Retour des cendres


კვლავ დავუბრუნდი ჩემს სამშობლოს, ვით ის ხომალდი, რომელმაც უცხო მიწა-წყალზე მოიხსნა ტვირთი და დაივანა საბოლოოდ იმავ ყურეში, სადაც ასწია ღუზა შორეთს სამოგზაუროდ.

უილიამ შექსპირი - ტიტუს ანდრონიკუსი (მოქმედება I, სურათი I)

1840 წლის სუსხიან დეკემებერს, საფრანგეთის დედაქალაქი სამფეროვანი ბაირაღებით მორთულიყო. ქუჩები ხალხით ივსებოდა. ნაციონალური გვარდიის ვეტერანებს ქუდებზე მიემარებინათ ის საამაყო ნიშნები, რომელთაც საფრანგეთის კამპანიის დროს ატარებდნენ 1814-ში. იმპერიის ძველი კირასირები მუნდირებს წმენდდნენ, შემორჩენილ მუზარადებს აპრიალებდნენ. ბეწვშემოვლებულ ქურქებში გამოწყობილი ფრანგი მანდილოსნები თბილ კაშნეებს იხვევდნენ ყელზე. ცილინდრებს ირგებდნენ და სარკეში შეჰყურებდნენ თავიანთ აპრეხილ ულვაშებსა და კოხტად დავარცხნილ ბაკენბარდებს მამაკაცები. ყველა ელოდა დედაქალაქში დიდი იმპერატორის დაბრუნებას. სიკვდილის შემდგომ, კვლავ უნდა გაევლო მას ტრიუმფით... Notre Damme ამაყად გადაჰყურებდა მთელ პარიზს. ყველაფერი ჩანდა ამ დიდებული ნაგებობის კედლებიდან. მოქუფრულ ცას და დეკემბრის ამინდს კარგად ეხამებოდა მისი მკრთალი ფერები. ქვის ეშმაკებსაც კი თითქოს თვალი მიეშტერებინათ იმისთვის, რაც ახლა დედაქალაქში ხდებოდა. ტაძრის უმაღლესი სარკმლებიდან, ახალგაზრდები გადმოჰყურებდნენ ცერემონიას და ხალხით სავსე ლუტეციას. ვიქტორ ჰიუგო, რომელმაც შემდეგში უკვდავყო ამ შესანიშნავი ნაგებობის არქიტექტურა და ისტორია, ახლა სწორედ აქ იმყოფებოდა და თვალს არ აცილებდა მიმდინარე მოვლენებს. კოხტად გამოწყობილ მწერალს ხელში ფანქარი და ქაღალდების დასტა მოემარჯვებინა და რაღაცას ინიშნავდა, ისევე როგორც ის ასობით ჟურნალისტი, რომლებიც მეორე დღეს ნაირ-ნაირ სტატიებს გამოაცხობდნენ იმპერატორის დასაფლავებაზე, აქ გამოჩენილ მწერლებზე, პოეტებზე, მსახიობებზე, ჯარისკაცებზე, გენერლებსა თუ პოლიტიკოსებზე. ისინი ყურს უგდებდნენ ქუჩაში მოსაუბრე ხალხსაც, რათა ახალ-ახალი ჭორებით გაემდიდრებინათ „გაზეტ დე ფრანსის" თუ სხვა მსგავსი გამოცემების გვერდები.

