სიმონ I დიდი

   
ქართველებისთვის საამაყო მეფე, ადამიანი, რომელმაც ქართველი ერის ცნობიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. რათქმაუნდა საუბარი მაქვს სიმონ პირველზე, (1537-1603) რომელსაც ჩვენმა ერმა დიდი უწოდა. ფორმალურ მეფობას, მაჰმადიანობის მიღებას და მთელი ცხოვრება განცხრომით გატარებას, მან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არჩია, დროშით შეგებების მაგივრად, ხმლით დახვდა მტერს და დიდ იმპერიებს თავსატეხი გაუჩინა. თუ თვალს გადავავლებთ მის ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ის თუ არ აღემატება, არაფრით არ ჩამოუვარდება, მსოფლიო ისტორიის ისეთ გამოჩენილ ადამიანებს, როგორებიც არიან: უილიამ უოლესი, ვეცინგეტორიქსი და დედოფალი ბუდიკა.

სიმონ მეფეს ძნელბედობის ჟამს მოუწია ტახტზე ასვლა და ამის შემდეგ, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ბრძოლებში გაატარა. ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულების (1555 წ.) შემდეგ, რომელიც დაიდო შიიტურ ირანსა და ოსმალეთს შორის, საქართველო გაიყო ორად: აღმოსავლეთ საქართველო და ჯავახეთი ირანს ერგო, ხოლო დასავლეთ საქართველო და ტაო-კლარჯეთი ოსმალეთს. ერთადერთი ქართული სამეფო, რომელიც არ ემორჩილებოდა ამ ზავის პირობებს ქართლი იყო.

  1556 წელს, სოფელ გარისის მიდამოებში, ლუარსაბ პირველი (სიმონის მამა) თავის შვილთან ერთად შეეგება მის დასამორჩილებლად გამოგზავნილ სპარსულ ჯარს, რომლსაც სულთანი შაჰვედი ედგა სათავეში. თამაზ პირველს (ირანის შაჰს) ეწადა ერთხელ და სამუდამოდ მოესპო ეს პატარა ქვეყანა, ვასალობა რომ ეთაკილებოდა. ლუარსაბ პირველი ბრძოლებში გამოცდილი მეფე იყო, მაგრამ უკვე ხანში შესული და აღარ შეეძლო ამ ბრძოლაში ჯარის წინამძღოლობა. ამიტომ, მან თავის 19 წლის ვაჟს, სიმონ პირველს მიანდო ეს მეტად სახიფათო და საპატიო მისია.
სიმონი ახალგაზრდობიდანვე ეუფლებოდა ომის ხელოვნებას. მას კარგად შეეძლო ნებისმიერი საბრძოლო იარაღის ხმარება და დახელოვნებული იყო საარტილერიო დანადგარების გამოყენებაში. გაირსთანაც სწორეს ასე მოხდა, ახალგაზრდა უფლისწულმა შესაშური სიმამაცით შეუტია მტერს, უკუაგდო და მთლიანად გაწმინდა ქართლის სამეფო მტრისგან. სამწუხაროდ მოხუცებულმა ლუარსაბმა, ვერ გაუძლო მისი მებრძოლების ყურებას ომიანობის ჟამს, ჩაერთო ბრძოლაში და გმირულად დაეცა. ღირსეული შვილი, სიმონ პირველი კი სვეტიცხოველში ეკურთხა მეფედ.
კურთხევის შემდეგ მან გააგრძელა მამისეული გზა და 1556 წელს ფარცხისთან სასტიკად დაამარცხა მტერი. მეფეს მიეცა ცოტა დრო სამეფოსთვის მიეხედა, 1556-1559 წმლამდე, მან აღმშენებლობას მოახმარა, კახეთის მეფე ლევანთან ალიანსი შეკრა და ამის დასტურად, მისი ასული შეირთო ცოლად.
1559 წელს, სიმონმა საქართველოს დედაქალაქის გათავისუფლება საცადა. მას დახმარება სიმამრმა აღმოუჩინა და მისი შვილის, უფლისწული გიორგის მეთაურობით ქართლის მეფეს ჯარი მიაშველა. გაერთიანებული ქართველები ციხედიდთან დაბანაკდნენ და ბანაკს გარშემო თხრილი შემოავლეს. თუმცა 6 აპრილს, აღდგომას, ქართველთა საყარაულო რაზმის უფროსი გერმანოზიშვილი
                                                                  სვეტიცხოველი                                             

