ვისაც ისტორია უყვარს, იშვიათია, რომ არ უყვარდეს ისტორიული ნოველების კითხვა. კარგი ისტორიული ნოველა ჩვენ თვალწინ აცოცხლებს იმ პერიოდს, რომელსაც შეეხება. ასევე წარმოგვიდგენს საყვარელ გმირებს უფრო ადამიანური სახით - მათ ფსიქოლოგიას, აზროვნებას, გრძნობებს. წარმოვიდგენთ შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებს, მეომრებს, სისხლისმღვრელ ბრძოლებს, დინასტიურ ინტრიგებს და ა.შ. ეს ყველაფერი გვეხმარება ფანტაზიის გაღრმავებასა და ისტორიის უკეთ შეცნობაში. ისტორიას უნდა გრძნობდე, აღიქვამდე. ეს არ არის მხოლოდ ფაქტების კრებული. ამ სტერეოტიპის დამსხვრევაში უდიდესი წვლილი შეაქვთ ისტორიული ნოველების ავტორებს. მინდა სწორედ ერთ ასეთ ავტორზე - ბერნარდ კორნუელზე გესაუბროთ. იგი დიდებული მწერალია. ათწლეულის ათ ყველაზე გაყიდვად ავტორს შორის არის(Top 10 best-selling authors of
the decade). კორნუელის ბესტსელერები სხვადასხვა ენებზეა გამოცემული(სამწუხაროდ ქართულად არა).
ბერნარდ კორნუელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია:
The Sharpe stories - ამ სახელით 1981 წელს გამოქვეყნდა ბერნარდ კორნუელის ნაპოლეონის ეპოქის შესახებ შექმნილი ისტორიული ნოველების კრებულის პირველი ნაწილი. 24 წიგნისგან შემდგარი ეს სერია მალე გახდა ბესტსელერი და ავტორს დიდი წარმატება მოუტანა.
90-იან წლებში ბრიტანეთში გადაიღეს 24 სერიიანი სერიალი შარპის მიხედვით, სადაც მთავარი გმირის რიჩარდ შარპის როლს ცნობილი მსახიობი შონ ბინი თამაშობს.
ასევე კარგად ჩანს წარმართული და ქრისტიანული რელიგიური იდეოლოგიების დაპირისპირება, კელტურ-რომაული და ანგლო-საქსური კულტურული სხვაობა და მათ შორის ურთიერთობის საკითხი. ავტორმა წარმოგვიდგინა მეფე არტურის განსხვავებული სახე, როგორსაც სხვა ნაწარმოებებში ვერ შევხვდებით. კორნუელის არტური აბსოლიტურად განსხვავებული გმირია.
ასევე ჩანს სხვა ცნობილი პერსონაჟები, რომელთაც შუა საუკუნეების რაინდული ეპოსიდან ვიცნობთ - არტურის მამა ურთ პენდრაგონი, მერლინი, მორდრედი და ა.შ. ხშირ შემთხვევაში The Warlord Chronicles ტრილოგიაში შედის - The Winter king - ზამთრის მეფე, Enemy of God - ღმერთის მტერი და Excalibur - ექსკალიბური.
The Grail Quest novels - ტეტრალოგია, რომელიც ეხება ასწლიანი ომის პერიოდს. ინგლისსა და საფრანგეთს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე იკვეთება შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და რაინდული ეპოსის ძირითადი საკითხი - გრაალის თასის ძიება.
სერიაში ოთხი წიგნია - The Archer's Tale - მშვილდოსნის ამბავი, Vagabond - მაწანწალა, Heretic - ერეტიკოსი და "1356".
ასწლიან ომს ეძღვნება კიდევ ერთი ცალკეული ნოველა - Azincourt, რომელიც აზენკურის ცნობილი ბრძოლის შესახებაა.