მეფე ლუი-ფილიპი? ამით ხალხის გულს მოიგებს, თორემ ბონაპარტები რომ დიდად გულზე არ ეხატება ეს ხომ კარგად იცით - თქვა ჟან-ლუი ფრერონმა, თავის დროზე ბელუნის ჰერცოგის კორპუსში ვოლტიჟერთა მესამე ბატალიონის მეოთხე ასეულის სერჟანტმა. ეგეც ბურბონია, მაგათ კი იმპერატორმა მაშინ კუდით ქვა ასროლინა. როგორ იყო, მეფე ლუი ნიკრისის ქარებით დამძიმებულ თავის სქელ ფეხებს ძლივს რომ მიათრევდა ეტლში ჩასახტომად, ბრიუსელში რომ მიეჩქარებოდა. მისი ძმა გრაფი არტუა კიდევ როიალისტების ბინძური ბუდისკენ მიაჭენებდა ცხენს. 
Belle Poule-ს მეზღვაური ბრძანდებით არა? - პოლონური აქცენტით  ჰკითხა უხეში მაუდის ქურთუკსა და ასეთსავე შარვალში გამოწყობილ მაღალ და მხარბეჭიან კაცს ახალგაზრდა მიხეილ ვრონსკიმ, ვარშაველმა თავადმა, რომელიც შორიდან ჩამოვიდა, რათა ამ დღეს პარიზში ყოფილიყო. 
  -დიახ გახლავართ, მიშელ სუშე - თავაზიანად უპასუხა მეზღვაურმა და მოსაუბრეს თუთუნი შესთავაზა, რომელსაც თვითონ სიამოვნებით აბოლებდა ხის პატარა ჩიბუხით. 
არა, გმადლობთ, არ ვეწევი - გაეღიმა პოლონელს - მარშალ გაბრიელ სუშეს მოგვარე ყოფილხართ. მამაჩემი, პიტერ ვრონსკი მასთან ერთად იბრძოდა კატალონიაში, მაზოვიელ ულანთა ასეულს მეთაურობდა. როგორც ვიცი, იმპერატორის კუბო la Normandie-მ ჩამოიტანა, მანამდე კი თქვენ ხომალდს მოჰქონდა.
ასეა, გენერალ ბერტრანთან ერთად. შემდეგ მაგ ორთქლმავალ ჯართზე გადაიტანეს.
ამბობენ, ის ეგვიპტელი ლაქიაც აქ არისო. ეგ წუწკი არამზადა. რას ეძახდა იმპერატორი? რუსტამს არა? პარიზი რომ დაეცა, სასახლიდან ოქრო მოიპარა და გაიქცაო ამბობენ. არც ელბაზე ხლებია შემდეგ ბონაპარტს - ჩაურთო მათ გვერდით მდგომმა რუანელმა ვაჭარმა შარლ მონფორტმა, მაღალცილინდრიანმა, მსუქანმა და დაბალმა, გრძელ ბაკენბარდებიანმა მამაკაცმა, რომელსაც ცხვირი ჭარხალივით გაწითლებოდა და გათოშილ ხელებს ხშირ-ხშირად ისრესდა. 
მართალი ბრძანდებით მისიე, ჩემი თვალით მინახავს, როგორ დააწვევინა იმპერატორმა მისი ნივთები და თქვა, მისი ფეხი არ ვნახო ამ სასახლეშიო. 
ლეონის გრაფი სად იმყოფება? არ დაესწრება მისი დიდებული მამის დაკრძალვას? 
დე ლა პლანშეს ქუჩაზე მოვკარი თვალი, აბა ამას როგორ გამორჩებოდა. კარგი ვაჟკაცი კია და რომ შეხედავ ზედგამოჭრილი იმპერატორია. იცი, ლუი-ნაპოლეონი დუელში გამოუწვევია თურმე, ოჯახის უფროსობას იჩემებს. 
შარლი ყოველთვის ასეთი თავქარიანი იყო, ასაკმაც კი ვერ გამოასწორა. გარეგნულად კი ჩამოჰგავს იმპერატორს, მაგრამ ჭკუით კი ვერ დაიკვეხნის. იმასაც ამბობენ, ალექსანდრე ვალევსკი ალჟირში გაგზავნეს მისიითო.
ვერაფერს გეტყვით მისიე, თუმცა კი აქ რომ იყოს, აუცილებლად გამოჩნდებოდა.

