუკეთესო ბრიტანულ საკავალერია შენაერთად ითვლებოდა “სამეფო შოტლანდიური რუხი მხედრების” (Royal Scots Greys) რაზმი. ვატერლოოს ბრძოლაში ინგლისელები უმთავრესად 9 ფუნტიან ზარბაზნებს იყენებდნენ. მათ საკმაოდ ძლიერი არტილერია ჰყავდათ. ბრიტანელებთან ერთად ვატერლოოსთან გერმანელები, ბელგიელები და ჰოლანდიელებიც იბრძოდნენ. ველინგტონის მთელ არმიას 67 000 მეომარი შეადგენდა, მათ შორის 50 ათასი ქვეითი, 11 ათასი ცხენოსანი და 3000 არტილერისტი 150 ქვემეხით. ინგლისელთა ჯარი სამ ძირითად კორპუსად იყოფოდა: პრინც ვილჰელმ ორანელის კორპუსი, როლანდ ჰილის მეორე კორპუსი და გრაფი ექსბრიჯის მესამე, საკავალერიო კორპუსი.

  ამ ცნობილ ნახატზე, რომელსაც "შოტლანდია სამუდამოდ!" ეწოდება, ვატერლოოს ბრძოლის მონაწილე Royal Scots Greys ცხენოსანი შენაერთის მეომრები არიან გამოსახულები (ლედი ელიზაბეტ ბატლერის ნახატი, 1881)

სერ არტურ უელსლის, ველინგტონის ჰერცოგის რეპუტაცია, როგორც დიდი მეომრისა, ძირითადად ნაპოლეონის ვატერლოოსთან დამარცხებას უკავშირდება. მას წარმატებული კარიერა ჰქონდა ინდოეთში და პირენეის ნახევარკუნძულზე, სწორედ ამიტომ 1815 წლის ივნისში თავისი თაობის უდიდესი სამხედრო ლიდერის წინააღმდეგ ჯარის მეთაურად ის აირჩიეს. ესპანეთსა და პორტუგალიაში ველინგტონმა გამოავლინა მეტი ნიჭიერება და მიაღწია მეტ წარმატებას, ვიდრე  ფრანგმა მეთაურებმა, მაგრამ 1810-11 წლების ანდრე მასენა აღარ იყო ციურიხის ბრძოლაში გამარჯვებული მასენა(ველინგტონმა მასენა ესპანეთის კამპანიის დროს 1810-1811 წლებში დაამარცხა), 1813 წელს ვიტორიას ბრძოლაში ფრანგთა არმია არ იყო დიდი არმია აუსტერლიცისა და იენა/აუერშტადტისა. ვატერლოოსთან კი ველინგტონი ნაპოლეონს დაუპირისპირდა და როგორც ოუენ კონელი (ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი ისტორიკოსი საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების საკითხებში) წერს თავის წიგნში:“ვატერლოომ ველინგტონი ბრიტანულ ლეგენდად აქცია”.
სერ არტურ ველესლი, ჰერცოგი ველინგტონი (თომას ლოურენსის ნახატი, 1814)

1806 წლის მარცხის შემდეგ პრუსიელებს გამოუჩნდათ რეფორმატორები, რომელთაც დაიწყეს სისუტეების აღმოფხვრა და ჯარის ახლიდან შექმნა. მათ შორის იყვნენ აუგუსტ ნეიდჰარტ ფონ გნეიზენაუ, კარლ ფონ კლაუზევიცი და გერჰარდ ფონ შარნჰორსტი. პრუსიული არმიის ძირითად, სახაზო ნაწილს ქვეითი თოფოსნები შეადგენდნენ. ასევე იყვნენ კარაბინერები - მსუბუქი ქვეითები და გრენადერები. პრუსიელებს ჰყავდათ კარგი კავალერია: კირასირები, ეგერები, ულანები და ჰუსარები. არტილერია კი მათაც ბრიტანულისა და ფრანგულის მსგავსი გააჩნდათ. ბლიუხერის არმია ოთხ კორპუსად იყოფოდა: ჰანს ერნსტ კარლ ფონ ციტენის I (32500 ჯარისკაცი), გეორგ დუბისლავ ლუდვიგ ფონ პირხის II (33000), იოჰან ფონ ტილმანის III (25000) და ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ბიულოვის IV (32000) კორპუსებად.
ფელდმარშალი გებჰარდ ბლიუხერი (ემილ ჰუნტენი, 1863)

