დასავლეთ ევროპის მასშტაბებში განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს გერმანულ-კელტური ევროპის განსხვავებას, სადაც ცხოველთა მეფე დათვია,
ლათინურისაგან, სადაც ამ როლს ლომი ასრულებს. მხოლოდ 1000 წლის შემდეგ გახდა ლომი ყველგან
უპირატესი დათვზე, გადამწყვეტ გამარჯვებას კი XII საუკუნეში მიაღწია, უმთავრესად ეკლესიის
პოზიციის წყალობით.
ჯერ კიდევ პალეოლითის ხანიდან დათვი ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული ზოომორფული კულტი იყო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მას ძალიან მდიდარი
მითოლოგიური ტრადიცია უკავშირდება. სწორედ დათვია ყველაზე მეტად დაკავშირებული ადამიანთან,
როგორც მისი მსგავსი. ადამიანთან, განსაკუთრებით ქალთან ის ახლო, ზოგჯერ ძალადობრივ
კონტაქტში შედის. დათვსა და ქალს შორის სექსუალური ურთიერთობა ასახულია როგორც ლიტერატურულ,
ისე წარმოსახვით წყაროებში. დათვი - ეს ბეწვიანი ცხოველი, Masle Beste, უფრო ფართო მნიშვნელობით კი
- ველური ადამიანი. პირველ რიგში, დათვი - ეს ტყის ბინადარია, რომელიც ტყისა და იქ
მცხოვრები ცხოველების მეფე. კელტურ, სკანდინავიურ და სლავურ ტრადიციებში დათვის მეფური
ფუნქცია - რომელიც სხვა კულტურებში როგორც ჩანს უფრო ადრე გაქრა, ფართოდაა წარმოდგენილი
შუა საუკუნეებში. ეს ორი ასპექტი - ზოოფილია და სამეფო ძალაუფლება - შეიძლება ერთობლივადაც
განვიხილოთ: ზოგიერთი ამბის მიხედვით მეფეები ან ბელადები „დათვის შვილებად" იწოდებოდნენ
ანუ შვილებად იმ ქალებისა, რომლებიც მოიტაცა და ნამუსი ახადა დათვმა.
დათვი და ფუტკრები (1501 წ. ფრანგული მანუსკრიპტი)
დედა დათვი და ბელები (XV ს. იტალიური მანუსკრიპტი)
ასეთი ცხოველი ადრეული შუა საუკუნეების ეკლესიისათვის
ნამდვილ კოშმარს წარმოადგენდა. დათვი არა მხოლოდ არაჩვეულებრივ ძალას ფლობდა, არამედ
სასტიკიც იყო. ამას გარდა, გარეგნული იერით, უკანა ორ ფეხზე სიარულის უნარით და სექსუალური
აქტიურობა.დაწყებული პლინიუსიდან, რომელმაც არასწორი ინტერპრეტაცია მისცა პასაჟს არისტოტელედან,
ყველა ბესტიარია და ენციკლოპედია ირწმუნება რომ დათვი წყვილდება უფრო მეტად ადამინის
მსგავსად, ვიდრე ამას სხვა ოთხფეხიანები აკეთებენ. დათვი - მონათესავეა ადამიანისა,
რომელთან საქმის დაჭერა საშიშია.
ლომისაგან განსხვავებით, დათვი დასავლეთ ევროპის
ყველა მხარეში ბინადრობს: ხალხი ხშირად ხედავს, აღფრთოვანებულია მისით, ეშინია და პატივს
სცემს. ფაქტობრივად, კაროლინგურ ეპოქაში გერმანო-სკანდინავიური მხარეების მნიშვნელოვან
ნაწილში ის კვლავ რჩება წარმართული კულტების ობიექტად, დაკავშირებულია კალენდარულ დღესასწაულებთან
და კვლავინდებურად ითვლება ველური ცხოველების მეფედ; სამხრეთ ევროპაში კი, ამ როლს
უკვე ლომი ასრულებს. ამ დროიდან ეკლესია დათვის წინააღმდეგ იწყებს ომს, მისი სამეფო
ტახტიდან ჩამოსაგდებად. VIII-დან XII საუკუნემდე
ის ყველანაირად ხელს უწყობს ლომის აღზევებას
როგორც ეგზოტიკური ცხოველისა და არა ადგილობრივისა, წარმოჩინებულის წერილობით კულტურაში
და არა ზეპირი ტრადიციებში ასახულის და ასევე დამოურჩილებლისა და უფრო ადვილად აღსაქმელი
ბუნებისა, ვიდრე დათვს.
დათვზე ამხედრებული ბალნიანი კაცი (Quintus Curtius Rufus, Historia Alexandri Magni, XV ს.)
ეკლესია ყველგან ანიჭებს უპირატესობას ლომს დათვზე და ყველგან
უტევს დათვის პოზიციებს. ის მოქმედებს სამი მეთოდით: პირველ რიგში მის დემონიზებას
ახდენს, შემდეგ ითვინიერებს, ბოლოს კი დასცინის. ბიბლიაზე დაყრდნობით, სადაც დათვი
ყოველთვის ცუდი თვალსაზრისითაა ნაჩვენები, ასევე ნეტარი ავგუსტინეს ფრაზის - Ursus est
diabolus ანუ
„დათვი არის ეშმაკი" - წამოშველებით, ეკლესიის მამები და ქრისტიანი
ავტორები კაროლინგურ ეპოქაში მას სატანის ბესტიარიაში ათავსებენ, ასევე სჯერათ რომ
ეშმაკი იღებს დათვის სახეს და აშინებს და ტანჯავს ცოდვილებს. ავტორთა უდიდესი ნაწილი
გვერდს უვლის პლინიუსის მოყვანილ ამბავს, რომლის მიხედვითაც დედა დათვი თავის უსულოდ
დაბადებულ ნაშიერებს ლოკავს და აცოცხლებს (ეს აღდგომის სიმბოლოა) - და მუდმივად იმეორებენ
დათვის უარყოფით თვისებებს: სისასტიკეს, სიბოროტეს, ავხორცობას, სიბინძურეს, ღორმუცელობას,
სიზარმაცესა და მრისხანებას.
ნეტარი ავგუსტინე (ფილიპ დე შამპანის ნახატი, XVII ს.)
წმინდა კორბინიანი იმორჩილებს დათვს
შემდეგ დათვს აქცევენ მოშინაურებულ
ცხოველად და მას აგიოგრაფია უსწორდება. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ამბავი
თუ როგორ იმორჩილებს თავისი მაგალითით, კეთილშობილებით ან ძალით წმინდა ადამიანი საშიშ,
ველურ დათვს. მაგალითად, წმინდა ამანდმა აიძულა დათვი, რომელმაც მისი სახედარი დაგლიჯა,
ეტარებინა მისი ბარგი. ზუსტად ასე იქცევა წმინდა კორბინიანი რომისაკენ გზაზე, წმინდა
ვედასტი კი აიძულებს დათვს რომელმაც ხარი შეჭამა, მის ნაცვლად ატაროს სახნისი. წმინდა
რუსტიკე ლიმუზენში დაახლოებით ასევე ექცევა დათვს, რომელიც შეჭამა ხარები და აიძულებს
ატაროს ეტლი, რომელზეც მისი გარდაცვლილი მოწაფის წმინდა ვიანსის (ვიკენტიას) ცხედარი
ასვენია. წმინდა კოლუმბანი აიძულებს დათვს გაუთავისუფლოს ადგილი გამოქვაბულში, რათა
თავი დაიცვას სიცივისაგან. წმინდა გალმა კი დათვი თავის მსახურად აიყვანა და მასთან
ერთად ააგო სკიტი (ბერების საცხოვრებელი), რომელიც შემდგომში წმინდა გალის ცნობილ და
გავლენიან მონასტრად (სენ-გალენი) გადაიქცა. ეს ცნობილი ამბავი ფართოდაა გავრცელებული იკონოგრაფიაში,
განსაკუთრებით შვეიცარიის რაინისპირეთში.
სენ გალენის მონასტერი
ბოლოს, დემონიზირებულ და დამორჩილებულ
დათვს დაცინვა დაუწყეს. ძირითადად ეს ხდება 1000 წლის შემდეგ. ეკლესია, რომელიც უარყოფითადაა
განწყობილი ცხოველებთან დაკავშირებული ყოველივე გართობისა და სანახაობის წინააღმდეგ,
დათვზე გამონაკლისს უშვებს. პირშეკრული და ჯაჭვებით დაბმული დათვს ჟოგლიორებთან და
მასხარებთან ერთად დაათრევდნენ ციხიდან ციხეში, ბაზრიდან ბაზარზე, საკვირაო ბაზრობებზე.
ერთ დროს სამეფო ცხოველი, აღფრთოვანებისა და შიშის მომგვრელი, ცირკის გასართობად იქცა. XIII საუკუნიდან დათვი უკვე აღარაა სამეფო საჩუქარი, როგორც მას
კაროლინგურ ეპოქაში მიიჩნევდნენ და უფრო დაბალი წარმომავლობის მთავრების სამხეცეებშიც
ვეღარ შეხვდებოდით. მხოლოდ თეთრი დათვები, რომელთაც საჩუქრებად იყენებდნენ დანიისა
და ნორვეგიის მეფეები, ახალ დრომდე კიდევ ინარჩუნებდნენ გარკვეულ პრესტიჟს, რადგან
იშვიათობას წარმოადგენდნენ.
ცხოველები მეფე ლომის, ნობლის წინაშე (Roman de Renart - რომანი რენარზე, ფრაგმენტი XII ს. მანუსკრიპტიდან)
აი ასე, XII-XIII საუკუნეების ზღვარზე უკვე გადაწყვეტილი
იყო: ლომი, რომელმაც განდევნა დათვი, გახდა ცხოველთა მეფე არა მხოლოდ აღმოსავლურ და
სამხრეთულ ტრადიციაში, არამედ უკვე ჩრდილო-დასავლურშიც. მას შემდეგ, ევროპაში მხოლოდ
ერთი ცხოველთა მეფე იყო, რაზეც ნათლად მეტყველებს XII საუკუნის ერთი თხზულება „რომანი მელაზე",
რომელშიც ლომ ნობლს არ ჰყავს მოწინააღმდეგე და მის მმართველობას არავინ ეწინააღმდეგება
(რენარის გარდა, მაგრამ აქ სხვა მიზეზებია); დათვი ბრუნი - მხოლოდ ერთ-ერთი მისი „ბარონია",
ტლანქი და ჩერჩეტი, რომელსაც მელა დასაცინად იგდებს. ამავე ეპოქაში, ლომმა უკან მოიტოვა
ყველა სხვა ცხოველი და დაიკავა პირველი ადგილი ჰერალდიკაშიც, რომელშიც დათვს მეტად
მოკრძალებული ადგილი უჭირავს. ლომი მეფობს ერთპიროვნულად.
ნიკა ხოფერია
მიშელ პასტუროს „ევროპული შუა საუკუნეების სიმბოლური ისტორიის" მიხედვით (Мишель Пастуро, Символическая История
Европейского Средневековья).