ასეთ საუბრებს მრავლად გაიგონებდით პარიზის ქუჩებში; პონტენუადან ლუვრამდე თუ ინვალიდთა სასახლემდე, ლათინურ უბანსა თუ გრიმოს მოედანზე. შუადღის პირველი საათი ხდებოდა. იმპერატორის კუბო უკვე შემოედოთ ცხენებშებმულ სპეციალურ ურიკაზე და პონტენუას გავლით ინვალიდების სასახლისკენ მიჰქონდათ. იგი უნდა დაეკრძალათ „პარიზში, სენის ნაპირებთან, ფრანგ ხალხს შორის, რომელიც მას ასე უყვარდა". მარშალი მონსეი, მთლად მოხუცებული და მოტეხილი კაცი, სასახლის კართან ელოდა თავის ვეტერანებთან ერთად. მასაც აგონდებოდა თავისი სამხედრო წარსული, დღე როდესაც პრუსიის დიდი მეფის, ფრიდრიხ II-ს ხმალი პარიზში დიდებული მსვლელობისას მას ანდო იმპერატორმა. 1814 წელს, კლიშის კარიბჭეს იცავდა და მტერს პარიზში შემოჭრას არ ანებებდა...
ერთი დღით ომის მინისტრი ნიკოლა სულტი ისევ იმპერიის მარშალი და `ევროპის საუკეთესო ტაქტიკოსი" გამხდარიყო. ძველი მოგონებები აშლოდათ ჭაღარა დრაგუნებსა და ფუზილერებს, ომში დასახიჩრებულ ინვალიდებს, რომლებიც კორსიკელი გენიოსის აგებულ ინვალიდების სასახლეში იცავდნენ საიმპერიო დიდების სიმბოლოებს, ავსტრიული თუ პრუსიული, შვედური, რუსული თუ ესპანური არმიების ბაირაღებს. ჩიბუხს აბოლებდა სახლის კართან, ხის პატარა სკამზე ჩამომჯდარი ცალთვალა ფილიპ გალუა. შვილიშვილებს უყვებოდა როგორ წაართვა ეს ძვირფასი ჩიბუხი დატყვევებულ რუს კავალერგარდს. ყველა დიდი იმპერატორის ომების ამბებს იხსენებდა, ზოგი რევოლუციის პირველ წლებსაც... ტულონსაც კი ახსენებდნენ. სულტის დანახვაზე სახაზო ჯარის ყოფილ კარაბინერებს აუსტერლიცის დიდებული დღე აგონდებოდათ, დღე როდესაც პატარა კაპრალმა ორი იმპერატორი დაამარცხა და საფრანგეთის სამფეროვანი ალამი პრაცენის მაღლობებზე აღამართინა მარშალ სულტსა და მის მამაცებს. სწორედ იმპერატორის ჩამოსვენებამდე რამდენიმე დღით ადრე აღნიშნეს აუსტერლიცის დიდი გამარჯვების დღე, 2 დეკემბერი ინვალიდების სასახლეში მოხუც მარშალ მონსეისთან ერთად.


