ნაწყვეტები წერილებიდან, რომლებიც ნაპოლეონის არმიის ოფიცრებმა გაგზავნეს რუსეთიდან საფრანგეთში 1812 წლის კამპანიის დროს (თარგმანი და კომენტარები - ნიკა ხოფერია)
ეს წერილები (1) შეიცავდა 1812 წლის კამპანიის მრავალ მნიშვნელოვან ცნობას, ოფიცრების მიერ თავიანთი ცოლებისა და ნათესავებისთვის გაგზავნილს, მაგრამ მათი მიწოდება შეაფერხეს, რადგან თვლიდნენ, რომ უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა საფრანგეთში, ნაპოლეონს კი არ სურდა რუსეთის მარცხიანი ლაშქრობის შესახებ ბევრი დეტალები გახმაურებულიყო.(2) თუმცა ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ფოსტაში არსებული პრობლემებიც იყო, განსაკუთრებით ლაშქრობის მეორე ნაწილში. როდესაც ნაპოლეონმა დატოვა რუსეთი, ოქტომბერსა და ნოემბერში დაწერილი წერილების უმეტესობა ჯერ კიდევ პოლონეთში იქნებოდა.
აი რას წერდა დინაბურგიდან (3), 1812 წლის 19 სექტემბერს, საინჟინრო ნაწილების ოფიცერი მარიონი (Marion) ბატალიონის მეთაურ ტიბოს (Thiebault), რომელიც გენერალ ლუი-გაბრიელ სუშეს (4) შტაბში მუშაობდა, ესპანეთში:
`მე პატივი მაქვს ვიმსახურო აქ, ვუმეთაურო საინჟინრო ნაწილს მე-10-ე კორპუსში, მაგრამ ჩემი მეთაურობის ქვეშ არცერთი ფრანგი არ არის, გარდა კაპიტანი ბიენკურისა (Biencour). ყველა დანარჩენი პრუსიელი ან პოლონელია. ჩვენი უზარმაზარი, დიდი არმია ნამდვილი ბაბილონის გოდოლია, ენების აღრევით. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს არქიტექტორი, რომელიც ყველაფერს მშვენივრად ხედავს. რუსები მას მოჟაისკთან (5) გაექცნენ."
ვილატოფიკიდან (6), პოლოცკის (7) მახლობელი ადგილიდან, 1812 წლის 7 ოქტომბერს არტილერისტი წერს არტილერიის პოლკოვნიკ ბერტონს (Berthon):
`ავადმყოფობა ბევრ ადამიანს გვაკარგვინებს. გარწმუნებთ, ჯერ არასდროს გვქონია ისეთი მძიმე ომი, როგორიც ახლა".
ნაპოლეონის არმიის პოლონელი ულანები
მიუხედავად რამდენიმე ჭრილობისა, რომელიც რაპმა (8) მოსკოვში შესვლამდე მიიღო, იგი ინარჩუნებდა სულის სიმტკიცეს (9):
`დღეს [7 ოქტომბერი, 1812] უკვე ერთი თვეა, რაც იმპერატორმა გაიმარჯვა ყველაზე ბრწყინვალე, მაგრამ ყველაზე საშინელ ბრძოლაში ყველა იმ ბრძოლას შორის, რაც რევოლუციის დროიდან მომხდარა. როდესაც გენერალი კომპანი დაიჭრა, იმპერატორმა მისი დივიზია ჩამაბარა; მაგრამ მე თვითონ, ნახევარი საათის განმავლობაში ოთხჯერ დავიჭერი. პირველად - დამბაჩის ტყვიით, ხელში; მეორედ - პისტოლეტიდან გასროლით ბარძაყში, მესამედ - მარცხენა ხელში, ყუმბარით და ბოლოს, ფინდიხით ნასროლი ტყვიით, მარცხენა ბარძაყში. ამ დარტყმამ უნაგირიდან გადმომისროლა და მაიძულა საქმისთვის თავი დამენებებინა. საბედნიეროდ, არაფერი მომტყდა და უკვე თითქმის გამოვკეთდი. ყველა ირწმუნება, რომ ომში სიკვდილი არ მიწერია".
