ხუთი ლაშქრის ბრძოლა

ხუთი ლაშქრის ბრძოლა ტოლკიენის სამყაროს ერთერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული მოვლენაა,

რადგან ამ შეტაკებაში მონაწილეობა შუამიწეთის თითქმის ყველა ხალხმა მიიღო, მათ შორის;ელფებმა, ადამიანებმა, ჯუჯებმა, არწივებმა და ვარგებმა. მოქმედება ბეჭდის ომის დაწყებამდე ვითარდება მარტოსული მთის მიდამოებში, სადაც ჯუჯებმა თორინის მეთაურობით თავიანთ სიმდიდრეს მიაკვლიეს, რაც ომის მიზეზად იქცა, რადგან წილის მისაღებად იქ თავი ადამიანებმა და ელფებმა მოიყარეს, ხოლო თორინის დასახმარებლად ჯუჯათა მეფე დაინი მივიდა.

ბრძოლის მეთაურები:

დაინი(ჯუჯები), თრანდუილი(ელფები), ბარდი(ადამიანები), ბეორნი(თავისუფალი), ბოლგი(ორკები, გობლინები, ვარგები).

ბრძოლის მონაწილე რასები:

არწივები
არწივები არდას სამყაროს განუყოფელი ნაწილნი არიან. ეს არსებები ხშირად ეხმარებოდნენ შუამიწეთის ხალხებს და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მათთან. არწივები ზომით ძალიან დიდები და ღონივრები გახლდნენ და მძიმე ტვირთის ზიდვაც შეეძლოთ, ხოლო ბრძოლაში თავდაუზოგავად იბრძოდნენ და არდას ხალხებს დახმარებასაც უწევდნენ, მაგალითად ხუთი ლაშქრისა და ბეჭდის ომის ბრძოლებში. არწივთა რაოდენობა არ არის ცნობილი, თუმცა ისინი საკმაოდ მრავალრიცხოვანნი იყვნენ და საკუთარი მეფეც ჰყავდათ. ბეჭდის ომის ქრონიკაში ყველაზე ცნობილი არწივი, მეფე გვაიჰირი ანუ გრიგალთმეუფე იყო. ის ცხოვრობდა ნისლიანი მთების ჩრდილოეთით, ქვეშევრდომებად კი ბევრი არწივი ჰყავდა. 3018 წელს სწორედ გრიგალთმეუფემ გადაარჩინა გენდალფი ორჯერ: სარუმანის კოშკის სახურავზე ტყვეობისას და ბალროგის დამარცხების შემდეგ. 3019 წელს არწივები დაუპირისპირდნენ საურონის ნაზგულებს, რომლებიც ციდან ესხმოდნენ თავს როჰირიმებისა და გონდორელების ჯარს. გრიგალთმეუფემ გადაარჩინა ფროდო აბგელი და სემ გემჯიც, რომლებიც ბეჭდის განადგურების შემდეგ ოროდრუინის მთის ფერდობზე იყვნენ. არწივებმა მონაწილეობა მიიღეს ხუთი ლაშქრის ბრძოლაში და ორკებისა და ღამურების წინააღმდეგ იმოქმედეს.
