კარლოს XII და მისი სამხედრო კამპანიები (1697-1718)


კარლოს XII (Carolus Rex) იყო შვედეთის მეფე 1697-1718 წლებში, პფალც-ცვეიბრუკენების დინასტიიდან. იგი დაიბადა 1682 წლის 30 ნოემბერს, შვედეთის სამეფო რეზიდენცია ტრე-კრონორში. როდესაც მისი მამა კარლოს XI გარდაიცვალა, პრინცი მხოლოდ 15 წლის იყო. სამი წლის შემდეგ მან გრძელვადიანი საომარი კამპანია წამოიწყო, რათა შვედეთის სამეფო, ჩრდილოეთ ევროპაში, დომინანტ სახელმწიფოდ ექცია. კარლოს XII-ის ახალგაზრდულმა, ავანტურისტულმა პოლიტიკამ, საბაბი მისცა მეზობელ სახელმწიფოებს, წამოეწყოთ საომარი მოქმედებები შვედური პრიბალტიკის (1)  წინააღმდეგ. 1700 წელს შეიქმნა ანტი-შვედური კოალიცია, რომელშიც გაერთიანდნენ დანიის, ნორვეგიის, პოლონეთის, საქსონიისა და რუსეთის სამეფოები. მაგრამ 18 წლის კარლოს XII იმაზე მეტად გამჭრიახი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მისი ხანდაზმული ოპონენტები წარმოიდგენდნენ. მან მალე დაანახა მათ თავისი შესაძლებლობები.

დანიის კამპანია (1700 წელი, მარტი-აგვისტო)
კარლოს XII-ის პირველი სამხედრო კამპანია დანიის წინააღმდეგ იყო, რომლის მეფეც ფრედერიკ IV (2)  იყო. 1700 წელს დანიის მეფე თავს დაესხა შლეზვიგის საჰერცოგოს, რომელსაც კარლოს XII-ის ბიძაშვილი ფრედერიკ IV მართავდა. (3) ახალგაზრდა შვედი მეფე მოულოდნელად შეიჭრა დანიაში და კოპენჰაგენთან შეჩერდა.
ფრედერიკ IV (ჰიაკინტ რიგაუდის ნახატი, 1693)

 დანიის მეფე იძულებული გახდა მშვიდობა მოეთხოვა შვედებისთვის. ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან: პოლონეთის მეფე ავგუსტ II „ძლიერი" (4), რომელიც ასევე ეკუთვნოდა ბიძაშვილად კარლოს XII-ს, ჯერ კიდევ 1700 წლის თებერვალში შეიჭრა საქსონურ არმიასთან ერთად შვედეთის პრიბალტიკაში, სადაც ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი – რიგა, ალყაში მოაქცია, მაგრამ, როდესაც დანიის დამარცხების შესახებ შეიტყო, ალყა მოხსნა და უკან დაიხია.  ასევე უკმაყოფილო იყო რუსეთის მეფე პეტრე I. 
 ჩრდილოეთის ომი (1700-1721)
ჩრდილოეთის ომი – ომი შვედეთის იმპერიასა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობდა. ანტი შვედური კოალიცია, შვედებს, ბალტიის ზღვის სანაპიროების დასაკავებლად ებრძოდა.   
ავგუსტ II (ჰენრიკ როდაკოვსკის ნახატი, 1718)

  XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში, შვედეთის იმპერია ჰეგემონი სახელმწიფო იყო ბალტიის ზღვისპირეთში და მთელ ჩრდილოეთ ევროპაში. 1797 წელს, კარლოს XII-ს მცირეწლოვანებამ და გამოუცდელობამ საბაბი მისცა შვედეთის მეზობელ ქვეყნებს ომი წამოეწყოთ მის წინააღმდეგ, რადგან ფიქრობდნენ, რომ 15 წლის მონარქი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა კოალიციის შეტევებს. ანტიშვედური კოალიციის წამომწყები იყო საქსონიის კურფიურსტი და პოლონეთის მეფე ავგუსტ II, რომელსაც შვედებისგან ლივონია სურდა. ლივონიის დაკავება ხელს შუეწყობდა პოლონეთს განემტკიცებინა ძალაუფლება პოლონეთ-ლატვიის თანამეგობრობაში. პოლონეთს და საქსონიას დანიაც შეუერთდა, რომელთანაც შვედეთს ურთიერთობა ათწლეულებით ადრე, ჯერ კიდევ, კარლოს X-ის (5) დროს დაეძაბა, რომელმაც 1658 წელს დანიელებს იუტლანდია და კუნძული ზელანდია წაართვა.  დანიის სამეფო ვეღარ იღებდა ბაჟს ერესუნის სრუტეში გამავალი ხომალდებისგან. ასევე, ეს ორი სახელმწიფო ეცილებოდა ერთმანეთს შლეზვიგ-ჰოლშტეინის საჰერცოგოზე ძალაუფლების დამყარებაში.
პეტრე I (პოლ დელაროშეს ნახატი, 1838)
რუსეთის მეფე პეტრე I (6)  უკანასკნელი იყო, რომელიც ანტიშვედურ კოალიციას შეუერთდა, პოლონეთის მეფესთან პრეობრაჟენსკის ხელშეკრულების (1699 წ.) გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად რუსეთის პრეტენზიები გამარჯვების შემთხვევაში ვრცელდებოდა ინგერმანლანდიასა და კარელიის კუნძულებზე. (7)
  ომის დაწყებამდე, რუსეთს მხოლოდ ერთი პორტი ჰქონდათ, რომელიც ევროპასთან აკავშირებდა – არხანგელსკი, თეთრ ზღვაზე. ამიტომ ბალტიის ზღვაზე გასვლა, რუსებისთვის, მთავარ ეკონომიკურ მისიად ითვლებოდა. ამას გარდა რუსეთს უკვე შეეძლო მთელი ძალებით ჩართულიყო ომში, რადგან 1700 წლის 14 ივლისს კონსტანტინოპოლის ზავით მშვიდობა დაამყარა მთავარ მოწინააღმდეგესთან - ოსმალეთთან. ასევე გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოსკოვში არსებული ყველა შვედური  ნაწარმი აიკრძალა და ჩამოერთვათ ვაჭრებს ხაზინის სასარგებლოდ. ომის მიზეზად დასახელდა `სიმართლის დამალვა და პირადი წყენა”. პირად წყენაში შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ 1697 წელს პეტრე I-ს რიგაში საკმაოდ ცივად დახვდნენ. ომის გამოცხადებისას, პრეტენზიები ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე არ გამოთქმულა.
 კარლოს XII  - როგორც სამხედრო გენიოსი და მისი არმია 
კარლოს XII-ის მამა კარლოს XI, თავის ვაჟს ზრდიდა, როგორც ნამდვილ მეომარსა და მხედართმთავარს. ახალგაზრდა პრინცის გმირი გაიუს იულიუს კეისარი იყო, ხოლო მისი `კომენტარები გალიის ომზე” (Comentarii De Bello Gallico) კარლოსის სამაგიდო წიგნი გახდა. (8)
შვედეთი 1560-1815

