ანტიოქე III დიდი(ძვ.წ 241-187 წ) _ სელევკიდების სირიის იმპერიის მმართველი. ანტიოქე 18 წლის ასაკში გახდა უზარმაზარი სახელმწიფოს მეფე. ძვ.წ 212-205 დაიპყრო პართია და ბაქტრია, ძვ.წ 203 წელს კი განდევნა ეგვიპტელები პალესტინიდან. ძვ.წ 192-188 წლებში დამარცხდა რომის რესპუბლიკასთან გამართულ სირიულ ომში და დაკარგა მცირე აზიის სამფლობელოების ნაწილი.
ანტიოქე III ძვ.წ 241 წელს დაიბადა ბაბილონში. მისი მშობლები იყვნენ სელევკოს II კალინიკა და ლაოდიკა II. ძვ.წ 226 წელს მამის სიკვდილის შემდეგ მეფობა ანტიოქეს უფროს ძმას, სელევკოს III-ს შეხვდა. სელევკოს III მალე თავისივე ჯარის სარდალმა მოკლა და იმავე წელს ტახტი ანტიოქე III-მ დაიკავა. გამეფებიდან ერთი წლის შემდეგ ანტიოქე III-მ ცოლად მოიყვანა პონტოს მეფის, მითრიდატე II-ის ასული ლაოდიკა.
სელევკიდების არმია, რომელშიც მრავალი ეროვნების მეომარი მსახურობდა
ძვ.წ 222 წელს ანტიოქე III-ს ორი სატრაპი(ოლქის მმართველი), ალექსანდრე და მოლონი აუჯანყდნენ. მოლონმა თავდაპირველად დიდ წარმატებებს მიაღწია და მთელი მესოპოტამია დაიკავა. ასევე მის ხელში აღმოჩნდა სელევკია, სუზა და ბაბილონი. ძვ.წ 221 წელს ანტიოქე III-მ პირადი მთავარსარდლობით დიდი არმია დაძრა მოწინააღმდეგეებისკენ. ძვ.წ 220 წლის ზამთარი მან ანტიოქიაში გაატარა, გაზაფხულზე კი დაიწყო აქტიური მოქმედება და მოწინააღმდეგეს მოლონს გზა გადაუჭრა. მეფის ჯარებმა ადვილი გამარჯვება მოიპოვეს, რადგან მოლონის არმიის დიდი ნაწილი მათ მხარეს გადავიდა. მოლონმაც და ალექსანდრემაც თავი მოიკლეს. ანტიოქე III-მ ატროპატენას შეუტია, სადაც მოლონის მოკავშირე მმართველი, არტაბაზანი მეფობდა, მაგრამ არტაბაზანი უომრად დანებდა სელევკიდების იმპერიის ხელმწიფეს და თავი მის ვასალად ცნო. სწორედ მაშინ აჯანყდა მცირე აზიის სელეკვიდების იმპერიის ნაწილის მმართველი, აქეასი აჯანყდა, თუმცა მალე იძულებული გახდა ლიდიაში დაბრუნებულიყო.
სელევკიდების არმიის ფალანგისტი
ძვ.წ 219 წელს ანტიოქე III-მ პტოლემაიოსების ეგვიპტესთან ომი დაიწყო და საკმაოდ წარმატებულად აწარმოა. მან დაიკავა ორი მნიშვნელოვანი ქალაქი, ტიროსი და პტოლემაიდა. დანარჩენმა ქალაქებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს მოწინააღმდეგეს და შეაჩერეს მისი წინსვლა. ამის შემდეგ ანტიოქე III-მ ზავი შეკრა ეგვიპტის მეფესთან, პტოლემაიოს IV ფილოპატორთან.
ძვ.წ 218 ანტიოქე III-მ ეგვიპტის წინააღმდეგ ომი განაახლა. ის დაიძრა კელესირიისაკენ და დაამარცხა ეგვიპტის ჯარი ბერიტესთან, შემდეგ კი აიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი, მათ შორის რაბათამანი( ამანი ). ეგვიპტესთან ომი გაგრძელდა ძვ.წ 217 წელსაც. ეგვიპტის მეფე და ანტიოქე III ერთმანეთს რაფიასთან ბრძოლაში შეხვდნენ. ძველი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლაში ეგვიპტელებმა გაიმარჯვეს. ანტიოქე III-მ უკან დაიხია და იძულებული გახდა პტოლემაიოს ფილოპატორთან მეტად წამგებიანი ზავი დაედო.