ჯუჯები
ჯუჯები ვალარმა, აულე-მჭედელმა შექმნა. იგი მოუთმენლად ელოდა ილუვატარის შვილების გამოღვიძებას და ამ მოუთმენლობისა და ცნობისმოყვარეობისაგან შექმნა თავისი რასა – ჯუჯები. მან ჩაჰბერა მათში მდგრადობისა და გამტანობის სული, ასევე გამოიკვეთა მათი ხასიათი თავის ცოდნასა და ინტერესებზე დაყრდობით. ჯუჯები ბელერიანდში დასავლეთიდან შემოვიდნენ ცისფერი მთების გავლით, რითაც დატოვეს თავიანთი პირველი კვალი ისტორიაში და ელფებმაც ისინი თავიანთ ქრონიკებში აღრიცხეს. შვიდ უხუცეს ჯუჯა-მთავრებიდან ერთ-ერთმა, დურინ უკვდავმა დაარსა “კჰაზად-დუმი” ანუ მორია, ნისლიან მთებში. ბელერიანდში ჯუჯების ორი ნაკადი იყო ცნობილი დაბალი ჯუჯები და ნაუგრიმები, რომლებიც თავიანთ თავს “კჰაზადს” უწოდებდნენ. როგორც ცნობილია ჯუჯებს თავიანთი ენა “კჰუზდული” ჰქონდათ. ჯუჯები ცნობილები იყვნენ როგორც ძლიერებითა და ამტანობით, ასევე მრისხანებით, გამოირჩეოდნენ მებრძოლი ხასიათითაც და შესანიშნავ მეომრებად ითვლებოდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს:
ბელერიანდის პირველ ბრძოლაში, უთვალავი ცრემლის ბრძოლაში, ათასი გამოქვაბულის ბრძოლაში, სარნ-ათრადის ბრძოლაში, უკანასკნელი კავშირის ომში, ჯუჯებისა და ორკების ომში, ხუთი არმიის ბრძოლაში და ბეჭდის ომში.
ჯუჯებს მთელს არდაში ტოლი არავინ ჰყავდათ მჭედლობის ხელოვნებაში. ისინი შესანიშავ ნივთებს ამზადებდნენ, მათ შორის საბრძოლო აღჭურვილობას. მათი მოგონილია მითრილიც – დრაკონის ტყავივით მტკიცე აბჯარი, რომელიც მითრილისგან მზადდებოდა. ხუთი ლაშქრის ბრძოლაში ისინი დიდი ძალებით არ მისულან, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს ორკების განადგურებაში. ბრძოლაში მონაწილეობა მიიღეს მეფე დაინის მებრძოლებმა და თორინ მუხისფარის თანამეგზურებმაც, რომელთა შორის ზოგიერთი ბრძოლის ველზე დაეცა.

