როქსოლანები და ალანები


როქსოლანები(ლათ.Roxolani, ძვ.ბერძ. Ροξολάνοι, ალანურიroxs alan/ruxs alan “თეთრი ალანი”) – სარმატული ტომი. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი(ძვ.წ I – ახ.წ I) მოიხსენიებს მათ როგორც მომთაბარეებს. დაახლ. 70 წელს როქსოლანები თავს დაესხნენ მეზიას. სტრაბონის დროს ცხოვრობდნენ მდინარე დონსა და დნეპრს შორის მიწებზე და აზოვის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ნერონის მმართველობის დროს ისინი დაიძრნენ მდინარე დუნაისკენ და დაემუქრნენ იმპერიის საზღვრებს მეზიაში. დუნაის მახლობლად ისინი II-III საუკუნეებში სახლობდნენ და ისტორიკოსების მიერ მოიხსენიებოდნენ როგორც პონტოელი ხალხები. როქსოლანებმა მონაწილეობა მიიღეს დაკიის პირველ ომში, რომის იმპერატორის, მარკუს ულპიუს ტრაიანეს წინააღმდეგ. II საუკუნის რომაელი მწერლები სკორტიანი, კაპიტოლინი და ბერძენი პტოლემაიოსი და დიონ კასიოსი წერენ იმპერატორ ადრიანეს მოლაპარაკების შესახებ როქსოლანებთან. ადრიანე იძულებული გახდა წლიური ხარკი ეხადა მათთვის. უფრო გვიან ამ ტომის წარმომადგენლები გადადიოდნენ მდინარე დუნაიზე და რომის სამსახურში დგებოდნენ. ტიტუს ტაციტუსი როქსოლანებს სარმატ ხალხს უწოდებს(Sarmatica gens), მაგრამ თანამედროვე მეცნიერება სარმატებს და ამ ტომის მთავარ წარმომადგენლებს, ალანებს ინდოევროპული ეთნოსის ირანულ შტოს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ვენეტებს, რომლებიც სლავების წინაპრებად მოიაზრებიან, ტაციტუსი სარმატებს უპირისპირებს და გვიჩვენებს, რომ პირველი ხალხს მუდმივი საცხოვრებელი გააჩნია, იბრძვის ქვეითად და იყენებს ფარს, როცა სარმატ-როქსოლანები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, ცხოვრობენ ურიკებსა და ფორნებში, იბრძვიან ცხენზე ამხედრებულები და არ შეუძლიათ ქვეითად ბრძოლა, იყენებენ მხოლოდ მსუბუქ შეიარაღებას და არ ხმარობენ ფარებს. ცნობები როქსოლანების შესახებ იკარგება მეექვსე საუკუნიდან, გოთი ისტორიკოსის იორდანის დროს.
როგორც სხვა სარმატული ტომები, როქსოლანებიც ჰუნებმა დაიპყრეს IV საუკუნეში, რის შემდეგაც მათი ნაწილი გაითქვიფა ევროპის ხალხებში. არ არის გამორიცხული, რომ როქსოლანების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო და წვლილი შეიტანა ახალი, პროტოსლავური ეთნოსის წარმოშობაში. უკრაინაში, ქალაქ ოდესის მახლობლად, სამხრეთით, ახლაც არის სოფელი “როქსოლანები”.  

ალანები( ძვ.ბერძ.Ἀλανοί, ლათ.Alani, Halani) – მომთაბარე ირანულენოვანი სკვითურ-სარმატული ტომი. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან ახ.წ I საუკუნიდან, როცა აზოვისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიებზე გამოჩნდნენ. ალანების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ხალხთა დიდ გადასახლებაში, დანარჩენი ნაწილი კი კავკასიაში დასახლდა. ალანთა ტომების გაერთიანებას ალანია ეწოდა და მან საკმაოდ დიდხანს იარსება, სანამ მონღოლ-თათართა შემოსევებმა არ გაანადგურა და დაიმონა ეს ხალხი. ალანთა ნაწილი ჩრდილო კავკასიის სამხრეთ ნაწილისკენ დაიძრა, რის შემდეგაც მათ ოსებად მოიხსენიებდნენ. ოსებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩრდილო კავკასიურ კულტურასა და ისტორიაში და სხვა ადგილობრივ ხალხებზეც მოახდინეს გავლენა.
ახ.წ I-III საუკუნეებში ალანები სარმატულ ტომებს შორის ყველაზე ძლიერები გახდნენ და დაიკავეს ჩრდილოეთ კავკასიისა და აზოვის ზღვის მიდამოები, საიდანაც გაუთავებელი თავდასხმებით აწუხებდნენ ყირიმს, კავკასიას, მცირე აზიას და მიდიას. 372 წელს ჰუნებმა მოახერხეს მათი დამარცხება, რის შედეგადაც ალანთა ნაწილმა ხალხთა დიდ გადასახლებაში მიიღო მონაწილეობა და პანონიის, გალიისა და პირენეის ნახევარკუნძულის გავლით ჩრდილოეთ აფრიკას მიაღწია, სადაც ჩამოყალიბდა ვანდალ-ალანური სახელმწიფო. ალანებმა მონაწილეობა მიიღეს 451 წელს გამართულ “ხალხთა ომში”, კატალაუნის ველზე ბრძოლაში, რომაელების მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვერ გამოიჩინეს თავი, რომაელებმა მაინც შეძლეს ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება. ალანთა სახელი ისტორიაში გვიანდელი შუა საუკუნეებიდან ნელ-ნელა ქრებოდა და საბოლოოდ ეს სარმატული ხალხი ოსებად ჩამოყალიბდა, მცირერიცხოვან ხალხის ჯგუფად, რომელიც ახლაც ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობს.  

ნიკა ხოფერია