მესურსათე ძმები: ჩრდილოეთის ზღვების მეკობრეები

XIV საუკუნის ბოლოს, დანიის დედოფალი მარგარეტ I შვედეთის მეფე ალბერტ მეკლენბურგელს სკანდინავიაში დომინანტობისთვის ებრძოდა. ალბერტი შვედეთის მეფე 1364 წლიდან იყო, 1383 წლიდან კი - მეკლენბურგის ჰერცოგიც. სწორედ ამ დროს, შემდგომში „მესურსათე ძმებად" წოდებული ზღვაოსნები, მეკლენბურგის ჰერცოგებმა დაიქირავეს დანიის წინააღმდეგ საომრად, მას შემდეგ, რაც დედოფალმა მარგარეტმა დაატყვევა ალბერტი და მისი ვაჟი ერიკ მეკლენბურგელი, რათა დაემორჩილებინა შვედეთი. როდესაც დედოფლის ძალები სტოკჰოლმს იყვნენ შემორტყმულნი, „მესურსათე ძმები" ახერხებდნენ ბრძოლით გაერღვიათ ბლოკადა და ქალაქი სურსათ-სანოვაგით მოემარაგებინათ. მათი სახელწოდება „მესურსათე ძმები" (გერმ. Vitalienbrüder) ლათინური სიტყვიდან „Victualia"-დან მოდის, რაც სურსათს ნიშნავს და მიუთითებს მათ პირველ დავალებაზე - ალყაში მოქცეული ქალაქის სურსათით მომარაგებაზე. 

 „მესურსათე ძმები" ორგანიზებულნი იყვნენ როგორც საძმო ან გილდია. 1392 წელს, მათი მთავარი მოწინააღმდეგე ჰანზას ლიგის (ჩრდილოეთ ევროპის საზღვაო-სავაჭრო ქალაქების კომერციული და თავდაცვითი გაერთიანება) ქალაქი ლუბეკი იყო, რომელიც დანიელებს ეხმარებოდა ომში.  ლუბეკისგან განსხვავებით, ჰანზას ლიგის სხვა წევრები ნაწილობრივ მესურსათე ძმებს ეხმარებოდნენ. ისინი ომში დანიის გამარჯვებაში თავიანთთვის სასარგებლოს ვერაფერს ხედავდნენ, რადგან ამ ქვეყანას გააჩნდა სტრატეგიული მდებარეობა და შეეძლო ჩრდილოეთის საზღვაო გზების კონტროლი. 
ლუბეკი. ჰანზას ლიგის დედაქალაქი. XVI ს. 

ქალაქი ბერგენი. დაახლ. 1500 წ.

1392 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, მესურსათე ძმები ბალტიის ზღვას შიშის ზარს სცემდნენ. მათ ჰქონდათ კარგად დაცული სადგომები ქალაქ როსტოკში, რიბნიცში, ვისმარში და სტრალზუნდში. მალე მესურსათეები მეკობრეებად იქცნენ. 1393 წელს პირველად აიღეს ქალაქი ბერგენი, მომდევნო წელს კი - მალმო; დაიპყრეს ფრიზიისა და შლეზვიგის ნაწილი. ასევე გაძარცვეს ტურკუ, ვიბორგი, სტირესჰოლმი, კორსჰოლმი და ფაქსეჰოლმის ციხესიმაგრე ჰალსინგლანდში. 
1394 წელს, თავიანთი ძლევამოსილების ზენიტში, მესურსათე ძმებმა დაიკავეს კუნძული გოტლანდი და თავიანთ ბაზად ქალაქი ვისბი აქციეს. ბალტიის ზღვის ვაჭრობა ფაქტობრივად შეჩერდა და ადგილობრივი მწარმოებლები და ვაჭრები ძალიან დაზარალდნენ. დედოფალმა მარგარეტმა ინგლისის მეფე რიჩარდ II-საც კი სთხოვა დახმარება, რათა გამოეგზავნა ინგლისური ხომალდები მეკობრეებთან საომრად. 1395 წლის შემდეგ, დედოფალმა შეძლო გააერთანებინა დანია, შვედეთი და ნორვეგია და ჩამოეყალიბებინა კალმარის კავშირი. 
მარგარეტ I დანიელი. სკულპტურა აკლდამაზე (1423 წ.)
ალბერტ მეკლენბურგელი, შვედეთის მეფე. სკულპტურა აკლდამაზე. 
ჰანზას ლიგა იძულებული გახდა რომ მისი მოკავშირე გამხდარიყო. შვედეთის მეფე ალბერტმა კუნძული გოტლანდი თავის მოკავშირე ტევტონთა ორდენს გადასცა დროებით მფლობელობაში. ორდენის დიდი მაგისტრის, კონრად ფონ იუნინგენის მეთაურობით, ტევტონებმა დაიპყრეს კუნძული 1398 წელს, გაანადგურეს ვისბი და მესურსათე ძმები გოტლანდიდან განდევნეს. 
გოტლანდიდან მესურსათე ძმების განდევნისა და განადგურების შემდეგ, ჰანზას ლიგამ რამდენჯერმე სცადა ბალტიის ზღვაზე კონტროლის დამყარება, მაგრამ წარუმატებლად. ბევრი მესურსათე ძმა კვლავ ზღვაში რჩებოდა. როდესაც მათ დაკარგეს გავლენა ბოტნიისა და ფინეთის ყურეებსა და გოტლანზე, გადავიდნენ შლეიში, მდინარე ემსის სათავესთან და სხვა ადგილებში, ფრიზლანდში. მესურსათე ძმების „მემკვიდრეები" გახდნენ ე.წ. „თანაბრად გამნაწილებლები", რომლებიც ნადავლს უნაწილებდნენ ღატაკ სანაპირო მოსახლეობას. ისინი მოქმედებდნენ ჩრდილოეთის ზღვაში და ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე, ძარცვავდნენ ბრაბანტს, საფრანგეთს და აღწევდნენ ესპანეთამდეც. 
მესურსათე ძმების მოქმედების არეალი 1400 წლითვის