ელფები
ელფები მთელს არდაში უბრწყინვალესი რასაა, რომელიც ყველაზე ადრე გაჩნდა შუამიწეთში, დიდი ხნით ადრე სანამ ადამიანები და ჯუჯები გაჩნდებოდნენ. ელფები ძალიან ლამაზები არიან. მათი სიმაღლე ორ მეტრამდე მერყეობს, თუმცა არსებობენ უფრო მაღალი ელფებიც. ისინი
ფლობენ დიდ სპირიტულ ძალებსაც, თუმცა ჯადოქრობას ვერ იყენებენ. ელფები უკვდავები არიან, მათი სხეული ზრდას 100 წლის ასაკში წყვეტს, როდესაც ისინი უკვე 20-დან 30-წლამდე ადამიანის მსგავსად არიან. ელფებს არ ავადდებიან, არ იყინებიან და არც ბერდებიან. ამ რასის წარმომადგენლები გამოირჩევიან საოცრად მახვილი მხედველობით, რისი წყალობითაც შეუძლიათ ჰორიზონტის ხაზზე შორსაც კი გაიხედონ. მამაკაც ელფებს სახეზე წვერი არ ეზრდებათ.
ისევე როგორც ორკები, ელფებიც ორ რასად იყოფიან: ნათელი ელფები(კალაქუენდი) და ბნელი ელფები(მორიქუენდი). ელფებს აქვთ სამი ძირითადი კლანი: ვანიარები, ნოლდორები და ტელერი.
ელფები იბრძოდნენ ბნელი ბატონის, მელკორის წინააღმდეგ და მართალია თავიდან მარცხს განიცდიდნენ, მაგრამ საბოლოოდ ვალაერებმა იმარჯვეს და მელკორი სამყაროს კიდეებიდან გააძევეს, ხოლო ბელერიანდი ჩაძირეს, რის შემდეგაც შუამიწეთიდან უამრავი ელფი წავიდა. დარჩენილმა ელფებმა ორი სამეფო, გილ-გალადი და ერეგიონი შექმნეს. გილ-გალადი ბეჭდის პირველ ომში დაეცა, ერეგიონი კი მასზე უფრო ადრე დაიშალა. საბოლოოდ ელფების უდიდესი ნაწილი გასცილდა შუამიწეთს II ბეჭდის ომის შემდეგ, როდესაც შუამიწეთი ელრონდმა და გალადრიელმა დატოვეს.
ელფები კარგი მეომრები იყვნენ. განსაკუთრებით სახელი გაითქვეს მშვილდოსნობით. ისინი ატარებდნენ მტკიცე, მაგრამ საკმაოდ მსუბუქ აბჯარს, ხოლო ხელჩართულ ბრძოლაში იყენებდნენ შუბებს, ხმლებს და დანებს. ელფები გამოირჩეოდნენ ფიზიკური ძალით და გამძლეობითაც.
ხუთი ლაშქრის ბრძოლაში მონაწილეობა ტყის ელფებმა მიიღეს, რომლებიც ელდარის ელფებთან შედარებით ნაკლებად განვითარებულები იყვნენ. მათი განთქმული მეფე თრანდუილი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ბნელტევრს მართავდა. ბეჭდის პირველი ომის დროს ბნელტევრის ელფებმა ბოროტი ძალის წინააღმდეგ დიდი არმია გამოიყვანეს. ომში გადარჩენილი ელფები თრანდუილმა, ოროფერის ძემ ჩაიბარა და ბნელტევრის მეფე გახდა. სწორედ თრანდუილი იყო ბეჭდის საძმოს წევრის, ლეგოლასის მამა. ტყის ელფებს არ უყვართ ჯუჯები და მათთან მუდამ უთანხმოება აქვთ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ თორინ მუხისფარს და მის ჯუჯებსაც, მაგრამ ხუთი ლაშქრის ბრძოლაში მათთან ერთად იბრძოლეს. ელფები ომში მამაცი და ჭკვიანი სამხედრო ლიდერის მეთაურობით იღებდნენ მონაწილეობას და ჰყავდათ ძლიერი და კარგად აღჭურვილი ჯარიც, ამიტომ ხუთი ლაშქრის ბრძოლაში დიდი როლი ითამაშეს.

