ლაზიკის ომი – ლანდშაფტი, სივრცე, რესურსები


VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს პერიოდში მომხდარ მრავალრიცხოვან ომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთული, აღმოსავლეთ ფრონტზე, სამხრეთ კავკასიაში, ლაზიკის სამეფოს ტერიტორიაზე სპარსელებთან ომი იყო. ორივე მხარეს, ბიზანტიის იმპერიასაც და სასანურ სპარსეთსაც, განსაკუთრებული სტრატეგიული ინტერესები გააჩნდათ და შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ თმობდა პოზიციებს. ხშირად მაშინაც კი, როდესაც სხვა ფრონტებზეც იბრძოდნენ და ძალების გაგზავნა ლაზიკის მიმართულებით, უჭირდათ. (აქ მოცემული სტატია წარმოადგენს საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები", 25-27 ოქტომბერი, 2017 წელი. თბილისი, 2018. დაბეჭდილ მიმოხილვას, იგივე დასახელების ვრცელი ნაშრომის მოკლე გეგმას)

ისტორიკოსი დევიდ ბრაუნდი აღნიშნავს, რომ V-VI საუკუნეებში, პირველად, პომპეუსის შემდეგ, ლაზიკაში ომს უცხოეთის დიდი არმიები აწარმოებდნენ. მანამდე აქ მხოლოდ ზღვის სანაპირო ზოლის გაყოლებით განლაგებული რომაული გარნიზონები იდგა, ამ პერიოდში კი გაცილებით უფრო დიდი ბიზანტიური ძალები სანაპიროდან ქვეყნის შიდა მხარეებისაკენ მიიწევდნენ, სადაც თავიანთი საყრდენი პუნქტების შექმნასაც კი ცდილობდნენ. ამავე დროს, საკუთრივ ლაზიკის ტერიტორიაზე პირველად გააქტიურდნენ სპარსეთის ძალები და ზღვამდეც კი წარმატებით მიაღწიეს [ბრაუნდი, 2014: 388].
ხანგრძლივი ომი სხვადასხვა თანადროულ ავტორთა თხზულებებში აღიწერა, მათ შორის ორი უმთავრესი წყაროა VI საუკუნის ავტორების პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის თხზულებები.[1] ისინი გვაძლევენ ომის საინტერესო აღწერილობას, რომელშიც მრავალი საინტერესო დეტალი ვლინდება და საშუალებას გვაძლევს სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი კვლევა ლაზიკის ომის მიმართულებით და ეს ომი თავისი ეპოქის გადმოსახედიდან, უკეთ შევაფასოთ. ამ ნარკვევში შევეხები ლაზიკის ომის სამხედრო კუთხით სრულფასოვნად შესწავლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხებს – ლანდშაფტს, სივრცესა და რესურსებს.[2]  როგორც ცნობილი ბიზანტისტი, ჯონ ჰალდონი წერს, ხშირად სათანადოდ არ აფასებენ იმ გარემოებებს, რომელსაც ისტორიაში ფიზიკური პარამეტრები: გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, რესურსების რაოდენობა განსაზღვრავს [Хэлдон, 2007: 75].  
ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I. რავენას სან ვიტალეს ბაზილიკის მოზაიკის ფრაგმენტი
მოზაიკის ფრაგმენტი რავენას სან ვიტალეს ბაზილიკიდან, რომელზეც მეცნიერთა აზრით, იუსტინიანე I-ს გამოჩენილი მხედართმთავარი, ბელიზარიუსია გამოსახული

სამხედრო მოქმედების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი რელიეფ-ლანდშაფტის გათვალისწინებას. ჩასაკეტად ადვილი ვიწრო ხეობების, გადასალახად რთული მაღალი მთების, გასამაგრებლად მოხერხებული გორების, ხშირი გაუვალი ტყეების, ძნელად დასაძლევი მდინარეების მოხერხებული სამხედრო-სტრატეგიული გამოყენება საომარი მოქმედების წარმატებული დაგვრიგვინების გარანტია იყო [გამყრელიძე, 1993: 27]. ჩვენთვის კვლევის საგანს წარმოადგენს თუ რა ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეს ომი, როგორი ლანდშაფტი იყო სხვადასხვა ტიპის ბრძოლებისთვის, შეიძლებოდა თუ არა ძლიერი თავდაცვის ორგანიზება, საფარის მოწყობა მტრისთვის, თავის შეფარება მიუვალი ადგილებისთვის, საზღვაო გზების გამოყენება, რომელ სეზონებზე იყო მოსახერხებელი ბრძოლები, რა მასშტაბების სამხედრო ძალების მოქმედებისთვის იყო იდეალური ლაზიკის მიწაწყალი და როგორ შეიძლებოდა არმიის მომარაგებისა და კომუნიკაციის პრობლემების მოგვარება.

ლანდშაფტი და სივრცე
            ლაზიკას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და კარგად დაცული სივრცე ეკავა - მის სამხრეთით მცირე კავკასიონი და სამხრეთ საქართველოს მთიანეთი უდგებოდა, ჩრდილოეთით - დიდი კავკასიონი.[3] კოლხეთის დაბლობის გარდა, რომელიც ლაზიკის სამეფოს ბირთვს წარმოადგენდა, ლაზიკაში და მის მორჩილ და მოკავშირე მხარეებში, ძირითადად მთაგორიანი რელიეფი იყო (საქართველოს ტერიტორიის 1/5 მაღალმთიანია). როგორც გელა გამყრელიძე აღნიშნავს, საქართველოს მთიანეთი როგორც დაასახლებლად არის მოსახერხებელი, ასევე, აქ დიდი რაოდენობით მოიპოვება საშენი მასალაც [გამყრელიძე, 2005: 6]. დასავლეთ საქართველოში მეტალურგიულად მდიდარი რეგიონებია – რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, აფხაზეთი, აჭარა. ეს სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორია. კოლხეთის დაბლობისთვის, რომელიც საქართველოში ყველაზე წყალჭარბი ადგილია, დამახასიათებელი იყო ჭაობები. ჰავა აქ ტენიანი და თბილია, წვიმები კი - ხშირი.[4] 
კოლხური ტყე


ყველაზე წყალუხვი მდინარე, რომელიც ლაზიკის სამეფოს ტერიტორიაზე მოედინებოდა, იყო რიონი, რომელსაც ანტიკური ხანის ავტორები უმეტესად ფასისის სახელით იხსენიებდნენ. ასევე მდინარეები ჭოროხი (აკამფსისი), ცხენისწყალი (ჰიპისი) და ა.შ. თბილი და ნოტიო ჰავის გამო, ლაზიკის სამეფოს დიდ ნაწილს ფარავდა ხშირი, კოლხური ფოთლოვანი ტყეები. თანაც, დღევანდელთან შედარებით, ანტიკურ ხანაში, ტყიანი საფარი კიდევ უფრო ფართო იყო და მისი გავლა განსაკუთრებით რთული იქნებოდა[5], რასაც ისტორიული წყაროებიც ადასტურებენ. დასავლეთით, ქვეყანას მთლიანად შავი ზღვა (ევქსინის პონტო) საზღვრავდა. მრავალფეროვანი იყო ამ მხარის ფაუნაც. ყველა ეს გეოგრაფიული თავისებურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ლაზიკაში მიმდინარე დიდ ომზე, თითოეულ სამხედრო მოქმედებაზე, ლაშქრობასა და ბრძოლებზე.
პროკოპი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ბუნებრივ გარემო პირობებზე ლაზიკაში და მის როლზე ომის მიმდინარეობაში. მათი თვალთახედვის არეში ხვდება ამ მხარის მაღალმთიანი რეგიონები, დიდი ტყეები და მდინარეები, ასევე ზღვის სანაპირო.

