ნიკა ხოფერია - ვახტანგ გორგასლის ეპოქის სამხედრო ისტორიის საკითხები (ნაწილი I)


ნაშრომი დაიბეჭდა „საისტორიო კრებულის" III ტომში (თბილისი, 2013)
ვახტანგ გორგასალი გვიანანტიკური ხანის იბერიის უკანასკნელი ძლიერი მონარქია. როგორც აკად. მარიამ ლორთქიფანიძე აღნიშნავს: „V ს. მეორე ნახევრის ქართლის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს დიდი სახელმწიფო მოღვაწე მეფე ვახტანგ I. ამ პერიოდის ქართლის ისტორიის ძირითადი მოვლენები ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული და ამდენად ამ ეპოქას შეიძლება ეწოდოს ვახტანგ გორგასლის ეპოქა".(1)
ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი ნაშრომი მიეძღვნა ვახტანგის მოღვაწეობის სხვადასხვა მხარეს.(2) ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვახტანგ გორგასალის ეპოქის სამხედრო ასპექტები, რომლებიც შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი. ვახტანგის მეფობის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების შესასწავლად რამდენიმე წყარო შეგვიძლია გამოვიყენოთ.


 პირველ ყოვლისა, ესაა „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა", რომლის ავტორად, „ქართლის ცხოვრების" ცნობილი მინაწერის მიხედვით, მიჩნეულია ჯუანშერი. ჩვენი მატიანეს უძველეს ნუსხებში არის ასეთი მითითება: „ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი-ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისამან".(3) ეს არჩილი ქართლის ერისმთავარია, რომელიც VIII ს-ის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და ამდენად, აღნიშნული მინაწერის ჯუანშერს, რომელიც რეალური პიროვნება ჩანს და, მართლაც, იხსენიება „არჩილის ცხოვრებაში", VIII ს-ში უნდა დაეწერა ეს თხზულება,(4) მაგრამ „ვახტანგ გორგასლის ცხოვრების" ტექსტი ზოგიერთ ისეთ რეალიებს შეიცავს, რომლებიც მის გვიანდელობაზეც მიუთითებს.(5) ამის გამო, ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვით „ვახტანგ გორგასლის ცხოვრების" ავტორი XI ს-ის პირველი ნახევრის გასულისა და მეორე ნახევრის დამდეგის მოღვაწე უნდა იყოს.(6)
კახა კაციტაძე ჯუანშერს VII-VIII საუკუნეების მოღვაწედ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში ის ვერ დაწერდა მძიმე, კატაფრაქტული ტიპის კავალერიის არსებობის შესახებ ქართლში, რადგან XI საუკუნეში ასეთი მხედრობის შესახებ აღარავის ახსოვდა, რაინდული კავალერია ევროპაში მხოლოდ იბადებოდა და ქართველ ავტორს ასეთი კატაფრაქტების შესახებ არაფერი ეცოდინებოდა.(7) ეს არგუმენტი ნამდვილად ვერ გამოდგება ჯუანშერის მოღვაწეობის ხანის დასადგენად, რადგან კატაფრაქტების ტიპის ცხენოსანი ჯარი ბიზანტიაში ჯერაც არ იყო გამქრალი და წარმოადგენდა ბიზანტიურ ელიტურ მხედრობას შემდგომ საუკუნეებშიც. საქართველოში ასეთი ცხენოსანი ჯარის არსებობას XI საუკუნეში მოწმობს გიორგი I-ს მიერ თოროსანი კავალერიის გამოყენება ბიზანტიის იმპერატორ ბასილი ბულგართმმუსვრელის წინააღმდეგ ომში. „XI საუკუნის ბიზანტიელი ავტორი მიხეილ ატალიატე მოგვითხრობს, რომ ბიზანტიელებთან 1021-1022 წლების ომში ქართველთა „სიმამაცეს არა მხოლოდ სიმრავლე განაპირობებდა, არამედ ისიც რომ უმძლავრესი აბჯრით იყვნენ დაცული და არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ შეჯავშნულ და მოუწყვლად ცხენებსაც ყოველი მხრიდან [აბჯრით] ფარავდნენ"(8). VIII საუკუნიდან, როდესაც უზანგი ფართოდ შემოვიდა ხმარებაში და აღჭურვილობა კიდევ უფრო დამძიმდა,(9) კატაფრაქტების გაქრობა ნამდვილად არ არის მოსალოდნელი და ეს ტენდენცია უფრო მათ სასარგებლოდ მეტყველებს.










ბასილი II თავისი მხედრებით მისდევს გიორგი I-ს. იოანე სკილიცეს საისტორიო თხზულების ხელნაწერი, რომელიც XII საუკუნეში გადაიწერა სიცილიაზე (მოძიებულია ნაშრომის ავტორის მიერ მადრიდის არქივში).

უზანგის გარეშე გრძელი შუბებით მებრძოლი კატაფრაქტები მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ, უზანგების დახმარებით კი მათი საქმე უფრო გაადვილდებოდა და შუბის ხმარებაც უფრო მოსახერხებელი გახდებოდა.
ზოგადად, ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრება ძირითად წყაროდ ითვლება ვახტანგ გორგასლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ადგილები ზღაპრული და მეტისმეტად ლეგენდარული შინაარისაა.(10) ნოდარ ლომოური აღნიშნავს: „სამწუხაროდ, ჯუანშერის მონათხრობის უდიდესი ნაწილი არ იძლევა საფუძველს მისდამი ნდობისა. ჩვენ მოგვიხდა ამ წყაროს რამდენჯერმე გაანალიზება და სხვა სპეციალისტთა მიერ ამ თხზულების სანდოობის მტკიცების გაბათილება".(11)
X-XI საუკუნის ბიზანტიელი კატაფრაქტი

მართლაც, ჯუანშერთან აღწერილი ფაქტების უმეტესი ნაწილი არასანდოა – პირველ რიგში ეს ეხება ირან-ბიზანტიის ომს, რომელიც ჯუანშერს თუ დავესესხებით, მძაფრად მიმდინარეობდა V საუკუნეში, ბიზანტიას კი აქტიური აღმოსავლური პოლიტიკა ჰქონდა. V საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში მეტად რთული სიტუაციაა. იმპერატორ ზენონის დროს (474-91) იყო გაუთავებელი შიდა კონფლიქტები იმპერიის სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ დაჯგუფებათა შორის, რამაც არაერთხელ გამოიწვია აჯანყებები და სახელმწიფო გადატრიალების ცდები. ასეთ ვითარებაში ბიზანტიის იმპერიას არ შეეძლო აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინა აღმოსავლეთის საზღვრებზე. პირიქით, მისთვის ხელსაყრელი იყო და აუცილებელიც ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება.(12) ამას გარდა, 460 წლისთვის ირანის აქტიურობის ზონად კავკასიაში რჩება ალბანეთი, რომელიც აჯანყებულია, მაგრამ არა ქართლი,(13) ჯუანშერთან კი შაჰი პეროზი ამ დროს დიდი ლაშქრით შემოდის ქართლში და ვახტანგ გორგასალთან სისხლისმღვრელ და ხანგრძლივ ბრძოლებს აჩაღებს.
ლაზარ ფარპეცის ძეგლი (ბაზმაგბური, სომხეთი)

ამ და სხვა ბევრი ფაქტის არასანდოობის გამო, ჯუანშერის მატიანეს ვერ ჩავთვლით სანდო წყაროდ. მისი გამოყენება მხოლოდ კრიტიკული გააზრების შემდეგაა შესაძლებელი. ვახტანგის შესახებ ცნობები შემონახული აქვს მის თანამედროვე, V ს-ის მეორე ნახევრის სომეხ ისტორიკოსს ლაზარ ფარპეცის. ეს ცნობები სავსებით რეალისტულია და სანდო, მაგრამ საკმაოდ მწირია და თანაც მხოლოდ 80-იანი წლებითაა შემოფარგლული.(14) მისი ცნობებიდან ირკვევა 482 წელს იბერიისა და სომხეთის აჯანყების დეტალები – ვახტანგ გორგასლის მიერ ამბოხის წამოწყება და სომხებთან დაკავშირება, ჰუნების გადმოყვანის მცდელობა, ბრძოლა ჭარმანიანის ველზე, აჯანყების მარცხი და მეფის ქვეყნიდან გაქცევა. ფარპეცის ცნობების საფუძველზე შეგვიძლია სათანადოდ გავაანალიზოთ ამ ამბოხის გარშემო მომხდარი მოვლენები, ქართლისა და სომხეთის მდგომარეობა V საუკუნის ბოლოს, ვახტანგ გორგასლის, როგორც სარდლის და როგორც მეფის მოღვაწეობა, მისი სტრატეგიული და ტაქტიკური მოქმედება, ქვეყანათა სამხედრო პონტეციალი, ბრძოლის წესები, საბრძოლო ხერხები, დიპლომატიური წარმატება თუ წარუმატებლობა, სომეხთა და ქართველთა ურთიერთობა, ირანის ჩრდილო-დასავლურ ოლქთა მმართველების მოქმედება და სასანიანთა მდგომარეობა პეროზის მეფობის ბოლო წლებში. ეს მნიშვნელოვანი ისტორიული წყარო ჯერ კიდევ 70-იან წლებში თარგმნა და გამოსცა ლ. ჯანაშიამ.(15)