The Saxon Stories - ბერნარდ კორნუელის ნოველების კიდევ ერთი მასშტაბური სერია და ჰეპტარქიის(შვიდმეფობის) ხანის ბრიტანეთს ეხება, როდესაც ანგლო-საქსური სამეფოები დანიიდან შემოჭრილ მრისხანე ვიკინგებს ებრძოდნენ. ეს სერია The Warlord Chronicles-ს ლოგიკურ გაგრძელებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
კორნუელი კარგად იყენებს სხვადასხვა საქსონურ ქრონიკას და ეპოქალურ ატმოსფეროს ქმნის თავის ნაწარმოებში.
ამ სერიიდან ჯერჯერობით 6 წიგნია გამოსული - The Last Kingdom - უკანასკნელი სამეფო, The Pale Horseman - თეთრი მხედარი, The Lords of the North - ჩრდილოეთის მბრძანებლები, Sword Song - ხმლის სიმღერა, The Burning Land - ცეცხლოვანი მიწა, Death of Kings - მეფეთა აღსასრული. ნოველები მალე გახდა პოპულარული. ციკლისა.
ბერნარდ კორნუელის კალამს ასევე ეკუთვნის The Starbuck Chronicles - ამერიკის სამოქალაქო ომის შესახებ შექმნილი ტეტრალოგია და A Crowning Mercy: A Novel - ინგლისის სამოქალაქო ომის მოვლენებთან დაკავშირებული ტრილოგია.
სხვადასხვა დროს გამოიცა მისი რამდენიმე ცალკეული ნოველა სხვადასხვა პერიოდის ისტორიაზე.
ამჟამად ვკითხულობ მის ერთ-ერთ საუკეთესო ნოველას The Winter King. მინდა წარმოგიდგინოთ ამ წიგნიდან ორი პატარა ეპიზოდი, რომელიც გადავთარგმნე.
ნიკა ხოფერია
ზამთრის მეფე
ნაწყვეტი პირველი
ეს ამბავი ოდესღაც, მოხდა მიწაზე, რომელსაც ბრიტანეთი ეწოდებოდა. ეპისკოპოსი სენსამი, ღმერთმა ცოცხალსა და მკვდარ წმინდანთა შორის რომ გამოარჩია, ამბობს, რომ ყველა ეს მოგონება ზნედაცემული კაცობრიობის ყველა სხვა სიბინძურესთან ერთად უნდა მოისროლო უძირო უფსკრულში, ვინაიდან აღწერს ამბებს იმ უკანასკნელი დღეებისა, რომელთა შემდგომაც დიდმა წყვდიადმა შთანთქა სინათლე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ესაა თქმულებები იმ ადგილთა შესახებ, რომელსაც ჩვენ ლლოგრს ანუ "დაკარგულ მიწებს" ვუწოდებთ, შესახებ ქვეყნისა, რომელიც ოდესღაც ჩვენ გვეკუთვნოდა, ახლა კი ჩვენს მტრებს ინგლისად მოუნათლავთ. ეს არის თქმულებები არტურზე, სარდალზე, არარსებულ მეფეზე, ღვთის მტერსა და თუკი უკვდავი იესო და ეპისკოპოსი სენსამი არ მიწყენენ, საუკეთესო ადამიანზე მათ შორის, ვინც კი ოდესმე მცნობია. ღმერთო როგორ ვიგლოვე იგი.
დღეს ცივა. მთები სიკვდილივით გაფერმკრთალებულიყვნენ ბნელი ღრუბლების ფონზე. დაღამდებამდე მოთოვს, მაგრამ სენსამი ალბათ უარს გვეტყვის ღვთისგან დალოცვილ სითბოზე. ეს კარგია წმინდანისთვის, რათა მოაკვდინოს ხორცი თვისი. მე ახლა მოხუცი ვარ, მაგრამ სენსამი, დაე უფალმა კიდევ მრავალი წელი აცოცხლოს, ჩემზე ასაკოვანია, ასე რომ მე არ შემიძლია მოვიმიზეზო ჩემი წლოვანება რათა შეშის მოსატანად ფარდულში შევიდე. სენსამი კვლავ იტყვის, რომ ჩვენი ტანჯვა არის გამოსასყიდი ცოდვებისა ღვთის წინაშე, რომელიც ჩვენთვის ეწამა და ამიტომ ჩვენ, ექვსი ძმა იძულებულები ვართ გვეძინოს ნახევრად ფხიზელს, ვკანკალებდეთ სიცივისგან, დილას კი ჭა გაიყინება და ძმა მაელგვინს მოუწევს თოკით დაეშვას მის ფსკერზე და ქვით დაამსხვრიოს ყინულის საფარველი, და მხოლოდ ამის შემდეგ თუ შევძლებთ დავლიოთ წყალი.