მთები და უღელტეხილები
ლაზიკის მთაგორიან რელიეფს დიდი გავლენა ჰქონდა აქ გამართულ სამხედრო მოქმედებებზე და ხშირად განსაზღვრავდა ორივე მებრძოლი მხარის ტაქტიკასა და სტრატეგიას. როგორც პროკოპი კესარიელი აღნიშნავს, ლაზიკე ყველგან, მდინარე ფასისის როგორც აქეთ ისე იქითა მხარეზე, გაუვალია. ქვეყნის ორსავე მხარეს უზარმაზარი კლდეებია, რომლებიც იქ დიდ მანძილზე ვიწრობებს ქმნიან [BP II, 29; გეორგიკა II, 1965: 102-103].  მთებში ბრძოლა, მაღლობების დაკავება, მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევდა მხარეს, თუ ამ ადგილებში მოახერხებდა მოწინააღმდეგის ბრძოლაში ჩათრევას. „როდესაც ბრძოლაში ერთვები მტერთან და იმყოფები ტყე-მთიან ან სწორ ადგილზე, საჭიროა დაიკავო მაღლობი და დაეყრდნო ადგილმდებარეობის სტრატეგიულ ფორმას, რომელიც საჭიროა შეტევისა და მტრის შეჩერებისთვის და საშუალებას იძლვა სწრაფად დაესხა თავს მოწინააღმდეგეს. ამ შემთხვევაში შენ მოიპოვებ გამარჯვებას ბრძოლაში” [Сойер, 2008: 171]. მთები თავშესაფარსაც წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ლაზიკის ჩრდილოეთით, თანამედროვე სვანეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ტომებს – მისიმიელებს. აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, მისიმიელებს, იმის იმედი ჰქონდათ, რომ მათი ადგილები ძნელი გასავლელი იყო და რომაელები ვერ შეძლებდნენ აქ თავისუფლად მოქმედებას, ამიტომ აჯანყება თამამად დაიწყეს. „ერთი მთა დაჰყურებს ამ ქვეყანას, არც თუ ძალიან მაღალი, არც ძალიან დაკიდებული, მაგრამ ძალიან დაქანებული და ყოველ მხრით ციცაბო კლდეებით მოხშირებული; შუაში ვიწრო და უვალი გზა მოჩანს, რომელიც ერთი, გაბედულად მომავალი, კაცისთვისაც კი ადვილი სავალი და დასაძლევი არ არის, ისე რომ, თუ თხემზე ვინმე დგას და წინააღმდეგობას უწევს იქ ამავალთ, ვერასდროს მტერი ვერ გადალახავს მას, მაშინაც კი ვერა, ურიცხვი რომ იყოს მტერი, ან ყველანიც რომ მჩატენი და მსუბუქად შეიარაღებულნი იყვნენ, როგორნიც არიან, მაგალითად, ისავრიელები, სწორედ ასეთი ადგილმდებარეობის იმედით მოჰკიდეს ხელი მისიმიელებმა უკიდურესად უგუნურ საქმეს”(აჯანყებას ნ.ხ.) [Agathias, IV, 16; გეორგიკა III, 1936: 162-163].
მძიმედ აღჭურვილი ირანელი კატაფრაქტი, VI ს.
ირანული საბრძოლო სპილო, VI ს.
 „მისიმიელებთან] მეტი წილი საცხოვრებელი სახლებისა თვით ზღუდის შიგნით კი არ იყო, არამედ ერთს, იქვე ახლოს აღმართულ კლდეზე; აქაური ნაპრალებისა და დიდ მანძილზე გადაჭიმული ციცაბო ლოდების გამო შეუძლებელი იყო უცხოელთა და შეუჩვეველთათვის ამ ადგილებზე გავლა. ადგილობრივი მცხოვრებლები კი, რომლებიც ამ ადგილებში გამოცდილნი იყვნენ, თუმცა დიდის წვალებით მაგრამ მაინც ახერხებდნენ, როდესაც დასჭირდებოდათ, ვიწრო და მიმალული გზიდან ჩამოსვლას და ისევ უკან აძრომას. ამ კლდის ძირში, დაბლობ და გაშლილ ადგილას ამოჩუხჩუხებდა წყაროები მშვენიერი სასმელი წყლით, საიდანაც წყალი მიჰქონდათ ამ მთის მცხოვრებლებს” [Agathias, IV, 17; გეორგიკა III, 1936: 166].  მიუხედავად ამგვარი სირთულეებისა, საბოლოოდ, ბიზანტიელებმა მაინც შეძლეს მისიმიელების დასჯა და აჯანყების ჩახშობა. მთავარი ამ შემთხვევაში მისიმიელთა თავდაჯერებულობაა, რომ მტერი ვერ მოახერხებს მათ დასახლებებამდე მიღწევას, რომლებიც მთაგორიან და მიუვალ ადგილებშია. თუმცა, მათ ნაკლებად ჰქონდათ სამხედრო გამოცდილება ძლიერი, პროფესიონალური არმიისაგან თავდაცვისა და ვერ შეძლეს მაქსიმალურად გამოეყენებინათ თავიანთი სტრატეგიული უპირატესობა ბიზანტიელთა წინააღმდეგ.
მთაგორიანი რელიეფის უპირატესობას თვითონ ლაზებიც იყენებდნენ. ისინი თავს აფარებდნენ მთებს მაშინ, როდესაც ბიზანტიელებს არ შეეძლოთ სათანადოდ დაეცვათ თავიანთი პოზიციები, ლაზები კი სპარსელებს ვერ გაუმკლავდებოდნენ. ამის გამო მეფე გუბაზს და ლაზების საკმაოდ დიდი ნაწილს, მთებში გამოზამთრებაც კი მოუხდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ გაცილებით ციოდა და სურსათით მომარაგებაც ძალიან ჭირდა. როგორც პროკოპი კესარიელი წერს, „მტრებისაგან იქ შეწუხება არაფერი განუცდიათ, რადგან თავდამსხმელთათვის ეს მთები – საზოგადოდ და კერძოდ ზამთარშიაც – მოუხერხებელი და სრულიად მიუვალია”[BG VIII, 16; გეორგიკა II, 1965: 205]. 
მაღალ და რთულად გასავლელ მთებად მიიჩნევს პროკოპი კესარიელი მთებს, რომლებიც მისი აღწერით, იბერიის ტერიტორიაზე, მესხების მიწაზეა - „ამ ქვეყანაში მთები მეტად მაღალია, უზარმაზარი და საშინლად მიუვალი. და ისინი გავრცელებულია ვიდრე კავკასიის მთებამდე” [BG VIII, 2; გეორგიკა II, 1965: 126-127].  თუმცა, განსხვავებით ლაზიკისა და მისიმიელთა მხარის მთიანი ადგილებისგან, „მესხეთის მთები არც მწირია და არც ნაყოფიერებას მოკლებული, არამედ სავსეა ყოველგვარი სიკეთით, რადგან მესხებიც მარჯვე მიწისმუშები არიან და იქ ვენახებიც არის” [BG VIII, 2; გეორგიკა II, 1965: 126-127].  შესაბამისად, ომიანობის დროს ან გამოზამთრებისას, რესურსების მოპოვება აქ უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე ლაზიკაში.
ლაზები, უმეტესად, მაღლობებში აშენებდნენ ციხესიმაგრეებს, რადგან ასეთი ციხეები უფრო ძნელად მისადგომი და ასაღები იყო მტრისთვის. პროკოპი კესარიელის მიხედვით, მათ მდინარე რეონის სანაპიროზე, ძველადვე აუგიათ ციხე, რომელიც შემდეგ ხანებში მათ ,ძირითადად, მიწასთან გაუსწორებიათ, რადგან ის მეტად დაბალ ვაკეზე მდებარეობდა და, მათი აზრით, ადვილი მოსავლელი იყო. მაშინ ამ ციხეს კოტიაიონს უწოდებენ ელინური ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან [BG VIII, 14; გეორგიკა II, 1965: 195].  მსგავსი ცნობა გვაქვს კიდევ ერთი ციხის – როდოპოლისის ანუ ვარდციხის შესახებ - „დაბლობში ერთი ქალაქი იყო, სახელად როდოპოლისი, რომელიც ყველაზე უწინარეს ხვდებოდა გზაზე იბერიიდან კოლხიდაში შემოსულთ; ადვილმისადგომი იყო და იერიშის მიტანაც სრულიად არ იყო ძნელი. ამიტომ ლაზებმა ის ამას წინათ მიწასთან გაასწორეს, რადგან ეშინოდათ სპარსელთა შემოსევისა” [BG VIII, 13; გეორგიკა II, 1965: 186-187].
სპარსელებისა და ბიზანტიელებისთვის სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო იმ უღელტეხილების კონტროლი, რომლებითაც იბერიიდან ლაზიკაში ლაშქრის გადაყვანის შესაძლებლობა არსებობდა. ეს გადასასვლელები იყო ლიხის ქედის დასავლეთ კალთებზე. უღელტეხილების კონტროლით, ბიზანტიელებს შეეძლოთ ხელი შეეშალათ ან საერთოდ აღეკვეთათ სპარსელების ფართო მასშტაბიანი ლაშქრობები ლაზიკაში. სპარსელებს კი  უღელტეხილების ხელში ჩაგდება საშუალებას მისცემდა ლაზიკაში თავიანთი მიზნებისთვის მიეღწიათ. სპარსული მმართველობის ქვეშ მყოფ იბერიასთან მუდმივი კავშირი, სპარსელთა ზურგის დაცულობას უზრუნველყოფდა და რეგულარულ გამოსაზამთრებელ ადგილისაც წარმოადგენდა მათთვის. ვინაიდან საომარი მოქმედებები, როგორც წესი, ზამთარში უმთავრესად წყდებოდა და გაზაფხულზე განახლდებოდა ხოლმე. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მებრძოლ მხარეთათვის ჩრდილოეთით, კავკასიონის უღელტეხილების კონტროლი. ის, ვინც ფლობდა ამ უღელტეხილებს, ხშირად, გადამწყვეტი უპირატესობის მიღწევაც კი შეეძლო, მტრის ზურგში საკუთარი, მრავალრიცხოვანი მოკავშირეების – ჰუნების ან ალანების - გადმოყვანით.
 