მოკავშირეთა მიზანი იყო ერთობლივი ძალებით საბოლოოდ დაემარცხებინათ ნაპოლეონი და ბოლო მოეღოთ მისი მმართველობისთვის. როგორც კონგრესზე კოალიციის წევრებმა განაცხადეს, მოკავშირეები არა საფრანგეთს, არამედ ერთ კაცს, ნაპოლეონს ებრძოდნენ. 
ბრძოლა
ლინისთან პრუსიელთა დამარცხების შემდეგ, ბლიუხერმა უკან დაიხია და დიდი დანაკარგები განიცადა, ხოლო ამავე დროს მარშალი ნეი ველინგტონის ძალებს კატრ-ბრასთან ებრძოდა. “მამაცთა შორის უმამაცესის” პირველი დარტყმა ჰოლანდიურ-ბელგიურ ძალებზე (8000 ჯარისკაცი, 18 ქვემეხი) მოგერიებულ იქნა. მარშალმა 14:00 საათამდე შეაჩერა შეტევა, მაგრამ შემდეგ იგი ჩვეული აგრესიულობით გადავიდა იერიშზე. ამ დროს გამოჩნდა პიქტონის მე-5 და ჰერცოგ ბრაუნშვაიგის გერმანული ძალები. მიუხედავად ამისა ნეის ძალები (18 ათასი ქვეითი, 2 ათასი მხედარი, 32 ქვემეხი) უფრო მცირე იყო მოკავშირეების ძალებზე (36 ათასი ქვეითი, 70 ქვემეხი), იგი ახლოს იყო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებასთან. ამავე დროს დაიღუპა ჰერცოგი ბრაუნშვაიგი. ნეიმ ნაპოლეონს შიკრიკი გაუგზავნა და სთხოვა დ’ერლონის კორპუსი დასახმარებლად გამოეგზავნა. ეს უკანასკნელი ჯერ გზაში იყო და არც ლინისთან ბრძოლაში არ იყო ჩართული.
ჟან-ბატისტ დრუე, გრაფი დ'ერლონი (შარლ-ფილიპ ლარივიეს ნახატი, 1844)

ველინგტონმა ახალი ძალები ჩართო ბრძოლაში და ფრანგებს გაუჭირდათ წინსვლა. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ღამემ გაჰყარა. ლინისთან პრუსიელთა სასტიკი დამარცხების შემდეგ ნაპოლეონი ფიქრობდა, რომ მათი მხრიდან საფრთხე ნაკლებად იყო მოსალოდნელი, თუმცა ბლიუხერის წინააღმდეგ მაინც გაგზავნა მარშალი გრუში 33 ათასიანი ჯარით, რომლის მოვალეობა იყო შეეშალა ხელი პრუსიელთათვის  გნეიზენაუმ პრუსიელების თავმოყრა ლინის ჩრდილოეთით, ვავრთან მოახერხა. ფრანგები სწრაფად მისდევდნენ ველინგტონის ჯარებს, მაგრამ შემდეგ წვიმამ ძალიან შეუშალათ ხელი. ეს იყო სამხედრო ისტორიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვიმა. მეორე დღეს, 18 ივნისს, როდესაც ვატერლოოს მახლობლად ჯარებმა საბრძოლო პოზიციები დაიკავეს, მიწა ატალახებული იყო. მეომრები, ცხენები და არტილერია მასში ეფლობოდა, ამიტომ ნაპოლეონმა დააყოვნა იერიშის დაწყება, რათა მიწა გამშრალიყო. არტილერიის თრევა რთული იყო, თან ნატყორცნი ყუმბარები მიწაზე არ მიგორავდა, მიწაში ეფლობოდა და ზიანს ვერ აყენებდა მტერს. ვატერლოოს ბრძოლაში ბონაპარტს 48 ათასი ქვეითი, 14 ათასი მხედარი და 7000 არტილერისტი ჰყავდა 250 ზარბაზნით. იმპერატორის კავალერია აღემატებოდა მოწინააღმდეგისას რიცხოვნობითაც და საბრძოლო ღირებულებითაც. ფრანგებს 14 პოლკი მძიმე ცხენოსანი ჯარი და 7 პოლკი ულანები ჰყავდათ. ასევე საიმპერატორო გვარდია, 25 000 მეომრის შემადგენლობით. გვარდიას ევალებოდა მოწინააღმდეგისთვის უკანასკნელი, გადამწყვეტი დარტყმის მიყენება.
ინგლისელთა და მათ მოკავშირეთა ჯარის ერთ-ერთი მეთაური ჰერცოგი ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ბრაუნშვაიგი, რომელიც კატრ-ბრასთან ბრძოლაში დაიღუპა (იოჰან შვარცის ნახატი, 1809)