თანამედროვე მეკლენბურგელები XV საუკუნის მეკობრეების ფორმაში, 2007 წ. 
მათი ყველაზე ცნობილი მეთაური იყო კაპიტანი კლაუს სტიორტებეკერი, რომელიც პირველად წყაროებში გვხვდება როგორც მესურსათე ძმა (1394 წ.). ქვემოგერმანულად, სტიორტებეკერი ნიშნავს „დალიე ძირამდე" - გადმოცემით, კლაუსს შეეძლო ოთხი ლიტრი ლუდის ისე დალევა რომ კათხისთვის პირი არ მოეცილებინა. თუმცა ეს, შესაძლოა, უბრალოდ, საგვარეულოს სახელი იყოს ვისმარიდან. 1401 წელს, ჰამბურგული სამხედრო გემი „Die Bunte Kuh", რომელსაც სიმონ უტრეხტელი მეთაურობდა, მცირე ფლოტილიას მიუძღოდა. ის სტიორტებეკერის ძალებს გადააწყდა ჰელიგოლანდის მახლობლად. ცნობილი მეკობრე სამი დღე გაურბოდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ სიმონ უტრეხტელმა მაინც შეძლო მათი მახეში მოქცევა და დატყვევება. კლაუსი და მისი ეკიპაჟი ჰამბურგში წაიყვანეს, სადაც გასამართლების შემდეგ, თავები დააყრევინეს. 
ტყვე მეკობრეები და მათი მეთაური კლაუს სტიორტებეკერი
ხომალდებიდან ჩამოჰყავთ ჰამბურგში


კლაუს სტიორტებეკერი. მისი თავის ქალის მიხედვით
 გაკეთებული რეკონსტრუქცია
(ჰამბურგის მუზეუმი)
ამით მეკობრეობა არ დასრულებულა. ერიკ პომერანიელისა (სხვადასხვა დროს დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე) და ჰოლშტინის გრაფებს ომის დროს (დაახლ. 1416 წ.), როდესაც ამ უკანასკნელებმა, როგორც ადრე მეკლენბურგი ჰერცოგებმა, თავიანთი პორტები გახსნეს მეკობრე-კაპერებისთვის. 1429 წელს, სტიორტებეკერის დასჯიდან 28 წლის შემდეგ, მეკობრეები კვლავ დაესხნენ თავს მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქ ბერგენს, გაძარცვეს, გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს. 1440 წლამდე, ისინი დროებით გოტლანდზეც გამოჩნდნენ და ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში ვაჭრობას საფრთხე შეუქმნეს. საუკუნის ბოლოსთვის, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები საკმარისად ძლიერები და ორგანიზებულები იყვნენ საიმიოდ რომ მეკობრეები მოეგერიებინათ, ამიტომ, ამ დროიდან, მეკობრეობა მათ ზღვებში ფაქტობრივად გაქრა.  


ნიკა ხოფერია