ჯერ კიდევ ლაზიკის ომამდე პერიოდის აღწერისას, პროკოპი კესარიელი წერს, რომ, როდესაც იბერიის მეფე გურგენი, სპარსელებს გაურბოდა, ლაზიკის საზღვრებში მივიდა, აქ გაჩერდა და, ძნელგასავლელი ადგილებით (იგულისხმება უღელტეხილები ნ.ხ.) დაცული, ახერხებდა მტრის მოგერიებას. სპარსელები კი დაედევნნენ მას, მაგრამ მაინც ვერაფერი დააკლეს, რადგან საქმეს აფერხებდა ძნელგასავლელი ადგილები [BP I, 12; გეორგიკა II, 1965: 50-51].  თითქმის ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს შეხება ლაზიკის ომის პირველ ეტაპზე, მერმეროეს ჯარის ლაზიკაში ლაშქრობისას, როდესაც რომაელთა ასი კაცისგან შემდგარმა რაზმმა ხანგრძლივად შეძლო სპარსელების შეკავება უღელტეხილებზე და მხოლოდ მაშინ დათმო პოზიციები, როდესაც მეომრები დაიღალნენ და წინააღმდეგობის გაწევა უკვე აღარ შეეძლოთ [BP II, 30; გეორგიკა II, 1965: 110]. 
თუ რატომ იყო მრავალრიცხოვან სპარსელთათვის ასეთი მცირერიცხოვანი რაზმის დამარცხება რთული ამ პოზიციაზე, ჩანს შემდგომ ცნობაში - „იბერიიდან კოლხიდაში მიმავალი გზა, რომელიც ყველგან დაქანებული ნაპრალებითა და დაბუჩქული ძნელსავალი ადგილებით იყო დასერილი და ისე დაფარული უღრანი ტყეებით, რომ მსუბუქად დატვირთულ კაცსაც კი გაუჭირდებოდა წინათ აქ გავლა” [BG VIII, 13; გეორგიკა II, 1965: 182-183].[6]  ვიწრობში მრავალრიცხოვნება გარკვეულწილად კარგავს მნიშვნელობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეს ძლიერი თავდაცვითი პოზიცია უჭირავს. ამის გამო, სპარსელების ზარალი, რომელიც მათ უღელტეხილების გავლის დროს მიადგათ – 1000 კაცი  – შეიძლება გაზვიადებული იყოს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მათ საკმაო ზარალი უნდა ენახათ. ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების აღმოსავლური სამხედრო ტრაქტატებიც მრავალრიცხოვან არმიებს ურჩევენ თავი აარიდონ ვიწრობებში ბრძოლას: „ომში, თუ შენი არმია მრავალრიცხოვანია, მოწინააღმდეგეს კი მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავს, არ ჩაება მასთან ბრძოლაში ვიწრობებსა და ხეობებში. უნდა აირჩიო სწორი და მოსახერხებელი, ფართო და ხალვათი ადგილი” [Сойер, 2008: 75]. 
მიუხედავად იმისა, რომ იბერიიდან ლაზიკაში გადასასვლელი უღელტეხილები რთულად გასავლელი იყო, ლაზიკის მხრიდან მისი კონტროლისთვის და შემოჭრილი მტრისთვის გზის გადასაღობად, ლაზებს მაინც ჰქონდათ აგებული სიმაგრეები სტრატეგიულ პოზიციებზე. „იბერიის საზღვრებიდან რომ შედიხარ, იქვეა ლაზების მიწაწყალზე ორი სიმაგრე (იგულისხმება სკანდა და სარაპანისი/შორაპანი ნ.ხ.)[7], რომელთა დაცვა ძველთაგანვე ადგილობრივი მცხოვრებლების საზრუნავს შეადგენდა”[BP I, 12; გეორგიკა II, 1965: 51-52][8] აღნიშნავს პროკოპი კესარიელი. მას შემდეგ, რაც ბიზანტიელებმა დაიწყეს ფეხის მყარად მოკიდება ლაზიკაში, იუსტინიანემ საჭიროდ ჩათვალა ამ ციხესიმაგრეების კონტროლი და მათში უფრო საიმედო გარნიზონების ჩაყენება, რადგან არ ყოფილიყო ლაზების ერთგულების იმედზე - „მეფემ [ბიზანტიის იმპერატორმა ნ.ხ.] გამოიყვანა იქიდან ეს მცველები და რომაელ ჯარისკაცებს უბრძანა სიმაგრეების სადარაჯოზე დამდგარიყვნენ”[BP I, 12; გეორგიკა II, 1965: 51-52].[9] ლაზთა მეფე გუბაზი ხედავდა რომ ბიზანტიელები სათანადოდ ვერ იცავდნენ იბერია-ლაზიკის გადასასვლელებს და მათგან მოითხოვდა გაეძლიერებინათ ამ ადგილების კონტროლი, რათა სპარსელები ლაზიკაში არ შეჭრილიყვნენ [BP II, 29; გეორგიკა II, 1965: 102-103].
სურსათ-სანოვაგით მომარაგების  პრობლემების გამო, ბიზანტიელებს უჭირდათ ციხეების შენარჩუნება და სკანდა და სარაპანისი სპარსელების ხელში გადავიდა, მას შემდეგ კი, რაც კვლავ დაიბრუნეს, ლაზებმა ციხეები მიწასთან გაასწორეს, რათა მოწინააღმდეგე არ გამაგრებულიყო შიგნით. თუმცა სპარსელებმა, რომელთაც ესმოდათ  ამ სტრატეგიული ადგილების მნიშვნელობა, მათგან ერთი – სკანდის ციხე – კვლავ აღადგინეს [BG VIII, 13; გეორგიკა II, 1965: 186]. 
ვინაიდან ბიზანტიელები და ლაზები არ გეგმავდნენ მასშტაბური შეტევის განხორციელებას იბერიაში მტკიცედ ფეხმოკიდებულ სპარსელებზე, ვინაიდან ამისთვის აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობა არ ჰქონდათ და იცოდნენ რომ სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან დაუცველ იბერიას ხანგრძლივად ვერც შეინარჩუნებდნენ. ამასთანავე, იუსტინიანესთვის, ლაზიკის ფრონტი არ იყო ძირითადი საომარი სარბიელი. მისთვის მთავარი გახლდათ ამ მხარის შენარჩუნება და დაცვა სპარსელთაგან[10].
 არქეოპოლისის (ნოქალაქევი) გალავანი