სიცივე არ არის ყველაზე საშიში მტერი ამ ზამთარში - გაყინული გზები საშუალებას არ მისცემენ იგრეინს, ესტუმროს მონასტერს. იგრეინი ჩვენი დედოფალია, მეუღლე მეფე ბროხვაელისა. ის შავგვრემანი და ლამაზია, ძალიან ახალგაზრდა და სხარტი, როგორც მზის სხივები ზამთრის დღეებში. ის მოდის აქ და ევედრება უფალს მისცეს ვაჟი, მაგრამ ჩემთან საუბარში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ღვთისმშობლისა და მისი კურთხეული ძის სახელზე ლოცვაში. ის მესაუბრება იმიტომ, რომ უყვარს ამბების მოსმენა არტურის შესახებ, და ამ ზაფხულს მე თითქმის ყველაფერი ვუამბე რაც მახსოვდა, ხოლო როცა მეტი ვეღარაფერი გავიხსენე, მან გადმომცა პერგამენტი, რქისგან დამზადებული სამელნე და ბატის ფრთები საწერად. არტურიც ატარებდა ბატის ფრთებს თავის მუზარადზე. ეს ფრთები არ არის დიდი, არც ძალიან თეთრი, მაგრამ გუშინ, როდესაც ზამთრის ცის ფონზე შევხედე მათ კონას, დამეუფლა ისეთი უცნაური გრძნობა, თითქოს ამ ფრთებს მიღმა მისი სახეს ვხედავდი. და მაშინვე გამიელვა თვალწინ, რომ ბრიტანეთის მიწაზე დრაკონი და დათვი გამოჩნდნენ, რომლებიც წარმართებს დევნიდნენ და ყველას შიშის ზარს სცემდნენ თავიანთი საშინელი ღრიალით, ამ დროს გამოვერკვიე ფიქრებიდან და თვალში ჩემს მუჭში ჩაბღუჯული, წერისთვის ჯერ კიდევ გამოსადეგი ბატის ფრთებიღა მომხვდა.
მელანი უხარისხო და უვარგისია. პერგამენტი უფრო უკეთესი - რომაელთა მმართველობის დღეებიდან მორჩენილი ტყავისგანაა დამზადებული, ცალი მხარე დაფარულია ჩვენთვის უცნობი წარწერებით, თუმცა იგრეინის მოახლეს მოუხერხებია ნაწილობრივ გაესუფთავებინა და გაეთეთრებინა, რათა წერისთვის გამოსადეგი ყოფილიყო. სენსამი ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა ამდენი ტყავი ფეხსაცმლის გასაკეთებლად გამოეყენებინათ, თუმცა მეტად თხელი გამოდგა ამ საქმისთვის, თან სენსამს არ სურდა გაენაწყენებინა იგრეინი და დაეკარგა მეფე ბროხვაელის კეთილგანწყობა. ეს მონასტერი ხომ სულ ნახევარი დღის მანძილზე იყო მტრის შუბოსნებისგან, რომელთაც ადვილად შეეძლოთ გადმოელახათ შავი მდინარე, წამოსულიყვნენ მთებისკენ და მიეღწიათ დინევრაკის ველამდე, რომ არა ბროხვაელის მეომრები, რომლებიც ჩვენ გვიცავდნენ. და მაინც მგონია, რომ ბროხვაელის კეთილგანწყობასაც კი არ შეუძლია სენსამის დამშვიდება, რომელიც აღშფოთებულია იმაზე, რომ ძმა დერფელი არტურის ცხოვრებაზე წერს, ღმერთის მტერზე, ამის გამო ჩვენ იგრეინთან ერთად გვიწევს ამ წმინდა ადამიანის მოტყუება, თითქოს საქსონთა ენაზე ვთარგმნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახარებას. ღვთივკურთხეული წმინდანი არ საუბრობს და არ კითხულობს მტრის ენაზე, ამიტომ საკმაოდ დიდხანს შევძელით მისთვის დაგვემალა სიმართლე, იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდა ისტორიის დასრულებას. არცთუ დიდი ხნის შემდეგ, რაც წერა დავიწყე. წმინდა სენსამი შემოვიდა სენაკში, დადგა ფანჯარასთან და შეხედა მოქუფრულ ცას - მე მიყვარს სიცივე - თქვა, იცოდა, რა რომ მე არ მიყვარდა.