ექვსი დღის შემდეგ, 1812 წლის 13 ოქტომბერს, ოფიცერი სალჰა(C. Saalhat) მოსკოვიდან წერილს უგზავნის ტოსკანიის დიდ ჰერცოგინიას, ფლორენციაში:
ამინდი, სიცივის მიუხედავად, კარგია. მოსკოვში მხოლოდ მცირერიცხოვანი მოსახლეობა დარჩა, ამიტომაც ჩვენ აქ ნამდვილ კოლონიას ვქმნით... საერთოდ, ცუდად არ ვცხოვრობთ. დიდი ხანძრის შემდეგ, არცერთი სახლი არ დამწვარა; ძარცვა შეწყდა; ყველაფერი წესრიგშია მოყვანილი... ჩვენ მოწინააღმდეგისკენ მივიწევთ; თუ ის ჩვენ დაგვიცდის, ყველაფერი დავიწყებული იქნება. P.შ. ამ წუთს, პირველად წამოვიდა თოვლი! (10)
ნაპოლეონ ბონაპარტი (ვ.ვერეშაგინის ნახატი, XIX ს.)
ეს პირველი თოვლი მაინცდამაინც ხელს არ უშლიდა დიდ არმიას, როგორც ეს ლუის (Luy) წერილიდან (დაწერილი 1812 წლის 16 ოქტომბერს) ჩანს ადმირალ განტომისადმი (Gantheaume) (11), პარიზში (12):
`ყოველ შემთხვევაში ჩვენი აქ გამოზამთრება არ შეიძლება; რადგან საკმარისი საშუალება არ გაგვაჩნია. ხანძარმა, რომელმაც ქალაქის 5/6 ნაწილი გაანადგურა, მოგვაკლო იმ რესურსებს, რისი იმედიც გვქონდა. განსაკუთრებით კავალერიაა ცუდ მდგომარეობაში, რომელიც ისედაც შესამჩნევად შემცირდა. საბრძოლო სულისკვეთება კარგია. რუსები არ მიიღებენ ახალ ბრძოლას, და თუ ჩვენ მათ დავედევნებით, ისინი დატოვებენ თავიანთ პოზიციებს. გვარდია კვლავ უვნებელი და დიდებულია."
ბარონ ჟულემინეტოს (Juillemineto) წერილი ცოლისადმი იმავე რიცხვში:
`ნამდვილი ომი ჩვენ დაღლილობით, გაჭირვებითა და ავადმყოფობით მეტ ადამიანს გვაკარგვინებს, ვიდრე მტრის ტყვიით. მხოლოდ რკინის ჯანმრთელობას შეუძლია ყველაფერ ამას გაუძლოს! ჩვენ აღარ დავაყოვნებთ მოსკოვის დატოვებას. ჯარები მოდიან: ფიქრობენ რომ ისინი მიდიან კალუგაში, ტულასა და მალორასიაში. თურქებზე ლაპარაკიც აღარ არის. ეს საძაგელი კაზაკები კი ჩვენ ზურგსა და სურსათით მომმარაგებლებს დიდ ზიანს აყენებენ."
გრუში (13), იგივე რიცხვში გაგზავნილ წერილში თავის ცოლისადმი, საუბრობს მშვიდობაზე:
`ვიმედოვნებთ, რომ ან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავბრუნდები თქვენთან, ან კვლავ გადავურჩები ომის სასიკვდილო საფრთხეებს. ხვალ ან ორი დღის შემდეგ თავად ვოლკონსკის დაბრუნებას ელიან, რომელმაც მეფეს უნდა გადასცეს ლორისტონის (14) წინადადება... ღმერთო შეგვეწიე რომ რუსები უფრო შორს განვდევნოთ, გამოვკვებოთ არმია და მშვიდობა დავამყაროთ, რომელიც ყველას გვსურს და გვჭირდება".