ძირითადი სამხედრო კამპანიები კი სამხრეთში, სირია-მესოპოტამია და დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვისპირეთში რომაულ გავლენაში დასაბრუნებლად მიმდინარეობდა. სასანური სპარსეთი კი ლაზიკაში, ისევე, როგორც სირია-მესოპოტამიაში, ფართო, შეტევით კამპანიას აწარმოებდა, ამიტომ იბერიიდან ლაზიკაში გადასასვლელი გზების მოწესრიგება და მრავალრიცხოვანი რაზმების გადაყვანისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო. როდესაც სპარსეთის მეფის ხოსრო ანუშირვანის ჯარმა იბერიის გავლის შემდეგ ლაზიკის საზღვრებს მიაღწია, ამ დროისთვის მათი მოკავშირე ლაზების მეგზურობით, სპარსელებმა დაიწყეს ხეების მოჭრა, რომლებიც იქ, დაქანებულ ადგილებში, მეტად ხშირი, შტომრავალი და მაღალი იყო და ჯარისათვის იმ ქვეყანას სრულიად გაუვალს ხდიდა. მოჭრილი ხეებით გაუვალ ადგილებში გზებს აკეთებდნენ და ჯარი ახერხებდა მასზე ადვილად გავლას [BP II, 17; გეორგიკა II, 1965: 82]. შემდგომში, მერმეროემაც ისე მოაწესრიგა გზები, რომ „არა თუ მთელმა მათმა ცხენოსანმა ჯარმა გაიარა იქ დაუბრკოლებლად, არამედ სპილოებიც გაატარეს, რამდენიც სურდათ, და ისე ილაშქრეს იქ” [BG VIII, 13; გეორგიკა II, 1965: 182-183]. 

მდინარეები
წყლის რესურსები, სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული ობიექტებია. წყალი არის განსაკუთრებულად საჭირო რესურსი არმიებისთვის, რომელთაც მუდმივად ესაჭიროებათ დიდი რაოდენობით წყალი. ამიტომ, მხარეთა საბრძოლო სტრატეგიაში, წყლის რესურსების კონტროლი, ლაშქრის წყლის რესურსებით მდიდარ მხარეებში ან ასეთი მხარეების მახლობლად მოძრაობას, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ლაზიკა წყლის რესურსებით მდიდარი მხარე იყო და როგორც ეს თანადროულ წყაროებშიც ჩანს, წყლის ნაკლებობა იშვიათად აწუხებდათ არმიებს, თვით ალყაში მოქცეულ გარნიზონებსაც კი.
პროკოპი, ლაზიკის გეოგრაფიის აღწერისას, პირველ რიგში მდინარეებს განიხილავს და შემდეგ ხსნის, როგორ იყო ამ ქვეყნის ციხე-ქალაქები და სხვა სტრატეგიული პუნქტები განაწილებული მათ ირგვლივ: „მდინარე ბოასი როცა მიაღწევს იმ ადგილს, სადაც კავკასიისა და იბერიის საზღვრებია, აქ, რადგან მას ბევრი სხვა წყალიც ემატება, ის იზრდება ძალიან და, ნაცვლად ბოასისა ამიერიდან ფასისად წოდებული, განაგრძობს მდინარეობას, ნაოსნობისათვის გამოსადეგი ვიდრე ევქსინად წოდებულ ზღვამდე, სადაც მისი შესართავია, და მის ორივე მხრით ლაზიკე არის. მაგრამ მარჯვნივ მთელი ის ქვეყანა დიდ მანძილზე ვიდრე იბერიის საზღვრებამდე დასახლებულია ადგილობრივი მცხოვრებლებით. ლაზთა სოფლები ხომ აქ ყველა მდებარეობს მდინარის აქეთა ნაპირას და ქალაქებიც მათ ძველითგანვე აქ აუშენებიათ, მათ შორის არის არქეოპოლისი, ძალიან გამაგრებული, სევასტოპოლიც არის აქ და პიტიუნტის სიმაგრეც, ხოლო სკანდა და სარაპანი – იბერიის საზღვრებისაკენ. ყველაზე შესანიშნავი ქალაქები კი მაინც არის აქ როდოპოლისი და მოხირისი. მდინარის მარცხნივ, ისეთ მანძილზე, რომელსაც ერთ დღეში გაივლის მსუბუქად დატვირთული კაცი, ლაზიკის საზღვრებია...” [BP II, 29; გეორგიკა II, 1965: 100-101].
ლაზიკის მდინარეები არ იყო განსაკუთრებულად რთულად გადასალახი და ჯარს შეეძლო მათზე ფონის მონახვა და გადასვლა, თუმცა, ადგილმდებარეობის კარგად მცოდნე გამყოლების დახმარებით. როდესაც ხოსროს ჯარი პირველად შეიჭრა ლაზიკაში ლაზი მეგზურების დახმარებით, ლაზებმა მოიმიზეზეს რომ ფასისის გადალახვა რთული იყო და ჯარს დიდ დროს წაართმევდა, რაც, როგორც პროკოპი აღნიშნავს, ლაზების მოგონილი მიზეზი იყო, რათა სპარსელები თავიანთი ძირითადი საბინადროებისკენ არ წაეყვანათ[11], ვინაიდან იცოდნენ, რას გამოიწვევდა დიდი ლაშქრის მოძრაობა მათ ქვეყანაში [BP II, 29; გეორგიკა II, 1965: 102-103]. ერთ ეპიზოდში პროკოპი წერს: „[მეფე გუბაზმა] კარგად იცოდა, რომ... ისინი ვერას გზით ვერ გადალახავდნენ ფასისს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ ნავები არ ჰქონდათ. ამ მდინარეს ხომ სიღრმე აქვს სხვებზე არა ნაკლები, სიგანითაც დიდ მანძილზეა გადაჭიმული” სისწრაფეც მას ისეთი აქვს, რომ ზღვაში ჩასული ის კარგა მანძილზე ცალკე მიმდინარეობს, ისე, რომ მას არ უერთდება, ამიტომ იქ მენაოსნეთათვის მოსახერხებელია შუა ზღვაში მიიღონ სასმელი წყალი. და მდინარის აქეთ ყველგან სიმაგრეებიც გაუკეთებიათ ლაზებს, რათა ნავებით მომავალი მტრისათვის ხმელეთზე გადმოსვლა არ ყოფილიყო შესაძლებელი” [BP II, 30; გეორგიკა II, 1965: 113]. 
მდინარე ცხენისწყალი