მარშალი მონსეი იცავს კლიშის ჭიკარს

ვერავინ შეეკამათებოდა ჟან ნიკოლა სულტს იმაში, რომ იმპერატორს ერთგულად არ ემსახურა. ასი დღის დროსაც კი არ მიუტოვებია მისი უდიდებულესობა. არც იმ ავბედით დღეს, როდესაც ვატერლოოოდან წამოსულები, საშინელ წვიმასა და ტალახი იდგნენ და გაჰყურებდნენ ბატავიის საზღვარზე გადმოსულ ფრანგ გვარდიელებს, თუ როგორ მოასვენებდნენ ისინი დაჭრილ მეგობრებს თივით დაფარული ურიკებით, რომელშიც საარტილერიო ცხენები შეებათ. დამარცხება და სიკვდილი ახლოს იყო, მაგრამ სულტი უღალატოდ იდგა რუხფარაჯიანი, თავით-ფეხებამდე დასველებული ნაპოლეონის გვერდით, რომლის შავი ქუდიდან წვიმის წვეთები ცვიოდა ატალახებულ მიწაზე. წვეთები თუ ცრემლები... უპირველეს ყოვლისა, მაინც საიმპერიო დიდების დღეები აგონდებოდა მოხუც მთავარსარდალს. იგი მაღალ ცხენზე ამხედრებული, ქანდაკებასავით იდგა და პარიზის ქუჩებში მომავალ ვეტერანთა კოლონებს უყურება. იმ ვეტერანებისა, რომლებიც წლების წინ, მისი ბრძანებით, უყოყმანოდ გაეშურებოდნენ ესპანელთა და ინგლისელთა ბატარეებისკენ, ყუმბარების წვიმაში. სულტს გაახსენდა ის დღე, როდესაც იმპერატორმა იმპერიის მარშლობა უბოძა. იქ იყვნენ „მამაცთა შორის უმამაცესი" _ მიშელ ნეი, დინჯი და აუჩქარებელი ნიკოლა დავუ, ფიცხი იოახიმ მიურატი, ცბიერი ანდრე მასენა, მოხუცი ფრანსუა კელერმანი და ჟან-ბაპტისტ ჟურდანი. ახლა? ვინღა შემორჩა ბონაპარტის თანამებრძოლებიდან? მისი „დიდი არმიიდან"? თითო-ოროლა - მონსეი, სულტი, ვიქტორი, მარმონი, გრუში. მათგან მარმონი 1830 წლის რევოლუციისას გაიქცა პარიზიდან, ვიქტორმა კი უარი განაცხადა დასწრებოდა ნაპოლეონის დასაფლავებას. ძველი წყენა არ ასვენებდა ბელუნის ჰერცოგს, რომელსაც ეს სახელიც კი დაცინვით ჰქონდა შერქმეული თუ რამე სხვა მიზეზი ჰქონდა, ვერავინ იტყოდა ზუსტად. არც მარშალი ბერნადოტი გამოცხადებულა, თუმცა რაღა მარშალი, უკვე შვედეთის მეფე კარლ XIV იოჰანი. ესეც რომ არა, იმპერატორის დასაფლავებაზე რა პირით უნდა მოსულიყო კაცი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქიშპი ჰქონდა ბონაპარტთან, თუმცა კი კარგად ირგებდა მისგან ბოძებულ მარშლის კვერთხს. რა იცოდა სულტმა, რომ იმპერატორის გადმოსვენების ამბის გაგებისას, ბერნადოტს უთქვამს: „ოდესღაც მე საფრანგეთის მარშალი ვიყავი, ახლა კი მხოლოდ შვედეთის მეფე ვარ". მიუხედავად ყველაფრისა, სინდისის გრძნობა ქენჯნიდა ბერნადოტს, რომ უღალატა საფრანგეთს და მის წინააღმდეგ იბრძოდა. გვიანი იყო, მაგრამ მაინც ნანობდა შვედეთის მეფე კარლ XIV იოჰანი.
მარშალი სულტი

გენერალი ბერტრანი მალე ომის მინისტრს ამოუდგა მხარში, დუშატელი კი თავისი კარეტით გამოცხადდა ცოტა მოგვიანებით. მეფე ლუი-ფილიპი და პრემიერ-მინისტრი ადოლფ ტიერი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მომხრე იყო ნაპოლეონის გადმოსვენებისა წმინდა ელენეს კუნძულიდან, ჯერ კიდევ არ იყვნენ ინვალიდების სასახლემდე მისულები. ტიერი ოცნებობდა ფრანგი ხალხის მეხსიერებაში აღედგინა რესპუბლიკისა და იმპერიის დიდებული წლები, რომელთა ისტორია მან თავის ორ ნაშრომში _ Histoire de la Révolution française  და Histoire du Consulat et de l'Empire  გადმოსცა. საფრანგეთი ახალ ერაში შედიოდა, სათავეში ლუი-ფილიპით, რომელიც ბურბონი თუ არა, მათი ახლო ნათესავი იყო. იმპერატორი ხუთ წელიწადში საფრანგეთს ძველ დიდებას დაუბრუნებდაო, ამბობდნენ ბონაპარტისტები. გოლიათური ნაბიჯებით ვითარდებოდა საფრანგეთი, სანამ რუსული ლაშქრობის შემდეგ ყველაფერი უკუღმა არ წავიდა. ბედისწერამ უღალატა იმპერატორს.

