ულანები მსუბუქი კავალერიის სახეობა, გAჩნდა გვიანი პერიოდის ევროპაში. ისინი შეიარაღებულები იყვნენ შუბებით, დაშნებით და დამბაჩებით. სიტყვა “ულანი” თურქულია და ნიშნავს “ვაჟს”, “ყმაწვილს”. ოქროს ურდოში ულანებს ყაენის მემკვიდრეებს უწოდებდნენ. ულანების გამოყენება პოლონეთში დაიწყეს. მათი ჩაცმულობა და იარაღი თავდაპირველად თურქული იყო, მაგრამ შემდეგ ნაპოლეონის პერიოდის ულანებს უკვე ევროპული აღჭურვილობა და უნიფორმა ჰქონდათ. ამ ცხენოსნების დამახასიათებელი ნიშანი მათი ოთკუთხედის ფორმის ქუდი იყო.
ავსტრიასა და პრუსიაში ულანთა პოლკები XVIII საუკუნეში ჩამოაყალიბეს. ნაპოლეონი XIX საუკუნის დასაწყისში აქტიურად იყენებდა კავალერიის ამ სახეობას, განსაკუთრებით კი პოლონელ ულანებს, რომელთაც მთელს მსოფლიოში გაითქვეს სახელი საოცარი სიმამაცით და თავზეხელაღებულობით. ნაპოლეონის ულანები შეიარაღებულები იყვნენ გრძელი შუბით, დაშნით და პისტოლეტებით. ამ ცხენოსნებს სწრაფი და მომაკვდინებელი დარტყმის განხორციელება შეეძლოთ მოწინააღმდეგეზე. ვატერლოოს ბრძოლაში ულანებმა ბრიტანეთის საუკეთესო კავალერიული შენაერთის, “ნაცრისფერი ცხენოსნების” განადგურება შეძლეს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ძლიერ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ. პოლონელ ულანთა ნაწილები ნაპოლეონმა ესპანეთის ომშიც გამოიყენა, სადაც ეს მხედრები ნაპოლეონის მარშლების მეთაურობით საოცარი სიმამაცით ებრძოდნენ ინგლისელი გენერლების, ველინგტონისა და მურის ინგლისურ-ესპანურ და პორტუგალიურ შენაერთებს. ულანების გამოყენება რუსეთის არმიაში 1803 წლიდან დაიწყეს და მათგან რამდენიმე შენაერთი ჩამოაყალიბეს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც რუსები სარგებლობდნენ კავალერიის მსგავსი სახეობით, კაზაკებით, რომლებიც შუბებით, პისტოლეტებით და დაშნით იყვნენ აღჭურვილები და მსუბუქ კავალერიას წარმოადგენდნენ. ულანთა უკანასკნელი პოლკები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაშალეს.
ნიკა ხოფერია