მაგრამ სხვა ეპიზოდებში აშკარად ჩანს, რომ ლაზიკის მდინარეების გადალახვა რომ განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა: „მერმეროემ სადაც ფასისის გადასვლა შეიძლება ფონში, გადალახა ეს მდინარე ფეხით, გადალახა აგრეთვე მეორე მდინარეც, სახელად რეონი... [მისი ჯარიდან] ზოგიერთების გამოკლებით ყველანი ცხენოსნები იყვნენ და მათ რვა სპილო მიჰყვებოდა თან”. [BG VIII, 13; გეორგიკა II, 1965: 182]. ამ ეპიზოდის მიხედვით, ისიც ირკვევა, რომ მდინარეების გადალახვა არა მხოლოდ ქვეითებისთვის იყო ადვილი, არამედ, ცხენოსანი ჯარისა და საბრძოლო სპილოებისთვისაც კი. შესაბამისად, მდინარეები, საომარ სეზონებზე, არ იყო რთული გასავლელი. აგათიას მიხედვით, სპარსელმა სარდალმა, ნახორაგანმა, საპონტონე ხიდით გადალახა მდინარე - „მაშინვე გვიან ღამით ჩაუშვა მდინარეში ნავები, რომლებიც თან მოჰქონდა ურმებით, ერთმანეთს გადააბა და უცბად, ისე რომ რომაელებმა ვერაფერი გაიგეს, რაღაც ხიდის მაგვარი გასდო და გადაღმა გადაიყვანა მთელი ჯარი” [Agathias, III, 20; გეორგიკა III, 1936: 98].  ეს სპარსელთა სამხედრო-საინჟინრო ცოდნაზეც მეტყველებს და იმაზეც, რომ ლაზიკის მდინარეებზე ამგვარი ხიდის გაკეთება შესაძლებელი იყო.
ზოგჯერ მებრძოლი მხარეები ხელოვნურადაც უცვლიდნენ მდინარეებს კალაპოტს თავისდა საჭიროებისთვის, მაგალითად, ბიზანტიელებმა თხრილის მეშვეობით, ფასისის (რიონის) ნაკადი დოკონოსში (ტეხურში) გადაუშვეს და შექმნეს ხელოვნური კუნძული, სადაც ბიზანტიური სამხედრო რაზმები შეიკრიბნენ [Agathias, III, 21; გეორგიკა III, 1936: 38]. ამით ბიზანტიელებმა დამატებითი წინაღობა შეუქმნეს სპარსელებს და საიმედო, დაცული პოზიცია დაიკავეს.
ლაზიკის მდინარეებიდან, ხობს, ტეხურას, ფიჩორს, სუფსას და განსაკუთრებით, რიონ-ყვირილას სატრანსპორტო-გადასაადგილებელ გზებად იყენებდნენ [გამყრელიძე, 2005: 27]. შესაბამისად, მდინარეებს დამატებითი სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა. სამდინარო გზებით შეიძლებოდა როგორც ჯარის სწრაფად გადასხმა სხვადასხვა ადგილებზე, სადაც სანაოსნოდ გამოსადეგი მდინარე გადიოდა, ასევე, რესურსების, სურსათ-სანოვაგის გადატანაც. ყველაზე მსხვილი სანაოსნო მდინარე იყო ფასისი – რიონი: „ამ მდინარეს ხომ სიღრმე აქვს სხვებზე არა ნაკლები, სიგანითაც დიდ მანძილზეა გადაჭიმული” სისწრაფეც მას ისეთი აქვს, რომ ზღვაში ჩასული ის კარგა მანძილზე ცალკე მიმდინარეობს, ისე, რომ მას არ უერთდება, ამიტომ იქ მენაოსნეთათვის მოსახერხებელია შუა ზღვაში მიიღონ სასმელი წყალი” [BP II, 30; გეორგიკა II, 1965: 113]  – წერს პროკოპი კესარიელი. მდინარე რიონში საკმაოდ დიდ ხომალდებს შეეძლოთ მოძრაობა, როგორც სავაჭროს, ისე სატვირთოსა და სამხედროს: „[ბიზანტიელებმა] ჯარით აავსეს ტრიერები და რაც კი ოცდაათნიჩბიანი ნავები იდგა მზად, და სასწრაფოდ გაჰყვნენ წყლის მდინარებას“ [Agathias, III, 20; გეორგიკა III, 1936: 99]. „[ბიზანტიელებმა] დიდი სატვირთო ხომალდები ზღვის ნაპირას და ფასისის შესართავთან მიაცურეს ქალაქის მახლობლად; ამ ხომალდებს ზემოთ ნავები ჰქონდათ, თვით ანძების თოკებით მაგრად ჩამოკიდებული, რომლებიც ციხის კოშკებზე უფრო დიდი იყვნენ და უფრო მაღლაც. ზედ კი მეომრები იდგნენ და ყველაზე გაბედული და მამაცად მებრძოლი მეზღვაურები, მშვილდისრებითა და შურდულებით შეიარაღებულნი და სათანადო შორსმტყორცნელი მანქანებითაც მომარაგებულნი” [Agathias, III, 20; გეორგიკა III, 1936: 102].
ციხისძირის ციხე, რომელიც მკვლევართაგან პეტრას ციხედ მიიჩნევა

 „[ბიზანტიელმა სარდლებმა] განკარგულება მისცეს რაზმის უფროსს დაბრაგეზას, ეროვნებით ანტს, და ერთ ჰუნნს ელმინგირეს, მწყობრის უფროსს, ათი ორსაჭიანი ნავი აევსოთ ჯარით, რომელიც მათ ხელქვეით იყო” [Agathias, III, 20; გეორგიკა III, 1936: 103]. „რომაელთა ორი ოცდაათნიჩბიანი ნავი, ცარიელი, სპარსელებმა იგდეს ხელთ; ეს ოცდაათნიჩბიანი ნავები მიდიელი ჰოპლიტებით იყო სავსე და მდინარეში იდგა ღუზაჩაშვებული და წვრილი თოკებით ნაპირას მიბმული” [Agathias, III, 20; გეორგიკა III, 1936: 103]. „[იოანე ლიბიელი] როდესაც ის კოლხეთში მივიდა, იგივე მოიმოქმედა; მას რაღაცნაირად შეეძინა სატვირთო ხომალდები და ადგილობრივ ნაყოფებს იძენდა...” [Agathias, IV, 22; გეორგიკა III, 1936: 179].