ნეტავ ბატონი პერიგორი რას იტყოდა ასეთი ზეიმი რომ ენახა პარიზში იმპერატორის ჩამოსვენებაზე ან პატივცემული ჟოზეფ ფუშე? - გადახედა სულტს დუშატელმა. ომის მინისტრმა თავი დაუქნია, მაგრამ არაფერი უპასუხია. საერთოდ ამ დღეს ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. ახლა თავის თანამებრძოლებთან, იმპერიის მარშლებთან უფრო სიამოვნებით ისაუბრებდა. მარშალი მარმონი სადღაც გადაკარგულიყო. 1830 წელს, სწორედ აქ იდგა იგი თავისი რაზმებით და რევოლუციონერებს ებრძოდა, მაგრამ მალე იძულებული გახდა გაქცეულიყო. ჯერ ინგლისს მიაშურა, შემდეგ იქაურობაც დატოვა. ნეტავ ახლა სად იმყოფება - ფიქრობდა სულტი, ოსმალეთში, ეგვიპტეში თუ იტალიაში. მასაც არ ასვენებდა ალბათ ძველი მოგონებები, როგორ უღალატა იმპერატორს და პარიზი მტერს ჩააბარა. ნაპოლეონმა შემდეგ თქვა - მომავალი თაობებისთვის მარმონი სიძულვილის საგანი იქნება, სანამ საფრანგეთი იარსებებს, მის სახელს ძრწოლისა და სიძულვილის გარეშე ვერავინ ახსენებს. ის ამას ხვდება და ალბათ მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანია. იგი ხვდება ამ ყველაფერს და ცხოვრებას იუდას მსგავსად დაასრულებს... მარშალი ვიქტორი მაინც უნდა მოსულიყო. აი გრუში კი, ერთგული ემანუელ გრუში, გამოცხადდა - თავის რუხ ცხენს მოაჭენებდა ვეტერანებთან ერთად.
ადოლფ ტიერი

