ნ. ხოფერია - ფრანკი მოქირავნეები საქართველოში (XI ს.)



XI საუკუნის დასაწყისიდან, დასავლეთ ევროპელი მოქირავნე მეომრები ბიზანტიის ჯარის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ. ისინი ემსახურებოდნენ იმპერატორებს, მონაწილეობდნენ ბიზანტიურ სამხედრო კამპანიებში. ხშირად, მათი აჯანყებები საფრთხესაც კი უქმნიდა იმპერიას (რიჩარდი 1952: 171). მოქირავნე ფრანკების გამოყენება აღმოსავლეთში სხვა ქრისტიანულმა და ისლამურმა სახელმწიფოებმაც დაიწყეს. მათ შორის, საქართველომაც. განსაკუთრებით ცნობილია 1121 წელს, დიდგორის ბრძოლაში, ფრანკების მონაწილეობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევა XI საუკუნის საქართველოს ისტორიაშიც შეიძლება მოვიძიოთ.  

ვინ იყვნენ „ფრანკები" ბიზანტიელებისა და ქართველებისთვის?       
            ტერმინი „ფრანკი" და თავად ფრანკები (ე.ი. ზოგადად დასავლეთ ევროპელები), აღმოსავლურმა სამყარომ ჯვაროსნების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე გაიცნო, როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან წამოსულმა მოქირავნე მეომრებმა X საუკუნის მიწურულიდან მასიურად დაიწყეს მოზღვავება აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასეთი ფრანკებით („ფრანგებით"), რომელთაც არავითარი კავშირი არ გააჩნდათ არც ჯვაროსნულ მოძრაობასთან და არც ჯვაროსანთა სახელმწიფოებთან და მხოლოდ ქვეყნიდან ქვეყანაში მოსიარულე, იღბლისა და სამხედრო სამსახურის მაძიებელ, ჩვეულებრივ მოქირავნეებს წარმოადგენდნენ, სავსე აღმოჩნდა მთელი რიგი ქვეყნები, პირველ რიგში კი, ბიზანტია (მარგიშვილი 2006: 111). მუსლიმთა და ბერძენთა თვალში, XI საუკუნის დასავლეთ ევროპელები იყვნენ ხმაურიანი, გაუთლელი ბარბაროსები, რომელთაც მხოლოდ ბრძოლა და იარაღის დამზადება შეეძლოთ (კინი 1999: 59). XI საუკუნემდე, სახელი „ფრანკის“ მნიშვნელობა და კუთვნილება გარკვეულწილად იცვლებოდა ბიზანტიელთათვის. VIII-IX საუკუნეებში, როდესაც პიპინ მოკლე და კარლოს დიდი ფრანკთა ძლიერ იმპერიას ქმნიდნენ, ბიზანტიელები მათ ფრანკებად იხსენიებდნენ, თუმცა ზოგადად მიიჩნევდნენ რომ ფრანკი და გერმანელი ერთი და იგივე იყო. X საუკუნეში, კონსტანტინე პორფიროგენეტი ფრანკებს გამოყოფს „უცხო ტომთაგან": მანამდე კონსტანტინე დიდის რეგულაციის მიხედვით, რომის იმპერატორებსა და უცხოელებს შორის ქორწინებები იკრძალებოდა, ახლა კი ფრანკები გამონაკლისის სახით დაუშვეს, როგორც რომაელებთან რეგულარულ ურთიერთობაში მყოფი ხალხი. კონსტანტინე პორფიროგენეტის თვალსაწიერში ფრანკები არამხოლოდ ყოფილი გალიის საზღვრებს მიღმა მცხოვრები ტომია, არამედ კონკრეტული ხალხია, რომელიც ალპების როგორც ჩრდილოეთით ცხოვრობს, ისე შეიძლება ჩრდილოეთ იტალიაშიც (კაჟდანი 2001: 89).  XI საუკუნეში, იოანე სკილიცე, არდუინ მილანელს და მის ხუთას ფრანკ მეომარს, რომლებიც ბიზანტიელი სარდლის გიორგი მანიაკეს ლაშქართან ერთად იბრძოდნენ სიცილიაში, ტრანსალპელ გალებად მოიხსენიებს, მაგრამ იტალიური წყაროებიდან ჩანს რომ ისინი ნორმანები არიან. სხვა მონაკვეთებშიც, სკილიცესთან, სახელწოდება „ფრანკი“ სამხრეთ იტალიელი ნორმანების აღსანიშნავად გამოიყენება. ანა კომნენე იყენებს „ფრანკებსაც" და „ლათინებსაც". ასევე გამოყოფს „ჩვენს ფრანკებს" - ბიზანტიელებისთვის უფრო ნაცნობებს, რომლებთან ერთადაც ბრძოლის გამოცდილებაც ჰქონდათ (კაჟდანი 2001: 90-91).1 
გიორგი მანიაკე იღებს ქალაქ ედესას. იოანე სკილიცეს მადრიდული ხელნაწერი, XII ს. 

ბიზანტიელები გიორგი მანიაკეს მეთაურობით გადადიან სიცილიაში და ამარცხებენ არაბებს. იოანე სკილიცეს მადრიდული ხელნაწერი, XII ს.

დასავლეთ ევროპელები, ზოგადად, ბიზანტიური გავლენით, ფრანკებად ან ფრანგებად მოიხსენიებიან ქართულ წყაროებშიც. მაგალითად, „ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია"(ქართლის ცხოვრება 2008: 309) - წერს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. „ფრანგნი და ბერძენნი ზღუასა შინა მყოფნი მენავენი ნიავკეთილობათა შინ(ა) თამარის ქებათა იტყოდიან"(ქართლის ცხოვრება 2008: 518) - აღნიშნავს ბასილი ეზოსმოძღვარი. ეს დასახელებები გვხვდება სხვა ცნობებშიც. „ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, ევროპელებს ეძახდნენ (მესხია 2016: 152-153). ქართველი მემატიანეები ერთმანეთში არასდროს ურევენ „ვარანგებს“ და „ფრანკებს“. ვარანგები ქართულ წყაროში მხოლოდ ერთხელ იხსენიება „მატიანე ქართლისაში“ და ის, რომ მათში ნამდვილად ვარანგები იგულისხმებიან, ფაქტობრივად, ეჭვს არ იწვევს.2 ამავე დროს, ქართულ წყაროებში არ გვაქვს ცნობა ბაგრატ IV-ს სამსახურში ფრანკი მოქირავნეების შესახებ. შუა საუკუნეების ქართველი მემატიანეებისთვის ასეთი დეტალების ყურადღების მიღმა დატოვება არცთუ იშვიათი მოვლენაა. ამის მაგალითია თუნდაც დიდგორის ბრძოლა, რომელშიც ფრანკთა მონაწილეობის შესახებ მხოლოდ უცხოური წყაროებიდან ვიგებთ (გოტიე ანტიოქიელი, მათეოს ურჰაეცი). 