ვგრძნობ რომ უარესდება, ჩემ დაკარგულ ხელს მახსენებს - ვუპასუხე ფრთხილად. მარცხენა ხელის მტევანი მაკლდა და წერის დროს იდაყვით ვეყრდნობოდი პერგამენტს.
ყოველი ტანჯვა და ტკივილი გვახსენებს ვნებას უფლისა ღმერთისა ჩვენისა - თქვა ეპისკოპოსმა და როგორც მოველოდი, გადახედა ჩემს მაგიდას, რათა წაეკითხა რას ვწერდი. მითხარი რას ამბობენ ეს სიტყვები, დერფელ - მოითხოვა მან.
მე ვწერ იესო ქრისტეს დაბადების შესახებ - ვიცრუე მე. ის დაჟინებით დააცქერდა პერგამენტს, შემდეგ კი ჭუჭყიანი ფრჩხილით თავის სახელზე მიმითითა. მას შეეძლო წაეკითხა ზოგიერთი ასო, ხოლო საკუთარი სახელი ალბათ ისევე აშკარად ჩანდა, როგორც ყორანი თოვლზე. მე ჩვენი უფლის დაბადებას არ დავსწრებივარ, დერფელ, ეს ჩემი სახელია. ღმერთს გმობ შე ჯოჯოხეთის გომბეშო? - ჩაიხითხითა ისეთი ხმით, თითქოს უზნეო ყმაწვილი იყო და ჩემი ჭაღარა თმა დაიხვია თითზე.
ბატონო - ვუპასუხე მე - აღვნიშნე, რომ უფლის ნებითა და მისი ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის, სენსამის კურთხევით, თითი გავუსვი იმ წინადადებას, სადაც მისი სახელი იყო ნახსენები - შემიძლია გადავიტანო პერგამენტზე სასიხარულო ამბავი დაბადებისა უფლისა ჩვენს ქვეყანაზე.
მან თითები მომაცილა თავიდან, რამდენიმე ღერი თმა მომაწიწკა და კვლავ ფანჯარასთან მივიდა.
შენ საქსონელი მეძავის ნაშიერი ხარ, თქვა მან და არცერთი საქსონელის ნდობა არ შეიძლება. ფრთხილად იყავი, საქსონელო, არ გამანაწყენო.
"მოწყალე ბატონო", ვუპასუხე მას, მაგრამ ის აღარ გაჩერდა ამის მოსასმენად. იყო დრო, როდესაც მან მუხლი მოიყარა და ჩემ მახვილს ეამბორა, მაგრამ ახლა სენსამი წმინდანი იყო, მე კი არაფერი, მხოლოდ ყველაზე უბედური, ყველა ცოდვილს შორის. ასევე ყველაზე გაყინული ცოდვილიც, რადგან მზის მცირე სხივები თუ აღწევდნენ ჩვენი მონასტრის კედლებში, გარშემო ყველაფერი პირქუში და მოსაწყენია. მალე მოვა პირველი თოვლი...