კაზაკები თავს ესხმიან უკანდახეულ ფრანგებს
გენერალ ბარონ გრესოს (Gressot) (15) სკისზენიდან (?), სურს შეიტყოს, რა ხდება:
`ჩვენ აქ მოუთმენლად ველით სიახლეებს მოსკოვიდან. ჩვენ არ გვაქვს არც გაზეთი, არც ცნობები. ასევე საინტერესო იქნებოდა იმის ცოდნა, რა ხდება ესპანეთში და თქვენ რას აკეთებთ საფრანგეთში?"
ბარაგე დ'ილიე (Louis Baraguey D'Hilliers) (16), 1812 წლის 8 ივლისს ერთი დივიზიის მეთაურად დანიშნული, თავისი პესიმიზმით ზუსტად წინასწარმეტყველებს საკუთარ სიკვდილსაც, იმავე წელს ბერლინში, ავადმყოფობისგან, რაც მოჰყვა სასამართლოს, რომელზეც მას უღალატეს.(17) აი რას წერს იგი 31 ოქტომბერს თავის ცოლს ელნიდან (18):
`ეს გადასვლები, რუსეთის მთავარი არმიის დევნა, მათი დაწევის შანსის გარეშე, მხოლოდ ფიტავს ჯარს. ჩვენ ჯარისკაცებს, რომელთაც ჯერ ერთი გასროლაც არ გაუკეთებიათ, მალე იპყრობთ შიში კაზაკების წინაშე, რომლებიც მამლუქების მანერაზე იბრძვიან: ველური ყიჟინით ალყას არტყამენ ჯარს. ვიმედოვნებ, მალე შევუერთდები იმპერატორის I კორპუსს და დროთა განმავლობაში გავთავისუფლდები ამ მოსაწყენი საქმისგან, რომელიც არც საჭიროა და არც საპატიო. მე ის მორჩილად მივიღე."
ნაკლებად სარწმუნოა მალე მშვიდობის დამყარება; მეორე კამპანია გარდაუვალია, რადგან რუსეთის არმია, მიუხედავად დანაკარგებისა, ისევ ძალიან ძლიერია.
ყველა ჯარისკაცი, უკლებლივ, ომის დასრულებას ნატრობს, ოფიცრები კიდევ უფრო მეტად; ამიტომ თუ იმპერატორი მოინდომებს თავისი არმიის მხურვალე სურვილის შესრულებას, ბრძანებს იანუსის ტაძრის კარიბჭის დახურვას; მაგრამ, როდესაც ვიცი, რა ჯიუტად არის ჩაფრენილი თავის გეგმებს, რომ არ ველოდები მისგან, არმიის თხოვნის შესმენას. ფულში ძალიან მიჭირს. ის მაძლევს სამი თვის სამყოფს, საგზაო ხარჯებისთვის, მაგრამ ამის გარდა გროშიც არ მრჩება! მე კი ძალიან მჭირდება, რათა ჩემი თავლის დანაკლისი შევავსო."
გენერალი ლუი ბარაგე დ'ილიე
ხუთი დღის შემდეგ და მის უიღბლო დატყვევებამდე ოთხი დღით ადრე, არის კიდევ ერთი წერილი იელნიდან (4 ნოემბერი, 1812). ეს წერილი მეტად საინტერესოა, შორსმჭვრეტელი და მისი ბოლო ნაწილი მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს:
`ყოველდღიურად მიწევს ვიბრძოლო; საბედნიეროდ, არ დავჭრილვარ. მე არ დაველოდები რუსეთის არმიის მოსვლას, რომელიც, უეჭველად გამოჩნდება აქ რამდენიმე დღეში. ჩემს ახალბედა ჯარისკაცებთან ერთად, მე როგორ გამოვიჩინო თავი! მე მხოლოდ მაშინ ვიგრძნობ თავს ბედნიერად, როდესაც ამ მძიმე ტვირთს მოვიხსნი მხრებიდან. ბრძოლაში გამოცდილ ვეტერანს (19) ჯარისკაცებიც თავისივე შესაბამისი სჭირდება. არანაირი მინიშნება არ არის სწრაფ დაზავებაზე. რუსები შესანიშნავად მოქმედებდნენ, იმპერატორი კი ჩქარობს, რათა იხსნას თავისი ზურგი და მარაგი, რომელიც, როგორც ამბობენ, დიდ საფრთხეშია... თვითონ რუსები არიან გაოცებულები ნამდვილი გამარჯვებით.
