სისხლის წვეთები



ნისლით დაბურული მთები გოროზად გადმოჰყურებდნენ ბნელში გახვეულ დაბლობს...უღრანი ტყის სიღრმიდან მგლის სუსტი ყმუილი ისმოდა. ცაზე ძალადაკარგული მთვარის მკრთალი მოხაზულობა გაირჩეოდა, ხოლო ვარსკვლავები არ ჩანდნენ. ასეთ გარემოში მდინარის ხმაურიც კი თითქოს მინავლებულიყო, მხოლოდ ხანდახან თუ გადაიფრენდა ყორანი და მისი მკვეთრი ჩხავილი გამოაფხიზლებდა ძილ-ბურანში მყოფ ბუნებას. ძველი სიმაგრის მონგრეულ კარიბჭეს გველეშაპივით დაეფჩინა პირი, მის ქონგურებს კი ხავსი მოსდებოდა.
უეცრად ფლოქვების თქარუნი გაისმა და ტყიდან სამმა მხედარმა გამოაჭენა ცხენი. მუქ მოსასხამებში იყვნენ გახვეულნი და ისე გავეშებით ურტყამდნენ ცხენს დეზებს - თითქოს მდევარი მოსდევთ ან მგლის ხროვას გადაჰყრიანო. ასეც იყო – ტყიდან კიდევ ხუთი ცხენოსანი გამოიჭრა.

მზის პირველმა სხივებმა გაანათა მათი შავგვრემანი, მზისაგან დამწვარი, მრისხანე სახეები და ჯაჭვის პერანგებზე აირეკლა, რითაც მხედრები შემოსილიყვნენ. მართალია ქვეყანას სარკინოზებთან უწევდა ბრძოლა, მაგრამ შუაგულ სახელმწიფოში, ასეთ დროს, თავით-ფეხებამდე შეჭურვილი მოძრაობა ცოტა არ იყოს და, გასაკვირი იყო. შეიძლება სხვა დროს გეფიქრათ, რომ ესენი მალემსრბოლები იყვნენ და მეფის ბრძანების მისატანად მიაჭენებდნენ ცხენებს, მაგრამ აშკარად ჩანდა - რუხმოსასხამიან ცხენოსნებს გამოსდგომოდნენ უკან. დევნა გრძელდებოდა...ხმაურით მიაპობდნენ მათი ცხენები სივრცეს, თელავდნენ ახალამოწვერილ ბალახს, ოფლში გახვითქულები სადაცაა დაეცემოდნენ, მაგრამ მხედრები არ ანებებდნენ. 
აი მდევრები საცაა წამოეწეოდნენ. ერთმა მათგანმა ისარი დააწია რუხმოსასხამიან ცხენოსანს, რომელიც უხმოდ ჩამოვარდა ცხენიდან და მიწაზე დაეცა, ბედაური კი სადღაც გაიქცა. დანარჩენმა ორმა მხოლოდ ერთხელ გადმოხედა უბედურ თანამგზავრს და კვლავ დეზი ჰკრა ცხენს. მცირე ხნის დევნის შემდეგ მდევარი დევნილს წამოეწია. განწირულებმა მახვილები იძრეს და უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. ერთმა მათგანმა მეორეს, უფრო მაღალსა და ძლიერს შეუძახა გაიქეცითო და თვითონ გავეშებულ მკვლელებს მოუტრიალდა. ახოვანმა კაცმა რამდენჯერმე მოიქნია თავისი მძიმე მახვილი და ორი მოწინააღმდეგე ძირს დასცა, მაგრამ ხმალი ვადაში გადაემტვრა და რადგან სხვა იარაღი აღარ შერჩენოდა, მეგობარს დაუჯერა და ცხენი შლეგივით გააჭენა. ეულად დარჩენილი მეომარი კიდევ მცირე ხანი იგერიებდა მოწინააღმდეგის შემოტევას, მაგრამ მალე  მკერდში სატევარი გაუყარეს და გაქცეულს გამოუდგნენ. მტვრის ბუღი იდგა შარაგზაზე გაცოფებული ცხენების სრბოლისგან, შუადღის მზე სასტიკად აცხუნებდა ხრიოკ არემარეს. ქვეწარმავლები გამოსულიყვნენ ტანის გასათბობად, მაგრამ ხმაურმა და ხმლების ჩახა-ჩუხმა ისინიც დააფრთხო და შეშინებულებმა თავიანთ სოროებს მიაშურეს. ყვავებმა შორიდანვე იგრძნეს მომხდარი და ახლა დახოცილებს დასტრიალებდნენ ავბედითად თავზე...
დევნილისა და მდევრების თვალწინ შორს, კლდეზე მდგარი მძლავრი ციხე-ქალაქი ამოიწვერა, რომელსაც სქელი, ქონგურებიანი გალავანი და მაღალი კოშკები ჰქონდა. მკვლელები ცოტა არ იყოს დააფრთხო და შეაცბუნა ამ სანახაობამ, ხოლო დევნილს ძალა შემატა, მაგრამ მის დაღლილ ცხენს მეტი აღარ შეეძლო, მხედარი გრძნობდა, რომ ქალაქამდე ვერ მიაღწევდა და თავშესაფრის საპოვნელად აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს. პატარა, ქვით ნაშენი, ბაზილიკა გამოჩნდა, მასზე ჯვარი აღემართათ. ტაძარი – აი ღმერთის გამოწვდილი ხელი – გაიფიქრა დევნილმა და მის ეზოში ჩამოხტა საცოდავი, გაოფლილი ცხენიდან. 