ძვ.წ 216 წელს ანტიოქე III-მ გადალახა ტავრის მთები, კავშირი შეკრა პერგამონის მეფე ატალოს I-თან და ომი დაიწყო აქეასის(იმ დროისთვის ლიდიის მეფე) წინააღმდეგ. სელევკიდი მეფის ძალებმა ალყა შემოარტყეს ლიდიის დედაქალაქ სარდესს. ორწლიანი ალყის შემდეგ სარდესი დაეცა, ხოლო აქეასი დაიჭირეს და მოკლეს.
სელევკიდების ცხენოსანი ჯარი ებრძვის რომაელ ქვეითებს
ძვ.წ 212-205 წლებში ანტიოქე III აწარმოებდა აღმოსავლეთის კამპანიას. ის შეიჭრა სოფენაში, თუმცა ამ ქვეყნის მეფესთან, ქსერქსესთან მალე კარგი ურთიერთობა დაამყარა და ცოლად თავისი და, ანტიოქიადა მისცა. ძვ.წ 209 წელს ანტიოქე III პართიაში შეიჭრა და მისი დედაქალაქი ჰეკატომპილი დაიკავა, შემდეგ კი ჰირკანია დალაშქრა. ჰირკანიიდან სელევკიდი მეფე ბაქტრიისკენ დაიძრა და დაამარცხა მეფე ევტიდემ I, შემდეგ კი ალყა შემოარტყა ბაქტრიის დედაქალაქ ზარიასპუს. ბაქტრიელებმა მოახერხეს ანტიოქე III-თან ზავის დადება. ანტიოქემ განაახლა ურთიერთობები ინდოეთთანაც. სელევკიდების იმპერიის ძლიერების ხანამ სწორედ ამ პერიოდში დაისადგურა, ხოლო ანტიოქე III-მ მიიღო ტიტული "დიდი", რაც მან აღმოსავლური ლაშქრობების შედეგებით გამომდინარე დაიმსახურა კიდეც.
ძვ.წ 205-204 წლებში ანტიოქე III-მ წარმატებულად ილაშქრა არაბეთში. ძვ.წ 205 წელს მოკვდა ეგვიპტის ენერგიული მმართველი, პტოლემაიოს IV ფილოპატორი, რითაც ისარგებლა ანტიოქემ და ეგვიპტესთან ომი განაახლა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო პტოლემაიოსების ოჯახში სისხლიანი დაპირისპირება. ანტიოქე III-მ კავშირი შეკრა მაკედონიის ძლიერ მეფესთან, ფილიპე V-თან და ეგვიპტის მიწების დაკავება დაიწყო. ძვ.წ 202-201 წლებში ანტიოქე III პალესტინის ტერიტორიას ეუფლებოდა. ასევე დაიკავა კელესირია და იუდეა. ეგვიპტელმა სარდალმა, სკოპასმა დროებით მოახერხა იუდეის დაბრუნება, მაგრამ მალე სასტიკად დამარცხდა და უკან დაიხია. ანტიოქე III-მ კვლავ დაიბრუნა იუდეა იერუსალიმის ჩათვლით.
