ვანდალები


ვანდალები (ლათ. Vandili, Wandali, Uuandali, ბერძ. Βάνδαλοι) – გოთებთან მონათესავე ძველი აღმოსავლეთ გერმანული ტომი, დასავლეთ ევროპაში გამოჩნდნენ ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში. გვიანდელ შუა საუკუნეებში მათ აიგივებდნენ ბალტიელი სლავების წინაპრებთან, ვენდებთან, რომლებიც აქ VII საუკუნის ბოლოს დასახლდნენ, იმ ადგილზე, სადაც გადასახლებამდე ვანდალები მოსახლეობდნენ.
პირველად ვანდალებს მოიხსენიებს პლინიუს უფროსი ახ.წ I საუკუნეში. პლინიუსმა გერმანელები ხუთ ჯგუფად დაყო, პირველ ჯგუფს ვანდალები უწოდა და მასში შეიყვანა ბურგუნდები, ვარინები, კარინები და გუტონები(გოთები).
პლინიუსის კლასიფიკაციის მიხედვით ვანდალები ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანულ ტომებს წარმოადგენდნენ. ვანდალების შესახებ წერს ისტორიკოსი ტაციტუსი თავის ნაშრომში “გერმანელების წარმოშობის შესახებ”(დაახლ. ახ.წ 98) და აღნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი გერმანული ტომის ძველი
  დასახელებაა. II საუკუნის ალექსანდრიელი გეოგრაფი, კლავდიუს პტოლემაიოსი თავის გეოგრაფიულ ნაშრომში აღნიშნავს გერმანულ ტომს შილინგაე, რომელშიც ვანდალ-სილინგები იგულისხმება. პტოლემაიოსმა სილინგების ლოკალიზება მდინარე ელბასა და ოდერს შორის მოახდინა. მის მიხედვით სილინგებს სამხრეთით სვებები ესაზღვრებოდნენ, ჩრდილოეთით ლუგიები. VIII საუკუნის ავტორი, პავლე დიაკონი “ლანგობარდების ისტორიაში” იხსენიებს ამბრის და ასის, ვანდალთა ბელადებს, რომლებიც ლანგობარდებს  ებრძოდნენ ჩრდილოეთ ევროპაში. ორივე ტომს ერთი ღმერთი ჰყავდა, ომის ღვთაება ვოდენი(სავარაუდოდ სკანდინავიაში ოდინი). გოთი ისტორიკოსის, იორდანის ცნობებით, როდესაც გოთები სკანდინავიიდან ბალტიკის სანაპიროებზე გადავიდნენ, თავდაპირველად ულმერუგების, შემდეგ კი I-II საუკუნეების მიჯნაზე ვანდალების დაპყრობა მოახერხეს. წლების განმავლობაში, იორდანეს და დექსიპეს ცნობებით, ვანდალებმა ცენტრალური გერმანიისკენ აიღეს გეზი და რომის იმპერიის საზღვრებთან დასახლდნენ. II საუკუნისთვის ვანდალები მიუახლოვდნენ მდინარე ტისის აუზს. მათ აღმოსავლეთით გოთები სახლობდნენ, დასავლეთით მარკომანებს ესაზღვრებოდნენ. III საუკუნეში ბარბაროსებმა რომაელები აიძულეს დაკიიდან დაეხიათ და მდინარე დუნაიზე შეექმნათ თავდაცვითი ზოლი. მესამე საუკუნის სამოცდაათიან წლებში რომის იმპერატორი ავრელიანე ებრძოდა ვანდალებს, მოახერხა მათი დამარცხება და მშვიდობის დამყარება. მათთან ბრძოლას აგრძელებდა იმპერატორი პრობუსიც.
იმპერატორ კონსტანტინე დიდის მმართველობის პერიოდში(306-337) ვანდალები დასახლდნენ პანონიაში, დღევანდელი უნგრეთისა დ ავსტრიის ტერიტორიებზე. IV საუკუნის მეორე ნახევარში რომის იმპერატორს, გრაციანეს გალიის ტერიტორიების დაცვა უწევდა მათი შემოსევებისგან.
მე-5 საუკუნეში ვანდალები სვებებთან და ალანებთან ერთად იბრძოდნენ გალიაში ფრანკების წინააღმდეგ, თუმცა თავიდან წარუმატებლობას განიცდიდნენ.
დასავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გავლენიანი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, სტილიხონი, წარმოშობით ვანდალი იყო. ეს ფაქტი გამოიყენეს მისმა მტრებმა და სტილიხონს ვანდალების გალიაში მოწვევა დააბრალეს, თითქოს ის მათი დახმარებით თავისი შვილის რომის ტახტზე დასმას აპირებდა.

  409 წელს ვანდალები ორი მეთაურის, ჰენზერიხისა და ჰუნდერიხის მეთაურობით აგრძელებდნენ რომის იმპერიის დალაშქვრას ალან მოკავშირეებთან ერთად. მათ შემოსევას პოეტი ორიენციუსი ასე აღწერს: “ერთ კოცონად აგიზგიზდა მთელი
გალია”. გოთებისაგან მოსალოდნელი საფრთხის გამო ვანდალები არ გაჩერდნენ გალიაში და ესპანეთისკენ დაიძრნენ. მათ ისარგებლეს არეულობით დასავლეთ რომის იმპერიაში, რაც ალარიხის მიერ რომის აღების შემდეგ გრძელდებოდა და პირენეი გადალახეს, თუმცა მიუხედავად ამისა ვერ შესძლეს ესპანეთში შეჭრა მანამდე, სანამ უზურპატორმა იმპერატორმა კონსტანტინე III-მ არ დასაჯა ძმები დიდიმუსი და ვერონიანე, რომლებიც პირენეის გადასასვლელებს იცავდნენ იმპერიის ჯარებით. კონსტანტინე ერთდროულად ებრძოდა ბარბაროსებს გალიაში და ჰონორიუსის ერთგულ ლეგიონებს ესპანეთში, რითაც ძალიან დაეხმარა ვანდალებს და მათ ადვილად მოახერხეს ესპანეთის სამხრეთისკენ თავისუფლად დაძრულიყვნენ. ესპანელი ეპისკოპოსი იდაციუსი თავის ქრონიკაში გვატყობინებს, რომ ბარბაროსებმა ასე გაინაწილეს ესპანეთი: ვანდალები გალიციაში(ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთი)გაბატონდნენ მეფე ჰუნდერიხის მეთაურობით, სვებები უკიდურეს დასავლეთ მხარეს, ოკეანის სანაპიროზე, ალანები ლუზიტანიასა და
კარტახენაში, ვანდალი-სილინგები კი მეფე ფრიდუბალდის მეთაურობით სამხრეთ ესპანეთში, ბეტიკაში დასახლდნენ. ესპანეთის ჩრდილოეთი, ტარაკონის პროვინცია რომის იმპერიას დარჩა. 415 წელს ესპანეთში გოთები შეიჭრნენ ატაულფის მეთაურობით და შეებრძოლნენ ვანდალებს, შემდეგ კი ეს ომი გოთების ახალმა მეთაურმა, ვალიამ გააგრძელა 418 წელს. მასთან ბრძოლაში ვანდალ-სილინგები მთლიანად განადგურდნენ, ხოლო მეფე ფრიდუბალდი ტყვედ ჩავარდა და რომში გაიგზავნა. ამის შემდეგ ჰუნდერიხმა მიიღო ალანებისა და ვანდალების მეფის ტიტული. როდესაც 419 წელს გოთებმა დატოვეს ესპანეთი, ჰუნდერიხმა შეუტია სვებებს და დაიკავა ვანდალ-სილინგების განადგურების შემდეგ დაცარიელებული ბეტიკა. 422 წელს ვანდალებმა გაანადგურეს გოთი ფედერატებით(მოკავშირეებით) გაძლიერებული რომის არმია, რომელიც რომის იმპერიის მხედართმთავარმა კასტინმა გააგზავნა ესპანეთში. ჰუნდერიხის სიკვდილის შემდეგ 428 წელს ახალი მეფედ გამოცხადდა მისი ძმა, ჰენზერიხი, რომელიც 49 წლის განმავლობაში განაგებდა ვანდალებს. 429 წლის მაისში ვანდალებმა დატოვეს ესპანეთი და ჰიბრალტარის გავლით აფრიკაში შეიჭრნენ. რამ აიძულა ვანდალები დაეტოვბინათ 