ველინგტონმა თავისი მრავალნაციონალური არმია ასე დაახასიათა: “არეული ჯარი, სუსტი და ცუდად შეიარაღებული, გამოუცდელი შტაბით”. მან ჯარის ნაწილი ჩაასაფრა, ხოლო დანარჩენები თავდაცვით პოზიციებზე გაამაგრა, რისთვისაც გამოიყენა ამ ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები. 
დაახლოებით 12-ს ნახევარზე ფრანგულმა ზარბაზნებმა ცეცხლი გაუხსნეს ველინგტონის ჯარებს, თუმცა მათი ნაწილი მაღლობის უკან იდგა და ამიტომ არტილერიით დიდ ზიანს ვერ აყენებდნენ. ამავდროულად ჟერომ ბონაპარტის ძალებმა დაიწყეს შეტევა უგომონის ფერმაზე. უგომონი კარგად იყო გამაგრებული, ამიტომ ფრანგებს გაუჭირდათ მისი აღება. ბრძოლა ამ ადგილისთვის მთელი დღე გაგრძელდა. დ’ერლონის არტილერია რამდენიმე ბატარეით გააძლიერეს და ახლა ინგლისელებს 88 ზარბაზანი ბომბავდა. მიუხედავად ამისა, ეფექტი არ იყო ძლიერი, რადგან ყუმბარები დავარდნისას ტალახში ეფლობოდა. 13:30-ზე ფრანგთა მთავარი შეტევა დაიწყო. ამ დროს იმპერატორს პრუსიელი ტყვე მოუყვანეს, რომლის საშუალებითაც შეიტყვეს, რომ 30 ათასიანი პრუსიული კორპუსი (ბიულოვის) ველინგტონის დასახმარებლად მოიწევდა. იმპერატორმა ლობაუს უბრძანა მარჯვენა ფლანგის გამაგრება პრუსიელთა მოსაგერიებლად.

