გერმანიკუსი

იულიუს კეისარ გერმანიკუს კლავდიანუსი(ლათ. Germanicus Iulius Caesar Claudianus ) დაბადების სახელით ტიბერიუს კლავდიუს ნერონ გერმანიკუსი(ლათ. Tiberius Claudius Nero Germanicus ), ხშირად წერენ, როგორც ნერონ კლავდიუს დრუზუს გერმანიკუსი(ლათ.   Nero Claudius Drusus Germanicus ), ყველაზე მეტად ცნობილია სახელით “გერმანიკუსი”(ძვ.წ 15, 24 მაისი – ახ.წ 19, 10 ოქტომბერი) – რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. კონსული ახ.წ 12 და 18 წლებში. ცნობილია მასშტაბური გერმანული კამპანიებით. საპატიო თიკუნი Germanicus – “გერმანელი”, მან, ისევე როგორც თავისმა ძმამ, მამისგან მიიღო მემკვიდრეობით.

გერმანიკუსის მამა კლავდიუს დრუზუს ნერონი იყო, ხოლო დედა მარკუს ანტონიუსის ქალიშვილი, ანტონია უმცროსი. ახ.წ 4 წელს იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა ტიბერიუსი იშვილა, მან კი მამობილის ბრძანებით გერმანიკუსი აიყვანა მემკვიდრედ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰყავდა ერთი ვაჟი. არა უგვიანეს ახ.წ 5 წლისა, გერმანიკუსმა ცოლად მოიყვანა ავგუსტუსის შვილიშვილი, აგრიპინა. მათი ქორწინება ბედნიერი გამოდგა. აგრიპინამ გერმანიკუსს 9 შვილი შესძინა, რომელთაგან 3 ბავშვობის ასაკშივე დაიღუპა. ახ.წ 6 წელს გერმანიკუსმა გარდაცვლილი მამის საპატივსაცემოდ მამობილთან ერთად დიდი თამაშები გამართა რომში. ამ პერიოდში ის შევიდა ავგურების კოლეგიაში და მიიღო უფლება სახელმწიფო სამსახური 5 წლით ადრე დაეწყო ვიდრე ეს კანონით იყო დადგენილი.
ახ.წ 7 წელს გერმანიკუსი კვესტორად დაინიშნა და ავგუსტუსმა ის დალმაციაში გაგზავნა ტიბერიუსის დასახმარებლად, რომელიც იქ განთავისუფლებული მონებით შემდგარი ჯარით აჯანყებას აქრობდა. გერმანიკუსმა თავისი პირველი გამარჯვება დალმატური ტომის, მაზეების წინააღმდეგ ბრძოლაში მოიპოვა. 9 წელს, როდესაც აჯანყება უკვე თითქმის ჩახშობილი იყო, ტიბერიუსი რომში დაბრუნდა, გერმანიკუსი კი დარჩენილ თავისუფალ ციხე-სიმაგრეებს იღებდა და შიგ რომაულ გარნიზონებს აყენებდა. მან დაიკავა სპლონუმი, თუმცა რეტინიის ალყის დროს დიდი დანაკარგები განიცადა. ამის შემდეგ გერმანიკუსმა აიღო სერეტია და აჯანყებულთა სხვა სიმაგრეები. მიუხედავად ამისა, აჯანყებულები მაინც არ დანებდნენ და ავგუსტუსი იძულებული გახდა ტიბერიუსი კვლავ გაეგზავნა დალმაციაში. ტიბერიუსისა და გერმანიკუსის არმიებმა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწიეს და ადრეტიას აღების შემდეგ ტყვედ აჯანყებულთა ბელადი, ბათონი ჩაიგდეს. შემდეგ გერმანიკუსს კვლავ ერთპიროვნული სარდლობა ჩაბარდა და მან დაიკავა არდუბა და მისი მიმდებარე ტერიტორიები. გერმანიკუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა და პრეტორის წოდება მიიღო. რომში ცხოვრების პერიოდში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი გამოსვლებით სასამართლოებში დამცველის როლში. 