მოქირავნე ჯარი შუა საუკუნეების ევროპასა და ბიზანტიაში
            მოქირავნეები ეწოდებათ მეომრებს რომლებიც იბრძვიან არა ნაციონალური თუ პოლიტიკური მიზნებისთვის ან სამხედრო ვალდებულებისთვის, არამედ პირადი სარგებლის მისაღებად. სამხედრო სამსახურის ეს ტიპი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობდა, მაგრამ მოქირავნეებზე ყოველთვის ცოტა იწერებოდა, მათი როლი ხშირად იყო მივიწყებული“ (ფრანსი 2008: 1). მოქირავნე ჯარისკაცებს იყენებდა რომის იმპერიაც, განსაკუთრებით გვიანდელი იმპერიის დროს, როდესაც რომაელები ხშირად ქირაობდნენ რაზმებს იმავე ბარბაროსებისგან, რომლებთანაც უწევდათ ხანგრძლივი ომების წარმოება.
            მოქირავნეთა ერთგულება შუა საუკუნეებში, მყიფე იყო და დამოკიდებული გახლდათ რეგულარულ ჯამაგირზე, განსაკუთრებულ სარგებელზე, ასევე ომში ცოცხლად გადარჩენის შანსებზეც. შუა საუკუნეებში გამოკვეთილად ჩანს სხვაობა თავისუფალი რაზმების თავგადასავლების მაძიებლებსა და სასახლის რაინდებს ან ხანგრძლივ სამსახურში მყოფ გვარდიებს შორის.  ხანგრძლივი სამსახური ამყარებდა მოქირავნესა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას და ისეთივე მტკიცეს ხდიდა, როგორიც ვასალსა და ლორდს შორის კავშირი იყო (კინი 1999: 210). შუა საუკუნეების სარაინდო რომანები წარმოგვიდგენენ რაინდებს, რომლებიც ქვეყნიერების გარშემო მოგზაურობენ, იბრძვიან ნებისმიერი შესაძლებლობისას, მიუხედავად იმისა არსებობს საამისოდ მიზეზი თუ არა (რიჩარდი 1952: 172). მოქირავნეები იყვნენ ამაყები, მკვეხარები და ყოველთვის უკმაყოფილოები თავიანთი ჯამაგირით. ასევე მიდრეკილები ამბოხებისკენ (რიჩარდი 1952: 173). 
            ბიზანტიის სამხედრო ისტორიაში მოქირავნე ჯარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იმპერია გვიანანტიკური ხანიდანვე იყო დამოკიდებული დაქირავებულ ჰუნებზე, ავარებზე, პაჭანიკებზე; სკანდინავიელებსა და სლავებზე, ნორმანებზე, ანგლო-საქსებსა და სხვა ევროპელ ხალხებზე. უფრო გვიან იტალიელებსა და თურქებზეც. დროთა განმავლობაში უცხოელი მოქირავნეები, განსაკუთრებით სკანდინავიელები, რომელთაც ბიზანტიაში ვარანგებს უწოდებდნენ, იმპერატორის დაცვის განუყოფელ ნაწილად იქცნენ და მათგან ჩამოყალიბდა მძლავრი, ელიტური სამხედრო შენაერთი - Tágma tōn Varángōn- ვარანგთა გვარდია. 
ვარანგი გვარდიელების გამოსახულება იოანე სკილიცეს მადრიდული ხელნაწერის ილუსტრაციაზე, XII ს.




ვარანგების პარალელურად, ოდნავ უფრო გვიან, დაიწყეს ფრანკების დაქირავებაც. „დასავლეთ ევროპის არისტოკრატული ნაწილი უფრო აგრესიული საზოგადოება გახდა, რომელშიც რაინდებმა და მათმა მსახურებმა, მშვილდოსნებმა და მეარბალეტეებმა უკან მოიტოვეს საკუთარ სამფლობელოთა საზღვრები და დაიძრნენ აღმოსავლეთით სლავებისკენ, იერუსალიმისკენ, სამხრეთით, ბერძნული და მუსლიმური სამხრეთ იტალიისკენ, ჩრდილოეთით და დასავლეთით ინგლისისკენ, უელსისკენ და ირლანდიისკენ"(კინი 1999: 59). როგორც სოსო მარგიშვილი აღნიშნავს, XI საუკუნეში, ნორმანები წარმოადგენდნენ ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ერთგვარ რაინდულ კასტას, რომლებიც როგორც ვიკინგების ჩამომავლები, არ ითქვიფებოდნენ სხვა ევროპელებში, მათ ჰქონდათ გამორჩეული ფსიქოლოგია, რომელიც სამხედრო გამარჯვებების თითქმის ერთსაუკუნოვან უწყვეტ ციკლზე იყო დაფუძნებული. მცირერიცხოვან ნორმანთა მიერ ინგლისის, სამხრეთ იტალიის და სიცილიის დაპყრობებმა, წარმატებულმა შეტევებმა ბიზანტიის იმპერიაზე და შემდგომში ანტიოქიის სამთავროს შექმნამ, ჩამოაყალიბა ნორმანი რაინდისა და ძლევამოსილი მეომრის გამოკვეთილი ტიპი, რომელიც სამხედრო გამარჯვებების სწრაფვითა და დამარცხებასთან შეუგუებლობის ნიშნით ხასიათდებოდა"(მარგიშვილი 2006: 130). სწორედ მათი სიმამაცისა და ბრძოლისუნარიანობის გამო ფასობდნენ ისინი განსაკუთრებულად აღმოსავლეთში. მათი ხასიათი, თავდაჯერებულობა, სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა კარგად ჩანს სიმონ დე სან-კვენტინის (XIII ს.) ცნობებშიც: „ერთმა იტალიელმა, პიაჩენცადან, მცირე აზიაში, ერზინჯანში არეულობისას თურქი მოკლა და ჩამოხრჩობა მიესაჯა, მისი 700 თანამებრძოლი თავდასხმით დაემუქრა რამდენჯერმე მრავალრიცხოვან თურქებს მათ გარშემო, რის შემდეგაც მკვლელს დანაშაული შეუნდეს"; ერზინჯანში მონღოლებმა ტყვედ იგდეს ორი ფრანკი - გულიელმო ბრინდიზელი და რაიმონდ გასკონელი და გადაწყვეტილი ჰქონდათ მათი ორთაბრძოლა მოეწყოთ, მაგრამ ტყვე რაინდებმა ერთმანეთთან ბრძოლის ნაცვლად, მაყურებლებს შეუტიეს და სიკვდილამდე თხუთმეტზე მეტი კაცი შეიწირეს (რიჩარდი 1952: 173). 
მოქირავნე ჯარი შუა საუკუნეების საქართველოში
            მოქირავნეობის ტრადიცია ანტიკური ხანიდან არსებობდა საქართველოში. შუა საუკუნეებში მოქირავნე ჯარი, ფაქტობრივად, ქართული ლაშქრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. როგორც ქველი ჩხატარაიშვილი აღნიშნავს, სელჩუკების გასადევნად და იმ დიდი ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც XI საუკუნის მიწურულს წინა აზიაში შექმნილმა საერთაშორისო ვითარებამ საქართველოს წინაშე დააყენა, ქართული ლაშქარი საკმარისი აღარ იყო. საჭირო გახდა დამხმარე სამხედრო ძალების გამონახვა (ჩხატარაიშვილი 1966: 162). მოქირავნე ჯარს საქართველოში „როქის სპა“ ეწოდებოდა. „როგა“ (როქა) ბერძნული ტერმინია და ქართულად ნიშნავს ქირას, ჯამაგირს (გოგოლაძე 2015: 41-42). სხვადასხვა დროს ქართული არმიის რიგებში ვხედავთ დაქირავებულ ვარანგებს (ვიკინგებს), ფრანკებს, მუსლიმებს, მაგრამ უმთავრესად მოქირავნეები, - ალანები ყივჩაღები, ჩერქეზები, ლეკები, - ჩრდილო კავკასიიდან გადმოჰყავდათ, რომელიც საქართველოსთვის ასეთი რაზმების ტრადიციული წყარო იყო (წურწუმია 2016: 78). ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე ფართოდ არის გააზრებული ვარანგი მოქირავნეების მონაწილეობა XI საუკუნის შუა ხანებში, ბაგრატ IV-სა და კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს შორის მიმდინარე ომში.
ბაგრატ IV-ს მონეტა, მოჭრილი 1060-1072 წლებს შორის პერიოდში