 ბევრი ცუდი რამ დასწამეს მას, მაგრამ მოღალატე ნამდვილად არ ყოფილა და იმპერატორის დიდებისთვის ბოლომდე იბრძოდა, თუმცა კი ვატერლოოს ავბედით დღეს ასე არ გაუმართლა. აი სახელოვანი მარშალი ნიკოლა უდინოც. კაცი, რომელსაც ნაპოლეონის ომებში მიღებული უამრავი ჭრილობით ჰქონდა დასერილი სხეული, ცალი ყური ავსტრიულ ტყვიას მოეგლიჯა მისთვის.  ისიც მოვიდა, ყოფილი მარშლები ერთმანეთს მიესალმნენ. იყო დრო, როდესაც ისინი ხშირად კინკლაობდნენ, ერთმანეთს დუელშიც კი იწვევდნენ, მაგრამ ახლა ნაპოლეონის ყველა თანამებრძოლი ერთ მუშტად შეკრულიყო, ყველა ხვდებოდა, რომ იმპერატორთან ერთად, მათ გაიზიარეს საფრანგეთის ისტორიის აქამდე ყველაზე სისხლისმღვრელი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე დიდებული წლები, როდესაც სამფეროვანი ფრანგული დროშები ფრიალებდა ლისაბონიდან ვილნომდე და ბერლინიდან ნეაპოლამდე. როდესაც საღვთო რომის იმპერია მუხლს იყრიდა ფრანგთა იმპერატორის წინაშე, პრუსია აღგვილი იყო მიწისაგან პირისა, რუსეთის არმიები განადგურებული, შვედეთი შორეულ ჩრდილოეთში შეყუჟული. იმპერატორის კუბო ნელა მოიწევდა, რადგან გზად უამრავი ხალხი ხვდებოდა. თექვსმეტი ცხენი ძლივს მოათრევდა ამ სამტონიან `ნაგებობას", რომელზეც კუბო ესვენა. ზედ გადაფარებულ მოოქროვილ ტილოს, ნაპოლეონის ინიციალი _ N _ ამშვენებდა. ცხენებს გვერდით მოსდევდა მამლუქი რუსტამი, თავისი თეთრი ჩალმით. ამით ყველას ახსენდებოდა ის დღეები, როდესაც ნაპოლეონი თავისი ეგვიპტელი მსახურის თანხლებით მოაჭენებდა ცხენს პარიზის ქუჩებში. ამავე დროს ახსენდებოდათ ეგვიპტის ექსპედიცია 1798 წელს, როდესაც ჯერ კიდევ გენერალმა ბონაპარტმა, პირამიდებთან გაანადგურა მამლუქები და ალექსანდრიასა და კაიროში რესპუბლიკის დროშა ააფრიალა. ცერემონიაზე იყვნენ მის მიერ ეგვიპტიდან წამოყვანილი სხვა მამლუქებიც, ქართველები, ჩერქეზები და სომხები. ცოტანიღა დარჩენილიყვნენ, რადგან მრავალი მათგანი საფრანგეთში ჩამოსვლისას უკვე ასაკოვანი იყო, ზოგი კი იმ მრავალ სამხედრო კამპანიას ემსხვერპლა, რომელშიც იმპერატორს ახლდნენ. გრენადერებს კვლავ დაეხურათ ის დიდებული ბეწვის ქუდები, რომელიც იმპერიის დროს მათ გამოსარჩევ ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენდა. ცხენოსანი ნაწილები გრენადერების უკან განლაგებულიყვნენ. კირასირების მუზარადებსა და ბეგთრებზე ზამთრის მზის მკრთალი სხივები ირეკლებოდა. „რკინის კაცები" მშვიდად შეჰყურებდნენ იმპერატორის დაკრძალვის ცერემონიას. ალბათ ეილაუს ბრძოლის სისხლიანი დღე ახსენდებოდათ, როდესაც მარშალმა მიურატმა ომახიანი შეძახილით მთელი ცხენოსანი ჯარი რუსთა რიგების გასარღვევად და ფრანგთა დამარცხებისგან გადასარჩენად დაძრა.