ადამიანები
ადამიანები შუამიწეთში მზის გაჩენის შემდეგ წარმოიშვნენ. ისინი ძალიან გვანან ელფებს, მაგრამ მოკვდავები არიან. ელფებმა მათ ყველაფერი შეასწავლეს და სწრაფად განავითარეს ეს ახალი რასა, რომელიც შემდეგ სამ ჯგუფად გაიყო: ჰადორი, ჰალეთი და ბეორი.
ბნელი ბატონი მელკორი ცდილობდა ადამიანებიც დაემონებინა და ეს ნაწილობრივ შესძლო კიდეც. იმ ხალხს, რომელიც ბნელ ბატონს გაჰყვა აღმოსავლელები ეწოდათ, ხოლო ვინც თავი აარიდა ბოროტ ძალებს ედაინები. ადამიანთა ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული ნაწილი, დუნადანები ელფებს გაჰყვნენ და კუნძულ ნუმენორზე დასახლდა. ბოროტმა საურონმა მოახერხა ნუმენორების ელფებზე გადაკიდება, მაგრამ ამას მოჰყვა ის, რომ დუნადანების მეფე არ-ფარაზონი თავისი ფლოტით და ჯარით ზღვაში ჩაიძირა, ხოლო ნუმენორი ჩაიძირა. გადარჩენილმა დუნადანებმა შუამიწეთს მიაღწიეს და იქ ორი სამეფო: არნორი და გონდორი დაარსეს. არნორი მალე დაეცა, ხოლო გონდორი კვლავ აგრძელებდა ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ.
ხუთი ლაშქრის ბრძოლაში ადამიანთა რასიდან მონაწილეობა ტბის ქალაქ ესგაროთის მეფემ ბარდმა და მისმა ჯარმა მიიღეს. ესგაროთი ტბის ქალაქი იყო, რომელიც მთლიანად ხით ააგეს. ქალაქი უმთავრესად სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა. აქ ჩადიოდნენ ჯუჯები, ელფები და ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან და ადამიანებთან ვაჭრობდნენ. ესგაროთი საბოლოოდ დრაკონმა სმაუგმა გაანადგურა ხუთი ლაშქრის ბრძოლამდე, თუმცა ერთმა მამაცმა მშვილდოსანმა, ბარდმა ისრით განგმირა დრაკონი, რის გამოც გადარჩენილმა ქალაქელებმა თავიანთ მეფედ აირჩიეს. ესგაროთი ფაქტიურად არავის ემორჩილებოდა და დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო იყო, რომლის მმართველად ხალხი ირჩევდა ღირსეულ ადამიანს.
ადამიანები კარგად იყვნენ შეიარაღებულები, თუმცა მძიმე აბჯარ-საჭურველი უმეტესობას არ ჰქონდა, სამაგიეროდ ხმარობდნენ მშვილდ-ისრებს, ხმლებს, შუბებს და ფარებს. ხუთი ლაშქრის ბრძოლაში მათ მამაცი და ჭკვიანი მეთაური, ბარდი მიუძღოდათ ამიტომ ელფებთან ერთად სწორედ მათ შეასრულეს მთავარი როლი ამ შეტაკებაში.
ორკები და გობლინები
ორკები არდაში მცხოვრები ყველაზე მრავალრიცხოვანი რასაა, რომელიც ბოროტებას ემორჩილება და ემონება. რადგან ორკები ადამიანებზე ათასწლეულებით ადრე გაჩნდნენ მათ წარმომავლობას ელფებს მიაწერენ. “სილმარილიონის” მიხედვით ეს რასა ბნელი მბრძანებლის, მელკორის მიერ ნაწამები და გატანჯული ელფებისაგან წარმოიშვა, რომლებიც არდას პირველი ორკები გახდნენ. თავდაპირველად ისინი უსულოები ანუ გოლემები იყვნენ, შემდეგ კი როდესაც მელკორი დაეცა ისინიც განადგურდნენ, ხოლო ახლად წარმოქმილ ორკებს უკვე გააჩნდათ სული. ორკები ბუნებით ბოროტები არ არიან, მაგრამ მათი მოდგმა უარყოფითი სახისაა და მათი გამოსწორება შეუძლებელია.