 დ’ერლონი შეტევაზე გადავიდა და თავიდან წარმატებასაც მიაღწია, გენერალ ტრავერის კირასირები კი ამ დროს ომპტედას ბატალიონს ანადგურებდნენ, რომელიც დ’ერლონის წინააღმდეგ მოიწევდა. ფრანგებმა დაიკავეს ლა ჰაი სენტის ბაღები და შეუტიეს ფერმაში გამაგრებულ მოწინააღმდეგეს. ამ დროს პიკტონმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნა დ’ერლონის მჭიდრო კოლონებს და ხიშტებით შეუტია, თუმცა თავად მალე ფრანგული ტყვიის მსხვერპლი გახდა. ბრიტანელები იძულებულები გახდნენ განადგურების საფრთხეში მყოფი მე-5 დივიზიისთვის კავალერია მიეშველებინათ. ექსბრიჯმა სომერსეტისა და პონსონბის მეთაურობით ორი საკავალერიო ბრიგადა გამოიყვანა დ’ერლონის წინააღმდეგ. ფრანგების შეტევა მოგერიებულ იქნა, მაგრამ ველინგტონის კავალერიის დიდი ნაწილიც განადგურდა. დ’ერლონის წარუმატებლობის შემდეგ, მარშალმა ნეიმ ორი ბრიგადა დაძრა ლა ჰაი სენტისკენ, მაგრამ კარგად გამაგრებული “გერმანული ლეგიონის” დამარცხება ვერ მოახერხა. მარშალმა შეამჩნია, რომ ინგლისელთა ნაწილი უკან ბრუნდებოდა თავის უწინდელ პოზიციაზე. ეს ბრიტანელთა უკანდახევად მიიღო და მიიოს კირასირებს უბრძანა გამოდევნებოდნენ. 5000-მდე კავალერისტმა შეუტია მოწინააღმდეგის კარგად გამაგრებულ პოზიციებს. ველინგტონმა ქვეითები კარეს წესით განალაგა და არტილერიით გაამაგრა. როდესაც ცხენოსნები ახლო მივიდოდნენ, მათ შეეძლოთ კარეში შესულიყვნენ. ზარბაზნების ცეცხლმა საკმაო ზარალი მიაყენა კავალერიის შეტევას. იერიში წარუმატებელი გამოდგა და ცხენოსანთა დიდი ნაწილი უაზროდ განადგურდა.
საიმპერიო არწივის შტანდარტი, რომელიც ბრძოლაში ფრანგთა 45-ე რაზმმა დაკარგა

კირასირებმა ოთხჯერ სცადეს კარეების გარღვევა, ზოგგან ცხენებით მოძრავი არტილერიის ცეცხლის დახმარებითაც, მაგრამ ბევრს ვერაფერს გახდნენ. ფრანგულ ქვეით ჯარს შეეძლო დახმარებოდა ცხენოსნებს, მაგრამ მათ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. ეს ნეის კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო. კავალერიის შეტევა ქვეითი და საარტილერიო ნაწილების გარეშე აბსოლიტურად არასწორი ნაბიჯი გამოდგა. ველინგტონის კარეებიც ძალიან დაზარალდნენ და უამრავი მეომარი დაკარგეს, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ წინააღმდეგობის გაწევას ცხენოსანთა შეტევებისათვის. როდესაც კავალერიის დასახმარებლად რეილის 8000 ქვეითი მოვიდა, უკვე გვიანი იყო. ლორდ ჰილის ფეხონებმა დემოსტრაციული შეტევა მოაწყვეს უგომონისკენ, არტილერიამ კი ფრანგთა კოლონებს ცეცხლი გაუხსნა. რადგან ფრანგული კავალერია კვლავ ახორციელებდა შეტევებს ინგლისელებზე, ველინგტონის ქვეითები მჭიდრო, ოთხრიგიანი წყობით დადგნენ და ხიშტებით დაიწყეს მათი მოგერიება. ასეთი წყობით მათ საშუალება ჰქონდათ იარაღიდანაც მთელ ხაზზე ძლიერი ცეცხლი გაეხსნათ. ფრანგთა კიდევ ერთი იერიში წარუმატებლად დასრულდა. და აი როგორც იქნა პრუსიელებიც გამოჩნდნენ ნაპოლეონის მარჯვენა ფლანგზე.

