იესო ნავეს ძე (იეხოშუა ბინ ნუნი) ებრაელთა ბიბლიურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო მეთაური იყო, რომელმაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ქანაანის დაპყრობაში. მისი მოღვაწეობა ძველი აღთქმის მეექვსე წიგნში „იესო ნავეს ძეშია" აღწერილი.
იესო ნავეს ძე წარმოშობით იყო ებრაელი ეფრემის ტომიდან. თავდაპირველად ოსია ერქვა, მაგრამ როდესაც მოსემ სხვა თერთმეტი ტომის წარმომადგენელთან ერთად ისიც ქანაანის დასაზვერად გაგზავნა სახელი შეუცვალა და იესო (იეხოშუა) უწოდა.
როდესაც ეგვიპტიდან გამოსულმა ებრაელებმა უდაბნოში შედგეს ფეხი, მაშინვე საფრთხე დაემუქრათ იქ მცხოვრები მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ტომებისგან. ამალეკები მოსეს წინამძღოლობით ეგვიპტიდან გამოსული ებრაელების პირველი მტრები აღმოჩნდნენ. მოსე იძულებული გახდა ამალეკებს შებრძოლებოდა და მათგან მომდინარე საფრთხე აღეკვეთა. მთავარი ბრძოლა რეფიდიმთან მოხდა. ორი არმია ერთმანეთის პირისპირ განლაგდა. მოსემ ჯარის სათავეში ჩააყენა ახალგაზრდა, მაგრამ სამხედრო საქმის კარგი მცოდნე სარდალი, იესო ნავეს ძე. თავად მოსე კლდეზე იდგა და აარონთან და ხურისთან ერთად ბრძოლის მსველობას თვალს ადევნებდა. ბრძოლაში ებრაელებს მხოლოდ ქვეითი მეომრები ჰყავდათ, თუმცა საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებულები შუბებითა და ფარებით და სავარაუდოდ, ეგვიპტელთაგან გადმოღებული სამხედრო წესებითა და წყობით იბრძოდნენ, ხოლო ამალეკებს, რომლებიც მომთაბარე ხალხები იყვნენ ჰყავდათ არამარტო ქვეითი მებრძოლები, არამედ აქლემებსა და ცხენებზე ამხედრებული მშვილდოსნები და შუბოსნებიც ჰყავდათ.
იესო ნავეს ძე ებრძვის ამალეკებს (ნიკოლა პუსენის ნახატი, XVII ს.)
თუმცა ამალეკების ჯარს არ ჰქონდა დისციპლინა და ისეთი საბრძოლო შემართება, როგორიც ეგვიპტიდან გამოსულ და უსამშობლოდ დარჩენილ ებრაელებს. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. ამალეკების მეთაურმა სწრაფად დაძრა ჯარები შეტევაზე, თუმცა ებრაელთა ერთსულოვანი მოქმედების შედეგად ამალეკებმა ვერ მოახერხეს მტრის მჭიდრო რიგების გარღვევა, ებრაელთა კონტრშეტევის შემდეგ კი ისინი სასტიკად დამარცხდნენ და უამრავი მეომარი დაკარგეს. იესო ნავეს ძე მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის მეომრებთან ერთად იბრძოდა და რეფიდიმთან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მას შემდეგ იესო მოსეს მარჯვენა ხელად იქცა და ყოველთვის მის გვერდით იდგა, სანამ მოსე არ გარდაიცვალა და ძალაუფლება მის ხელში არ გადავიდა. ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძეს ღმერთმა ჩააგონა, თუ როგორ უნდა გადაეყვანა მდინარეზე ხალხი. თორმეტივე ტომის თითო-თითო წარმომადგენელმა ქვით ხელში ადვილად გადალახა იორდანე აღთქმის კიდობანთან ერთად, შემდეგ კი მათ მთელი ხალხი უკან გაჰყვა. მდინარის გადალახვის შემდეგ, იესო ნავეს ძის ბრძანებით მოხდა ებრაელ მამაკაცთა წინადაცვეთა გიბყათ-ჰაყარალოთში, რის შემდეგაც ქანაანელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მომზადებისთვის ისრაელიანები გილგალში გაჩერდნენ. პირველი ქალაქი, რომელიც იესო ნავეს ძემ აიღო, იერიხონი იყო, სადაც მან მზვერავები ჯერ კიდევ შიტიმიდან გაგზავნა იორდანეს გადალახვამდე.