და იყო თოვლი როდესაც დაიწყო ისტორია არტურისა. ეს მთელი ცხოვრების წინ მოხდა, დიდი მეფის, უთერის მმართველობის უკანასკნელ წელს. რომაელების წელთაღრიცხვის მიხედვით 1233 წელს მათი ქალაქის დაარსებიდან, თუმცა ჩვენ ბრიტანეთში ყოველთვის ვითვლიდით თარიღს შავი წლიდან - რომელიც მოხდა მაშინ, როდესაც რომაელებმა ინის მონის ტყეში დრუიდები ამოწყვიტეს. არტურის ისტორია ამ წელთაღრიცხვით 420 წლის შემდეგ იღებს სათავეს, როგორც სენსამი, ღმერთმა დალოცოს მისი სახელი, ათარიღებს ჩვენს ერას უფალი იესო ქრისტეს დაბადებიდან, რომელიც მას სწამს, მოხდა 480 წლის ზამთარში, სანამ ეს ამბები დაიწყებოდა. თუმცა როგორც არ უნდა გამოვთვალოთ თარიღი, ეს დიდი ხნის წინ მოხდა, ერთხელ, ბრიტანეთად წოდებულ მიწაზე, და მე იქ ვიყავი.
და აი როგორ მოხდა ყველაფერი
დაიწყო დაბადებით.
ცივი ღამე იყო. სამეფო მკრთალი მთვარე დაჰყურებდა. და დარბაზში, ნორვენა კიოდა.
და კიოდა.
შუა ღამე იყო. ცა მოწმენდილი და ვარსკვლავებით მოჭედილი. მიწა რკინასავით გამხდარიყო ძლიერ ყინვაში. მდინარეებს და ნაკადულებს ყინულის კლანჭები ჩასჭიდებოდა. მკრთალი მთვარე - ცუდის მომასწავებელი ნიშანი დასავლეთის მხარეს მკრთალად ანათებდა. სამი დღის განმავლობაში არ მოუთოვია, სინათლეს არ გაუკვეთია სქელი ღრუბლები, მთელი ქვეყანა თეთრ მდუმარებაში იყო ჩაძირული, თოვლს დაეფარა ყველაფერი, გარდა ხეებისა, რომლებიც შავად მოჩანდნენ თეთრ ფონზე და უსიამოვნო შეგრძნებას და შიშს ბადებდნენ. ჩვენი სუნთქვა ორთქლად იქცეოდა და ჩვენივე სახეებს ელამუნებოდა, რადგან ნიავი არ იძვროდა. მიწა მკვდარი, უსიცოცხლო მოჩანდა, როგორც დატოვა ბელენოსმა, მზის ღვთაებამ, და სამუდამოდ უნდა ეცურა მას უსასრულო ყინულოვან უდაბნოში სამყაროებს შორის. და იყო სიცივე, სასტიკი და მომაკვდინებელი. ყინულის გრძელ ლოლუები ცვიოდა კერ კადარნის დარბაზის ლავგარდნებიდან და თაღებიდან. ამ დღეზე ადრე მოხდა, როდესაც მეფის მომხრეებმა პრინცესა ურთულესი გზების გამოვლის შემდეგ მეფეთა უმაღლეს დარბაზში მოიყვანეს. კერ კადარნი იდგა ამ ადგილზე, სადაც ინახებოდა სამეფო ქვა და სადაც უნდა დაბადებულიყო მეფის მემკვიდრე. ნორვენამ კვლავ დაიკივლა.
მე არასოდეს მენახა ბავშვის დაბადება და უფლის ნებით მეტჯერ ვერც ვიხილავ. დავინახე ქალის საშოდან როგორ გამოჩნდა ბავშვი. ბევრი რამ მენახა ცხოვრების განმავლობაში, ხბოს გაჩენა, კატის კრუნჩხვები, მომისმენია მეძავის ღმუილი მშობიარობისას, მაგრამ არ მინახავს სისხლი და ცრემლი, რაც თან ახლდა ქალის გულისგამგმირავ კივილს. ოჰ, როგორ ყვიროდა ნორვენა! თუმცა ცდილობდა, თავი შეეკავებინა, როგორც შემდგომ ამბობდნენ ქალები. უცებ ეს ყველაფერი შეწყდა და სიჩუმემ დაისადგურა მთელ სიმაგრეში. უმაღლესმა ხელმწიფემ ბეწვის ქურქის კაპიუშონისგან გაინთავისუფლა მძიმე თავი და მთელი ყურადღებით დაუწყო ლოდინი როდის გაისმებოდა ხმა. საქსები კი ახლოს იყვნენ... ის იმედოვნებდა, რომ ეს სიჩუმე ბავშვის დაბადებას მოასწავებდა და სამეფო მიიღებდა ნანატრ მემკვიდრეს.
ნაწყვეტი მეორე
ეს ჩემი პირველი ბრძოლა იყო.
დუმნონელი ცხენოსნები ჩვენ შუბოსანთა მწკრივის უკან განლაგდნენ რათა დაეცვათ ქალები და ბავშვები იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებდნენ. დანარჩენები ბრძოლის ხაზზე მოვეწყვეთ. ასევე მოიქცა მოწინააღმდეგეც. ლიგესაკი, მოღალატე, სილურიელთა რიგებში იდგა. დრუიდმა ტანაბურმა თავისი წეს-ჩვეულებების მიხედვით ცალი თვალი დახუჭა, ერთი ხელი მაღლა ასწია და ცალ ფეხზე როკვას მოყვა განდლეუსის ფარების კედლის წინ, რომელიც მწყობრი ნაბიჯით დაბლობისკენ მოიწევდა. როდესაც ტანაბურმა შეწყვიტა ეს გიჟური როკვა, სილურიელებმა საბრძოლო ყიჟინა დასცეს და შეურაცმყოფელ სიტყვებს გვეძახდნენ. ისინი გვემუქრებოდნენ, რომ ყველას დაგვხოცავდნენ და ტრაბახობდნენ რა ადვილად მოახერხებდნენ ამის გაკეთებას. ორმოცდაათ ნაბიჯზე მოახლოებულები ერთ ადგილას შედგნენ. ზოგიერთმა ჩვენმა მეომარმა დასცინა მათ სიფრთხილეს და მშიშრები უწოდა, მაგრამ ოვეინმა დაუღრიალა და გააჩუმა. ორივე ჯარი დაჟინებით შესცქეროდა მის წინაშე მდგარ მოწინააღმდეგეს, მაგრამ არცერთი მხარე არ იძვროდა.
თავზეხელაღებული სიმამაცე იყო საჭირო იმისთვის, რომ ფარებისა და შუბების კედლისთვის შეგეტია. სწორედ ამიტომ ბრძოლის დაწყებამდე ბევრი მეომარი სასმელს მიეძალა. მე მინახავს თუ როგორ მდგარან ჯარები ერთმანეთის პირისპირ საათობით, სანამ ეყოფოდათ სიმამაცე ბრძოლის დაწყებისა. რაც უფრო მოხუცი იყო მეომარი, უფრო მეტი სიმამაცე სჭირდებოდა მტერთან შესატაკებლად. ახალგაზრდები შეუტევდნენ და დაიხოცებოდნენ, გამოცდილებმა კი იცოდნენ, რამდენად რთული იყო ფარების კედლის გარღვევა. მე ფარი არ მქონდა, მაგრამ თანამებრძოლთა ფარებს ვიყავი ამოფარებული. მათი ფარები სხვებისას ეხებოდა და ასე მიყვებოდა მწკრივს, შუბები კი მოწინააღმდეგისკენ იყო მოღერებული. სილურიელებმა შუბის ტარებით დაიწყეს ფარებზე ბრაგუნი. არც მათმა ატეხილმა ხმაურმა დააფრთხო ვინმე. ჩვენ ერთ მტკიცე რიგად შეკრულები ველოდებოდით მათ შემოტევას. "ჯერ მოსაჩვენებელ იერიშს დაიწყებენ", გამაფრთხილა თანამებრძოლმა. ამის თქმა იყო და მტრის რიგებს ჯგუფი გამოეყო, მათ თავიანთი გრძელი შუბები ჩვენ ცენტრს დაუშინეს მთელ საბრძოლო ხაზზე გაშლილებმა ყიჟინით შემოგვიტიეს. მათი შუბები მეომართა ფარებს ჩაესო და ზოგიერთი ჯარისკაცი წინ გადაიხარა, ზოგს კი ფარის დაგდება მოუხდა. ამ დროს მოწინააღმდეგემ უფრო მძაფრად შემოგვიტია, მაგრამ ოვეინმა მალევე მოიყვანა მწკრივი საბრძოლო მზადყოფნაში და საკადრისად დახვდა მტრის იერიშს. მეომრებმა ამოაძრეს სილურიელთა შუბები თავიანთი ფარებიდან და ფარების კედელი კვლავ შეიკრა.
