ბაბილონის სამეფო

ქალაქი ბაბილონი  - ძველი ქალაქი მესოპოტამიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. თავისი გრძელი ისტორიის განმავლობაში ბაბილონი ბაბილონის სამეფოს, სპარსეთის იმპერიის და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დედაქალაქი იყო.
პირველი ცნობები ქალაქზე მეფე შარკალიშარის დროიდან არის(მაშინ ბაბილონს შუმერული სახელი, კადინგირი ერქვა, რაც “ღმერთების კარიბჭეს” ნიშნავს), რომელმაც ქალაქში ტაძარი ააგო. უძველესი ქრონიკების მიხედვით ბაბილონი ჯერ კიდევ სარგონ აქადელის დროს არსებობდა. არის ცნობები, რომ ქალაქი კადინგირი ანუ შემდეგდროინდელი ბაბილონი ძვ.წ XXIII საუკუნეში ააშენეს კოლონისტებმა ერედუდან.
დამპყრობელმა ამორევლებმა მესოპოტამიის დაპყრობის შემდეგ დედაქალაქად აირჩიეს და ბაბილონი დაარქვეს. ამის შემდეგ ბაბილონი ნელ-ნელა მნიშვნელოვან ქალაქად იქცა და ბაბილონის და ახალბაბილონური სამეფოს დედაქალაქი გახდა. ქალაქი გაიზარდა და დამშვენდა უამრავი ნაგებობით, რომელთა შორის გამოირჩეოდა დაკიდული ბაღები, ბაბილონის გალავანი და მარდუქის გოდოლი. ბაბილონის სამეფოს დაცემის შემდეგ სპარსელები და შემდეგ მაკედონელები დაეუფლნენ მშვენიერ ქალაქს. სწორედ ამ ქალაქში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავარი და დამპყრობელი ალექსანდრე მაკედონელი.
                                                     ბაბილონის "კიდული" ბაღები

ბიბლიის მიხედვით ბაბილონში დაიწყო ხალხმა გოდოლის აშენება, რომლის წვერი ცას უნდა მიწვდომოდა, ამ დროს გაიყო ხალხი სხვადასხვა ერებად და ენის აღრევა მოხდა.
 როდესაც ებრაელებმა ბაბილონი იხილეს გადასახლების დროს, ისე მოიხიბლნენ მისი მშვენიერებით და ისეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა ქალაქმა მათზე, რომ შემდეგ ბაბილონი მათთვის სინონიმად იქცა სიდიადის, მშვენიერებისა და სიმდიდრისა.
ბაბილონის სამეფო - ბაბილონია ანუ ბაბილონის სამეფო - ძველი სახელმწიფო შუამდინარეთში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა ძვ.წ II ათასწლეულის დასაწყისში და არსებობა შეწყვიტა ძვ.წ 539 წელს. ბაბილონის სამეფოს დედაქალაქი იყო ქალაქი ბაბილონი, საიდანაც მიიღო სახელმწიფომ სახელწოდება. ბაბილონი სემიტური მოდგმის ხალხმა, ამორევლებმა დაარსეს. ბაბილონელებმა განავითარეს შუმერულ-აქადური კულტურა და განვითარების უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ. ბაბილონელები ლაპარაკობდნენ სემიტურ-აქადურ ენებზე და ასევე საკულტო ენად ითვლებოდა შუმერული ენაც.
ბაბილონი შუმერული ქალაქის, კადინგირის ადგილზე წარმოიქმნა. პირველი წყაროები, რომლებიც ბაბილონს მოიხსენიებენ აქადის მეფის, შარკალიშარის(ძვ.წ XXIII საუკუნე) ეპოქიდან მოდის. ძვ.წ XXII საუკუნეში ქალაქი ურის მეფემ, შულგიმ აიღო და გაანადგურა.
ძვ.წ 1895 წ ამორეველმა ბელადმა სუმუ-აბუმომ თავისი სახელმწიფო შექმნა დედაქალაქი ბაბილონით. მესოპოტამიური სახელმწიფოების გაუთავებელი ომების პერიოდში, ბაბილონი მთელი შუამდინარეთის სამხრეთ ნაწილის მფლობელი სახელმწიფოს, ლარსას სამეფოს ცენტრი გახდა. ძვ.წ 1764-1756 წლებში ბაბილონის მეფე ჰამურაბიმ დაპყრო ელამი, მარი, აშური, ეშნუნი, სუზიანა და ერთ მძლავრ სახელმწიფოში გააერთიანა, რომელსაც თავისივე შედგენილი კანონებით მართავდა.
                                                           ჰამურაბის კანონები 

