ვიკინგთა დრაკარები


   ადრეული შუა საკუნეების ევროპას VIII-XI საუკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდნენ ვიკინგები ანუ ნორმანები(ფრანგ. Normands, ლათ. Nortmanni). დღევანდელი შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის სანაპიროებზე მცხოვრები ეს ხალხი გამუდმებულ ლაშქრობებს აწყობდა ბრიტანეთსა და კონტინენტური ევროპის ქვეყნებზე, ძირითადად ძარცვა-გლეჯისა და მდიდრული ნადავლის მოპოვების მიზნით. სკანდინავიური მკაცრი სამყაროს შვილები წყალშიც ისევე გრძნობდნენ თავს, როგორც ხმელეთზე. მათთვის უფრო კომფორტული იყო ხომალდებით ემოძრავათ მდინარეებსა და ზღვაზე და ასე დაემყარებინათ ერთმანეთთან სავაჭრო, დიპლომატიური თუ სხვა სახის ურთიერთობა.


ამან გამოიწვია სხვადასხვა სახის გემის შექმნა. ისინი თითქმის ყოველთვის საზღვაო გზებს ამჯობინებდნენ სახმელეთოს. ვიკინგმა ზღვაოსნება დიდ წარმატებას მიაღწიეს: მათ აღმოაჩინეს და დაიკავეს კუნძული ისლანდია და გრენლანდია, ორკნეის, შოტლანდიისა და ფარერის კუნძულები, ირლანდია, ასევე მიაღწიეს ჩრდილოეთ ამერიკას – ნიუფაუნდლენდს. შვედეთიდან ბალტიის ზღვაში გასული ვიკინგები ბიზანტიის იმპერიამდეც კი აღწევდნენ, სადაც მათგან “ვარანგთა” დაქირავებული ჯარის შენაერთებს ქმნიდნენ და იმპერატორის გვარდიას ამარაგებდნენ. თავიანთ სწრაფ და მოულოდნელ რეიდებს ვიკინგები ამისთვის ყველაზე შესაფერისი ხომალდებით – დრაკარებით ახორციელებდნენ. მტრები მათ დანახვაზეც კი შიშით ცახცახებდა. ვიკინგების შემოსევა ხომ საშინელ კოშმარს ჰგავდა. ისინი თავს ესხმოდნენ დაუცველ სანაპიროს, გაძარცვავდნენ და გემზე გადაიტანდნენ ყოველივე გამოსადეგს და ძვირფასს, შემდეგ კი სწრაფადვე მიცურავდნენ, სანამ აქ მოწინააღმდეგის ჯარი გამოჩნდებოდა. 

