ფაშიზმი


 ფაშიზმი (იტ. fascismo) - პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც იტალიაში წარმოიშვა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ფუძემდებლად ითვლება ბენიტო მუსოლინი. იტალიიდან ფაშიზმი გავრცელდა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. განსაკუთრებული გამოხმაურება კი გერმანიაში ჰპოვა, რომლის დამარცხების შემდეგ ხსენებული იდეოლოგია აკრძალული იქნა. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან ამ პოლიტიკური მიმდინარეობით თითქმის აღარცერთი სახელმწიფო იმართებოდა, ხოლო სადაც შემორჩა ისიც არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა.

საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ფაშიზმად ითვლება ასევე გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი(ნაციზმი), ფრანკიზმი, პორტუგალიის ახალი სახელმწიფოს რეჟიმი, უნგრული, რუმინული, ბულგარული ფაშიზმის ვარიანტები, მესამე მსოფლიოს სახელმწიფოთა პოლიტიკური მიმდინარეობები.
ინგლისელი მეცნიერ-მკვლევარი რ. გრიფინი ფაშიზმს უწოდებს: "პალინგენეტიკურ ულტრანაციონალიზმს".

ფაშიზმისთვის სახასიათოა:
• მემარჯვენე იდეოლოგიით მმართველობა
• ტრადიციონალიზმი
• რადიკალური ნაციონალიზმი
• ანტიკომუნიზმი
• ეტატიზმი
• კორპორატივიზმი
• პოპულიზმის ელემენტები
• მილიტარიზმი
• ბელადის ინსტიტუტი
 ფაშიზმი საფუძველს ძველი რომიდან იღებს, რადგან ლათინურად fasces ნიშნავს წკეპლების კონას, რომელსაც რომაელი თანამდებობათა პირების საპატიო მცველები, ლიქტორები ატარებდნენ. ფასცია იქცა ძალაუფლების და სიძლიერის სიმბოლოდ და გამოიყენებოდა ამის აღსანიშნავად ჯერ კიდევ საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდიდან. ახლაც ეს სიმბოლო წარმოადგენს საფრანგეთის სახელმწიფო ბეჭედს და გამოსახულია ფრანგულ პასპორტზე. ფასციაა გამოსახული ამერიკის კონგრესის ორივე პალატის სიმბოლოებში და ასევე ლინკოლნის ქანდაკებაზე, შვეიცარიაში წმინდა გალენის დროშაზე და ა.შ.
 თავდაპირველად ფასცია თავის სიმბოლოდ ბენიტო მუსოლინის პარტიამ აიღო იტალიაში და მას შემდეგ ეწოდათ მათ ფაშისტები, ხოლო 1870 წელს ფაშიზმი პოლიტიკური კავშირის სახელწოდებას წარმოადგენდა კუნძულ სიცილიის რევოლუციონერ დემოკრატებისა და სოციალისტებისთვის. მათგან ყველაზე გამორჩეულები იყვნენ სიცილიელი ფაშისტები(Fasci siciliani, 1895-96). 1914 წელს იტალიაში წარმოიქმნა ორგანიზაცია Fasci d'Azione rivoluzionaria internazionalista
ანუ "ავტონომიურ რევოლუციონერთა მოძრაობათა კავშირი". მას სათავეში ჩაუდგა ბენიტო მუსოლინი. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო I მსოფლიო ომში იტალიის შეერთება ანტანტის ქვეყნებთან. ამ ორგანიზაციას ზოგჯერ მილანის ფაშისტებსაც უწოდებდნენ. 1915 წლის 24 იანვარს მილანში შეიქმნა მთელი იტალიის გაერთიანებული ფაშისტების ორგანიზაცია. 1921 წლის 7 ნოემბერს შეიქმნა "ნაციონალური ფაშისტური პარტია"(ნფპ) - Partito Nazionale Fascista (PNF).
.
ნიკა ხოფერია