  კარლოს XII არ გამოირჩეოდა დიპლომატიური ნიჭით, მას სხვადასხვა ისტორიკოსები ჯიუტ პიროვნებად გვიხასიათებენ. ამ ნაკლის მიუხედავად, მან თავისი მოწინააღმდეგეებისაგან განსხვავებით, სამხედრო საქმე უბადლოდ იცოდა. შვედების მეფე ცნობილი იყო როგორც ძლიერი ტაქტიკოსი და მეომარი. მისთვის კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება არ იყო უცხო, რაც კარლოსმა მრავალჯერ დაამტკიცა ბრძოლის ველზე. კარლოს XII თავგადასავლების მოყვარული მეფე გახლდათ, უყვარდა ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღება. იგი ყოველთვის წინ მიუძღოდა თავის ლაშქარს. როდესაც ჯარისკაცები ხედავდნენ მეფის ასეთ სიმამაცესა და თავგანწირულ ბრძოლას, მათი სულისკვეთებაც ერთი-ორად იზრდებოდა. კარლოსი შეგვიძლია მის შორეულ წინაპრებს, შვედ ვიკინგებს შევადაროთ, მამაც მეომრებსა და  მოგზაურებს.
კარლოს XII (მიხაელ დაჰლის ნახატი, 1714)

  შვედეთის მეფე გამოირჩეოდა თავისი ცხოვრების წესითაც, იგი უარს ამბობდა ალკოჰოლურ სასმელზე, მხოლოდ წყალს სვამდა და ნებისმიერ გართობაზე უარს ამბობდა. შეიძლება ითქვას, რომ კარლოს XII-ის გართობა მხოლოდ ბრძოლა იყო.
კარლოს XII-ს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ტყვეებთან, განსაკუთრებით კი რუსები სძულდა, რომლებსაც შეწყალების იმედი არ უნდა ჰქონოდათ კარლოსის ხელში. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რეპრესიებისა და რბევის მსხვერპლი ხდებოდა.
  საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კარლოს XII დიდი მხედართმთავარი იყო და სწორედ ასეთი გენერალი სჭირდებოდა შვედეთის არმიას.
ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს ძლიერი არმია, რათა შეეძლოს მტრისაგან თავის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი წარმატებულად დაესხას მას თავს. ამას კარგად აანალიზებდნენ შვედი მეფეები, თუმცა შვედებს არ ჰყავდათ მუდმივი ჯარი XVI საუკუნემდე, სანამ შვედეთის სამეფოს გუსტავ I ვაზა (1523-1560) არ ჩაუდგა სათავეში.
გუსტავ I (იაკობ ბინკის ნახატი, 1542)

 დანიელებთან და ნორვეგიელებთან განუწყვეტლივი ბრძოლებისათვის არ იყო საკმარისი მხოლოდ მოხალისეები და გლეხები, რომლებიც ფეოდალებს გამოჰყავდათ საომრად. გუსტავ I-ის მთავარი მისია რეგულარული არმიისა და ფლოტის შექმნა იყო.
შვედეთის მეფე სწორად მოიქცა, როდესაც ქვეყანაში რელიგიური რეფორმა გაატარა და ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად ლუთერანობა გამოაცხადა, ამით მან მოახერხა ის, რომ კათოლიკური ეკლესიის მიწები მეფის საკუთრებაში მოექცა, რამაც განაპირობა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც აუცილებელი გახლდათ რეგულარული არმიის შესაქმნელად.  
როგორც სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, უკვე შვედეთსაც ჰყავდა მუდმივი ჯარი. `მსგავსი არმია გუსტავ ვაზამ შექმნა – დაიქირავა გერმანული სამთავროებიდან პროფესიონალი ჯარისკაცები და ჩამოაყალიბა მუდმივი არმიის რამოდენიმე პოლკი.”(9) 
  1555 წლისათვის შვედეთის სამეფოს უკვე 17 000 გერმანელი კნეხტი ემსახურებოდა, ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც შვედეთია ეს რიცხვი შთამბეჭავი იყო. გუსტავ ვაზა სამხედრო ფლოტსაც დიდ ყურადღებას უთმობდა. მისი მმართველობის პერიოდში შვედეთის სამეფოს აკვატორიას 4 დიდი, 17 საშუალო და 27 მცირე ხომალდი იცავდა.
შვედური კავალერია კარლოს XII-ს პერიოდში