გუგარეთის საპიტიახშოსა და არშუშა პიტიახშზე, თუმცა არა ვახტანგ გორგასალზე, საინტერესო ცნობები მოიპოვება მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიაში".16 მიუხედავად ამისა, ის მაინც მნიშვნელოვანი წყაროა V საუკუნის შუა წლების კავკასიის ქვეყნების ისტორიის შესასწავლად. ვახტანგის ეპოქის შესასწავლად ზოგიერთი მკვლევარი ფართოდ იყენებს ადრეული შუა საუკუნეების აგიოგრაფიულ ნაწარმოებებსაც, მაგალითად, რაჟდენისა და შუშანიკის ცხოვრებას, სირიელ მამათა ცხოვრებას, აბოს ცხოვრებასა და გობრონის ცხოვრებას.(17)
ზემოაღნიშნული მასალები ქართველი ისტორიკოსების განხილვის საგანი ხშირად გამხდარა, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ჯუანშერისეულ ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას. V საუკუნის II ნახევრის იბერიის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიის შესწავლისთვის აღსანიშნავია ვახტანგ გოილაძისა და სარგის კაკაბაძის მონოგრაფიები. აქ აღარ შევეხებით ვახტანგის მეფობის დათარიღებასთან და სხვა სამხედრო საქმისთვის ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებიც ამ წიგნებშია მიმოხილული. ორივე ავტორი ასახელებს ლაზარ ფარპეცის ცნობებსაც, თუმცა მისი დეტალური მიმოხილვა სამხედრო თვალსაზრისით არ გვაქვს. ჯუანშერის ცნობებზე დაყრდნობით ისტორიკოსები აღნიშნავენ ვახტანგის ომს პეროზ შაჰთან 460 წელს, ბიზანტიის იმპერატორ ლეონის დამხმარე ძალების ჩამოსვლას, ქართველთა გალაშქრებას ირანის აღმოსავლელი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებთან და ინდოეთშიც კი; ასევე კავად I-ს ჯარების შემოჭრას V საუკუნის ბოლოსთვის და გორგასლის დაღუპვას მათთან ომში.
კავად I-ს მონეტა

ამ ფაქტების დიდი ნაწილი დღეს საეჭვოდ და დაუჯერებლად ჟღერს. 460 წლისთვის პეროზის ლაშქრობა იბერიაში არ აღინიშნება, თუმცა ამ პერიოდისთვის სასანიანებს პრობლემები ჰქონდათ ალბანეთში, იბერიის მოსაზღვრე ქვეყანაში, რომელიც ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ირანთან და იბრძოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.(18) ბიზანტია-ირანს შორის V საკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი სამხედრო კონფრონტაცია არ იკვეთება და არც იბერიისა და ბიზანტიის ურთიერთობებია გამოკვეთილი.(19) ვახტანგ გორგასლის ლაშქრობა ინდოეთში ასევე საეჭვო და ნაკლებ სარწმუნო ფაქტია და უფრო ჯუანშერის ფანტაზიას უნდა მივაწეროთ, ვიდრე რეალობას. მიუხედავად ამისა, გოილაძისა და კაკაბაძის ნაშრომები მნიშვნელოვანი და საყურადღებოა და ბევრ საინტერესო ფაქტსა თუ მოსაზრებას შეიცავს არამარტო სამხედრო-პოლიტიკურ, არამედ სოციალურ თუ რელიგიურ საკითხებზე.
მიუხედავად სამხედრო ისტორიის ასპექტებისადმი ნაკლები ყურადღებისა, ქართლის ისტორიის სხვა პრობლემების შესასწავლად უაღრესად საინტერესოა დავით მუსხელიშვილის „საქართველო IV-VIII საუკუნეებში" და მარიამ ლორთქიფანიძის „ქართლი V საუკუნის II ნახევარში".
ლეო I-ს ბიუსტი (V ს. ლუვრის მუზეუმი, პარიზი)

