ამ პოსტში მოცემულია შუა საუკუნეების პერიოდში მოღვაწე ცნობილი მეფეების, იმპერატორებისა და მთავრების მოულოდნელი და უცნაური სიკვდილის შემთხვევები.
ზენონი, ბიზანტიის იმპერატორი (491 წ.)
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, იმპერატორი უგონოდ დათვრა, დედოფალმა არიადნემ მკვდრად გამოაცხადა და ბრძანა სარკოფაგში ჩაეწვინათ, შემდეგ კი არავის მისცა ნება გაეღო ის, როდესაც ზენონი შიგნიდან შველას ითხოვდა.
ფილიპი, ლუი VI-ს ძე (1131 წ.)
გადმოცემის მიხედვით, ლუი VI-ს ვაჟი ფილიპი თავის მეგობრებთან ერთად ცხენით მისეირნობდა პარიზის ქუჩებში, როდესაც უეცრად ღორი გადმოუხტა წინ. ფილიპი ცხენიდან გადმოვარდა და `ისე მოიტეხა კიდურები, მეორე დღესვე მოკვდა".
სიგურდ ეისტეინსონი, ორკნეის ერლი (892 წ.)
სიგურდ ეისტეინსონმა, ორკნეის ერლმა მაელ ბრიგტეს დამარცხების შემდეგ, მისი მოჭრილი თავი თავის უნაგირზე დაამაგრა და სახლისკენ გასწია. ჭენების დროს, მალე ბრიგტეს კბილი მას ფეხზე გაეკრა და გაკაწრა, რის გამოც ინფექცია შეეჭრა და მალე მისი სიკვდილიც გამოიწვია.
გრიფიდ აპ ლიველინი (1244 წ.)
უელსელი პრინცის ვაჟი, გრიფიდი, მძევლად იმყოფებოდა ლონდონის ტაუერში, საიდანაც გაქცევა სცადა და თოკით დაეშვა კედლიდან. თოკი გაწყდა, გრიფიდი 90 ფუტის (27 მ) სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.
პაპი ადრიან IV (1159 წ.)
წარმოშობით ინგლისელი რომის პაპი ადრიან IV ნუშისებრი ჯირკვლის ანთებით იტანჯებოდა, რის გამოც ყელი გასიებული, დაჩირქებული ჰქონდა და გადაყლაპვა უჭირდა. ერთი გადმოცემის მიხედვით, მან მოსვა ღვინო, რომელშიც ბუზი ტივტივებდა და დაიხრჩო.
ანრი II, შამპანის გრაფი (1197 წ.)
ჯვაროსანთა ერთ-ერთი მეთაური, თავის მეომრებს გადაჰყურებდა ქალაქ აკრის სასახლის აივნიდან, როდესაც მოაჯირი ჩატყდა და ის ძირს დაეცა. მისი ჯუჯა მსახური, შეშინებული და დამწუხრებული, თვითონაც გადმოვარდა და ბატონს დაეცა. როგორც ამბობენ, მას რომ ჯუჯა არ დასცემოდა, ასე მალე არ დაიღუპებოდა.
ჰენრი I, ინგლისის მეფე (1135 წ.)
ნადირობის შემდეგ, მეფემ ექიმის რჩევის მიუხედავად, სალამურა თევზებით ივახშმა. იმ ღამეს ის ცუდად გახდა და მალე გარდაიცვალა.
ბასილი I, ბიზანტიის იმპერატორი (886 წ.)
75 წლის იმპერატორი სანადიროდ იყო, როდესაც მისი ღვედი ირმის რქებს გამოედო და ცხოველმა 16 მილის მანძილზე ტყეში ათრია. იმპერატორი იხსნა თანხმლებმა, რომელმაც გადაჭრა ღვედი დანით, მაგრამ ბასილი I-მა გადაწყვიტა რომ მსახური მის მოკვლას ცდილობდა და მალევე სიკვდილით დაასჯევინა, სანამ თვითონ მოკვდებოდა.
ჯორჯ პლანტაგენეტი, კლარენსის ჰერცოგი (1478 წ.)
ედუარდ IV-ს ძმა მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა და ამისთვის სიკვდილი მიუსაჯეს. ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, მან მოითხოვა დაეხრჩოთ მალმაზიის ღვინის დიდ კასრში. ეს ღვინო მისი საყვარელი სასმელი იყო.
მარტინ I მოწყალე, არაგონის მეფე (1410 წ.)
მარტინი იტანჯებოდა კუჭის აშლილობით ბატის ჭამის შემდეგ, როდესაც მისი მსახური ოთახში შემოვიდა. მარტინმა კითხა მას სად იყო აქამდე, მსახურმა უპასუხა: `ვენახის ბოლოს, სადაც დავინახე ახალგაზრდა ირემი, რომელიც კუდით იყო ჩამოკიდებული ხეზე, თითქოს ვინმემ ის ლეღვის მოპარვისთვის დასაჯაო". მეფეს ისტერიკული სიცილი აუტყდა, დაეცა და მოკვდა.
Medievalists.net-ს მიხედვით