ნაპოლეონის „დიდი არმიის" ვეტერანები
 
ხალხი ინტერესით უყურებდა იმპერატორის ძმას, უკვე მოხუცებულ ჟოზეფს, მაგრამ მის გვერდით არ იყო ბონაპარტების იმედი, იმპერატორის მეორე ძმის, ლუის ვაჟი ლუი-ნაპოლეონი. ეს უკანასკნელი, საშუალო სიმაღლის, კარგი აღნაგობის, სანდომიანი ახალგაზრდა კაცი იყო, ბევრი თავგადასავალი გადახდა და საბოლოოდ ჰამის ციხეში ამოყო თავი. დიდი გეგმები ჰქონდა და ბონაპარტისტებიც მხარს აქტიურად უჭერდნენ, მას შემდეგ, რაც რაიხშტადტის ჰერცოგი გარდაიცვალა 1831 წელს. შვეიცარიის არმიაში მსახურის დროს, დაწერა საარტილერიო საქმის ტრაქტატი, როგორც მისმა დიდმა ბიძამ გააკეთა, როდესაც ჯერ კიდევ რევოლუციური საფრანგეთის დროშის ქვეშ მსახურობდა ფრანგულ არმიაში, უბრალო ლეიტენანტად. მამამისი, ლუი ბონაპარტი ჰოლანდიაში იმყოფებოდა. მრავალი წლის შემდეგ, იგი კვლავ დაუბრუნდა ამ ქვეყანას, რომელსაც თავისი ძმის ძლევამოსილების დროს, თვითონვე ედგა სათავეში. 
ელისეის მინდვრებზე, გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყვენენ საფრანგეთის არმიის რჩეული ბატალიონები. მათ შორის ცოტაღა იყო ისეთი, ვისაც ბონაპარტის დროშის ქვეშ ემსახურა, მაგრამ მათი შვილები და შვილიშვილები მრავლად იდგნენ ჯარის რიგებში. ლურჯ მუნდირებში გამოწყობილი მეომრების წინ მებარაბნეები იდგნენ და ნამდვილ საბრძოლო განწყობას ქმნიდნენ. ორკესტრმა ძველი გვარდიის მარშის დაკვრა დაიწყო, როდესაც კორტეჟი ინვალიდების სასახლეს მიუახლოვდა. არტილერიამ ზალპით მიაგო პატივი იმპერატორს, რომელიც თავად არტილერისტი და ამ იარაღის გამოყენების საუკეთესოდ მცოდნე იყო. მისთვის არტილერია „ომის ღმერთი" გახლდათ...
გამოჩნდა სენ ლუის კაპელის ბრწყინვალე გუმბათი, ოქროთი მდიდრულად მოვარაყებული და დამშვენებული. სწორედ აქ უნდა დაესაფლავებინათ იმპერატორი. გუბერნატორი ბონ-ადრიენ ჟანო დე მონსეი თავის ვეტერანებთან ერთად აქ იდგა. კვლავ მოოქროვილი საიმპერიო უნიფორმით. ისეთით, როგორიც იმპერატორის კორონაციის დროს ემოსათ მარშლებს პარიზის ღვთისმშობლის დიდებულ ტაძარში. სენ ლუის კაპელის წინ მსვლელობა შეჩერდა. აქ იყვნენ მეფე ლუი ფილიპი და მისი ამალა. ყველანი ბრწყინვალედ გამოწყობილები, მხარში უდგნენ მარშალ მონსეის.  ლუი-ფილიპის ძემ, ბარონმა დე ჟუანვილმა ქარქაშიდან დაშნა ამოაგო, ძირს დახარა და ხმამაღლა შესძახა: `სირ, მე გადმოგცემთ იმპერატორ ნაპოლეონის ნეშტს". ლუი-ფილიპმა ასევე ხმამაღლა, ისე რომ ყველას გაეგონა, უპასუხა: `მე ვიღებ მას საფრანგეთის სახელით".
მეფე ლუი-ფილიპი

