მებრძოლი ქალები შუა საუკუნეების ისტორიაში

ჟანა დ'არკის გარდა, რომელიც  ყველაზე ცნობილი მეომარი ქალია ისტორიაში, შუა საუკუნეებში სხვა ბევრი მაგალითიც გვაქვს, როდესაც ქალები იარაღით ხელში იბრძოდნენ და მეთაურობდნენ არმიებს. აქ წარმოდგენილია რამდენიმე გამორჩეული მათგანი. (სურათზე - კატერინ ვინიკი მებრძოლი ქალის ლაგერტას როლში History Channel-ს სერიალიდან Vikings).

ჟანა დ'არკი
მიუხედავად იმისა, რომ მისი სამხედრო კარიერა წელიწადზე მეტხანს ფაქტიურად არ გაგრძელებულა, ჟანა დ'არკი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული პირია. ჟანა იყო ახალგაზრდა გლეხი გოგონა ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ წმინდანებმა სამშობლოდან ინგლისელების განდევნა დაავალეს. 1429 წელს, მან დაარწმუნა საფრანგეთის მეფე შარლ VII რომ მიეცა მისთვის არმია, რომელიც ორლეანთან იდგა. ჟანამ აღადგინა ფრანგთა ძალაუფლება ორლეანზე და რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა ინგლისელებზე, რის შემდეგაც შარლ VII რეიმსში მეფედ ეკურთხა. ჟანას სამხედრო კარიერა წარუმატებლად გაგრძელდა მას შემდეგ, რაც პარიზის აღება ვერ მოახერხა და 1430 წლის მაისში ის მცირე შეტაკებისას მტრებმა შეიპყრეს. ერთი წლის შემდეგ ჟანა დ'არკი გაასამართლეს და ერეტიკოსობისთვის კოცონზე დაწვეს. მას შემდეგ იგი საფრანგეთის ნაციონალური სიმბოლო გახდა, ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა. (სურათზე - მილა იოვოვიჩი ჟანა დ'არკის როლში 1999 წლი ფილმიდან The Messenger: The Story of Joan of Arc).
მატილდა კანოსელი
ცნობილი როგორც „დიდი გრაფინია", მატილდა სავარაუდოდ საუკეთესო ქალი სამხედრო მოღვაწე იყო შუა საუკუნეების ისტორიაში. ტოსკანიის გრაფინიად ყოფნის პერიოდში, 40 წლის განმავლობაში მისი სახელმწიფო, მთYელ იტალიაში უძლიერეს ძალას წარმოადგენდა. როგორც პაპის მხარდამჭერი, მატილდას მთავარი მოწინააღმდეგე იმპერატორი ჰენრიხ IV იყო, ამიტომ მის წინააღმდეგ ხშირად უწევდა ბრძოლა. სიკვდილამდე მატილდამ თავისი მიწები რომის ეკლესიას დაუტოვა. (სურათზე - XI საუკუნის მინიატურა რომელზეც მატილდა კანოსელის წინაშე დაჩოქილი ჰენრიხ მეოთხეა გამოსახული).
იზაბელა კასტილიელი
ფერდინანდ არაგონელმა და იზაბელა კასტილიელმა სამხედრო საქმეების წარმოებისას ერთად მეტად ეფექტურად იმოქმედეს. როდესაც ფერდინანდი ძირითადად საველე ბრძოლებს მეთაურობდა, იზაბელა სამხედრო ადმინისტრაციას განაგებდა. როდესაც საჭირო იყო, იგი გამოდიოდა თავისი ჯარის წინაშე სრულ საბრძოლო აღჭურვილობაში და საბრძოლო სულისკვეთებას უმაღლებდა მეომრებს. დროდადრო კი პირადად მეთაურობდა სხვადასხვა ციხე-ქალაქის ალყას და წარმატებით მოქმედებდა. 