ჩვენი ცხოვრება, როგორც მოწინავე ჯარის: გვძინავს თივაზე, გათენებამდე ორი საათით ადრე უკვე ფეხზე ვართ, ზოგჯერ 16 საათის მგზავრობის განმავლობაში ცხენიდან არ ჩამოვდივართ, ჩექმებს არასდროს ვიხდით, ღამით საქმეზე გვაღვიძებენ; ვიკვებებით ღარიბულად: ღვინის გარეშე, შავი, ჭვავის პურით და ვსვამთ საზიზღარ წყალს. დიდი გამძლეობაა საჭირო, რომ ამას გაუძლო. მე არ მაოცებს ის, რომ არმიაში ამდენი ავადმყოფობაა. ჩვენი ცხოვრების წესი და ეს კლიმატი - რუსებზე ძლიერი მტრებია.
რომ იცოდეთ, რა ხშირად ვფიქრობ თქვენზე, როგორ მენატრებით, მხოლოდ თქვენ ერთისთვის მსხვერპლად გავიღე ჩემი მისწრაფებები, სიმშვიდე, ბედნიერება და ჯანმრთელობა: თქვენ რომ არა, დიდი ხნით ადრე მივატოვებდი სამსახურს, კმაყოფილი ჩემი მოკრძალებული შემოსავლით. რათქმაუნდა, მე ამისთვის არ გკიცხავთ, რადგან ვთვლი ჩემ მოვალეობად ყველაფერი შემოგწიროთ; წუთებში, როდესაც ყველაფრის მიმართ გულგრილი ვხდები და გამოუთქმელი ტანჯვა და უკმაყოფილება მძლევს, მაჩერებს ფიქრი, რომ მე შემიძლია ყველაფერი თქვენ შემოგწიროთ. ყველაფერს აქვს დასასრული, და ვფიქრობ მივაღწევ მას ამ კამპანიის შემდეგ".
ამ წერილით სრულდება წერილთა ის რიგი, რომელიც რუსეთიდან საფრანგეთში ჰამბურგის ფოსტის გავლით ხვდებოდა (თუმცა როგორც აღვნიშნეთ ჰამბურგს ეს წერილები ამ პერიოდში არ გასცელია). მაგრამ მათში არის კიდევ ერთი წერილი, რომელიც საფრანგეთიდან რუსეთში უნდა გაგზავნილიყო და ასევე შეაფერხეს.
ან ჟან მარი რენე სავარი (პ.ლეფევრის ნახატი, 1814)
ის ნათელს ხდის იმ სიძნელეებს, რომლებსაც ნაპოლეონი საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ შეხვდებოდა. მისი ავტორი არის ჰოლანდიის დედოფალი ჰორტენზია, ჟოზეფინა დე ბოჰარნეს ასული, მომავალი იმპერატორის ნაპოლეონ III-ს დედა. იგი წერილს უგზავნის თავის ძმას, იტალიის ვიცე-მეფეს ეჟენ დე ბოჰარნეს. წერილი დათარიღებულია 1812 წლის 13 ნოემბრით და გაგზავნილია სენტ ლუდან (20) .