11 წელს გერმანიკუსმა, როგორც პროკონსული, ტიბერიუსთან ერთად გერმანიის კამპანიაში ჩაერთო. თავაპირველად ის არცერთ გერმანულ ტომს არ ებრძოდა, რადგან ერიდებოდა მდინარე რაინიდან დიდი მანძილით დაშორებას. შემოდგომით ის რაინის გადმოღმა დაბრუნდა. 12 წელს გერმანიკუსი პირველად აირჩიეს კონსულად და ამიტომ დროებით რომში იყო და აგრძელებდა სასამართლოში სხვადასხვა საქმეზე დამცველად გამოსვლას. კონსულობის შემდეგ გერმანიკუსი მალე დაბრუნდა რაინზე, სადაც შეცვალა ტიბერიუსი, როგორც იმპერატორის ნაცვალი გალიასა და გერმანიაში. მისი მთავარი ამოცანა იყო, რომ განემტკიცებინა რომაული მმართველობა გერმანიაში კვინტილიუს ვარუსის მარცხის შემდეგ(ახ.წ 9 წ.). 14 წლის ზაფხულში გერმანიკუსი გალიაში გადასახადების აკრებით იყო დაკავებული. როდესაც მან იმპერატორ ავგუსტუსის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ახალი პრინცეპსის, ტიბერიუსის ერთგულების ფიცი დაადებინა ბელგებსა და სეკვანების ტომს. ამავე პერიოდში აჯანყდნენ გერმანული ლეგიონები და მოითხოვეს კუთვნილი შვებულება სამხედრო სამსახურიდან, ხელფასი, ჯილდოები და სამსახურის პირობების გაუმჯობესება. ამავდროულად ისინი ფიქრობდნენ, რომ გერმანიკუსი თვითონ წამოაყენებდა თავის კანდიდატურას იმპერატორის ტახტზე. გერმანიკუსმა მოისმინა მათი მოთხოვნები, მაგრამ რაკი არ შეეძლო ძალით ჩაეხშო აჯანყება, ეშმაკობას მიმართა და შეადგინა ბრძანების წერილი ტიბერიუსის სახელით, რომელიც ვითომ ჯარისკაცთა ყველა პირობას აკმაყოფილებდა. ამის შემდეგ უწესრიგობა ლეგიონებში ჩაცხრა. შემდეგ გერმანიკუსი ზემო გერმანიაში გაემართა, რათა ტიბერიუსის დროშების ქვეშ აქ მდგარი ჯარები დაეყენებინა. როდესაც ის ქვემო გერმანიაში დაბრუნდა, I( Germanica ) და XX( Valeria Victrix   ) ლეგიონების აჯანყება კვლავ განახლდა, რაც უკავშირდებოდა სენატის დელეგაციის ჩასვლას გერმანიის ლეგიონებში. მათგან ჯარისკაცები უწინდელი ბრძანებულებების და პირობების გაუქმებას ელოდნენ. სწორედ ამან გამოიწვია ლეგიონერთა რიგებში უკმაყოფილება. სენატის დელეგაციის წევრების, გერმანიკუსისა და მისი ახლობლების სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო, ამიტომ მთავარსადალმა ბრძანა ბანაკიდან თავისი ორსული ცოლი აგრიპინა და შვილი გაიუსი გაერიდებინათ. ამ გადაწყვეტილებამ ჯარისკაცები აიძულა დაფიქრებულიყვნენ. მათ შეწყვიტეს აჯანყება და თვითონვე დასაჯეს მოთავეები. ჩამოსულმა სენატის დელგაციამ გერმანიკუსს გადასცა, რომ
  იმპერატორმა ტიბერიუსმა ის იმპერიის მუდმივ პროკონსულად დანიშნა. ამის შემდეგ დიდი არმიით მუდმივი პროკონსული ძველ ბანაკში დაბრუნდა, სადაც კვლავ მოჯანყე V(  Alaudae )და XXI( Rapax ) ლეგიონები იდგნენ, თუმცა მის მისვლამდე, წერილით უკვე გაფრთხილებულმა ლეგატმა, ცეცინამ აჯანყების მოთავეების მასიური დასჯა დაიწყო, რის შედეგადაც ლეგიონებმა შეწყვიტეს ამბოხი. როდესაც აჯანყებებს გაუსწორდა, გერმანიკუსი გადავიდა რაინზე, დაარბია მარსების მიწა და გამოსაზამთრებლად ისევ რაინსგადმოღმა ბანაკებში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ არ დასრულებულიყო, გერმანიკუსს ტრიუმფი მოუწყეს. ამავე დროს ის შევიდა ავგუსტალების კოლეგიაში, მანამდე კი არვალელ ძმებში( Arvāles fratres).
