პოლონეთის მეფე ლუდოვიკო უნგრელის სიკვდილის შემდეგ, მისი უმცროსი ქალიშვილი იადვიგა პოლონეთის დედოფალი გახდა, ხოლო 1386 წელს ცოლად გაჰყვა ლიტვის დიდ მთავარ იაგელოს. იაგელომ კათოლიკური ქრისტიანობა მიიღო და ვლადისლავ II-ს სახელით პოლონეთისა და ლიტვის გაერთიანებული სამეფოს მეფედ ეკურთხა. პოლონეთის ისტორია ამის შემდეგ მჭიდროდ დაუკავშირდა თავისი უახლოესი მეზობლის, მოწინააღმდეგისა და იაგელოსა და იადვიგას ქორწინების შემდეგ პარტნიორის, ლიტვის დიდი სამთავროს ისტორიას.
ლიტვასთან შეერთებამ შეცვალა და გააძლიერა პოლონეთის არმია, რომელიც განსხვავდებოდა მეზობელ ქვეყანათა შეიარაღებული ძალებისგან. XIII საუკუნეში მონღოლების ლაშქრობების შედეგად ჩამოყალიბდა ოქროს ურდო, რომლის მიმართ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო რუსულ სამთავროთა დიდი ნაწილი. ამან საშუალება მისცა ლიტვის მთავრებს, რომ გაეფართოებინათ სახელმწიფო აღმოსავლეთით, რუსული მიწების ხარჯზე. წარმართული ლიტვის ეს ექპანსია დასრულდა იმით, რომ ამ სამთავრომ დაიკავა კიევის რუსეთის საკმაოდ დიდი ნაწილი. ამ დროისთვის დაიწყო ოქროს ურდოს დასუსტება, რამაც საშუალება მისცა ლიტვას 1392 წელს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს მიეღწია. ამ პერიოდში ლიტვის დიდი სამთავრო უკვე გაქრისტიანებული და პოლონეთთან კავშირში შესული იყო (ლიტვა-პოლონეთის უნია). გაერთიანების მიუხედავად, პოლონეთი და ლიტვა უმთავრესად ცალ-ცალკე, საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებდნენ, თუმცა ჰყავდათ ერთი საერთო, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე, ტევტონთა ორდენი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ლიტვა და პოლონეთი მუდამ ერთად და ძმურად იბრძოდნენ.
XV საუკუნე პოლონეთის არმიაში უამრავი ცვლილების შემომტანი გახდა. იგივე პროცესი მიმდინარეობდა ევროპის სხვა ქვეყანათა არმიებში. ტევტონთა ორდენი ნელ-ნელა კარგავდა პოზიციებს, რაც 1410 წელს მათი სასტიკი მარცხით დასრულდა გრიუნვალდთან, პოლონეთ-ლიტვისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში. შემდეგ წელს ტორუნში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად პოლონეთ-ლიტვასა და ტევტონთა ორდენს შორის ზავი დაიდო. იაგელოს მემკვიდრემ, ვლადისლავ III იაგელონჩიკ“ვარნელჩიკმა”(ვარნელი) ყურადღება გაამახვილა სამხრეთით მიმდინარე მოვლენებზე, განასაკუთრებით ოსმალეთის იმპერიის სწრაფ ზრდაზე. 1444 წელს ეს ენერგიული ხელმწიფე სწორედ ოსმალებთან შეტაკებაში დაიღუპა ბულგარეთში, ვარნასთან გამართულ ბრძოლაში (1440 წლიდან ვლადისლავ III უნგრეთის მეფეც იყო, ამიტომ ვარნასთან მას ერთგვარი კოალიციური არმია ჰყავდა). პოლონეთის ტახტზე მისი ძმა, კაზიმირ IV იაგელონჩიკი ავიდა.
ახალ მეფეს პომერანიის შეერთება სურდა და მხარი დაუჭირა პრუსიაში მიმდინარე აჯანყებას ტევტონთა ორდენის წინააღმდეგ, ჩაერთო რა 13 წლიან ომში. პოლონელებმა არმიაში უამრავი მოქირავნე აიყვანეს. კაზიმირის არმია “ვაგენბურგის”ტაქტიკით მოქმედებდა, რომელიც პოლონელებმა ჩეხი ჰუსიტებისგან გადმოიღეს, ასევე დახვეწეს საალყო ტექნიკა. სამხედრო მოქმედებები არამხოლოდ ხმელეთზე, არამედ ზღვაზეც მიმდინარეობდა. პოლონეთს უკვე სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჰყავდა(მანამდე პოლონეთი მხოლოდ სახმელეთო სახელმწიფო იყო). ტევტონთა ორდენთან ბრძოლა პოლონეთის საბოლოო გამარჯვებით დასრულდა 1466 წელს, ჯვაროსანთა ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბალტიისპირეთში, პოლონეთის ვასალი გახდა.
ნიკა ხოფერია
ნიკა ხოფერია