რომაელები ელინისტური ფალანგის წინააღმდეგ
ძვ.წ 197 წელს ანტიოქე III-მ წამოიწყო ლაშქრობა მცირე აზიაში. ჯერ თავისი ვაჟები, მითრიდატე და არდია გაგზავნა მოწინავე ჯარით სარდეში, შემდეგ კი თვითონ დაიძრა ფლოტით, რომელშიც 300 ხომალდი შედიოდა. ფლოტის მეშვეობით მან დაიწყო კილიკიის, ლიკიის და კარიის სანაპირო ქალაქების დაკავება. მოკლე დროის განმავლობაში ანტიოქემ ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა და გამოსაზამთრებლად ქალაქ ეფესოში გაჩერდა. ძვ.წ 196 წელს სელეკვიდთა ჯარებმა შეუტის სმირნას და ლამპასკს, ხოლო თვითონ მეფემ ჰელესპონტი გადალახა და ევროპაში დადგა ფეხი. მეფე მაშინვე შეუდგა თრაკიის დამორჩილება. თრაკიაში მასთან მივიდა რომის ელჩი ლუციუს კორნელიუსი და ლეგატები პუბლიუს კორნელიუს ლენტულუს კავდინი, პუბლიუს ტაპულუსი და ლუციუს ტერენციუსი. რომაელებმა მოითხოვეს თრაკიის განთავისუფლება და სირიელების დაკავებული ქალაქების ეგვიპტელებისთვის დაბრუნება. ანტიოქე III-მ ისინი უარით გაისტუმრა. თრაკიიდან ის აპირებდა კვიპროსზე გალაშქრებას, მაგრამ ძლიერი ქარიშხლის და უამინდობის გამო ხომალდების ნაწილი დაკარგა და ამ განზრახვაზე ხელი აიღო.
ლეგიონერი ებრძვის ფალანგისტს
ძვ.წ 195 წელს ანტიოქე III დაბრუნდა მცირე აზიაში და ქალაქ ეფესოში შეხვდა გენიალურ კართაგენელ მხედართმთავარს, ჰანიბალ ბარკას, რომელიც სამშობლობად გამოქცეულიყო დაპატიმრების შიშით. ჰანიბალი ყველანაირად ცდილობდა ანტიოქე III რომის წინააღმდეგ ომში ჩაეთრია, თუმცა სირიელი მეფე ჯერ რომთან მოლაპარაკების შედეგებს აკვირდებოდა. ძვ.წ 193 წელს რომის სენატმა ანტიოქესთან მოსალაპარაკებლად ელჩები გაგზავნა, პუბლიუს სულპიციუს გალბა, პუბლიუს ტაპულუსი და პუბლიუს ელიუსი. ურთიერთშეხვედრებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო და ომიც მალე დაიწყო. ძვ.წ 192 წელს ანტიოქემ გადალახა ზღვა და შეიჭრა საბერძნეთის თესალიაში. მას თავდაპირველად მხარს უჭერდნენ ბეოტიელები და ეტოლიელები. რომაელებს მხარს აქაელები უჭერდნენ. ძვ.წ 191 წელს რომაელებმა მანიუს აცილიუს გლაბრიონის სარდლობით გაანადგურეს ანტიოქე III-ის ჯარი თერმოპილესთან ბრძოლაში.
ელინისტური ჯარის დაპირისპირება რომაელებთან
მეფე მცირე აზიაში დაბრუნდა, დიდი არმია შეკრიბა და პერგამონის მეფეს, ევმენოს II-ს შეუტია, რომელიც რომის მოკავშირე იყო. რომაელებმა გაანადგურეს სელევკიდთა ფლოტი ეგეოსის ზღვაში და მცირე აზიაში გადასვლა დაიწყეს. სირიელების შეთავაზებას ზავის შესახებ მათ უარით უპასუხეს და ძვ.წ 190 წელს, მაგნეზიასთან ბრძოლაში სასტიკად გაანადგურეს ანტიოქე III-ს მთელი არმია. სირიელები ომში დამარცხდნენ. ანტიოქე III იძულებული გახდა დაეთმო ტერიტორიები და გადაეხადა დიდი კონტრიბუცია. სწორედ ამ პერიოდში სირიელებმა დაკარგეს სომხეთიც, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ძვ.წ 187 წელს რომის დაკისრებული დიდი კონტრიბუციის დასაფარად მეფე ანტიოქე შეიარაღებული რაზმით ელიმაიდეში დაესხა თავს ბელას ტაძარს. როდესაც ამის შესახებ ქალაქის მცხოვრებლებმა გაიგეს, მათ დახოცეს სირიელი მძარცველები, მათ შორის თვით დიდი მეფე ანტიოქე III-ც.
ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია