საიდუმლო სერობა


 საიდუმლო სერობა (იტ. Cenacolo, L'Ultima Cena) - ლეონარდო და ვინჩის ფრესკა, რომელზეც იესო ქრისტეს უკანასკნელი ვახშამია გამოსახული თავის მოწაფეებთან ერთად. ფრესკა 1495-1498 წლებში შეიქმნა დომინიკანელთა მონასტერ სანტა-მარია-დელე-გრაციში, მილანში.
ფრესკის ზომებია 450X870 სმ და გამოსახულია მონასტრის სატრაპეზოს კედელზე. ფრესკის თემა ტრადიციულია მსგავსი ადგილებისთვის. "საიდუმლო სერობის" საწინააღმდეგო მხარეს გამოსახულია სხვა მხატვრის მიერ შესრულებული ფრესკა.Fფრესკის დახატვა ლეონარდოს ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ და მისმა მეუღლემ ბეატრიჩე დ,ესტემ შეუკვეთეს. "საიდუმლო სერობაზე" მუშაობა 1495 წლიდან 1498 წლამდე გრძელდებოდა, თუმცა ამ პერიოდში საქმე რამდენჯერმე შეჩერდა. მუშაობის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან მონასტრის არქივი თითქმის მთლიანად განადგურდა, ხოლო გადარჩენილ ნაწილში ამის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

ამ ნახატმა მსოფლიო მხატვრობაში ახალი სიტყვა თქვა, რადგან გამოყენებულია პერსპექტივის კანონები და ჩრდილების ეფექტი, რომელმაც ახალი გზა გაუხსნა დასავლეთევროპულ მხატვრობას. ლეონარდო "საიდუმლო სერობას" პირდაპირ მშრალ კედელზე ხატავდა და არა სველ ბათქაშზე, ამიტომ ამ ნახატს შეიძლება არც ეწოდოს ფრესკა, რადგან ის შესრულებულია ფრესკის ხატვის წესები გარეშე. ლეონარდო და ვინჩი კედელზე ფისს უსმევდა და მასზე ტემპერით ხატავდა. ასეთი მეთოდის შედეგად ფრესკამ დასრულებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ დაიწყო დაზიანება.
"საიდუმლო სერობის" ცენტრში იესო ქრისტეა გამოსახული, ხოლო მის ორივე მხარეს მოციქულები მარცხნიდან მარჯვნივ: ბართლომე, იაკობ ალფესი, ანდრია, იუდა ისკარიოტელი, პეტრე, იოანე, თომა, იაკობ ზებედეს ძე, ფილიპე, მათე, იუდა იაკობის ძე და სიმონი. ითვლება, რომ ფრესკაზე გამოსახულია მომენტი, როდესაც იესო ქრისტე აცხადებს, რომ 12 მოციქულიდან ერთ-ერთი გასცემს მას და ასახულია მოწაფეთა ხასიათი და სახის გამომეტყველება ამ სიტყვების შემდეგ. იუდას პერსონაჟი ამ ნახატში ყველაზე საინტერესოა, რადგან ის გამოსახულია არა ისე, როგორც ამას სხვა მხატვრები ხატავდნენ (მაგიდის ბოლოში ან ძალიან გამოკვეთილ ადგილზე, ზოგი კი მას საერთოდ არ ხატავდა), არამედ ის ბართლომეს, იაკობ ალფესისა და ანდრიას შემდეგ ზის, ქრისტესთან ახლოს. მას ხელში პატარა ქისა უჭირავს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ისაა გამცემელი. მოციქულ პეტრეს ხელში დანა უჭირავს, რითაც ლეონარდო და ვინჩი მიგვანიშნებს გეთსიმანიის ბაღში მომხდარ სცენაზე, როდესაც პეტრემ დანით ყური ჩამოათალა ქრისტეს ერთ-ერთ შემპყრობელს. იესო ქრისტე პურზე და ღვინოზე მიუთითებს, იმავე დროს როცა იუდაც პურისკენ იწვდის ხელს, ხოლო ბიბლიის მიხედვით გამყიდველი ის იყო, ვინც მასთან ერთად ჩააწობდა პურს და შეჭამდა. იესოს ფიგურა ისეა გამოკვეთილი, რომ პირველივე შეხედვაზე იპყრობს ყურადღებას. მისი თავი პერსპექტივის ცენტრს იკავებს, სადაც თავს იყრის პერსპექტივის ყველა ხაზი. ნახატზე გამოკვეთილია ქრისტიანული რწმენის მთავარი სიმბოლოს, სამების მნიშვნელობა: მოციქულები სამ-სამად სხედან მაგიდასთან, იესო ქრისტეს უკან სამი სარკმელია, იესო ქრისტეს ფიგურის კონტურები სამკუთხედს ქმნიან. შუქი, რომელიც მთელ სცენას ანათებს, გამოდის არა სამი სარკმელიდან, რომელიც მაგიდის უკან არის, არამედ მარცხენა კედლის ფანჯრიდან.
საიდუმლო სერობა იტალიური რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნიმუშად ითვლება და ლეონარდოს შემოქმედების ბრწყინვალე შედევრია. ეს ფრესკა მეტია ვიდრე უბრალოდ ნახატი, რადგან მეცნიერები მასზე მუდმივად მუშაობენ და ცდილობენ ამოხსნან იტალიელი გენიოსის ნამუშევრის საიდუმლოებები.

                                                                                                           ნიკა ხოფერია