ველინგტონმა იცოდა, რომ ორი პრუსიული კორპუსი, რომლებიც ვავრიდან მოიწევდნენ, მის ფლანგზე 12-14 საათისთვის გამოჩნდებოდნენ, ამიტომ ჯარის განლაგებისას მათთვის ადგილი დატოვა პიკტონის დივიზიის უკან. ბიულოვის IV პრუსიული კორპუსი ძალიან შეფერხდა ტალახის გამო და მხოლოდ დაახლოებით 16:00 საათისთვის შეძლო მოსვლა, ამავდროულად ისინი გზაზე დეორგანიზებულ II პრუსიულ კორპუსს გადააწყდნენ, რომლის გადაჯგუფებასაც დრო დასჭირდა. ბიულოვის შემოტევას ლობაუს კორპუსი დაუხვდა, რომელსაც მათი შეჩერება ევალდებოდა, ნაპოლეონმა ამასობაში ნეის ძალების მოკრება და ველინგტონის ცენტრზე შეტევა უბრძანა. 18:00-ზე შეტევა დაიწყო. ამჯერად ქვეითი ჯარი, კავალერია და არტილერია ერთსულოვნად მოქმედებდა. ბრიტანელებს ძალიან გაუჭირდათ. ისინი დიდი დანაკარგებით აჩერებდნენ ფრანგების შემოტევას. კავალერიისგან დასუსტებული ინგლისური კარეები ნელ-ნელა ნადგურდებოდნენ. ბრიალმონი წერდა, რომ ბრიუსელისკენ მიმავალი გზა სავსე იყო ველინგტონის გაქცეული ჯარისკაცებით. ინგლისელ სარდალს არანაირი არჩევანი აღარ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გაეგრძელებინა თავდაცვა. დაიღუპა გენერალი ომპტედა. სერ უილიამ დელენსი, ველინგტონის მახლობლად მდგარი, სასიკვდილოდ დაიჭრა მტრის ნასროლი ყუმბარით, ასევე მძიმედ დაიჭრნენ პრინცი ორანელი, გენერალი ალტენი, ალექსანდრე გორდონი.

ფრანგი სახაზო ქვეითები (1815)

ნეიმ საბოლოოდ გამოდევნა ლა-ჰაი სენტის დამცველები, რომელთაც საბრძოლო მასალა გაუთავდათ და დაიკავა მათი პოზიციები. შემდეგ განალაგა აქ ზარბაზნები და 300 მეტრის რადიუსში ცეცხლი გაუხსნა მტერს. ერთადერთი რაც ველინგტონმა მოახერხა, იყო ის, რომ ორივე ფლანგის ძალები ცენტრისკენ გადმოისროლა. ახლა ნეის ისღა დარჩენოდა მთელი ძალებით დაერტყა ინგლისელთა დასუსტებული ცენტრისთვის, მაგრამ რეზერვები, ისევე როგორც ველინგტონს, არც მას აღარ ჰყავდა, მას გვარდია სჭირდებოდა, რათა შეტევა დაეგვირგვინებინა. “ჯარები!” გაჰყვიროდა ნაპოლეონი, “საიდან მოგართვათ?!, მათ მე კი არ ვჩარხავ!” ამ დროისთვის საიმპერატორო გვარდია პრუსიელთა შესაჩერებლად იყო მიმართული. მათ დაიბრუნეს პლანშენუა, მაგრამ დაკარგეს ძვირფასი დრო. ნეისთვის გასაგზავნი ძალები აღარ იყო დარჩენილი. ველინგტონმა უკანასკნელი რეზერვებით შეაჩერა ფრანგთა შეტევა, მაგრამ სად იყვნენ პრუსიელები. “ან ბლიუხერი, ან ღამე” - ლოცულობდა ველინგტონი, მან არ იცოდა, რომ პრუსიელებმა უკვე იხსნეს მისი არმია და ნაპოლეონმა მის გასანადგურებლად გასაგზავნი რეზერვი პრუსიელების შესაჩერებლად გაგზავნა.

19:00-თვის ფრანგთა მარჯვენა ფლანგი საკმარისად იყო დაცული, რომ ნაპოლეონს ძველი გვარდიის დიდი ნაწილი რეზერვში დაებრუნებინა. ველინგტონს უკვე ამოწურული ჰყავდა მთელი რეზერვები. ახლა საიმპერატორო გვარდიის ერთი დარტყმა იყო საჭირო, რათა გაერღვიათ ველინგტონის ცენტრი. გვარდიის შეტევის ზუსტი დეტალები უცნობია და რამდენიმე ინტერპრეტაცია არსებობს. ითვლება, რომ პლანშენუასთან მებრძოლი 14 ბატალიონიდან 12 იმპერატორის განკარგულებაში იყო. ნაპოლეონმა სამი ბატალიონი ლა ბელ-ალიანსესთან დატოვა, ხოლო დანარჩენები ბრიუსელის გზისკენ გაგზავნა, ველინგტონზე იერიშის მისატანად. საიმპერატორო გვარდია ველს მოეფინა. ექვსი დამატებითი ბატალიონი ნაპოლეონმა ნეის გაუგზავნა მოკავშირეთა ძალებზე შესატევად. იერიში რომ ნახევარი საათით ადრე დაწყებულიყო, ველინგტონის პოზიციები განადგურდებოდა. შუათანა გვარდიის გრენადერების I და III ბატალიონების შეტევას წინ ბრაუნშვაიგელები და 30-ე და 73-ე ბრიტანული პოლკები აღუდგნენ. გრენადერებმა გაარღვიეს ბრაუნშვაიგელთა რიგები, თუმცა ბრიტანელებმა მოახერხეს გარკვეული დროით გვარდიელთა შეჩერება.