ვახტანგ გორგასლის ომები ჩრდილოკავკასიელ ტომებთან, ბიზანტიასა და ირანთან მოითხოვდა კარგი არმიისა და ძლიერი მოკავშირეების ყოლას. ეს უკანასკნელი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან V საუკუნის იბერიას ნამდვილად არ გააჩნდა ისეთი სამხედრო პოტენციალი, რომ წინააღმდეგობა გაეწია მეზობელი ძლიერი იმპერიებისთვის. იბერიის ჯარზე გავლენას ახდენდა ირანული და ბიზანტიური სამხედრო სისტემა, განსაკუთრებით პირველი მათგანი, რაც იბერიაში სასანიანთა ძლიერი პოზიციისა და მის გარშემო არსებული სპარსული სამარზპანოების არსებობით იყო განპირობებული. თავად ვახტანგიც სასანიანთა ვასალი გახლდათ და სავარაუდოდ, მონაწილეობა უნდა მიეღო ირანის მიერ წარმოებულ ომებში. ეს საშუალებას მისცემდა მას დაენახა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. იმჟამად სპარსული სამხედრო ძალები საუკეთესოდ ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთში. „სასანური ირანის მხედრობამ გავლენა მოახდინა ბიზანტიის სამხედრო ხელოვნების განვითარებაზე. ირანის ჯარის სამხედრო შეიარაღება და წყობა სანიმუშო გახდა ევროპული სახელმწიფოებისთვის. ცხენოსან ბარბაროსებთან რამოდენიმე დამარცხებამ დააფიქრა ევროპა ახალი არმიის შეიარაღებასა და წყობაზე. ნაწილი ისტორიკოსებისა შუა საუკუნეების რაინდს მიიჩნევს ირანის მხედართა სამხედრო ტექნიკისა და ხელოვნების მემკვიდრედ".(20)
დასავლეთევროპელი რაინდი (X-XII ს.)

წინამდებარე სტატიაში განხილულია ვახტანგ გორგასლის ეპოქის სამხედრო ორგანიზაციისა და ქართული ლაშქრის შემადგენლობის ისეთი საკითხები, როგორიცაა: მძიმე და მსუბუქი კავალერია, ქვეითი ჯარი, ჯარების რიცხოვნობა და ე.წ. სამხედრო ეკონომიკა. 
მძიმე კავალერია. აღმოსავლური ტიპის მძიმე კავალერიის მხედრებს კატაფრაქტები (κατάφρακτος) ეწოდებოდა. ბერძნულად ეს სიტყვა „სრულად დაცულს" ნიშნავს. მართლაც, კატაფრაქტები მთლიანად დაცული იყვნენ ბრინჯაოს ან რკინის ქერცლოვანი ტიპის აბჯრით (Scale Armour) (21) ან ჯაჭვის პერანგით, ხოლო ე.წ. ლამერალურ აბჯარს (Lamellar Armour) (22) უფრო ბიზანტიური ტიპის კატაფრაქტები იყენებდნენ. ამიანე მარცელინუსი ირანულ კატაფრაქტებზე წერს: „ყოველ მხედარს მთელი ტანი დაფარული აქვს მცირე ფირფიტებით. სახე დაცულია ნიღბით… მთელ სხეულზე არც ერთ ისარს არ შეუძლია შეაღწიოს აბჯარში, თუ არ მოხვდა თვალის წინ დატოვებულ მცირე საჭვრეტს, ასევე მცირე ჭუჭრუტანას ნესტოებთან, რომლითაც მეომარი გაჭირვებით სუნთქავს. შუბებით შეიარაღებულ მეომართა ნაწილი იდგა უძრავად, ისე რომ, კაცს ეგონებოდა, თითქოს ისინი რკინის ჯაჭვებით იყვნენ დაბმულნი. მათ გვერდით იყვნენ განლაგებულნი მშვილდოსნები".(23)
რომაული ქერცლოვანი აბჯრის (Lorica Squamata) ფრაგმენტი

კატაფრაქტები ატარებდნენ გრძელ, კონტოსის ტიპის საკავალერიო შუბებს, საბრძოლო, ბუნიკიან კვერთხებსა და მახვილებს. უფრო მსუბუქი კატაფრაქტები მშვილდ-ისარსაც იყენებდნენ. კატაფრაქტების ერთიან, მასიურ იერიშს გაშლილ ველზე მოწინააღმდეგისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენება შეეძლო. შემდეგ ბრძოლაში ქვეითი ჯარი ერთვებოდა, მტრის არეულ რიგებს უკან ახევინებდა და ბრძოლის ველს იკავებდა. გაქცეულ მოწინააღმდეგეს მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსანი ჯარი მისდევდა, რომელიც ბრძოლის დროსაც ერთვებოდა მოქმედებაში – ძირითადად ისრებს უშენდა მტერს. შეიძლება გავიხსენოთ კარეს ბრძოლა ძვ.წ. 53 წელს პართელებსა და რომაელებს შორის, სადაც სპარსელებმა სწორედ კავალერიის მანევრებით გაიმარჯვეს და მცირე მსხვერპლის ფასად გაანადგურეს მარკუს კრასუსის ჯარები. გასათვალისწინებელია, რომ კატაფრაქტები მხოლოდ ერთ, მთლიან რაზმად მოქმედებისას იყვნენ ეფექტურები.(24) ყველა იმ ბრძოლაში, სადაც გაიმარჯვეს, ისინი სწორედ ასეთი ტაქტიკით მოქმედებდნენ. ეს მძიმე კავალერია აღმოჩნდა ცხენოსანი ჯარის ერთადერთი სახეობა, რომელსაც პირისპირ ბრძოლაში შეეძლო წინ აღდგომოდა რომაულ ლეგიონს, არა ეპიზოდურად, არამედ ყოველთვის. „თუ ლეგიონი იყო ანტიკური სამხედრო ხელოვნების უმაღლესი მიღწევა ქვეით ჯარში, იგივეს წარმოადგენდა კავალერიაში კატაფრაქტები".(25)






















ბრძოლა კარესთან (ძვ.წ. 53 წ.)

რაც შეეხება რომაულ არმიაში აღმოსავლური ტიპის მძიმე კავალერიის გამოჩენის საკითხს, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ თავდაპირველად რომაელი მხედრები ხელშუბებითა და მოკლე შუბებით იბრძოდნენ, IV საუკუნიდან კი სარმატებისა და ალანების გავლენით აითვისეს გრძელი, საძგერებელი შუბების გამოყენება.(26) პირველი რომაული კატაფრაქტებიც სარმატული მძიმე კავალერიის მსგავსად იყვნენ შეიარაღებულები. იყენებდნენ სეგმენტურ მუზარადსა და ქერცლოვან აბჯარს, იბრძოდნენ გრძელი შუბებით, რომელიც ორივე ხელში ეჭირათ, ამიტომ პირველ რომაულ კატაფრაქტებს ფარები არ ჰქონდათ. მოგვიანებით ჯარის ეს სახეობა უფრო ირანულს დაემსგავსა. დასავლეთ რომის იმპერიაში შედარებით მსუბუქად შეიარაღებული კატაფრაქტთა რაზმები იყო, ხოლო აღმოსავლეთში, სადაც რომაელებს ბრძოლა უწევდათ სასანური ირანის თავით ფეხებამდე შეჭურვილ კავალერიასთან, მძიმე Clibanarii შენაერთები ჩამოყალიბდა, რომელიც შედარებით განსხვავდებოდა დასავლეთ რომაული კატაფრაქტებისგან. მიუხედავად განსხვავებისა, ამიანე მარცელინუსი ორივე სახელს ერთსა და იმავე კონტექსტში მოიხსენიებს. ამას გარდა, Clibanarii-ს უფრო მაღალი სტატუსი ჰქონდა რომის ჯარში, ვიდრე კატაფრაქტებს. რომის ჯარში იყო Equites Sagittarii Clibanarii – ირანელთა მძიმე ცხენოსან-მშვილდოსანთა მსგავსი შენაერთიც. როგორც Notitia Dignitatum (27) გადმოგვცემს, V საუკუნის დასაწყისისთვის რომის ჯარში მშვილდოსანთა 67 შენაერთიდან – 54 ცხენოსანი იყო. პოპულარული იყო კავალერიის სახეობა Hippo-Toxotai – მხედრები, რომელთაც ჰქონდათ მშვილდ-ისარიცა და შუბიც. Notitia Dignitatum-ში იმპერიის ყველა მხარეში მომსახურე ცხენოსან-მოისართა რაზმებია დასახელებული, თუმცა მათი უმეტესობა მაინც აღმოსავლეთის გარნიზონებში (28) მსახურობდა.(29)
Hippo-Toxotai