ჰამურაბის მმართველობის შემდეგ ბაბილონი ნელ-ნელა დასუსტდა, რასაც მოჰყვა კასიტების შემოჭრა სამეფოში. კასიტები მართავდნენ დიდ მესოპოტამიურ სახელმწიფოს, რომელიც სირიის სტეპებამდე იყო გადაჭიმული. საბოლოოდ კასიტები გაანადგურეს ელამელებმა ძვ.წ 1150 წ.
ბაბილონის სამეფოს აღზევება ახალბაბილონური სამეფოს ეპოქაში დაიწყო(ძვ.წ 626-539). მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის(ძვ.წ 604-561) დროს ბაბილონში აშენდა ახალი მდიდრული სასახლეები და ტაძრები, მათ შორის ჩრდილოეთისა და სამხრეთის სასახლეები და დაკიდული ბაღები. ამას გარდა ახალბაბილონური სამეფოს მმართველებმა ქალაქის დაცვაზე ბევრი იზრუნეს და სქელი და მტკიცე გალავანი შემოარტყეს გარს.
ბაბილონის სამეფო დასუსტდა ნაბუქოდონოსორ II-ის მემკვიდრეების მმართველობისას და ძვ.წ 539 წელს, როდესაც ქვეყანას ბიბლიური მეფე ვალტასარი მართავდა ქალაქი აქემენიდმა სპარსელებმა აიღეს.
             ქალაქი ბაბილონი ახალბაბილონური იმპერიის ძლიერების ზენიტში

ბაბილონი დიდ როლს თამაშობს ისრაელის ისტორიაში და ბიბლიაშიც ხშირად გვხვდება იმ დროიდან, რაც ხალხმა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყო. ბიბლიურ წყაროებში ჩანს მეფე ნებროთის სახე, რომელიც განთქმული მონადირე და ებრაელი ერის დიდი მტერი იყო.
ბიბლიის წიგნებში, III და IV მეფეთაში აღწერილია ბაბილონის სამეფოს გაძლიერების პერიოდი და შემდეგ ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ იუდეის სამეფოს დაპყრობის, იერუსალიმის აღების და ებრაელების ბაბილონში გადასახლების ისტორია.
      ბაბილონელებმა იერუსალიმის მოსახლეობა იმპერიის
სხვადასხვა კუთხეებში გადასაახლეს 

ბაბილონი რამდენჯერმეა მოხსენიებული იოანეს აპოკალიფსისში “დიადი ქალაქის” სახელით, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ხალხთა ცხოვრებაში. თუმცა აპოკალიფსისი არ გვიჩვენებს პირდაპირ მესოპოტამიურ ბაბილონს, რომელსაც დაკარგული ჰქონდა თავისი მსოფლიო მნიშვნელობა და გულისხმობს მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდ და ძლიერ ქალაქს, რომს, როგორც მეორე ბაბილონი.
                                              მეფე ჰამურაბი კარნახობს კანონებს

ბაბილონის არმია - ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ბაბილონის ადრეული სამეფოს შესახებ. ჰამურაბის მმართველობის პერიოდამდე(ძვ.წ 1764-1725 წ) ბაბილონის სამეფოს არმია მოხალისეებისა და მეფის გვარდიისაგან შედგებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით ჰამურაბის გვარდია 10000-დან 20000-მდე მეომარს ითვლიდა და პროფესიონალურ ჯარს წარმოადგენდა. ჰამურაბის გვარდიის ოდენობა ყველა სხვა მეფეების გვარდიის რაოდენობას აღემატებოდა(მიუხედავად ამისა, ეს რიცხვები აშკარად გაზვიადებულია). გვარდიაში მონები და დაქირავებული ჯარისკაცები მსახურობდნენ, რომლებიც ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები ქვეყნის მდგომარეობით და სამეფო ინტრიგებით, ისინი იყვნენ ჯარისკაცები, რომლებსაც მტერი უნდა დაეხოცათ და გამარჯვება მოეტანათ.
                                                            ბაბილონელი ქვეითი