სულთანი ალფ-არსლანი ამცირებს იმპერატორ რომანოზ IV დიოგენეს. XV ს. მინიატურა

ზოგიერთი ავტორი 1121 წელს, დიდგორის ბრძოლის მონაწილე ფრანკებსაც კი ვარანგებად მიიჩნევს. ეს მოსაზრება საფუძვლიანად და დასაშვებად მიიჩნია ქველი ჩხატარაიშვილმა, რადგან ის თვლიდა, რომ 1119 წელს მუსლიმებთან განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ და ასევე, ფაქტობრივად, საკომუნიკაციო გზების არარსებობის გამო, ჯვაროსნები ვერ შეძლებდნენ დამხმარე ჯარის გამოგზავნას (ჩხატარაიშვილი 1966: 178-179). დიდგორის ბრძოლაში ფრანკების მონაწილეობის თაობაზე, ქართულ ისტორიოგრაფიაში ორი მოსაზრება არსებობს - 1. ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული მოსაზრებით, დავითის ლაშქარში მყოფი 100 თუ 200 ფრანკი,  ჯვაროსანი მოკავშირე იყო და არა მოქირავნე (მესხია 1972/2016; თინიკაშვილი, კაზარიანი 2014; გოგოლაძე 2015 და სხვ.). 2. დიდგორის ბრძოლის მონაწილე ფრანკები იყვნენ მოქირავნე მეომრები (მარგიშვილი 2006). მარგიშვილის მოსაზრებას განიხილავენ დავით თინიკაშვილი და იოანე კაზარიანი, რომლებიც აღნიშნავენ რომ იმ დროს ტერმინი ჯვაროსანი არ არსებობდა და ფრანკში იგულისხმებოდა ყველა ლათინი ახლო აღმოსავლეთში, ასე რომ მარგიშვილის ახსნა რომ ისენი ფრანკი მოქირავნეები იყვნენ და არა ჯვაროსნები, უადგილოა (თინიკაშვილი, კაზარიანი 2014: 10). ჩემი აზრით, აქ საკითხი არ არის მთლად სწორად შეფასებული. ვინაიდან მარგიშვილი სხვა პრობლემის ახსნას ცდილობს - რომ დავითის სამსახურში მყოფი ფრანკები იყვნენ მოქირავნეები, ჯამაგირზე დამოკიდებული მეომრები და არა დასახმარებლად მოსული მოკავშირეები და ეს პრაქტიკა გავრცელებული იყო თანადროული პერიოდის ბიზანტიასა და ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ,  საქართველოში ფრანკთა დაქირავების პირველი შემთხვევა, რომელიც ისტორიულ წყაროებში დაფიქსირდა და რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, კიდევ უფრო განამტკიცებს დიდგორის ბრძოლაში ფრანკი მოქირავნეების მონაწილეობის ფაქტს.  

