ცხრაას წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ერთ დღეს “ნისლიანი ალბიონის” მიწას ნორმანული ხომალდები მიადგნენ, რათა დაეპყროთ ეს ქვეყანა და დაეარსებინათ ევროპის ერთ-ერთი მომავალი მოწინავე სახელმწიფო. ბრიტანეთის ნაპირებს აქამდეც ბევრი მტერი მოსდგომია: რომაელები, ანგლო-საქსები, დანიელი და ნორვეგიელი ვიკინგები, მოსულან იულიუს კეისარი, ჰენგისტი და ჰორზა, კნუდი, ჰარალდი და სხვა დამპყრობელები, მაგრამ არცერთს ისეთი კვალი არ დაუტოვია და ისეთი გავლენა არ მოუხდენია ინგლისელ ხალხზე, როგორც ნორმანებს. ნორმანი ჰერცოგი უილიამი სწორედ ჰასტინგსის ბრძოლისა და ინგლისის დამორჩილების შემდეგ იქცა “დამპყრობლად” და თავისი სახელი ხმლის წვერითა და ცულის ყუით ჩაწერა ისტორიაში.
ბრძოლა ჰასტინგსთან დამპყრობელი ნორმანდიის ჰერცოგის, უილიამის ჯარსა და მეორე მხრივ ანგლო-საქსი მეფის, ჰაროლდ II გოდვინსონს შორის, ინგლისის ისტორიის განუყოფელი და საკვანძო მოვლენაა, როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე დემოგრაფიული, პოპულაციური და კულტურული თვალსაზრისით. ნორმანთა ინგლისში გაბატონებით მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ფეოდალიზმის განვითარებაშიც. ჰასტინგსი ერთ-ერთი უძველესი ევროპული სამეფოს ბედის გადამწყვეტი გამოდგა. ქვეყანაში ცვლილებების ერა დაიწყო, რომელიც XIII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა, როცა ნორმანი და ანგლო-საქსი ხალხი საბოლოოდ გაერთიანდა, ერთმანეთს შეერია მათი წეს-ჩვეულებები, ისტორია და ჩამოყალიბდა დიდებული ევროპული სახელმწიფო, ინგლისის სამეფო, ერთიანი ენით, სარწმუნოებითა და კულტურით. სამხედრო ისტორიისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია იმით, რომ მოხდა ორი განსხვავებული საბრძოლო სისტემისა და ჯარის სახეობების დაპირისპირება, გამოჩნდა ძველებური, ბარბაროსთა(ამ შემთხვევაში ანგლო-საქსთა) ტრადიციული მეთოდების დრომოჭმულობა და ასპარეზზე ახალი ძალა წამოიმართა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა შუა საუკუნეების ისტორიაში, ეს იყო რაინდობა. ჰასტინგსის ბრძოლა სწორედ რაინდთა თითქმის ხუთასწლოვანი ზეობის ხანის დასაწყისია.
ედუარდ აღმსარებელი, გამოსახულება ბაიოს გობელენზე
XI საუკუნის ბრიტანეთი ერთ სამეფოდ იყო გაერთიანებული. ქვეყანაში ედუარდ აღმსარებლის სიკვდილის შემდეგ ქაოსი სუფევდა. ამ მოვლენას გამოეხმაურა ნორმანდიის ჰერცოგი უილიამი(რომელიც თვლიდა, რომ ინგლისის ტახტი ეკუთვნოდა და ბრიტანეთი მეფე ედუარდმა მას დაუტოვა) და მეფის ცოლისძმა, ჰაროლდ ვესექსელი. ორივე ტახტზე თავისი უფლების დამტკიცებას ცდილობდა. ჰაროლდმა იმარჯვა და მოწინააღმდეგეს დაასწრო. ახლა ინგლისს დიდი საფრთხე მოელოდა ნორმანებისგან და ჰაროლდმა იცოდა მტერი არაფერს დათმობდა. რამდენიმე საუკუნით ადრე ვიკინგები, განსაკუთრებით კი დანები (დანიელი ვიკინგები) მოსვენებას უკარგავდნენ ინგლისის მცხოვრებთ. დანიელებისაგან დასუსტებულ ქვეყანაში შიდა არეულობები სუფევდა, რასაც ჰაროლდ ტახტზე ასვლის შემდეგ ნორვეგიელი ვიკინგი მეფის, ჰარალდ ჰარდრადას შემოსევაც მოჰყვა 1066 წელს. მასთან ბრძოლა რთული გამოდგა, რადგან აჯანყებას ჰაროლდის ძმაც მიემხრო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ინგლისელებმა გაიმარჯვეს. სწორედ ჰარდრადასთან ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ ჰასტინგსთან ჰაროლდს სრული ძალები არ ჰყავდა.
სტემფორდ ბრიჯის ბრძოლა (ნიკოლაი არბოს ნახატი, 1870 წ.)
ანგლო-საქსთა არმიის მთავარი ძალა ქვეითი ლაშქარი იყო. ჰაროლდის მეომრები უზარმაზარ ფარებს იყენებდნენ და მძიმე ცულებითა და ხმლებით იბრძოდნენ. ისინი სწორ და მჭიდრო ფარების კედლად იკვრებოდნენ, რათა მტერს მათი რიგები ვერ გაერღვია. ასეთი განლაგებით ინგლისელები გრძელ და მტკიცე მოძრავ კედელს ქმნიდნენ. ანგლო-საქსური ჯარის ბირთვს მეფის მცველები და დიდებულთა რაზმები წარმოადგენდნენ. მათი მთლიანი რაოდენობა 3000-4000 მეომარს აღწევდა. ინგლისელებს ჰყავდათ მსუბუქი ცხენოსნებიც, თუმცა მცირე რაოდენობით. ჰაროლდის მეომრები გამოცდილები იყვნენ, რადგან 1063 წელს უელსელები დაამარცხეს, 1066 წელს კი სტემფორდ-ბრიჯთან ნორვეგიელები გაანადგურეს. ინგლისელთა წყობის ცენტრში მეფის მცველები, ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი მეომრები, "ჰუსკარლები"(სიტყვასიტყვით: სახლის, მეფის სასახლის დაცვა) იდგნენ რკინის უზარმაზარი ცულებით, ფლანგებზე კი "ფაირდები", ინგლისელი ქვეითები ფარებით, შუბებით და მახვილებით. ინგლისელებს ჰყავდათ მშვილდოსნებიც, თუმცა მცირე რაოდენობით. სულ ჰაროლდის ჯარების რიცხოვნობა 8000-ს არ აღემატებოდა.
ჰაროლდის გამოსახულება ბაიოს გობელენზე
ვესექსის გრაფი ჰაროლდი(1022-1066) წარმოშობით ინგლისელი იყო და ძმად ერგებოდა მეფე ედუარდ აღმსარებლის ცოლს, ედითს. საბოლოოდ ედუარდის სიკვდილის შემდეგ ჰაროლდი სამეფო ტახტზე აღმოჩნდა. მისი სამხედრო ტალანტი ჰასტინგსამდე ბევრად ადრე, ჩრდილოეთ უელსის მეფის, გრუფიდისა და მისი მოკავშირის ელფგარ მერსიელის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლინდა. ასევე აღსანიშნავია მისი უსწრაფესი მანევრები: ჯარების გადასროლა ჩრდილოეთ ინგლისში ჰარდრადას წინააღმდეგ და ასევე სწრაფი დაბრუნება უილიამთან საომრად. უილიამ მალმსბერი წერდა, რომ ჰასტინგსთან ჰაროლდს ბევრი ანგლო-საქსი არ დაეხმარა, რადგან უარი თქვა სტემფორდ-ბრიჯთან მოპოვებული ნადავლის მეომრებისთვის გაყოფაზე. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ჰაროლდს სამეფო ტახტი ეკუთვნოდა და ისე დაეუფლა, მაგრამ გიიომ დე პუატიე და გიიომ ჟუმეჟელი წერენ, რომ 1065 წელს ჰაროლდმა უილიამს ინგლისის ტახტის დაკავებაში დახმარება შეფიცა(ამას ამტკიცებს ბაიეს გობელენის შესწავლის შედეგებიც), ამიტომ უილიამი განრისხდა და ჯარების შეკრება დაიწყო.
ნორმანდიის საჰერცოგო
ნორმანები – “ჩრდილოელი ხალხი”, იგივე ვიკინგები ფრანკთა ტერიტორიაზე VIII საუკუნის ბოლოდან გამოჩნდნენ და X საუკუნეში, დაახლ. 911 წელს დაარსეს ნორმანდიის საჰერცოგო. ნორმანები თავს ესხმოდნენ ფრანკებს და ებრძოდნენ მეზობელ საგრაფოებს: პიკარდიას, ფლანდრიას, ბრეტანს. XI საუკუნის დასაწყისში ნორმანები დაუნათესავდნენ ინგლისელებს – მათი ჰერცოგის, რიჩარდ მეორის და ცოლად ინგლისის მეფე ეთელრედს გაჰყვა, ხოლო დანიელებისგან განდევნილი ეთელრედი ნორმანდიაში გაიხიზნა. ნორმანდია ყველა მეზობლისთვის სახიფათო მტერს წარმოადგენდა და მუდამ ემუქრებოდა საფრანგეთის სამეფოსაც კი.
ნორმანდიელების ჯარის მთავარი, დამრტყმელი ძალა მძიმე ცხენოსანი ჯარი იყო. უილიამ დამპყრობლის მხედრები ძალიან გამოცდილი მეომრები იყვნენ, რადგან ზოგიერთ მათგანს უკვე მიეღო მონაწილეობა ჩრდილოეთ საფრანგეთში, სამხრეთ იტალიაში და სიცილიაში მიმდინარე ბრძოლებში. ნორმანი მხედრის მთავარი საჭურველი გრძელი ჯაჭვის პერანგი (ჰაუბერკ) იყო. ცხენოსნებს თავზე მუზარადი ეხურათ, რომელიც თავს და კეფას იცავდა, ხოლო ცხვირს ზარადი იცავდა. ნორმანმა მხედრებმა კავალერიის ისტორიაში ახალი მიმართულება შემოიტანეს, რამაც ჯარის ეს სახეობა ისეთი მომაკვდინებელი გახადა, როგორიც არასდროს ყოფილა. მომავალი ოთხი საუკუნის განმავლობაში ქვეითი ჯარი ვერ უძლებდა ნორმანი მხედრების შეტევას. მათი სიძლიერის საიდუმლო კი გრძელი შუბით მტერზე დიდი სისწრაფითა და ძალით შეჯახება იყო.
ჰერცოგი უილიამი
უილიამ დამპყრობელი ნორმანდიის ჰერცოგი 1035 წელს გახდა, მას შემდეგ რაც მისი მამა, რობერტი წმინდა მიწიდან დაბრუნებისას გზაზე დაიღუპა. უილიამმა ერთგული ბარონების დახმარებით მმართველობა განიმტკიცა და ძლიერი სამხედრო ძალის შექმნას შეუდგა. მალე მან გამოავლინა თავისი მხედართმთავრული ნიჭი და დიდება მოიპოვა. ინგლისში ლაშქრობამდე იგი საფრანგეთში იბრძოდა წარმატებით. ჰერცოგი უილიამი მალე ინგლისის მეფე ედუარდს დაუახლოვდა. ისტორიაში ცნობილია, რომ ედუარდ აღმსარებელის სიკვდილის შემდეგ ჰაროლდი და უილიამი ინგლისის ტახტისთვის იბრძოდნენ, როგორც მემკვიდრეები. 1066 წლის 5 იანვარს, ედუარდ აღმსარებელმა, რომელიც უკვე სიცოცხლეს ემშვიდობებოდა, მეფედ სცნო ვესექსის გრაფი, ჰაროლდ გოდვინსონი. უილიამი არ შეეგუა ამას, გადალახა ლა-მანში და 7500-მდე მეომრით(4000 ნორმანი, 2000 ბრეტონელი ალან წითურის მეთაურობით და 1500 ფლამანდიელი და ფრანგი უილიამ ფიც-ოსბერნისა და ესტაშ ბულონელის სარდლობით)
ბრძოლა
მოხერხებულმა და ჭკვიანმა ნორმანდიელმა ჰერცოგმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ნორვეგიელების შეტევის შემდეგ დასხმოდა დასუსტებულ სამეფოს. ეს სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ჰაროლდ II-ს მრისხანე ვიკინგებთან ბრძოლაში საკმაო ზარალი ენახა და თან მისი არმია ამ ლაშქრობას და ბრძოლას ძალიან გადაეღალა.
სტემფორდ-ბრიჯის ბრძოლიდან ორი დღის შემდეგ ნორმანდიელებმა უილიამის მეთაურობით ზღვა გადაკვეთეს და ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე გადასხდნენ, რის შემდეგაც ააგეს ციხე-სიმაგრე და დაბანაკდნენ. ციხე-სიმაგრეს ნორმანები გამოიყენებდნენ როგორც საყრდენს და საფუძველს ინგლისში თუ ომი დიდხანს გაგრძელდებოდა და ნორმანდიიდან ძალების მიღებაც დასჭირდებოდათ. უილიამი ამ სიმაგრეში გაჩერდა და ჰაროლდის გამოჩენას დაელოდა, რათა შებრძოლებოდა გადამწყვეტ ბრძოლაში. მეფე ჰაროლდ გოდვინსონმა მალევე შეიტყო ნორმანების ინგლისში შემოჭრის ამბავი. ის სწრაფად დაიძრა მოწინააღმდეგისკენ და ნორმანდიელებთან ახლოს, სენლაკის მთასთან გაჩერდა. ჯარის განსალაგებლად მან აირჩია მაღლობზე მდებარე პოზიცია, რომელიც საუკეთესოდ ჩათვალა ბრძოლის გასამართად. მან იცოდა, რომ უილიამს ბრძოლა სწყუროდა და მალევე დაესხმოდა თავს ანგლო-საქსთა პოზიციებს. ჰაროლდმა ჯარი ძველი ინგლისური წესის მიხედვით განალაგა. ცენტრში თვითონ იდგა ჰუსკარლებით, ფლანგებზე ფაირდები და ადგილობრივი მოხალისეები. მთელი ჯარი მჭიდრო, ღრმა რიგებად იყო დაწყობილი და ურღვევ ფარების კედელს ქმნიდა.
ნორმანი მხედრები
უილიამ დამპყრობლის მთავარი ძალა მძიმედ აღჭურვილი ცხენოსანი ჯარი იყო, რომელთაც ბრძოლის მოგებაში მთავარი როლი ითამაშეს. ეს მხედრები ჰერცოგს სხვა ლაშქრობებშიც ახლდნენ და მისი ერთგულები იყვნენ.
ბრძოლაში უილიამმა მარტივი, მაგრამ საკმაოდ რისკიანი ტაქტიკა გამოიყენა. მან ცხენოსნების რაზმებით მაღლობზე განლაგებულ ინგლისელთა ფარების კედელზე შეტევა განიზრახა. წარუმატებლობის შემთხვევაში ცხენოსნები უკან იხევდნენ, გადაჯგუფდებოდნენ და ახალ იერიშზე გადადიოდნენ. ასე გაგრძელდებოდა სანამ მოწინააღმდეგის რიგების გარღვევას არ მოახერხებდნენ. ნორმანდიელებს ბრძოლაში კარგად შეიარაღებული ქვეითები და მშვილდოსანთა რაზმებიც ჰყავდათ.
ანგლო-საქსი ჰუსკარლები
უილიამ დამპყრობელმა ბრძოლა დილით ადრე დაიწყო. მან გაყო ცხენოსანი ჯარი სამ ნაწილად და ერთ ფრონტად განალაგა. ნორმანდიული კავალერია უილიამის მეთაურობით ცენტრში დადგა, მარცხნივ ბრეტონელი მხედრები დადგნენ, მარჯვნივ კი ნორმანდიელი, ფლამანდიელი და ბულონელი ცხენოსნები. მეორე ხაზს ნორმანდიელი ქვეითები და მშვილდოსნები ავსებდნენ. სწორედ ქვეითებმა დაიწყეს თავდაპირველად იერიში, თუმცა წარუმატებლად და მალე უილიამმა კავალერია დაძრა ინგლისელთა მტკიცე რიგებისაკენ. თანამედროვე ისტორიული წყაროები ამტკიცებენ, რომ ნორმანდიული კავალერია რიცხობრივი რაოდენობით საკმაოდ ჩამორჩებოდა ანგლო-საქსურ ქვეით ჯარს. ცხენოსნები დიდი სიმამაცით ეკვეთნენ მტრის რიგებს, მაგრამ ფარების კედელმა გაუძლო მათ დარტყმას და აიძულა ნორმანები უკან დაეხიათ. უილიამმა კავალერია ხელახლა გადააჯგუფა და კვლავ შეუტია მტრის რიგებს, თუმცა ინგლისელების ჩამორეკვა მაღლობიდან ვერ მოახერხეს. ანგლოსაქსები უზარმაზარი ფარებით მშვენივრად იცავდნენ თავს და ყველა შესაძლებლობისას მტერს მძიმე და გამოზომილი დარტყმებით უმასპინძლდებოდნენ. გიიომ დე პუატიე წერს: "ინგლისელები ისე მყარად იდგნენ მიწაზე, თითქოს ზედ ხეებივით ამოსულები იყვნენ". ჰასტინგსის ბრძოლა სხვა შუა საუკუნოვანი ბატალიებისგან განსხვავებით დიდხანს გაგრძელდა. ნორმანდიული კავალერია დიდი ხნის განმავლობაში უტევდა მტერს, შემდეგ უკან იხევდა, გადაჯგუფდებოდა და ახალ იერიშზე მიდიოდა, თუმცა უშედეგოდ. არცერთ მხარეს თავდაპირველად დიდი ზიანი არ მიუღია, რადგან ხელჩართული ბრძოლა თითქმის არ იმართებოდა, მხედრები მხოლოდ სწრაფი და ძლიერი დატაკებით ცდილობდნენ მტრის რიგების გარღვევას, შემდეგ უკან იხევდნენ, ინგლისელები კი თავს დიდი ხელოვნებით იცავდნენ. შუა ბრძოლაში ნორმანდიელებში ხმა გავრცელდა, თითქოს ჰერცოგი უილიამი დაიღუპა, ამან ძალიან დიდი არეულობა შეიტანა ჯარში, თუმცა მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, რადგან უილიამმა მუზარადი მოიხადა და ჯარის წინაშე წარსდგა.
ანგლო-საქსების ფარების კედელი
ბრძოლაში თავად უილიამის აშკარა გამოჩენამ გაამხნევა ნორმანდიელი მხედრები და მათ გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ შეეტიათ ინგლისელებისათვის, მაგრამ უილიამმა, რომელიც ხვდებოდა, რომ ანგლო-საქსთა მტკიცე რიგებს ვერაფერს აკლებდა, საბრძოლო ფანდი გამოიყენა. ნორმანებს თავი უნდა მოეჩვენებინათ მტრისათვის, თითქოს შეეშინდათ, პანიკაში იყვნენ და უკან იხევდნენ, შემდეგ კი მართლაც ნელ-ნელა ბრძოლის ველიდან მოეკურცხლათ,
თუმცა რათქმაუნდა ეს ყველაფერი იმიტომ იყო საჭირო, რომ ჰაროლდის მტკიცე კედლად აღმართული ქვეითთა რიგები დაშლილიყო, გამოდევნებოდა და დაეტოვებინა შესანიშნავი პოზიცია, რის შემდეგაც ნორმანები კონტრშეტევაზე გადავიდოდნენ და ანგლოსაქსებს დაამარცხებდნენ. მტერი მახეში გაება, თუმცა ამისთვის უილიამს ორჯერ დასჭირდა უკანდახევის მოწყობა (პირველმა სვლამ არ გაამართლა). როდესაც ნორმანებმა მეორედ შესანიშნავად მოაწყვეს უკანდახევის მანევრი, ბევრმა ანგლო-საქსმა დატოვა მწყობრი და მათ გამოედევნა, საბოლოოდ კი ჰაროლდის მთელი არმია "გაქცეულ" მტერს გამოეკიდა. როდესაც უილიამმა დაინახა, რომ ინგლისელთა რიგები დაირღვა და აირია, მაშინვე ცხენოსანი ჯარი დააწყო საიერიშოდ და შეუტია. ნორმანი მხედრები სწრაფად დაესხნენ თავს ველზე მიმოფანტულ ინგლისელ ქვეითებს და გაანდგურეს. უილიამის კავალერიის შეტევას ანგლო-საქსთა უმრავლესობა ემსხვერპლა, მათ შორის მეფე ჰაროლდის ორივე ძმა, გირტი და ლეოთვინი. ბრძოლის ბედი სწრაფად გადაწყდა.