"უკან დაიხიეთ" - გვიბრძანა ოვეინმა. იგი შეეცადა წესრიგით დაეხია ნახევარი მილით დაშორებულ კარ-კადარნის მახლობელი მინდვრისკენ და იმედოვნებდა, რომ სილურიელებს არ ეყოფოდათ სიმამაცე შემოეტიათ ჩვენი მტკიცე რიგებისთვის ნელი უკანდახევის დროს. ჩვენთვის რომ მეტი დრო მოეცა, ოვეინი წინ გამოვიდა და განდლეუსი ორთაბრძოლაში გამოიწვია - "ქალი ხომ არ ხარ, განდლეუს?" - ეძახდა ხმამაღლა. "დაკარგე სიმამაცე? არ არის საკმარისი ადგილი? შენ საქსოვ დაზგას ეფარები, ქალო? დაუბრუნდი შენ ხელსაქმეს! დაუბრუნდი თითისტარს!
ჩვენ უკან ვიხევდით, უკან ვიხევდით, უკან ვიხევდით, მაგრამ მოწინააღმდეგემ მძაფრი იერიში წამოიწყო და გვაიძულა რიგები შეგვემჭიდროვებინა და ფარებს ამოვფარებოდით, რათა მათი ნატყორცნი შუბები არ მოგვხვედროდა. ერთმა ხელშუბმა სულ ახლოს ჩამიქროლა, თუმცა სილურიელების ეს შემოტევაც მოჩვენებითი გამოდგა და მიზნად მხოლოდ ჩვენ შეშინებას ისახავდა. ლიგესაკი ისრებს გვესროდა, მაგრამ ალბათ ნასვამი იყო, რადგან მისი ისრები დიდი მანძილით გვცდებოდა. ოვეინი უამრავი შუბის სამიზნე გახდა, მაგრამ მათი ნაწილი აცდა, ხოლო დანარჩენს თავისი ფარითა და შუბით ისხლეტდა და მოწინააღმდეგეს დასცინოდა. "ვინ გასწავლათ შუბის სროლა? დედებმა? გამოდი განდლეუს! შემებრძოლე! უჩვენე შენიანებს, რომ მეფე ხარ და არა თაგვი!"
სილურიელებმა საბრძოლო ყიჟინითა და ფარებზე შუბების ბრახუნით გადაფარეს ოვეინის ხმა. მანაც ზურგი შეაქცია მათ და აუჩქარებელი ნაბიჯით ჩვენ რიგებს შეუერთდა. "უკან", "უკან" გვითხრა მშვიდად.
ორმა სილურიელმა დაყარა იარაღი და გაიხადა სამოსი, რათა შიშვლად ებრძოლა. ჩემმა თანამებრძოლმა გამაფრთხილა - "ახლა კი გვექნება პრობლემები".
შიშველი მეომრები შესაძლოა მთვრალები იყვნენ, ან ისე იყვნენ დარწმუნებული თავიანთი ღმერთების უძლეველობაში, რომ სჯეროდათ მტრის მახვილი ზიანს ვერ მიაყენებდათ. მე ადრეც მომესმინა ამბები მათ შესახებ და ვიცოდი - თავზეხელაღებული თვითმკვლელების მიცემული მაგალითი მთელი არმიისთვის ბრძოლის დაწყების ნიშანი შეიძლება გამხდარიყო. მახვილის ტარს მტკიცედ ჩავეჭიდე და აღთქმა დავდე, რომ ღირსეულად მოვკვდებოდი და შევუერთდებოდი უთერს და ჰუველს იმ სამყაროში, შემდეგ კი დაველოდებოდი, სანამ ჩემი სული სხვა ადამიანურ სხეულს მოძებნიდა და კვლავ გავჩნდებოდი მწვანე მიწაზე.