ფრანკი მოქირავნეები XI საუკუნის ქართულ ლაშქარში
XII საუკუნის მუსლიმი მემატიანე, სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორიის" (აქბარ ალ-დავლა ალ-სალჯუქია") ავტორი, სადრ ად-დინ ალ-ჰუსაინი, საინტერესო ცნობას გვაწვდის საქართველოში სელჩუკთა სულთნის ალფ-არსლანის ლაშქრობის (1068 წ.), ბაგრატ IV-სა და კახეთის მეფის აღსართანის შესახებ. ისტორიკოს ნოდარ შენგელიას მიერ ალ-ჰუსაინის თხზულების თურქულენოვანი ვარიანტის ქართულ თარგმანში წერია, რომ 460 წელს, მას შემდეგ, რაც ბაგრატ IV-მ ბარდას „მუსლიმთა ერთ-ერთ ქვეყანათაგანს“ შეუტია, სულთანმა საპასუხო ლაშქრობა მოაწყო „აფხაზთა ქვეყანაზე“. „აფხაზთა ჯარი შედგებოდა რუმთა ქვეყნების მამაცი ადამიანებისაგან. ესენი ეფრენჩის და შექის მცხოვრებლები იყვნენ. შექი ერთი ნაჰიეა და მისი მელიქი აღსართანი იყო“...შემდეგ ეფრენჩის, იგივე შექის მელიქი ეს აღსართანი მრავალი ცხენოსნით მოვიდა და სულთნის სასახლის წინ დადგა“ (შენგელია 1976: 192). კომენტარში, მთარგმნელი აღნიშნავს, რომ ეფრენჩი აღმოსავლურ წყაროებში ევროპელს ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, კონტექსტის მიხედვით, ეფრენჩი და შექი ერთმანეთის სინონიმებია (შენგელია 1976: 195). ალ-ჰუსაინის თხზულების ამ ფრაგმენტის თარგმანს აღმოსავლეთმცოდნეები ზია ბუნიათოვი და ვლადიმირ მინორსკი მცირედი განსხვავებით გვაძლევენ. ზია ბუნიათოვის თარგმანის მიხედვით: „ყველაზე მამაცები რუმელი მებრძოლებიდან [იყვნენ] ფრანკები (ал-фарандж) და ქვეითი მეომრები შაქიდან“ (ბუნიათოვი 1980: 54). კომენტარებში კი შედარებით განსხვავებულ ვერსიას გვაძლევს: „ფრანკები რუმის ქვეყნიდან“ (ბუნიათოვი 1980: 192). მინორსკი: „ქრისტიანთა არმია შედგებოდა „ვაჟკაცებისგან რუმიდან რომლებიც არიან ფრანკები (Franj) და ხალხი შაქიდან, რომელთა მეფე იყო აღსართანი“... „ალფ-არსლანი მივიდა დედაქალაქში აღსართანისა „ფრანკთა ანუ შაქის მეფისა“(მინორსკი 1953: 65). მინორსკის ინგლისური თარგმანი ერთ შემთხვევაში ბუნიათოვის რუსულ თარგმანს ემთხვევა, მეორე შემთხვევაში - ქართულს. მინორსკის მიხედვით, შაქი კახეთს ნიშნავს, რუმი მათ ბერძნულ აღმსარებლობას. ასევე, არ გამორიცხავს, რომ ამ ფრაგმენტში შეიძლება გრაფიკულ აღრევასთან გვქონდეს საქმე და ამ შემთხვევაში „ფრანკების“ „ქურჯებად“ აღდგენა უფრო გამართლებული ჩანს (მინორსკი 1953: 65). კიდევ ერთ თარგმანში, რომელიც ინგლისელ აღმოსავლეთმცოდნეს, კლიფორდ ბოსვორთს ეკუთვნის, ეს ეპიზოდი შემდეგნაირად არის მოცემული: „აფხაზთა მეფის ჯარი შედგებოდა უმამაცესი მეომრებისგან რუმის მიწიდან (რომელთაც ეწოდებათ Faranj) და შაქელებისგან... მეფე ფრანკებისა, რომელიც არის მეფე შაქისა, აღსართანი, მოვიდა სულთნის კარზე...“(ბოსვორთი 2011).  ბოსვორთის თარგმანში, ისევე, როგორც მინორსკისთან, რუმის ქვეყნის მეომრებად ფრანკები არიან მოხსენებულები, შაქელები კი მათ შემდეგ ცალკე წერია, შენგელიას და ბუნიათოვის თარგმანში კი რუმის ქვეყნის მეომრებში ითვლებიან ფრანკებიც და შაქელებიც. ფრანკებისა და შაქელების მეფედ, მბრძანებლად ჩანს აღსართანი ყველა თარგმანში. 
ალ-ჰუსაინის დასახელებული „ალ-ფარანჯის“ განმარტებისთვის, ზია ბუნიათოვი წერს: „ჩვენი ავტორი სავარაუდოდ მიუთითებს 3 ათას მეომარ ვარიაგზე (ვარანგზე), რომლებიც ქართველთა (აფხაზთა) მეფის ბაგრატ IV-ს სამსახურში იმყოფებოდნენ"(ბუნიათოვი 1980: 192). ამ მოსაზრებას ეთანხმება მინორსკიც და თვლის, რომ თუ აქ გრაფიკულ აღრევასთან არ გვაქვს საქმე, მაშინ ეს სიტყვა შეიძლება გულისხმობდეს არა ფრანკებს, არამედ ვარანგებს, ვინაიდან მათ შეეძლოთ სამსახური გაეწიათ აღსართანისთვისაც, ისევე როგორც 3 ათასმა ვარანგმა სამსახური გაუწია მეფე ბაგრატ IV-ს (მინორსკი 1953: 65). მინორსკის კომენტარს ეყრდნობა კლიფორდ ბოსვორთიც (ბოსვორთი 2011). იგივე თვალსაზრისი გაზიარებულია ისტორიკოს ვასილ მოსიაშვილის დისერტაციაში, რომელიც საქართველოში თურქ-სელჩუკთა ლაშქრობებს ეხება (მოსიაშვილი 2012: 145-146). ტექსტში მოცემული „ფრანკების“ „ვარანგებად“ მიჩნევის კიდევ ერთი მაგალითი XI საუკუნის სომეხი ავტორის არისტაკეს ლასტივერტეცის „ისტორიაში“ მოცემული ცნობაა, რომელშიც 1054 წელს, ხალდიაში, სპერში, ბაბერდის ციხესთან მომხდარი ბრძოლაა აღწერილი: „[მტრები] შეიჭრნენ ტაოში, დაიპყრეს მთელი ქვეყანა, მივიდნენ მდინარე ჭოროხამდე, გადალახეს იგი, უკან მობრუნდნენ და წავიდნენ ქალდიის ქვეყანაში. მათ ხელთ იგდეს ქვეყნის ტყვე და ნადავლი, უკან მობრუნდნენ და მოვიდნენ ბაბერდის ციხე-ქალაქამდე. იქ მათ შეხვდა ჰორომთა ჯარის ერთი გუნდი, რომელიც ვარიაგებად იწოდებოდა; ისინი შეებრძოლნენ მტრებს. ღვთის წყალობით ჰორომთა ჯარებმა დაამარცხეს მტრები და მათი სარდალი მრავალ სხვა [მებრძოლთან] ერთად მოკლეს...(ლასტივერტეცი 1974: 89-90). ქართულ თარგმანში, რომელიც ე. ცაგარეიშვილს ეკუთვნის, გათვალისწინებულია კ. იუზბაშიანის სტატია, რომელშიც ის, არისტაკეს ლასტივერტეცის თხზულების ერთ-ერთი ხელნაწერის მიხედვით, რომელშიც ფრანკის ნაცვლად „ვრანგ“ იკითხება (სხვა ხელნაწერებში ყველგან „ფრანკები“ არიან მოხსნიებულები), ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში სწორი იქნება თუ „ჰორომთა (ბიზანტიელთა) ჯარის ერთ გუნდში“ ვარანგებს ვიგულისხმებთ და არა ფრანკებს. იუზბაშიანი ითვალისწინებს ს. ერემიანის მოსაზრებასაც, რომელიც დიდგორის ბრძოლის (1121 წ.) შესახებ მათეოს ურჰაეცის თხზულების ხელნაწერს აანალიზებს და თვლის, რომ დავით IV-ს ვარანგები უნდა ჰყოლოდა და არა ფრანკები (ერემიანი 1946: 390). იუზბაშიანი მიიჩნევს, რომ არისტაკეს ლასტივერტეცის მიერ აღწერილი ბრძოლა ბაბერდის ციხესთან, იგივე უნდა იყოს, რაც იოანე სკილიცესა და გიორგი კედრენეს დასახელებული მიხაელ აკოლუთოსის3 გალაშქრება თურქების წინააღმდეგ, რომელშიც ბიზანტიელებმა მოქირავნე ფრანკები და ვარანგები გამოიყენეს (იუზბაშიანი 1959: 15-16; სკილიცე 2010: 442; კედრენე 1963: 81). 
ერემიანის მოსაზრება ნაკლებადაა გაზიარებული ისტორიოგრაფიაში, ჩვენს მიერ ხსენებული ავტორებიდან (მესხია, მარგიშვილი და სხვ.), ფაქტობრივად, ყველა იზიარებს დიდგორის ბრძოლაში დავით IV-ს ჯარში ფრანკების და არა ვარანგების ყოფნას. ამას გარდა, მათეოს ურჰაეცი ერთადერთი ავტორი არ არის ვინც ქართულ ჯარში ფრანკების შესახებ მოგვითხრობს. ამასვე ადასტურებს დავითის მეფობის თანადროული ავტორის, ანტიოქიის კანცლერის, გოტიეს ცნობაც: „მეფემ თითოეული რაზმი დაარიგა, ხოლო ორასი ფრანგის მეომარი (Milites Francigenas) რომ ჰყავდა, მოწინავეში დააყენა, პირველ დაკვრათა მისაცემად” (ავალიშვილი 1989: 46-47). რაც შეეხება იუზბაშიანის მოსაზრებას, უფრო მისაღები ჩანს და შეიძლება არისტაკეს ლასტივერტეცთან მართლაც ვარანგები იყოს მოხსენიებული და არა ფრანკები. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ, სომეხი მემატიანის თხზულების ეს მონაკვეთი იმავე ამბავს აღწერს, რომელსაც იოანე სკილიცე (სკილიცე 2010: 442), როდესაც მიხეილ აკოლუთოსის ფრანკულ-ვარანგული ჯარის სელჩუკებთან ბრძოლას აღნიშნავს. ამ შემთხვევაში, ბაბერდის ციხესთან შეტაკებაში სავარაუდოდ ფრანკებიც უნდა ყოფილიყვნენ და ვარანგებიც, რომელთაგან სომეხმა ავტორმა ერთ-ერთი დაასახელა, ბიზანტიელმა ავტორმა კი, რომელსაც, ალბათ, მეტი ინფორმაცია ჰქონდა ამ  სამხედრო კამპანიაზე, ორივე რაზმი - ფრანკებისაც და ვარანგებისაც.
დავუბრუნდეთ ალ-ჰუსაინის ცნობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალ-ჰუსაინის თხზულების თურქული და არაბული ტექსტების ოთხივე თარგმანი - შენგელიას, ბუნიათოვის, მინორსკის და ბოსვორთის, გარკვეულწილად განსხვავებულია. მათგან, შენგელია ფაქტობრივად, დარწმუნებულია, რომ „ეფრენჩი“ და „შექი“ სინონიმებია. სხვა მთარგმნელები გამოთქვამენ ვერსიებს, რომ „ფარანჯ“ შეიძლება იყოს ვარანგი ან, თუ გრაფიკულ აღრევასთან გვაქვს საქმე, როგორც მინორსკი აღნიშნავს, ქართველიც კი იგულისხმებოდეს. მიმაჩნია, რომ ალ-ჰუსაინი არ გულისხმობს არც ვარანგებს, არც ქართველებს. „ფარანჯის“ ანუ ფრანკების მოხსენიება ბაგრატ IV-ს ჯარში, როგორც რუმის ქვეყნის ვაჟკაცებად, შემთხვევითი არ უნდა იყოს და არც გრაფიკულ აღრევასთან უნდა გვქონდეს საქმე. ამავე დროს, სხვა ეპიზოდში, აღსართანის მოხსენიება როგორც შაქელების, ისე ფრანკების მეფედ, არ უნდა მიგვანიშნებს პირდაპირ იმაზე, რომ „შაქი და ეფრენჩი“ ერთი და იგივეა, როგორც ამას შენგელია წერს. ალ-ჰუსაინი სხვაგანაც მოიხსენიებს ფრანკებს (Faranj) იმავე ფორმით, როდესაც ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ IV დიოგენეს ლაშქარს აღწერს: „სომხები, სპარსელები, პაჭანიკები (al-Bajanak), ოღუზები (al-Ghuzz) და ფრანკები (al-Faranj)”(ბოსვორთი 2011).  როგორც ვიცით, რომანოზ IV-ს დაქვემდებარებაში სულ მცირე 500 ფრანკი მოქირავნე იყო, მათ შორის, ცნობილი ფრანკი მეთაური რუსელი (ჰალდონი 2007: 399). ალ-ჰუსაინი აშკარად მათზე მიუთითებს, ვინაიდან მას, როგორც ამ პერიოდის სხვა მუსლიმ ავტორებს, თავისუფლად შეუძლია დასავლეთ ევროპელების ანუ ფრანკების გამიჯვნა სხვა ხალხებისგან (კიონიგი 2015: 189-229), განსაკუთრებით ისლამური სამყაროსთვის ასევე კარგად ცნობილი კავკასიელი ხალხებისგან.
ბიზანტიის იმპერიის თემები, დაახლ. 1025 წ. (დიდი ზომით სანახავად გადადით ამ ლინკზე: რუკა1)