იერიხონი (XIV ს. ებრაული ბიბლიიდან)
ბიბლიის მიხედვით ეს მზვერავები იერიხონის გალავანში გამოჭრილ სახლში მცხოვრებ მეძავ რახაბთან გაჩერდნენ და დახმარების სანაცვლოდ მისი და მისი ოჯახობის გადარჩენა აღუთქვეს. რახაბის დახმარებით ისინი თოკით ჩამოცოცდნენ გალავნიდან და შიტიმში დაბრუნდნენ. იერიხონელ მეძავს თავის სახლზე წითელი თოკი უნდა გამოეკიდა, რომ ებრაელებს სცოდნოდათ მისი ვინაობა და არ მოეკლათ. იესო ნავეს ძეს ფარული გეგმა ჰქონდა მოფიქრებული ქალაქის ასაღებად. ბიბლიის მიხედვით მას უფალმა ჩააგონა, რომ შვიდი დღის განმავლობაში ქალაქის გარშემო თითოჯერ შემოეტარებინა აღთქმის კიდობანი და ჯარი, მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოევლოთ იერიხონის გალავანი, შემდეგ კი მღვდლებს ბუკში უნდა ჩაებერათ და გალავნები დაინგრეოდა. ბიბლიური აღმოსავლეთის ეპოქის მკვლევარების მიხედვით, სწორედ მეძავი რახაბის სახლი იქცა იესო ნავეს ძის ჭკვიანური გეგმის მთავარ ნაწილად. ბიბლიიდან კარგად ჩანს, რომ მეძავი რახაბის სახლი გალავანში იყო გამოჭრილი და იქიდან ებრაელი მსტოვრები ადვილად ჩავიდნენ თოკით სამშვიდობოს. როდესაც ნახეს, რომ ეს ძალიან ადვილი იყო, ებრაელთა მამაცმა და ცბიერმა მეთაურმა ბრძანა რახაბის სახლში უფრო მეტი გამოცდილი და კარგად შეიარაღებული მეომარი გაეგზავნათ რიგ-რიგობით, რათა იერიხონელებს არ შეემჩნიათ. ეს მეომრები იქ თავს მოიყრიდნენ და საჭირო დროს მოქმედებას დაიწყებდნენ. რახაბის სახლზე გადმოკიდული წითელი თოკი არა ნიშანი, არამედ ერთგვარი კიბე იყო, რომლითაც იესოს მეომრები გალავანზე ავიდნენ. როდესაც ებრაელებმა ქალაქის გარშემოვლა დაიწყეს და მეშვიდე დღეს შვიდჯერ გარშემოვლის შემდეგ ბუკს ჩაბერეს (რაც ნიშანი იყო რახაბის სახლში დამალული მეომრებისთვის), ებრაელი მეომრები რახაბის სახლიდან გამოცვივდნენ და ქალაქის კარიბჭის მცველებს შეუტიეს. მოულოდნელი შეტევისგან იერიხონის მცველები დაიბნენ და დაიფანტნენ. შემდეგ ებრაელებმა შიგნიდან გააღეს ქალაქის კარიბჭე და თავისიანები შემოუშვეს, რომლებიც იესო ნავეს ძის მეთაურობით შეიჭრნენ იერიხონში და ქალაქის რბევა დაიწყეს. ისრაელიანებმა აიკლეს ქალაქი, მიწასთან გაასწორეს შენობები, ხალხი კი დახოცეს. მთელი იერიხონიდან ცოცხალი მხოლოდ რახაბი და მისი ოჯახობა დარჩა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს იერიხონელი ქალი თვითონ იესო ნავეს ძემ შეირთო ცოლად.
იესო ნავეს ძე წვავს ქალაქ ჰაღაის (გუსტავ დორე, 1866)
მეორე ქალაქი, რომელიც ებრაელებმა აიღეს ქანაანში, ჰაღაი იყო. ამ ქალაქის აღებისას იესო ნავეს ძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა მხედართმთავრული ნიჭი. თავდაპირველად მან ჰაღაის წინააღმდეგ სულ სამიათასამდე კაცი გაგზავნა (ჰაღაი პატარა ქალაქი იყო), მაგრამ მოხდა ისე, რომ ქალაქის მცხოვრებლებმა დაამარცხეს ებრაელთა ჯარის ეს ნაწილი და შეტევა მოიგერიეს. ბიბლია ამ მარცხს ებრაელ ყაქან ქარმის ძეს აბრალებს, რომელმაც იესო ნავეს ძის მიერ აკრძალული განძიდან წილი აიღო. ყაქანი ისრაელიანებმა მაშინვე ჩაქოლეს როდესაც ეს შეიტყვეს. თუმცა ეს მარცხის ნამდვილი მიზეზი არ იყო, უბრალოდ სამი ათასი მეომარი არ გამოდგა საკმარისი, რათა პატარა, მაგრამ არცთუ ისე სუსტი ქალაქი აეღოთ. ჰაღაიზე მეორე ლაშქრობაში იესო ნავეს ძემ უფრო მეტი მეომარი გამოიყვანა და ქალაქთან ახლოს, მოხერხებულ ადგილზე ჩაასაფრა, თვითონ კი შედარებით მცირე ჯარით ჰაღაის მიადგა. როდესაც ქალაქის მეფემ მტრის მცირერიცხოვანი ჯარი შეამჩნია, მაშინვე შეუტია მთელი თავისი არმიით. ებრაელებმა მანევრი დაიწყეს და უკან დაიხიეს, რათა მოწინააღმდეგე შორს გაეტყუებინათ. მართლაც სანამ ჰაღაის მეფე ისრაელიანთა ერთ ნაწილს მისდევდა, მეორე ნაწილმა, რომელიც იესომ ჩაასაფრა, მოახერხა ცარიელი ქალაქის დაკავება და განადგურება. ამის შემდეგ ებრაელებმა ჰაღაელებს ორივე მხრიდან შეუტიეს იესო ნავეს ძის მეთაურობით და მთლიანად გაანადგურეს. ქალაქიდან ებრაელებმა პირუტყვი წაიყვანეს და ნადავლი წაიღეს.
