ოლივერ კრომველი


ოლივერ კრომველი(1599 წ. 25 აპრილი – 1658 წ. 3 სექტემბერი) – ინგლისელი სამხედრო მოღვაწე და პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ინგლისში მონარქია დაამხო და რესპუბლიკური მმართველობა დაამყარა. ეკავა ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ პროტექტორის პოსტები.

კრომველი ერთ-ერთი პირველი მეთაური იყო “ახალი მოდელის არმიისა”, რომლის საშუალებითაც “მრგვალთავიანებმა” გაანადგურეს როიალისტები. მეფე ჩარლზ I-ს სიკვდილით დასჯის შემდეგ(1649 წ.) კრომველმა დაიპყრო ირლანდია და შოტლანდია და ინგლისის რესპუბლიკას 1653-1658 წლებში მართავდა ლორდ პროტექტორის წოდებით.
კრომველი საშუალო ფენის წარმომადგენელ პურიტანულ ოჯახში დაიბადა ჰანთინგტონში – ამავე სახელწოდების საგრაფოს ცენტრში. სწავლობდა ჰანთინგტონის სკოლაში, ხოლო 1616-1617 წლებში სიდნეი სასექსის კოლეჯში, კემბრიჯში, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო დაარსებული და გაჟღენთილი იყო პურიტანული სულისკვეთებით. ომამდე კრომველი უბრალო ესკვაირი იყო. მისი შორეული წინაპრები ჰენრი მე-8-ს მეფობისას გამდიდრდნენ, როდესაც ეკლესია-მონასტრების ქონების კონფისკაცია მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც კრომველმა მიატოვა კემბრიჯის იურიდიული ფაკულტეტი, ის დაქორწინდა ერთ-ერთი მემამულის ქალიშვილზე, ელიზაბეტ ბურშირზე. ქორწინების შემდეგ ოლივერი თავისი მამულის სამეურნეო საქმეებით დაკავდა. კრომველი სულით და გულით პროტესტანტი და “მრგვალთავიან” პურიტანთა ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. პურიტან-პროტესტანტთათვის მფრინავ ფრაზად იქცა მისი სიტყვები, რომელიც მდინარეზე გადასვლისას ჯარისკაცებს უთხრა: “ღმერთის იმედი გქონდეთ, მაგრამ დენთი მშრალად შეინახეთ!”.
ინგლისის სამოქალაქო ომის დაწყებისას კრომველი სამოცი მხედრისგან შემდგარ დანაყოფს მეთაურობდა კაპიტნის რანგით. შემდგომში ეს რაზმი “რკინისგვერდიანი მხედრების” სახელით გახდა ცნობილი და მთავარი როლი ითამაშა “ახალი მოდელის” არმიის ჩამოყალიბებაში.

ოლივერ კრომველის მხედართმთავრული ნიჭი პირველივე ბრძოლებში გამოჩნდა, რომლებშიც მან მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით კი მარსტონ-მურთან(1644 წ. 2 ივლისი). მისი ჯარი მეფის არმიისთვის ნამდვილ რისხვად იქცა. სწორედ კრომველის არმიამ შეასრულა უმთავრესი როლი ნეისბის გადამწყვეტ ბრძოლაში ჩარლზ I-ს წინააღმდეგ(1645 წ. 14 ივნისი). როგორც პარლამენტის პურიტანული კოალიციის ლიდერმა(ასევე ცნობილი, როგორც “მრგვალთავიანები” – მოკლედ შეჭრილი თმის გამო) და ახალი მოდელის არმიის მეთაურმა საბოლოოდ დაამარცხა მეფე ჩარლზ I და აბსოლუტურ ძალაუფლებაზე მონარქთა მოთხოვნას ბოლო მოუღო. ოლივერ კრომველმა განსაკუთრებული ძალაუფლება მოიპოვა, როდესაც სათავეში ჩაუდგა პარლამენტის უმაღლეს პალატას და მრჩევლებად თავისი პროტესტანტ-პურიტანი თანამებრძოლები აირჩია. მის დროს გამოიცა კანონები: არმიაში დუელების ჩატარების აკრძალვის, სამოქალაქო ქორწინების იურიდიული სტატუსისა და მთელი სამეფო ქონების სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხვის შესახებ. კრომველმა ასევე მიიღო გენერალსიმუსის ტიტული. ჩაიგდო თუ არა ძალაუფლება ხელში, კრომველმა მაშინვე “რკინის” დისციპლინის დამყარება დაიწყო. მან სასტიკად ჩაახშო აჯანყებები ირლანდიასა და შოტლანდიაში. 1650 წლის 3 სექტემბერს მან დანბარეს ბრძოლაში ორჯერ მრავალრიცხოვანი შოტლანდიური არმია გაანადგურა, ერთი წლის შემდეგ კი 1651 წლის 3 სექტემბერს ინგლისელებმა კრომველის მეთაურობით ამჯერად ვუსტერის კედლებთან დაამარცხეს შოტლანდიელები.
კრომველმა დაყო ქვეყანა თორმეტ სამხედრო გუბერნიად და თითოეულს სათავეში გენერალ-მაიორი ჩაუყენა. მისი რაზმები მუდმივად იცავდნენ სახელმწიფო გზებს, დააწესა გადასახადების აკრეფის ახალი სისტემა. რეფორმებისთვის საჭირო ხარჯები მან მეფის მომხრეების ქონებით დაფარა.
ჩარლზ I (გერიტ ვან ჰოთორსტის ნახატი, 1628 წ.)

თავისი მმართველობის პერიოდში ოლივერ კრომველმა დაამყარა მშვიდობა დანიასთან, შვედეთთან, ნიდერლანდებთან, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან, თუმცა აგრძელებდა ომს ინგლისის ძველ მოწინააღმდეგესთან - ესპანეთთან. როდესაც ქვეყანაში წესრიგი დამყარდა, კრომველი მოწონებით შეხვდა ახალი პარლამენტის შექმნის იდეას. მან უარი თქვა გვირგვინის მიღებაზე და დაკმაყოფილდა უფლებით, თვითონ დაენიშნა მომავალი ლორდ-პროტექტორი.
კრომველი სიცოცხლის ბოლომდე ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას ჰქონდა მოუსყიდავი, პატიოსანი, სახალხო პოლიტიკოსის სახელი, თუმცა მიუხედავად ამისა სიფრთხილის მიზნით ხშირად იცვლიდა საძინებელს და ჰყავდა სპეციალური დაცვის რაზმი.
ოლივერ კრომველის სიკვდილამდე ინგლისი რესპუბლიკად რჩებოდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ლორდ-პროტექტორის ადგილი მისმა უფროსმა ვაჟმა, რიჩარდ კრომველმა დაიკავა. ამ პერიოდში ქვეყანაში საშინელი არეულობა და ქაოსი გაბატონდა. დეპუტატები შეშინდნენ ასეთი მდგომარეობით და ინგლისის ტახტზე ჩარლზ I-ს ვაჟი, ჩარლზ II მოიწვიეს. ამის შემდეგ კრომველი საფლავიდან ამოთხარეს და სახრჩობელაზე ჩამოკიდეს, როგორც ქვეყნის მოღალატე.
                                                                                       

                                                                                            ნიკა ხოფერია