ორმა მეომარმა გაიშალა შეკრული თმა და ხელში შუბითა და მახვილით სილურიელთა რიგების წინ როკვას მოყვა. ისინი ნელ-ნელა უფრო და უფრო აგრესიულები ხდებოდნენ და ექსტაზში ვარდებოდნენ, რა დროსაც კაცს ნებისმიერი სიგიჟის ჩადენა ძალუძს. განდლეუსი თავის ცხენზე ამხედრებული იდგა მედროშის გვერდით და შეჰყურებდა ორ კაცს, რომელთაც სხეული ლურჯი სვირინგებით დაეფარათ. ბავშვები ტიროდნენ ჩვენ ზურგს უკან, ქალები კი თავიანთ ღმერთებს უხმობდნენ საშველად. რაც უფრო ახლო მოიწევდნენ ცეკვით გახელებული მეომრები ჩვენსკენ, მათი შუბებსა და ხმლებზე უფრო მკვეთრად მოჩანდა საღამოს მზის ანარეკლი. ასეთ ხალხს არ სჭირდებოდა ფარი, ტანსაცმელი და აბჯარი. ღმერთები იყვნენ მათი დამცველებიც და საზღაურიც გაღებული სიმამაცისა, და თუ ოვეინის მოკვლასაც შეძლებდნენ, ბარდები წლობით იმღერებდნენ ამ გმირობის შესახებ. . . ისინი ორი მხრიდან უახლოვდებოდნენ ჩვენ წინამძღოლს, რომელმაც შუბი მოიმარჯვა და მშვიდად დაელოდა მათ მძვინვარე შემოტევას, რაც დანარჩენი ჯარისთვისაც ბრძოლის დაწყების სიგნალი გახდებოდა.
და გაისმა ბუკის ხმა.
ბუკს ისეთი გამყინავი ხმა ჰქონდა, როგორიც არასოდეს გამეგონა. მტკივნეულად სუფთა იყო ეს ხმა, თითქოს აცივდა და ძარღვებში სისხლი გამეყინა. გაისმა ერთხელ, გაისმა მეორედ და მეორე საკმარისი აღმოჩნდა რომ შიშველი კაცები შეჩერებულიყვნენ და ბუკის ხმას გაყოლოდნენ.
მე ვუყურებდი.
უცებ თვალი მომჭრა მზის სხივებმა, თითქოს ამ მომაკვდავ, უფერულ დღეს ახალმა მზემ გადმოხედა. სინათლემ ყველანი დაგვაბრმავა და დაგვაბნია, მაგრამ სწრაფადვე გაქრა და დავინახე რომ ეს მხოლოდ ფარის სარკესავით პრიალა ზედაპირის ანარეკლი იყო. ფარი ეჭირა იმ კაცს, რომელიც აქამდე არასოდეს მენახა. ეს იყო დიდებული ადამიანი, მაღალი, კარგად შეჭურვილი, დიდ ცხენზე ამხედრებული და თავისი ხალხით გარშემორტყმული - ესენი საუცხოოდ იყვნენ შეიარაღებულები და აღჭურვილები - თითქოს ზღაპრებიდან და ლეგენდებიდან გამოხტნენ ღმერთები, რომ სიკვდილის ველს დაუფლებოდნენ. მათ თავზე ქარი აფრიალებდა დროშას, რომელიც ახლა უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ალამი მთელ დედამიწაზე. ეს იყო სიმბოლო დათვისა.
ბუკმა მესამე სიგნალი მისცა, და მე მივხვდი, რომ ვიცოცხლებდი და ავტირდი, როგორც თითქმის მთელი ჩვენი რაზმი. მიწა ზანზარებდა იმ ხალხის ფეხქვეშ, რომლებიც ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ...არტურის დრო, როგორც იქნა, მოვიდა.