გუსტავ I ვაზას პერიოდში, ახალი არმიით შვედეთმა არაერთი ომი გადაიტანა. მეფე ხვდებოდა, რომ მხოლოდ დაქირავებული გერმანელებით ვერაფერს გახდებოდა. კნეხტები არ იბრძოდნენ სამშობლოსათვის, ამიტომ მათი სულისკვეთება არ იყო სათანადო. ასევე მათი უდისციპლინობა უარყოფითად აისახებოდა ბრძოლებში. პოლონელებთან მარცხის შემდეგ (1592-1614) შვედეთის მეფემ გადაწყვიტა ახალი სამხედრო რეფორმის გატარება, რომლის მიხედვითაც ძირითად ძალას გერმანელი დაქირავებულების ნაცვლად, შვედები წარმოადგენდნენ. 
ქვეყანა დაიყო ცხრა სამხედრო ოლქად. თითოეულ ოლქში ჩამოყალიბდა დიდი ტერიტორიული პოლკი (ანდსრეგიმენტ). ხოლო ტერიტორიული პოლკები დაიყო, უფრო პატარა – საველე პოლკებად (ალტრეგიმენტ).
ჯარის შევსება მოხალისეებით ხდებოდა, არმიაში მიიღებოდა 15 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერი მსურველი. მოხალისეთა მოსაზიდად გუსტავ ვაზა დიდ გასამრჯელოს ჰპირდებოდა ახალწვეულებს. ასევე იქმნებოდა არტილერია, რომელიც მუდმივ მზადყოფნაში იქნებოდა. საგრძნობლად გაუმჯობესდა და დაიხვეწა მეფის პირადი გვარდია.




რუსი მხედრები და ქვეითები პეტრე I-ს მეფობის პერიოდში 

საბოლოოდ შვედეთის სამეფომ მიიღო ის შედეგი, რომ მისი არმიის ბირთვი ძირითადად შვედებისაგან შედგებოდა, ხოლო გენერლები ასევე შვედი ფეოდალები იყვნენ, რომლებიც გუსტავ I ვაზას მიერ ჰოლანდიაში იყვნენ გაგზავნილი, რათა უმაღლესი სამხედრო განათლება მიეღოთ დიდი სამხედრო მოღვაწისა და მთავარსარდლის, მორიც ორანელის  დროშის ქვეშ. (10)
XVII საუკუნის დასაწყისში, შვედეთის ქვეითი არმიის 2/3 მუშკეტერებისაგან შედგებოდა, ხოლო დანარჩენ ჯარს შუბოსნები წარმოადგენდნენ. მეფემ როგორც ქვეით რაზმებში, ასევე კავალერიაშიც შეიტანა რეორგანიზაცია. შვედეთის კავალერია ძირითადად დრაგუნებისა და კირასირებისაგან შედგებოდა.
როდესაც შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფი გახდა, გადაწყვიტა არმიაში ცვლილებები შეეტანა. გუსტავ ადოლფმა ამოიღო კავალერიიდან ცეცხლსასროლი იარაღი. მან უბრძანა თავის მეომრებს, რომ მტრისთვის მახვილით შეეტიათ.
  საბოლოო ჯამში გუსტავ II ადოლფმა შვედეთის არმიაში სახაზო ტაქტიკა დანერგა. ტაქტიკის მეშვეობით თანაბრად ხდებოდა, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის ასევე მახვილის გამოყენება, ასევე შესაძლებელი იყო კავალერიით ფრონტიდან დარტყმები. სახაზო წყობისას ჯარს ფლანგებიდან არტილერია ეშველებოდა.
შვედი შუბოსანი და თოფოსანი კარლოს XII-ს პერიოდში

  გუსტავ II ადოლფის პერიოდში, შვედეთის სამეფო ჯარის რაოდენობამ 70 000-ს მიაღწია. (11)
  კარლოს XI მოსვლისას ქვეყანა გასაჭირში იყო, როგორც ეკონომიკურად ასევე მილიტარისტულად. კარლოს XI-მ ფეოდალების მიწების შემცირება დაიწყო, რომელიც მეფის კარს მიაკუთვნა.  ამ სვლით ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის შემდეგ საჭირო იყო არმიისთვის დაეთმო ყურადღება.
  კარლოს XI-მ წამოიწყო ახალი რეფორმა, რომელსაც `ინდელტის სისტემა” ეწოდება, დაყო შვედეთის სამეფოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი მიწები მცირე ნაწილებად. თითოეული ნაწილი ვალდებული იყო გამოეყვანა ერთი ჯარისკაცი, რომელზედაც სოფელი თვითონვე იზრუნებდა. ჯარისკაცი უნდა მოემარაგებინათ: საკვები პროდუქტით, ტანსაცმელით და სხვა მრავალი წვრილმანით.
  `ინდელტის სისტემამ” ხელი შეუწყო შვედეთის იმპერიას მრავალრიცხოვანი და კარგად ორგანიზებული არმია გამოეყვანა.
  თითქმის 2 საუკუნე იხვეწებოდა შვედეთის სამხედრო სისტემა და 1700 წლისთვის კარლოს XII-ს უკვე საკმაოდ ორგანიზებული და ძლიერი ჯარი გააჩნდა, რომლის მეშვეობითაც არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ბრძოლის ველზე.
ბრძოლა ნარვასთან (1700 წლის 19 ნოემბერი)
პირველი დიდი ბრძოლა კარლოს XII-სა და რუსეთის მეფე პეტრე I-ს შორის, ჩრდილოეთის ომის დროს, ქალაქ ნარვასთან გაიმართა 1700 წლის 19 ნოემბერს, რომელიც შვედების ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა.
  რუსეთის არმია 1700 წლის ზაფხულში, შვედეთის პრიბალტიკაში, პეტრე I-ის მეთაურობით შეიჭრა და ახლოს მყოფი ქალაქები ნარვა და ივანგოროდი ალყაში მოაქცია. ამის საპასუხოდ კარლოსმა ჯარები დანიიდან დაძრა და ზღვის გავლით პიარნუში გადმოსხა, რათა დახმარებოდა ალყაში მყოფ თანამემამულეებს. 19 ნოემბერს გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა კარლოს XII-სა და პეტრე I-ის მიერ დატოვებულ ფელდმარშალ კარლოს-ევგენი დე კრუას (12)  შორის. რუსეთის არმია თითქმის სამჯერ აღემატებოდა შვედეთის იმპერიის ჯარს:  შვედეთის არმიის რიგებში დაახლოებით 12 000 მებრძოლი და 37 ზარბაზანი ირიცხებოდა, ფელდმარშალ კრუას განკარგულებაში 35 000-მდე ჯარისკაცი და 184 ზარბაზანი  იყო.
ნარვას ბრძოლის სქემა

  თოვლიან ქარბუქში შვედები, მალულად მიუახლოვდნენ რუსების პოზიციებს, რომლებიც თხელ, სწორხაზოვან რიგებად იყო განლაგებული ნარვას კედლებთან. შვედებმა შეძლეს რამდენიმე ადგილას ერთდროულად დაერტყათ და ღრმად შეჭრილიყვნენ ფელდმარშალ დე კრუას ჯარის რიგებში. მეთაური დე კრუა და სხვა ოფიცრები მაშინვე ჩაბარდნენ კარლოსს. რუსეთის არმიის ცენტრალურ ნაწილში ქაოსი დაიწყო, სასოწარკვეთილი ჯარისკაცები, ცდილობდნენ, მარჯვენა ფლანგისკენ გაქცეულიყვნენ, სადაც მდინარე ნარვას გადამკვეთი ხიდი მდებარეობდა. ხიდმა ვერ გაუძლო ჯარისკაცთა დიდ მასას და რუსთა დიდი ნაწილი მდინარეში ჩავარდა. მარცხენა ფლანგზე გამაგრებულმა გენერალმა ბორის შერემეტევი, რომელიც 5 000 მხედარს მეთაურობდა, გაქცეულ თანამებრძოლთა შემხედვარე, პანიკამ მოიცვა და მდინარე ცურვით გადალახა.

ნარვასთან დამარცხებული რუსები კარლოს XII-ს წინ ყრიან დროშებს (გუსტავ კედერსტრომის ნახატი, 1905)

ბრძოლა რუსეთის სამეფოს სრული კრახითა და მისი არმიის კაპიტულაციით დასრულდა. მსხვერპლი მართლაც შთამბეჭდავი იყო - დე კრუას არმიამ 7 000 მეომარი დაკარგა, შვედებმა დაახლოებით 700 კაცი დაკარგეს დახოცილების, 1200 კი დაჭრილების სახით. რუსებმა დაკარგეს მთელი არტილერია, ასევე ტყვედ ჩავარდა 700 მეომარი, რომელთა შორის 56 ოფიცერი და 10 გენერალი ირიცხებოდა. კაპიტულაციის თანახმად, გადარჩენილ რუს ჯარისკაცებს (არ ითვლებიან ბრძოლის დროს დატყვევებულები) უფლება მიეცათ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ იარაღის, დროშებისა და აღალის გარეშე. შვედებს დარჩათ 20 ათასი რუსული მუშკეტი და სამეფო ხაზინის 32 000 რუბლი.
პოლონეთის კამპანია (1701-1702)
ნარვას ბრძოლის შემდეგ, კარლოს XII იმპერიის ძალები პოლონეთისკენ დაძრა, სადაც, 1702 წლის 8 ივლისს სოფელ კლიშოვთან, შვედებმა ბრძოლა გამართეს  პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და საქსონიის წინააღმდეგ, რომელთა გაერთიანებულ ჯარებს ავგუსტ II `ძლიერი" მეთაურობდა. ბრძოლა შვედების ტრიუმფალური გამარჯვებით დამთავრდა. კარლოს XII-მ პოლონეთის ტახტზე სტანისლავ ლესჩინსკი (13) აიყვანა. როგორც ხედავთ, კარლოს XII-მ ასე ადვილად და მინიმალური მსხვერპლით, წარმატებით დაარეგულირა პოლონეთში სიტუაცია.
რუსეთის კამპანია (1708 – 1709)
  სანამ კარლოს XII პოლონეთთან და საქსონიასთან ურთიერთობებს არკვევდა, პეტრე I-მა 1703 წელს შეძლო დაეპყრო შვედეთის პრიბალტიკის გარკვეული ტერიტორიები, სადაც მან ციხე-სიმაგრე სანკტ-პეტერბურგი ააგო.  რუსეთის მეფემ წარმატებას მიაღწია 1705 წელს კურლანდიაშიც.  ნარვას ბრძოლის შემდეგ, რუსეთის ასეთმა წარმატებამ, კარლოს XII მიიყვანა იმ აზრამდე, რომ რუსეთი საბოლოოდ უნდა განადგურებულიყო და შვედეთის იმპერატორმა პირდაპირ მოსკოვზე წასვლა გადაწყვიტა.

გროდნოს გეგმა (1655)
 