ჰამურაბიმ თავის სამეფოში ადრეფეოდალური სისტემა შემოიღო, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები მიწებს იღებდნენ, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაევლოთ ან გარნიზონში ან საველე ჯარში. მეფე ვალდებულებას იღებდა დაეცვა და წესრიგი დაემყარებინა მოქალაქეების მიწებზე სანამ ისინი ჯარში მსახურობდნენ. მოქალაქეები ბაბილონელთა მთავარ ძალას შეადგენდნენ. ძვ.წ 900-626 წლებში არმია მოქალაქეებისგან იკრიბებოდა, მეფის გვარდიას კი უცხოელები შეადგენდნენ. შემდეგ ჯარი სამ ერთეულად იყოფოდა: ქვეითებად, ცხენოსნებად და ეტლოსნებად. მთავარი აქცენტი მშვილდოსნებზე და ეტლოსნებზე იყო გადატანილი. ბაბილონელები შესანიშნავი მშვილდოსნები იყვნენ. თითქმის ყველა მხედარს და ქვეითს ჰქონდა მშვილდ-ისარი. მეფის გვარდია 600 ცხენოსანს და 4000 ქვეითს შეადგენდა.
                                                         ბაბილონელი მეთაური

ბაბილონის მთელი არმიის ოდენობა ძნელი გასარკვევია, რადგან ისინი ყოველთვის მოკავშირეებთან ერთად იბრძოდნენ. პაპუსკალასთან ასურელებთან ბრძოლისას(ძვ.წ 818) ბაბილონელებმა, ქალდეველებმა და მათმა მოკავშირე ელამიტებმა 13000 ჯარისკაცი დაკარგეს და 3000 მტერმა ტყვედ წაიყვანა. შემდეგ მათ კიდევ შეკრიბეს ჯარი, მაგრამ კიდევ დამარცხდნენ და 5000 ჯარისკაცი, 200 ცხენი და 100 ეტლი დაკარგეს. კუფთან ბრძოლის შემდეგ(ძვ.წ 706) ასურელებმა ქალდეველთა ყველა ქალაქი დაიკავეს და 208000 ტყვე და 7200 ცხენი იგდეს ხელთ. სულ ბოლოს ხალულესთან (ძვ.წ 609 წ) ბაბილონელთა, ელამიტთა და არამეელთა გაერთიანებულმა ჯარმა ასურელებთან სასტიკ შეტაკებაში 15000 მეომარი დაკარგა, ასურული წყაროების მიხედვით. ყველა აღმოსავლური წყაროს გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ბაბილონის არმია იმ დროისათვის მრავალრიცხოვანი იყო და 50000 ჯარისკაცს შეადგენდა. ყველა ზემოთ მოცემულ შემთხვევაში რიცხვები გაზვიადებულია, თუმცა ალბათ გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეუძლია ბაბილონისა და მისი მოწინააღმდეგეების ჯარზე.
ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანტ ჰარმენს ვან რეინის ნახატზე ბაბილონის უკანასკნელი მეფე - ბიბლიური ვალტასარია გამოსახული, რომელსაც დანიელის წიგნის მიხედვით ბაბილონის დაცემის ღამეს, ნადიმისას, ღმერთი ხელმა კედელზე დაუწერა შემდეგი სიტყვები - "მენე, მენე, თეკელ უპარსილ" - შენ აიწონე და მსუბუქი გამოდექი. ეს ნიშნავდა ვალტასარის მეფობისა და ბაბილონის იმპერიის დასასრულს - იმ ღამეს სპარსელებმა და მიდიელებმა ქალაქი აიღეს.

ბაბილონელთა მეორე სამეფოს პერიოდში, კარგად აღჭურვილმა და დისციპლინირებულმა ბაბილონელმა ჯარისკაცებმა დიდი ტერიტორიების დაპყრობა მოახერხეს, მათ შორის იუდეის სამეფოს. ბაბილონელთა დიდმა მეფემ ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმი ალყით აიღო, გადაწვა, დაანგრია და გაძარცვა, შემდეგ კი უამრავი ებრაელი ტყვე გადაასახლა ქალდეველთა სახელმწიფოში.

ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენიკლოპედია