მსოფლიოს ისტორიაში არის მოვლენები, რომელთა არსებობის შესახებ მკრთალი და არასაიმედო ცნობები გვაქვს, რადგანაც ისინი ლეგენდარულ საბურველშია გახვეული, თუმცა სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ისტორიკოსებსა და მკვლევარებში ღრმა ინტერესს. ასეთი ფაქტის გამოკვლევა ბევრს სურს, ბევრს უნდა, რომ ლეგენდა რეალობად აქციოს, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა, განსაკუთრებით, როდესაც დოკუმენტური და არქეოლოგიური მასალები მცირეა. სად არის რეალობა? სად არის პასუხი კითხვებზე? ძველისძველ ლეგენდებსა და ზღაპრებში? ბარდებისა და პოეტების პოემებში? შესაძლოა მასში სიმართლეც იყოს, მაგრამ სიმართლეს დამტკიცება სჭირდება, ხოლო დამამტკიცებელი მასალა რომ თითქმის არ არსებობს? მაგალითად ავიღოთ ეს თემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ბრძოლა ბადონის მთასთან. ეს ადგილი დაუდგენელია და მეცნიერებმა არც იციან ზუსტად სად მოხდა ეს ლეგენდარული შეტაკება(არსებობს განსხვავებული ვარაუდები), სადაც ძველინგლისური გადმოცემების მიხედვით მეფე არტურმა შეაჩერა ანგლო-საქსების შემოსევა ბრიტანეთის უძველეს მიწაზე. მიუხედავად ამისა, უამრავი სამუშაოს ჩატარების შედეგად მაინც არსებობს მონახაზი, რეკონსტრუქცია, რომელიც მიღებულია ზოგადად ისტორიულ მეცნიერებაში. იმედია ეს თემა კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება და მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ ლეგენდარულ ბრძოლაზე.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან არტურის კვლევა მეტად პოპულარული გახდა ევროპის მეცნიერთა შორის და ამას მოჰყვა 1973 წელს ჯონ მორისის წიგნის – არტურის ხანის – გამოცემა, რომელიც ისტორიკოსებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და თითქოს ამის საპასუხოდ დევიდ დუმვილმა 1990 წელს დაწერა – “არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, რომ არტური რეალურ პიროვნებად ჩავთვალოთ, აუცილებელია მისი მოცილება ჩვენი ისტორიიდან და ჩვენი წიგნების სათაურებიდან”. ბოლო ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი ამ სფეროში იყო ნიკ ჰიგჰემის – არტური: მითი და ისტორია და კრის გიდლოუს – არტურის ზეობა – ისტორიიდან ლეგენდამდე. პირველი მათგანი თითქოს დუმვილის განჩინებას ემორჩილება და მის გავლენას განიცდის, მიუხედავად ამისა ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი ამ თემაზე. მეორე წიგნზე კი განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და ითვლება, რომ ეს არ არის ღრმად მეცნიერული კვლევა და უფრო ისტორიული არტურისკენ იხრება. იგი არ უშვებს შეცდომებს ჯონ მორისისა და სხვების მსგავსად, რომლებიც გვიანდელ(11 საუკუნის და უფრო გვიანი) წყაროებს ეყრდნობიან, უელსელ წმინდანთა ცხოვრებას, პოემებს და სხვა ნაწარმოებებს, რომლებიც V-VI საუკუნის ისტორიას ეხება. გიდლოუ კი კრიტიკულად აანალიზებს ადრეულ ბრიტანულ წყაროებს, განსაკუთრებით გილდასს(De Excidio et Conquestu Britanniae), ნენიუსს(Historia Brittonum), ანონიმური ავტორის Annales Cambriae-ს, Y Gododdin-ს(შოტლანდიური პოემა რომელიც ნეირინს მიწერება). სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გიდლოუ ემხრობა ისტორიული არტურის საკითხს, ისევე როგორც თანამედროვე მკვლევართა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა.
“მეფე არტური შუა საუკუნეების ყველაზე კოლორიტული პიროვნებაა, ლეგენდებში და მითებში გაცოცხლებული გმირი რაინდი, კამელოტის მეფე, მრგვალი მაგიდის რაინდების მეთაური. მის ეპოქას უკავშირდება ლეგენდები რაინდ ლანსელოტზე და გვინევრაზე, ჯადოქარ მერლინზე და წმინდა გრაალზე ”(მაიკლ ეშლი) მეფე არტურის ლეგენდა მუდამ ცოცხლობს და არასოდეს კარგავს პოპულარობას ხალხში. დღესაც მრავალი ისტორიკოსი და მკვლევარი მუშაობს, რათა შეისწავლოს კამელოტის ლეგენდარული მეფის, ურთ პენდრაგონის ძის ისტორია და გაყოს რეალობა მითისგან. “ეს გამარჯვება, და საერთოდ ბრიტების მიერ გაწეული წინააღმდეგობა, რომლის მნიშვნელოვანი კერა სამხრეთ ინგლისის ტერიტორიაზე მდებარეობდა უკავშირდება ნახევრად ლეგენდარულ პიროვნებას, ვინმე არტურს, რომელიც უფრო წინააღმდეგობის ორგანიზატორი და ბრიტების ლაშქრის მეთაური იყო, ვიდრე ბელადი(მეფე). მოგვიანებით, მისი სახელი ურიცხვი ლეგენდით შეიმოსა და იქცა შუა საუკუნეების კულტურისა და ცნობიერების მნიშვნელოვან ელემენტად(ივანე მენთეშაშვილი). მაიკლ ვუდი კი არტურის ლეგენდის ასეთი პოპულარობას ჯეფრი მონმუთელის კალამს მიაწერს: “არტური: ჩვენ ის ჯეფრი მონმუთელისგან ვიცით და ყველა იმ პოეტისგან, ხელოვანისგან და მწერლისგან განსხვავებით, რომელთაც ასევე ასახეს ეს ამბავი, ჯეფრის დაწერილი ამბავი ბევრად უფრო ბრწყინვალე, უფრო შემოქმედებითია და წარმატებულიც, მსგავსად მომავალი ოქსფორდელი მთხრობელებისა – კეროლის, ლუისისა და ტოლკიენისა”. მისი ახლა კი გვერდი ავუაროთ სერ ტომას მელორისა და კრეტიენ დე ტრუას შეთხზულ რაინდულ ლეგენდებს და ბადონის მთასთან ბრძოლისა და მისი მთავარი გმირის შესახებ მეცნიერული ვარიანტები ვნახოთ.
რომის იმპერია სუსტდებოდა და დასასრულისკენ მიექანებოდა. იმპერატორისა და პაპის გადაწყვეტილებით რომის ლეგიონები ტოვებდნენ ტერიტორიებს, რომელთა შენარჩუნება შეუძლებელი გახდა, ასეთი იყო ბრიტანეთი. რათქმაუნდა სხვა დროს რომი არასოდეს დათმობდა დაპყრობილ პროვინციას, მაგრამ ახლა იმპერია საფრთხეში იყო, ყოველი მხრიდან ბარბაროსები ავიწროებდნენ ერთდროს უძლიერეს მსოფლიო სახელმწიფოს. რომი სულს ღაფავდა. ალემანები, გოთები, სკირები, ჰუნები, სვებები, ვანდალები, ლანგობარდები და ფრანკები ყოველი მხრიდან უტევდნენ და ალყაში აქცევდნენ იმპერიის უკანასკნელ დასაყრდენს, იტალიას, ამიტომ რომი იძულებული გახდა დაეტოვებინა შორეული პროვინციები და იქ მყოფი სამხედრო ძალები თავის დასაცავად გამოეყენებინა. “407 წ. იმპერატორმა კონსტანტინე III (Flavius Claudius Constantinus, 407-411 წწ.)უკანასკნელი რომაული შენაერთი გაიყვანა ბრიტანეთიდან და პროვინცია საკუთარი ბედის ანაბარა დარჩა.”
კონსტანტინე III-ს მონეტა
თუმცა ეს ძირითად საბრძოლო ერთეულებს ეხება, ხოლო მცირე შენაერთებს რაც შეეხება, 410 წელს უკანასკნელმა რომაულმა კოჰორტამაც დატოვა ბრიტანეთი. 440 წელს ბრიტანელებმა სცადეს რომის იმპერიისგან დახმარების მიღება და გალიის რომაელ კონსულს – ფლავიუს აეციუსს დაუკავშირდნენ, თუმცა დასავლეთ რომის იმპერიის მძიმე მდგომარეობაში ყოფნის გამო, აეციუსი ვერაფრით მიეშველა ქაოსში მყოფ კუნძულს. მაიკლ ვუდი წერს: “ბრიტანეთის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ანგლო-საქსონურ ენებზე მოსაუბრე ხალხთაგან მისი დაპყრობა, რასაც ინგლისელთა მოსვლა ეწოდება, მაგრამ არსებობს ამის საწინააღმდეგო მოსაზრებებიც და არქეოლოგიური კვლევების მიხედვით თითქოს ეს არა ოკუპაცია-დამორჩილება, არამედ უბრალოდ ასიმილაციის ნელი პროცესი გახლდათ”. ახლა ბრიტანელ ხალხს დამოუკიდებლად უნდა ებრძოლა გერმანიიდან და დანიიდან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად(ანგლები, საქსები, იუტები). ამას გარდა მიმდინარეობდა შიდა უთანხმოება რელიგიურ საკითხებში რომაული ქრისტიანობის მიმდევრებსა და ეპისკოპოს პელაგიუსის "მწვალებლობას" შორის.
ივანო მარესკოტი ეპისკოპოს გერმანუსის როლში
ფილმიდან მეფე არტური(2004)
პელაგიუსმა დიდი გავლენა მოახდინა ბრიტანელი ქრისტიანების ნაწილზე და თავისი მოსაზრებებით და რელიგიის მიმართ შეხედულებებით დაუპირისპირდა რომის ეკლესიას, რომელსაც სათავეში პაპი ედგა. ოსერის რომაელმა ეპისკოპოსმა, გერმანიუსმა (Germanus Autessiodurensis, დაახლ. 378-448) ნაწილობრივ მოახერხა პელაგეიზმის აღკვეთა როგორც რომის იმპერიის სხვა პროვინციებში, ასევე ბრიტანეთში. ამავე პერიოდიდან დაიწყო ბრიტანეთის მიწაზე ანგლო-საქსების შემოსევა. “საქსები გერმანიიდან თავად ბრიტების მეფემ, ვორტიგერნმა მოიწვია პიქტებთან საომრად” , თუმცა 440 წლისათვის ანგლო-საქსები აჯანყდნენ და თითქმის მთლიანად აითვისეს კენტის საგრაფოს მიწები. უნდა აღინიშნოს, რომ ანგლო-საქსები და სხვა ბარბაროსული ტომების რაზმები მანამდეც (ახ.წთ. IV საუკუნიდან) ესხმოდნენ თავს ბრიტანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებს და რომაელებს უწევდათ ე.წ. “საქსონთა სანაპიროების ” გამაგრება ძლიერი ფორტიფიკაციებით. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ რომაელები ამ ციხეების დასაცავად გერმანელ მოქირავნეებს აქტიურად ასახლებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე. ვორტიგერნს მოუწია მათთან დაპირისპირება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. მისი მეფობის პერიოდის შესახებ ცნობებს გვაძლევს ლიონელი პრესვიტერის, კონსტანტინეს წიგნი "გერმანუსის ცხოვრება", რომელშიც ეპისკოპოსი გერმანუსის ბრიტანეთში მოგზაურობა და მე-5 საუკუნის ბრიტანეთის ისტორიული მოვლენებია გაშუქებული.
პელაგიუსი
“როგორც ჩანს, ვორტიგერნი ნამდვილად რეალური პიროვნებაა” – თვითონ ვორტიგერნი ჩანს, რომ ნამდვილი პიროვნება იყო – წერს მაიკლ ვუდი. ამ მეფის სიკვდილის შემდეგ გერმანულ ტომებთან ბრძოლაში ბრიტების მეთაურად ლეგენდარული არტური ჩნდება ან ამბროსიუს აურელიანუსი . ამ პიროვნებათა მოღვაწეობის თარიღები არ არსებობს და მათზე რთულია მსჯელობა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ბრიტებს ჰყავდათ ძლიერი და ჭკვიანი ლიდერი, რომელმაც შეძლო ხალხის ერთ მუშტად შეკვრა და მტრის დამარცხება. ახლა უშუალოდ ბრძოლის ფაქტორებს დავუბრუნდეთ.
ელა საქსონელი
ბადონის მთასთან ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბრიტანელები, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ სამშობლო დაეცვათ დამპყრობლებისგან და ანგლო-საქსები, რომლებიც ბრიტანეთის უძველესი მიწის დასაუფლებლად იბრძოდნენ. ჯარების მეთაურების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ანგლო-საქსების ბელადად მოიაზრება ელა , საქსების ბელადი და სასექსის პირველი მეფე, რომელიც დაახლ. ახ.წ 477 წელს შეიჭრა ბრიტანეთში. ახ.წ 485 წელს მონაწილეობა მიიღო მერკედესბურნთან ბრიტების წინააღმდეგ ბრძოლაში და ახ.წ 491 წელს აიღო ბრიტანული სიმაგრე ანდერიდა. სხვა დოკუმენტებში საქსების მეთაურად ითვლება კერდიკ ვესექსელი, რომელიც 495 წელს გადავიდა ბრიტანეთში თავის ძესთან, კინრიკთან ერთად. კერდიკმა რამდენიმე ბრძოლაში დაამარცხა ბრიტები, და საქსები ბრიტანეთის სამხრეთ მხარეში ჩაასახლა, შემდეგდროინდელი ვესექსის ტერიტორიაზე(ამის შესახებ ცნობები მოიპოვება ანგლო-საქსურ ქრონიკებში - Anglo-Saxon Chronicle).
კინრიკი(ტილ შვეიგერი) და კერდიკი(სტელან სკარსგარდი)
ფილმიდან მეფე არტური(2004)
“ბრიტანელების მეთაურად ზოგიერთი ისტორიკოსი ასახელებს რომაელ ამბროსიუს აურელიანუსს, რომელსაც ბრიტანელი სასულიერო პირი, გილდასი აღწერს, როგორც ბრიტების სარდალს ანგლო-საქსებთან ბრძოლებში. ამბროსიუსს ახსენებს ჯეფრი მონმუთელიც(1100-1155) თავის წიგნში Historia Regum Britanniae-ში და წერს, რომ მან მე-5-ე საუკუნეში ანგლო-საქსები დაამარცხა დიდ ბრძოლაში.” ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ეს ბადონის მთის ბრძოლაა, რადგან მე-5 საუკუნის ბრიტანეთის სხვა გენერალური ბრძოლების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება და არც არქეოლოგიური მასალა ადასტურებს აქ მსხვილმასშტაბიანი შეტაკებების არსებობას ანგლო-საქსების შემოსევის პერიოდში. ამბროსიუს აურელიანუსი გილდასის მიხედვით რომაელი წარჩინებული იყო, რომელიც რომაული ლეგიონების ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ ნისლიან ალბიონზე დარჩა და მალე სათავეში ჩაუდგა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას. აურელიანუსი მოიხსენიება ბრიტი ისტორიკოსის, ნენიუსის Historia brittonum-ში და უკავშირდება ბრიტანეთის ერთ-ერთი ნაწილის ტირან ხელმწიფეს, ვორტიგერნს. ნენიუსთან ამბროსიუსი მოხსენიებულია, როგორც წარმოშობით რომაელი და რომაელთა მეთაური, რომელიც ეხმარებოდა ვორტიგერნს საქსებთან ბრძოლაში და მისი სიკვდილის შემდეგ მეთაურობდა ბრიტებს.
ჯეფრი მონმუთელი
ასევე არის ვერსია (უფრო ლეგენდარული), რომ ამბროსიუს აურელიანუსი მეფე არტურის მამის, ურთ პედრაგონის ძმა იყო და მისი სიკვდილის შემდეგ მერლინის დახმარებით მართავდა ბრიტებს. თუმცა არც ამბროსიუს აურელიანუსია დამტკიცებული ბადონის მთის ბრძოლაში ბრიტების მთავარსარდლად და ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც თითქოს ახლოსაა სიმართლესთან. ასევე არსებობდა ვერსია ლუციუს არტორიუს კასტუსთან დაკავშირებით, თუმცა ეს პიროვნება II საუკუნეში მოღვაწეობდა და არანაირი კავშირი არ ექნებოდა V საუკუნეში მომხდარ ბადონის მთის ბრძოლასთან. ასევე განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც არტური შეიძლება ყოფილიყო დალ-რიადას პრინცი არტუირ მაკ აედანი, თუმცა იგი ახ. წ. 560-620 წლებში მოღვაწეობდა და მეფე არ ყოფილა. არსებობს ვარაუდი რიოთამუსზე, ბრიტანეთის სამხედრო ლიდერზე V საუკუნეში (დაახლ. 470 წ.), არმელზე (540-600), ართფოდუ სერედიგიონელზე(550-620), არტუირ აპ ბიცორზე(550-620), ათრუის აპ მეურიგზე (610-680), არტუირ აპ პედრზე (550-620). სახელი არტურის წარმოშობაზე კი არსებობს ორი ძირითად ვარაუდი: არტური წარმოიშვა ირლანდიური სიტყვა დათვისგან (არტ), ხოლო მეორე ვერსიით რომაული გვარისგან "არტორიუს". საბოლოოდ ბადონის მთასთან ბრძოლაში ბრიტანელთა მეთაურად ტრადიციულად ლეგენდარული მეფე არტური მოიხსენიება. “ამის შესახებ არსებობს ცნობები Annales Cambriae ში და Historia Brittonum ში, რომლის ავტორია ნენიუსი, IX საუკუნის უელსელი ბერი.”
ლიდინგტონი
ბადონის მთის ბრძოლის ადგილი მეცნიერებისთვის უცნობია და ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ივარაუდება როგორც ინგლისის ასევე უელსის მიდამოები: ლიდინგტონის ციხე-სიმაგრე (Liddington Castle) სოფელ ბედბერისთან, ბედბერის სიმაგრე (Badbury Hillfort), სოლსბერის მთა (ძველრომაული სიმაგრის მახლობლად, სადაც ასევე რომაული აბანოები იყო, ამ ადგილს აბანო ეწოდება ანუ Bath მაგრამ Badon შეიძლება ამის კელტური შესატყვისი იყოს), ბაქსტონი (Buxton - ასევე ახლოს რომაულ აბანოებთან), ბარდონის მთა (Bardon Hill), ბოუდენის მთა (Bowden Hill - ლინლისგოუში -Linlithgow), ბასჰემფტონის დაბლობი (Bathampton Down).
Annales Cambriae-ში ნახსენებია ბადონის მეორე ბრძოლა (bellum Badonis), რომელიც ახ.წთ. 665 წელს მოხდა ორ ანგლო-საქსურ სამეფოს შორის. ბრძოლის თარიღი დაუდგენელია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია ამის შესახებ. გილდასი წერს: "ბადონის მთის ალყა . .რომელიც მოხდა 44 წლისა და ერთი თვის წინ და რომელიც არის ჩემი დაბადების დღის წელი".
ისტორიკოსთა ვარაუდით გილდასმა ეს ტექსტი ახ.წთ. 547 წელს დაწერა. გილდასის მიხედვით ბადონის მთის ბრძოლის თარიღი ახ.წთ. 503 წელი გამოდის. ბედა "პატივდებული” წერს, რომ ბადონის ბრძოლა ანგლო-საქსების ინგლისში პირველი შემოჭრიდან (ახ.წთ. 449 წ.) 44 წლის შემდეგ მოხდა. ამის მიხედვით ბადონის ბრძოლის თარიღად შეიძლება მიიჩნეს ახ.წთ. 493 წელი, თუმცა საქსების შემოსვლის სხვა თარიღიც არსებობს - ახ.წთ. 447 წელი, რომელსაც თუ 44 წელიწადს დავუმატებთ ახ.წთ. 491 წელს მივიღებთ ბრძოლის თარიღად. დოქტორი მაკარტი და დოქტორი კროინინი ბრძოლის თარიღად ახ.წთ. 482 წელს ასახელებენ, რადგან მათ გილდასისა და ბედას მოცემული რიცხვები გამოიყენეს და ძველი კელტური "სააღდგომო" ციკლის მიხედვით გამოთვალეს, რის შედეგადაც მათი ვერსიით ბადონის ბრძოლის თარიღად ახ.წთ. 482 წელი დასახელდა. Annales Cambriae-ს მიხედვით ბადონის ბრძოლის თარიღი ახ.წთ. 516/517 წელია. ამ ვერსიას ბევრი მკვლევარი ეთანხმება, მათ შორის ჯეფრი აში, თუმცა ის თვლის, რომ ბადონის ბრძოლა ბრიტანელთა გამარჯვებათა ჯაჭვის ერთი უბრალო რგოლი იყო და არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ჯეფრი აშის მიხედვით გილდასი თავის წიგნში უბრალოდ ამბროსიუს აურელიანუსის ადრეულ გამარჯვებებზე საუბრობს, ხოლო ბადონის ბრძოლა გაცილებით გვიან მოხდა (ჯეფრი აშის მიხედვით გილდასი ახ.წთ. 473 წ. დაიბადა). არსებობს კიდევ ერთი ვერსია ბადონის ბრძოლის დათარიღებისა, ესაა ახ.წთ. 498 წელი, რომელიც მკვლევარებმა ბრიტანელ "წმინდანთა ცხოვრების" მიხედვით გამოითვალეს, თუმცა ამ ვერსიას უფრო იშვიათად განიხილავენ.
ანგლო-საქსი მეფე და მისი მცველები
გადავიდეთ მებრძოლ მხარეთა სამხედრო ძალებზე და სავარაუდო რიცხოვნობაზე. “ანგლო-საქსები ჯარს ორი ტიპის მეომრებით აკომპლექტებდნენ: მოხალისეებით (სახალხო ლაშქარი) და პროფესიონალი ჯარისკაცებით. სახალხო ჯარი მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში იკრიბებოდა. ესენი იყვნენ მამაცი, თუმცა შედარებით გამოუცდელი და არცთუ კარგად შეიარაღებული მეომრები. პროფესიონალი ჯარისკაცები კი მთელ ცხოვრებას ომებში ატარებდნენ, რადგან ეს იყო მათი საქმე და ამით ირჩენდნენ თავს. ისინი შესანიშნავად იყვნენ შეიარაღებულები, გააჩნდათ დიდი გამოცდილება და საბრძოლო წვრთნაც. მათგან იკრიბებოდა ბელადის ან მეფის გვარდიაც. გვარდიას ეწოდებოდა Hearthweru რაც ნიშნავს "კერიის მცველებს". თუ ძველსაქსონური ისტორიული წყაროებით ვიმსჯელებთ(მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ მწირია) ბელადის (მეფის) გვარდია საველე ჯარის მთავარ ნაწილს შეადგენდა. ჩვენამდე მოღწეული ისეთი საქსონური პოემა, როგორიცაა "ბრძოლა ფინსბურგთან"(ახ.წთ. V ს.), აღწერს, რომ ერთი ასეთი არმია სულ 60 მეომარს შეადგენდა.
Ceorl
ანგლო-საქსთა რაზმები, რომლებმაც ბრიტანეთს მოაღწიეს, ასევე მცირერიცხოვანნი იყვნენ და გერმანიიდან ბრიტანეთამდე სამოგზაუროდ მათ სულ 3-5 ხომალდი სჭირდებოდათ. ამის მიხედვით გამოდის, რომ მთელ საქსონურ არმიაში გვარდია სულ რამდენიმე ასეული მეომრისგან იქნებოდა შემდგარი. ესენი კონკრეტულად რომელიმე ანგლო-საქსი ბელადის პირადი დანაყოფები იყვნენ, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ბრიტანეთში მომავალ ანგლო-საქსურ დინასტიებს. ვესექსის მეფის, ინეს კოდექსის მიხედვით არმიად ჩაითვლებოდა რაზმი, რომელშიც 35-ზე მეტი მეომარი იქნებოდა. ამის მიხედვით გამოდის, რომ ადრეული ანგლო-საქსონური ჯარები მცირერიცხოვანი იყო და შედგებოდა მეთაურთა პირადი გვარდიებისგან. ზოგიერთი მეომარი განსაკუთრებით კარგად იყო შეიარაღებული, მომზადებული, გამოცდილი და საბრძოლო მოტივაციაც დიდი ჰქონდა, ასეთ მეომრებს Ceorls ეწოდებოდა, დანარჩენ ჯარისკაცებს კი Gesiths, ანუ უბრალოდ ბელადის (მეფის) მომხრე. სწორედ მათ შეადგინეს თენების (იგივე ტანები, დიდებულები, აზნაურები) სოციალური ფენა ბრიტანეთის ანგლო-საქსური სამეფოების მოსახლეობაში.
სახალხო ჯარს ანგლო-საქსურ არმიაში Fyrd ეწოდებოდა და უბრალო ხალხისგან შედგებოდა. მათ აყალიბებდნენ ძველგერმანული ტრადიციის მიხედვით, რაც გულისხმობდა ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცის მონაწილეობას ომში. ანგლო-საქსური სამეფოების დაარსების შემდეგ ხშირად ხდებოდა საჭირო სახალხო ლაშქრის შეკრება ბრიტებისაგან თავის დასაცავად. “მე-7 საუკუნის ისტორიული წყაროების მიხედვით, ანგლო-საქსონურ სამეფოებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევდნენ 15-დან 60 წლამდე მამაკაცებს, რომელთაც ბრძოლა შეეძლოთ. ასეთ ჯარს მხოლოდ თავდასაცავად და განსაკუთრებული საჭიროების დროს კრებდნენ, რადგან Fyrd-ს საბრძოლო შეფასება დაბალი იყო და სამხედრო მოქმედებაში მათზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა.” თანდათანობით ბევრი ანგლო-საქსი გაურბოდა სამხედრო სამსახურს, რადგან ბრიტანულ სამეფოებში მიწათმოქმედება და მესაქონლეობა განვითარდა და ხალხი მკვიდრ ცხოვრებას მიეჩვია. ვინც სამხედრო სამსახურს თავს აარიდებდა, სამაგიეროდ უნდა ეზრუნა იმათ შეიარაღებასა და სურსათ-სანოვაგეზე, ვინც ჯარში მიდიოდა, ამიტომ სახალხო ლაშქარი მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად შემცირდა, სამაგიეროდ შეივსო კარგად აღჭურვილი და მომარაგებული ჯარისკაცებით. ბრიტანეთში მოლაშქრე ანგლო-საქსები ბრძოლაში არ იყენებდნენ ცხენებს და ქვეითად იბრძოდნენ, ხოლო ცხენებს მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. “ბრიტები კარგი ცხენოსნები იყვნენ და ძლიერი კავალერია ჰყავდათ, ამიტომ საქსონური სამეფოების დაარსების შემდეგ, ანგლო-საქსი მეფეებმა ჩამოაყალიბეს ცხენოსანი გვარდიის დანაყოფი Horswealas, რომელიც მთლიანად ბრიტებისაგან შედგებოდა.”
Horswealas
ანგლო-საქსურ არმიებში მშვილდოსნები მცირე რაოდენობით იყვნენ, რადგან ეს გერმანული ტომები ხელჩართულ ბრძოლას ამჯობინებდნენ და მშვილდ-ისარს მხოლოდ სანადირო იარაღად თვლიდნენ. ანგლო-საქსები იყენებდნენ ჩრდილო-დასავლური ტიპის დიდ მშვილდებს, რომელიც სიგრძით 6 ფუტამდე იყო. რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ტაციტუსი გერმანელი ბარბაროსების შეიარაღებას პრიმიტიულს უწოდებს და წერს, რომ ისინი მოკლე შუბებით იბრძოდნენ, რომელსაც სატყორცნადაც იყენებდნენ და საჩხვლეტადაც, თავდასაცავად კი ფარს ხმარობდნენ. ბარბაროსთა ხის ფარი უმთავრესად წრიული ფორმის იყო და პატრონის გემოვნების მიხედვით იყო შეღებილი. ზოგიერთ ბარბაროსს აბჯარი და მუზარადიც ჰქონდა. ხმალი ყველა რიგით მეომარს არ გააჩნდა და ეს იარაღი ჯარისკაცის სტატუსის განმსაზღვრელი ფაქტორი იყო. “საქსი მეომრები ატარებდნენ მოგრძო ხანჯლებს "საქსს", რომელსაც როგორც ხმალს ისე ხმარობდნენ. ჯაჭვის პერანგები და აბჯრები ანგლო-საქსებში ფართოდ არ გამოიყენებოდა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტორი, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთგან, სატონ ჰუშია(Sutton Hoo) აღმოჩენილი საქსონური ჯაჭვის პერანგი.“(გამიმართლა რომ მეც ვიხილე ეს საოცარი ადგილი. სატონ ჰუმ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ალბათ ყველა ისტორიკოსზეც ვისაც კი ოდესმე უნახავს).
სატონ ჰუს ყორღანებში აღმოჩენილი შესანიშნავი
ანგლო-საქსური მუზარადი
“რომაელების მმართველობის უკანასკნელ პერიოდში ბრიტანეთი ოთხ პროვინციად იყო დაყოფილი. მოკავშირე ბრიტანელი ტომების ტერიტორია კი ბუფერულ ზონას ქმნიდა ადრიანეს კედელსა და პიქტებს შორის, რომლებიც ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. ბრიტანეთის პროვინციების დაცვა სამ მაგისტრატს ევალებოდა: ბრიტანეთის დუქსს(dux-ბელადი), რომელიც ჩრდილო ბრიტანეთის საზღვრებს იცავდა და შტაბი იორკში ჰქონდა, საქსონთა სანაპიროების გრაფს, რომელიც იცავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და ბრიტანეთის კომესს, რომელიც ხელმძღვანელობდა მობილურ შიდა ჯარების დანაყოფებს. ”. IV საუკუნის ბოლოს და V საუკუნის დასაწყისში ადრიანეს კედელმა ნელ-ნელა დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა და მისი ცალკეული ნაწილებიღა შემორჩა ციხე-სიმაგრეებად, რომელშიც რომაელთა მოკავშირე ჯარების ქვედანაყოფების მეომრები ჩასახლდნენ. რომაელთა მოკავშირე ნაწილს შეადგენდა განთქმული სარმატული და ალანური კავალერია.
ბრიტანეთის რომაული გარნიზონების მეომრები, IV ს. II ნახევარი
ამ დანაყოფის მებრძოლთა ნაწილი ბრიტანეთში დარჩა რომაელთა წასვლის შემდეგ. ასევე არაბი, სირიელი, პართიელი და აფრიკელი მშვილდოსნები. რომაელები მშვილდოსნები იყენებდნენ მანუბალისტებს და არკიბალისტებსაც (არბალეტი). ბრიტანეთის მიწაზე დარჩა ლეგიონერთა რამდენიმე დანაყოფიც. იმ პერიოდში რომაული ქვეითი ჯარი უკვე აღარ გავდა ტრაიანესა და მარკუს ავრელიუსის ლეგიონებს. შეიარაღება შეიცვალა, ასევე ტაქტიკაც. ჯარში ახლა რომაელები მცირე რაოდენობით მსახურობდნენ და ლეგიონის რიგებს ავსებდნენ ბარბაროსი ჯარისკაცები და პროვინციელი მეომრები. ლეგიონერის შეიარაღებაში შედიოდა დიდი ოვალური ფარი, სატყორცნი მოკლე შუბები და მახვილი. დამცავ აღჭურვილობას კი უმთავრესად ჯაჭვის პერანგი შეადგენდა, ფირფიტოვანი რკინის აბჯარი კი უკვე იშვიათად გამოიყენებოდა. ბრიტანეთში მსახურობდა ე.წ Secunda Britannica - ლეგიონი, რომელიც 1000 მეომრისგან შედგებოდა (უმთავრესად გერმანელებისგან), ასევე Vexillatio Comitatensis - 300 მხედრისგან შემდგარი კავალერიული შენაერთი. ამ დანაყოფების ჯარისკაცთა დიდი ნაწილიც სავარაუდოდ ბრიტანეთის მიწაზე დარჩა რომაელების წასვლის შემდეგ. 410 წელს რომის იმპერატორმა ბრიტებს უბრძანა დაყრდნობოდნენ თავიანთ ძალებს საკუთარი ქალაქების დაცვისას.
გვიანდელი პერიოდის იმპერიის რომაელი მხედარი(IV-V ს.)
რომაელი ჯარისკაცების ნაწილი დარჩა ამ ქალაქებში და ისინი ახლა იმ მეთაურებს ემსახურებოდნენ, ვინც ბრიტანეთს დაეუფლნენ მას შემდეგ, რაც ეს პროვინცია რომმა დათმო. რომაულ ფორტებში მდგარი სამხედრო ნაწილები შეერივნენ ადგილობრივ კელტურ-ბრიტულ მოსახლეობას და ბრიტანელებად ჩამოყალიბდნენ. ძველრომაულ ციხე-სიმაგრეებს, ადრიანესა და ანტონინუსის კედელს ძველი მნიშვნელობა არ დაუკარგავთ და კვლავ მტრის წინააღმდეგ თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებად რჩებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კელტებმაც დაიწყეს მაღლობებზე თავიანთი სიმაგრეების აგება, რომელიც უმთავრესად მიწაყრილებით და ხის ღობით იყო შემოსაზღვრული. 446 წელს ვორტიგერნს აუჯანყდნენ დაქირავებული ანგლო-საქსები, რომლებმაც ვერ მიიღეს დროულად გასამრჯელო. ბრიტი მეფის რომაულ-ბრიტანულმა ჯარმა უკან დაიხია და რომაულ სიმაგრეებში და მიუვალ ადგილებში გამაგრდა. სწორედ ამ დროს ჩნდება ლეგენდარული ამბროსიუს აურელიანუსის პიროვნება, რომლის დაწყებულ საქმესაც მასზე მეტად იდუმალი და მითიური, მეფე არტური აგრძელებს. იმას, რომ ბრიტი მეფეების ჯარში რომაული იარაღით აღჭურვილი მეომრები მსახურობდნენ, ამტკიცებს V-VII საუკუნეების არქეოლოგიური მასალა, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ რომაულ გლადიუსსა და სპატას (ხმლის ტიპები) V-VII საუკუნეებშიც აქტიურად იყენებდნენ ბრიტი მეომრები. ბრიტ მეფეებს რეგულარული ჯარი ჰყავდათ გამოყოფილი ადრიანესა და ანტონინუსის კედლის დასაცავად.
ადრიანეს კედლის ნარჩენები
ჯარის დიდ ნაწილს აქ შეადგენდა რომაელთა საველე არმიების რაზმები, რომელთა შორის ბევრი რომანიზებული გერმანელი მსახურობდა. ვორტიგერნის ძალაუფლება ბრიტებს შორის მტკიცე იყო, რაზეც მისი სახელიც მიუთითებს "ვორტიგერნი" ითარგმნება როგორც "დიდი მეფე". ლეგენდარული არტური უფრო სამხედრო ლიდერად გვევლინება ვიდრე სამოქალაქო. დოკუმენტების უმეტესობაში ის მოხსენიებულია არა მეფის არამედ Dux Bellorum-ს ტიტულით, რაც “სამხედრო მეთაურს, "ბრძოლების ბელადს" ნიშნავს. ასევე სავარაუდებელია, რომ Dux-ში იგულისხმებოდეს Dux Britanniarum - რომაული ტიტული, რაც ბრიტანეთის მთავარს, ბელადს ნიშნავს და უფრო სამხედრო მნიშვნელობას ატარებს. ამ ტიტულს ახლოს მივყავართ არტურის რომაულ ფესვებთან, რადგან Dux Britanniarum თანამდებობაზე რომის იმპერიის დანიშნული სარდლები მსახურობდნენ.”
პიქტები
საინტერესოა, რომ ბრიტანელი ისტორიკოსები ემხრობიან ვერსიას, რომლის მიხედვითაც პიქტები იბერებისგან წარმოიშვნენ. პიქტები მამაცი და მოხერხებული მეომრები იყვნენ, იბრძოდნენ პარტიზანული ომის ტაქტიკით, ამიტომ რომაელებიც კი მათ წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. მათი თავდასხმების მოსაგერიებლად იმპერატორმა ადრიანემ ახ.წთ. II საუკუნეში გრძელი კედელი ააშენა, რითაც გზა გადაუღობა შოტლანდიელთა წინაპრებს, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ სამხრეთ ბრიტანეთში გადანაცვლებას და ხშირად აწუხებდნენ მოწინააღმდეგეს შეტევებით. ახ.წთ. VI საუკუნისთვის პიქტები გაქრისტიანდნენ, რის შემდეგაც მათმა აგრესიულობამ და სისასტიკემ იკლო, ხოლო მალე ამ ჩრდილოელმა ბრიტანელებმა დამოუკიდებელი სამეფოც კი შექმნეს, რომელიც წარმატებით იგერიებდა ანგლო-საქსთა შეტევებს.
ბადონის ბრძოლის შესახებ წერენ სხვადასხვა ისტორიკოსები: ნენიუსი, გილდასი, ჯეფრი მონმუთელი.
Bellum badonis in quo arthur portavit crucem
domini nostri jesu christi tribus diebus & tribus noctibus in humeros suos &
brittones victores fuerunt - “ბადონის ბრძოლა, რომელშიც არტური უფლისა ჩვენისა ჯვრით სამი დღე-ღამის განმავლობაში იდგა და ბრიტებმა გაიმარჯვეს”. "მეთორმეტე ბრძოლა იყო ბადონის მთისა, სადაც 960 მეომარი დაეცა არტურის ერთ შეტევაზე, თავად მას არაფერი დაკლებია და ჩვეულებრივ გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან" – წერია Annales Cambriae-ში.
ბრძოლის მიმდინარეობისა და წარმართვის შესახებ სამწუხაროდ არაფერია ცნობილი. დანაკარგების შესახებ გილდასი წერს, თუმცა ის მხოლოდ არტურის ერთ შეტევაზე დახოცილ საქსონებს გულისხმობს ანუ 960 კაცს. ამ 960 მეომარში უმრავლესობა (შეიძლება ითქვას ყველა) ქვეითი იქნებოდა, რადგან ინგლისში ახალჩასული ანგლო-საქსები ცხენოსნებს არ იყენებდნენ, ბრიტები კი კარგ ცხენოსნებად ითვლებოდნენ და შესაძლოა ამ ფაქტორს დიდი როლი ეთამაშა ბადონის მთასთან გამართულ ბრძოლაში.