1706 წელს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ უკანასკნელი მარცხი იწვნია ფრაუშტადთან. შემდეგ კარლოსი თითქმის ერთი წელი საქსონიაში იმყოფებოდა. 1707 წელს იმპერატორმა გადაწყვიტა აღმოსავლეთისაკენ წასულიყო და პოლონეთის გავლით ბელარუსიაში შევიდა, რომელიც რუსეთის მფლობელობაში იმყოფებოდა. 1708 წელს ქალაქ გროდნოს მიადგა, სადაც მთელი გაზაფხული დაბანაკებული გახლდათ შვედეთის არმია, კარლოს XII დამხმარე ძალებსა და რესურსებს ელოდებოდა. როდესაც იმპერიის არმია სრულ მზადყოფნაში მოვიდა, კარლოსმა რუსეთის კამპანია წამოიწყო. პირველივე ბრძოლა ქალაქ გროდნოსთან მოხდა. ბრძოლაში შვედების გენიალურმა ხელმწიფემ და გენერალმა, კიდევ ერთ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია.
 კარლოს XII-ის მიზნები რუსეთის კამპანიაში:
1. რუსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სრული განადგურება.
2. რუსეთის ტახტზე იან III-ის (14)  ვაჟის, იაკობ ლუდვიკ სობესკის ან  თუ `დაიმსახურებდა” პეტრე I-ის ვაჟი ალექსეის აყვანა.
3. ნოვგოროდის, ფსკოვისა და მთლიანი ჩრდილოეთ რუსეთის გამოყოფა მოსკოვისაგან.
4. უკრაინის შემოერთება, სმოლენსკისა და სხვა დასავლეთ მიწების, რომელებიც რუსეთს ექვემდებარებოდა, შვედეთის ვასალისათვის, პოლონეთისთვის გადაცემა. 
5. დარჩენილი რუსეთის დაცალკევება ცალკეულ სამთავროებად. (15)  
  გროდნოსთან გამართული ბრძოლის შემდეგ 1709 წლის აპრილამდე, პეტრე I-სა და კარლოს XII-ს შორის მრავალი შეტაკება გაიმართა:
 1708 წელი:
  14 ივლისი – ბრძოლა გოლოვჩინთან - რუსეთის არმია ფელდმარშალ შერემეტევის მეთაურობით დამარცხდა და უკან დაიხია. შვედებს მეფე კარლოსი მეთაურობდა.
  9 სექტემბერი – ბრძოლა მდინარე ტოსნასთან – ამჯერად რუსეთის არმიას გენერალ-ადმირალი პეტრე აპრაკსინი მეთაურობდა, ხოლო შვედებს - გენერალ-მაიორი გეორგ ლუბეკერი. ლუბეკერმა ცრუ დემონსტრაციებით შეძლო მოეტყუებინა აპრაკსინი, რომელმაც ვეღარ შეძლო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება შვედების წინააღმდეგ და რუსეთის არმიამ მორიგი მარცხი განიცადა.
პეტრე აპრაკსინი

  10 სექტემბერი – ბრძოლა დობროსთან – ქალაქ დობროგოსთან გამართულ ბრძოლაში რუსეთის არმიას გენერალი მიხაილ გოლიცინი მეთაურობდა, ხოლო შვედებს გენერალი კარლ-გუსტავ როოსი. ბრძოლა ორ საათს მიმდინარეობდა, შვედების დასახმარებლად კარლოს XII-ის არმიის ნაწილები გამოჩდნენ. გენერალმა გოლიცინმა უკან დახევა ბრძანა.
  9 ოქტომბერი – ბრძოლა ლესნოისთან – როდესაც პეტრე I-მა შეატყო, რომ შვედების ძალები სუსტდებოდა და შევსებას საჭიროებდა, გადაწყვიტა, ჯარს სათავეში თვითონ ჩასდგომოდა და შვედეთის არმიას ქალაქ ლესნოისთან შეებრძოლა. შვედებს გენერალ-ლეიტენანტი ლევენგაუფტი მეთაურობდა. პეტრე I-მა შეძლო შვედების დამარცხება. ლესნოისთან მოპოვებული გამარჯვება რუსებისთვის, პირველი იყო შვედეთის იმპერიის წინააღმდეგ ჩრდილოეთის ომში.
ივან მაზეპა (დანიელ ბეიელი, 1704)

27 ოქტომბერი – ბრძოლა სოიკინის მიზასთან – ჯარებს ისევ აპრაკსინი და ლუბეკერი მეთაურობდნენ. აპრასკინმა შეძლო რევანშის აღება. შვედებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.    
  11-13 ნოემბერი – ბატურინის ალყა – ბატურინის შტურმისას რუსეთის მოწინააღმდეგეები არა შვედები, არამედ უკრაინელები იყვნენ. კარლოს XII-მ ზავი დადო ბატურინის მმართველ მაზეპთან, რომლის თანახმადაც შვედეთის იმპერატორი მის რეზიდენციაში გამოიზამთრებდა. ხელშეკრულება ნოვგოროდ-სევერსკოვთან დაიდო, ბატურინისგან მოშორებით. პეტრე I-მა შეიტყო მაზეპის ღალატის შესახებ და გენერალი მენშიკოვი გაგზავნა ბატურინთან, რათა ქალაქი ალყაში მოექცია, სანამ შვედეთის იმპერატორი და მაზეპი ქალაქში დაბრუნებოდნენ. მენშიკოვმა ბატურინი თითქმის უბრძოლველად აიღო, მინიმალური დანაკარგით.
ალექსანდრე მენშიკოვი

  ბატურინის აღებით კარლოს XII-ის გეგმები შეიცვალა, საჭირო იყო ახალი ადგილის მოძებნა გამოსაზამთრებლად. მაზეპის რჩევით კარლოსის არმია ქალაქ პრილუკის, რომნის, გადიაჩის და ლოხვიცას შორის დაბანაკდა. ხოლო პეტრე I ლებედინის, სუმის და ბოგოდუხოვის რაიონში დარჩა გამოსაზამთრებლად.
1709 წელი:
  ომი ზამთარშიც გაგრძელდა, მრავალი მეომარი ყინვამ შეიწირა. კარლოსმა ჯარების გამოყვანა დაიწყო, პეტრე I-მა თავი აარიდა ბრძოლაში ჩართვას და უკან დაიხია. კარლოსმა გადაწყვიტა ყველაზე ახლოს მდებარე ციხე-სიმაგრის, ვეპრიკის აღება.
  7-18 იანვარი – ვეპრიკის ალყა – ციხე-სიმაგრის გარნიზონს (1100 ჯარისკაცი, 400 მალოროსიელი კაზაკი, 28 ზარბაზანი) პოლოვნიკი უილიამ ფერმორი მეთაურობდა, ციხის აღება კი კარლოს XII-მ ითავა. ალყა მცირე შტურმებით მიმდინარეობდა, საბოლოოდ ფერმორი დანებდა, რადგან რუსებს დენთის რესურსი ამოეწურათ. შვედებმა, მთელი გარნიზონი დაატყვევეს.
  8 თებერვალი – ბრძოლა აპოშნასთან – კარლოს XII-მ გადაწყვიტა აღმოსავლეთით, ხარკოვისკენ წასულიყო. მას პარალელურად მიყვებოდა რუსეთის არმიის ნაწილი, რომელსაც ალექსანდრე მენშიკოვი მეთაურობდა. სკანდინავიელები დაბანაკებულ რუსებს მოულოდნელად დაესხნენ თავს. შეტაკების შედეგად 400 რუსი ჯარისკაცი იქნა მოკლული, ხოლო 150 დატყვევებული. (16)
  22 თებერვალი – ბრძოლა კრასნოკუტსკთან – კარლოს XII მცირე კავალერიით კრასნოკუტსკთან მდებარე ბანაკს დაესხა თავს, სადაც გენერალი შაუენბურგი იმყოფებოდა დრაგუნების რამდენიმე პოლკთან ერთად. შვედეთის იმპერატორმა უკან დაახევინა შაუენბურგს, რუსების დასახმარებლად გენერალი რენე გამოჩნდა დამხმარე ძალებით. შაუენბურგმა და რენემ ერთობლივი ძალებით ალყაში მოაქციეს    კარლოსის კავალერია. თუმცა კარლოსმა შეძლო მობილიზება და უკუაგდო რუსული არმია.



