მუხათგვერდში ავიდა წირვის მოსასმენად, როდესაც ყიზილბაშებმა ამის შესახებ შიეტყვეს, ისარგებლეს, თავს დაესხმნენ ქართველებს და სასტიკ ბრძოლაში დაამარცხეს. ბრძოლის დროს დაიღუპა უფლისწული გიორგი.
  სიმონი მარცხს არ ურიგდებოდა და აგრძელებდა ბრძოლას შიიტური ირანის წინააღმდეგ. სიმონ მეფისგან განსხვავებით მისი ძმა, დავით ბაგრატიონი, სამშობლოს ინტერესებს მეორე ხარისხოვნად მიიჩნევდა, ეახლა შაჰს და საკუთარი თავი შესთავაზა. შაჰმაც სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა დავითს, რაზეც თანხმობა მიიღო და დაუდ-ხანი ეწოდა. სპარსელებს უჭირდათ იმ დროისთვის მომძლავრებული ოსმალეთის შეკავება, ამიტომ აწყობდათ, მათი ხელდასმული მეფე ყოფილიყო საქართველოში და ერთ-ერთ ბარიკადად აღმართულიყო თათრების ექსპანსიის შესაჩერებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სიმონმა ძმა დიღომთან (1567 წ) და სამადლოსთან (1569 წ) დიდ ბრძოლებში დაამარცხა, ეს არ იყო საკმარისი მათი მთლიანად განადგურებისთვის.
ირანის შაჰი თამაზ პირველი შეშფოთდა საქართველოში შექმნილი სიტუაციით. მან შაქისა და ყარაბაღის ლაშქარი შეკრიბა ურჩი მეფის დასამორჩილებლად. საქართველოში შემოსულთ, მოღალატე ქართველი თავადი, კახაბერ ყორღანაშვილი შემოეგება და გზა ასწავლა მომხვდურთ. ამი მიუხედავად ფარცხისის ხეობაში მტერს უშიშრად ეკვეთა ქართლის ჯარი, უკუაქცია ის და მცირერიცხოვანი მდევარიც დაედევნა. მდევრებს სარდლობდა სიმონ პირველი, რომელიც ერთ-ერთმა მოღალატემ შუბის კვრით ცხენიდან ჩამოაგდო, მთავარ ძალებს კარგად მოშორებული მეფე ყიზილბაშებს ტყვედ ააყვანინა და მისი ერთგული თანამებრძოლები ამოახოცინა.
                                                              შაჰ-თამაზ I-ს მონეტა

  სიმონ მეფე 1569-1578 წლამდე, ასასინთა ისტორიულ დედაქალაქ ალამუტში იყო დატყვევებული. ამ პერიოდში ტახტი დაიკავა დაუთ-ხანმა (დავით XI). თუმცა თავადების უმრავლესობა არ მიემხრო მაჰმადიან მეფეს და საჩინო ბარათაშვილის მეთაურობით მოსვნებას არ აძლევდა. ოსმალებმა თავისი ტერიტორიის გაფართოვება განიზრახეს საქართველოს ხარჯზე, დავით მეთერთმეტემ კი თბილისი გადაწვა და ლორეში გადაიტანა რეზიდენცია. ხოლო, როდესაც გაიგო სიმონ მეფე გაანთავისუფლესო, ციხე-ქალაქები აჩუქა ოსმალეთს და თვითონ სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აღესრულა კიდეც.

1576 წელს, ირანის ტახტზე ავიდა ბრმა შაჰ-ხუდაბანდ, რომლის დედა ქართველი შალიკაშვილი იყო და ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას. ოსმალეთი იმ პერიოდში ძალიან გაძლიერდა, ხელთ იგდო ამიერ კავკასია და ირანის ჩრდილოეთი. დედა-დედოფალი ხვდებოდა, რომ ძლიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში შეძლებდა თათრების შეჩერებას, ოსმალებთან მებრძოლ მეფედ კი სიმონს პირველს ხედავდა. სიმონი გაათავისუფლეს ტყვეობიდან, უბოძეს სპასალარის ტიტული, გამოაცხადეს ქართლის ქრისტიან მეფედ და 5 000 ჯარისკაცი, საარტილერიო დანადგარებთან ერთად გამოაყოლეს საბრძოლველად.
თავის სამეფოში დაბრუნებულმა სიმონმა, მაშინვე დაიწყო ომი წარმოება ოსმალების წინააღმდეგ, რომლებიც იმ დროისთვის ქართლს მთლიანად აკონტროლებდნენ. მალე მეფემ მთლიანად გაათავისუფლა გორი, ლორე და სხვა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები.
                                                                    ალამუტის ციხე

