ბორჯიები, ნაწილი II, ჯოვანი ბორჯია


შუაღამისას ჯოვანი სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა რომის მოკირწყლულ ქუჩას. პაპის ჯარების მხედართუფროსი მარტოდმარტო იყო. ტანთ წითელი მოსასხამი ემოსა, პატარა ხანჯალი ჰქონდა მხოლოდ ქამარში გარჭობილი. უცებ შედგა და შეამჩნია რომ უკან ორი კაცი მოჰყვებოდა. არ შეიმჩნია და სწრაფი ნაბიჯით განაგრძო გზა. მდევარმაც აუჩქარა ნაბიჯს. ჯოვანი შემობრუნდა და ხანჯალზე ხელი წაივლო – ვინ ხართ? მე ჯოვანი ბორჯია ვარ, რომის მხედართუფროსი!
– მოკვდი მტარვალო – მოუქნია ხმალი ერთ-ერთმა მომხვდურმა, მეორემ კი დანით მძაფრად შეუტია. ჯოვანიმ ერთ-ერთ მათგანს მკლავში ჩაავლო ხელი და ხანჯალი მკერდზე დასცა, მაგრამ მკვლელს აბჯარი ემოსა და აისხლიტა. ამ დროს მეორე მკვლელმა დანა ზურგში გაუყარა, რომის მხედართმთავარი ჩაიკეცა, მეორე დარტყმა ხმლით მიაყენეს, სულ ცხრაჯერ მოუქნიეს მახვილი. მკვლელებმა ასწიეს გვამი, მდინარესთან მიიტანეს და გადააგდეს. ტიბრის მრისხანე ტალღებს ბორჯიას სისხლი შეერია. ტალღებს, რომელსაც თავის დროზე ბევრი დიდი რომაელის სისხლი მიუღია, მაგრამ მარადიული ქალაქის მარადიული მდინარე კიდევ მეტ სისხლს ითხოვდა.
ჯოვანი ბორჯია (1474, რომი – 14 ივნისი 1497, რომი) – განდიისა და სესიის მეორე ჰერცოგი ბორჯიების გვარიდან, პაპ ალექსანდრე VI-სა (როდრიგო ბორჯიას) და მისი საყვარლის, ვენოცა დი კატანეის უფროსი ძე. ჩეზარე, ჟოფრი და ლუკრეცია ბორჯიების ძმა.
                                                          ვენოცა დი კატანეი

1493 წლის სექტემბერში ჯოვანი ესპანელ მარია ენრიკეს დე ლუნაზე დაქორწინდა. მისი მამა დედოფალ ხუანა ენრიკესის ძმა იყო, დედა – ჰერცოგ ტრუხილიოს შვილიშვილი. მათ ორი შვილი გაუჩნდათ: ხუან ბორჯია ენრიკესი (ცნობილი ასევე როგორც ხუან დე ბორხა), განდიის მესამე ჰერცოგი და იზაბელი, რომელიც მონაზვნად შედგა წმინდა კლარას მონასტერში, განდიაში.
ალექსანდრე VI-მ ჯოვანის სამხედრო კარიერა გაუკეთა, ჩეზარეს კი საეკლესიო. ჯოვანი პაპის სახელმწიფოს ჯარების სარდალი იყო. მიიღო განდიისა და სესიის ჰერცოგის ტიტული, ასევე გახლდათ ნეაპოლის კონეტაბლი. მისი კიდევ ერთი ტიტული იყო – „პაპის მედროშე და ეკლესიის გენერალ-კაპიტანი”.

ტიბრი 

ჯოვანი ბორჯია 22 წლის ასაკში მოკლეს 1497 წლის 14 ივნისს, პიაცი დელა ჯუდეკას მახლობლად. მისი გვამი ტიბრში გადაისროლეს. დადიოდა ჭორები, თითქოს მისი მკვლელობა მისივე ძმამ, ჩეზარემ დაუკვეთა. ჯოვანის სიკვდილი ჩეზარესთვის ხელსაყრელი იყო, რადგან არ მოსწონდა საეკლესიო კარიერა, რომელსაც მამა უწყობდა. მკვლელობის მოწმე არ მოიძებნა მეთევზის გარდა, რომელმაც დაინახა როგორ გადაისროლა ორმა კაცმა ჯოვანის გვამი ტიბრში. მკვლელობა არ მომხდარა ძარცვის მიზნით, რადგან ამოღებულ გვამს საფულე უპოვნეს 30 ოქროს დუკატით. არსებობს ჯოვანის მკვლელობის სხვა ვარაუდიც, თითქოს ეს ახალგაზრდა გოგონას მამამ, ანტონიო პიკო დელა მირანდოლამ ჩაიდინა, რომლის სახლიც ახლოს იდგა ტიბრთან. სიკვდილამდე არცთუ დიდი ხნით ადრე ჯოვანი ბორჯია ტრაბახობდა, რომ ძველი რომაული გვარის წარმომადგენელ 14 წლის გოგონას ნამუსი ახადა. 

                                                                            ნიკა ხოფერია