პოლტავის ბრძოლა (ლუის კარავაკე, 1717-1718)
 
კარლოს XII-ის არმია, პეტრე I-თან გამართული მრავალი ბრძოლის შემდეგ ძალიან შესუსტდა. საჭირო გახდა რომელიმე ციხე-სიმაგრის დაკავება ბაზის სახით, სადაც მოხერხდებოდა ძალების მობილიზება და არმიის ახალი ძალებით შევსება. საუკეთესო ვარიანტი ქალაქი პოლტავა იყო, ამიტომ მის მახლობლად დაიწყო კარლოსის ჯარებმა შეკრება. 14 აპრილს პოლტავის ალყა დაიწყო.
 პოლტავის ალყა (14 აპრილი – 8 ივლისი)
  ალყის დაწყებამდე რუსებმა მოახერხეს გარნიზონის გაძლიერება. Gგარნიზონს პოლკოვნიკი კელენი ედგა სათავეში. გარნიზონი 5 500 მეომრის, 2 600 შეიარაღებული მოქალაქისა და 28 ქვემეხისაგან შედგებოდა. რაც შეეხება შვედეთის იმპერატორის არმიას: 25 000-ზე მეტი შვედი მებრძოლი, 10 000-ზე მეტი კაზაკი და 40-ზე მეტი ქვემეხი.(17) 
  ალყა მცირე შტურმებითა და შეტაკებებით მიმდინარეობდა, გაიმართა რამდენიმე უმნიშვნელო ბრძოლაც. საბოლოოდ, რუსეთის მეფე  პეტრე I-მა გადაწყვიტა ქალაქი ალყისგან გაენთავისუფლებინა და 1709 წლის 8 ივლისს გადამწყვეტი ბრძოლა გამართა კარლოს XII-სთან ქალაქის მახლობლად.  

კარლოს XII და ივან მაზეპა პოლტავის ბრძოლის შემდეგ (გუსტავ კედერსტრომი, XIX-XX ს) 

ეს იყო ყველაზე მასშტაბური ბრძოლა ჩრდილოეთის ომში. შვედეთის არმიამ სრული ფიასკო განიცადა პეტრე I-თან შეტაკებისას. ამ მარცხმა დიდი გავლენა იქონია ომის შემდგომ გაგრძელებაზე.  
პოლტავის ბრძოლა (1709 წლის 8 ივლისი)
  ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე კარლოს XII ბრმა ტყვიამ დაჭრა. იგი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, როდესაც პეტრემ შეიტყო ამის შესახებ, გადაწყვიტა არ დაეკარგა არცერთი წამი და პოლტავისკენ დაიძრა მთელი ძალებით. 
  7 ივლისს კარლოსმა შეიტყო, რომ ოსმალეთმა მოკავშირეობაზე უარი თქვა (იმპერატორი თურქეთის სულთანთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა). შვედეთის მეფეს აღარ შეეძლო ალყის გაჭინაურება, რადგან გარე დახმარების ყოველგვარი იმედი გადაეწურა. კარლოსმა გადაწყვიტა რუსებისთვის საკუთარი ჯარისკაცების გამოცდილების ხარჯზე შებრძოლებოდა, რადგან რიცხობრივად პეტრე I-ის არმია აღემატებოდა შვედების ჯარს.
  სკანდინავიელთა იმპერატორმა თავისი არმია ნაწილებად დაყო. იგი ვერ ენდობოდა მოკავშირე კაზაკების (გეტმან ივან მაზეპას (18)  მეთაურობით) გამოცდილებას, ამიტომ გადაწყვიტა ნაკლებად გამოცდილი ხალხი ცრუ მიმართულებებით გაეგზავნა და რუსები დაებნია. ჯარის ნაწილი ქალაქთან დატოვა, რათა ალყა არ მოშლილიყო. კარლოსს მხოლოდ 16 000 მეომარი დარჩა გადამწყვეტი ბრძოლისათვის, ასევე შვედები განიცდიდნენ დენთის უკმარისობას, ამის გამო მათ მხოლოდ ოთხი ქვემეხის გამოყენება შეეძლოთ. ყველაზე ცუდი კი შვედებისთვის ის გახლდათ, რომ კარლოსი არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული და გადამწყვეტი ბრძოლისათვის არ იყო სათანადო ფორმაში.  დილის 3 საათისთვის კარლოსმა 16 000 მეომრით, რუსების მიერ გამაგრებულ 10 რედუტს (19)  შეუტია, რომელიც პეტრე I-ის ბანაკისკენ მიმავალ გზას იცავდა. ბრძოლა 2 საათს გაგრძელდა, შვედები დიდი დანაკარგის მიუხედავად გაშლილ ველზე გავიდნენ, სადაც რუსების ბანაკი იდგა. პეტრემ შენიშნა, რომ შვედები არ იყვნენ ბევრნი. მან გამაგრებული პუნქტიდან გამოიყვანა მთელი არმია და კარლოსის ჯარის პირისპირ საბრძოლო მწყობრში განალაგა. ველი ჭაობიანი გახლდათ, ამიტომ კავალერიას მოქმედების არეალი შეიზღუდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბრძოლის ბედს ქვეითი ჯარი გადაწყვეტდა.