პრუსიელები უტევენ პლანშენუას (ადოლფ ნორსერნი, 1864) 

ამავე დროს საიმპერატორო გვარდიის მეორე ეშელონი კოლინ ჰელკეტის ძალებს დაესხა თავს. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ აგრძელებდა თავდაცვას. ინგლისელები თითქმის განადგურების პირას იყვნენ, მაგრამ ამ დროს გაისმა ველინგტონის ბრძანება: “წინ, მეიტლენდ, თქვენი დრო დადგა!”. ამ შეძახილზე წამოიშალა მაღლობის უკან, ველინგტონის მიერ ჩასაფრებული 1500 გვარდიელი ინგლისელი და ძლიერი ცეცხლი გაუხსნა გვარდიის ეგერებს, რომელთაც უკანდახევა დაიწყეს. ბრიტანეთის გვარდიელებმა შეუტიეს დაფანტულ ეგერებს და ბრძოლიდან გააქციეს, შემდეგ კი უკან დაედევნენ და გადააწყდნენ საიმპერატორო გვარდიის მე-4 ეგერთა პოლკს, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა მათ. ბრიტანელი გვარდიელები დაიფანტნენ და ჰელკეტისა და ადამსის ბრიგადებისკენ გაიქცნენ, რათა გადაჯგუფებულიყვნენ და ახალი შეტევის მოსაგერიებლად მომზადებულიყვნენ. კოლბორნმა საიმპერატორო გვარდიის ბოლო ეშელონს შეუტია მძლავრად ფლანგიდან. ნაპოლეონი უკვე აპირებდა ბრძოლაში უკანასკნელი სამი გვარდიული ბატალიონის ჩართვას,როცა გაოცებულმა შენიშნა, რომ მისი გვარდიული ნაწილები უკან იხევდნენ. გვარდიის საუცხოოდ დაწყობილი შენაერთები ძლიერი შეტევის შედეგად დაიშალნენ, ხოლო ბრიტანულმა მსუბუქმა კავალერიამ მათ ფლანგიდან შეუტია. სულ მალე ველინგტონმა სიგნალი მისცა ერთობლივი შეტევის დაწყებისა. ველზე ფრანგთა მხოლოდ რელიეს კორპუსის ნარჩენები და ძველი გვარდიის სამი ბატალიონი იყო დარჩენილი და უკანდახევას იცავდა. პლანშენუა პრუსიელებმა აიღეს და გააგრძელეს შეტევა. ნახა რა, რომ ყველაფერი დასრულდა, ნაპოლეონმა დატოვა არმია.
ლორდი ჰილი დანებებას სთავაზობს საიმპერატორო გვარდიის ნარჩენებს (რობერტ ალექსანდრე ჰილინგფორდის ნახატი, 1870)