15 წლის გაზაფხულის დადგომისთანავე გერმანიკუსი ხატების წინააღმდეგ დაიძრა, დაამარცხა ეს გერმანული ტომი და აიღო მათი დედაქალაქი მატია, ასევე მოაოხრა მიმდებარე ტერიტორიები. ამის შემდეგ რომაელებთან დახმარების სათხოვნელად ხერუსკების პრორომაული მხარის წინამძღოლი სეგესტუსი გამოცხადდა. მას ხერუსკების ანტირომაული მხარის მეთაური და ტევტობურგის ბრძოლის(ახ.წ 9 წ.) გმირი, არმინიუსი ავიწროებდა. გერმანიკუსმა წარმატებით მოახერხა სეგესტუსის განთავისუფლება ალყიდან და ტყვედ არმინიუსის ცოლი ჩაიგდო. ამის შემდეგ ის ისევ უკან დაბრუნდა. ტიბერიუსის წინადადებით მას იმპერატორის ტიტული შესთავაზეს(რათქმაუნდა ამ შემთხვევაში ეს ტიტული არ გულისხმობდა იმას, რომ ის რომის იმპერიის მბრძანებელი უნდა ყოფილიყო). ამ დროს არმინიუსი უქმად არ იყო.მან რომს ხერუსკების, ბრუქტერებისა და ფრიზების ტომი აუჯანყა. გერმანიკუსი კვლავ გაუძღვა ლეგიონებს გერმანიაში, დაამარცხა მოწინააღმდეგეები და მოაოხრა მათი მიწა-წყალი. მიაგნო ვარუსის დაღუპული ლეგიონების კვალს და დაიბრუნა რომის არმიის ღირსება, ლეგიონის არწივი. უკან დაბრუნებისას გერმანიკუსი მრავალ სიძნელეს გადააწყდა და საკმაოდ დიდი დანაკარგები განიცადა გერმანელებთან ბრძოლებში. შემდეგი წლის გაზაფხულზე რომაელები გერმანიაში დაბრუნდნენ და მაინისა და ლიპეს სანაპიროებს შეესივნენ. გერმანიკუსმა მაინზე ფლოტი შეკრიბა, ჩასხა შიგ ლეგიონები და ვეზერამდე იცურა. აქ გერმანიკუსმა გერმანულ ტომთა ალიანსი ორ ბრძოლაში დაამარცხა და გამარჯვების აღსანიშნავად ძეგლი აღმართა. უკან მომავალ გზაზე რომაელთა ფლოტი ძალიან დააზარალა ქარიშხალმა და ბევრი მეომარი დაიხოცა. იმავე წლის ბოლოს გერმანიკუსმა კიდევ ორჯერ ილაშქრა ხატებსა და მარსებზე. ამის შემდეგ ტიბერიუსმა გერმანიკუსი რომში გაიწვია და უარი თქვა ერთი წლით კიდევ მისთვის გერმანიაში მთავარსარდლობის ვადის გაგრძელებაზე. დაბრუნებისას გერმანიკუსმა ტრიუმფი გადაიხადა და მიიღო კონსულობა 18 წლით. ტიბერიუსის ბრძანებით ის იმპერიის აღმოსავლეთის პროვინციების მმართველად დაინიშნა. წასვლამდე მან დრუზუსთან ერთად თავისი ნათესავის, გატერიუს აგრიპას პრეტორის თანამდებობაზე გაყვანა მოახერხა.
17 წლის ბოლოს გერმანიკუსი აღმოსავლეთში გაემგზავრა, სადაც აქაიის ქალაქ ნიკოპოლიდან დაიწყო კონსულის მოვალეობების შესრულება. მან მოინახულა ათენი, ევბეა, ლესბოსი, პერინთი, ბიზანტიონი, ილიონი და კოლოთონი. როდოსზე კი სირიის ნაცვალს, გნეუს პიზონს შეხვდა. ამის შემდეგ გერმანიკუსი სომხეთისკენ გაემართა, სადაც მცირე ხნის წინ ტახტიდან ჩამოაგდეს მეფე ბონონი. არტაქსატაში რომაელმა სარდალმა მეფედ ზენონ-არტაქსია დანიშნა. ამ დამსახურებისთვის სენატმა გერმანიკუსს ოვაცია მოუწყო. სომხეთის შემდეგ მან კაპადოკია და კომაგენა რომის პროვინციებად გამოაცხადა და მათ ნაცვლებად კვინტუს ვარანიუსი და კვინტუს სერვიუსი დანიშნა. ამავე პერიოდში 

გერმანიკუსს კონფლიქტი ჰქონდა სირიის მმართველ გნეუს პიზონთან, რომელმაც არ შეასრულა ბრძანება, რომ გადაეყვანა სირიიდან ჯარის ნაწილი სომხეთში. ამის შემდეგ მან მიიღო პართიის მეფის, არტაბანის ელჩები და დააკმაყოფილა მათი თხოვნა ყოფილი სომხეთის მეფის, ბონონის პომპეიოპოლში გადასახლებაზე. 19 წელს გერმანიკუსი ეგვიპტეში ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით სენატორს აქ ჩასვლა იმპერატორის ნებართვის გარეშე არ შეეძლო. ამან ტიბერიუსის უკმაყოფილება გამოიწვია გერმანიკუსის მიმართ. მან აქ სახელმწიფო პურის ბეღლები გახსნა და პურის ფასები დასწია, შემდეგ კი ნილოსზე იმოგზაურა ელეფანტინამდე და სიენამდე.
როდესაც ეგვიპტიდან ანტიოქიაში დაბრუნდა, გერმანიკუსმა შეიტყო იმის შესახებ, რომ გნეუს პიზონს გაუუქმებია სირიაში მისი ბრძანებულებები. ამან გამოიწვია ცხარე კონფლიქტი მათ შორის. მალე გერმანიკუსი დაავადმყოფდა და 19 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა.
                                                                                                                     ნიკა ხოფერია