პოლტავის ბრძოლა (პიტერ დენის მარტინი, 1726)

პეტრემ თავისი არმია ორ რიგად განალაგა. თითოეული რიგი დაახლოებით 24 000 ჯარისკაცისაგან შედგებოდა და 2 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. კარლოსს რუსებზე ოთხჯერ მცირე არმია ყავდა, თუმცა ბევრად გამოცდილი. იმპერატორმა 5 500 მეომარი ერთ რიგად განალაგა. ფრონტის სიგრძე 1,5 კილომეტრს შეადგენდა. 9 საათისთვის შეტევა შვედებმა დაიწყეს, მათ გაარღვიეს რუსების პირველი რიგი და 12 ზარბაზანიც მოიპოვეს. პეტრე I მარცხის ზღვარზე იდგა, რომ არა რუსთა მარჯვენა ფლანგის თავზეხელაღებული სიმამაცე და არტილერიის უწყვეტი ცეცხლი. 10 საათისთვის ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იყო, შვედებმა უკან დაიხიეს. კარლოსის არმია სრული განადგურებას იმ მიზეზით გადაურჩა, რომ რუსებმა აღარ განაგრძეს მათი დევნა.  
  შვედების ეს მარცხი ბევრ ფაქტორს შეიძლება მივაწეროთ. პირველეს ყოვლისა მარცხის მიზეზი კარლოსის ავადმყოფობაში უნდა ვეძიოთ, რასაც თან ახლდა პეტრეს არმიის მრავალრიცხოვნობა და თავგანწირული ბრძოლა. ასევე, შეიძლება არასწორად ჩავთვალოთ კარლოსის მოქმედება, როდესაც რედუტების წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, შესუსტებული არმიით გაშლილ ველზე გავიდა მრავალრიცხოვანი და დასვენებული რუსების წინააღმდეგ. მრავალი მიზეზის მონახვა შეიძლება, თუმცა ფაქტი ერთია, კარლოს XII-მ კრახი განიცადა, 11 ივლისს კი ქალაქ პერევოლჩინთან პეტრეს კაპიტულაცია გამოუცხადა. ამის შემდეგ შვედეთის მეფე ოსმალეთში გაიქცა და ბანაკი ქალაქ ბენდერში (20)  დაიდო.
ბენდერის ტყვეობა და კრიზისი
  უპირველეს ყოვლისა, თურქები მიეგებნენ კარლოს XII-ს, რომელიც დიპლომატიური გზით ცდილობდა ოსმალების ომში ჩათრევას რუსების წინააღმდეგ. ოსმალეთის სულთანმა აჰმედ III-მ (21), რომელიც დაიღალა კარლოსის ამბიციური გეგმებითა და გამუდმებული თხოვნით რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, გადაწყვიტა ეღალატა კარლოსისთვის. ამ შემთხვევით ისარგებლეს შვედეთის მტრებმა და შეძლეს დაებრუნებინათ კარლოსის მიერ წართმეული ტერიტორიები, ასევე ანტი-შვედურმა კოალიციამ იზრუნა თავიანთი ტერიტორიების გაფართოებაზეც.
აჰმედ III

  1713 წელს აჰმედ III-მ რუსეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ზეწოლის შედეგად, ძალით აიძულა კარლოსი დაეტოვებინა ბენდერი.  გზაში მეფეს მოუწია შეტაკება თურქ იანიჩარებთან. ბრძოლაში კარლოსი დაიჭრა და ცხვირის ნაწილი დაკარგა.
დაბრუნება და სიკვდილი
  კარლოსის არყოფნამ სახელმწიფოს დიდი პრობლემები შეუქმნა, სიტუაცია სავალალო გახლდათ. იმპერატორმა ევროპის გადალახვას მხოლოდ 15 დღე მოანდომა, მან შტრალზუნდს მიაშურა, რომელიც შვედეთის კონტროლის ქვეშ იყო, შემდეგ კი შვედეთში წავიდა. ძველი სტატუსის აღდგენის ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა, ამიტომ გადაწყვიტა ომის დასრულება ალანდის კონგრესის საშუალებით. (22) 
  1718 წელს კარლოსმა კამპანია წამოიწყო ნორვეგიის წინააღმდეგ, რომელიც დანიის მმართველობის ქვეშ იყო. ფრედრიკსტენის ალყისას კარლოსს ბრმა ტყვია მოხვდა საფეთქელში და გარდაიცვალა. სხვა ვერსიებით იგი შეთქმულების შედეგად მოკლეს შვედმა დიდებულებმა, რომლებიც დაიღალნენ კარლოსის გაუთავებელი ომებით, რომლის გამოც ქვეყანა ზარალდებოდა და კოტრდებოდა.
კარლოს XII-ს თავის ქალა

  კარლოსის სიკვდილის შემდეგ შვედეთის ტახტზე მისი და ულრიკა ელეონორა ადის თავის ქმართან ფრედერიკ I-თან (23) ერთად, რომელმაც საბოლოოდ 1721 წელს საბოლოოდ დაასრულა ჩრდილოეთის ომი ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებით. ერთ-ერთი ვერსიით, კარლოს XII-ს მკვლელობა სწორედ ფრედერიკის ბრძანებით განახორციელა მისი სამხედრო ბანაკის ოფიცერმა ანდრე სიკრემ. 
  კარლოს XII უკანასკნელი ევროპელი მონარქი იყო, რომელმაც სიცოცხლე ბრძოლის ველზე დაასრულა. იგი სწორედ ასეთ სიკვდილს იმსახურებდა, რადგან კარლოსი მოწოდებით ვიკინგი იყო, უკანასკნელი ვიკინგი მეფე, რომელიც არ უშინდებოდა სიკვდილს და ყოველთვის იქითკენ მიიწევდა, სადაც მის მეომრებს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