`დიდი ხანია შენზე არაფერი ვიცი... ამ დროს, თქვენთვის ალბათ უკვე ცნობილია ჩვენი პარიზული ავანტიურის შესახებ.(21) (22)
ყველას ძალიან გვაშფოთებს, როგორ განეწყობა ამაზე იმპერატორი. ხალხი დასცინის პოლიციას, მაგრამ ამავე დროს ფიქრობენ, რა მომავალი ექნება პოლიციას. იმედი მაქვს იმპერატორი არ გააგდებს მის მიმართ ასეთ ერთგულ ხალხს... სხვადასხვა ჭორებმა ბევრს მისცეს საბაბი ეფიქრა, რომ იმპერატორი, შეიძლება მკვდარია. ყველა იმპერატორის ამბებს კითხულობს და ჭორებს არად აგდებს. ნერვიულობენ იმათზე, ვისაც არანაირი ცნობა არ გააჩნია. მე ვიმეორებ დედოფლის მიერ ჩემთვის ნათქვამს, რომელსაც იმპერატორი წერდა, რომ იმედი ჰქონდა მალე ნახავდა მას. თუ ასე იქნება, ყველანი ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ თუ ის მას ვარშავაში მიიწვევს, ჩვენ ძალიან მოსაწყენი ზამთრის გატარება მოგვიწევს. ჩემთვის სასიამოვნო იქნება, თუ გამონახავ დროს, გადასცე იმპერატორს ჩემი მოკითხვა."
სქოლიოები
- წერილების თარგმანი მომზადებულია 1870-1918 წლებში არსებული რუსული ჟურნალის, Русская старина-ს მიხედვით. Русская старина, 1913, т. 154 (С.-Петербург, 1913), 420-424. წერილები პარიზში საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში მოიძია დენის როჩემ (Denis Roche). თარგმანი ვ.ნ ტრესკინასი (В.Н. Трескина).
- Русская старина, 1913, т. 154 (С.-Петербург, 1913), 420.
- დინაბურგი - ქალაქი ლატვიაში (ახლა დაუგავპლისი). 1772 წელს, რეჩპოსპოლიტას დანაწილების შემდეგ, დინაბურგი რუსეთმა დაიკავა. 1810-1812 წლებში აქ დინაბურგის ცნობილი ციხესიმაგრე აშენდა.
- ლუი-გაბრიელ სუშე (1770-1826) - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის იმპერიის მარშალი (1811 წლიდან). მონაწილეობდა რევოლუციისა და ნაპოლეონის ომებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ესპანეთში, რისთვისაც 1811 წელს, ტარაგონას აღების შემდეგ იმპერიის მარშლობა მიიღო. 1812 წლის კამპანიაში სუშე არ მონაწილეობდა, რადგან ამ პერიოდში ესპანეთში იბრძოდა.
- ფრანგი ჯარისკაცები ბოროდინოს ბრძოლას მოჟაისკის ბრძოლას უწოდებდნენ (შემდეგში მოსკოვის ბრძოლასაც).
- არ არის გარკვეული ზუსტად სად მდებარეობს.
- პოლოცკი - ქალაქი ბელარუსში. 1812 წლის კამპანიის დროს ამ ქალაქთან ორი ბრძოლა (17-18 აგვისტოს და 18-20 ოქტომბერს) მოხდა.
- ჟან რაპი (1771-1821) - ფრანგი გენერალი ნაპოლეონის ომების პერიოდში. ეგვიპტის კამპანიის (1798-99) დროიდან იყო გენერალ ლუი დეზეს ადიუტანტი (აიდე დე ცამპ). ამ უკანასკნელის დაღუპვის შემდეგ (მარენგოს ბრძოლაში 1800 წ) კი ნაპოლეონის ადიუტანტი გახდა. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით, რის გამოც ხშირად იღებდა ჭრილობებს ბრძოლაში. 1812 წელს ბოროდინოსთან ბრძოლაში, როგორც წერილიდანაც ჩანს, იგი ოთხჯერ დაიჭრა. ამ დროს იგი გენერალ ჟან-დომინიკ კომპანის დივიზიას სარდლობდა (კომპანი დაჭრილი იყო). დიდი არმიის უკანდახევის დროს გადაარჩინა ნაპოლეონი კაზაკების თავდასხმისგან და კიდევ ერთხელ დაიჭრა ბერეზინას გადალახვისას, როდესაც მარშალ მიშელ ნეისთან ერთად იბრძოდა არიეგარდში. Philip J Haythornthwaite; Patrice Courcelle, Napoleon's commanders. 2, 1809-15
(Oxford, 2002), 51.