შეიძლება ითქვას, რომ ბადონის მთის ბრძოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ანგლო-საქსებმა მეექვსე საუკუნის მეორე ნახევრამდე ვერ შესძლეს ფეხი მოეკიდებინათ ბრიტანეთში. ბრიტი ხალხის გმირულმა წინააღმდეგობამ გერმანული ტალღა, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა ნისლიან ალბიონს, დროებით შეაჩერა, თუმცა არა საბოლოოდ. მეფე არტურის ლეგენდა სწორედ აქ იღებს სათავეს, ბადონის მთასთან, სადაც მან თავისი ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროა, რომ ბადონის მთის ბრძოლაზე ცნობები მწირია და არქეოლოგიურ-დოკუმენტური მასალები მცირეა, მაგრამ მიუხედავად ამისა ინტერესი უფრო და უფრო ძლიერდება, რომ საბოლოოდ გაირკვეს ისტორიული რეალობა და მითის ბურუსი გაიფანტოს.
ბიბლიოგრაფია
1. Ashlay, Mike, The mammoth book of king Arthur. New York: Carroll & Graf,
2005.
2. Castleden, Rodney, King
Arthur, The truth behind the Legend. London ; New York: Routledge, 2000.
3.Ashe, Geoffrey, Nathan Comfort Starr Collection of
Arthuriana, From Caesar to Arthur.
London: Collins, 1960.
4. Foster, Sally M, Picts, Gaels, and Scots : early historic Scotland. London: B.T.
Batsford/Historic Scotland, 1996.
5. Higham, N.J, King
Arthur, Myth-making and history. London ; New York: Routledge, 2002.
6. Konstam, Angus, Peter Dennis, Strongholds of the Picts, The fortifications
of dark age Scotland. Oxford; Long Island City, NY: Osprey, 2010.
7. Morgan, Giles, The Holy Grail. Harpenden: Pocket Essentials, 2005.
8. Lupack, Alan, The History of the Britons (Historia Brittonum). UK, University OF
Rochester,The Camelot Project. Retrieved March 28, 2011.
9. Lupack, Alan, New directions in Arthurian studies. Cambridge [England] ;
Rochester, N.Y. : D.S. Brewer, 2002.
10. Gildas; J A Giles; Nennius, The works of Gildas and Nennius.
London: James Bohn, 1841.
11. Castleden, Rodney, King Arthur, The truth behind the Legend. London ; New York: Routledge, 2000.
12. Wood, Michael, In
Search of Myths and Heroes. London: BBC Books, 2005.
13. Thomas Malory, Sir, Le morte d'Arthur. London: J.M. Dent ;
New York : E.P. Dutton, 1906.
14. Holmes, Urban Tigner, Chrétien de Troyes. New York: Twayne
Publishers, 1970.
15. Gibbon, Edward, The decline and fall of the Roman Empire. Chicago: Encyclopædia
Britannica, 1952.
16. Ferguson, John, Pelagius. Cambridge: W. Heffer, 1956.
17. Herbert, A, Britannia after the Romans. London: H.G. Bohn, 1836-41.
18. Henry of Huntingdon, Historia
Anglorum: the history of the English people. Oxford: Clarendon Press/Oxford
University Press, 1996.
19. Peter Hunter Blair, An Introduction to Anglo-Saxon England.
London [u.a.]: Cambridge Univ. Press, 1960.
20. David Dumville; Simon Keynes; Michael
Lapidge, The Anglo-Saxon chronicle : a
collaborative edition. Woodbridge : Boydell & Brewer,
1985.
21. O'Sullivan, Thomas D, The De Excidio of Gildas: its authenticity
and date. Leiden: E.J. Brill, 1978.
22. Ashe, Geoffrey, Nathan Comfort Starr Collection of
Arthuriana, From Caesar to Arthur.
London: Collins, 1960.
23. Shane Scott, The
hidden places of Somerset: including Exmoor and the Mendips. Aldermaston:
Travel, 1997.
24. Bede, the Venerable Saint; Bertram
Colgrave; R A B Mynors, Bede's
ecclesiastical history of the English people. Oxford: Clarendon P.,1969.
25. McCarthy, Daniel; Dáibhí Ó
Cróinín, The ‘lost’ Irish 84-year
Easter table rediscovered. Brepols Publishers NV Journals, 1987-1988.
26. Gibbs, Ray, Ine the first king of Wessex. Felinfach : Llanerch Publishers,
2000.
27. Wise, Terence; G A Embleton, Saxon, Viking and Norman. London: Osprey
Pub., 1979.
28. David John Breeze; Brian Dobson, Hadrian's wall. London: Allen Lane,
1976.
29. Gildas; J A Giles; Nennius, The works of Gildas and Nennius.
London: James Bohn, 1841.
30. Aneirin.; A O H Jarman, Y
Gododdin: Britain's oldest heroic poem. Llandysul : Gomer, 1988).
31. Giles, J A;
Geoffrey, of Monmouth Bishop of St. Asaph; Nennius; Fabius Ethelwerd; Asser,
Bp. of Sherborne; Gildas; Six Old English
chronicles, of which two are now translated from the monkish Latin originals. London: G.
Bell, 1878.
32. Williams, John, Annales
Cambriae. London: Longman, Green, Longman, and Roberts, 1860.
33. Konstam Angus; Peter Dennis, British forts in the age of Arthur. Oxford ; New York : Osprey,
2008.
35. Hughes, Ian, Aetius:
Attila's nemesis. Barnsley : Pen & Sword Military, 2012.
36. Johnson, Stephen, The
Roman forts of the Saxon Shore. London : Elek, 1976.
37. Новый Солдат N 162. Корол Артур и Англо-Саксонские войны. Артемовск: военно-исторический
клуб "Ветеран", 2002.
38. Солдат на фронте Н 28. Римская империя в кольце врагов, 293-696.
Артемовск: военно-исторический клуб
"Ветеран", 2005.
39. Новый солдат Н 44. Пикты, 297-841. Артемовск: военно-исторический клуб
"Ветеран", 2002.