გვარდიის გმირულად მებრძოლი კარე, რომელიც მტრის ქარიშხლისებურ ცეცხლში მოექცა საბოლოოდ დანებდა და მათმა მეთაურმა, დაჭრილმა გენერალმა კამბრონმა თავისი დაშნა პოლკოვნიკ ჰელკეტს ჩააბარა. 22:00-ზე ველინგტონი და ბლიუხერი ერთმანეთს ლა-ბელ ალიანსეში შეხვდნენ და დიდი გამარჯვება მიულოცეს.  ბრძოლაში ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა, დაახლოებით თანაბარი – 25-24 ათასი დაჭრილებისა და დახოცილების სახით. 15 000 ფრანგი დაიფანტა, ხოლო 8000-მდე ტყვედ ჩავარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ველინგტონი თავდაცვით ბრძოლას აწარმოებდა, რაც მას ერთგვარ უპირატესობას აძლევდა, თუმცა ისეთ დიდ მხედართმთავართან ბრძოლაში, როგორიც ნაპოლეონი იყო, ეს უპირატესობა ქარწყლდებოდა. მიუხედავად ამისა, ველინგტონი “კორსიკელი ურჩხულის” ღირსეული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა და ბლიუხერთან ერთად, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, მოახერხა ვატერლოოს ველზე ფრანგების დამარცხება. 
შედეგები
ვატერლოოს ბრძოლა ბრიტანელთა და პრუსიელთა გამარჯვებით და ნაპოლეონის მარცხით დასრულდა. ბონაპარტის სამხედრო ხელოვნებაზე ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი, ბარონი ჟომინი წერს: “ჩემი აზრით, ოთხი მიზეზი არსებობს ვატერლოოსთან დამარცხებისა: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ბლიუხერის სწრაფი მოძრაობა და ბრძოლის ველზე დროულად მისვლა იყო, მეორე – ბრიტანული ქვეითი ჯარის გამძლეობა და მათი მეთაურების ცივსისხლიანობა, მესამე – საშინელი ამინდი და ატალახებული მიწა, რამაც ფრანგებს ხელი შეუშალა შეტევების განხორციელებასა და მათთვის ასე ძვირფასი დროის დაზოგვაში, მეოთხე კი უაზროდ განლაგებული მეოთხე კორპუსი, რომელიც ზედმეტად ღრმა წყობით იდგა პირველი დიდი შეტევის მიტანის დროს”.

გენერალ კამბრონის ქანდაკება ქალაქ ნანტში (მოქანდაკე ჟან დებაი, 1848)

193 წელზე მეტია რაც ავტორები და ისტორიკოსები, რომლებიც წერენ ვატერლოოს კამპანიაზე, დამარცხების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მარშალ გრუშის ასახელებენ, ეყრდნობიან რა გენერალ გასპარ გურგოს, ნაპოლეონის ადიუტანტს, რომლის მიხედვითაც ნაპოლეონმა თქვა: “მე რომ სუშე მყოლოდა გრუშის მაგივრად, არ დავმარცხდებოდი ვატერლოოსთანო” და კიდევ:”ბრძოლაში დავმარცხდით, რადგან გრუში არ მოვიდა”. დ. ჩანდლერის “ნაპოლეონის კამპანიებში”, გრუშის შესახებ ერთი თავის ავტორი დ. ლანტი წერს: “გრუშიმ ჩააგდო ვატერლოო”.  ჯონ გალაჰერი კი თავის სტატიაში “გრუში და ვატერლოოს კამპანია” ამბობს: “საბოლოოდ, მე ვთვლი, რომ არა გრუშიმ წააგო ვატერლოო ნაპოლეონისთვის, არამედ ბლიუხერმა მოიგო ველინგტონისთვის. შეძლებდა გრუში ბლიუხერის ორი კორპუსისთვის ხელის შეშლას მიეღწიათ ვატერლოოსთან: ვფიქრობ ვერა. რომც შებრძოლებოდა პრუსიელთა კორპუსებს, დანარჩენი ორი პრუსიული კორპუსი მაინც დასავლეთისკენ განაგრძობდა გზას, რათა გადაეწყვიტა ვატერლოოს ბრძოლის ბედი”.  ვატერლოომ კამპანიის ბედი გადაწყვიტა. მიუხედავად საფრანგეთში დავუს მიერ შეკრებილი 120 ათასიანი არმიისა, ნაპოლეონი გადადგა და აშშ-ში გაქცევა გადაწყვიტა, თუმცა ინგლისელთა ფლოტის მიერ იქნა შეჩერებული. იგი გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც 1821 წელს გარდაიცვალა.
მარშალი ნეი ბურბონთა დინასტიის ღალატისა და ნაპოლეონის მხარეს გადასვლისთვის 1815 წლის 7 დეკემბერს დახვრიტეს. როგორც ცნობილია, ჯარისკაცები ვერ ბედავდნენ სახელოვანი მარშლისთვის ესროლათ, ამიტომ უშიშარმა სიკვდილმისჯილმა თვითონ მისცა მათ შესაბამისი ბრძანებები (ჟან ლეონ ჟერომის ნახატი, 1868)