- Русская старина, 1913, т. 154, 420-421.
- 13 ოქტომბერს მცირე ყინვა იყო და პირველი თოვლის ფიფქები დაეფინა მოსკოვის ნანგრევებს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სეზონი იდგა, ამინდის ცვლილების ამ პირველმა ნიშნებმა მოაახლოვა მომენტი, როდესაც უნდა გადაეწყვიტათ, როგორ მოქცეულიყვნენ. `უნდა ავჩქარდეთ", უთხრა მან თავის მდივანს. `ოც დღეში ჩვენ საზამთრო ყაზარმებში უნდა ვიყოთ". Alexander Mikaberidze, The Burning of Moscow: Napoleon's Trial by Fire 1812 (Barnsley, 2014), 185. ამავე დროს, სიტუაცია იმაზე ბევრად უარესი იყო, ვიდრე ამას ოფიცერი სალჰა აღწერს, როდესაც აღნიშნავს, რომ `ძარცვა შეწყდა და ყველაფერი წესრიგშია მოყვანილი". ნაპოლეონი და მისი მარშლები კი ამ დროს მოსკოვის დატოვების გეგმას ადგენდნენ და შენაერთებს უკან დასახევად ამზადებდნენ.
- ონორე ჟოზეფ ანტუან განტომი (1755-1818) - ფრანგი საზღვაო ოფიცერი, ადმირალი. მონაწილეობდა ეგვიპტის კამპანიაში (1798-99). იმპერიის პერიოდში სარდლობდა ფრანგულ ესკადრებს ხმელთაშუა ზღვაში და ატლანტიკის ოკეანეში. 1811 წლიდან ნაპოლეონმა მას საიმპერატორო გვარდიის მეზღვაურთა ბატალიონის პოლკოვნიკობა მიანიჭა. 1813 წელს იცავდა ტულონს. ბურბონების რესტრავრაციის შემდეგ მიიღო საფრანგეთის პერის წოდება. Gregory Fremont-Barnes, The encyclopedia of the French revolutionary and Napoleonic Wars: a
political, social, and military history, volume II (Santa Barbara, 2006),
398-399.
- Русская старина, 1913, т. 154, 421.
- ემანუელ დე გრუში (1766-1847) - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, იმპერიის მარშალი (1815 წ). 1805-1815 წლებში მონაწილეობა მიიღო ნაპოლეონის თითქმის ყველა კამპანიაში. 1812 წელს სარდლობდა III საკავალერიო კორპუსს. ის მიუძღოდა ამ შენაერთს სმოლენსკსა და ბოროდინოსთან, სადაც ფიოდორ უვაროვისა და მატვეი პლატოვის კავალერიული რეიდის მოგერიებაში და რაევსკის ბატარეის აღებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 24 ოქტომბერს იბრძოდა მალოიაროსლავცესთან. კამპანიის დასასრულისთვის იგი სარდლობდა დიდი არმიის ნარჩენებისგან ჩამოყალიბებულ საკავალერიო ესკადრონს, რომელსაც ნაპოლეონის დაცვა ევალებოდა. 15-18 ნოემბერს მონაწილეობდა კრასნისთან ბრძოლაში. 1813-14 წლებში ერთგულად ემსახურა ნაპოლეონს გერმანიისა და საფრანგეთის კამპანიებში, 1815 წელს კი `ასი დღის" პერიოდში მიიღო იმპერიის მარშლობა. მონაწილეობდა ნაპოლეონის უკანასკნელ კამპანიაში ბელგიაში, სადაც იბრძოლა ლინის ბრძოლაში (16 ივნისი), იმპერატორის ბრძანებით დაედევნა პრუსიელებს, მაგრამ ვერ მოახერხა მათთან გამკლავება, ვერც ვატერლოოსთან (18 ივნისი) გამართულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. პრუსიელები დაუძვრნენ მას და ინგლისელებს დაეხმარნენ, რასაც ფრანგთა საბოლოო მარცხი მოჰყვა. Gregory Fremont-Barnes, The encyclopedia of the French revolutionary and Napoleonic Wars: a
political, social, and military history, volume II, 435.