რესურსები
ომის დროს, მებრძოლი მხარეებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ადგილობრივ პირობებში საჭირო რესურსების მოძიება წარმოადგენს. როგორც ანტიკურ, აღმოსავლურ სამხედრო ტრაქტატშია აღნიშნული: „თუ ჯარს მარაგი და აღჭურვილობა თან არა აქვს, ის უკვე განწირულია; თუ მას სურსათ-სანოვაგე არ მიაქვს, უკვე განწირულია და თუ არსენალი არ გააჩნია, ასევე განწირულია” [სუნ ძი, 2007: 198]. ლაზიკის ომი ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური და შუა საუკუნოვანი ისტორიული წყაროები არც ისე მდიდარია არმიათა მოქმედებების, მათი რეალური პრობლემებისა და მდგომარეობის აღწერის ცნობებით, პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის თხზულებები მაინც გვაძლევს საშუალებას ამ საკითხებზე ზოგადად ვიმსჯელოთ.
            კავკასიონი, ანტიკავკასიონი, ლიხის ქედი და შავი ზღვა ქმნის ბუნებრივად შემოზღუდულ ტერიტორიას, რომლის შუაშიც კოლხეთის ბარ-დაბლობი და მთისწინეთი ექცევა. ეს ტერიტორია კოლხეთის (ლაზიკის) მთავარი აგრარულ-სამეურნეო რეგიონი იყო. პროკოპის ცნობით, რესურსებით ყველაზე მდიდარი მხარე ლაზიკაში იყო არქეოპოლისიდან ერთი დღის სავალზე მდებარე მოხირისი, მდინარე რიონის შუაწელზე [გამყრელიძე, 1993: 35]. თუმცა, მთლიანობაში, პროკოპის და აგათიას ცნობების მიხედვით, ჩანს, რომ ჯარისთვის ლაზიკაში საკვების მოპოვება, საკმაოდ რთული იყო, თანაც ადგილობრივ პირობებთან და საჭმელ-სასმელთან შეგუება, უცხოელებისათვის ადვილი არ გახლდათ. იბერია-ლაზიკის საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრეების – სკანდასა და სარაპანისის მიმდებარე ტერიტორიებზე, მისი თქმით: „არ მოდის არც ხორბალი, არც ღვინო, არც სხვა რამ სიკეთე. სხვა ადგილიდან რისამე შემოზიდვა, ვიწრობების წყალობით შეიძლება მხოლოდ ისე, თუ კაცები თვითონ მოიტანენ[12]. მაინც, რადგან იქ რამდენადმე ქვრიმა მოდიოდა, ლაზები ახერხებდნენ, ჩვეულებისამებრ, თავის გამოკვებას. მეფემ გამოიყვანა იქიდან ეს მცველები და რომაელ ჯარისკაცებს უბრძანა სიმაგრეების სადარაჯოზე დამდგარიყვნენ. თავდაპირველად მათ ლაზები აწოდებდნენ ძლივს-ძლივობით საჭირო სურსათს, მაგრამ შემდეგ მათ უარი განაცხადეს ამ სამსახურზე და რომაელებმა ეს სიმაგრეები დატოვეს” [BP I, 12; გეორგიკა II, 1965: 51-52].  ამას პროკოპი სხვაგანაც აღნიშნავს: „ამ ციხეებს ლაზები ძველად დიდი გაჭირვებით იცავდნენ, რადგან იქ საზრდო სრულიად არაფერი მოდის და ადამიანებს ზურგით უხდებოდათ იქ სურსათის მიტანა... [იუსტინიანემ] გარეკა აქედან ლაზები და რომაელ ჯარისკაცთა რაზმი ჩააყენა, მაგრამ ესენი ცოტა ხნის შემდეგ იძულებული იყვნენ, სურსათის ნაკლებობის გამო, ეს ციხეები დაეტოვებინათ, რადგან ვერ აიტანეს ქვრიმით[13] საზრდოობა დიდი ხნის განმავლობაში: კოლხები ხომ ამით იკვებებოდნენ, რომაელებისთვის კი ეს უჩვეულო იყო; ლაზებმა კი შორი გზიდან ყველა ამ სურსათის მოტანას უკვე ვეღარ გაუძლეს” [BG VIII, 13; გეორგიკა II, 1965: 186].
გონიოს ციხე