1068 წელს, ბაგრატ IV-ს ლაშქარში ფრანკების მოხვედრა რომ შესაძლებელი იყო, ეს  ბიზანტიის იმპერიაში მოქირავნე ფრანკების დისლოკაციიდანაც ჩანს. ფრანკ მეთაურს ჰერვეს, რომელიც XI ს. 50-იან წლებში მოღვაწეობდა, მამული ჰქონდა არმენიაკონის თემში, სადაც ფრანკთა სამხედრო ნაწილები იყო განლაგებული (ბიზანტიური სამყაროს პროსოპოგრაფია4). არმენიაკონის თემი, რომელშიც XI ს. 50-იან წლებში მოქირავნე ფრანკთა რაზმები იყო განლაგებული, მოცავდა აღმოსავლეთ ანატოლიას კაპადოკიიდან შავ ზღვამდე და ევფრატამდე. არმენიაკონის მნიშვნელობას განსაზღვრავდა მისი ზომა და სტრატეგიული მდებარეობა. IX საუკუნეში არმენიაკონი დაყვეს სამ ნაწილად - არმენიაკონად, ხარსიანონად და კაპადოკიად. X საუკუნეში, ხალდია ცალკე თემად გამოეყო. ის მოიცავდა დასავლეთ პონტოურ სანაპიროს, ისევე, როგორც მთებს და ველებს სამხრეთით. დედაქალაქი იყო ამასია (კაჟდანი I 1991: 177). არმენიაკონის თემი  საქართველოს სამეფოს სიახლოვეს მდებარეობდა და ხმელეთზე მათ მხოლოდ ხალდიის თემი აშორებდა. 1053 წელს, მიხაელ აკოლუთოსმა, იბერიასა და ხალდიაში მიმოფანტული ფრანკები შეკრიბა სელჩუკების წინააღმდეგ. სკილიცეს გარდა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ მოვლენებს არისტაკეს ლასტივერტეციც აღწერს, რომელიც ფრანკების ან ვარანგების გამარჯვებას აღწერს ბაბერდის ციხესთან, ხალდიაში. ხალდია მოიცავდა პონტოს აღმოსავლეთ ნაწილს, შიდა დაბლობების ჩათვლის; მისი დედაქალაქი იყო ტრაპიზონი. ჰქონდა დიდი სამხედრო და სავაჭრო მნიშვნელობა (კაჟდანი I 1991: 405). იბერიის თემა ბიზანტიის იმპერიის უკიდურესად ჩრდილო-აღმოსავლეთ მდებარეობდა. ის ბასილი II-მ შექმნა დავით III კურაპალატის მემკვიდრეობიდან. თავიდან მასში შედიოდა დავითის დომენი, რომელიც გადაჭიმული იყო სამხრეთით, ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ და ცენტრალურ არმენიაში, სადაც ის მოიცავდა ქალაქ მანასკერტსაც. 1045 წელს, შირაკის ბაგრატიდთა სამეფო იბერიის თემის ნაწილი გახდა და ადმინისტრაციულ ცენტრად ქალაქი ანისი იქცა. სელჩუკებმა ქალაქი 1064 წელს დაიკავეს, მაგრამ 1064/5 წლები, ყარსის ბაგრატიდთა სამეფოც, რომელშიც ტაო, ბასიანი და ყარსი შედიოდა, თემს მიუერთდა, სანამ 1070 წელს, სელჩუკთა შემოტევების შემდეგ, პოლიტიკური რუკიდან საერთოდ არ გაქრა (კაჟდანი I 1991: 971). ფრანკი მოქირავნეების მეთაური რობერტ კრეპინი (კრისპინი), 1068-69 წლისთვის, კოლონეიაში იყო, სადაც, მაუროკასტრონი (იგივე კოლონეია) დაიკავა და ფრანკთა რაზმის ნაწილი იქ დატოვა (ბიზანტიური სამყაროს პროსოპოგრაფია5). კოლონეია, პატარა სამხედრო ოლქი, მოიცავდა ჩრდილოეთ კაპადოკიას, სამხრეთ პონტოს და შედიოდა არმენიაკონის თემის შემადგენლობაში. კონსტანტინე VII პორფიროგენეტის მიხედვით, კოლონეია პატარა თემა იყო, რომელსაც ძლიერი ციხე-ქალაქი კოლონეიას მიხედვით ეწოდა სახელი (კაჟდანი 1991: 1138). არმენიაკონის თემაში მოქმედებდა კიდევ ერთი ფრანკი მეთაური რუსელიც (ბიზანტიური სამყაროს პროსოპოგრაფია6). მათ გარდა, აღმოსავლეთის პროვინციებში იყვნენ ფრანკი მეთაურები რადულფი, ოთონი, რემბო (ბიზანტიური სამყაროს პროსოპოგრაფია7, გრავეტი 2006: 63). როგორც ვხედავთ, 50-70-იან წლებში, ნორმანი მოქირავნეების საკმაოდ მრავალრიცხოვანი შენაერთები არიან ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლურ თემებში, რომლებიც საქართველოს სამეფოს ემეზობლებიან - იბერიასა და ხალდიაში ან სიახლოვეს  - არმენიაკონში, კოლონეიაში. 
ბასილი II-ს კურთხევა იმპერატორად. იოანე სკილიცეს მადრიდული ხელნაწერი, XII ს. 