- ჟაკ ლორისტონი (1768-1828) - შოტლანდიური წარმოშობის ფრანგი გენერალი და დიპლომატი. 1811 წელს იყო საფრანგეთის ელჩი რუსეთში. 1812 წელს მონაწილეობას იღებდა სამხედრო კამპანიაში და თავი გამოიჩინა დიდი არმიის მოსკოვიდან უკანდახევის დროს. ნაპოლეონს იგი სამშვიდობო წინადადებით ჰყავდა გაგზავნილი რუსეთის ჯარების მთავარსარდალ მიხაილ კუტუზოვთან. მოხუც სარდალთან შეხვედრის შემდეგ ლორისტონმა იმპერატორს შეატყობინა, რომ მეფესთან დესპანი იყო გაგზავნილი. თუ ეს მოლაპარაკება შედგებოდა, მიაღწევდნენ სასურველ მშვიდობას, ამიტომ მან არ წამოიწყო უკანდახევა, სანამ მეფისგან პასუხი არ მოუვიდოდა. ეს შეჩერება ფრანგებისთვის ფატალური აღმოჩნდა. Gregory Fremont-Barnes; Todd Fisher, The Napoleonic Wars: the rise and fall of an empire (Oxford, 2004), 166.
- ფრანსუა ჟოზეფ ფიდელ გრესო (1770-1848) - ფრანგი გენერალი, ბარონი. 1796 წელს მონაწილეობდა ნაპოლეონის იტალიურ კამპანიაში. 1804 წელს მიენიჭა საპატიო ლეგიონის ორდენი, 1808 წელს კი ბარონის წოდება. 1812 წელს მონაწილეობდა ნაპოლეონის რუსულ კამპანიაში და თავის გამოჩენისთვის 1812 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა ბრიგადის გენერლად.
- ლუი ბარაგე დ'ილიე (1764-1813) - ფრანგი სამხედრო მოღვაწე. მონაწილეობდა რევოლუციისა და ნაპოლეონის ომებში, მათ შორის ნაპოლეონის იტალიურ (1796-97) და ეგვიპტურ (1798-99), ასევე მეორე იტალიურ კამპანიაში. თავი გამოიჩინა აუსტერლიცის ბრძოლაში (1805). 1808 წელს მიიღო იმპერიის გრაფის ტიტული და ვენეციის გუბერნატორის პოსტი. 1809 წელს იბრძოდა ავსტრიის წინააღმდეგ იტალიის ვიცე-მეფის ეჟენ დე ბოჰარნეს არმიაში. 1810 წელს გადაიყვანეს კატალონიის არმიაში. 1812 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის კამპანიაში. სმოლენსკის აღების შემდეგ დაინიშნა ამ ქალაქის გუბერნატორად. მეთაურობდა მარშალ ვიქტორის IX კორპუსის ერთ-ერთ დივიზიას.
- 1812 წლის 9 ნოემბერს, ლიახოვთან რუსმა პარტიზანებმა დენის დავიდოვის, ალექსანდრ სესლავინის, ალექსანდრ ფიგნერისა და ვასილი ორლოვ-დენისოვის მეთაურობით დანებება აიძულეს გენერალ ჟან-პიერ ოჟეროს (მარშალ პიერ-ფრანსუა ოჟეროს ძმა) ბრიგადას. ეს ბრიგადა შედიოდა ბარაგე დ'ილიეს დივიზიაში, რომელმაც მეტად გაუბედავად იმოქმედა და საშუალება მისცა რუსებს, ხელთ ეგდოთ ოჟეროს შენაერთი. როდესაც ამის შესახებ შეიტყო, ნაპოლეონი განრისხდა, ბარაგე დ'ილიეს ჩამოართვა შენაერთის მეთაურობა, დააპატიმრებინა და საფრანგეთში გაგზავნა. თუმცა ეს უკანასკნელი `ნერვული ციებ-ცხელების" გადატანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
- იელნი - ქალაქი რუსეთში, სმოლენსკის ოლქში. 1812 წლის კამპანიის დროს ფრანგებმა დაიკავეს. ელნთან ბრძოლასა და ქალაქის გათავისუფლებაში თავი გამოიჩინა ქართული წარმოშობის გენერალმა ვლადიმირ იაშვილმა (1764-1815), რომელიც 1812 წლის ომის დროს სახალხო ლაშქარში მოხალისედ იყო. Alexander Mikaberidze, The Russian officer corps in the Revolutionary and Napoleonic wars, 1792-1815 (New York, 2005), 159.