ლაზიკის ტერიტორიის სიღარიბე რესურსებით ჩანს იმ მონაკვეთში, როდესაც ბიზანტიის ჯარში მომსახურე ვინმე იოანე ლიბიელმა დაიწყო პროდუქტების ყიდვა ლაზიკაში და სატვირთო ხომალდებით გადაზიდვა, აქ მოქმედი ჯარები დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ - „პირველ საჭიროების საგანთა ნაკლებობა შეექმნათ ჯარებს, ისე რომ ბალახიც კი საყიდელი იყო” [Agathias, IV, 22; გეორგიკა III, 1936: 179].  აგათია სქოლასტიკოსი ერთ მონაკვეთში გადმოგვცემს, როგორ ცუდად იქცეოდნენ ბიზანტიელები, როდესაც ლაშქრობის დროს, ლაზთა სახლებს ძარცვავდნენ „ქვრიმას, ასლისა და სხვა რაღაც საჭმელების” საშოვნელად [Agathias, II, 21; გეორგიკა III, 1936: 35].  თუმცა, ეს ფაქტი არ არის გასაკვირი მოშიმშილე ჯარისგან, რომელსაც სათანადო მომარაგება არ გააჩნია და იძულებული ხდება თვითონ მოიპოვოს სანოვაგე. სპარსელებისთვის, რომელთაც ასევე სურსათის დიდი გაჭირვება ჰქონდათ, დიდი საჩუქარი იყო ბიზანტიელებთან შეტაკების შემდეგ, მათი სურსათ-სანოვაგის ხელში ჩაგდება, რასაც აგათია სქოლასტიკოსი „შემოსავლიან გამარჯვებას” უწოდებს [Agathias, III, 7; გეორგიკა III, 1936: 59].
            როგორც ჩანს, შიმშილობა თავად ლაზებისთვისაც უცხო არ იყო, ამიტომ აქ მოლაშქრე თუ გამოზამთრებისთვის დაბანაკებულ არმიებიც ხშირად აწყდებოდნენ ამ პრობლემას. განსაკუთრებით სპარსელები, რომელთაც მტრულ ტერიტორიაზე უხდებოდათ ბრძოლა, ბიზანტიელები და ლაზები კი მოკავშირეები იყვნენ და შესაბამისად, მომარაგების პრობლემა შედარებით ნაკლებად ჰქონდათ. როგორც პროკოპი წერს, შიმშილობა სპარსელებს დიდ ზარალს აყენებდა: „როდესაც ჯარში ჭირი გაჩნდა, მეტი წილი ჯარისა მოისრა; ბევრი მათგანი კი დაიღუპა სურსათის ნაკლებობის გამო” [Anecdota, II; გეორგიკა II, 1965: 224]. სხვა ეპიზოდში ვხედავთ რომ შიმშილობა ომიანობის ჟამს ლაზებსაც აწუხებთ: „გუბაზი მთის წვერზე ავიდა და იქ დაიზამთრა... დანარჩენმა ლაზებმა, გუბაზ მეფის პატივისცემით, ზამთარი აგრეთვე მწვერვალებზე გაატარეს; მტრებისაგან იქ შეწუხება არაფერი განუცდიათ, რადგან თავდამსხმელთათვის ეს მთები – საზოგადოდ და კერძოდ ზამთარშიაც – მოუხერხებელი და სრულიად მიუვალია, ხოლო შიმშილმა, სიცივემ და სხვა უბედურებამ კი სიკვდილის პირამდე მიიყვანა ისინი” [BG VIII, 16; გეორგიკა II, 1965: 205].
მძიმედ აღჭურვილი ბიზანტიელი კატაფრაქტი და ქვეითი მეომარი, VI ს.
რადგან სურსათის ადგილობრივ პირობებში მომარაგება საკმაოდ რთული იყო, სპარსელები ცდილობდნენ დიდი რაოდენობით შემოეტანათ ისეთი საკვები, რომელიც ხანგრძლივად გაძლებდა და მოემარაგებინათ თავიანთი ლაშქარი. რაც მათ საშუალებას აძლევდა ხანგრძლივი ალყებისთვისაც გაეძლოთ - „რადგან აქ მყოფი (პეტრაში) სპარსელები მამაცად იგერიებდნენ მტერს კედლებიდან, დიდი დრო დასჭირდა გარემოცვას, ვინაიდან სპარსელებს კარგა ბლომად მოემარაგებინათ თავიანთთვის სურსათი” [BP II, 29; გეორგიკა II, 1965: 99]. პროკოპის გადმოცემით, მერმეროემ იმდენი ტომარა სურსათი მიიტანა პეტრასთან, რომ დაცლილ ტომრებში შემდეგ ქვიშა ჩაყარეს და ჩამონგრეულ ადგილებზე დაალაგეს – სახელდახელოდ აღადგინეს კედელი, რის შემდეგაც „სამი ათასი მებრძოლიც გამოარჩია მან და იქ დასტოვა, რომელთაც სურსათი დაუტოვა” [BP II, 30; გეორგიკა II, 1965: 112]. მას შემდეგ, რაც მთელი სურსათი პეტრას გარნიზონს დაუტოვა, მერმეროე იძულებული გახდა ლაზიკა დაეტოვებინა, რადგან აქ სურსათის მოპოვება არ შეეძლო - „არაფერი საჭირო სახსარი აღარ ხვდებოდა, ყველაფერი კი, რაც ჯარმა იბერიიდან მოიტანა, პეტრაში დასტოვა” [BP II, 30; გეორგიკა II, 1965: 112].[14] ლაზიკაში სურსათის მოპოვების პრობლემები ჩანს შემდგომ მონაკვეთშიც: მერმეროე რომ მთებში მივიდა... ის ეშურებოდა იქიდან პეტრასთვის სურსათი მიეწოდებინა. მისი აზრით, იქაურს, სამიათას კაცისაგან შემდგარ მცველ რაზმს არ ეყოფოდა სურსათი, რომელიც მას ჰქონდა მარაგად. მაგრამ, რადგან ის, რაც მათ გზა-გზა იპოვეს, ძლივს კმაროდა ამ ჯარის გამოსაკვებად, რომელიც სულ ცოტა ოცდაათი ათასი კაცისაგან შედგებოდა, და იქიდან ვერაფერს გაგზავნიდნენ პეტრაში, რომ სათქმელად ღირებოდა, მან (მერმეროემ) მიზანშეწონილად დაინახა მეტი წილი ჯარისაგან გაეყვანა კოლხიდიდან და მცირეოდენნი დაეტოვებინა იქ, რომლებიც იმ სურსათიდან რომელსაც იშოვიდნენ, მეტნაწილს პეტრას სიმაგრეში მიაწოდებდნენ, დანარჩენს კი თვითონ მოიხმარდნენ. მან გამოარჩია და დატოვა იქ ხუთი ათასი კაცი, რომელთა სათავეშიც დააყენა ფავრიზი და სამი სხვა სარდალი. მისი აზრით, საჭირო არ იყო იქ მეტის დატოვება, რადგან მტერი არსად არ ჩანდა. თვითონ კი დანარჩენი ჯარით მივიდა პერსარმენიაში და დაისვენა დვინის მახლობელ სოფლებში” [BP II, 30; გეორგიკა III, 1936: 114-115]. როგორც ვხედავთ, მრავალრიცხოვან არმიას, ფაქტობრივად, არ შეეძლო მოქმედება ლაზიკაში, ვინაიდან, ადგილობრივ პირობებში ვერ მოიპოვებდა საკვებს, წაღებით კი, ხანგრძლივი კამპანიისთვის სამყოფ სურსათს ვერ წაიღებდნენ. ბიზანტიელებს ამ მხრივ დიდი უპირატესობა ჰქონდათ. შავ ზღვას და ლაზიკის სამხრეთ საზღვრებს ისინი აკონტროლებდნენ: ხოსრო იმ აზრს დაადგა, რომ ის ვერ შესძლებდა კოლხიდაში ფეხის მოკიდებას რომაელების წინააღმდეგ, რომელთაც აქ ეპყრათ ზღვის სანაპირო ადგილები და აქედან შეეძლოთ დაუბრკოლებლივ მიეწოდებინათ ჯარისათვის ყველაფერი, რასაც ის საჭიროებდა, თვითონ კი იძულებული იყო შორი და უდაბური გზით ეზიდა ბანაკად გაშლილი ჯარებისათვის მცირეოდენი სურსათიც კი – ისიც დიდის გაჭირვებით – მებარგული კაცებისა და საკიდარი ცხოველების საშუალებით. 
ქვრიმა
ყველაფერი ეს რომ გაითვალისწინა, გადაწყვიტა ომი გადაედო, რათა ზავი მეტწილად იმ ზოგიერთი ადგილებით არ შემოფარგლულიყო და ამრიგად ის უსრული და ასე ვთქვათ, დაკოჭლებული კი არ გამოსულიყო, არამედ ყველა ადგილებზე გავრცელებულიყო” [Agathias, IV, 22; გეორგიკა III, 1936: 180]. 
როგორც ვხედავთ, ლაზიკის ლანდშაფტის, სივრცისა და რესურსების შეფასებასა და მასშტაბური ომის საფუძველზე განხილვას მრავალი საინტერესო დეტალი შეუძლია მოგვცეს გვიან ანტიკური სამხედრო ისტორიის; ამ პერიოდის ბიზანტიის, სასანური სპარსეთისა და კავკასიის  შესწავლისათვის. მთლიანობაში, ეს მნიშვნელოვანია ისტორიული გეოგრაფიის, ეკონომიკის, ეპოქის საზოგადოებების შესასწავლადაც, ვინაიდან, სამხედრო ისტორიას მრავალმხრივი კვლევა სჭირდება. მოცემული ნაშრომი მხოლოდ საწყის ეტაპს წარმოადგენს და შემდგომში კიდევ მრავალი მასალით შეივსება, თანადროული  წყაროებისა შესწავლისა და ახალი კვლევების საფუძველზე.