დრაკარი – ( Drakkar  – ძვ. სკანდინავიურ ენაზე: “Drage”- დრაკონი, “Kar”- გემი.) ვიკინგთა ხის გემი, გრძელი და ვიწრო, მაღალი ცხვირითა და კიჩოთი. მას, ასევე “გრძელ გემსაც” ეძახიან.
 გემის ზომა, განსხვავებული იყო. მისი სიგრძე 35-დან 60 მეტრამდე მერყეობდა. დრაკარის ცხვირზე, ხის მოჩუქურთმებული დრაკონი იყო გამოთლილი (აქედან მოდის გემის სახელიც). კორპუსი გარედან, ვიკინგური, მრგვალი ფარებით იყო მორთული. დრაკარებს ნიჩბებით მართავდნენ. ნიჩბების რაოდენობა გრძელ გემებზე 35 წყვილს შეადგენდა. გემს მართკუთხედი აფრა ჰქონდა. თვითონ გემი, კი მთავარი სამართავი ბერკეტით იმართებოდა, რომელიც დრაკარის მარჯვენა ბორტზე მდებარეობდა. დრაკარს მრავალი ფუნქცია გააჩნდა. ვიკინგები მას იყენებდნენ, როგორც გადასაადგილებლად, ასევე ტვირთვის გადაზიდვისთვის და ბრძოლისთვის. დრაკარი 12-14 კვანძის სიჩქარით მოძრაობდა, რაც ამ ზომის გემისთვის ჩინებული მაჩვენებელი იყო. ძირითადად ვიკინგები დრაკარით ქვეყნის შიგნით მდინარეებში გადაადგილდებოდნენ. თუმცა შორეული მოგზაურობისთვისაც იყენებდნენ. მაგალითად ისლანდიასა და გრენლანდიაში. ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ პირველი ევროპელები ვიკინგები იყვნენ, რომლებმაც ჩრდილოეთ ამერიკა აღმოაჩინეს. ეს სწორედ დრაკარების დამსახურებაა.  
ვიკინგები თავს ისე გრძნობდნენ წყალში, როგორც ხმელეთზე. ყველაზე სწრაფად და ჩუმად ყოველთვის წყლით გადაადგილდებოდნენ, ამაში ხელს უწყობდათ ის, რომ სკანდინავიაში საკმაოდ ბევრი მდინარე და ტბაა. ასეთმა ცხოვრების წესმა განაპირობა ის, რომ დრაკარები დროთა განმავლობაში უფრო იხვეწებოდა და ვითარდებოდა. დრაკართა განვითარება XI-XIII საუკუნეებში ხდებოდა.
დრაკარის ეკიპაჟი, გემის ზომაზე იყო დამოკიდებული. თითო ნიჩაბთან, თითო მენიჩბე იჯდა. ამას დამატებული კაპიტანი და რამოდენიმე თანაშემწე. დრაკარი ვიკინგისთვის მეორე სახლი იყო. ყველას ჰქონდა ადგილი თავისთვის და მისი ნივთებისთვის.

როდესაც სალაშქროდ მიდიოდნენ გემზე უფრო მეტი მეომარი იმყოფებოდა, ვიდრე ჩვეულებისამებრ. იყო შემთხვევები, როდესაც დრაკარზე 100-დან 150 მეომარი იმყოფებოდა. ასეთ დროს გემებით ნაპირთან ახლოს დაცურავდნენ, ხოლო ღამე ნაპირზე გადმოდიოდნენ დასაბანაკებლად.
დრაკარისთვის აფრას ჩრდილოეთის ჯიშის ცხვრის მატყლისგან ამზადებდნენ. მას ზემოდან ქონის თხელ ფენას უსვამდნენ, რაც ხელს უშლიდა აფრის დასველებას. ეს ტექნოლოგია თანამედროვე ლინოლეუმის ტექნოლოგიას გავს. აფრას მართკუთხედი ან კვადრატული ფორმა ჰქონდა, რაც ხელს უწყობდა სწრაფად ეცურათ, როდესაც ზურგის ქარი უბერავდა. აფრა ძვირად ფასობდა, რადგან მის დამზადებას (90კვ.მ.) 2 ტონა ცხვრის მატყლი ჭირდებოდა. თითო ცხვარი კი ყოველწლიურად 1,5 კილოგრამ მატყლს იძლეოდა.
მე-13 საუკუნიდან ევროპის ქვეყნები გაცხოველებულ საზღვაო ვაჭრობას ეწეოდნენ. ამ პერიოდში შემოვიდა ევროპაში კოგის ტიპის ხომალდების ხმარება, რომელსაც ჰქონდა მაღალი კორპუსი, იყო მტკიცე და ვიკინგური ხომალდისთვის მიუწვდომელი, მათ განდევნეს დრაკარები ევროპის ზღვებიდან, თუმცა სკანდინავიაში ამ კონსტრუქციის გემებს მე-19 საუკუნის ბოლომდეც კი იყენებდნენ, ხოლო ბრძოლებში გამობრძმედილი ეკიპაჟები კვლავ დაცურავდნენ ჩრდილოეთ ატლანტიკის წყლებში, როგორც ამას მათი სახელოვანი წინაპრები აკეთებდნენ.

ლევან ტავლალაშვილი და ნიკა ხოფერია