კატერინა სფორცა
ფორლის გრაფინიამ ერთხელ თქვა: „თუ მე უნდა დავმარცხდე იმის გამო, რომ ქალი ვარ, მინდა დავმარცხდე კაცივით". დიდი იტალიელი ფეოდალი, კატერინა XV საუკუნის წმინდა რომის ეკლესიის პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩარეული. მას შემდეგ, რაც ვენეციელებისგან წარმატებით დაიცვა თავისი ტერიტორია, „ფორლელი ვეფხვის" მეტსახელი მიიღო. 1499 წელს პაპმა ალექსანდრე VI ბორჯიამ თავისი ვაჟი ჩეზარე გაგზავნა მისი მიწების დასაპყრობად. კატერინა პირადად გაუძღვა ფორლის დაცვას, მაგრამ საბოლოოდ ტყვედ ჩავარდა და ის რომში წაიყვანეს (სურათზე - ჯინა მაკკი კატერინა სფორცას როლში სერიალიდან The Borgias).
ლაგერტა
დანიელი ლაგერტა, XII-XIII საუკუნეების ისტორიკოსის, საქსო გრამატიკოსის „დანიის ისტორიის" (Gesta Danorum) მიხედვით მებრძოლი ქალი იყო და მამაკაცებთან ერთად უშიშრად იბრძოდა ბრძოლის ხაზზე. იგი იბრძოდა რაგნარ ლოთბროკის მხარდამხარ შვედი ვიკინგების მეფე ფროსთან, რომელმაც ბრძოლაში მოკლა რაგნარის ბაბუა, ნორვეგიის მეფე სივარდი. საგების მიხედვით რაგნარს ლაგერტასთან ერთი ვაჟი ფრიდლეიფი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. დანიელ ვიკინგებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომიდან დაბრუნების შემდეგ, რაგნარი გასცილდა ლაგერტას, რათა ცოლად მოეყვანა თორა ბორგარჰიორტი, გიოტალანდის იარლის ქალიშვილი. როდესაც დანიაში კვლავ სამოქალაქო ომი დაიწყო, რაგნარმა დახმარებისთვის ლაგერტას მიმართა, რომელსაც ისევ უყვარდა ყოფილი მეუღლე და 120 ხომალდით დაეხმარა ბრძოლაში. (სურათზე - კატერინ ვინიკი მებრძოლი ქალის ლაგერტას როლში History Channel-ს სერიალიდან Vikings).
ხავლა ბინტ ალ-აზვარი
ის მუსლიმ არაბთა ადრეული დაპყრობების პერიოდის ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის და იყო VII საუკუნეში. რამდენჯერმე მან პირადად მიიღო მონაწილეობა ბრძოლაში, მათ შორის 636 წელს იარმუკთან ბიზანტიელთა ჯარის წინააღმდეგ შეტაკებაში, სადაც ქალ მეომრებს მეთაურობდა (სურათზე - ადგილი სადაც იარმუკის ბრძოლა გაიმართა).
სიკელგაიტა სალერნოელი 
ნორმანი მთავრის რობერტ გვისკარის ცოლი, სიკელგაიტა განსაკუთრებით ცნობილია 1081 წელს დირაქიუმის ბრძოლაში გაქცეული ნორმანი მეომრების ბრძოლაში შემობრუნებით. ბიზანტიელი ისტორიკოსის ანა კომნენეს მიხედვით, ის გაქცეულ მეომრებს წინ აღუდგა და აიძულა შეჩერებულიყვნენ: `რადგან ისინი აგრძელებდნენ გაქცევას, ამხედრდა ცხენზე, აიღო შუბი და მათკენ გააჭენა. ამან მათზე ძალიან იმოქმედა და ისინი ბრძოლაში დაბრუნდნენ". სხვა ქრონიკის მიხედვით სიკელგაიტა ამ ბრძოლაში ისრით დაიჭრა, მაგრამ ნორმანებმა მოახერხეს ბიზანტიელთა დამარცხება. მისი კარიერის შესწავლის შედეგად აშკარა გახდა, რომ სიკელგაიტა აქტიურ მონაწილეობას იღებდა თავისი ქმრის სამხედრო კამპანიებში და ქალაქთა ალყებსაც კი მეთაურობდა (სურათზე - ნორმანი მხედრების გამოსახულება ბაიეს გობელენზე, XI ს.).