[1] უნდა აღინიშნოს რომ ამ ომიანობამ ისტორიკოსებიც მიიზიდა, კერძოდ, პროკოპი და აგათია, რომელთაც ამ საუკუნეებისათვის გაცილებით მეტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია მოგვაწოდეს, ვიდრე ეს წინა პერიოდებისთვისაა ხელმისაწვდომი [ბრაუნდი, 2014: 389].
[2] საომარ მოქმედებათა სარბიელის შესწავლის გარეშე შეუძლებელია სამხედრო-პოლიტიკური ისტორიის აღდგენა წარმოჩენა [გამყრელიძე, 2005: 5].
[3] კოლხეთი, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავს. მისი ფიზიკურ-გეოგრაფიული საზღვრებია: ჩრდილოეთით კავკასიონის მთები; სამხრეთით მცირე კავკასიონი, აჭარა-ლაზეთის მთიანეთი; აღმოსავლეთით ლიხის ქედი, დასავლეთითშავი ზღვა [გამყრელიძე, 1993: 24].
[4] ჰიპოკრატეს (ძვ.. V-IV სს.) მიხედვით: ეს ქვეყანა ჭაობიანია, თბილი, წყლიანი და ტყიანი. მთელი წლის განმავლობაში იქ ხშირი და ძლიერი წვიმები იცის...წყლებისგან ამ ქვეყანაში დიდი ნისლი დგას[გამყრელიძე, 2005: 7].
[5] სამხედრო მოქმედების დროს დიდი მნიშვნელობა აქვ ადგილობრივი რელიეფ-ლანდშაფტის გათვალისწინებას. ჩასაკეტად ადვილი ვიწრო ხეობების, გადასალახად რთული მაღალი მთების, გასამაგრებლად მოხერხებული გორების, ხშირი, გაუვალი ტყეების, ძნელად დასაძლევი მდინარეების მოხერხებული სამხედრო-სტრატეგიული გამოყენება საომარი მოქმედების წარმატებით დაგვირგვინების გარანტია იყო. არანაკლები მნიშვნელობა სამხედრო მოქმედებებისას ენიჭება კლიმატს და წელიწადის დროის ცვლას [გამყრელიძე, 2005: 8].
[6] სპარსელებიდან ათასზე მეტი კაცი დაიხოცა; ხოლო რომაელები ჟლეტისაგან მოიღალნენ და, როდესაც დიდი ბრბო მოაწვა მათ, უკან დაიხიეს და თავს უშველეს იქაური მთების მწვერვალებზე გაქცევით [BP II, 30; გეორგიკა II, 1965: 110].
[7] სკანდა და სარაპანისი (შორაპანი) – იბერიის საზღვრებისაკენ [BP II, 29; გეორგიკა II, 1965: 100-101]. არქეოლოგი ნიკოლოზ მურღულია სკანდასა და შორაპანს, რომლებიც სამეფოს აღმოსავლეთ საზღვრებიდან არსებულ გადმოსასვლელებს კეტავდნენ, ლაზიკის სამეფოს თავდაცვით სისტემაში, აღმოსავლეთ სექტორის გამაგრების ქვესისტემაში ათავსებს [მურღულია, 2012: 5].
[8] ლაზთა ორი ციხეა ზედ იბერიის საზღვრებთან, სკანდა და სარაპანისი: ისინი მდებარეობენ მკაცრსა და მეტად ძნელსავალ ადგილებში და ძნელად თუ მიუდგება იმათ კაცი. ამ ციხეებს ლაზები ძველად დიდი გაჭირვებით იცავდნენ, რადგან იქ საზრდო სრულიად არაფერი მოდის და ადამიანებს ზურგით უხდებოდათ იქ სურსათის მიტანა [BG VIII, 13; გეორგიკა II, 1965: 185].
[9] [იუსტინიანემ] გარეკა აქედან ლაზები და რომაელ ჯარისკაცთა რაზმი ჩააყენა [BG VIII, 13; გეორგიკა II, 1965: 186]. იუსტინეს (518-527 წწ.) მიერ გაყვანა შორაპნისა და შესაძლოა, სკანდის ციხეებიდან, სადაც ისინი საუკუნეების განმავლობაში იდგნენ, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ლაზიკაში სპარსეთი ბიზანტიის საწინააღმდეგო შემტევ დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა; ლაზების ნების წინააღმდეგ მიმართული ეგზომ მკაცრი ცვლილების ახსნა მხოლოდ ლაზების ერთგულებაში დაეჭვებით თუ იქნებოდა [ბრაუნდი, 2014: 418].
[10] იბერიაში თავის ამბიციებზე ბიზანტიას ხელი არ აუღია: VII საუკუნეში იქ იმპერატორი ჰერაკლე აწარმოებდა ომს. და მაინც, V-VI საუკუნეებში ბიზანტიის ინტერესები ამიერკავკასიაში ლაზებზე და მათ იმპერიაზე იყო კონცენტრირებული [ბრაუნდი, 2014: 390].
[11] მდინარე ფასისის მეორე მხარეს (საითაც წაიყვანეს სპარსელები ლაზებმა) ლაზებს პეტრას გარდა სხვა არც ერთი დასახლებული ადგილი არ მოეპოვებოდათ [BG VIII, 13; გეორგიკა II, 1965: 182].
[12] ღსანიშნავია სტრაბონის ცნობა, რომ მდინარე ფასისი, სანაოსნოდ გამოსადეგი იყო სარაპანისამდე. „ამ სიმაგრეს შეუძლია დაიტიოს მთელი ქალაქის მოსახლეობა” [გამყრელიძე, 1993:28]. პროკოპი კესარიელის ზემოთ მოყვანილი ცნობებიდან (სადაც სკანდა-სარაპანისის შესახებ წერს) კი ჩანს, რომ I საუკუნის შემდეგ, სარაპანისის ციხე-ქალაქის მნიშვნელობა, მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა. ციხე თითქმის მდინარეებს - ყვირილა-ძირულას შორისაა მოქცეული, მაგრამ, როგორც ჩანს, პროკოპი კესარიელის დროს, VI საუკუნეში, სატრანსპორტოდ და რესურსების გადასატანად ფასისის (რიონ-ყვირილას) ამ მონაკვეთს შედარებით ნაკლებად იყენებდნენ, სახმელეთო გზებით კი, აქამდე სურსათ-სანოვაგის ზიდვა (ვინაიდან პროკოპის მიხედვით ეს მხარე რესურსებით საკმაოდ ღარიბი ჩანს) უფრო რთული, შრომატევადი იყო.
[13] ქვრიმაღომისა და ფეტვის მაგვარი მცენარე, რომელსაც საკვებად იყენებდნენ ძველ საქართველოში.
[14]როგორც ნადავლი, თითოეულ ჯარისკაცს ხუთი კაცის საჭურველი შეხვდა, თუმცა აკროპოლისზეც ბევრი იარაღი აღმოჩნდა დამწვარი. უამრავი აღმოჩნდა პური, დამარილებული ხორცი და სხვა სურსათიც: ალყაშემორტყმულთ ის ხუთი წლის განმავლობაში ეყოფოდათ. ხოლო ღვინო სპარსელებს იქ არ მოუმარაგებიათ: მხოლოდ მჯავე ღვინო და ლობიო, საკმაო რაოდენობით, მოემარაგებინათ. როდესაც რომაელებმა აქ წყალსადენიდან გამომდინარე წყალიც იპოვეს, დიდ გაკვირვებას მიეცნენ” [BG VIII, 12; გეორგიკა II, 1965: 178].




ლიტერატურა

ბრაუნდი დევიდ. 2014. საქართველო ანტიკურ ხანაში. ბათუმი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გამყრელიძე გელა. 1993. ისტორიულ-ტოპოარქეოლოგიური ძიებანი. თბილისი: მეცნიერება.
გამყრელიძე გელა. 2005. ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები. თბილისი: არტანუჯი.
გეორგიკა II. 1965. გეორგიკა II. ტექსტები ქართ. თარგმ. გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბილისი: საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
გეორგიკა III. 1936. გეორგიკა III. ტექსტები ქართ. თარგმ. გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბილისი: საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
მურღულია ნიკოლოზ. 2012. ეგრისის სამეფოს გამაგრების სისტემა IV-VI საუკუნეებში. სადოქტორო ნაშრომი არქეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. საქართველოს თბილისი: საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
სუნ ძი. 2007. ომის ხელოვნება. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
Хэлдон Джон. 2007. История Византийских Войн. Москва: Вече.
Сойер Ральф Д. 2008. Бай чжань ци люэ. Сто неканонических стратегий. Сражения и тактика в военном деле Древнего Китая. Санкт-Петербург: Евразия. 



ნიკა ხოფერია
პირველად დაიბეჭდა: „ლაზიკის ომი - ლანდშაფტი, სივრცე, რესურსები". საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები", 25-27 ოქტომბერი, 2017 წელი. თბილისი, 2018. გვ. 66-80.