ბლოგის მკითხველებს ალბათ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ სკანდინავიური ტაქტიკურ-სტრატეგიული სამაგიდო თამაშის Hnefatafl-ს ანუ „მეფის მაგიდის" რეკონსტრუქცია გავაკეთე და მისი წესების შესახებ პოსტიც შემოგთავაზეთ. ამჯერად რომაულ თამაშ Ludus Latrunculorum-ს (შემოკლებით, Latrunculi ან Latrones) მოკლე ისტორიას, თამაშის ძირითად წესებს განვიხილავ და მის რეკონსტრუქციას გავაკეთებ.
Ludus Latrunculorum ნიშნავს „ყაჩაღთა", „ავაზაკთა" თამაშს ან „მოქირავნეთა" თამაშს (Latro - მოქირავნე, ყაჩაღი). ეს სახელწოდება მიუთითებს იმაზე, რომ თამაშის უძველესი ვერსია რომში უცხოელებისაგან შემოვიდა. მსგავს თამაშს თამაშობდნენ ბერძნებიც (Petteia, Pessoi, Psephoi,
Poleis, Pente Grammai) და ის ჯერ კიდევ ჰომეროსის დროს ანუ არქაულ საბერძნეთში უნდა არსებულიყო. პლატონის რესპუბლიკაში, სოკრატეს მეტოქეები შედარებულები არიან „პეტეიას" ცუდ მოთამაშეებთან, რომლებიც კუთხეში არიან მომწყვდეულები და სვლას ვეღარ აკეთებენ. პლატონი აღნიშნავს, რომ თამაში ეგვიპტიდან შემოვიდა, სადაც შაშის მსგავს თამაშს - Seega-ს თამაშობდნენ. II საუკუნის ბერძენი ავტორის იულიუს პოლუქსის მიხედვით, თამაშში ბევრი ფიგურით თამაშობდნენ დაფაზე, რომელსაც „ქალაქი" ეწოდებოდა, თითოეულ ფიგურას კი „ძაღლი". ფიგურები ორი ფერისა იყო. მოთამაშეს მოწინააღმდეგის ფიგურა თავის ორ ფიგურას შორის უნდა მოექცია.
აქილევსი და აიაქსი თამაშობენ პეტეიას (გამოსახულება ძველბერძნულ ჭურჭელზე)
რომაელ ავტორებს შორის ლატრუნკულის პირველად ვარონი იხსენიებს (ძვ.წ. 116-27 წწ.) „ლათინური ენის"(De Lingua Latina) მეათე წიგნში. ასევე I საუკუნის პანეგერიკში პიზონის მიმართ (Laus Pisonis) და მარციალისა (I-II სს.) და ოვიდიუსის (ძვ.წ. I - ახ.წ. II სს.) ნაწარმოებებში. უკანასკნელი რომაელი ავტორი, რომელიც ლატრუნკულის იხსენიებს, მაკრობიუსია (V ს.). ადრეულ შუა საუკუნეებში კი ამ თამაშის შესახებ ცნობებს ვხვდებით ისიდორე სევილიელის „ეტიმოლოგიების" XI ტომში. კოლჩესტერში ჩატარებული გათხრების შემდეგ აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით, გაჩნდა ვარაუდი, რომ ლატრუნკულის უბრალო ფიგურების (ჯარისკაცების) გარდა დამატებითი ფიგურაც - Dux (მეთაური, სარდალი) ან Aquila (ლეგიონის არწივი) - ჰქონდა. ეს ვერსია მეტად საინტერესოა, რადგან თამაშს კიდევ უფრო დახვეწილს და მრავალფეროვანს ხდის (ნაწილობრივ წააგავს თაფლ-ს ტიპის თამაშებს, მაგალითად Hnefatafl-ს), ამიტომ ლატრუნკულის რეკონსტრუქციისას, ხშირად სწორედ ამ ვერსიას ამზადებენ.
ესეც ჩემი დამზადებული რეკონსტრუქცია. თუ ასეთს დაამზადებთ, დაგჭირდებათ: სახაზავი, ქაღალდი, ფანქარი, ტუში, საძერწი თიხა, ისეთი საღებავი რომ თიხაც გაამაგროს და სიპრიალეც ჰქონდეს (ფერადი მანიკურის გამოყენება შეიძლება).
პირველ რიგში, დავხატე დაფა
გამოვძერწე პრიმიტიული ფორმის ფიგურები
ფიგურები შევღებე წითლად და მწვანედ
მზადაა
ახლა კი გთავაზობთ თამაშის ყველაზე პოპულარული ვერსიის წესებს (თარგმნილია ვებ-გვერდიდან www.stormthecastle.com/):
1. თამაშის დაფა არის 96 უჯრიანი (12X8). თითოეულ მოთამაშეს ჰყავს 13 ფიგურა - 12 ჯარისკაცი და 1 სარდალი (Dux).
2. ყოველ ფიგურას შეუძლია იმოძრაოს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად (დიაგონალურად არა) თუ მოძრაობას არ ზღუდვას სხვა ფიგურა, ის მოგვაგონებს ჭადრაკის ეტლს. სვლების გამეორება არ შეიძლება - თუ ფიგურა ერთსა და იმავე პოზიციას სამჯერ დაიკავებს, მეტჯერ ამის გაკეთება აღარ შეეძლება.
3. მოწინააღმდეგის ფიგურის მოკვლა შესაძლებელია მის ორივე მხარეს საკუთარი ფიგურების განლაგებით. ეს ვერტიკალურადაც შესაძლებელია და ჰორიზონტალურად. ასევე, ფიგურას მოკლავთ, თუ ის კუთხეში დგას და ორი მხრიდან მიუდგებით თქვენი ფიგურებით. თქვენი სვლის დროს საკუთარ ფიგურას თუ მოწინააღმდეგის ფიგურებს შორის დააყენებთ ფიგურა არ მოგიკვდებათ, მხოლოდ მაშინ შეიძლება მისი მოკვლა, თუ მოწინააღმდეგე თავისი სვლის დროს დააყენებს ფიგურას ისე, რომ თქვენი ფიგურა მის ორ ფიგურას შორის მოექცეს.
4. თამაშის მოსაგებად, თქვენ ალყაში უნდა მოაქციოთ მოწინააღმდეგის სარდალი ისე, რომ მას სვლის გაკეთების შესაძლებლობა აღარ დარჩეს. არ არის აუცილებელი ოთხივე მხრიდან თქვენი ფიგურით დაიჭიროთ, შეიძლება თავისი ორი ფიგურა უზღუდავდეს სამოძრაო სივრცეს და თქვენ დანარჩენი ორი გზა გადაუკეტოთ ან დაფის კიდეში 3 ფიგურით ჩაუკეტოთY გზები, კუთხეში კი, 2 ფიგურით.
ახლა კი, დროა დავალაგოთ ფიგურები და შევუდგეთ ლუდუს ლატრუნკულორუმს, თამაშს, რომელსაც ძველ რომში შესაძლოა თვით მარკუს ანტონიუსი და იულიუს კეისარი, ავგუსტუსი და ტიბერიუსი, ვესპასიანე და ტიტუსი, ტრაიანე და ადრიანეც ეთამაშებოდნენ ერთმანეთს.
ნიკა ხოფერია
ნიკა ხოფერია