ვინაიდან ალ-ჰუასაინის ცნობაში, ბუნდოვნად არის ნაჩვენები თუ რომელი ქართველი მეფის, ბაგრატ IV-ს თუ აღსართანის ლაშქარში უნდა ყოფილიყვნენ ფრანკები, ამის განსასაზღვრად ერთ დეტალს შეიძლება მივაქციოთ ყურადღება. ალ-ჰუსაინის ცნობით, 1068 წელს „ბაგრატი ბარდას (ბარდავს) შეესია და იავარჰყო. ბარდა მუსლიმთა ერთ-ერთი ქვეყანათაგანი იყო. თავისი მტკიცე სურვილის მიხედვით სულთანმა გადაწყვიტა მოეწყო აფხაზთა ქვეყანაზე გალაშქრება“ (შენგელია 1976: 192). როგორც ვიცით, 1064 წელს ალფ-არსლანი უკვე ლაშქრობდა საქართველოზე, 1066 წელს, ბაგრატ IV-მ სულთანს ცოლად თავისი დისწულიც მისცა. 1068 წელს კი, მეფე ხელახლა ჩაება სელჩუკებთან ომში. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ალფ-არსლანი ანატოლიასა და აღმოსავლეთის ქვეყნების საქმეების მოგვარებას შეუდგა, ამიერკავკასიში კი მისი ქვეშევრდომი, ანისის გამგებელი აბულდასვარი მოქმედებდა (ნარკვევები 1979: 145-146). იმავე 1068 წელს, გაზაფხულზე, ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზ IV დიოგენემ სამხედრო კამპანია დაიწყო სელჩუკების წინააღმდეგ. მისი არმია დაიძრა სირიისკენ, მაგრამ სანამ კეისარეას მიაღწევდა, შეიტყო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოჭრილ თურქმანთა მარბიელი რაზმების შესახებ. იმპერატორმა არმიის დიდი ნაწილი სებასტიაში დატოვა და თავისი საუკეთესო რაზმებით თურქმანებისკენ დაიძრა. თურქმანებმა უკან დაიხიეს, რის შემდეგაც, რომანოზმა გააგრძელა ლაშქრობა სამხრეთისკენ. საბოლოოდ ეს კამპანია ვერ გამოდგა ბიზანტიელთათვის წარმატების მომტანი და იმპერატორი იძულებული გახდა უკან დაეხია (ნიკოლი 2013: 15). ვინაიდან ორივე სამხედრო კამპანია - ბაგრატ IV ბარდავზე გალაშქრება და რომანოზ IV დიოგენეს შეტევა სირიის მიმართულებით, თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში ხდება, შესაძლებელია, რომ ბიზანტიის იმპერატორი და საქართველოს მეფე შეთანხმებულები ყოფილიყვნენ, რათა სელჩუკების წინააღმდეგ ერთობლივად ემოქმედათ. ამ შემთხვევაში, ბაგრატ IV-ს ლაშქარში ფრანკების გამოჩენა, უფრო ადვილად წარმოსადგენია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რომანოზ IV-ს ჯარში, ფრანკი მოქირავნეების საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტინგენტი იყო, რომელსაც რობერტ კრეპინი სარდლობდა. ეს რაზმი სწორედ ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, თურქმან მარბიელთა წინააღმდეგ იბრძოდა (ნიკოლი 2013: 15). ფრანკები როგორც 1068 წლის, ისე შემდგომ კამპანიებში და მანასკერტის ბრძოლაშიც (1071 წ.) ჰყავდათ ბიზანტიელებს. რომანოზ IV-ს მიერ სელჩუკების წინააღმდეგ შეკრებილ სამხედრო ძალებს შორის, ბიზანტიელი ავტორები განსაკუთრებით „ფრანკებისა და ვარანგების“ მნიშვნელობას უსვამენ ხაზს (ბლონდალი 2007: 113). ამ სამხედრო ნაწილების მნიშვნელობა ჩანს უფრო ადრეული პერიოდის კამპანიებშიც. სკილიცეს გადმოცემით, 1049 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IX შეკრიბა მთელი დამხმარე ძალები - ფრანკები და ვარანგები (სკილიცე 2010: 439-440).
მანასკერტის ბრძოლა, 1071 წ. ანგუს მაკბრაიდის ნახატი

საინტერესოა, რომ XI საუკუნეში, ფრანკებსა და ქართველებს, ერთი დროშის ქვეშ ბრძოლის საშუალება არაერთხელ მიეცათ. ქემალ ად-დინის მიხედვით, 1030 წელს, ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ III არგიროსის ლაშქარში, რომელიც ალეპოს მირდასიანთა საამიროს ჯარს ებრძოდა, სხვა ხალხებთან ერთად, იყვნენ აფხაზები, ხაზარები და ფრანკებიც (როზენი 1883: 317-318). ასეთი შემთხვევა გვაქვს უფრო გვიანაც: იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ქრისობულაში, რომელიც 1088 წლით თარიღდება, ნახსენებია იმპერატორის ლაშქარში მომსახურე სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მეომრები, მათ შორის, ფრანკები და ქართველები (ბლონდალი 2007: 123).
            ჩემი აზრით, ზემოთ აღნიშნული ფაქტები, საფუძველს გვაძლევს აღვნიშნოთ, რომ ბაგრატ IV-ს ჯარში და ზოგადად, XI საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს მეფის დროშის ქვეშ ფრანკი მოქირავნეებიც იდგნენ.8 

