ომარ ბრედლი(ინგლ. Omar Nelson Bradley, 1893 წ. 12 თებერვალი, კლარკი, მისური – 1981 წ. 8 აპრილი, ნიუ იორკი) – ამერიკელი სამხედრო მეთაური, არმიის გენერალი(20 სექტემბერი, 1950 წ), აშშ-ს ჯარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში გამართულ ბრძოლებში. ომის შემდეგ დაიკავა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა, ხოლო 1949 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარე. უკანასკნელი ამერიკელი გენერალი(დღემდე), რომელსაც “არმიის გენერლის” წოდება ჰქონდა(ამერიკის ჯარში უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი წოდება, ევროპაში და სხვა ქვეყნებში მარშალი ან ფელდმარშალი).
ომარ ბრედლი ღარიბი ოჯახიდან იყო და სხვადასხვა სამსახურში ყოველდღიური მუშაობით ცდილობდა თავის გატანას. ვესტ პოინტში სწავლის პერიოდში დაუმეგობრდა დუაიტ ეიზენჰაუერს. ომარიც და დუაიტიც ნიჭიერი მოსწავლეები იყვნენ და შესანიშნავად ეუფლებოდნენ სამხედრო ხელოვნებას. მათი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდა და ორივემ მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს, დასახულ მიზნებს. ომარ ბრედლი ეიზეჰაუერთან ერთად იბრძოდა და ისინი ერთად ყოველთვის კარგად მოქმედებდნენ, რადგან ადვილად უგებდნენ ერთმანეთს.
ბრედლიმ სასწავლებელი დაასრულა და 164 კადეტიდან 44-ე მოხვდა. კურსანტობის წლებში ის ყოველთვის ნახულობდა დროს ბეისბოლისა და ფეხბურთის სათამაშოდ. სპორტის ამ სახეობებს ის მთელი კარიერის მანძილზე უწევდა პროპაგანდას ჯარში და აცხადებდა, რომ გუნდური სულის ჩამოყალიბებაში ფეხბურთი და ბეისბოლი აუცილებელი საშუალებები იყო.
სამხედრო სამსახური ომარ ბრედლიმ ვაშინგტონში დაიწყო 1916 წელს და მონაწილეობა მიიღო მექსიკასთან სასაზღვრო კონფლიქტში. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ომარ ბრედლი ამერიკაში იყო, რაც მას ძალიან აღიზიანებდა, რადგან სურდა ომში მონაწილეობა მიეღო და თავი გამოეჩინა. ამის მაგივრად კი მეთაურობდა ასეულს, რომელიც რკინის მაღაროებს დარაჯობდა. 1918 წელს ბრედლი საფრანგეთში გასაგზავნი ბატალიონის მეთაურად დანიშნეს, მაგრამ ამ დროს მშვიდობა დამყარდა და კაპიტანი ბრედლი კვლავ ამერიკაში დარჩა. ის სამხრეთ დაკოტას სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო საქმეს ასწავლიდა. 1920 წლის სექტემბერში ბრედლი ვესტ-პოინტის სასწავლებელში მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა. სასწავლებლის უფროსი კი დუგლას მაკარტური იყო, რომელთან შეხვედრამაც ბევრ, მომავალში ცნობილ გენერლის კარიერაზე მოახდინა გავლენა, მათ შორის ეიზენჰაუერზე. ამავე პერიოდში ბრედლი დაუმეგობრდა გენერალ ჯორჯ მარშალს, რომელმაც მის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება და ძალიან დაეხმარა კარიერის აწყობაში. მარშალი დაეხმარა ბრედლის და შეასწავლა, თუ როგორ უნდა ჰქონოდა კარგი ურთიერთობა ხელქვეითებთან და როგორ მოეპოვებინა მათში სიყვარული და პატივისცემა. ვესტ-პოინტში ყოფნისას ბრედლი ხშირად ერეოდა სამხედრო თეორეაზე მიმდინარე დისკუსიებში. ის ხვდებოდა, რომ ამერიკელი და მსოფლიოს სხვა ქვეყნების გენერლების უმრავლესობა 1914-1918 წლებში მიღებული გამოცდილების შედეგად პოზიციურ ომს ემხრობოდა. ომარ ბრედლის კუმირი, სამოქალაქო ომის პერიოდის კავალერიის გენერალი, უილიამ შერმანი იყო, რომელმაც სახელი სამხრეთელების ზურგში სწრაფი და გამანადგურებელი თავდასხმებით გაითქვა.
