ედუები(ლათ.Haedui, Aedui) – მდინარე სენასა და ლუარას შორის მოსახლე ძველი კელტური ტომი შუა გალიაში. ედუების მთავარი ქალაქი იყო ბიბრაქტი(Bibracte), დღევანდელი ოტენის მახლობლად. ეს მნიშვნელოვანი კელტური ქალაქი მონტ-ბიოვრეის მთაზე მდებარეობდა და გარშემორტყმული იყო თხრილით და ქვისა და ხის გალავნით. ძვ.წ 58 წელს იულიუს კეისარმა ბიბრაქტთან ბრძოლაში ჰელვეტების ტომი გაანადგურა. ძვ.წ 12 წელს რომაელებმა აქაური მოსახლეობა გადაასახლეს ავგუსტოდუნუმის ტერიტორიაზე, ბიბრაქტიდან არცთუ შორს. იყო ედუების კიდევ სამი ქალაქი: ნოვიოდუნუმი(Noviodunum), კაბილონი და მატისკონი. მათგან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ნოვიოდუნუმს ჰქონდა, რომელიც მდიდარი ქალაქად ითვლებოდა.
კეისრამდეც კი ედუები “რომაელი ხალხის მოკავშირეებად და მეგობრებად” ითვლებოდნენ. გალიის ომების პერიოდში ისინი დაეხმარნენ იულიუს კეისარს სვებებისა და სეკვანების წინააღმდეგ ომში, რომელთაც სვები ბელადი არიოვისტუსი მეთაურობდათ. ძვ.წ 52 წელს ედუებმა უღალატეს კეისარს და ვერცინგეტორიქსს მიემხრნენ, მაგრამ როდესაც რომაელებმა გალების აჯანყება ჩაახშეს, ედუები კვლავ რომს მიემხრნენ.
გალიის ლაშქრობების(ძვ.წ 58-51) შედეგად ედუების ტერიტორია რომის გალურ პროვინციებში შევიდა(ძვ.წ 16 წლიდან ლუგუდუნის გალია).
ედუებმა გალური ტომებიდან პირველებმა მიიღეს უფლება გამხდარიყვნენ რომის სენატორები. ახ.წ 48 წლიდან იმპერატორ კლავდიუს I-ს მმართველობის შემდეგ რომის სენატში წარმოშობით ედუელი სენატორებიც დაიშვებოდნენ, რომელთაც საპატიო თანამდებობების დაკავებაც შეეძლოთ.
სეკვანები(sequani) – კელტური ტომი, მოსახლეობდა მდინარე სენას, რონას და იურას შორის. ცენტრი იყო ქალაქი ბეზანტონი(ბეზანსონის ახლოს). სეკვანები ითვლებოდნენ რომის მეგობრებად და ედუების მტრად, რომლებიც მათ ძვ.წ 60 წელს დაამარცხეს სვებების დახმარებით, თუმცა მალე სვებები და სეკვანები იულიუს კეისარმა დაამარცხა და დაიპყრო სეკვანთა ტერიტორია. ძვ.წ 52 წელს სეკვანები ვერცინგეტორიქსის მეთაურობით დაწყებულ გალიის აჯანყებას მიემხრნენ, თუმცა კვლავ დამარცხდნენ. რომაული ოკუპაციის პერიოდში სეკვანების სრული რომანიზაცია მოხდა.
ინსუბრები(Insubres) – ძველი კელტური ტომი. რკინის ხანის დასაწყისში დასახლდა ტრანსალპინური გალიის ტერიტორიაზე, მდინარე პოს დაბლობზე. მათი მთავარი ქალაქი იყო მედიოლანუმი(მილანი). ბოიებთან ერთად ინსუბრები იტალიური გალიის ყველაზე ძლიერი და მეომარი ტომები იყვნენ. მეორე პუნიკური ომის პერიოდში ეს ტომი რომაელმა სარდალმა, ლუციუს ვალერიუს ფლაკუსმა დაიპყრო. მას შემდეგ ინსუბრები შეერივნენ იტალიკებსა და რომაელებს და მათი წრაფი რომანიზაცია მოხდა.
ნიკა ხოფერია