1579 წელს, სიმონ დიდმა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალების მთავარი პრობლემა ქალაქის სურსათით მომარაგება იყო, თუმცა ქართლის მეფე ფხიზლად იყო და არავის აძლევდა უფლებას დახმარება აღმოეჩინა გარნიზონისთვის. 1582 წელს, სიმონმა კავშირი შეკრა კახეთთან და ჩრდილო კავკასიასთან, გაიმარჯვა მუხრანთან და ლოჯინთან, 1583 წელს კი გაათავისუფლა თბილისი და შემოიერთა მესხეთი.
1584 წელს, ოსმალეთის სულთანმა ახალი სარდალი, ფერჰად-ფაშა გამოგზავნა ქართლში. 1587 მან წინამორბედებისგან განსხვავებთ მოახერხა და მთელ ამიერკავკასიას დაეუფლა. სიმონ მეფე იძულებული იყო ეღიარებინა ოსმალეთის იმპერიის გავლენა და ხარკი იკისრა, თვითონ კი აღიარებულ ქრისტიან მეფედ გამოცხადდა.
                                                             ოსმალი მეომრები                                                    

ამის შემდეგ უკვე შიდა ფეოდალური ომების დროც მოვიდა. სიმონი ერთადერთ გამოსავალს ხედავდა ქვეყნის გაერთიანებაში. მან 1588 წელს, იმერეთის მეფე ლევანს შეუტია, ორჯერ დაიკავა კდიეც ქუთაისი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო შენარჩუნება ვერ მოხერხდა, საბოლოოდ კი ოფშკვითთან მარცხი განიცადა.
სიმონ მეფე მიხვდა, რომ საქართველოს გაერთიანებას ვერ მოახერხებდა, ამიტომ ალიანსი შეკრა კახეთთან და სპარსეთთან ოსმალეთის წინააღმდეგ. ამ სამხედრო ბლოგმა თავდაპირველად შედეგი გამოიღო, ქართლის მეფემ გორი გაათავისუფლა. ამაზე გაცოფებულმა ოსმალეთის სულთანმა ტავრიზის ბეგლარბეგს უბრძანა აჯანყება სისხლში ჩაეხრჩო.
1599 წელს, ქართველთა ჯარი ალგეთის ხეობაში დაბანაკდა. ჯერ კიდევ მთლიანად არ იყო მზადყოფნა გამოცხადებული, როდესაც სიმონმა არ დაუჯერა თავის სარდლებს და ოსმალებს შეუტია. მამაცურად იბრძოდა მეფე, ბრძოლის შუაგულში ხმალს ატრიალებდა, თუმცა ბრძოლის დაწყებიდან ხუთი საათის შემდეგ რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი შედეგი გამოიღო, სიმონმა უკან დაიხია. ოსმალები ბრძოლით მისდევდნენ ქართველთა ლაშქარს, როდესაც ვიწრო გზაზე მეფე ცხენიანად ჩაეფლო მიწაში და ტყვედ ჩავარდა.
ქართველი მეფე სტამბულში გააგზავნეს და იედიყულეს ციხეში გამოკეტეს. ოსმალეთის იმპერია, ატლანტიკის ოკიანედან-ინდოეთის ოკიანემდე, სამი დღე ზეიმობდა დაუმორჩილებელი მეფის დატყვევებას. ბევრს ეცადნენ ქართველები მის გამოხსნას, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და სამოცდაექვსი წლის სიმონ დიდი ტყვეობაში გარდაიცვალა.
                                                                 იედიყულეს ციხე                                                                 
ტყუილად არ ჩაუვლია მეფის თავგანწირვას. მეფის შვილიშვილმა ლუარსაბ მეორემ და გიორგი სააკაძემ, ტაშისკარის ბრძოლაში 1609 წელს პირწმინდად გაანადგურეს ოსმალები. შემდეგ ას წელზე მეტი გავიდა, სანამ ოსმალი ფეხს დაადგავდა ქართულ მიწაზე.
                                                                                                     გიორგი ხარშილაძე