ჰაროლდის სიკვდილი, გამოსახულება ბაიოს გობელენზე
ჰაროლდი შეეცადა დარჩენილი ჯარი გადაეჯგუფებინა და ბრძოლა განეგრძო, მაგრამ ჯარისკაცები უკვე დეორგანიზებულები და შეშინებულები იყვნენ იმ საშინელი ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ, რომელიც ნორმანმა ცხენოსნება მოაწყვეს მოხერხებული უილიამის კავალერიის კონტრშეტევა სამხედრო ფანდის შესრულების შემდეგ. საქსონური ფარების კედელი ვეღარ შეიკრა. ერთგული ჰუსკარლები ჯერ კიდევ მეფესთან იმყოფებოდნენ, როდესაც მას თვალში ნორმანი მშვილდოსნის გამოტყორცნილი ისარი მოხვდა და სასიკვდილოდ დაიჭრა.
შედეგები
ჰასტინგსთან დამარცხებამ შეიწირა ანგლო-საქსონური ინგლისის არსებობა, თუმცა ომი კიდევ გაგრძელდა. საბოლოო ჯამში ნორმან ჰერცოგს ჰასტინგსის შემდეგ კიდევ 6 წელიწადი დასჭირდა, რათა ძალაუფლება განემტკიცებინა და ინგლისი მთლიანად დაეპყრო. მიუხედავად ამისა, ჰასტინგსის ველზე ბრძოლა გადამწყვეტი იყო და ამ შეტაკებაში ინგლისელთა დამარცხებით, უილიამმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა “ნისლიანი ალბიონის” დაპყრობის საქმეში, რომელსაც მისი შთამომავლები კიდევ დიდი ხნის მანძილზე მართავდნენ.
ნიკა ხოფერია
ბიბლიოგრაფია
1. Vuksic .V, Grbasic, Z. Cavalry, The history of a fighting elite, 650 BC-1914
AD. London: Cassell, 1993
2. Lawson, M. K, The Battle of Hastings, 1066. Stroud:
Tempus, 2003
3. Howarth, D.A, 1066: the year of the conquest.
Harmondsworth, Middlesex; New York : Penguin, 1981
4. Bradbury, Jim, The Battle of Hastings. Stroud,
Gloucestershire : Sutton, 1998
5. Crompton, S. W. Hastings. Philadelphia: Chelsea House
Publishers, 2002
6. Wright, Peter, Hastings. London: Phoenix, 2005.
7. Douglas, David, William the Conqueror; the Norman impact upon
England. Berkeley: University of California Press, 1964.
8. Belloc, Hilaire, William the Conqueror. New York, London:
Appleton-Century, 1934.
9. Chibnall, Marjorie, The Normans. Malden: Blackwell Pub, 2002.
10. Nicolle, David, The Normans. London: Osprey, 1987.
11. Gravett, Christopher, Hastings 1066, The Fall of Saxon England.
Osprey Campaign Series #13, Osprey Publishing, 1992
12. Hook, Adam, Nicolle, David,
European medieval tactics: The Fall and
Rise of Cavalry 450-1260. Oxford: Osprey, 2011