აღსანიშნავია, რომ IV საუკუნიდან რომაელმა ქვეითებმა ოსტატურად ისწავლეს კატაფრაქტებთან ბრძოლა. ეს ტაქტიკა ჩანს იმპერატორ იულიანე განდგომილის ირანული ლაშქრობის იმ ბრძოლაში, სადაც თვითონ იულიანე მძიმედ დაიჭრა: „ცენტრს და მარცხენა ფლანგს მძიმე კავალერიამ და სპილოებმა მძაფრად შეუტიეს. რომაელებმა ამ მასის მოგერიება შეძლეს გაწვრთნილი მსუბუქი ქვეითებით, რომლებიც ზურგში ურტყამდნენ და ხელშუბებს უყრიდნენ მძიმედ შეჭურვილ მხედრებს, სპილოებს კი ფეხებზე ჩხვლეტდნენ".(30) მავრიკიოსის „სტრატეგიკონში" წერია: „არცერთი ტიპის ჯარი არ არის დაუმარცხებელი. მთავარი არ იყო ის, იყვნენ თუ არა კატაფრაქტები დაუმარცხებლები, არამედ ის, რომ ისინი წარმოედგინათ დაუმარცხებლებად და მათი სურვილიც იყო, რომ ასეთებად წარმოჩენილიყვნენ".(31)
მძიმე აღჭურვილობიდან გამომდინარე, კატაფრაქტები უტევდნენ მჭიდრო რიგებად, რითიც იყენებდნენ თავიანთ უპირატესობას და ფარავდნენ ნაკლს – ნაკლებ მანევრულობას და შეზღუდულ მოძრაობის უნარს. იერიშზე გადასული კატაფრაქტთა რაზმები, წინ მომარჯვებული შუბებით, კარგად იყო დაცული მტრის ხელშუბებისა და ისრებისგან, ასევე, ხმლებისა და შუბებისგან, ამიტომაც მრისხანე ძალას წარმოადგენდა. ძველი ავტორები მოგვითხრობენ სხვადასხვა ხერხებზე კატაფრაქტებთა დასაშლელად (ზემოთ უკვე აღვნიშნეთ რომაელთა საბრძოლო ხერხი კატაფრაქტებთან ბრძოლისთვის).(32)
























რომაელი ლეგიონერები პართიული კატაფრაქტების წინააღმდეგ (II ს. მეორე ნახევარი)

განცალკევებული კატაფრაქტები უფრო ადვილი ნადავლი ხდებოდნენ მოწინააღმდეგისთვის, განსაკუთრებით თუ მას ცხენიდან ჩამოაგდებდნენ. კატაფრაქტების ერთ-ერთი წარუმატებელი ბრძოლა იყო ახ.წ. 69 წელს მეზიაზე თავდასხმის დროს როქსოლანი კატაფრაქტების დაპირისპირება რომაელებთან. მსუბუქად შეიარაღებული რომაელი ჯარისკაცები განცალკევებულ როქსოლან მხედრებს ხელშუბებითა და გრძელი შუბებით უტევდნენ და ხმლებით ჩეხავდნენ მათ.(33)
ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში იბერიელთა და სპარსელთა ჯარის ალან-ოსებთან და მათ მოკავშირეებთან ბრძოლას უკავშირდება: „ხოლო სპანი იგი წარემართნენ განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მხედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წვიმა მძლავრი".(34)




















სასანიანთა კავალერიის ტიპები - მსუბუქი მხედარი, კატაფრაქტი და უფრო მსუბუქად შეიარაღებული კატაფრაქტი

ჯუანშერისეული ტექსტის მიხედვით ჩანს, რომ გორგასლის არმიის მეომრები იყვნენ „ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი" – ანუ როგორც მხედარი, ისე ცხენი აბჯრით იყო დაფარული და საქმე გვაქვს ირანული ტიპის კატაფრაქტებთან, რომლის მსგავსი უნდა ჰყოლოდათ სომხებს, ალბანელებს და იბერებს.(35) ეს ცხენოსნები მეფის გვარდიიდან ან ვარაზ-ბაკურის სპარსული ჯარიდან უნდა ყოფილიყვნენ: „და გამოგზავნა ვარაზ-ბაკურ სპანი თვისნი თორმეტი ათასი მხედარი".(36)
(გაგრძელება მეორე ნაწილში)