ჟანა აშეტი
1472 წელს ბურგუნდიის ჰერცოგი შარლ გულადი ჯარს ფრანგული ქალაქის ბოვეს ასაღებად გაუძღვა. როდესაც მათ ქალაქის კედლებს შეუტიეს, ბოვეს მოქალაქეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ შორის იყო ჟანა ლაისნე, რომელიც ცულით შეიარაღდა და ბრძოლის დროს მოახერხა მოეკლა ბურგუნდიელი მედროშე და მისი დროშა კედლიდან ჩამოეგდო, რის შემდეგაც ბურგუნდიელთა საბრძოლო სულისკვეთება დაეცა და მათ უკან დაიხიეს. მას შემდეგ ჟანას მეტსახელად Hachette - „ნაჯახი" შეარქვეს. 
იზაბელა კონჩელი
ანგლო-ნორმანი ისტორიკოსი ორდერიკ ვიტალი აღწერს რალფ ტოსნელის მეუღლეს იზაბელა კონჩელისა და ჰელივსეს, ევრეს გრაფინიას დაპირისპირებას XI საუკუნის 90-იან წლებში. ის აღნიშნავს: `ორივე ქალი იყო თავდაჯერებული, სულიერად ძლიერი, ლამაზი და ორივენი ბატონობდნენ თავიანთ ქმრებზე და შიშის ზარს სცემდნენ ვასალებს. თუმცა ისინი განსხვავებული ხასიათისანი იყვნენ. ჰელვისე ერთი მხრივ ჭკივანი და თავდაჯერებული იყო, მაგრამ ბოროტი და ხარბი; იზაბელა კი გულუხვი, გაბედული და მხიარული, მის გარშემო მყოფი ხალხისთვის საყვარელი. ომში ის რაინდივით აღჭურვილი გამოდიოდა და არანაკლებ სიმამაცეს ავლენდა რაინდებსა და შეიარაღებულ სერჟანტებს შორის, ვიდრე კამილა, იტალიის სიამაყე (ვოლსკების ტომიდან), ტურნუსის ჯარს შორის. ის იმსახურებდა შედარებას ლამპეტოსთან, მარპესიასთან, იპოლიტასთან და პენთესილეასთან და სხვა ამორძალ დედოფლებთან". 
ჯოანა ფლანდრიელი 
ჯოანა ფლანდრიელი ცნობილია ბლუას ჰერცოგის შარლის ჯარებისგან ქალაქ ჰენებონტის დაცვით ბრეტანში. მას შემდეგ, რაც მან შეიპყრო და დაატყვევა ჯოანას ქმარი, მისი ქალაქის წინააღმდეგ ჯარი დაძრა 1342 წელს. ჯოანა გაუძღვა ქალაქის დამცველებს. ჟამთააღმწერელი ჟან ლე ბელი წერდა: `შეიარაღებული მამაცი გრაფინია დიდი ცხენზე იყო ამხედრებული და ქუჩიდან ქუჩაში მოძრაობდა, რათა ყველასთვის მოეწოდებინა შეერთებოდნენ ქალაქის დაცვას. მან უბრძანა ქალებს, მათ შორის დიდებულებს, მოეტანათ ქვები კედელთან და მტრისთვის ესროლათ ისევე როგორც კირით სავსე ქოთნები. `საალყო ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი იყო, როდესაც ჯოანა 300 კაცს გაუძღვა ქალაქს მიღმა და მტრის ბანაკი გადაწევა. ამის შემდეგ მიიღო მეტსახელი `ცეცხლოვანი ჯოანა". ჯოანამ შეძლო შეეყოვნებინა ბლუას ჰერცოგის ძალები მანამდე, სანამ ინგლისელთა ჯარი არ მოვიდა მის დასახმარებლად და არ აიძულა ბლუას ჰერცოგი უკან დაეხია. 


ნიკა ხოფერია
Medievalists.Net-ს მიხედვით