ფრანკ მოქირავნეთა რაზმების რიცხოვნობა აღმოსავლეთში
            იმის გასასაზღვრად, თუ რამდენი ფრანკი მეომარი შეიძლებოდა ჰყოლოდა ბაგრატ IV-ს 1068 წელს, სელჩუკებთან საომრად, საჭიროა მიმოვიხილოთ XI საუკუნის განმავლობაში მათი რიცხოვნობა ბიზანტიის წინააღმდეგ და ასევე საიმპერიო არმიის რიგებში ბრძოლისას.
            1041 წელს, ოლივენტოსთან ბრძოლაში, ბიზანტიელთა ლაშქარი, რომელსაც მიხაელ დოკეიანოსი მეთაურობდა და ვარანგებიც ახლდა ჰარალდ ჰარდრადას სარდლობით, ნორმანი მეთაურის, უილიამ ჰოტვილის ჯართან ბრძოლაში დამარცხდა. ნორმანთა ჯარში სულ 300 რაინდი და 600 ქვეითი იყო(ბრაუნი 2003: 42). იმავე წელს, მონტემაჯორესთან ბრძოლაში, უილიამ ჰოტვილს და მეორე ნორმან მეთაურს რაინულფს 700 რაინდი ჰყავდა (ჰამბლი 1989: 78).  XI ს. 70-იანი წლების დასაწყისში, ფრანკი მოქირავნების რაზმი რუსელის მეთაურობით, 500-მდე მეომრისგან შედგებოდა(ჰალდონი 2007: 399). კალავრიეს ბრძოლაში, 1078 წელს, ნიკიფორე III ბოტანეიატეს ლაშქრის მეთაურს, ალექსი კომნენოსს, აჯანყებული მეთაურის ნიკიფორე ბრიენოსის წინააღმდეგ, რამდენიმე ასეული ფრანკი ყავდა (ბირკმაიერი 2002; ტობიასი 1979: 198-200).  ამავე დროს, ნიკიფორე ბრიენოსის ძალებში თითქოს 5 ათასიანი ფრანკების შენაერთი იყო, მაგრამ ეს რიცხვი აშკარად ხელოვნურად გაზრდილი ჩანს, რადგან საიმპერიო ჯარებში ამ პერიოდში არასდროს ყოფილა რამდენიმე ასეულზე მეტი ფრანკი მეომარი. 
ნორმანი მხედრები, XI-XII სს. 

1081 წელს, დირაქიუმის ბრძოლაში, ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ, ნორმანი რობერტ გვისკარის ლაშქარში, მსუბუქი მხედრებისა და ქვეითების გარდა, 1300 რაინდი იყო (
ჰალდონი 2007: 421). 1089 წელს, ალექსი კომნენოსს ჯარში 500 ფლამანდიელი მოქირავნე რაინდი ჰყავდა (ჰალდონი 2007: 412).  XIII საუკუნეში, მცირე აზიაში თურქებს 700 მოქირავნე ფრანკი ჰყავდათ სამსახურში (რიჩარდი 1952: 173). ჯვაროსნულ სამეფო-სამთავროებს, რომლებიც ქართველებისა და ბიზანტიელებისათვის, ჩვეულებრივ, ფრანკები იყვნენ, თურქებთან ბრძოლებში დაახლოებით იგივე რაოდენობის რაინდების გამოყვანა შეეძლოთ - მაგალითად, ანტიოქიის ტბასთან ბრძოლისას - 700, ასკალონთან - 1200, იაფასთან - 200, რამლასთან - 200-260, ათარიბი - 700, ჰაბი - 700, ნაზარეთი - 1100 (მარგიშვილი 2006: 77).  რეალისტურად გამოიყურება ფრანკების რაოდენობა დიდგორის ბრძოლაში 1121 წელს და ერთ ან რამდენიმე ასეულს არ აღემატება (მარგიშვილი 2006: 110-114; მესხია 2016: 151-153). შუა საუკუნეების არმიების მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ,  მძიმედ აღჭურვილი რაინდების თუნდაც ასეული საკმაოდ დიდი ძალა იყო. ამას ადასტურებს ჯვაროსნების მიერ დაარსებული სამეფო-სამთავროების გამარჯვებები მუსლიმებზე მეტად მწირი რესურსებით და ასევე ზემოთ მოყვანილი ცნობები XI საუკუნის ბიზანტიის ლაშქარში მათი რიცხოვნობის შესახებ. ასეთივე რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილები ფრანკები 1068 წელს, ბაგრატ IV-ს ლაშქარშიც, დაახლოებით - 100-დან 700 მეომრამდე. 

დასკვნა
            ისტორიული წყაროებისა და ლიტერატურის კვლევისა და შეჯერების შედეგად, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ალ-ჰუსაინის ცნობაში მოხსენებული „ფარანჯ“ პირდაპირ ფრანკებს უნდა ნიშნავდეს და მიუთითებდეს 1068 წლის ომის დროს, ქართველი მეფის ლაშქარში მყოფ ფრანკ მოქირავნეებზე. ასევე ისიც, რომ ისინი წარმოშობით ნორმანები იყვნენ, რადგან XI საუკუნის ბიზანტიაში, მოქირავნე ფრანკები, უმეტეს შემთხვევაში სამხრეთ იტალიიდან ჩამოსული ნორმანები იყვნენ. რიცხოვნობის განსაზღვრა შედარებით ძნელია, მაგრამ რადგან იმავე პერიოდის მოვლენებში მოქირავნე ფრანკთა რიცხოვნობის შესახებ საკმაო მონაცემები გაგვაჩნია, სავარაუდოა, რომ ნორმანთა რიცხოვნობა უნდა ყოფილიყო 100-დან 500 კაცამდე და ეს რიცხვი სულაც არაა მცირე და უმნიშვნელო, ვინაიდან ამ რაოდენობის ნორმან რაინდებს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში ხშირად მიეღწიათ წარმატებისათვის.
            როგორც ვხედავთ, ალ-ჰუსაინის ცნობისა და ამ პერიოდის სხვა წყაროების შესწავლას, მოქირავნეების შესახებ, რამდენიმე საინტერესო დასკვნამდე მივყავართ. ის გვიჩვენებს როგორი გავრცელებული იყო ნორმანი მეომრების გამოყენება არა მხოლოდ ბიზანტიასა და ახლო აღმოსავლეთში, არამედ ამირკავკასიაშიც. ასევე, კიდევ უფრო გვიმდიდრებს წარმოდგენას XI-XII საუკუნეების საქართველოს სამხედრო ისტორიის შესახებ და ხაზს უსვამს მოქირავნეობის მყარი ტრადიციის ქონას ამ პერიოდის ქართულ ლაშქარში.


