როუზმერი სატკლიფის „მეცხრე ლეგიონის არწივი"

დიდი ხანია მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა და ბოლო-ბოლო მივადექი ბერნარდ კორნუელის, კონ იგულდენის, საიმონ სკეროუსა და ისტორიული ჟანრის სხვა ავტორთა წაკითხვის შემდეგ. ძალიან საინტერესო და კარგი საკითხავია. ბევრად უკეთესია ვიდრე ამ წიგნის მიხედვით 2010 წელს გადაღებული ფილმი ცენტურიონი (Centurion) და მისი სიქველი „The Eagle". რომაული პერიოდის ბრიტანეთი სწორედ ასეთი ავტორების შემოქმედებით იქცა განსაკუთრებულად საინტერესო, მისტიკურ, საიდუმლოებებით მოცულ ადგილად, რომელზეც ამის შემდეგ მრავალი სამეცნიერო თუ მხატვრული ნაწარმოები დაიწერა და ფილმები შეიქმნა. 

წიგნში კარგადაა გადმოცემული შორეული რომაული პროვინციის, ბრიტანეთში არსებული მდგომარეობა II საუკუნეში, მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ადრიანემ კალედონიისა და ბრიტანული პროვინციების გამყოფი თავდაცვითი სიმაგრეების კომპლექსი - ადრიანეს კედელი - ააგო.  რომის IX ლეგიონი (Legio IX Hispana), რომელიც I საუკუნის ბოლოს ბრიტანეთში მსახურობდა, II საუკუნის 20-30-იან წლებში უკვე აღარ ჩანს და არც მისი გაქრობის ზუსტი მიზეზია ცნობილი - დაშალეს ეს ლეგიონი და სხვა ლეგიონებს შეუერთეს მისი ნაწილები (ასე ხდებოდა ხოლმე, ზოგჯერ ორ გაერთიანებულ ლეგიონს სახელად Gemina-ს ანუ ტყუებს უწოდებდნენ, მაგ. Legio XIII Gemina) თუ ბრძოლებში განადგურდა და აღარ აღუდგენიათ. ავტორმა გამოიყენა ის ფაქტიც, რომ IX ლეგიონი მონაწილეობდა ბრიტანეთის ცნობილი რომაელი გუბერნატორის იულიუს აგრიკოლას სამხედრო კამპანიაში 82-83 წლებში კალედონიაში, ბრიტანეთის ჩრდილოეთში, შოტლანდიისაკენ. 

  ბრძოლა მონს გრაუპიუსთან (შონ ო'ბროგაინის ნახატი)

ამ ლაშქრობისას IX ლეგიონის ბანაკს ღამით მოულოდნელად კალედონიელები დაესხნენ თავს და რომაელები ძლივს გადარჩნენ განადგურებას. თუმცა ლეგიონი გადარჩა და მონაწილეობდა 83 ან 84 წელს, მონს გრაუპიუსთან გამართულ ბრძოლაში, რომელშიც რომაელებმა აგრიკოლას სარდლობით სასტიკად დაამარცხეს კალედონიელები. ამის შემდეგ ბრიტანეთში IX ლეგიონი მხოლოდ ერთხელ 108 წელს ჩანს, ებორაკუმში რომაული ფორტის აღდგენისას. 104 წლიდან IX ლეგიონის რაზმების არსებობას სხვა რომაულ პროვინციებში ვარაუდობენ, ბატავიასა და გერმანიაში, ცალკეული „ბრიტანული" ვექსილაციის ანუ ლეგიონიდან გამოყოფილი დიდი სამხედრო შენაერთის შესახებაც არის ცნობები, რომელიც შეიძლებოდა IX ლეგიონიდან ყოფილიყო. ამ ბუნდოვანებამ და გაურკვევლობამ, როუზმერი სატკლიფს საშუალება მიეცა შეეთხზა საინტერესო ისტორია ლეგიონის განადგურებისა და ლეგიონის სიმბოლოს, ოქროს არწივის დაკარგვის შესახებ IX ლეგიონისათვის დაეკავშირებინა და საქმეში ჩაერთო ჩრდილოეთ ბრიტანეთისა და შოტლანდიის ტომები, რომელთაც უნდა ემოქმედათ დაახლოებით ისე, როგორც ტევტობურგის ტყეში ვარუსის ლეგიონების განადგურებისას გერმანულ ტომებს არმინიუსის სარდლობით. 
ე.წ. სილჩესტერის არწივი (ლეგიონის უფრთო არწივი, რომელიც აღმოჩნდა სილჩესტერში, ისტორიულ კალევა ატრებატუმში)

ლეგიონის არწივის დაკარგვა უდიდეს სირცხვილად და კატასტროფად ითვლებოდა. XII ლეგიონმა არწივი იუდეის აჯანყების დროს დაკარგა და მანამდე შერცხვენილი იყო სანამ თავზეხელაღებული სიმამაცით და საბრძოლო წარმატებებით, კვლავ არ დაიბრუნა ნდობა. ოქტავიანე ავგუსტუსმა მთელი მოლაპარაკებები ჩაატარა პართიელებთან, რათა კრასუსისა და მარკუს ანტონიუსის წარუმატებელი ლაშქრობისას დაკარგული ლეგიონის არწივები დაებრუნებინა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დეტალი როუზმერი სატკლიფისათვის იყო კალევა ატრებატუმში, სამხრეთ ბრიტანეთში მდებარე რომაული დასახლების ნაშთების გათხრებისას ნაპოვნი ლეგიონის არწივი, რომელსაც ფრთები აღარ აქვს შემორჩენილი. სწორედ ამ არწივის გარშემო აიგო მთელი რომანის მთელი სცენარი.
IX ლეგიონის აკვილიფერის (მეომარი რომელსაც ეკავა ლეგიონის არწივი) ლუციუს დუციუს რუფინუსის საფლავის ქვა/მემორიალი

მოკლედ - IX ლეგიონის „გაქრობა" II საუკუნეში, ლეგიონის არწივის მნიშვნელობა, განსაკუთრებული ინტერესი რომაული ბრიტანეთის შორეული პროვინციისადმი, კალედონიის იდუმალება, რთულად სავალი, ველური ადგილები და მის მაცხოვრებელთა თავზეხელაღებული ბრძოლა რომაელთა წინააღმდეგ, რომაელ ლეგიონერთა და ბრიტანულ ტომთა ცხოვრება, წეს-ჩვეულებები, რწმენა და ცოტ-ცოტა კიდევ ყველაფერი, რითაც ისტორიული რომანი შეიძლებოდა საინტერესო გამოსულიყო. 
რომანში მოქმედება ვითარდება რომაულ ბრიტანეთში, IX ლეგიონის კალედონიაში „გაუჩინარებიდან" 12 წლის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია IX ლეგიონის I კოჰორტის ცეტურიონის მარკუს ფლავიუს აკვილას (სიმბოლურია რომ აკვილა ლათინურად არწივს ნიშნავს) ვაჟი, ცენტურიონი მარკუს ფლავიუს აკვილა, რომელსაც ბრიტანეთში გზავნიან ერთ-ერთი დამხმარე, გალებისაგან შემდგარი კოჰორტის მეთაურად. აკვილას სურს გაარკვიოს რა დაემართა IX ლეგიონს და ლეგიონის I კოჰორტის ცენტურიონს მამამისს მარკუს ფლავიუს აკვილას, რომელიც პასუხისმგებელი იყო ლეგიონის არწივზე, არწივი კი დაიკარგა. „არწივის დაკარგვა ღირსების დაკარგვას ნიშნავს, ღირსების დაკარგვა კი ყველაფრის დაკარგვას", ამიტომ აკვილას სურს დაიბრუნოს დაკარგული არწივი და მამამისის და IX ლეგიონის ღირსება აღადგინოს, თანაც გაარკვიოს რა მოუვიდა IX ლეგიონს, რომლის შესახებ მხოლოდ ჭორები დადის და ზუსტად არ იციან რა გადახდა მას თავს. 
რომაული ბრიტანეთი

რომანის სხვა პერსონაჟებიდან გამორჩეულია აკვილას მონა გლადიატორი, ბრიგანტი ესკა, რომელიც გათავისუფლების შემდეგაც მის ერთგულ მეგობრად დარჩება და მონაწილეობას მიიღებს სახიფათო თავგადასავალში ლეგიონის ღირსების დაბრუნებისათვის. ასევე აღსანიშნავია კალევაში მცხოვრები მარკუსის ბიძის აკვილას, IX ლეგიონის ვეტერანისა და ერთ-ერთი უკანასკნელი გადარჩენილის გვერნის, ეგვიპტური წარმომავლობის კლავდიუს იერონიმიანის და რომაელების ნაშვილები პატარა ბრიტი გოგონას პერსონაჟები. 
რომანში გამოკვეთილია დამპყრობელი რომაელებისა და მათთან შეგუებული თუ მოწინააღმდეგე ბრიტების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, გათავისუფლებული მონის კვლავინდებური მორჩილება, ერთგულება ბატონისადმი, რომელიც მონისათვის მეგობრად იქცა და უნდობლობა ნდობამ შეცვალა. 
IX ლეგიონის დაღუპვის სცენა ფილმ „ცენტურიონიდან"(Centurion)

მიუხედავად ასეთი საინტერესო სცენარისა და შესანიშნავი ისტორიული ატმოსფეროსი, ჩემი აზრით, რომანის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი მეტნაკლებად ერთფეროვანია და ცოტა სიმძაფრე აკლია. მეტი საინტერესო დეტალის ჩასმა შეიძლებოდა. ვფიქრობ, ცოტა მეტი ინფორმაციაც რომაული ბრიტანეთის შესახებ, კიდევ უფრო მოუხდებოდა და „მსუყე" საკითხავად აქცევდა. 
მაგრამ საერთო ჯამში, როუზმერი სატკლიფის წიგნი IX ლეგიონის შესახებ შესანიშნავი ისტორიული რომანია და ყველას, ვისაც რომის ისტორია აინტერესებს და მხატვრული ლიტერატურაც უყვარს, ვურჩევ წაიკითხოს (ინგლისურად, რუსულად, გერმანულად, მოკლედ თითქმის ყველა ევროპულ ენაზე ქართულის გარდა, რადგან ქართულად არ გვაქვს ისევე როგორც ამ ჟანრის ლიტერატურის კლასიკოსების 99%). და კიდევ, პატარა იმედს ვიტოვებ, რომ ამ წიგნს ქართულ ენაზეც ვიხილავ. 

ნიკა ხოფერია