გენერალმა ბარონმა ატალინმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და მეფეს ნაპოლეონის ხმალი გადასცა. ამ მახვილს იმპერატორი აუსტერლიცისა და მარენგოს ბრძოლებში ატარებდა. ლუი-ფილიპმა დახედა სახელოვან ხმალს, რომელიც მრავალ გამარჯვებას მოსწრებოდა, მოტრიალდა და გენერალ ბერტრანს მიაწოდა - გენერალო, გიბრძანებთ იმპერატორის დიდებული მახვილი მის კუბოზე დადოთ". ბერტრანს მღელვარებისგან ხელები უკანკალებდა, გაფითრებულიყო და თითქოს არ ესმოდა მეფის ნათქვამი. ნაპოლეონის ძველი თანამებრძოლი ასეთი აღელვებული ლაიფციგის ბრძოლაშიც კი არ უნახავთ. მაშინ მეფე გენერალ გასპარ გურგოს მიუბრუნდა იგივე ბრძანებით. გურგომ კი ხმალი კუბოზე დადო. პარიზის ოპერისა და ორკესტრის წევრები მოცარტის რექვიემით აფორმებდნენ მიმდინარე პროცესს. 
ნაპოლეონის მარშლები და გენერლები კუბოს უკან დადგნენ. სენ ლუის კაპელის წინ მხოლოდ მარშალი მონსეი დარჩა. მოხუცმა მარშალს გაეღიმა. ის ხომ წლების განმავლობაში ელოდა როდის შედგებოდა ეს ცერემონია. თვალწინ წარმოუდგა იმპერატორი, როდესაც ის აქ მოვიდა და ინვალიდების სასახლე დაათვალიერა, მოპოვებულ სამხედრო ნადავლს ადგილი მიუჩინა და ისიც კი თქვა, ალბათ დრო მოვა და მე აქ, ჩემ მეომრებთან ერთად დამასაფლავებენო. ეს დღეც დადგა, ფიქრობდა მონსეი, რომელიც ხალხის თვალში იმპერიის დიდებული პერიოდის სიმბოლოდ რჩებოდა, ისევე როგორც სულტი, უდინო და შეიძლება გრუშიც. 
იმპერატორის საბოლოო სამყოფელი ეს ქვის კედლები იქნება. აქ, თავის მეომრებთან, თანამებრძოლებთან ერთად უნდა იყოს მისი განსასვენებელი და სიმბოლო ფრანგი ერისათვის იმ დიდებისა, რომელიც მას ნაპოლეონმა მოუტანა. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ იმპერიის ომებმა საფრანგეთს დიდი მსხვერპლი გააღებინა, ბევრი სისხლი დაიღვარა, შედეგად კი ბევრი არაფერი დარჩა, მაგრამ ეს ასე არ იყო. საფრანგეთს სჭირდებოდა სწორედ ნაპოლეონი, მისი ქარიზმა, ნიჭი და სიმამაცე, რათა გადასულიყო ახალ საუკუნეში, გამხდარიყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, შეექმნა ახალი კონსტიტუცია და სამართლიანი კანონები ხალხისათვის, განევითარებინა ქვეყნის ეკონომიკა, არმია და საფუძველი ჩაეყარა იმ საფრანგეთისთვის, რომელიც ევროპის ერთ-ერთ დომინანტ ძალად იქცეოდა. ბურბონები - ეს მხოლოდ დროებითი გახლდათ. ნაპოლეონმა თავის დროს გაუსწრო, იგი მეტად შორს იხედებოდა და ამიტომ შეიწირა ბედისწერამ.  სიცოცხლე საფრანგეთიდან შორს, ატლანტის ოკეანეში დაასრულა, პატარა კუნძულ წმინდა ელენეზე, ლონგვუდის სახლში, თავისი დაუძინებელი მტრების, ინგლისელების გარემოცვაში და აი, 1840 წელს, ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღსრულდა მისი სურვილი, რომ დაეკრძალათ ფრანგ ხალხს შორის, რომელიც ასე უყვარდა და რომელთან ერთადაც მან ახალი ეპოქა შექმნა.

მარშალმა მონსეიმ ბრძანა იმპერატორის კუბო გადმოეღოთ და კაპელაში შეეტანათ. თვითონაც თან მიჰყვა სულტთან, უდინოსა და გრუშისთან ერთად. როდესაც ნაპოლეონის ნეშტი ზუსტად გუმბათის ქვეშ დაასვენეს, მონსეი ყოფილ თანამებრძოლებს მოუბრუნდა - ბატონებო, ახლა კი შემიძლია მეც წავიდე და მოვკვდე - უცნაურად გაიღიმა მოხუცმა მარშალმა. სულტმა გრუშის და უდინოს გადახედა. ისინიც იმასვე ფიქრობდნენ რასაც მხცოვანი მონსეი. მათი ცხოვრება იმპერატორთან იყო გადაჯაჭვული და აი ბოლო რგოლიც - ნაპოლეონი დიდებითა და პატივით დაასვენეს `ფრანგ ხალხს შორის". როიალისტთა ბრძოლა ბონაპარტიზმის წინააღმდეგ ფაქტობრივად დასრულებული იყო, ისევე როგორც საფრანგეთში ნაპოლეონის სახელისა და მისი მოღვაწეობის ერთგვარი რეაბილიტაციის პროცესი. მარშლებს შეეძლოთ წასულიყვნენ და მომკვდარიყვნენ. იმპერატორი, კაცი რომელმაც ისინი საფრანგეთის ბასრ იარაღად აქცია, რომელიც მათ უბრძანებდა, რომ გაემარჯვათ, მათ წინ, აკლდამაში იყო მოსვენებული. ბონაპარტის დიდება საუკუნეებს ემახსოვრებოდა, ისევე როგორც იმ ხალხისა, რომელთაც იმპერია მასთან ერთად შექმნეს. 


ნიკა ხოფერია