ეკლესიაში არავინ იყო, არ ისმოდა ხუცესის ლოცვანის ბუტბუტი, არ ენთო სანთელი, არ იდგა საკმევლის სუნი. დევნილმა კარი დახურა და საკურთხეველს მიაშურა. იგი მუხლებზე დაემხო ხატის წინ და გულში ილოცა, ღმერთს მადლობა შესწირა. ამ წმინდა ადგილზე ხომ ვერავინ გაბედავდა სისხლის დაღვრას, აქ უფლის სახლში... ჩაფიქრდა კაცი – რა ხდებოდა მის თავს, როგორ მიატოვა ბედმა, რომელიც აქამდე ასე უღიმოდა, ახალი ქვეყანა შექმნა, ხალხი გააერთიანა, ჯარი შეკრიბა, ეკლესიები ააშენა, ციხე-ქალაქები აღმართა. სად იყვნენ მადლიერი ხუცები? სად იყვნენ მისი მამაცი მეომრები? სად იყვნენ “ერთგული” ფეოდალები? ვის ხელში ჩავარდა მძლავრი მმართველი და მეომარი...ცოდვებიც გაიხსენა, საკურთხეველში იდგა და კიდევ ერთხელ მოინანია. იცოდა, რომ მრუშიც იყო, ხანდახან ლოთიც, სასტიკიც და სისხლისმღვრელიც, მაგრამ შეიძლებოდა განა სხვანაირად ყოფილიყო მონარქი? ფიქრები კარიბჭის შემომტვრევის ხმამ გაუფანტა... სწრაფად წამოდგა და წელში გაიშალა მაღალი, ტანხმელი ხელმწიფე. მგლისებრი თვალები მრისხანებით აენთო, ჭაღარაშერეული შავი წვერი უმშვენებდა ვაჟკაცურ სახეს, ტანთ ჩვეულებრივი, საერო ტანისამოსი ემოსა, რუხი, ბერძნული მოსასხამი თითქმის კოჭებამდე სცემდა. იარაღი არ ჰქონდა და ფიქრობდა, რომ არც დასჭირდებოდა. ფრთხილად გააღო საკურთხევლის კარი და მკვლელებს წინ ამაყად დაუდგა – ვინ ხართ, რომ მეფის ხელყოფას ბედავთ, ვხედავ აქაურები უნდა იყოთ, რა გამოძრავებთ არამზადებო? რატომ დახოცეთ ჩემი ერთგული სუმბატი და ანდრონიკე? განა წმინდა ადგილს სისხლში გასვრით თქვენივე ხელმწიფის განსაგმირად? – განრისხებული მეფე თითქოს კიდევ უფრო ძლიერი და დიდებული მოეჩვენათ მკვლელებს, შედგნენ და ამღვრეული, ჩასისხლიანებული თვალებით მიაშტერდნენ დიდ ბაგრატოვანს. ორმა მათგანმა უკან დაიხია ერთი ნაბიჯით, თითქოს შეეშინდათ, ხმას არცერთი არ იღებდა. 

ამ დროს მესამემ კაპიუშონი მოიხადა და კაპარჭში ხელი ჩააცურა – მოკვდი კურაპალატო! რას უდგახართ, დაჰკათ! – შეუძახა ამხანაგებს და თვითონ პირველა მისცა მაგალითი – ისარი პირდაპირ წვივში გაუტარა მეფეს. ბაგრატოვანმა მუხლზე ჩაიჩოქა და მტრისკენ მარჯვენა ხელი გაიშვირა –  ნუთუ შენ ხარ ვარან, ჩემო ჯარისკაცო, ნუ იქცევი მეფის სისხლისდამღვრელად! საკურთხეველს ბილწავთ მუხანათო მკვლელებო! მიშველეთ! – მისმა ყვირილმა შეძრა ეკლესია, ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ამ დროს ორი მკვლელი დაესხა თავს სატევრებით. მეფემ შიშველი ხელებით დაიწყო მათი მოგერიება. ერთი წააქცია და ის იყო მის ხანჯალს სტაცა ხელი – მეორემ მიწაზე მფორთხავ ტაოელ ხელმწიფეს ზურგში უმარჯვა მახვილი... ამ დროს არტანუჯის აღმშენებელს მეორე მკვლელმა კიდევ ერთი ისარი სტყორცნა და ბოლო მოუღო. საკუთარ სისხლში მფორთხავი აშოტ კურაპალატი ხელს იფარებდა ჭრილობებზე და გმინავდა – მეფის მკვლელებო, ხალხი არ გაპატიებთ, ყველანი ჯოჯოხეთში დაიფერფლებით... არტანუჯი, გრიგოლი...ვერც მაზიარა სიკვდილის წინ...ღმერთო იხსენ ჩემი სული... მეფე სამუდამოდ დადუმდა, საკურთხეველი მისი სისხლით იყო მორწყული, როგორც მკვლელთა ბილწი ხელები... შორს ხმები გაისმა, თითქოს ხალხი მოიწევდა ეკლესიისკენ. სამი არამზადა სწრაფად გაიძურწა, ცხენებს მოახტნენ და გაქუსლეს შორს, ჭოროხისკენ, თავის საშველად... ორ საათში მდევარი დაეწიათ, უმოწყალოდ დასაჯეს ნაძირლები, მათი გვამები დაკუწეს და დაწვეს...ბაგრატოვანი მეფის ცხედარი კი არტანუჯში გადაასვენეს. 

მეფისთვის სამარედ ქცეული ეკლესია ხუცებმა მორეცხეს...მაგრამ....აშოტ კურაპალატის სისხლი კიდევ მრავალი საუკუნე დარჩა საკურთხეველზე, ნიშნად მეფეთათვის და ნიშნად გამყიდველთათვის...სასტიკი მკვლელობით შეწყვეტილი დიდი მეფის სიცოცხლე...ბაგრატიონთა სულის ჩამდგმელისა და ტაოს აღმშენებლისა, მაგრამ მალე მისმა თესლმა ნაყოფი გამოიღო, თუმცა შემდეგ საუკუნეში მაინც მრავალი ეპიგონი გამოუჩნდა ულმობლად მოკლულ ხელმწიფე აშოტს, ბევრი ქართველი მეფე გამოესალმა სიცოცხლეს უცხოელი მტრისა თუ მოღალატის მახვილს...ბაგრატიონთა საქართველოს ისტორია სისხლით დაიწერა, მისი პირველი წვეთები კი იმ ტაძრის საკურთხეველზე აცხია, სადაც აშოტი მოკლეს...



ნიკა ხოფერია