ესპანეთი? ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ისინი ვესტგოთებთან ბრძოლას მოერიდნენ, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით ჰენზერიხი ლიბიაში დანიშნულმა რომაელმა სარდალმა, ბონიფაციუსმა მიიწვია, რათა განემტკიცებინა აფრიკაში თავისი მმართველობა და რომისგან დამოუკიდებლად ემართა ეს პროვინცია. სამაგიეროდ ვანდალებს ის ტერიტორიის 2/3 პირდებოდა. 429 წელს ჰიბრალტარი 80 000-მა ვანდალმა გადაკვეთა, რომლებიც არათუ დაეხმარნენ ბონიფაციუსს, ბრძოლა დაუწყეს მას და ტერიტორიების დიდი ნაწილი წაართვეს. 435 წელს გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკება რომსა და ვანდალებს შორის, რაც იმპერატორ ვალენტინიანე III-ს მიერ ჰენზერიხის დაპყრობების აღიარებით დასრულდა. 439 წლის19 ოქტომბერს ვანდალებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და აიღეს კართაგენი, რომელიც ჰენზერიხის რეზიდენციად გამოცხადდა. ეს წელი ვანდალების აფრიკული სახელმწიფოს დაარსების წლად ითვლება. ეს ახალი სამეფო მოიცავდა დღევანდელი ტუნისის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირის და ჩრდილო-დასავლეთ ლიბიის ტერიტორიებს. ამ მიწების რომანიზებული მოსახლეობის ნაწილი ან განიდევნა, ან მონებად და მსახურებად იქცა. ადგილობრივი მავრული ტომების ნაწილი ვანდალებს დაემორჩილა, ნაწილი კი მათი მოკავშირე გახდა. 442 წელს დასავლეთ რომის იმპერია იძულებული გახდა კვლავ ეღიარებინა ვანდალთა გაფართოებული მიწები. ჰენზერიხმა კვლავ დაარღვია ახალი ხელშეკრულება და დაიპყრო მავრიტანია, სარდინია, კორსიკა, ბალეარის კუნძულები და სიცილია. 455 წელს ჰენზერიხმა ისტორიაში წარუშლელი სახელი დატოვა, როდესაც დასავლეთ იმპერიის დედაქალაქი, მარადიული ქალაქი, რომი აიღო და სასტიკად დაარბია. სხვა გერმანული ტომებისაგან განსხვავებით ვანდალებში სამეფო ძალაუფლება აბსოლუტური გახდა და
მონათმფლობელობიდან თანდათანობით ფეოდალიზმის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის(ბიზანტია) იმპერიებმა სცადეს ვანდალების მოსპობა, მაგრამ უნიჭო ბიზანტიელი სარდლის, ბასილისკეს უზარმაზარი ფლოტისგან მომავალი საფრთხე ჰენზერიხმა ადვილად აიცილა და გემების ნაწილიც გაუნადგურა ბიზანტიელ მეთაურს. ვანდალთა ლეგენდარული მეფე მოესწრო იმ დღეს, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია საბოლოოდ დაეცა ბარბაროსთა ფეხქვეშ. ჰენზერიხის დროს ვანდალებმა ჩამოაყალიბეს ერთიანი ძლიერი ქვეყანა და მოჭრეს მონეტა, რომელზეც თავდაპირველად ისევ იმპერატორი ჰონორიუსი იყო გამოსახული. დოკუმენტებში ლათინური ენა გამოიყენებოდა. ჰენზერიხი არიანული ქრისტიანობის მიმდევარი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ კათოლიკობის შემთხვევაში ვანდალებზე რომის გავლენა გავრცელდებოდა. თუმცა ალანებისა და ვანდალების ნაწილი კათოლიკე იყო და ამან გამოიწვია უამრავი შიდა კონფლიქტი ქრისტიანობის ორ განშტოებას შორის. ჰენზერიხის შემდეგ ვანდალთა სამეფოს მისი ვაჟი ჰუნერიხი(477-484), თრასამუნდი(496-523) და ჰილდერიხი(523-530) მართავდნენ. ჰილდერიხი სუსტი მეფე გამოდგა და მის დროს ვანდალებმა დაკარგეს ის სანაქებო ბრძოლისუნარიანობა და ბარბაროსული ხასიათი, რაც ადრე გააჩნდათ და რითაც აღწევდნენ გამარჯვებებს რომსა და სხვა ბარბაროსულ

ტომებზე. ჰილდერიხი ტახტიდან გელიმერმა ჩამოაგდო(530-534). გელიმერი ვანდალების უკანასკნელი მეფე გახდა. 533 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა 15 ათასიანი არმია გადასხა აფრიკაში ველიზარის მეთაურობით. პირველივე ბრძოლების შემდეგ ბიზანტიელებმა დაამარცხეს ვანდალები და აიღეს კართაგენი. 534 წლის მარტში ტყვედ ჩავარდა მეფე გელიმერიც. ასე დასრულდა ვანდალთა აფრიკული სამეფოს ისტორია, ხოლო მათI ჩრდილოელი თანამოძმეები ავარებს და სლავებს შეერივნენ და მათი სახელი ნელ-ნელა გაქრა მსოფლიო ისტორიდან.


ნიკა ხოფერია