იესო ნავეს ძემ კავშირი შეკრა გაბაონელებთან, ქანაანის ერთ-ერთ ხალხთან. ბიბლიის მიხედვით გაბაონელებმა ამას მოტყუების გზით მიაღწიეს. იმავე პერიოდში ებრაელების წინააღმდეგ ძალები გააერთიანეს ხეთელებმა, ამორევლებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა. იერუსალიმის იებუსეველმა მეფემ, ადონი-ცედეკმა, რომელიც შეშინებული იყო იესო ნავეს ძის ძლიერებით, დახმარებისთვის მიმართა ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიყს, ლახიშის მეფეს და დებირს, ყეგლონის ხელმწიფეს. მეფეებმა შეკრიბეს ჯარები და გაბაონისკენ დაიძრნენ. მათ სურდათ იესო ნავეს ძის მოკავშირე ეს ქანაანური ტომი მოესპოთ. გაბაონელებმა დახმარება იესო ნავეს ძეს სთხოვეს, რომელმაც აღარ დააყოვნა და თავისი არმიით გილგალიდან მოკავშირის მისაშველებლად დაიძრა. ჭკვიანმა ებრაელმა სარდალმა გადაწყვიტა მტერს მოულოდნელად დასცემოდა თავს. მან ეს მოახერხა გილგალიდან შეუჩერებელი მარშის შემდეგ. დაბნეული მოკავშირე მეფეები თავიანთი ჯარით ბრძოლიდან გაიქცნენ, მაგრამ ისრაელიანები დაედევნენ მათ ბეთ-ხორონის მაღლობზე და ყაზეკამდე და მაკედამდე ხოცავდნენ. ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძემ მზეს უბრძანა არ ჩასულიყო მანამდე, სანამ ებრაელები მტერს მთლიანად არ გაანადგურებდნენ. ხუთივე მოწინააღმდეგე მეფე იესო ნავეს ძის ბრძანებით დახოცეს და ხეებზე ჩამოკიდეს. იმავე დღეს ისრაელთა ჯარმა იერიშით აიღო მაკედა. რამდენიმე დღეში იესო ნავეს ძის მეთაურობით აიღეს ქალაქი ლიბნა, შემდეგ კი ლახიში. ებრაელები არ ჩერდებოდნენ და რიგრიგობით იღებდნენ ქალაქებს: ყეგლონს, ხებრონს, დაბირს, დაიპყრო შეფელა და მისი ძირები, პალესტინის მთიანეთი, კადეშ-ბარნეა და გაბაონი.
ქანაანის ხალხები
ქანაანის ხალხები უბრძოლველად არ დანებდნენ ებრაელებს და ხაცორის მეფის, იაბონის მეთაურობით კიდევ ერთი კოალიცია შექმნეს. ამ კოალიციაში გაერთიანდნენ: იობაბი, მადონის მეფე, შიმრონის მეფე, აქშაფის მეფე, ასევე შეფელასა და ნაფთონ-დორში მდებარე სამეფოების ხელმწიფეები, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელები, ამორევლები, ხეთელები, ფერიზელები, მთის იებუსეველები და მიფცის ხეთები. ბიბლიის მიხედვით ახალი კოალიციის ჯარები ქვიშასავით ურიცხვი იყო და შემდგარი იყო არამარტო ქვეითებისგან, არამედ საბრძოლო ეტლებისაგან, რაც მაშინ დიდ ძალად ითვლებოდა. ბრძოლა მერიმის წყლებთან მოხდა. იესო ნავეს ძის ჯარი მოულოდნელად დაესხა მტერს თავს და დაამარცხა. იესოს ბრძანებით მოწინააღმდეგის ცხენებს ძარღვები გადაუსერეს, რათა ქანაანელებს ბრძოლაში ეტლები არ გამოეყენებინათ. მოკავშირეების ჯარის განადგურების შემდეგ იესო ნავეს ძემ შტურმით აიღო ხაცორი და მისი ზოგიერთი მოკავშირის ქალაქი. ებრაელებმა ილაშქრეს ნეგებში, შეფელაში და ყარაბაში. იესო ნავეს ძის მეთაურობით ისრაელიანებმა გაანდგურეს ყანაკებიც, რომლებიც ქანაანში ებრაელთა უკანასკნელი მოწინააღმდეგეები გამოდგნენ. მთელი ქანაანური ლაშქრობის დროს ისრაელიანთა მეთაურმა ოცდათერთმეტი მეფე დაამარცხა.
იესო ნავეს ძის სიცოცხლის ბოლო წლებში ებრაელებმა დაიწყეს ქანაანის მიწების განაწილება და დასახლება. ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძე 110 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოსეს ღირსეული შემცვლელი და ქანაანის დამპყრობელი ისრაელიანებმა თიმნათ-სერახში დამარხეს, ეფრემის მთაზე.
ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია