მეომრები, რომელთაც შეცვალეს ისტორია. ნაწილი I

გთავაზობთ მცირე სტატიებს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სახეობის მეომრებზე, რომელთაც ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. შექმნეს ან დაანგრიეს იმპერიები, გაანადგურეს ან ააშენეს ახალი სახელმწიფოები, მიაღწიეს დიდებას და სახელს, რომელიც დღემდე შემორჩა, გაიმარჯვეს დიდ ბრძოლებში, იქცნენ სამხედრო ძლიერების სიმბოლოებად და ომის წარმოების ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. სტატიები დაიდება პერიოდულად და გაყოფილი იქნება რამდენიმე ნაწილად.
ნაწილი პირველი

მონღოლ-თათარი ცხენოსანი
    XII-XIV სს
მონღოლი ცხენოსნები მსოფლიოს საბრძოლო სარბიელზე პირველად ჰუნების სახით ჩდებიან თუმცა ეს პერიოდული მოვლენა იყო, ხოლო სისტემურად იქცა XII საუკუნის ბოლოდან, როდესაც მონღოლთა ტომები თემუჩინის, იგივე ჩინგიზ ყაენის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდნენ.
ამის შემდეგ მათ თითქმის მთელი აზია და აღმოსავლეთ ევროპა გადათქერეს თავიანთ ცხენთა ფლოქვებქვეშ, დაამარცხეს მძლავრი სამეფოები და დაიმორჩილეს მათი მოსახლეობა. მონღოლთა მთავარ ძალას ცხენოსანი ჯარი წარმოადგენდა, რომელიც შეიარაღებული იყო შესანიშნავი მშვილდ-ისრით და მოღუნული მახვილით, თუმცა უფრო გვიან შეიარაღებაში აბჯარ-საჭურველი, ფარი, ჩუგლუგი და შუბი გაჩნდა. მსუბუქი ცხენოსან-მშვილდოსანი მტერს შორიდან ესროდა ისრებს, რადგან მისი უპირატესობა სწორედ ეს იყო, სისწრაფე და მობილურობა. ხელჩართულ ბრძოლაში კი ჰქონდათ გარკვეული სისუსტეები. მათი აბჯარი და საჭურველი ევროპელი რაინდებისას ვერ შეედრებოდა. ვერც მათი იარაღი, ამიტომ პირისპირ ბრძოლაში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებისას ჩაერთვებოდნენ ხოლმე.
მონღოლთა მიერ ჩატარებულ დიდ ბრძოლებს თუ ჩამოვთვლით აღსანიშნავია ბრძოლა მდინარე კალკასთან(1223 წ. რუსების განადგურება), მოჰისთან(1241 წ, უნგრელების დამარცხება), აინ-ჯალუტთან(1260, დამარცხება ეგვიპტის მამლუქებთან), ვადი ალ-ღაზანდართან(1299, ეგვიპტელთა დამარცხება), კულიკოვოსთან(1380 წ, მარცხი რუსებთან). 
მონღოლთა კავალერიის ამ სახეობამ შექმნა მსოფლიო იმპერია და მოახდინა დიდი გადატრიალება სამხედრო საქმის წარმოებაში როგორც აზიაში, ასევე ევროპულ ქვეყნებში და საფუძველი ჩაუყარა ომის ახალი მეთოდების შემოღებას. 


პართიელი კატაფრაქტარი
ძვ.წ III-ახ.წ III

პართიის მძლავრი იმპერია თავის არსებობს პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო და რომის იმპერიის დაუძინებელ მტერს წარმოადგენდა. არშაკიდთა დინასტიის მეფეები დამპყრობლური ხასიათით და სარდლობის ნიჭით გამოირჩეოდნენ. მათი არმიის ძირითად ნაწილს შეადგენდა კატაფრაქტართაგან შემდგარი მძიმე კავალერია, რომელიც შეიძლება ძველი მსოფლიოს რაინდებად ჩავთვალოთ. კატაფრაქტარების შეტევას ძნელად თუ გადაურჩებოდა რომელიმე საბრძოლო შენაერთი. ეს მძლავრი ჯარის ერთეული მუდამ წარმოადგენდა მეფის ძალაუფლების სიმტკიცის მთავარ სიმბოლოს. ამ ტიპის კავალერიით დაიპყრეს პართიელებმა დიდი ტერიტორიები მესოპოტამიაში, კასპიის ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე და მუდამ აწუხებდნენ ახლო აღმოსავლეთის მცხოვრეთ სწრაფი და მოულოდნელი რეიდებით. თვით მსოფლიოს დამპყრობლებს, რომაელებსაც კი გაუჭირდათ პართიულ კატაფრაქტარებთან ბრძოლა და საკმაოდ ხშირად მარცხდებოდნენ კიდეც მათთან შეტაკებაში.
კატაფრაქტარს მთელ ტანსა და ხელ-ფეხს ჯავშანი, ე.წ “კატაფრაქტი” იცავდა(საიდანაც მოდის მათი სახელწოდება), ხოლო თავს რკინის მუზარადი, რომლიდან ჩამოშვებული ჯაჭვისგან დამზადებული პირბადე სახესაც კარგად იცავდა. ფარს ეს მეომრები არ ატარებდნენ და არც სჭირდებოდათ, რადგან ისედაც შესანიშნავად იყვნენ დაცულები. კატაფრაქტარი აღჭურვილი იყო გრძელი შუბით და ხანჯლით, ხმლით ან საბრძოლო კვერთხით. ამ ტიპის ცხენოსნის მთავარი ძალა მაინც გაშლილ ველზე, დიდი სიჩქარით მტერზე შეჯახება იყო. კატაფრაქტარის მძიმედ შეაბჯრული ცხენი ჯარისკაცებს ადვილად ქელავდა და დიდ საშიშროებას წარმოადგენდა განსაკუთრებით ქვეითი და მსუბუქი ცხენოსანი არმიებისთვის. კატაფრაქტარები განსაკუთრებით მაშინ იყვნენ საშიშნი, როდესაც ერთად ანუ რიგებად დაწყობილნი უტევდნენ მოწინააღმდეგეს და შორი მანძილიდან იღებდნენ სისწრაფეს. ამ დროს ისინი უბრალოდ ჭყლეტდნენ და ქელავდნენ მათ, ისე, რომ ზოგჯერ იარაღის გამოღება არც უხდებოდათ. მიუხედავად ამისა კატაფრაქტარსაც ჰქონდა სუსტი მხარეები, რომელთაგან განსაკუთრებით გამოსაყოფია კავალერიის ამ სახეობის მოუქნელობა. პირდაპირ შეტაკებაში კატაფრაქტარი ძლიერი იყო, ხოლო სწრაფ ხელჩართულ ბრძოლაში მოიკოჭლებდა, რადგან მძიმე აბჯარი იარაღის თავისუფლად მოხმარებაში უშლიდა ხელს, ხოლო ცხენიდან ჩამოვარნილი კატაფრაქტარი უმეტესად უმწეოდ ეგდო, სანამ ვინმე არ დაეხმარებოდა ადგომაში.
პართიულმა კატაფრაქტებმა ბევრ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. მათგან აღსანიშნავია: ეკბატანას(ძვ.წ 129, სელევკიდების დამარცხება), კარას(ძვ.წ 53, რომაელთა დამარცხება), კილიკიის კარიბჭის(ძვ.წ 39, მარცხი რომაელებთან), ქტესიფონის(ახ.წ 165, მარცხი რომაელებთან), ნისიბისის(ახ.წ 217, რომაელთა დამარცხება).
პართიული კატაფრაქტარები მომავალი იმპერიების არმიებისთვის კარგი მაგალითი გახდა და მათი გამოყენება დაიწყეს როგორც სასანიდებმა, ასევე რომაელებმა, ბიზანტიელებმა და სხვა აღმოსავლურმა სახელმწიფოებმა. კატაფრაქტარებს გვიანდელ შუა საუკუნეებამდე იყენებდნენ და ისინი მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გაქრნენ ისტორიიდან.

 რომაელი ლეგიონერი
  დაახლ. ძვ.წ IV- ახ.წ V
  რომაელი ლეგიონერი, მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა თითქმის 7 საუკუნის განმავლობაში. “სენატმა და ხალხმა რომისა”
(SPQR) ლეგიონთა მეშვეობით შეძლეს ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის დიდი ნაწილის, მცირე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დაპყრობა. დაამარცხეს დიდი იმპერიები ლეგიონერები აღჭურვილი იყვნენ დიდი ოთხკუთხა ან ოვალური ფარებით, რომლებიც მთელ ტანს ფარავდა ბრძოლისას და შეიარაღებულნი იყვნენ მოკლე ორლესული ხმლებით – გლადიუსებით(რომელთა სიგრძე არ აღემატებოდა 60 სანტიმეტრს) და სატყორცნი ხელშუბებით(ე.წ პილუმი). რომაელ ლეგიონერს ტანთ იმ დროისთვის ყველაზე გამძლე და ყველაზე მოსახერხებელი, ფირფიტოვანი აბჯარი ემოსათ, თავზე კი მუზარადი რომელიც თავის ქალას, კისერსა და ლოყებს კარგად იცავდა. რომაული ლეგიონის მთავარი ძალა გვერდიგვერდ, მჭიდრო რიგებში ბრძოლა იყო. გაშლილ ველზე ასე მებრძოლ ასეთ მრისხანე სამხედრო ძალას იშვიათად თუ ვინმე დაუდგებოდა წინ. მიუხედავად ამისა, ლეგიონერი არც ინდივიდუალურად იყო სუსტი და ფარისა და ხმლის ოსტატური ხმარებით მოწინააღმდეგეს მცირე შანსს უტოვებდა ახლო ხელჩართულ ბრძოლაში. ლეგიონის სისუსტე იყო ტყეში და ოღრო-ჩოღრო ადგილებში ბრძოლა. ასეთ ადგილას რომაელები ვერ ახერხებდნენ ერთობლივად ემოქმედათ და მჭიდრო რიგები შეეკრათ, ამიტომ მტერს შანსი ეძლეოდა ჯგუფ-ჯგუფად ალყაში მოექცია ისინი და ამგვარად დაემარცხებინა. რომაულ ლეგიონს უამრავი ტაქტიკური
რომაული ლეგიონი ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ნებისმიერ ბრძოლაში, სადაც რომალებმა მონაწილეობა მიიღეს. რესპუბლიკური პერიოდიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია: კანეს(ძვ.წ 216, მარცხი კართაგენელებთან), ზამას(ძვ.წ 202, კართაგენის დამარცხება), კინოსკეფალის(ძვ.წ 197,მაკედონიის დამარცხება), მაგნეზიის(ძვ.წ 190, სელევკიდების იმპერიის დამარცხება),
სექსტიის წყლების (ძვ.წ 102, ტევტონთა ტომის დამარცხება), ვერცელეს(ძვ.წ 101, კიმბრების დამარცხება), ალეზიის(ძვ.წ 52, გალების დამარცხება) ბრძოლები, ხოლო იმპერიის პერიოდიდან: ტევტობურგის ტყის(ახ.წ 9, მარცხი გერმანულ ტომებთან), მონს გრაუპიუსის(ახ.წ 84, ბრიტების დამარცხება), ტაპაეს(ახ.წ 87, მარცხი დაკიელებთან), ტაპაეს მეორე ბატალია(ახ.წ 101, დაკიელების განადგურება), ნისიბისის(ახ.წ 217, მარცხი პართიელებთან), ნაისის(ახ.წ 268, გოთების განადგურება), პავიის(ახ.წ 271, ალემანების დამარცხება), ქტესიფონის(ახ.წ 363, პართიელთა დამარცხება), ადრიანოპოლის(ახ.წ 378, მარცხი გოთებთან), კატალაუნის(ახ.წ 451) ბრძოლები.
ლეგიონი თავის დროის იდეალური სამხედრო ძალა იყო, რომელსაც მანამდე ვერაფერი სერიოზული ვერ დაუპირისპირა მტერმა, სანამ თვითონ იმპერიის დასუსტება არ დაიწყო. ლეგიონერი დღესაც რჩება სიმბოლოდ იმისა, თუ რა შეუძლია კარგად გაწვრთნილ, დისციპლინირებულ და მაღალი საბრძოლო სულის პროფესიონალ მეომართ ძალას, რომელსაც სათავეში კარგი მხედართმთავარი უდგას.
 
ნიკა ხოფერია