ვატერლოოს დღე ნაპოლეონის დღე არ იყო, მას არ გაუმართლა, ფორტუნამ უღალატა, თავი იჩინა მისი მარშლების გაუგონარმა შეცდომებმა, რომელთაგან თითოეული შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო ბრძოლაში გამარჯვებისთვის. მარშალ ნეის ძვირად დაუჯდა “100 დღის” პერიოდში იმპერატორთან მიმხრობა და ვატერლოოსთან მარცხი. იგი სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და დახვრიტა. ნაპოლეონის ლეგენდამ ფიზიკური არსებობდა დაასრულა, მაგრამ უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური გენია მუდამ დარჩება ადამიანთა მახსოვრობაში და ისტორიის ფურცლებზე, სადაც მისი სახელი ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული. 

ბიბლიოგრაფია

1. Fremont-Barnes, Gregory and Todd Fisher, The Napoleonic wars, the rise and fall of an empire. Ofxord: Osprey publishing, 2004.
2. Jeremy Black, The Battle of Waterloo. New York: Random House, 2010.
3. Bassford, Christopher, Moran, Daniel and Gregory W Pedlow, On Waterloo: Clausewitz, Wellington and the campaign of 1815. Charleston, SC: Pulished for Clausewitz.com by CreateSpace.com ; 2010.
4. Clausewitz, Carl von and Peter Hofschröer, On Wellington: a critique of Waterloo. Norman: University of Oklahoma Press, 2010.
5. Herold, J Christopher, The Battle of Waterloo. New York: American Heritage, 1967.
6. Esdaile, Charles, Napoleon's Wars: An International History, 1803-1815. New York: Penguin Books, 2009.
7. Fletcher, Ian and Richard Hook, Napoleonic Wars, Wellington's army. London : Brassey's, 1998.
8. Griffith, Paddy, Dennis, Peter and Martin Windrow, French Napoleonic infantry tactics 1792-1815. Oxford: Osprey, 2007.
9. Bruce, Robert B, Fighting techniques of the Napoleonic Age, 1792-1815 : equipment, combat skills, and tactics. New York: Thomas Dunne Books, St. Martin's Press, 2008.
10. Haythornthwaite, Philip J, Patrice Courcelle, Napoleon's commanders. Oxford: Osprey, 2001.
11. Haythornthwaite, Philip J, Patrice Courcelle, Napoleon's commanders, 2, 1809-15. Oxford: Osprey, 2002. 
12. Киселев, В.И. ред. Прусская линейная пехота 1792-1815. Солдат Н 214. Артемовск: "Книга",2002.
13. Hook, Christa and Philip J Haythornthwaite, British rifleman, 1797-1815. Oxford: Osprey, 2002.
14. Haythornthwaite, Philip J, Weapons and equipment of the Napoleonic Wars. Poole: Blandford Press, 1979.
15. Соколов, Олег, Армия Наполеона. Санкт-Петербург: "Империя", 1999.
16. тюлар, жан, Наполеон. Москвa: Молодая Гвардия, 2009.
17. Киселев, В.И. ред. Французский Пехотинец, 1803-1815. Солдат Н 23. Артемовск: "Книга",2002.
18. Alexander Mikaberidze editor in chief. Napoleonic Scholarship, the Journal of the International Napoleonic Society, N 4. Montreal, Quebec: International Napoleonic Society, 2011.
19. Alexander Mikaberidze editor in chief. Napoleonic Scholarship, the Journal of the International Napoleonic Society, N 3. Montreal, Quebec: International Napoleonic Society, 2010.
20. Jomini, Antoine-Henri, The Political and Military History of the Campaign of Waterloo. New York : D. Va"n Nostrand, 1864.

ნიკა ხოფერია