1938 წლის ზაფხულში ომარ ბრედლი ამერიკის სახმელეთო ძალების შტაბში დაინიშნა. 1940 წელს გენერალი მარშალი გენერალური შტაბის უფროსი გახდა და ბრედლი გენერალური შტაბის მთავარი მდივნის თანაშემწედ დანიშნა. ერთი წლის შემდეგ ბრედლიმ ქვეითთა სკოლის უფროსის და ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ომარ ბრედლი 82-ე და 83-ე ქვეითი დივიზიების მეთაური იყო. 1943 წელს ის მოკავშირეთა ძალებით მთავარსარდლის თანაშემწედ მუშაობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ერვინ რომელის არმიის ნარჩენების დევნისას.
სიცილიაში ამერიკის ძალების შესვლის შემდეგ ბრედლიმ გამოავლინა შესანიშნავი ორგანიზატორული შესაძლებლობები და სიმამაცე, როდესაც ჩასვლიდან ხუთი კვირის შემდეგ აიღო ქალაქი მესინა, რითაც უამრავი ამერიკელი მეომრის სიცოცხლე გადაარჩინა და დიდი მსხვერპლი აიცილა თავიდან.
ნორმანდიის ოპერაციის დროს ომარ ბრედლი მეთაურობდა I არმიას, რომელიც პირველი გადასხდა საფრანგეთის ნაპირებზე და სისხლისმღვრელი ბრძოლა გადაიხადა ომაჰას პლაცდარმზე, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო შერბურის პორტის აღებაში. 1944 წლის ივლისში მოკავშირეთა ჯარის რიცხოვნობა გაიზარდა და ბრედლიმ თავისი სამხედრო შტაბი უკვე კონტინენტზე გადაიტანა. 1-ლ აგვისტოს დუაიტ ეიზენჰაუერმა არმიის მე-12 ჯგუფი ჩამოაყალიბა(ამერიკის არმიის ყველა დროის ყველაზე დიდი სამხედრო შენაერთი), რომელშიც ომის დასრულებამდე 14 არმია შედიოდა, 48 დივიზია, რომელიც 1,3 მილიონ ადამიანს შეადგენდა. ბრედლი ამ ჯგუფის მე-12 არმიის სარდალი გახდა. მან გაანთავისუფლა პარიზი და გერმანიის საზღვრებისკენ დაიძრა. მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა, ბრედლიმ 1945 წლის დასაწყისში მოახერხა “ზიგფრიდის ხაზის”გარღვევა და რაინის გადალახვა.
1945 წლის 15 აგვისტოს ომარ ბრედლი პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა ვეტერანთა საქმეებში. 1948 წლის თებერვალში ბრედლიმ შეცვალა ეიზენჰაუერი ამერიკის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე, 1949 წელს კი შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარე გახდა. 1950 წლის 22 სექტემბერს, ამერიკის კონგრესმა ბრედლის “არმიის გენერლის”წოდება მიანიჭა. 1951 წელს გამოიცა მისი მემუარები “ჯარისკაცური ისტორიები”. 1953 წელს ბრედლიმ დატოვა სამხედრო სამსახური. მან კიდევ 28 წელიწადი იცოცხლა, აძლევდა რჩევებს პრეზიდენტებს, აკვალიანებდა ჯარისკაცებს და კონსულტაციას უწევდა ჰოლივუდის კინოფილმებს ომების შესახებ. 1958 წელს “ბიულოვ ვახტ კომპანის”(შეიარაღების მწარმოებელი კომპანია) კრების თავჯდომარე გახდა. ომარ ბრედლი სახალხოდ უკანასკნელად 1981 წლის 20 იანვარს გამოჩნდა, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ინაუგურაციაზე.
დიდი ამერიკელი გენერალი ომარ ნელსონ ბრედლი გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 1981 წლის 8 აპრილს. დაკრძალეს არლინგტონის სასაფლაოზე, თავისი ორი ცოლის გვერდით.
ნიკა ხოფერია