ორკები საკმაოდ დაბალი, წელში მოხრილი, ფეხემოღუნული და გრძელმკლავება მახინჯი არსებები არიან. მათ აქვთ წითელი, მწვანე ან ყვითელი თვალები და შავი კანი, რაც საზარელ იერს სძენთ. ტანზე ორკებს სქელი და უხეში ჯაგარი აქვთ, ხოლო კბილების მაგივრად – ეშვები. მათი სამოსი ცხოველის ტყავისგან მზადდება. ორკები ძალიან ბინძურები და ველურები არიან რაც მათ მიმართ კიდევ უფრო ამძაფრებს სიძულვილს. ამ რასის წარმომადგენლები კარგი მეომრები არიან და იყენებენ აბჯარ-საჭურველს. ორკების აბჯარი შავია და უხეშადაა გამოჭედილი, ხოლო იარაღად ხმარობენ შუბებს, მოკლე მშვილდ-ისრებს შხამიანი ისრებით, გრძელ და უხეშ დანებს, ფარს და ნისკარტიან მუზარადებს. ორკებს ჰყავთ ბელადები და სარდლები, რომლებიც მათ ბრძოლაში მიუძღვიან. მეთაურებს ძლიერ და სისხლმოწყურებულ ოჯახებიდან ირჩევენ. თავად ეს მეთაურები თავიანთზე უფრო მძლავრებს ემორჩილებიან, მაგალითად საურონის ნაზგულებს. ეს ბნელი რასა მცირედ ჯადოსნურ ძალასაც კი ფლობს. ორკებში საკმაოდ განვითარებულია მედიცინა, თუმცა ეს მეტად მტკივნეული სახით ხდება.
ყველაზე დიდი სისუსტე რაც ორკებს ახასიათებთ შინააშლილობა და მუდმივი ომები თავისივე თანამემამულეებთან.
არსებობენ ორი სახის ორკები: ურუკ ჰაი(ორკთა მოდგმა) და სნაგა(მონა). ურუკ ჰაის მოდგმა მაღალი, ძლიერი ორკებისგან შედგება, რომლებიც ომისთვის არიან დაბადებულები, ხოლო სნაგები უფრო სუსტები და უძლურები არიან, თუმცა ბრძოლა მათაც ძალუძთ.
ორკებს აქვთ თავიანთი ენები, თუმცა არსებობს საერთო ენაც, რომელსაც ისინი ბარად-დურში (საურონის ციხე-სიმაგრე), მინას მორგულში და დოლ-გუდურში იყენებენ. ამ ენაზე ყველაზე ცნობილი წარწერაა: “აშ ნაზგ დურბატულუკ, აშ ნაზგ გიმბატულ, აშ ნაზგ თრაკატულუკ, აგ ბურზუმ-იში კრიმპატულ” – სიტყვები, რომლებიც ძალაუფლების მთავარ ბეჭედზეა ამოკვეთილი.
ორკებს არ უყვართ სინათლე და მზის შუქზე არ არიან ისეთი ძლიერები და მოხერხებულები, როგორც ბინდში.
გობლინები ორკების მსგავსად დაბალი, ბინძური არსებები არიან, რომელთაც არანაირი ცხოვრების აზრი არ გააჩნიათ. ისინი დაძრწიან ბნელ და საშიშ ადგილებში. აღჭურვილები არიან ორკებთან შედარებით უფრო მსუბუქი იარაღით. ზოგადად ორკებსა და გობლინებს შორის განსხვავება მეტად მცირეა. ორკების მოდგმის დროშები უმთავრესად შავი და მუქი წითელი ფერისა იყო და ხის მოკლე შტანდარტებზე ეკიდა.
5 ლაშქრის ბრძოლაში გობლინებს და ორკებს ჩრდილოელი ორკების ბელადი ბოლგი მეთაურობდათ, რომელსაც თავისი ჯარისთვის ვარგებიც შეერთებინა. ორკებს შეეძლოთ ვარგებზე ამხედრებულიყვნენ და ისე ებრძოლათ, რაც მათ საბრძოლო შესაძლებლობებს აორმაგებდა. ეს ერთგვარი უპირატესობაც იყო ხუთი ლაშქრის ბრძოლაში დანარჩენ ძალებთან. მიუხედავად ამისა ბოლგი არ გამოდგა კარგი მხედართმთავარი, რასაც თქვენ ბრძოლის მიმდინარეობისას მიხვდებით. ასე რომ ხუთი ლაშქრის ბრძოლაში ორკთა მოდგმა ძლიერი არმიით თუმცა არცთუ ჭკვიანი სარდლის მეთაურობით ერთვებოდა.

ბრძოლა
ხუთი ლაშქრის ბრძოლაში თავდაპირველად ელფები, ადამიანები და ჯუჯები მონაწილეობდნენ. ელფები და ადამიანები ბარდისა და თრანდუილის მეთაურობით ჯუჯებს უტევდნენ, რომელთაც ეული მთის განძის დათმობა არ სურდათ. თორინ მუხისფარს მიეხმარა ჯუჯათა 500 მებრძოლისაგან შემდგარი რაზმი მეფე დაინის მეთაურობით. მოულოდნელად გენდალფი გამოჩნდა და მეომარ მხარეებს ორკებისა(გობლინების) და ვარგების გამოჩენის შესახებ აუწყა. ორკები განსაკუთრებით თორინის ჯუჯების წინააღმდეგ მოიჩქაროდნენ, რომლებიც მათი ტყვეობიდანაც გაიქცნენ და მეთაურიც მოუკლეს. ორკთა მეთაური ბოლგი კი დაინზე შურის საძიებლად მიიწევდა, რადგან სწორედ დაინმა მოუკლა მამა, დიდი აზოგი აზანულბიზართან ბრძოლისას. ორკების ნაწილი ამხედრებული იყო ვარგებზე. ასევე მათ ახლდათ ღამურების არმია. ჯუჯები, ელფები და ადამიანები გაერთიანდნენ და გადაწყვიტეს ორკები ხაფანგში მოექციათ და ისე გაენადგურებინათ, რადგან ეს უკანასკნელები დიდად აღემატებოდნენ რაოდენობით მათ ლაშქარს. ელფები მთის სამხრეთ შვერზე განლაგდნენ, ხოლო ჯუჯები და ადამიანები აღმოსავლეთ შვერზე. ასეთი წყობით ისინი ალყაში აქცევდნენ ორკებს და ორივე ფლანგიდან შეეძლოთ ემოქმედათ. ელფებს და ადამიანებს განსაკუთრებით თავიანთი გაწაფული მშვილდოსნების იმედი ჰქონდათ. ელფების მშვილდოსანთა ნაწილი (1000 ელფი) ხეობაში განლაგდა მთავარი ძალების წინ. როდესაც ორკები ხეობაში შევარდნენ დეილის დანგრეული ქალაქის გავლის შემდეგ, მათ ისრების საშინელი სეტყვა დაატყდათ თავს. ბოლგის ჯარმა უკან დაიხია, თუმცა ვეღარ მოასწრო, რადგან ფლანგიდან ადამიანები და ჯუჯები დაატყდნენ თავს. მტერი ცუდ დღეში ჩავარდა, ვარგებს დაჭრილი გობლინები გაყავდათ ბრძოლიდან, მაგრამ ამასობაში მრავალრიცხოვანი ორკები მთის შვერებზე ავიდნენ და იქიდან გააჩაღეს ბრძოლა, რამაც ნელ-ნელა ბოლგის არმიის მდგომარეობა შეცვალა. ღამურების ლაშქარი ყველანაირად ხელს უშლიდათ ადამიანებს, ელფებს და ჯუჯებს, ამასობაში ბოლგი ორკებისა და ვარგების თანხლებით ბრძოლაში ჩაერთო და მოწინააღმდეგეს მთის შვერისკენ დახევა აიძულა. თორინი და მისი ჯუჯებიც დაინის რაზმს შეუერთდნენ და ბრძოლა დაიწყეს. მალე ორკებმა ალყაში მოაქციეს დაინის, თრანდუილის და ბარდის ჯარი. ამ მძიმე პერიოდში ბილბო აბგელმა არწივების გამოჩენა ახარა ელფებს, რომლებიც გამხნევდნენ, ძალები მოიკრიბეს და კიდევ ერთხელ, მამაცურად გაიბრძოლეს. მალე ბრძოლაში ბეორნი გამოჩნდა, რომელსაც უზარმაზარი დათვის სახე მიეღო. მან უამრავი ორკი გამოასალმა სიცოცხლეს, რომელთა შორის მეთაური ბოლგიც იყო. ამ შემოტევამ საბოლოოდ გატეხა ორკები და ისინი ბრძოლიდან გაიქცნენ, ხოლო ბრძოლის ველზე უამრავი დახოცილი დატოვეს. მათ მთელი არმიის ¾ დაკარგეს. ვარგებმა და ორკებმა ფეხი ამოიკვეთეს ეული მთის მიდამოებიდან და აქ აღარ გამოჩენილან. ბრძოლაში უამრავი ადამიანი, ელფი და ჯუჯაც შეეწირა, მათ შორის თორინი, ფილი და კილი. ხუთი ლაშქრის ბრძოლას შედეგად მოჰყვა მთისქვეშეთის სახელმწიფოს აღდგენა, რომელსაც სათავეში დაინი ჩაუდგა. ადამიანებმა კი ბარდის მეთაურობით აღადგინეს დანგრეული დეილი. ორივე ქვეყანა აყვავების ხანაში იყო, სანამ ბეჭდის ომი არ დაიწყო და ყველაფერი კვლავ არ აურია.

წყარო: ჯ.რ.რ ტოლკინი “ჰობიტი”, ჯ.რ.რ ტოლკინი “ბეჭდების მბრძანებელი I,II”, http://tolkien.ge/.

 ნიკა ხოფერია