შენიშვნები:
1.შვედური პრიბალტიკა - ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნები (დღევანდელი ლიტვა, ლატვია, ესტონეთი). მათ რიგებში ითვლებოდა ფინეთიც. George Maude, Aspects of the Governing of the Finns (New York, 2010), 114.
2.ფრედერიკ IV ოლდენბურგი (1671-1730) - დანიისა და ნორვეგიის მეფე ოლდენბურგების დინასტიიდან 1699-1730 წლებში. დანიის მეფე ქრისტიან V-სა და შარლოტა-ამალია ჰესენ-კასელის ვაჟი. 
3.ფრედერიკ IV ჰოლშტეინ-გოტორპი (1671-1702) - ჰოლშტეინ-გოტორპის ჰერცოგი, შვედეთის მეფე ფრედერიკ III-ს ქალიშვილის ამალიასა და ჰოლშტეინ-გოტორპის ჰერცოგის ქრისტიან ალბერტის ვაჟი. დაიღუპა ჩრდილოეთის ომის დროს, კლიშოვის ბრძოლაში, 1702 წელს. 
4.ავგუსტ II `ძლიერი" (1670-1733) - პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი გერმანელი ვეტინების (საქსონური) დინასტიიდან, 1697-1706 წლებში. იგი საქსონიის ელექტორის იოჰან-გეორგ III-სა და დანიის მეფე ფრედერიკ III-ს ქალიშვილის ანა-სოფიას ვაჟი გახლდათ. 
5.კარლოს X გუსტავი (1622-1660) - ბრემენისა და ვერდენის ჰერცოგი და შვედეთის მეფე 1654-1660 წლებში. 1655-1660 წლებში მიმდინარე ჩრდილოეთის პირველ ომში, იგი წარმატებით ებრძოდა პოლონეთ-ლიტვის, რუსეთის (1656-58), ავსტრიის, ბრანდენბურგ-პრუსიის (1655-56, 1657-60), ყირიმის სახანოს, ჰოლანდიისა და დანიის ალიანსს.
6.პეტრე I (1672-1725) - რუსეთის მეფე 1682-1725 წლებში. წარმატებული ომებისა და გონივრული რეფორმების გატარების შედეგად მოახერხა რუსეთის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და იმპერიად გარდაქმნა.  
7.ინგერმანლანდია და კარელია - ტერიტორიები ისტორიული ფინეთის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. 
8.А.В. Беспалов, Северная война: Карл XII и шведская армия. Путь от Копенгагена до Переволочной, 1700-1709  (М, 1998), 39.
9.А.Кан, История Швеций (М, 1973), 161.
10.მორიც ორანელი (1567-1625) - ორანის პრინცი, ნასაუს გრაფი, ჰოლანდიის შტატჰალტერის ვილჰელმ I ორანელის ვაჟი. ითვლება XVII საუკუნის სამხედრო საქმის ერთ-ერთ მთავარ რეფორმატორად.
11. Е.А.Разин, История военного искуства, т. 3 (СпБ, 1993), 382.
12. კარლოს-ევგენი კრუა– მილენდოლკის მთავარი და კრუას ჰერცოგი. მსახურობდა დანიის, ავსტრიის, საქსონიისა და რუსეთის არმიებში.
13. სტანისლავ ლესჩინსკი – პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის მეფე 1704-1709; 1733-1734 წლებში. ლოთარანგიის ჰერცოგი 1737-1766 წლებში. 
14. იან III სობესკი – პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის მეფე 1674-1696 წლებში.
15. Е.В. Тарле, Северная война и шведское нашествие на Россию (М, 1959), [ელ-ვერსია militera.lib.ru].
16. А.В. Красиков,  Северная война или блицкриг по-русский (М, 2010), 62.
17. იქვე
18. ივან მაზეპა (1639-1709) - ზაპოროჟიეს კაზაკების გეტმანი. ჩრდილოეთის ომში იბრძოდა შვედეთის მეფის მხარეს. 
19. რედუტი - თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც უმთავრესად მიწაყრილითა და თხრილით არის შემოზღუდული.
20. ბენდერი - ქალაქი მოლდოვაში. 1538 წლიდან შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 
21. აჰმედ III (1673-1736) – ოსმალეთის სულთანი 1703-1730 წლებში. ჩრდილოეთის ომის დასაწყისში კარლოს XII-თან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, ხოლო შემდგომ ურთიერთობა დაეძაბათ. სხვადასხვა დროს იბრძოდა ავსტრიისა და ვენეციის წინააღმდეგ.
22. ალანდის კონგრესი (1718-1719)  - კონგრესი ალანდის კუნძულებზე, რომელიც მიმდინარეობდა მხოლოდ ორ მხარეს, შვედეთსა და რუსეთს შორის. 
23. ფრედერიკ I  ჰესენელი (1676-1751) - ჰესენ-კასელის ლანდგრაფი, შვედეთის მეფე 1720-1751 წლებში. დაქორწინებული იყო კარლოს XII-ს დაზე, ულრიკა-ელეონორაზე.


ბიბლიოგრაფია
1. Maude, George. Aspects of the Governing of the Finns. New York, 2010.
2. Беспалов, А.В. Северная война: Карл XII и шведская армия. Путь от Копенгагена до Переволочной, 1700-1709. М, 1998.
3. Красиков, А.В.  Северная война или блицкриг по-русский. М, 2010.
4. Кан, А. История Швеций. М, 1973.
5. Разин, Е.А. История военного искуства, т. 3. СпБ, 1993.
6. Тарле, Е.В. Северная война и шведское нашествие на Россию. М, 1959. [ელ-ვერსია, militera.lib.ru].


ავტ. ლევან ტავლალაშვილი
რედ. ნ. ხოფერია