სქოლიოები:
(1)მარიამ ლორთქიფანიძე, ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში (თბილისი, 1979), 3.
(2)ლორთქიფანიძე, ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში; ვახტანგ გოილაძე, მეფე
ვახტანგ გორგასალი (თბილისი, 2008); მისივე, გორგასალი და მისი ისტორიკოსი (თბილისი, 1991); სარგის კაკაბაძე, ვახტანგ გორგასალი (თბილისი, 1959); მისივე, ვახტანგ გორგასლის ხანა (თბილისი, 1994).
(3)ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.
ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I (თბილისი, 1955), 248.
(4)Stephen H. Rapp Jr, Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Contexts (Louvain, 2003), 114-5.
(5)თუმცა, შესაძლოა ამ რეალიების არსებობა გადამწერების დამსახურებაა, რომელთაც VIII საუკუნეში დაწერილი „ვახტანგ გორგასლის ცხოვრება" XI საუკუნეში გადაწერეს ამავე პერიოდის ტერმინოლოგიით. გ. ანჩაბაძე თვლის, რომ XI საუკუნეში ისტორიკოსი სახელით ჯუანშერი არ არსებობს და თუ „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას~ დავათარიღებთ XI საუკუნით, მაშინ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მისი ავტორი ჯუანშერ ჯუანშერიანია. გიორგი ანჩაბაძე, „ჯუანშერი და მისი „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა", საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, 4 (1987), 184-8.
(6)დავით მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში (თბილისი, 2004), 139; David
Braund, A History of Colchis and Transcaucasian Iberia, 550 BC-AD 562 (Oxford, 1994), 283. მანანა სანაძე ჯუანშერის თხზულებაში XI საუკუნის რეალიებს გადამწერებს აკუთვნებს. იგი თვლის, რომ ჯუანშერის თხზულება დაიწერა VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ერისმთავარ ჯუანშერის მიერ (586-590 წწ.), დამამტკიცებელ საბუთად კი ასახელებს VI საუკუნის მეორე ნახევრის სასანურის მინაბაძ ქართულ მონეტას წარწერით „ჯო"– ჯომბერ/ჯუანშერ და შემდგომი საუკუნეების გადამწერი მემატიანის შეცდომას, რომელსაც სავარაუდოდ ერთმანეთში აერია მეფე არჩილი და წმინდა არჩილი და ჯუანშერის მოღვაწეობა ამ უკანასკნელის პერიოდს დაუკავშირა. მანანა სანაძე, „ჯუანშერ
ჯუანშერიანი და მისი მოღვაწეობის ხანა", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 338 (2001), 123-8.
(7)კახა კაციტაძე, `კატაფრაქტები ძველ იბერიაში~. [ელ-ვერსია: www.kalmasoba.com]
(8)მამუკა წურწუმია, „ცხენის აბჯარი შუა საუკუნეების საქართველოში", თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 5 (2012), 89.
(9)მამუკა წურწუმია, „შუა საუკუნეების ქართული ლაშქრის სოციალური შემადგენლობა და კომპლექტაცია", საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 7 (2013), 102.
(10)საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II (თბილისი, 1970), 19.
(11)ნოდარ ლომოური, საქართველოს და ბიზანტიის იმპერიის ურთიერთობა, ნაწ. I (თბილისი, 2011), 41-2.
(12)ლომოური, საქართველოს და ბიზანტიის იმპერიის ურთიერთობა, 115.
(13)Klaus Schippmann, “Fīrūz,” Encyclopaedia Iranica, Vol. IX, Fasc. 6 (1999), 631-2.
(14)მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, 143.
(15)ლ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ (თბილისი, 1962).
(16)საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, 24.
(17)იქვე, 33.
(18)Schippmann, “Fīrūz,” 631-2.
(19)მთელი V საუკუნის მანძილზე ბიზანტიასა და ქართლს შორის არავითარი რეალური
პოლიტიკური ურთიერთობა არ არსებობდა, მაგრამ 70-80-იან წლებში თითქოს ეს ურთიერთობა ისახება. ლომოური, საქართველოს და ბიზანტიის იმპერიის ურთიერთობა, 114.