შენიშვნები
1 შუა საუკუნეების მკვლეარი კრისტოფერ გრავეტიც XI საუკუნის ფრანკების" ეთნიკურობას იტალო-ნორმანებით განსაზღვრავს, რომლებიც სამხრეთ იტალიიდან მიდიოდნენ მოქირავნეებად ბიზანტიაში (გრავეტი 2006: 61).
2 ამ საკითხზე ქართულ ენაზე საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა არსებობს: ჯაბა სამუშია. ვიკინგები საქართველოში და სასირეთის ბრძოლა. თბილისი: უნივერსალი, 2008; ჯაბა სამუშია, „ვარიაგების მოწვევისა და სასირეთის ჭალისთავს მომხდარი ომის დათარიღებისათვის“, ცისკარი, N 3-4, 1995; დერმიშა გოგოლაძე, „მატიანე ქართლისას" ცნობა „ვარანგთა" შესახებ", ქართული დიპლომატია, N5, 1998; როინ მეტრეველი. და მოვიდეს ვარანგნი... თბილისი: მერანი, 1988; ვახტანგ გოილაძე, „ვიკინგები საქართველოში", მნათობი N4, 1984. ვრცელი ისტორიოგრაფიისთვის იხ. ჯაბა სამუშია, ვიკინგები საქართველოში და სასირეთის ბრძოლა.
3 Akolouthos - საიმპერიო დაცვის შენაერთის მეთაური. XI-XII საუკუნეებში ვარანგთა გვარდიის სარდლის წოდებასაც წარმოადგენდა.
4 Hervé Phrangopoulos/Frankopoulos M XI, Prosopography of the Byzantine World  ვებ-გვერდი [http://db.pbw.kcl.ac.uk/pbw2011/entity/person/107248]
5 Robert Crepin, Norman mercenary M /L XI, Prosopography of the Byzantine World,ვებ-გვერდი [http://db.pbw.kcl.ac.uk/pbw2011/entity/person/108212].
6 Roussel de Bailleul E / L XI, Prosopography of the Byzantine World,ვებ-გვერდი[http://pbw2016.kdl.kcl.ac.uk/person/Roussel/61/].
7 Papas, Keltish mercenary in kaisar Ioannes Doukas's army M / L XI. Prosopography of the Byzantine World,ვებ-გვერდი[http://pbw2016.kdl.kcl.ac.uk/person/Papas/101/]. Othon, rebel under Nikephoros III Botaneiates, M / L XI. Prosopography of the Byzantine World, ვებ-გვერდი [http://pbw2016.kdl.kcl.ac.uk/person/Othon/101/]. Radulf the Frank, military commander under Michael VI M XI, Prosopography of the Byzantine World, ვებ-გვერდი [http://pbw2016.kdl.kcl.ac.uk/person/Radulf/101/].
8უნდა აღინიშნოს რომ, სოსო მარგიშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი ქართველ მკვლევარი იყო, ვინც თავის დროზე, ალ-ჰუსაინის ფარანჯში“ ფრანკები ამოიკითხა. რადგან მარგიშვილი დავით IV-ს მეფობის პერიოდს იკვლევდა და არა ბაგრატ IV-ს, ალ-ჰუსაინის თხზულება ვრცლად აღარ განუხილავს, მხოლოდ მოკლედ ახსენა, რომ ამ ავტორის ცნობის მიხედვით, ჯერ კიდევ 1068 წელს, საქართველოს ჯარში ფრანკი მოქირავნეები უნდა ყოფილიყვნენ [მარგიშვილი 2006: 112].

დამოწმებანი
ავალიშვილი 1989: ავალიშვილი, ზურაბ. ჯვაროსანთა დროიდან: ოთხი საისტორიო ნარკვევი. თბილისი: საბჭოთა საქართველო.
ბლონდალი 2007: Blöndal, Sigfs; Benedikz, Benedikt S. The Varangians of Byzantium : an aspect of Byzantine military history. Cambridge: Cambridge University Press.
ბოსვორთი 2011: Sadr al-Dīn ʻAlī ibn Nāsir Husaynī; Clifford Edmund Bosworth, The history of the Seljuq state: a translation with commentary of the Akhbar al-dawla al-saljuqiyya by Clifford Milton Park, Abingdon, Oxon; New York: Routledge [ელ-ვერსია, Amazon Kindle version].
ბრაუნი 2003: Brown, Gordon S. The Norman Conquest of Southern Italy and Sicily.Jefferson; London: McFarland & C.
ბირკმაიერი 2002: Birkenmeier, John W. The Development of the Komnenian Army: 1081–1180. Leiden; Köln; Boston: Brill.
ბუნიათოვი 1980: Садр ад-Дин Али ал-Хусайни. Ахбар Ад-Даулат Ас-Сельджукийа. пер. З. М. Буниятова. Москва: Восточная Литература, ვებ-გვერდი vostlit.info.
ბიზანტიური სამყაროს პროსოპოგრაფია: Prosopography of the Byzantine World,ვებ-გვერდი https://pbw2016.kdl.kcl.ac.uk.
გრავეტი 2006: Gravett, Christopher; Nicolle, David. The Normans: Warrior Knights and their Castles. Oxford: Osprey.
ერემიანი 1946: Еремян С.Т. Юрий Боголюбский в Армянских и Грузинских источниках. Научние Труды Ереванского государственного университета, вип. ХХIII.
თინიკაშვილი, კაზარიანი 2014: თინიკაშვილი, დავით; კაზარიანი, იოანე. ჯვაროსნები და ქართველები: კრიტიკული მიდგომა ქართული ისტორიოგრაფიისადმი. კადმოსი 6: ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი.
იუზბაშიანი1959: Юзбашян К. Варяги и прония в Повествовании Аристакеса Ластивертци, ВВ 16.
კინი 1999: Medieval Warfare. ed. Maurice Keen. Oxford: Oxford University Press.
კაჟდანი 2001: Kazhdan, Alexander. „Latins and Franks in Byzantium: Perception and Reality from the Eleventh to the Twelfth Century". The Crusades from the Perspective of Byzantium and the Muslim World. Dumbarton Oaks Research Library and Collection Washington, D.C.
კედრენე 1963: გეორგიკა V. ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
კიონიგი 2015:  König, Daniel G. Arabic-Islamic views of the Latin West: tracing the emergence of medieval Europe. Oxford: Oxford University Press.
ლასტივერტეცი 1974: არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბილისი: მეცნიერება.
მინორსკი 1953: Minorsky, Vladimir. Studies in Caucasian History: I. New light on the Shaddādids of Ganja. II. The Shaddādids of Ani. III.Prehistory of Saladin. London: Cambridge University Press.
მოსიაშვილი 2012: მოსიაშვილი, ვასილ. თურქ-სელჩუკთა სულთნის ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში. დისერტაცია. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. თბილისი.
მარგიშვილი 2006: მარგიშვილი, სოსო. მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. თბილისი: სიესტა.
მესხია 2016: მესხია, შოთა. ძლევაი საკვირველი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ნარკვევები 1979: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი III. ელ-ვერსია nplg.gov.ge
ნიკოლი 2013: Nicolle, David. Manzikert 1071: the breaking of byzantium. London: Osprey Pub.
რიჩარდი 1952: Richard, Jean. „An Account of the Battle of Hattin Referring to the Frankish Mercenaries in Oriental Moslem States". Speculum, Vol. 27, No. 2, Apr.
როზენი 1883: Розен В. Император Василий Болгаробойца. СПБ.
სკილიცე 2010: Iohannes Scylitzes. A synopsis of byzantine history: 811-1057. Translated by John Wortley. Cambridge: CUP.
სპარაპეტი 1974: Смбат Спарапет. Летопись. перевод с древнеармянского, предисловие и примечания А.Г. Галстяна. Ереван: Айастан.
ტობიასი 1979: Tobias, N.The Tactics and Strategy of Alexius Comnenus at Calavrytae, 1078". Byzantine Studies 6.
ფრანსი 2008: France, John. Mercenaries and paid men: the mercenary identity in the Middle Ages. Leiden: Brill.
ქართლის ცხოვრება 2008: „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი", „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“. ქართლის ცხოვრება, რედ. როინ მეტრეველი. თბილისი: მერიდიანი.
შეპარდი 2008: The Cambridge History of the Byzantine Empire c. 500-1492. Edited by Jonathan Shepard. Cambridge: Cambridge University Press.
წურწუმია 2016: წურწუმია, მამუკა. შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი. თბილისი
ჰამბლი 1989: Humble, Richard. Warfare in the Middle Ages. New York: Mallard press.
ჰალდონი 2007: Хэлдон, Джон. История Византийских Войн. Москва: Вече.


დაიბეჭდა "ქართულ წყაროთმცოდნეობაში"(ტომი XIX/XX, 2017/2018. გვ. 276-284)