- ბარაგე დ'ილიე ამ დროს 52 წლის იყო.
- სენტ ლუ ლა ფოღე - კომუნა პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნებში. 1831 წელს სენტ ლუში ნაპოლეონის ძმის, ლუის ვაჟი ნაპოლეონ ლუი ბონაპარტი დაასაფლავეს.
- საუბარია გენერალ კლოდ ფრანსუა დე მალეს (Claude François de Malet, 1754-1812) შეთქმულებაზე. ნაპოლეონის რუსეთში ყოფნისას, 1812 წლის 23 ოქტომბერს, მალემ სცადა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, გაავრცელა ხმები თითქოს ნაპოლეონი 8 ოქტომბერს მოსკოვში დაიღუპა. დილის 9 საათისთვის მან დააპატიმრა პოლიციის მინისტრი ან-ჟან მარი რენე სავარი, დაიკავა მთელი პარიზი და გამოაცხადა რესპუბლიკა, თუმცა პარიზის ხელისუფლებამ სწრაფადვე იმოქმედა და 10 საათზე მალეს შეთქმულებას ბოლო მოუღო. 29 ოქტომბერს მალე და მისი თანამოაზრეები დახვრიტეს. ნაპოლეონმა ეს ამბები 6 ნოემბერს შეიტყო და ჰორტენზიას წერილის მისვლამდე მალეს შეთქმულების შესახებ უკვე იცოდა. როგორც წერილში ვხედავთ, ჰორტენზიაც ვარაუდობს, რომ ამ დროისთვის იმპერატორს ალბათ უკვე ეცოდინებოდა პარიზში მომხდარი არეულობის შესახებ. ჟან ტიულარი, ნაპოლეონი: ერთი ცხოვრების საბედისწერო მომენტები (თბილისი, 2012), 323-332.
- პოლიციის მინისტრის, სავარის დაპატიმრების საკითხი ხუმრობის მასალად იქცა. ხალხი ერთმანეთს ქუჩაში ეკითხებოდა: - გაიგეთ, რა ხდება? - ჰმ, არა! - აა! ესე იგი, პოლიციელი ხართ. ჟან ტიულარი, ნაპოლეონი: ერთი ცხოვრების საბედისწერო მომენტები, 332.
ბიბლიოგრაფია
1. ტიულარი, ჟან. ნაპოლეონი: ერთი ცხოვრების საბედისწერო მომენტები. თბილისი, 2012.
2. Haythornthwaite, Philip J. Napoleon's commanders. 2, 1809-15. Oxford, 2002.
3. Headley, Joel Tyler. Napoleon and his marshals. New York, 1847.
4. Fremont-Barnes, Gregory; Fisher, Todd. The Napoleonic Wars: the rise and fall of an empire. Oxford, 2004.
5. Fremont-Barnes, Gregory (editor). The encyclopedia of the French revolutionary and Napoleonic Wars: a political, social, and military history, volume II. Santa Barbara, 2006.
6. Mikaberidze, Alexander. The Russian officer corps in the Revolutionary and Napoleonic wars, 1792-1815. New York, 2005.
7. Mikaberidze, Alexander. The Burning of Moscow: Napoleon's Trial by Fire 1812. Barnsley, 2014.
თარგმანი და კომენტარები
ნიკა ხოფერია