(20)Ж. Флори, Идеология меча (СПБ, 1999), 34.
(21)ასეთი ტიპის აბჯარი ძირითადად ტყავზე დამაგრებული მეტალის ფირფიტებისგან
შედგებოდა. ეს ფირფიტები უმთავრესად U-ფორმის იყო და ზემოდან ქვემოთ იყო მიმართული. Mamuka Tsurtsumia, “The Evolution of Splint Armour in Georgia and Byzantium: Lamellar and Scale Armour in the 10th-12th Centuries,” Byzantina Symmeikta, 21 (2011), 67.
(22)ლამელარული აბჯარი წარმოადგენდა ერთმანეთზე დამაგრებულ ასობით ლითონის მართკუთხა ფირფიტას. Tsurtsumia, “The Evolution of Splint Armour in Georgia and Byzantium,”69.
(23)Ammianus Marcellinus, Roman Antiquities, Book XXV (Cambridge, 1940), 477.
(24)პართელი კატაფრაქტები კარას ბრძოლაში საბრძოლო ხაზებად იყვნენ განლაგებულები და თითქოს ცხენოსან ფალანგას ქმნიდნენ. მათ შეუტიეს მოწინააღმდეგეს, გაარღვიეს ორ ნაწილად და ამით თითქმის გადაწყვიტეს ბრძოლის ბედი (Plut., Crass. 25). А. Хазанов,“Катафрактарии и их роль в истории военного искусства,” Вестник древней истории, 1 (1968).[ელ-ვერსია: www.xlegio.ru].
(25)იქვე.
(26)David Nicolle, European Medieval Tactics, vol 1, The Fall and Rise of Cavalry 450-1260 (Oxford, 2011), 17.
(27)Notitia Dignitatum – ძველი რომაული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია IV-V საუკუნის პერიოდის იმპერიის სამხედრო და ადმინისტრაციული სტრუქტურა. Notitia Dignitatum ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა იმ პერიოდის დიდი ბრძოლების შესასწავლადაც. მიუხედავად იმისა, რომ ის ადრიანოპოლის ბრძოლის შემდეგ წლებშია დაწერილი, ისტორიკოსებს დიდი დახმარება გაუწია ამ ბატალიაში რომაელთა არმიის შემადგენლობისა და სტრუქტურის შესწავლის საქმეში. Simon MacDowall, Adrianople AD 378: the Goths crush Rome’s legions (Oxford, 2001), 17.
(28)აღმოსავლეთ იმპერიის საველე არმიებში ფეხოსან მშვილდოსანთა რაზმები უფრო
მეტი იყვნენ, ვიდრე ცხენოსანი-მშვილდოსნები.
(29)Nicolle, European Medieval Tactics, 7.
(30)Edward Gibbon, The History of the Decline and Fall of the Roman Empire (London, 2000), 310.
(31)Маврикий, Стратегикон (С.-Петербург, 1903). [ელ-ვერსია, www.libgen.org].
(32)ლუკულუსის ქვეითებმა ტიგრანოკერტთან ბრძოლაში ზურგიდან მოუარეს სომეხ კატაფრაქტებს და უკნიდან დაარტყეს, სადაც ისინი ნაკლებად იყვნენ დაცულები. რომაელები მათ ზურგში შუბებსა და ხმლებს უყრიდნენ და ხოცავდნენ (Plut., Luc. 26).
პუბლიუს კრასუსის გალი მხედრები კატაფრაქტთა გრძელ შუბებს ეჭიდებოდნენ და მათ ცხენიდან ჩამოგდებას ცდილობდნენ ან მათი ცხენის ქვეშ ძვრებოდნენ და მუცელს უფატრავდნენ (Plut., Crass. 25). 357 წელს ალემანებისა და რომაელების ომისას, ალემანებმა შეუმჩნევლად სცადეს ჩასაფრებოდნენ რომაულ კლიბანარებს და ზურგიდან დაერტყათ (Amm. Marc., XVI, 12, 22). ძირს ჩამოვარდნილი მხედარი შედარებით უმწეო ხდებოდა და ეს ხერხი ყველაზე გავრცელებული იყო. ამას აღნიშნავს ჰელიოდორეც. Гелиодор (IX, 15). Хазанов, `Катафрактарии и их роль в истории военного искусства.”
(33)Tac., Hist. I, 79. სწორედ როქსოლანი კატაფრაქტების მარცხმა გადაწყვიტა ბრძოლის
ბედი. თოვლის დნობამ კიდევ უფრო გაუადვილა რომაელებს საქმე, ხოლო როქსოლანებს
გაქცევაში შეუშალა ხელი. Heliod., IX, 15; Amm. Marc., XVI, 12, 38. Хазанов, “Катафрактарии и их роль в истории военного искусства.”
(34)ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა (თბილისი, 1955), 10.
(35)Хазанов, “Катафрактарии и их роль в истории военного искусства.”
(36)ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, 8.

ნიკა ხოფერია